ბათუმის მერია საბავშვო ბაღებსა და „ავტოტრანსპორტში“ ხელფასების გაზრდას გეგმავს

ბათუმის მერია საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილების ინიცირებას გეგმავს. ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე რამდენიმე ახალი პროგრამის განხორციელებას და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, ამ თანხამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა.

ხელფასის გაზრდა თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ახალი სასწავლო წლიდან.

მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვლიდან უკვე იღებენ 20 %-ით მეტ ხელფასს, სექტემბრიდან კი დაგეგმილია დამატებითი ზრდა.

მერიის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ივლისიდან დაგეგმილია ასევე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებული მძღოლების შრომის ანაზღაურების გაზრდა (საათში 0,50 ლარის ოდენობით 6,25 ლარამდე).

ამინდის პროგნოზი და ტალახიანი წვიმის მიზეზი ბათუმში

დღეს, 23 მარტს, ბათუმში ცა უჩვეულო, მოყვითალო ფერის იყო, ხოლო ავტომანქანებს ტალახიანი წვიმის ნაკვალევი ეტყობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები პერიოდულად ხდება და მისი მიზეზი თბილი, ქარიანი ამინდია, რომელიც წინა დღეებში იყო ბათუმში:

არჩილ კახაძის ფოტო

„ქარმა მტვერი აიტანა სიმაღლეზე და წვიმისას წამოვიდა ტალახი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, პერიოდულად მსგავსი წვიმა არის ბათუმში“.

რაც შეეხება ამინდს, ხვალ, 24 მარტს, სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით იწვიმებს, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით 16-21 გრადუსი
  • ღამით 8-13 გრადუსი

ჰაერის ტემპერატურა მთაში

  • დღისით 8-13 გრადუსი
  • ღამით 1-6 გრადუსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 9 გრადუსია.

 

 

მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

სამი დღის წინ შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი დღეს დილით მაშველებმა იპოვეს.

შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები, სულ 60-მდე მაშველი და 2 მყვინთავი მოზარდს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. 14 წლის ბიჭი 20 მარტს მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ბურთი დაგორდა და მოზარდი ბურთს მდინარისპირას გაჰყვა, სადაც ციცაბო დაღმართია.

მოზარდის გვამი იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ის მდინარეში ჩავარდა.

გამოსახლებული 82 წლის ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია – მისი ცემის ფაქტს პოლიცია იძიებს

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც ორი დღის წინ სახლიდან აღსრულების ბიურომ გამოასახლა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ალექსანდრა თავის ყოფილ ბინაში ამწეთი შევიდა. ალექსანდრა ახლა საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით წევს.

„გამოსახლების შემდეგ მოხუცი ჭიშკართან იჯდა და მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა. მოხუცი პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა და სიარული უჭირს,“ – გვითხრა ალექსანდრას მინდობილმა პირმა, ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.

გია კიკაბიძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე: „მას თავის ტვინის შერყევა აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. მოხუცს ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა და სხვა პრობლემა არ აქვს. მისთვის ახლა უმჯობესია, თუ სახლში იქნება მშვიდ გარემოში, მაგრამ, როგორც ვიცი, სახლი არ აქვს. ალექსანდრა ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება“.

ალექსანდრა ტერუნი ადრეც ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. სავარაუდო ცემის მეორე ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას კი უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული ასევე სოფიო გეგუჩაძეა.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობდა. ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.

და-ძმა გეგუჩაძეებს „ბათუმელები“ ვერ უკავშირდება.

ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება. ალექსანდრას გასული წლის 25 დეკემბერს ბინის კარი აჭედილი დახვდა და მას შემდეგ ქუჩაშია.

ალექსანდრა ტერუნი 19 მარტს  ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – ბინაში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა.

ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება?

მეც მებადება ეს კითხვა. ისევ მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობებით ალბათ და კრედიტებით. სხვანაირად როგორ მოახერხებენ  ვერ გეტყვით, რთული იქნება.

ამ ტრენინგების მასალები გაკვეთილებზე უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და ეს ისედაც ჩანს, რადგან გაკვეთილის შემოწმების ბევრი მექანიზმი არსებობს. დამატებით რა უნდა გააკეთონ? მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ხომ არ არის ეს მასწავლებლების გაკონტროლების მცდელობა?

ალბათ, შესაძლოა. სამინისტრო დამხმარეს ფუნქციაშია, მაგრამ მაინც მაკონტროლებელია.

თვითონ ტრენინგების ხარისხი თუ კონტროლდება სამინისტროს მიერ? ბევრი პედაგოგისგან მსმენია უკმაყოფილება, რომ გარკვეული ტრენინგები არაფრის მომცემია მათთვის.

ვფიქრობ, მთავარი მაინც პედაგოგის განწყობაა. თუ ის მზადაა სიახლეების მისაღებად, საინტერესო ტრენინგისგან ბევრ რამეს წამოიღებს. თუმცა ისეთი პედაგოგიც ვიცი, რომელიც კარგ ტრენინგებს ესწრება, მაგრამ მის პრაქტიკაში არაფერი იცვლება.

პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ, საინტერესო ტრენინგების რაოდენობა დაახლოებით რამდენი პროცენტია?

სადღაც 40 პროცენტს მაინც იღებ ახალს. მაგრამ 30 პროცენტიც რომ იყოს სიახლე, ვფიქრობ, მასწავლებელს მაინც უნდა უღირდეს მისი მოსმენა. მეც მსმენია მასწავლებლებისგან, რომ არაფრის მომცემია ტრენინგები, მაგრამ მე მაინც მომხრე ვარ ტრენინგების.

რატომ ფიქრობენ, რომ არაფრის მომცემია?

რადგან მეტი წილი ნაცნობი თემებია, ეზარებათ და აღარ უნდათ ასეთ ტრენინგებზე მისვლა. უნდათ, რომ თავიდან ბოლომდე სიახლე იყოს და ყოველთვის ასე არ ხდება. ყველაზე მეტად მაინც მასწავლებელს უჭირს სიახლის მიღება, ჩემი დაკვირვებით, რადგან ყოველთვის სწავლებას არის მიჩვეული და ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის.

თქვენ თქვით, რომ ზოგჯერ საინტერესო ტრენინგებიდანაც ვერაფერი მოაქვთ მასწავლებლებს. რატომ ხდება ასე?

ვფიქრობ, როცა უფასო, იოლად მისაწვდომია ტრენინგი და სკოლა უშვებს, ვერ აფასებენ სათანადოდ. ამას უყურებენ როგორც ვალდებულებას და არა როგორც საჭიროებას. განწყობაა უბრალოდ.

სამინისტროს მხრიდან საუბარი მიდის იმაზე, რომ ტრენინგების დეცენტრალიზება უნდა მოხდეს და მას მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აღარ ჩაატარებს. რას შეცვლის ეს, თქვენი აზრით?

ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება, რადგან კონკურენცია გაიზრდება. თუმცა ყველას არ უნდა მისცენ ალბათ ტრენინგების ჩატარების უფლება.

ვიცით, რომ არის ისეთი ტრენინგები, რომლებიც მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში ეხმარება. რომ არა ეს კრედიტები, როგორც ფიქრობთ, მოინდომებენ ტრენინგების გავლას პედაგოგები?

ვფიქრობ, ბოლო პერიოდში სწორედ მაგ მოტივით უფრო ესწრებოდნენ მასწავლებლები ტრენინგებს. თუმცა იყო ისეთი ტრენინგები, რომლებზეც დარეგისტრირდებოდნენ მასწავლებლები, მაგრამ შემდეგ არ იძახებდნენ და ამის გამო იყო უკმაყოფილება. რატომ არ იძახებდნენ, არ ვიცი, ალბათ მოთხოვნა იყო დიდი და ყველას არ უწევდა რიგი.

დეცენტრალიზაცია როცა მოხდება, ეს ტრენინგებს ფასიანს ხომ არ გახდის?

ვფიქრობ, გაიზრდება ფასიანი ტრენინგების რიცხვიც და ეს იქნება პრობლემა მასწავლებლებისთვის. თუმცა ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მოტივაცია უფრო გაიზრდება. როცა ფულს გადაიხდი ამა თუ იმ ტრენინგში, მოთხოვნაც მეტი იქნება და სიახლისადმი ინტერესიც.

წყლის მსოფლიო დღე 2018 – „პასუხები ბუნებაშია“

22 მარტს წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობის ყურადღება გაამახვილოს  წყალზე, როგორც პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურსზე. წყლის მსოფლიო დღის კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ დღეს 2 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს პოტენციურ მცირეწყლოვან რაიონებში, 2050 წლისთვის კი ეს რიცხვი შესაძლოა 3 მილიარდამდე გაიზარდოს.

წყლის საერთაშორისო დღის წლევანდელი  თემაა „ბუნება წყლისთვის“, რომელიც 21-ე საუკუნეში,  წყალთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, გამოსავალს ისევ ბუნებაში ეძებს.

მაგალითად, წყლის რესურსის დაზოგვის ბუნებრივი გამოსავალი იპოვა ჩინეთის ხელისუფლებამ, როცა „ღრუბელი ქალაქის“ (Sponge City) ინიციატივა წარმოადგინა. პროექტის მიზანია წვიმის წყლის 70% შეაგროვოს და ხელმეორედ გამოყენოს ქალაქის გამწმენდი და სადრენაჟე სისტემებისთვის გვალვების პერიოდში. როგორც წყლის მსოფლიო დღის კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 2020 წლისთვის პროექტში ჩინეთის 16 საპილოტე ქალაქი ჩაერთვება.

კიდევ რა იგულისხმება წყლის რესურსის დაზოგვისა და ეფექტურად გამოყენების ბუნებრივი გზებში? – ტყეების, საძოვრებისა და ბუნებრივი ჭაობების აღდგენა, მდინარეების დაკავშირება ჭალებთან, წყლის კალაპოტის გასწვრივ მცენარეული საფარის შექმნა და სხვა, ასეთი გზები ეხმარება წყლის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და წყლის ხარისხის მართვას.

ბათუმში წყალი 78 536 აბონენტს,  მდინარე ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებიდან მიეწოდება.

გრიბოედოვის ქუჩას ეწოდოს ტატუნაშვილის სახელი – ინიციატივა ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში გრიბოედოვის ქუჩის სახელის გადარქმევისა და ამ ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ფრაქციის თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ინიციატივა უკვე მზადაა და მას ფრაქცია ხვალ, 23 მარტს, ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

„ეს არის ზეპარტიული იდეა, უბრალოდ, რადგან ჩვენ გვაქვს ფრაქცია საკრებულოში, ვაპირებთ, რომ ფრაქციის სახელით დავარეგისტრიროთ ეს საკითხი“, – განმარტა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის თქმით, ჯერ ზუსტად არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს ამ ინიციატივას. სულიკო თებიძე: „ვიმსჯელებთ ამ ინიციატივაზე უმრავლესობასთან ერთად. იმაზე, რომ ერთ-ერთ ქუჩას უნდა ვუწოდოთ ტატუნაშვილის სახელი, მეც ვფიქრობდი“.

გრიბოედოვის ქუჩა ბათუმში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. რაც შეეხება გრიბოედოვს, ის იყო მეფის რუსეთის დიპლომატი. მას დაწერილი აქვს კომედია „ვაი ჭკუისაგან“.

ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადმოსცეს. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

 

 

ქობულეთური „პიკაპი“ ძველი ჟიგულისგან [ფოტოამბავი]

ქობულეთში ძველ, საბჭოთა მანქანებს, განსაკუთრებით „ვოლგებსა“ და „ჟიგულებს“ ხშირად შეხვდებით, თუმცა აჭყვისთაველმა რამაზ ზოიძემ ოჯახის ძველ ჟიგულს ახალი სიცოცხლე შესძინა, როცა „პიკაპის“ ტიპის მანქანად გადააკეთა. ავტოსახელოსნოში არ მიმიყვანია, მე თვითონ გავაკეთე ყველაფერიო – ამბობს რამაზი.

ფოტო: ნანა კვაჭაძე
ფოტო: ნანა კვაჭაძე

 

მოსახლეობა დარიცხულზე მეტ წყლის გადასახადს იხდის, საბიუჯეტო დაწესებულებები – პირიქით

ბათუმში მიმდინარე წლის სამ თვეში მოსახლეობამ, კომერციულმა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მოხმარებული წყლისა და წყალარინებისთვის, ჯამში, 2 447 208 ლარი გადაიხადეს. ბათუმში წყლის ერთადერთი მიმწოდებელი მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალია“.

აბონენტებს ძველი დავალიანებებიც აქვთ, თუმცა „ბათუმის წყალმა“ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენია ეს დავალიანება ჯამში. კომპანიამ არც ის საბიუჯეტო ორგანიზაციები დაგვისახელა, რომლებსაც წყლის ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ.

ინფორმაცია დავალიანებების შესახებ „ბათუმელებმა“ კომპანიისგან დღეს ოფიციალურად გამოითხოვა. „ბათუმის წყალმა“ კი მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალ-მარტში [დღემდე] დარიცხული და გადახდილი თანხის შესახებ მოგვაწოდა მონაცემები.

„ჯამში რამდენია ძველი დავალიანება დღევანდელი დღის მდგომარეობით, ეს არის კომპანიის შიდა ინფორმაცია. რაც შეეხება კომერციული ორგანიზაციების დავალიანებებს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან მიმართებაშიც. ამიტომ, თქვენ მიერ მოთხოვნილ მონაცემებს ვერ მოგაწვდით“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ბათუმში წყლისა და წყალარინებისთვის მიმდინარე წელს ჯამში:

[crosslist]

  • საბიუჯეტო ორგანიზაციებს დაარიცხეს 230 780 ლარის გადასახადი, ორგანიზაციებმა კი 12 437 ლარით ნაკლები გადაიხადეს;
  • კომერციულ ორგანიზაციებს დაარიცხეს 1 277 206 ლარი, მათ მიერ კი გადახდილია 1 275 179 ლარი [2 027 ლარით ნაკლები];
  • მოსახლეობას დაარიცხეს 939 223 ლარი, გადახდილია – 1 132 271 ლარი, ანუ 193 048 ლარით მეტი.

[/crosslist]

იმ თანხაში, რაც აბონენტებმა გადაიხადეს, ძველი დავალიანებების ნაწილიც შედის.

„მოსახლეობასთან და ასევე კომერციასთან მიმართებაში ყოველთვიურ დარიცხვასა და ამოღებას შორის არსებული სხვაობა გამოწვეულია ძველი დავალიანებების გადანაწილების გამო“, – მოგვწერა „ბათუმის წყალმა“.

კომპანიის მიერ მოწოდებული სამი თვის მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ საბიუჯეტო და კომერციული ორგანიზაციები იმაზე ნაკლებს იხდიან, რაც გადასახდელი აქვთ, მოსახლეობას კი, იმაზე მეტს ახდევინებენ, რაც დაარიცხეს.

„აბონენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ძველი დავალიანება და არ შეუძლიათ მათი ერთდროულად დაფარვა, კომპანია სთავაზობს გადახდის განსხვავებულ მეთოდს, რომელიც გულისხმობს ძველი დავალიანების რამდენიმე წელზე გადანაწილებას და ყოველთვიურად, შეთანხმების შედეგად დადგენილი თანხის რაოდენობის დაფარვას, ყოველთვიურად მოხმარებული წყლის საერთო ხარჯთან ერთად“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

კომპანიის ინფორმაციით, ძველი დავალიანების მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს შეუძლიათ დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილების მიზნით დაწერონ განცხადება კომპანიის სათავო ოფისში, ან გააგზავნონ წერილი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@bats.ge
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არსებული დავალიანების წინასწარ დადგენილი პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
აბონენტებს დავალიანების დაფარვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებული ფორმის მიხედვით:
„ბათუმის წყალს“ საერთო ჯამში 78 536 აბონენტი ჰყავს. აქედან 68 189 – მოსახლეობა; 10 088 – კომერციული ორგანიზაცია; 259 – საბიუჯეტო ორგანიზაცია.

ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები[ლარი]:
ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები ქალაქის საკრებულომ 2006 წელს დაარეგულირა

დღეს წყლის მსოფლიო დღეა.

 

 

 

სკოლა „ნიკეს“ ახალი სტუდია – ადგილი, სადაც ბავშვებს მისვლა უხარიათ

თამარ ჩიმაკაძე პირველად სამხატვრო სტუდიაში შემთხვევით მოხვდა. ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ მხატვრობა მისი პროფესია გახდებოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ბიძაშვილს ხატვის წრეზე მიაკითხა და გაკვეთილის მიმდინარეობისას კუთხეში დაჯდა. მხატვარ ანტონ ფილიპოვს კუთხეში მჯდომი პატარა გოგოსთვის ფურცელი და ფანქარი მიუცია. მისმა ნამუშევარმა მასწავლებელი გააოცა. ასე იქცა მხატვრობა მის პროფესიად, განუყოფელ ნაწილად.

თამარ ჩიმაკაძე

სკოლის დამთავრების შემდეგ ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა ქსოვილების მხატვარ-დიზაინერის ფაკულტეტზე. პროფესიით ხელოვანი ბოლო 12 წელია სკოლა „ნიკეში“ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. პარალელურად მუშაობს ინკლუზიური სწავლების ცენტრის სახელოსნოში შშმ ბავშვებთან, ატარებს მასტერკლასებს გამოყენებითი ხელოვნების (თექა, ბატიკა, გობელენი) დარგში და მუშაობს ინტერიერის დიზაინზე.

სასწავლო პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ არასაკმარისი დროა სრულყოფილი შემოქმედებისათვის. პირველი სასწავლო წელია, რაც სკოლა „ნიკეს“ ბაზაზე სტუდია „ნიკე+“ ფუნქციონირებს, რომელსაც ქალბატონი თამარ ჩიმაკაძე ხელმძღვანელობს.

– ქალბატონო თამარ, როგორ გაჩნდა იდეა სტუდის შექმნისა?

– სკოლა ნიკეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელოვნებას, დირექციამ (ხელმძღვანელი იზო ტაკიძე) გაითვალისწინა ბავშვების ინტერესები, გაჩნდა იდეა გამოეყენებინათ სკოლის დამატებითი ფართობი და დაარსებულიყო სკოლასთან არსებული სტუდია „ნიკე+“, რომელიც მეოთხე თვეა აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწევა. სტუდიის მიზანია მოსწავლის შემოქმედებითი განვითარება და რაც მთავარია – მოსწავლეებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ ჩვენს გარემოში.

– რას გვთავაზობს სტუდია „ნიკე“?

– სტუდია გთავაზობთ მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას. ჩვენი დევიზია: „სიყვარულით შეგხვდებით და სიხარულით მიგიღებთ“. ქალაქის საუკეთესო პედაგოგები მუშაობენ ჩვენს ბავშვებთან. სტუდია მუშაობს შაბათ-კვირას, 11 საათიდან 15 საათამდე.

სტუდიაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:
[checklist]

  • ევროპული ცეკვა
  • ფსიქოლოგის ერთი საათი
  • ხატვა-ძერწვა
  • ჭადრაკი
  • თოჯინების დასი
  • გობელენი, ბატიკა, თექა – პედაგოგი: თამარ ჩიმაკაძე
  • მაკეტებზე მუშაობა – პედაგოგი: ნინო როგავა
  • სიმღერის წრე – პედაგოგი: ხატია ჭანუყვაძე
  • თეორიული მსოფლიო ლიტერატურა – პედაგოგი: ნინო ლაზიშვილი
  • ეთიკა – პედაგოგი: ნინო ღლონტი
  • ხელოვნების ისტორია – პედაგოგი: ლალი კონცელიძე

[/checklist]

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ვფიქრობთ უფრო გავიზრდებით და ჩამოყალიბდება ასაკობრივი ჯგუფები, მოვაწყობთ გამოფენებს და ვაჩვენებთ სპექტაკლებს ქალაქის მასშტაბით. ვგეგმავთ, მოვიწვიოთ ცნობილი მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს.

საინტერესოა მშობლების აზრი, რატომ აირჩიეს შვილებისთვის „ნიკე+“?

ნინო ლაზიშვილი: შაბათი-კვირა ჩემი შვილისთვის ფერადი სამყაროა. ბედნიერი ვარ, რომ მარიამი ბედნიერია. მიხარია, მიყვარს, მეღიმილება. „ნიკე+ ბევრი დადებითი ემოციისა თუ ,,პლუსის შემომტანია ჩვენთან. აბა რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე კარგი, როცა შვილს მოუხარია სტუდიისკენ.

მაია აბულაძე: ძალიან მომწონს ხელოვნების ასეთი კომპლექსური მეთოდით მიწოდება. ბავშვები ცოდნას სიამოვნებით იძენენ და მოსაწყენი არ არის მათთვის ეს დრო. „ნიკე+“-ში გატარებული ყოველი საათი ახალი ურთიერთობის და ვირტუალურ სამყაროსაგან ჩამოშორების საუკეთესი საშუალებაა ბავშვისთვის.

თინათინ ჭეიშვილი: „ნიკე+“ ერთი პატარა ოჯახია.  ხალისით აღსავსე თხუთმეტი გოგო-ბიჭი საოცრად ავსებს და ახალისებს სტუდიის სამყაროს. ჟრიამული, ოვაციები, შეძახილები არ წყდება. სიყვარული და პატივისცემა მეგობარ-პედაგოგების მიმართ უფრო და უფრო იმატებს. ამ ყველაფრის მხილველი ვარ მე, ერეკლეს დედა, ყოველ კვირას.

მშობლებო, გირჩევთ ცოტა ხნით მოარიდეთ ბავშვები კომპიუტერულ სამყაროს და დრო შინაარსიანად, შემოქმედებითად გაატარებინოთ სტუდია „ნიკე+“-ში!

Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს

Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

„ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს tv25-ის ინტერესების დამცველი, ალეკო ბერაია.

“დამსაქმებლის პოზიცია ბუნდოვანია. ისინი დიდი ხანია მუშაობდნენ ტელევიზიაში და ხელშეკრულების ვადის გასვლა ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. მათი ხელშეკრულებები უვადოდ უნდა ჩათვლილიყო,” – აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს იცავს.

გათავისუფლებამდე საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა და ოპერატორმა საყვედური იმის გამო მიიღეს, რომ სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრი არ გაშუქდა არხზე.

“მე იმ საღამოს ტელევიზიაში ვიყავი და მზად ვიყავი ეთერში გასასვლელად. სამწუხაროდ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვერ უზრუნველყო ოპერატორის და მძღოლის გამოყოფა,” – გვიყვება ეკა დავითაძე, tv25-ის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი.

ტელევიზიის იურისტი განმარტავს, რომ გათავისუფლების საფუძველი კონკრეტული შტატების გაუქმება იყო.

“აღარ არსებობს პროდიუსერის, ასევე ოპერატორ-მძღოლის პოზიცია, რაზეც რუსლან დავითაძე მუშაობდა,” – აცხადებს ალეკო ბერაია.

ტელევიზიის ყოფილი ოპერატორის თქმით კი, ასეთი შტატი არც მანამდე არსებობდა. “ცალკე მქონდა ხელშეკრულება მთავარი ოპერატორის და ცალკე – მძღოლის პოზიციაზე. ტელევიზიაში ახლა ოპერატორებიც მუშაობენ და მძღოლებიც,” – გვითხრა რუსლან დავითაძემ.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ჟურნალისტი თამარ კიკნაძეა. ის 14 თებერვალს სამსახურში აღადგინეს.

თამარ კიკნაძე: “აღმადგინეს, მაგრამ საქმეს არ მაძლევენ, რომ გავაშუქო. წერილობით მოვითხოვე პასუხი ხელმძღვანელისგან, რატომ ხდება ასე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე”.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი “ხმის ამოღებისთვის” დასაჯა მენეჯმენტმა და პროტესტი უკავშირდებოდა სხვადასხვა გადაწყვეტილებას.

“მაგალითად, იმას, რომ მუნიციპალიტეტში ბიურო არ უნდა გაუქმებულიყო, რომ შაბათ-კვირას საჭიროა საინფორმაციო გამოშვება და ასე შემდეგ,” – დასძენს არხის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი, ეკა დავითაძე.

Tv 25-ის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლების მთავარ მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს. იგი განმარტავს, რომ არხზე რეორგანიზაცია იყო გამოცხადებული და დღეს აღარ აქვს, მაგალითად, მთავარი ოპერატორის პოზიცია.

არხის ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ სამართლიანი იყო საყვედური, როცა “ლეო გრანდის” ხანძრის გაშუქება ტელევიზიამ ვერ მოახერხა.

“ეკა დავითაძეს ჰქონდა ძალაუფლება და მას უნდა მოეხერხებინა ამ თემის გაშუქება”, – ამბობს მურთაზ ფრანგულაშვილი.

რაც შეეხება თამარ კიკნაძეს, ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალისტმა იქ უნდა იმუშაოს, სადაც “ტელევიზიას უჭირს” და ეს რგოლი სამედიცინო თემატიკის გადაცემის მომზადებაა.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეს მოსამართლე ირმა ტოგონიძე განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე ორივე მხარემ პროცესის გადადება ითხოვა იმ მიზეზით, რომ საქმის მასალები შესასწავლია. მოსამართლემ მხარეებს ასევე მოუწოდა, რომ მომდევნო სხდომამდე მორიგება შეძლონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელევიზიას სამართლებრივი დავა აქვს ჟურნალისტებთან. 2016 წელს tv25-ის წინააღმდეგ სასამართლოში დავა არხიდან გათავისუფლებულმა ოთხმა ჟურნალისტმა მოიგო.

 

„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში

„ყველაზე ძვირფასი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, წიგნია. წიგნებში ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს, კითხვისას თვითონ ხარ მხატვარი, გმირი, მკითხველი და ყველაფერი ერთად,“ – გვეუბნება მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი, რომელსაც ვეკითხებით, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია.

ფოტოზე: ავრორა ჩხაიძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი 1960-90-იან წლებში

„დედაჩემი, ავრორა ჩხაიძე, ბიბლიოთეკარი იყო. თავიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, პირველკლასელები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი და, როცა დედამ ბიბლიოთეკაში წიგნებით სავსე უზარმაზარ თაროებთან დაგვაყენა და გვკითხა, ამ წიგნებს როდის წაიკითხავთო. დაუფიქრებლად ვუპასუხეთ, რომ ანბანს ვისწავლიდით და მერე ერთ კვირაში წიგნებსაც წავიკითხავდით“.

ბავშვობაში საჯარო ბიბლიოთეკის მუდმივი მკითხველი იყო, ახლა ამავე ბიბლიოთეკის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. მართალია, ბიბლიოთეკაში მასზე ხანდაზმულებიც მუშაობენ, თუმცა საჯარო ბიბლიოთეკის ამ კორპუსში 44 წელი უწყვეტად მანანა ბოლქვაძის გარდა არავის გაუტარებია. ამბობს, რომ ბიბლიოთეკა მისთვის მეორე სახლია და არა სამსახური.

მისი აზრით ხუთი სიცოცხლე მაინცაა საჭირო, ადამიანმა ყველაფერი რომ წაიკითხოს.

„ავად გავხდი ბავშვობაში ერთხელ, სიცხიანი ვიწექი და „ბიძია თომას ქოხს“ ვკითხულობდი. ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს. ემოციები, რაც კითხვის პროცესს ახლავს, შეუცვლელია“.

მოარულ აზრს, რომ ციფრულ ეპოქაში წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ბიბლიოთეკარი არ იზიარებს და სამკითხველო დარბაზს გვაჩვენებს, რომელიც ცარიელი თითქმის არასდროსაა.

მოსწონს ბიბლიოთეკის სიახლეები, როგორც ამბობს, ყოველთვის ესწრება  „ამერიკულ კუთხეში“ გამართულ შეხვედრებს, დისკუსიებს და  ახალგაზრდების დიდ შესაძლებლობებზე საუბრობს: „ძალიან მონდომებულები არიან, დიდი შესაძლებლობები აქვთ, ჩემს დროს რომ ამდენი ინფორმაცია და სამოქმედო ასპარეზი ყოფილიყო, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ნეტა მეც ახალგაზრდა შევხვედროდი ამ დროს. მე წიგნის და ტელევიზორის თაობა ვარ, თქვენ – კომპიუტერის“.

ფოტოზე: მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ უყვარს, კომპიუტერთან მუშაობა მარტივად ისწავლა, საჯარო ბიბლიოთეკის ყველა  განყოფილებაში უმუშავია, ახლა კი ბიბლიოგრაფიის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარია და „ბათუმელების“ ყოველთვიური ნომრები: ძველი გაზეთები თუ ახალი ჟურნალები მას შეჰყავს კატალოგებსა და ბაზებში ავტორების, სტატიების სათაურებისა და თემის მიხედვით. ამ დიდი ჟურნალიდან გადადის „ბათუმელების“ ნომრები საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

ვეკითხებით, რას ფიქრობს ელექტრონულ წიგნებზე და როგორ წარმოუდგენია მომავალი – იარსებებს თუ არა წიგნი არსებული ფორმით.

„წარმოდგენაც არ მინდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ადამიანების თანამგზავრები ისევ ადამიანები და წიგნები არიან,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მთავარია იკითხონ ადამიანებმა და სულერთია რა ფორმით – წიგნში თუ კომპიუტერის ეკრანზე. როგორი მოსახერხებელიც არ უნდა გახდეს კითხვის პროცესი ელექტრონული წიგნების საშუალებით, მისთვის ჩვეულებრივ წიგნს ვერაფერი შეცვლის, როგორც ამბობს, მტვერიც კი უყვარს, ბიბლიოთეკის საცავებში რომ აფენია ძველ წიგნებს.

სასიამოვნო სიახლეებზეც გვიყვება, უსინათლოთა და სმენის უნარის არმქონე პირებისთვის შექმნილი ხმოვანი პროგრამების პაკეტზე, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ წიგნებსა და დისკებზე ჩაწერილ ხმოვან წიგნებზე. ეს ყველაფერი აუცილებელი აღჭურვილობით საჯარო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, დარბაზში მოწყობილ სპეციალურ კუთხეშია განთავსებული.

ბიბლიოთეკარი მანანა ბოლქვაძე გარდა სიამოვნებისა, რასაც საკუთარი საქმიანობიდან იღებს, იღებს უცნობი ადამიანების ყურადღებასაც, ვინც შეიძლება თავად მას არ ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდები ქუჩაში ცნობენ:

„კინოთეატრის გრძელ რიგში ვიდექი ერთხელ ბილეთების საყიდლად და უცებ ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ბილეთი გადმომცა და მითხრა: ეს იმისთვის, რა დროც ჩვენზე დაგიხარჯავთ ბიბლიოთეკაშიო,“- ყვება ბიბლიოთეკარი.

იხსენებს მუდმივ მკითხველებს, რომლებსაც თურმე ბიბლიოთეკაში უშტატო თანამშრომლებად მიიჩნევენ: „მწერალ ანზორ კუდბას, მაგალითად, საყვარელი ადგილი აქვს ჩვენს დარბაზში, ბოძთან უყვარს ჯდომა, თუ იქ თავისუფალი ადგილი არ დახვდა, უკან ბრუნდება, მიდის,“- ამბობს ბიბლიოთეკარი.

რა ემართება დაძველებულ წიგნებს, როცა მათი განახლება შეუძლებელია?

„ნეტა, ყველა წიგნი ასე დაძველდეს,“-ამბობს მანანა ბოლქვაძე, – „ახალს შევიძენთ ან დავაქსეროქსებთ. წიგნმა უნდა იმოძრაოს, ხელიდან ხელში გადავიდეს, გაცვდეს. თაროზე შემორჩენილ ხელუხლებელ გამოცემებს ბიბლიოთეკაში მკვდარ წიგნებს ვეძახით“. სურს, რომ ასეთი ბედი არც ერთმა წიგნმა არ გაიზიაროს.

თუ „მკვდარი“ წიგნები არსებობენ, არსებობენ ცოცხალი წიგნებიც, გაინტერესებთ რომელი წიგნები ცოცხლობენ ყველაზე აქტიურად? გადადით ლინკზე და გაიგეთ რას კითხულობენ ყველაზე ხშირად ბათუმის ბიბლიოთეკაში.

რა წიგნებს კითხულობენ ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში ბათუმელები

 

სარფის საზღვარზე აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე მიგრანტები უფასოდ შემოწმდებიან

23 მარტს, 15:00 საათზე, სარფის საბაჟო-გამსვლელ პუნქტში დაგეგმილია მიგრანტი მოსახლეობის შემოწმება აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე.

პროექტი დაახლოებით 15 დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებში შემოწმება ვირუსებზე ნებაყოფლობითია.

პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენცია, დაავადებების დროული გამოვლენა და შემდეგ გადამისამართება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ პროექტი ასევე მიზნად ისახავს ამ დაავადებათა გავრცელების შესწავლას.

„იგეგმება ტუბერკულოზზე ინტერვიუს ჩატარება, აივ/შიდსზე სწრაფი-მარტივი ტესტირება და ასევე, სურვილის შემთხვევაში C ჰეპატიტზეც სწრაფი-მარტივი ტესტირება. ეს ჩატარდება საზღვარზე როგრც გადამსვლელ, ისე შემომსვლელ მიგრანტ მოსახლეობაში,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

პროექტს ახორციელებენ დაავადებათა კონტროლისa და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცა.

პროექტი „აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმების გაძლიერება მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ მუშაობს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში კი პირველად ხორციელდება.

 

როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს ბავშვებში

მოზარდის ჰარმონიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტანადობის სწორ განვითარებას და მის დარღვევათა პროფილაქტიკას. ტანადობას დგომისას სხეულის ჩვეულებრივ  მდგომარეობას უწოდებენ.

წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები.

ნორმალური და დაავადებული ხერხემალი
ნორმალური და დაავადებული ხერხემალი

შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი ნაწიბურისა და პლევრიტის ფონზე. ცალკე გამოყოფენ ე. წ. იდიოპათიკურ სქოლიოზს, რომლის განვითარების მიზეზი უცნობია.

ხერხემლის გამრუდების ხაზის მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ცალმხრივ გამრუდებას (C-ს მაგვარი სქოლიოზი), რომელიც მოიცავს ხერხემლის ერთ ნაწილს, გამრუდების ერთი რკალი), უპირატესად გულმკერდისას და კომბინირებულს (S-ის მაგვარი), როდესაც გულმკერდის ნაწილის სქოლიოზს წელის ნაწილის გამრუდებაც ერთვის და გამოხატულია გამრუდების ორი რკალი. დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით კი, გამოყოფენ დაავადების 4 ხარისხს. IV ხარისხის გამრუდება ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

ამ პრობლემის რადიკალური გადაჭრა მე-2, მე-3 და მე-4 ხარისხის სქოლიოზის შეჩერება თანამედროვე ევმინოვის მეთოდებს შეუძლია, რომელიც გთავაზობთ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ ნერვულ-კუნთოვანი აპარატის გამაგრებაში.

ევმინოვის მეთოდებით აჭარაში მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ მუშაობს, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, N107-ში მდებარეობს.

ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. გამოკვლევის სურათი იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი თავისი რეკომენდაციებით.

დადებითი ეფექტი პირველივე დღეებში შესამჩნევი ხდება. ტანადობის დარღვევისა და სქოლიოზის დროს სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიის პროცედურა  ტარდება ინდივიდუალურად შემუშავებული კომბინირებული ორთოპედიული მეთოდებით.

ხერხემლის გასაჭიმი ვარჯიში
ხერხემლის გასაჭიმი ვარჯიში

პროფილაქტიკა მიზანშწონილია წელიწადში ოთხჯერ მაინც, განსაკუთრებით-ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში ჰარმონიული ფიზიკური განვითარების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N107 ან დაგვირეკეთ: 599 30 75 56.

www.vita.com.ge  E-mail: vitascoliosis@gmail.com Skype: vitascoliosis  Facebook: vita.scoliosis

ეკონომიკის სამინისტროს საოფისედ ნაქირავებ შენობაში უკვე 1,8 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადახდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2 წელია იჯარით აღებულ შენობაშია და ქირას სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. შენობის დაქირავებისთვის უკვე 1 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარია [ექვივალენტი ლარში] გადახდილი. საიჯარო ხელშეკრულებით ერთი თვის გადასახადი 75 ათასი აშშ დოლარი [ექვივალენტი ლარში] იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნაქირავები შენობა მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე უნდა დაცალოს. ის ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს შენობაში [სანაპიროს ქ. N2] განთავსდება. გადასვლის პროცესი დაწყებულია. სამინისტროში პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე, რამდენ ხანში მორჩება სამინისტრო ახალ მისამართზე გადასვლის პროცესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქ. 10ა-ში, ნაქირავებ შენობაში 2016 წლის 1 აპრილს გადავიდა, სამინისტროს ყოფილი შენობა [თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში] კი აუქციონზე სახელმწიფომ 9,45 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

შენობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 19%-ი უკვე კერძო კომპანიის ანგარიშზეა გადარიცხული, საიჯარო ქირის სახით.

ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის დაცლიდან ერთ წელში ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, თუმცა, სამინისტრო დღემდე ნაქირავებ შენობაში აგრძელებდა მუშაობას.

თბილისში, ჭოველიძის ქ. 10ა-ში შენობა სამინისტრომ  შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ იქირავა.

„ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზე“ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ მიერაა დაფუძნებული. „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ კი 2013 წელს დააფუძნა ცაცა კვირიკაშვილმა. კომპანიის დარეგისტრირების პროცესში ცაცა კვირიკაშვილის მინდობილი პირი იყო მისი შვილი გიორგი ზაქაიძე, რომელიც რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, ამ ორივე კომპანიის დირექტორია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისში, ჭოველიძის ქ. 10ა-ში მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს „ბელინსკის 10ა“. ამავე ამონაწერით, ეს კომპანია არის მეიჯარე, მოიჯარე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იჯარის ხელშეკრულებად დოკუმენტში მითითებულია ის ხელშეკრულება, რომელიც სამინისტროსა და „ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზე“-ს შორის გაფორმდა 2016 წელს.

შპს „ბელინსკის 10ა“ ასევე დაკავშირებულია ცაცა კვირიკაშვილის ოჯახთან. ეს კომპანია შარშან დააფუძნა „ბიზნეს ცენტრი ბელინსკიზემ“, ხოლო დღეს მისი მესაკუთრეა კომპანია [„ადია ბიზნეს ჯგუფი“], რომლის 100-ივე პროცენტს ფლობს ცაცა კვირიკაშვილის შვილი, ნინო ზაქაიძე.

რაც შეეხება გიორგი ზაქაიძეს, ის ერთ-ერთი შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ მფლობელი და დირექტორიც იყო. გიორგი ზაქაიძე 2014 წელს ნოშრევან ნამორაძეს და მის ოჯახს კომპანიის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებდა. ნოშრევან ნამორაძე სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმაზე, დავით კოდუაზე თავდასხმაში იყო ბრალდებული; ნოშრევან ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე კი, დავით კოდუასთან დაპირისპირების მიზეზად „ტიფლის დეველოპმენტში“ მხარეებს შორის არსებულ ბიზნესინტერესებს ასახელებდა.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, გიორგი ზაქაიძე შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორია, თუმცა წილის 100-ვე პროცენტი უკვე ყაზახეთის მოქალაქეს ეკუთვნის.

 

 

 სახლში შესაღწევად ქურდმა სახლის კარი ჩამოხსნა – ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის გზაზე, მჟავანაძეების ოჯახი გაქურდეს. სახლში შესასვლელად ქურდმა სახლზე ცენტრალური კარი ჩამოხსნა. ოჯახი ჩამოხსნილ კარს ახლა უკვე სხვა დანიშნულებით იყენებს – ეს კარი ეზოს ღობის ნაწილია. უსაფრთხოების მიზნით კი, სახლს უფრო მძიმე რკინის კარი შეაბეს.

ოჯახის წევრების თქმით, სახლის გაქურდვის დროს ზრდასრულებს და ბავშვებს ეძინათ, შესაბამისად, კარის ჩამოხსნის თუ უცხო პირის სახლში შეღწევის ხმა არავის გაუგია. მათივე თქმით, ქურდმა მხოლოდ მობილური ტელეფონის წაღება მოახერხა.

ახალი კარი. ფოტო გურამ მურვანიძის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს საქმე უკვე გახსნილია. ქურდობის მუხლით დაკავებულია ერთი პირი და იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.

დაზარალებულ ოჯახს მობილური ტელეფონი დაუბრუნეს.

შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა.

სახლზე ჩამოხსნილი კარი. ფოტო: გურამ მურვანიძე

მთავარი ფოტო: მჟავანაძეების სახლზე ჩამოხსნილი კარები

ელექტროსისტემა: ანძის ხელახლა დადგმისთვის განსახლება საჭირო არ იქნება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებული ერთი ანძის დემონტაჟი სრულად განახორციელა და ახლა ანძის დასადგმელად საჭირო ადგილის შერჩევაზე მუშაობენ.

ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ ანძის განსათავსებლად სოფლიდან მოსახლეობის განსახლება ან მიწის კერძო მფლობელებისგან გამოსყიდვა საჭირო არ იქნება.

„ანძის დემონტაჟი სრულად განხორციელდა. რკინის კონსტრუქციები გამოვიტანეთ. ამ ეტაპზე ალტერნატიული ადგილის შერჩევაზე ვმუშაობთ. ანძა, სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რადგან ადგილის რადიკალურად შეცვლა რამდენიმე ანძის ადგილმონაცვლეობას გამოიწვევს. მოსახლეობის განსახლება, ან მიწის გამოსყიდვა კერძო მფლობელებისგან, სავარაუდოდ, არ დარჩება საჭირო, ამის გათვალისწინებით ვცდილობთ ადგილის შერჩევას. რამდენიმე ვარიანტზე გვაქვს აქცენტი გამახვილებული. პირველადი ტექნიკური მონაცემებით შერჩეული ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ჩატარდება“ – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარების პროექტის მენეჯერი, დავით უთმელიძე.

სოფელ კოკოტაურში ანძისა და ხაზის დემონტაჟის გადაწყვეტილება ელექტროსისტემამ გეოლოგიური დასკვნის დადებამდე, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მიიღო. დავით უთმელიძის ინფორმაციით, იმ ადგილის, სადაც ანძა იდგა, გეოლოგიური დასკვნის შედეგები, ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ქედა, კოკოტაური / ადგილი სადაც ელექტროსისტემამ ახალაშენებული ანძის დემონტაჟი მოახდინა / 22.03.2018

კმდს პრეზენტაცია ტურისტული მარშრუტების უკეთ დასაგეგმად

დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია ტურიზმის დეპარტამენტს დაეხმარება ტურისტული მარშრუტების უკეთ დაგეგმვაში. წელს კმდს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ტურისტი და ვიზიტორი გაეცნოს აჭარაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სააგენტო სხვა ორგანიზაცებთანაც გეგმავს.

ტურისტული სააგენტოებისა და ტურიზმის  დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების შესახებ.

სააგენტომ დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და სისტემატიზებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.

ქობულეთში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ქობულეთში, მესხიძის ქუჩაზე, სოფელ კვირიკეს გზაზე ავტოგასამართი სადგური გაძარცვეს. შემთხვევა 20 მარტს, საღამოს 9 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მძარცველები ბენზინგასამართ სადგურში მას შემდეგ შევიდნენ, როცა მესაკუთრემ შენობა დატოვა. დანებით შეიარაღებულმა მძარცველებმა მოლარე ოპერატორს 70 ლარი წაართვეს. თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძარცვას გულისხმობს. ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრე სულხან ჭყონიაა. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ბენზინგასამართი სადგური ქობულეთში, სოფელ კვირიკეს გზაზე

ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი

ავტორი: ლელა დუმბაძე

80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის მასწავლებელი კი 86 წლისაა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ქართულ საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებლების განსხვავებულ პენსიაზე სამინისტროში  მსჯელობა არ მიმდინარეობს.

ზურაბ შალიკაძე – 80 წლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი კირნათის საჯარო სკოლაში.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ტენდერი 8 ავტომანქანის შესაძენად ჯანდაცვის ცენტრებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2018 წლის 2 აპრილს დასრულდება.

სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ, რითაც დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

უწყებამ 2014-2017 წწ – „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი აშენდება

ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავენ. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

მხარეებს შორის ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება.

„ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად,“ – ნათქვამია  ოფიციალურ რელიზში.

ახალი ლოჯისტიკური დერეფანი გახდება უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით.

ტექნოლოგიური პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილი იქნება 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას იძლევა.

„ვონდერნეტ ექსპრესი“ ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ბათუმის  პორტში.

პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის  მონაწილეობით ხორციელდება.  პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია- Trammo AG.

ავარია, რომელსაც 27 წლის ქალი ემსხვერპლა – ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს სხდომის გადადება დღეს ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ბრლადებულ ედნარ ა-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ედნარ ა. მართავდა, ქუჩაში 27 წლის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ექსპერტიზამ გაამტყუნა, მაგრამ გოგო ზებრაზე არ გადადიოდა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს,“ – ამბობს ადვოკატი, ნოდარ მგელაძე.

ედნარ ა. სასამართლოს 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული.

„ის ვერ გამოცხადდა, რადგან ამ დილით შეუძლოდ გახდა და გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

„ძალიან გახშირდა ბრალდებულის შეუძლოდ გახდომა ამ ბოლო დროს… ამაში უნდა დავრწმუნდეთ,“ – თქვა მოსამართლემ და ადვოკატს 5 დღის ვადაში შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. „ამ დროისთვის გრძელდება მოლაპარაკება პროკურატურასთან,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედნარ ა.-ს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

500-500 ლარით დაჯარიმებული მული და დედამთილი – განაჩენი ოჯახში ძალადობის საქმეზე

ოჯახში ძალადობის ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებული სამი ადამიანი იყო, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი გამოიტანა. ძალადობას რამდენიმე ეპიზოდში დაზარალებული ქალის ყოფილ ქმარს, დედამთილსა და მულს ედავებოდა გამოძიება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ქმარი გაამართლა, მული და დედამთილი კი, 500-500 ლარით დააჯარიმა.

დაზარალებული ქალის ჩვენებით, მას არაერთხელ სცემეს ჯგუფურად შვილების თანდასწრებით. ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. განქორწინების შემდეგ ისინი საერთო საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. დედამ ორ შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება, სახლის მეორე მხარეს კი, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული დარჩნენ. რამდენიმე მოწმის ჩვენების მიხედვით, ოჯახში კონფლიქტი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა თემურმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად – საკუთარი გათხოვილი შვილის მული.

ადვოკატის, რამაზ ჯორბენაძის თქმით, ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევა არ დადასტურდა, მული და დედამთილი კი, ერთ ეპიზოდში მიიჩნია სასამართლომ დამნაშავედ. ადვოკატის თქმით, დაზარალებული ქალი ისევ ყოფილი ქმრის სახლში ცხოვრებს.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 32 ფსიქოლოგის შტატია. თუმცა როგორც ბაღების გაერთიანებაში გვეუბნებიან, დასაქმებული პირებიდან მხოლოდ ოცია განათლებით ფსიქოლოგი, 12 კი – გადამზადებული. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის მიმართულებით, ზაირა ქაჯაია „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგის დიპლომის არმქონე პირების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„მე არ ვიცი, ვინ აიყვანა სამსახურში ეს ადამიანები. ისევე როგორც ბაღის პედაგოგებთან, ბაღის ფსიქოლოგებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს მაღალი სტანდარტი და ხუთდღიანი ტრენინგით ამაღლებული კვალიფიკაცია არ მიმაჩნია საკმარისად“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, ზოგჯერ ეჭვს იწვევს არა მხოლოდ ის, თუ როგორი ფსიქოლოგები არიან, არამედ მათი განათლების ხარისხიც კი.

„რაღაც „ჭ“ კლასის უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის დიპლომებით არიან, რომლებმაც ავტორიზაციაც კი ვერ გაიარეს. მაშინ, როცა ძალიან ბევრი პროფესიონალი ფსიქოლოგია უმუშევარი,“ – ამბობს ზაირა ქაჯაია.

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პროექტზე მუშაობს. ახალი სტანდარტით, საბავშვო ბაღის პედაგოგებს უმაღლესი განათლება მოეთხოვებათ. კონკრეტულად რა მოეთხოვებათ ახალი სტანდარტით ფსიქოლოგებს, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ  ჯერ ეს მისთვის უცნობია.

„ვიცი, რომ პროფესიონალი უნდა იყოს ფსიქოლოგიც და ლოგოპედიც, მაგრამ სხვა დეტალები არ ვიცი. ალბათ, ვინც უკვე დასაქმებულია, მათ არ შეეხება ახალი მოთხოვნები და ახალი კადრის აყვანის შემთხვევაში გავრცელდება ეს,“ – ამბობს შამილიშვილი.

რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სპეციალობით არაფსიქოლოგის მუშაობა ბავშვებთან? ვკითხეთ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს. მისი აზრით, ფსიქოლოგიური განათლების არმქონე პირების ბავშვებთან მუშაობა არასასურველია.

„ეს ყველაზე ფაქიზი ეტაპია ბავშვისთვის, რადგან ეს არის ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, ამიტომ მათთან პროფესიონალი უნდა მუშაობდეს.

თუმცა გააჩნია როგორ ხდება გადამზადება. თუ ეს არის 4-5-თვიანი კურსი, თუ სწავლობენ იმას, რასაც უნდა შეეხონ, მაშინ რატომაც არა“.

ირმა ფეიქრიშვილის თქმით, ბაღის ფსიქოლოგს მოეთხოვება ბავშვის ზოგადი ფსიქოლოგიის ცოდნა, კრიტიკული პერიოდები და დაავადებები.

„ასევე, უნდა იცოდეს რამდენად შეესაბამება ბავშვის ფსიქო-სოციალური, ფსიქო-მოტორული განვითარება მის ასაკს, უნდა იცოდეს ასაკობრივი თავისებურებები, რა ასაკში რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს, როგორ უნდა მოძრაობდეს, როგორ უნდა იჯდეს, ლაკარაკობდეს ბავშვი, როგორ უნდა მიუდგეს და გამონახოს მასთან საერთო ენა, როგორ უნდა გადაატანინოს კრიზისი ბაღში შეჩვევამდე და ა.შ. ამიტომ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის ტრენინგებით სწავლა,“ – გვეუბნება ის.

ირმა ფეიქრიშვილის  თქმით, ბაღის ფსიქოლოგს უნდა შეეძლოს არა მარტო ბავშვებთან, არამედ აღმზრდელებთან მუშაობა, ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება და სირთულეების დაძლევა.

საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ სტანდარტზე ადგილობრივი თვითმმართველობები მუშაობენ. ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები მხოლოდ მისი შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.

ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის 32 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში წელს 7 603  აღსაზრდელი ირიცხება.

 

 

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში, უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას #16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი.

უკანონოდ დაშენების სამუშაოები

 

დაშენებული მონაკვეთი დღეს პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი

გიორგი აბაშიძის მეუღლეს, სალომე ბაჯელიძეს,  ვაჟა-ფშაველას #16-ში 254 კვადრატული მეტრი ბინა აქვს შეძენილი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის განმარტებით, მერიამ გაფრთხილება მისცა ვაჟა-ფაშაველას #17-ში იმ ბინის მეპატრონესაც, რომელმაც აივანი ამოაშენა უკანონოდ.

„გავაფრთხილეთ და ვიცით, რომ აგრძელებს [სამუშაოებს]. მასაც იგივე ბედი ელის, რადგან თუ არ მოიყვანს პირვანდელ მდგომარეობაში , სახლს ექსპლუატაციაში არ მივიღებთ,“ – განმარტა ზაალ მამუჭაძემ.

ვაჟა-ფშაველას #17

ცხოველების დაღუპვის საფრთხე ისევ არსებობს – ბათუმის ზოოკუთხე

ბათუმის ზოოკუთხეში, სადაც 120-ზე მეტი ცხოველია, ყველაზე მეტად ცხოვრება პრიმატებს უჭირთ. ვოლიერში, სადაც ისინი ცხოვრობენ, იატაკი მეტლახისაა და ზამთარი მათ ვოლიერში ჩართული ელექტროგამათბობლით გადაიტანეს, თუმცა უკეთესი პირობების მოლოდინი პრიმატებს ვერც უახლოეს ხანში ექნებათ. ბათუმის მერიას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად სად გადაიტანენ ზოოპარკს, როგორ იქნება მოწყობილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, შესაბამისად, ზოოკუთხის ცხოველები კვლავ საფრთხის ქვეშ რჩებიან.

„ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე  ამბობს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობის ფარგლებში, მუშაობენ და ზოოკუთხის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ:

„ეს შეეხება რაციონის მიმართულებას, ვოლიერებში დენდროექსპოზიციის მიმართულებას, წამლებით უზრუნველყოფას. მეტლახზე [ვოლიერში, სადაც პრიმატები ცხოვრობენ] ნახერხი იყრება რეგულარულად, მაქსიმალურად დავტვირთეთ ხის მასალებით, რომ ნაკლები შეხება ჰქონდეთ მეტალთან და ქვასთან. სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ვერ კეთდებოდა აქამდე, ახლა უკვე ვაკეთებთ, თანხა გამოყოფილია ამისთვის…. მაგრამ რაც უფრო სწრაფად გაკეთდება პროექტი, მით უკეთესი, რადგან ამ პირობებში მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. საფრთხე, რომ კვლავ შეიძლება დაიღუპონ ცხოველები, ისევ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში, არასწორი მოპყრობის გამო, რა მდგომარეობაც გვაქვს, ასე უცებ არ გადაწყდება“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

სააგენტოს ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ ცხოველების მდგომარეობა მძიმეა. პირიქით, მას ბევრი არგუმენტი აქვს ამ ფაქტის გასამყარებლად, თუმცა ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

„რაც ჩვენ გვაქვს ახლა, ვერც ზოოკუთხეს ვუწოდებთ და ვერც ზოოპარკს. მწარე სიმართლეა, რომ ესაა ზოოციხე, კარცერები, რომლებშიც იმყოფებოდნენ ცხოველები. ცხოველები ძილში კი არ გარდაიცვალნენ, წამებით მოკვდნენ, ღვიძლის დაშლა, მოტეხილობები, ანთებები… ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მარტო 2013 წლიდან მაქვს მე სტატისტიკა, ალბათ 70-80 ცხოველია დაღუპული, მანამდე რა ხდებოდა, არც კი ვიცით…“

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ბათუმის ზოოკუთხიდან ცხოველების გადაყვანა თბილისის ზოოპარკში, სადაც ბათუმის ზოოკუთხიდან გასულ წელს უკანასკნელი კენგურუ გადაიყვანეს. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, მას ამის სურვილი ჰქონდა, განსაკუთრებით პრიმატების გადაყვანის, თუმცა თბილისის ზოოპარკი ამისთვის მზად არ არის:

„ყველა ცხოველის მისაღებად არ არის მზად თბილისის ზოოპარკი, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ისე არ არის, როგორც აქ, ბათუმში იყო ადრე – ოღონდ გვყავდეს ცხოველები. 35 პრიმატი გვყავს, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, სტრესის ქვეშ არიან, მათი იერარქიული წყობა დარღვეულია და ეს ყველაფერი მათზე მოქმედებს.“

ბათუმის ზოოკუთხის პრობლემები წელს სასამართლოს განხილვის საგანიც გახდა. ზოოპარკის ყოფილი დირექტორი, ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს. სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს. თუმცა ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს:

„თუ ზოოპარკის მომავალზე ვლაპარაკობთ, ვერ დავაბრუნებთ იმ მმართველობას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ზოოპარკი. გამოძიება უნდა ჩატარდეს, დადგინდეს, რატომ მოკვდა ამდენი ცხოველი. თუ ისეთი ზოოპარკი უნდა გავაკეთოთ, სადაც ამდენი ცხოველი დაიღუპება, მაშინ სჯობს საერთოდ უარი ვთქვათ ზოოპარკზე.  ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამართლემ, როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინა რასთან გვაქვს საქმე. ამას ის შედეგები მალაპარაკებს, რაც გვაქვს ზოოპარკში.“

ადგილი, სადაც ბათუმის ზოოკუთხე უნდა გადაიტანონ, ჯერ შერჩეული არ არის. სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საუბარი იყო რამდენიმე ადგილზე, მათ შორის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მისი თქმით, ჩეხეთში იყო ფაქტი, როცა ბოტანიკური ბაღის მახლობლად გადაიტანეს ზოოპარკი და ამან გაამართლა, რადგან ზოოპარკს ბევრი მნახველები ჰყავდა.

სანამ ბათუმის მერია ახალი ზოოკუთხისთვის ადგილს შეარჩევს, კონცეფციას დაამუშავებს, ტენდერს გამოაცხადებს და ადმინისტრაციულ დავას მოაგვარებს, ცხოველები ძველ ვოლიერებში რჩებიან. ბათუმის ზოოკუთხეში უკვე მარტო დარჩა დურუკული, მცირე ზომის მაიმუნი, რომელიც ღამის ცხოველია. მას მეწყვილე მოუკვდა.

როგორც ჩანს, ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებიდან ყველაზე მეტად კენგურუს გაუმართლა, რომელიც ბათუმიდან წაიყვანეს და ახლა თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს.

ამავე თემაზე: 

ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე 

ბათუმის ზოოკუთხესთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები – ორი მხარე

________________________________________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ზოოპარკი. ედო მჟავანაძის ფოტო 

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 3 მილიონ 520 ათას 474 ლარი აქვს გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2 თვეა მიმდინარეობს, ტექნიკური ზედამხედველი კი შერჩეული არ არის.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ „სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი ბოლოს, მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 მარტს დასრულდება. ადრე გამოცხადებულ ტენდერებში კი ზედამხედველის შერჩევა ვერ მოხერხდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულს ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სტადიონის მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევს ზედამხედველობას: „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“.

სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / 20.03.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ამავე თემაზე:

3,5 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის

 

14 წლის ბიჭს შუახევში მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ

უკვე მესამე დღეა შუახევში, შუბნის ხეობაში, მდინარე ჩირუხისწყალთან დაკარგულ მურმან ფუტკარაძეს ეძებენ. 14 წლის ბიჭი 20 მარტს მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ბურთი დაგორდა და მოზარდი ბურთს მდინარისპირას გაჰყვა, სადაც ციცაბო დაღმართია. მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

ორი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები, სულ 60-მდე მაშველი და 2 მყვინთავი. შუახევის მერიის ცნობით, დღეიდან სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო დამატებით ერთი მყვინთავი, თბილისის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები და დღეიდან სამძებრო სამუშაოები ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის სანაპიროებთან გრძელდება.

მდინარე სოფელ შუბანში. ფოტო: შუახევის მერია
სამძებრო სამუშაოები სოფელ შუბანში. ფოტო: შუახევის მერია

სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შსს-ს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

მთავარ ფოტოზე: სამძებრო სამუშაოები მდინარესთან. ფოტო: შუახევის მერია 

დღეს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 21 მარტს, მსოფლიოში მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსების იდეა ირანელ მეთოჯინეს, ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის და ინიციატივა მან 2000 წელს მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მე-18 კონგრესზე შეიტანა პირველად განსახილველად. მეთოჯინეთა დღე მსოფლიოში და მათ შორის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში,  წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება.

თამარ კახიძე თეატრის მხატვარ-მძერწავია, წელიწადნახევარია რაც თოჯინებზე მუშაობს და მათი გაცოცხლება უდიდეს სიამოვნებს ანიჭებს. თამარი სპექტაკლის გმირების შექმნის პროცესზე გვიყვება:

„ჯერ ვძერწავთ თოჯინებს, მერე ყალიბში ამოგვყავს, შემდეგ უკვე სპეციალური, გამძლე მასალით ხდება დამუშავება, მერე მხატვარი იწყებს ესკიზებზე მუშაობას, მკერავი არჩევს შესაფერის სამოსს და თოჯინებს მოსავს. ბოლო ეტაპი მსახიობისა და თოჯინის  შეხვედრაა, მსახიობს უნდა მოეწონოს პერსონაჟი და შეეგუოს. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ხასიათის ხუთი თოჯინა შეგვიქმნია, დაგვიშლია, აგვიწყვია, თავიდან გამოგვიძერწავს და ა.შ. მსახიობმა უნდა მოირგოს თოჯინა, ეს ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესია“.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

მერი დარცმელიძე თამართან ერთად მუშაობს მხატვარ-მძერწავად. მეცხრე წელია ამ საქმეს აკეთებს, პერსონაჟების შექმნისას საკუთარ წვლილზე ბევრი საუბარი არ უყვარს, გვიხსნის, რომ თითოეულ თოჯინაზე მთელი გუნდი მუშაობს.

„მხატვრები ვძერწავთ, მექანიკოსი გიორგი გოგიტიძე მექანიზმს უკეთებს და აცოცხლებს, მკერავი ლელა რუხაძე კი სამოსს უკერავს მარიონეტებს და ასე მზადდება სპექტაკლი“.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ, მხოლოდ ამას გვიმხელენ, კონკრეტულად რომელ ახალ სპექტაკლს დგამენ თოჯინების თეატრში, ჯერ საიდუმლოა, თუმცა პერსონაჟების შემქმნელი მხატვრები ამბობენ, რომ პატარებს წინ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი და ახალი საინტერესო წარმოდგენა ელით. თოჯინების თეატრის სახელოსნოში დიდი საიდუმლო ფუსფუსია.

ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ფოტო: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

ქართული სკოლა და კათოლიკური ეკლესია. ახლა პირველი საჯარო სკოლა, სასულიერო გიმნაზია და ბათუმის საკათედრო ტაძარი
ტაძრის ძველი ფოტოს ავტორი: სეირან ბაროიანი
წმ ბარბარეს ეკლესია. ტაძრის ძველი ფოტოს ავტორი: სეირან ბაროიანი
ბათუმის სომხური ეკლესია
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

 

ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია]

საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” – ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ადამიანები ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

ბაგა-ბაღი “მადაგასკარის” აღსაზრდელები ამ  კამპანიას უერთდებიან.

https://youtu.be/zEtuoDZvUwM

კაცმა, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს, ცოლს მამის თვალწინ სცემა

„ისინი ფაქტობრივად უკვე შერიგდნენ,“ – ამბობს ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავით ა.-ს ინტერესებს იცავს. დავით ა.-ს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. ძალადობის თვითმხილველი ნაცემი ქალის მამაა. ადვოკატის თქმით, იგი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს.

დავით ა. ბათუმში, ცოლის ოჯახში ცხოვრობდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლს, ვისთანაც ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან, მცირეწლოვანი ბავშვების და სიმამრის თვალწინ სცემა. დაზარალებული ქალი საშველად მეზობელთან ჩავიდა, ვისი ტელეფონითაც ისარგებლა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დავით ა.-ს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„კონფლიქტი დილით დაიწყო,“ – გვიყვება ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. – „ცოლს უსაყვედურა, რატომ არ ზრუნავ სათანადოდ ბავშვებზე, საჭმელზე და ჩასაცმელზე დავობდნენ, ორივე ბავშვი საბავშვო ბაღში იყო წასაყვანი. ამაზე დაიწყო კონფლიქტი და შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, როგორც ეს საქმის მასალებში წერია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობას არ აღიარებს და ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი“.

საქმეში მთავარი მოწმე ნაცემი ქალი და მისი მამაა. ადვოკატის თქმით, ისინი უკვე შერიგდნენ და ჩვენების მიცემას სასამართლოსთვის აღარ აპირებენ. „რადგან შემაკავებელი ორდერი აქვს ბრალდებულს, ამიტომაც ოჯახში ვერ მიდის, მაგრამ გარეთ ხვდებიან ერთმანეთს. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ არ ეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე, თორემ საერთოდ არ დარეკავდა პოლიციაში,“ – ამბობს ადვოკატი.

მოწმეები არიან ის მეზობლებიც, რომლებმაც ნაცემი ქალი ნახეს და ტელეფონი ათხოვეს პოლიციაში დასარეკად. მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ქალს ფიზიკური დაზიანებები აქვს, ოღონდ ჯანმრთელობის მოუშლელად.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  გადადო, რადგან დაცვის მხარე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“ ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, თუკი საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი დაზარალებულის ან მოწმის სტატუსით, გამოკითხვა სპეციალიზებულმა გამომძიებელმა უნდა ჩაატაროს.

გამოძიებამ ამ საქმეში მცირეწლოვან ბავშვებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ისინი არ დაუკითხავთ. დედამ მათ დაკითხვაზე უარი თქვა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაზარალებული ქალის დაკითხვაც სპეციალიზებულ გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა, რადგან პროცესს ბავშვებიც ესწრებოდნენ.

სასამართლო მორიგ სხდომაზე გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა და მივა თუ არა სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაზარალებული ქალი ან მისი მამა.

 

10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა 100 ლარად გაიყიდება

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. ბანკის ინფორმაციით, მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

 

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: „26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10 ლ“.

რევერსი: აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო“, „10 ლარი“, „2018“ და „GEORGIA“.

ნომინალი: 10 ლარი, შემადგენლობა: Ag 925, წონა: 15.5 გ, მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი, დიზაინის ავტორი: მამუკა გონგაძე, ზარაფხანა: ესპანეთის სამეფო ზარაფხანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბათუმში ახალი რეგიონული კოორდინატორი ეყოლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ბათუმის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა.

ამ თანამდებობაზე ბათუმში 2015 წლიდან მალხაზ ჭკადუა მუშაობს. მისი თქმით, იგი თბილისში, ამავე ორგანიზაციაში იმუშავებს რეგიონული ოფისების მენეჯერად.

ბათუმში კი ორგანიზაცია სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ პირს  კოორდინატორის პოზიციაზე.

რეგიონული კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები იქნება: წარმომადგენლობის საქმიანობის ადმინისტრირება და კოორდინაცია; შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი და მათ შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება;  ქვეყნის კანონშემოქმედებითი პროცესისა და რეგიონში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ანგარიშების, ბლოგებისა და სხვა წერილობითი მასალის მომზადება; ადგილობრივი მოვლენებისა და ღონისძიებებისათვის თვალის დევნება და ა.შ. ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ბმულზე. 

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 აპრილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის“ ეროვნული ბიუროა საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვაა.

 

მეძიბნაში სოფლის სახლსა და სამედიცინო პუნქტს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაშისამედიცინო პუნქტი და სოფლის სახლი მოეწყობა. მშენებლობისთვის ქედის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 570 ლარი გამოყო.

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტისთვის სოფელში ერთსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდება. მისივე ინფორმაცით, 183 570 ლარი მხოლოდ მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, ინვენტარის შესაძენად თანხას კი, ქედის მერია მშენებლობის დასრულებამდე გამოყოფს.

სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტის მშენებლობაზე ქედის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

Exit mobile version