აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ აქვს მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები.
შესაბამისი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობისგან მას შემდეგ გამოითხოვა, რაც მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ კომპანიებს აქვთ ვალდებულება იმ ადგილების რეკულტივაციაზე, საიდანაც ხეები გააქვთ.
ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში აჭარიდან ათობით ძირი მრავალწლოვანი ხე გაიტანეს და გააქვთ: ქობულეთიდან, ცეცხლაურიდან, კვირიკედან, ზენითიდან, ხუცუბნიდან, გელაურიდან, გვარადან, ბობოყვათიდან [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია], ციხისძირიდან [აქ ხეები ამოთხარეს 10 ადგილზე], ბუკნარიდან, ჩაქვიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ბათუმიდან.
„მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპანიებს აქვს ვალდებულება არა მარტო ხეების გადატანა, არამედ, პირველ რიგში, იერსახის მოწესრიგება და იერსახის მიცემა, რეკულტივაცია და ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ზომებს. გავაკონტროლებთ, რომ ყველა ის ლოკაცია, საიდანაც მოხდა ხის გადანერგვა, მიეცეს პირველადი იერსახე, მოწესრიგდეს იქაურობა და შესაბამისად იყოს ტურისტულად მიმზიდველი ყველა ჩვენი ლოკაცია“, [სტილის დაცვით] – ეს განცხადება მიმდინარე წლის 30 იანვარს გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
აქედან გამომდინარე, აჭარის მთავრობას ვთხოვეთ მოეწოდებინა შემდეგი ინფორმაცია:
[checklist]
- ყველა იმ ადგილის ჩამონათვალი აჭარის ტერიტორიაზე, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში.
- იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომლებსაც აჭარის ტერიტორიიდან გადააქვთ, ან უკვე გადაიტანეს მრავალწლოვანი ხეები. ასევე იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც ამ დროისთვის ითხოვენ ხეების გადატანის ნებართვას.
- იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ელექტრონული ასლები, რომლითაც ამ პირებს დაევალათ იმ ადგილების რეკულტივაცია, საიდანაც ხეები გაიტანეს.
[/checklist]
აი, რა მოგვწერეს აჭარის მთავრობიდან:
„გამომდინარე იქედან, რომ ხეების გადარგვის შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში არ ინახება მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ [საკადასტრო კოდებით], საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში. შესაბამისად, მთავრობის აპარატში ასევე, არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ/გადაიტანეს ხეები, აღნიშნულთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები“.
აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „ხეების გადარგვის შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან“, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიების „აბსოლუტური უმრავლესობა“ სწორედ აჭარის და საქართველოს მთავრობებმა გაასხვისეს კერძო კომპანიებზე. ამ კომპანიებიდან ზოგი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაა, მაგალითად „ბიზნეს დეველოპმენტი“.
[crosslist]
- მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი, მათ შორის ის ადგილი, სადაც ხეებს იღებენ და შეკვეთილში გადასატანად ამზადებენ, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ [ფაქტობრივად სილქ როუდ ჯგუფს] გადასცა.
- ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამ ტერიტორიაზეც თხრიან.
- ხეები მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზეც ამოიღეს.
- ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს. ეს ტერიტორიები კი აჭარის მთავრობამ გაასხვისა.
- მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ამოიღეს ჩაქვშიც, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა.
- სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა. „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ შესყიდული ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარკისთვის რამდენიმე მრავალწლოვანი ხე იქამდე გადაიტანეს, ვიდრე ამ ნაკვეთებს სახელმწიფო გაყიდდა. აუქციონზე გაყიდულ ტერიტორიასთან ახლოსაა ასევე ის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად გაიტანა მრავალწლოვანი ტიტას ხე.
[/crosslist]
აჭარის მთავრობის მიერ ჩვენთვის მოწერილ პასუხში აღნიშნულია:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში დაცული დოკუმენტების თანახმად, გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან დღემდე განხორციელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში და დაბა ჩაქვში მდებარე მიწის ნაკვეთზე ხეების პრივატიზაცია შპს „ზიმო“-ზე.
აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებული/გაყიდული ხეებიდან ერთი შემთხვევა [ციხისძირი] არის ტიტას ხე და კიდევ 2 ჭაობის კიპარისი, რომელიც შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად გადაეცა საკუთრებაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით; ხოლო მეორე შემთხვევაში [ჩაქვი] აჭარის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ეს ხეები უკვე ამოღებული იყო.
არც ერთი ამ დოკუმენტით აჭარის მთავრობას კომპანია არ დაუვალდებულებია ხის ამოღების ადგილების რეკულტივაცია/აღდგენა.
აჭარაში ხეები ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობამაც მიჰყიდა. სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე 2017 წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. რეკულტივაციას არც ამჯერად ითვალისწინებდა აუქციონის პირობა.
„რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას რეკულტივაციისა და ხეების გატანის ადგილების იერსახის მოწესრიგების შესახებ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს, დამკვეთთან ხელშეკრულებით ევალებათ იმ ტერიტორიების რეკულტივაცია, საიდანაც გაიტანეს ხეები. აღნიშნულმა კომპანიებმა ასევე უნდა უზრუნველყონ სამუშაოების წარმოების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში ახალი ხე-მცენარეების დარგვა“, – გვწერს აჭარის მთავრობა.
„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებულ ადგილებზე, სადაც ხეები ამოიღეს, რეკულტივაციის სამუშაოები არსად არ არის ჩატარებული. უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი ხეები აჭარაში ორ ადგილზე დაირგო – ციხისძირში, ზღვის პირას და ბობოყვათში რკინიგზის გასწვრივ – იმ ადგილებში, საიდანაც ხეები არ ამოუთხრიათ.
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/82519/