მთავარი,სიახლეები

გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა

20.03.2018
გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა

82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს.

„მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების გარეთ გამოტანას. ამ დროს დაესხა მას თავს სოფიო გეგუჩაძე და მისი ახლობელი, რომელიც არ ვიცით ვინაა. ხელები ურტყეს, თავშიც ჩაარტყეს… ამჟამად პოლიციის მესამე განყოფილებაში ვართ და მოხუცი გადაჰყავთ ექსპერტიზაზე,“ – ამბობს ჟუჟუნა ჯიჯავაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 82 წლის ქალის სავარაუდო ცემაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობს. მან ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ბინა რამდენჯერმე გაიყიდა და საბოლოოდ იგი ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია. ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება.

ალექსანდრა ტერუნი ორი დღის წინ ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – სახლში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

ქონებრივი დავის გარდა ალექსანდრას ცემის ფაქტსაც განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბინის კანონიერი მესაკუთრის დას, სოფიო გეგუჩაძეს ედავება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: