მთავარი,სიახლეები

ახალი პროგრამა ბათუმში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის

23.03.2018 • 1856
ახალი პროგრამა ბათუმში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის

ბათუმის მერია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის,  ბინაზე მომსახურების მიზნით, ახალი პროგრამის დაფინანსებას გეგმავს.  პროგრამა სპეციალისტების ბინაზე მომსახურების გარდა მედიკამენტების მიწოდებასაც ითვალისწინებს და 50 ბენეფიციარზეა გათვლილი.

„მათ მოემსახურება მობილური გუნდი, რომელშიც შედის ფსიქიატრი, ექთანი და ფსიქოლოგი, რომელებიც პაციენტებს გაუწევენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ბინაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების რეციდივები და შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები“ – განმარტა მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო მიქელაძემ.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების განათლებაზე ზრუნვას ამ მიმართულებით, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და  მათ გარემოში ინტეგრაციას:  „ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ  ხელი შევუწყოთ ასეთი მძიმე პაციენტების რეჰოსპიტალიზაციას,“ – ამბობს სოფიო მიქელაძე. 

პროგრამის ბიუჯეტი 58 100 ლარია.

პროგრამის დაფინანსებას ბათუმის მერია ეკონომიების  ხარჯზე გამოთავისუფლებული ოთხი მილიონიდან გეგმავს, მას შემდეგ რაც მერის ინიციატივას ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით საკრებულო დაამტკიცებს.

სოფიო მიქელაძის ინფორმაციით ბიუჯეტში ცვლილება ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს, რამდენიმე პროგრამას კი ბენეფიციარები დაემატება. კერძოდ:

იზრდება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების რეაბილიტაცია-პრევენციის პროგრამა. „მოთხოვნა იყო და ვამატებთ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს, პროგრამა იზრდება 140  ბენეფიციარით.“

ოცდაათი ბენეფიციარით იზრდება ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა.

ორივე პროგრამისთვის ჯამში  260 400 ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: