იპოქონდრია – როცა ადამიანს ჰგონია, რომ ავად არის


იპოქონდრია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა, მდგომარეობა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ავადაა. მას ჯანმრთელობის ფობიასაც უწოდებენ. იპოქონდრია სიმპტომებით ჰგავს მიუნჰაუზენის ეფექტსაც. მიუნჰაუზენის ეფექტის დროს ადამიანები გაცნობიერებულად იწვევენ ან იგონებენ დაავადებას და ცდილობენ მოირგონ “ავადმყოფის” როლი.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ იპოქონდრიას – “ბათუმელების” კითხვებს ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე პასუხობს.

რა არის იპოქონდრია?

იპოქონდრია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, როდესაც მას აქვს მცდარი რწმენა იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის დაავადება სჭირს. არის აზრი, რომ იპოქონდრიული მდგომარეობა მეორადია და, რეალურად, „შენიღბულ დეპრესიასაც“ გულისხმობს საკუთარ თავში. ეს არის მცდარი ღელვა ჯანმრთელობის თაობაზე. ხშირად ის თან სდევს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას (შედის DSM-IV ის ჩამონათვალში American Psychiatric Association, 1994).

როგორ ვლინდება, რა სიმპტომები ახასიათებს? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს იპოქონდრია აქვს?

პაციენტის მიერ საკუთარი მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკული, მაგალითად, თავის ტკივილი, როგორც ტვინის სიმსივნე, აქვს  დიდი დოზით შფოთვა და შიში. ზოგჯერ შფოთვის დონით პანიკური შეტევების მდგომარეობასაც უტოლდება. შფოთვა დამოკიდებულია დაავადების არსებობის რწმენის ხარისხზე. ადამიანი მუდმივად ამოწმებს სხეულის „დაავადებულ“ ადგილს.

კლინიკური იპოქონდრიის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორი პუნქტი: პირველი – უტყუარი რწმენა იმის თაობაზე, რომ მას სჭირს მინიმუმ ერთი სომატური დაავადება, „გრძნობს“ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას, რომელიც არ ქრება მრავლობითი კვლევებისა და დიაგნოსტირების შემდგომაც.

მეორე – არ დაჯერება იმის, რომ მას არაფერი სჭირს, მუდმივი „გადამოწმება“ დიაგნოზის სხვადასხვა სპეციალისტთან. პაციენტს არ სჯერა, რომ არსებული სიმპტომატიკის საფუძველი არ არის სომატური დაავადება ან ორგანული პათოლოგია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

თუ იპოქონდრიული მდგომარეობა მეორეულია და ის სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის თანმხლები კომოინენტია, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. საფუძვლიანი კვლევა და დიაგნოსტირება – არა სომატური, არამედ ფსიქიკური პროცესების.

თავად იპოქონდრიის მკურნალობისას, პირველ რიგში, საჭიროა სიმპტომატიკაზე რეაგირების მაქსიმალურად ადაპტური ხერხების შემუშავება (პიროვნული რესურსების ფარგლებში). ძალიან ეფექტურია კოგნიტურ – ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია.

როგორ უნდა მოიქცნენ იპოქონდრიით დაავადებული ადამიანების ახლობლები? როგორ უნდა დაეხმარო მათ?

იპოქონდრიის მქონე ადამიანს ახასიათებს აზრით მთლიანად მოცულობა, რაც აღიზიანებს როგორც მას თავად, ასევე მის გარემოცვას. მისი აზრები და ფიქრები მოცულია მთლიანად „დაავადებაზე“ ფიქრით. ახასიათებს ინფორმაციის შერჩევითი აღქმა, აღიქვამს და ესმის მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც ეხება ჯანმრთელობას.

გარშემომყოფებისთვის საკმაოდ რთულია ასეთი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, თუმცა მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თანადგომის სახით მისცეს პაციენტს ის, რაც სჭირდება. იქნება ეს ინფორმაციული დახმარება თუ უბრალოდ იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იპოქონდრიის მქონე ადამიანებს ახასიათებს უიმედობა და ნიჰილიზმი, შესაბამისად, გარემოს კეთილგანწყობა აუცილებელია.

რა გავლენას ახდენს იპოქონდრია ჯანმრთელობაზე?

სომატურ დონეზე იცვლება ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ხშირდება გულისცემა, ხშირად არის ჰაერის უკმარისობა, ძილის და მადის პრობლემები, უხასიათობა და სხეულებრივი სისუსტე, ამ მდგომარეობას შეუძლია „მეორადი დეპრესიის“ გამოწვევაც კი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი