მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, ბათუმი-ახალციხის გზის დამეწყრილი ადგილის აღსადგენად 3 მილიონი ლარია საჭირო

23.03.2018 • 3498
ხულოში, ბათუმი-ახალციხის გზის დამეწყრილი ადგილის აღსადგენად 3 მილიონი ლარია საჭირო

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს იწყებს. გზის აღდგენისთვის, წინასწარი გათვლებით, 3 მილიონ 125 ათასი ლარი იქნება საჭირო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „გზის გაწმენდის სამუშაოების მიუხედავად, მეწყრული პროცესები კვლავ გრძელდება და ამ მონაკვეთზე მოწყობილი დროებითი გადასასვლელი ვიზუალურად ისევ არამდგრადია; შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საფრთხე შეექმნას, როგორც სავალი ნაწილის ჩაწყვეტით, ასევე გზის მიმდებარე ფერდობზე არსებული ნაპრალებით, რაც ფერდობის ჩამოშლის საშიშროებას ქმნის“.

დეპარტამენტში თვლიან, რომ გზაზე შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სასწრაფოდ დაიწყოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტირების პარალელურ რეჟიმში, „რათა უმოკლეს ვადებში, სრულფასოვნად აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.

დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს, სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის უკვე მიმართა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებს დეპარტამენტის გათვლებით, სავარაუდოდ, 3 000 000 ლარი დასჭირდება, ხოლო საპროექტო მომსახურების გაწევას, სავარაუდოდ – 125 000 ლარი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის 13 თებერვალს  განვითარდა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია და არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზა აჭარის რეგიონს აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე დიდია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა. დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით. აღნიშნული გზით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების [ბეღლეთი, რიყეთი, კორტოხი, დანისპარაული, ტაბახმელა და სხვა] მრავალრიცხოვანი მოსახლეობა.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გოდერძის საკურორტო ზონაში ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კომპლექსი, რამდენიმე სასტუმრო და, შესაბამისად, აღნიშნული გზით სარგებლობს მრავალი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი. ამასთან, აღნიშნულ საკურორტო ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები სასწრაფოდ დაიწყოს და დამთავრდეს შემჭიდროვებულ ვადებში, რათა დროულად აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ასე ასაბუთებს საავტომობილო დეპარტამენტი ტენდერის გარეშე გზის რეაბილიტაციის აუცილებლობას.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის დამეწყრილი ადგილი / ფოტოები: გზების დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ დიოკნისთან, ხულო / როინ გუნდაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: