მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელსაც 82 წლის ქალი ცემაში ადანაშაულებს: თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის

23.03.2018
ქალი, რომელსაც 82 წლის ქალი ცემაში ადანაშაულებს: თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის

„ყველაფერს იგონებს, რომ მე ცილი დამწამოს. თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის,“ – აცხადებს სოფიო გეგუჩაძე ალექსანდრა ტერუნზე. ალექსანდრა 82 წლის ქალია, რომელიც 20 მარტს აღსრულების პოლიციამ თავისი ყოფილი სახლიდან, ბათუმში, საიათნოვას 4-დან, გამოასახლა. მაშინ ალექსანდრამ ბინაში ამწეს გამოყენებით შეაღწია. ის ამჟამად კლინიკაშია და თავის ტვინის შერყევა აქვს. მოხუცის თქმით, მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა.

ალექსანდრა ტერუნის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო.  ალექსანდრა ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. მასზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული ასევე სოფიო გეგუჩაძეა.

„გამოსახლების შემდეგ მას მართლაც გაუხსნა მეზობელმა ჭიშკარი, შემოვიდა, მაგრამ მე საერთოდ არ გამოვჩენილვარ. ჩემ მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და არ მინდა სპეციალურად რაიმე საფუძველი შექმნან ისევ ჩემ წინააღმდეგ,“ – ამბობს სოფიო გეგუჩაძე.

სოფიო გეგუჩაძე „ბათუმელების“ რედაქციაში ნათლიასთან, ნათია ლომაძესთან, ერთად მოვიდა. „მე და სოფოს დედამთილმა გავიყვანეთ მოხუცი გარეთ ხელკავით, რადგან პოლიციელებმა დახმარებაზე უარი თქვეს. გვითხრეს, რომ მათ მოხუცის ეზოდან გარეთ გაყვანის უფლება არ აქვთ, რადგან ისინი აღსრულების პოლიციას არ წარმოადგენდნენ. არავითარ ცემას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნავს ნათია ლომაძე.

როგორ მიიღო მოხუცმა თავის ტვინის შერყევა? – ამ კითხვას სოფიო გეგუჩაძე ასე პასუხობს: „იმდენი აჯაჯგურა ჭიშკარი გარედან, თავის ტვინის შერყევა ექნება, აბა რა იქნებაო, პოლიციის განყოფილებაში თქვეს. არ ვიცი, სად მიიღო ეს დაზიანება. მე კანონმორჩილი ვარ და ჩემი ოჯახი ყოველთვის ემორჩილება ეთიკურ ნორმებს“.

რაც შეეხება წინა ცემის შემთხვევას, რაც უკვე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სოფიო გეგუჩაძე ექსპერტიზის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც, მისი თქმით, წერია ის, რომ შესაძლოა ჩალურჯებები თვალთან პოსტოპერაციული გამოვლინება იყოს.

„მას თვალის ოპერაცია ჰქონდა მანამდე გაკეთებული. ის ყველაფერს აკეთებს, რომ გაგვამწაროს. იმ დღესაც, როცა ძალით შემოვიდა ეზოში, ნავთით ცეცხლის წაკიდება, სახლის გადაწვა უნდოდა. ამ მოხუცს იყენებს ჟუჟუნა ჯიჯავაძე, რომელიც ამბობს, რომ მინდობილი პირია. მან გაუკეთა ორგანიზება ამწეთი ჩემი სახლის აივანზე მოხუცის გადმოყვანას,“ – გვიყვება სოფიო გეგუჩაძე.

ალექსანდრა ტერუნი გასული წლის 25 დეკემბრიდან დარჩა ქუჩაში. 19 მარტს იგი საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე ამწეთი შევიდა. 

სოფიო გეგუჩაძის თქმით, ამ პროცესის თვითმხილველია თვითონაც: „112-ზე ვრეკავდი მაგ დროს და ვხედავდი, როგორ გადმოდიოდა ამწეს კალათიდან მოხუცი. პოლიცია მოვიდა და მითხრა, შენი ბინაა, ვერ ჰკარი ხელიო. ხომ არ გადავაგდებდი მოხუცს“.

ალექსანდრა ტერუნმა ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.

ალექსანდრა ტერუნს ბინა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: