განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ

22.03.2018 • 6211
ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 32 ფსიქოლოგის შტატია. თუმცა როგორც ბაღების გაერთიანებაში გვეუბნებიან, დასაქმებული პირებიდან მხოლოდ ოცია განათლებით ფსიქოლოგი, 12 კი – გადამზადებული. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის მიმართულებით, ზაირა ქაჯაია „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგის დიპლომის არმქონე პირების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„მე არ ვიცი, ვინ აიყვანა სამსახურში ეს ადამიანები. ისევე როგორც ბაღის პედაგოგებთან, ბაღის ფსიქოლოგებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს მაღალი სტანდარტი და ხუთდღიანი ტრენინგით ამაღლებული კვალიფიკაცია არ მიმაჩნია საკმარისად“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, ზოგჯერ ეჭვს იწვევს არა მხოლოდ ის, თუ როგორი ფსიქოლოგები არიან, არამედ მათი განათლების ხარისხიც კი.

„რაღაც „ჭ“ კლასის უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის დიპლომებით არიან, რომლებმაც ავტორიზაციაც კი ვერ გაიარეს. მაშინ, როცა ძალიან ბევრი პროფესიონალი ფსიქოლოგია უმუშევარი,“ – ამბობს ზაირა ქაჯაია.

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პროექტზე მუშაობს. ახალი სტანდარტით, საბავშვო ბაღის პედაგოგებს უმაღლესი განათლება მოეთხოვებათ. კონკრეტულად რა მოეთხოვებათ ახალი სტანდარტით ფსიქოლოგებს, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ  ჯერ ეს მისთვის უცნობია.

„ვიცი, რომ პროფესიონალი უნდა იყოს ფსიქოლოგიც და ლოგოპედიც, მაგრამ სხვა დეტალები არ ვიცი. ალბათ, ვინც უკვე დასაქმებულია, მათ არ შეეხება ახალი მოთხოვნები და ახალი კადრის აყვანის შემთხვევაში გავრცელდება ეს,“ – ამბობს შამილიშვილი.

რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სპეციალობით არაფსიქოლოგის მუშაობა ბავშვებთან? ვკითხეთ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს. მისი აზრით, ფსიქოლოგიური განათლების არმქონე პირების ბავშვებთან მუშაობა არასასურველია.

„ეს ყველაზე ფაქიზი ეტაპია ბავშვისთვის, რადგან ეს არის ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, ამიტომ მათთან პროფესიონალი უნდა მუშაობდეს.

თუმცა გააჩნია როგორ ხდება გადამზადება. თუ ეს არის 4-5-თვიანი კურსი, თუ სწავლობენ იმას, რასაც უნდა შეეხონ, მაშინ რატომაც არა“.

ირმა ფეიქრიშვილის თქმით, ბაღის ფსიქოლოგს მოეთხოვება ბავშვის ზოგადი ფსიქოლოგიის ცოდნა, კრიტიკული პერიოდები და დაავადებები.

„ასევე, უნდა იცოდეს რამდენად შეესაბამება ბავშვის ფსიქო-სოციალური, ფსიქო-მოტორული განვითარება მის ასაკს, უნდა იცოდეს ასაკობრივი თავისებურებები, რა ასაკში რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოძრაობდეს, როგორ უნდა იჯდეს, ლაკარაკობდეს ბავშვი, როგორ უნდა მიუდგეს და გამონახოს მასთან საერთო ენა, როგორ უნდა გადაატანინოს კრიზისი ბაღში შეჩვევამდე და ა.შ. ამიტომ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის ტრენინგებით სწავლა,“ – გვეუბნება ის.

ირმა ფეიქრიშვილის  თქმით, ბაღის ფსიქოლოგს უნდა შეეძლოს არა მარტო ბავშვებთან, არამედ აღმზრდელებთან მუშაობა, ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება და სირთულეების დაძლევა.

საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ სტანდარტზე ადგილობრივი თვითმმართველობები მუშაობენ. ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები მხოლოდ მისი შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.

ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის 32 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში წელს 7 603  აღსაზრდელი ირიცხება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: