Batumelebi | ბაღების ფსიქოლოგები აპროტესტებენ შეფასებას, რომ თითქოს „ჭ“კლასის უნივერსიტეტები დაამთავრეს ბაღების ფსიქოლოგები აპროტესტებენ შეფასებას, რომ თითქოს „ჭ“კლასის უნივერსიტეტები დაამთავრეს – Batumelebi
RU | GE  

ბაღების ფსიქოლოგები აპროტესტებენ შეფასებას, რომ თითქოს „ჭ“კლასის უნივერსიტეტები დაამთავრეს

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგად დასაქმებული პირები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სტატიაში – „საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ“, ბაღების გაერთიანების მეთოდისტის შეფასება, რომ ფსიქოლოგის განათლების არმქონე პირები არაპროფესიონალები არიან, უსამართლო და არაობიექტურია.

„ბათუმელები“ ფსიქოლოგის შტატზე დასაქმებულ პირებს მე-4 საბავშვო ბაღში ტრენინგზე შეხვდა. ტრენინგს ყველა საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი ესწრებოდა.

ხატია გუჯაბიძე ამბობს, რომ სამედიცინო განათლება აქვს, ფსიქოლოგად მუშაობისთვის კი ძალიან ბევრი ტრენინგ-კურსი გაიარა. „რვა წელია ფსიქოლოგად ვმუშაობ და ჯერ უკმაყოფილი მშობელი არ მყოლია,“ – გვეუბნება ის.

გულნარა ჯაფარიძე 33-ე ბაღში მუშაობს ფსიქოლოგად. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე დაწყებითი განათლების სპეციალისტია. „ბაღში დასაქმების კრიტერიუმი იყო უმაღლესი განათლება. გარდა ამისა, მომთხოვეს ტრენინგების კურსის გავლა, რომელიც გავიარე და ეს ჩემს პირად საქმეში დევს“, – ამბობს ის.

ნანა ჟორდანია კი ფსიქოლოგია უმაღლესი განათლებით. ის ამბობს, რომ უკვე წლებია დასაქმებას ითხოვს, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ხელშეკრულებით არის აყვანილი.

„2012 წელს დავწერე პირველი განცხადება, შემდეგ როცა ხელშეკრულებით ამიყვანეს, მერე აღმოჩნდა ისე, რომ ჩემს შემდეგ 6 ფსიქოლოგი დაინიშნა  და მე ისევ დროებით ვარ“- გვეუბნება ის.

ნანა ჟორდანიას თქმით, მან  ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი, რა კრიტერიუმებით ასაქმებენ ბაღებში ფსიქოლოგებს:

„ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მეუბნება, ამას მე ვერ ვწყვეტო. მე მაქვს კითხვა – უმაღლესი განათლებით, ტრენინგებით უნდა ვიყო გარეთ, არაფსიქოლოგები კი დასაქმებული?“

ბათუმის საბავშვო ბაღის ფსიქოლოგები ტრენინგზე
ფოტო: ლელა დუმბაძე

მე-4 ბაღის ხელმძღვანელის, ირმა ნაკაშიძის თქმით, საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგების დანიშვნის სტანდარტი სახელმწიფოს განსაზღვრული არ აქვს.

„ჯერ ერთი, კანონში არსად წერია, რომ აუცილებლად ფსიქოლოგის განათლებით უნდა აიყვანო ადამიანი. გარდა ამისა, 99 პროცენტი ვინც მუშაობს, დიპლომიანია თუ უდიპლომო, ყველა აყვანილია კონკურსის წესით და ყველას გავლილი აქვს  ტრენინგები“.

„ამდენი ხანი ვმუშაობთ და რა გამოდის, რომ საზოგადოებას ვატყუებთ? ამ ტრენინგებს ბაღების გაერთიანება ატარებს და თუ ჩვენს კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, მაშინ რატომ გვატარებენ ტრენინგებზე? ამდენი წლის გამოცდილების შემდეგ „ჭ“ განათლება უწოდო ჩვენს გამოცდილებას, ცოტა უხერხულია“, – ამბობს ერთ-ერთი ბაღის ფსიქოლოგი, სოფიკო შამილაძე.

ნინო ცინცაძე საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მას ბაღების ფსიქოლოგების ტრენინგზე შეხვდა „ბათუმელები“. სპეციალისტის თქმით,  უნდა მუშაობდნენ თუ არა ფსიქოლოგიური განათლების არმქონე პირები ბაღებში, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია.

„დაახლოებით 12 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მინახავს ძალიან ბევრი დიპლომირებული ფსიქოლოგი, რომელიც ჯობია, რომ არ იყოს ფსიქოლოგი და პირიქით, ისეთი ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვს და ბევრი რამ ისწავლა. ჩვენი განათლების სისტემის ფონზე მიჭირს მარტო იმაზე ფოკუსირება, რომ ყველა დასაქმებული აუცილებლად დიპლომიანი ფსიქოლოგი უნდა იყოს“, – გვეუბნება ის.

რა პროფესიის უნდა იყოს ადამიანი, ვინც ბაღში ფსიქოლოგად საქმდება? „ევროპული სტანდარტები რომ ავიღოთ, ფსიქოლოგი არის ძვირადღირებული პროფესია, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობენ და არც ერთი ფსიქოლოგი ბაღში არ მუშაობს. ბაღებში ჰყავთ მხოლოდ ინკლუზიური განათლების კოორდინატორები, რომლებიც შეიძლება იყვნენ განათლების სპეციალისტები. ამიტომ, ამ სისტემას სჭირდება რეფორმირება, თავიდან გააზრება“, – გვეუბნება ნინო ცინცაძე.

მისი აზრით, დღეს ფსიქოლოგად მომუშავე პირებს თავისუფლად შეიძლება ერქვათ განათლების კოორდინატორები.

„წესით, ესენი არიან ადრეული განათლების ფსიქოლოგები, რაც ძალიან მომიჯნავეა განათლების პროფესიასთან. ამათი როლი არ არის ფსიქოთერაპიის ან ფსიქოანალიზის ჩატარება. ამიტომ, გადავარქმევთ მათ სამუშაოს სახელს, თუ რაიმე კონკრეტული რეგულაცია იქნება, ეს არის განხილვის თემა“, – ამბობს ნინო ცინცაძე.

ამ დროისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 32 პირი მუშაობს ფსიქოლოგად, მათგან 12 განათლებით არაფსიქოლოგია.

ამავე თემაზე:  „საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ“ 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com