მთავარი,სიახლეები,სპორტი

14 წლამდე ასაკის მორაგბეები ბათუმიდან

25.03.2018
14 წლამდე ასაკის მორაგბეები ბათუმიდან

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ 14-წლამდე ასაკის მორაგბეებმა 24 მარტს გამართულ მატჩში ფოთის გუნდი „კოლხეთის რაინდები“ დაამარცხეს. მიმდინარე საფესტივალო სეზონზე ეს ბათუმის მეორე გამარჯვებაა.

ეს სარაგბო კლუბ „ბათუმისთვის“ პირველი 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა კლუბია, რომელსაც საკლუბო თამაშისთვის ამზადებენ. 2004-2005 წლებში დაბადებული მორაგბეებიდან მწვრთნელები რამდენიმე თვის მანძილზე არჩევდნენ საუკეთესოებს – ვიდეოზე იწერდნენ ვარჯიშებს და ეძებდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც  კარგი მონაცემები ჰქონდათ. საბოლოოდ 14-წლამდე მორაგბეები სამ გუნდად დაჰყვეს – პირველ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები შედიან, მეორე გუნდი პირველზე ერთი საფეხურით ქვემოთაა, მაგრამ ასევე კარგი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მესამე გუნდში კი ის ბავშვები არიან, რომლებმაც ახლახან დაიწყეს რაგბის თამაში. როგორც მწვრთნელები ამბობენ, ყველა პატარა მორაგბეს აქვს შანსი, მეორე გუნდიდან პირველში გადავიდეს, მთავარია, რამდენად ბევრს იშრომებენ ამისთვის. 

„ამ გუნდის შეკრების იდეა ეკუთვნის ირაკლი გიორგაძეს, რომელიც უმაღლესის ლიგის მწვრთნელია. თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ, ფიზიკურადაც მომზადებულები ვიყოთ და წარმატებასაც მივაღწიოთ, ამისთვის უნდა მოვემზადოთ. შესაძლებლობების მიხედვით დაყოფა და გუნდების გაკეთება ბავშვებისთვისაც სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. პირველ გუნდში არიან ისინი, ვინც შედარებით უკეთეს ფორმაში არიან, უკეთესად იციან თამაში.

მეორე გუნდისთვის პირველ გუნდში მოხვედრაა სტიმული. ეს ბავშვები ერთად გაივლიან პროფესიონალ მორაგბეებად ჩამოყალიბების გზას და რამდენიმე წელში ერთ დიდ გუნდად იქცევიან,“ – ამბობს 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა მწვრთნელი თენგიზ გოგიბერიძე.

14-წლამდელების პირველ გუნდში დღეისათვის 23 მორაგბეა. გუნდს ორი მწვრთნელი წვრთნის. მეორე კატეგორიის გუნდიც 23 ბავშვითაა დაკომპლექტებული. დამწყებების რაოდენობა კი ორმოცს აღწევს.

„თავიდან რომ შეგეხედა მათთვის, ვერ დაამყარებდი დიდ იმედებს. მაგრამ სწორი მიდგომით ძალიან შეიცვალნენ ბავშვები. იმედია, მათი სახით „ბათუმს“ ეყოლება ძალიან კარგი თაობა და მნიშვნელოვან გამარჯვებებს მოვიპოვებთ. ამისთვის ვმუშაობთ ყველა  თავჩახრილი,“ – ამბობს თენგიზ გოგიბერიძე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სარაგბო კლუბ “ბათუმის” 14-წლამდელების გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ საფესტივალო თამაშებს მართავს. მომავალი წლიდან კი უკვე B – ლიგაში ითამაშებენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: