ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე იზრუნებს. მერია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ტენდერების ეკონომიებიდან დარჩენილი ოთხი მილიონი ლარიდან გეგმავს.
მუნიციპალურ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის მერია ბიუჯეტიდან 130 600 ლარს დახარჯავს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით მერმა საკრებულოს ინიციატივით მიმართა. ამ თანხაში არ შედის მერიის თანამშრომლების გადამზადება სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მერია სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, ახალგაზრდული ცენტრის, საზაფხულო თეატრისთვის და კიდევ რამდენიმე შენობისთვის გეგმავს.