მთავარი,სიახლეები

ხუთსულიანი ოჯახი ქოხში, რომლის კედლებზეც მორიელები დაცოცავენ

23.03.2018 • 3215
ხუთსულიანი ოჯახი ქოხში,  რომლის კედლებზეც მორიელები დაცოცავენ

ქობულეთში, ლიანდაგთან ახლოს, ბეტონის ფილების საამქროს ეზოში ხის ძველი ქოხი დგას. მას გარედან ალაგ-ალაგ თუნუქის ძველი ფურცლები აქვს მიკრული. რომ არა აქვე გაფენილი სარეცხი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ქოხში ცხოვრობენ. ხის ნახევრადდამპალ საფეხურებზე ფრთხილად ავდივართ და კარზე ვაკაკუნებთ. „მობრძანდით“ – გვეხმაურებიან შიგნიდან.

ვიწრო დერეფანში ჯერ მეექვსეკლასელი შოთიკო გვეგებება, მერე მეცხრეკლასელი სოფიკო, პირველკლასელი ლიკა და ბავშვების მშობლები, ზაზა სურმანიძე და ირინა შაინიძე.

„ფრთხილად, მე კი მიჩვეული ვარ, მაგრამ თქვენ არ ჩავარდეთ,“ – გვაფრთხილებს ირინა. იატაკის ფიცრები მორყეულია და დამპალი.  სამზარეულოში, ხის ფარღალალა კედლის ნაპრალებიდან დღის შუქი შემოდის, ამომტვრეული იატაკიდან კატა გვიყურებს. საცხოვრებელ ოთახში მაგიდაზე წვნიანით სავსე სამი თეფში დევს, ბავშვები ეს ესაა დაბრუნდნენ სკოლიდან, თუმცა ჩვენი თანდასწრებით სადილი ერიდებათ და კერძი ცივდება.

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

სურმანიძეების ოჯახი უკვე თორმეტი წელია აქ ცხოვრობს, ქოხში, სადაც ყოველი გაწვიმებისას ჭერიდან და კედლებიდან წყალი შემოდის, ძლიერი ქარის დროს კი აქ დარჩენა საშიშია. სურმანიძეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ამ ზაფხულში კი ამ ერთადერთ თავშესაფარსაც დაკარგავენ და ხუთსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩება.

ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე

„2006 წლიდან აქ ვცხოვრობთ. ამ სახლის მეპატრონეს ვიცნობდი, ვთხოვე, შევალ სახლში-მეთქი და არ არის პრობლემაო. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, კი ხედავთ, როგორც. ზაფხულში აქ მშენებლობა უნდა დაიწყოს მეპატრონემ და წასავლელი არსად გვაქვს. ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ, ჯერჯერობით, საშველი არაა.

ვითხოვე, 200-300 კვადრატული მიწა მაინც მომეცით, ოთახს შევჭედავ და იქ ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა ამას ჩვენ ვერ ვიზამთ, ეკონომიკის სამინისტროს უნდა სთხოვოო. სად მივიდე, ვის ვუთხრა?!

მე თვითონ ავად ვარ, ვერ ვმუშაობ, ეპილექსია მაქვს,” – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება ზაზა სურმანიძე.

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

სურმანიძეების შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 330 ლარი. ირინა ამბობს, რომ თანხას გაჭირვებით ანაწილებს თვიდან თვემდე.

„სამი ბავშვია, არ არის ადგილი. ჭამა უნდათ, ჩაცმა… სკოლაში კარგად სწავლობენ, მაგათი იმედი მაქვს, მაგრამ ქუჩაში რომ დავრჩები, რა იქნება, არ ვიცი.

ძლიერი ქარის დროს თვალს ვერ დახუჭავ, ისეთი ამბავია სახლში. ზაფხულში გველები ჩნდებიან, კედლებზე მორიელები დადიან, ერთხელ მიკბინა, ღამე იყო, დავურეკე ექიმს და როგორც მირჩია, ისე მოვიქეცი. ვირთხებზე აღარაფერს ვამბობ, თქვენც ხედავთ, აქ რას დააკავებ,“ – ამბობს ირინა.

ოჯახი, ფაქტობრივად, ერთ ოთახში ცხოვრობს. ოთახი ფარდითაა გადატიხრული, ნაწილი საძინებელია, ნაწილი – სასადილო ოთახი. აქვე მეცადინეობენ ბავშვები. პირველკლასელ ლიკას კედელზე „აი ია“ მიუწერია.

ირინას განცხადებების დასტა გამოაქვს. განცხადება ქობულეთის გამგებელს, აჭარის მთავრობას, სამინისტროებს… სურმანიძეები რამდენიმე წელია განცხადებას განცხადებაზე წერენ, თუმცა ამაოდ.

2014 წელს სურმანიძეების ოჯახზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურმა სივრცემაც“ მოამზადა სიუჟეტი და ოჯახის რთული საცხოვრებელი პირობები აჩვენა, თუმცა ოჯახის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

„მას შემდეგ სამი წელი გავიდა, კიდევ უფრო გართულდა ჩვენი ცხოვრება. ზაფხულში კი… ზაფხულზე ფიქრი მეშინია,“ – ამბობს ირინა.

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: