ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

ავტოავარია მოხდა დღეს ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების კვეთაში, სადაც  ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოავარიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ფეისბუქში“ ნაირა ქობულაძემ გაავრცელა, იგი ამ ადგილას შუქნიშნის ან სიჩქარის დამგდები ბარიერის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მოძრაობს წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით.

_________________

მთავარი ფოტო: ავარია. ნაირა ქობულაძის ფოტო 

რეკავდნენ და სექსზე საუბარს გვთხოვდნენ – ყოფილი ოპერატორი სექსუალურ შევიწროებაზე

კომპანია „ჯეოსელის“ ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი ამბობს, რომ სამი წლის წინ ის და მისი კოლეგები წლების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ აბონენტების მხრიდან. მისი თქმით, დღეში რამდენიმე ადამიანი რეკავდა ცხელ ხაზზე და ქალ ოპერატორებს სექსის შესახებ ესაუბრებოდა. ამბობენ, რომ მათ ტელეფონის გათიშვის უფლება არ ჰქონდათ. ყოფილმა ოპერატორმა გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

კომპანია “ჯეოსელში” აცხადებენ, რომ “უსიამოვნო ზარები” ფიქსირდება, მაგრამ ამას კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

„ეს არ არის მხოლოდ ამ კომპანიის ცხელი ხაზის პრობლემა, სხვა უფასო ცხელ ხაზებზეც იგივე ხდება,“ – გვიყვება ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი. – „მე 2006 წლიდან ვმუშაობდი ამ კომპანიაში და ცოტა ხნის წინ წამოვედი. ყველა დღე რეკავდა რამდენიმე კაცი, ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანი და სექსზე საუბარს ითხოვდა“.

ქალის თქმით, მსგავსი ზარის ავტორები თავდაპირველად საქმიანად იწყებდნენ საუბარს: „ჯერ იკითხავდნენ, რომ აინტერესებთ სმს მანიის პირობები. უხსნი დეტალურად ამ პირობებს და თან გესმის, როგორ მასტურბირებს, შიგადაშიგ რაღაცას გეჩურჩულება, გიყვება, როგორ უნდიხარ, გეკითხება, რა მოგწონს სექსში და ასე შემდეგ. კომპანიის შიდაწესების მიხედვით, არ გაქვს უფლება კლიენტს ზარი გაუთიშო, მას უნდა ჰკითხო, „ჯეოსელის“ რომელიმე სხვა სერვისით ხომ არ არის დაინტერესებული. ის ისევ გეკითხება, რომელიღაც სხვა სერვისზე და აგრძელებს სექსუალური ხასიათის საუბარს. ზოგი პირდაპირ სექსზე საუბარს გთხოვს, უმეტესობა კი გისმენს და გეუბნება, რომ სექსუალური ხმა გაქვს, რომ ქალის ხმა აღაგზნებს, ძალიან უნდა სექსი და ასე შემდეგ.“

ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორის თქმით, მას და მის კოლეგებს არაერთხელ უსაუბრიათ ამ პრობლემაზე კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

„რეაგირება იყო ფრაზა  – რა დღეში ხართ. რეაგირება იყო ისიც, რომ ერთხელ სტრესის მოსახსნელი ორდღიანი ტრენინგი ჩაგვიტარეს და მორჩა. ადამიანები, რომლებიც რეკავენ იოლად იდენტიფიცირებადია, ბევრ მათგანს უკვე ხმაზე ვცნობდით ან ნომერზე…

ერთი კაცი მუდმივად გვირეკავდა დილის შვიდ საათზე, ხმაზე ეტყობოდა, რომ ასაკოვანი იყო. ის მუდმივად გვეკითხებოდა ერთ-ერთ სატელეფონო სერვისზე. ისმენდა ჩვენგან პირობების განმარტებას და იწყებდა ჩურჩულს, რომ ხმამ ძალიან აღაგზნო და მასტურბირებს, ამ დროს, ქათმების კაკანის ხმა ისმოდა. ეს კაცი ერთი ოპერატორის ახლობელი აღმოჩნდა – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ძალიან ცნობილი თამადა კაცი და მეოჯახე ყოფილა,“ – აღნიშნავს ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი.

კომპანია „ჯეოსელის“ პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კონკრეტულ თანამშრომელს წერილობით მსგავს პრობლემაზე ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. „ჯეოსელმა“ კომენტარი წერილობით შემოგვთავაზა:

„ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება  ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. შემუშავებულია სპეციალური პოლიტიკა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია თითოეული თანამშრომელი. ასევე, მათ უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, რომ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათი უფლებები დარღვევის შემთხვევაში. თანამშრომელს შეუძლია მიმართოს თავის უშუალო, ან ეთიკისა და შესაბამისობის მენეჯერს, ან გამოიყენოს ანონიმური ხაზი. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება. ასევე კომპანიაში არსებობს ნომრის დაბლოკვის პროცედურები, როდესაც დგინდება, რომ გარკვეული ნომრიდან ხდება ჩვენი თანამშრომლების შეურაცხმყოფელი და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები, შესაბამისი იურიდიული პროცედურის მიხედვით, ჯერ ხდება აბონენტის გაფრთხილება. თუ ეს გაფრთხილება არ იქნება გათვალისწინებული, აღნიშნულ ნომერს ებლოკება წვდომა კომპანიის ქოლცენტრთან“.

კომპანიაში არ დაგვისახელეს, ბოლო დროს რამდენ ადამიანს დაუბლოკეს ცხელ ხაზთან დაკავშირება ოპერატორის შეურაცხყოფის გამო.

რა შემთხვევაში მიიჩნევს კომპანია, რომ აბონენტის საუბარი ოპერატორთან შეურაცხმყოფელია – კომპანიაში განმარტავენ, რომ ამას შიდა მოხმარების დოკუმენტი ადგენს და ეს დოკუმენტი საჯარო არ არის.

შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად არ იყო მითითებული, რომ რესპოდენტი, რომელიც აბონენტების მხრიდან შევიწროვებაზე საუბრობდა, სამი წლის წინანდელ ამბავს ყვება. 

რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები

2017-2018 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერებს შორის ყველაზე მეტ ქონებას ქედის მერი, ლევან გორგილაძე ფლობს.

2018 წლის 8 იანვარს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ბოლოს უძრავი ქონება – 1001 კვადრატული მიწის ნაკვეთი ლევან გორგილაძემგონიოში შეიძინა. მიწის შეძენის ფორმად დეკლარაციაში მფლობელობის აღდგენაა მითითებული.

ასევე ის ფლობს 120 კვადრატულ მშენებარე ბინას ქალაქ ბათუმში, რომელიც მიწის ნაკვეთის საფასურად შენდება. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 1994 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და გორგასლის ქუჩაზე 92 კვადრატულ მეტრ ბინას.

ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძის საკუთრებაშია „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010“-ის აქციები, რომელიც 2011 წელს 8 737 ლარად შეუძენია.

1995 წელს 2 352 ლარად შეძენილ აქციებს ფლობს მერის მეუღლე – ს/ს „ტომაში“.

გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 47 373 ლარი მიუღია ლევან გორგილაძეს, ხოლო 16 620 ლარი – მის მეუღლეს. რა თანხა აიღო ქედის მერმა, როგორც საჯარო მოხელემ, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ქონებრივ დეკლარაციაში არც ხულოს მერს აქვს მითითებული გასულ წელს თანამდებობრივი სარგოს სახით მიღებული შემოსავლები. გოჩა მელაძეს დეკლარაციაში მხოლოდ ის აქვს მითითებული, რომ კურორტ „გოდერძისა“ და შემოსავლების სამსახურისგან მიიღო თანამდებობრივი სარგო.

გოჩა მელაძე

გოჩა მელაძეს, როგორც  კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილეს, გასულ წელს ხელფასის სახით 2 574 ლარი მიუღია, 3 345 ლარი კი – შემოსავლების სამსახურიდან. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ის მუშაობდა სსიპ სარფში ცვლის უფროსად.

ქონებრივი დეკლარაციით, გოჩა მელაძის საკუთრებაში არც უძრავ-მოძრავი ქონება ირიცხება და არც ფასიანი ქაღალდები. 5000 დოლარად ნაყიდი ავტომანქანა კი მისი მეუღლის, თეა იაკობაძის საკუთრებაა.

ფრიდონ ფუტკარაძე

2018 წელს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია შუახევის მერს, ფრიდონ ფუტკარაძეს. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია ფრიდონ ფუტკარაძეს 2017 წლის 23 ივნისს, როგორც შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს აქვს შევსებული.

ამ დეკლარაციის მიხედვით, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლი და 2 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში. იმავე წელს მემკვიდრეობით მიუღია 80 კვადრატული მეტრი ბინა დაბა შუახევში.

ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია.

რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი?

„ჩვენ მესაკუთრესთან საერთოდ არ გვაქვს შეხება, რადგან სახლი ჯერ ექსპლუატაციაში არ მიგვიღია. თუ არ გამოასწორებენ ამ ყველაფერს, სახლს არ ჩავიბარებთ, მაგრამ პასუხს მოვთხოვთ მშენებელს და არა მესაკუთრეს“, – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე.

მრავალბინიანი სახლი ვაჟა-ფშაველას #17-ში შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. ამ ეტაპზე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სახლის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის – დიმიტრი ჭაღალიძის მიერ წამოწყებულ უკანონო მშენებლობაზე [რასაც პროექტი არ ითვალისწინებდა] ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „დარ ბილდინგი“ 1000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ასევე გააფრთხილეს, რომ სანებართვო პირობების დარღევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს. ამას დაემატება მშენებლობის ვადის დარღვევაც, რაც დამატებით საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს.

აივნის ამოშენების პროცესი, ვაჟა-ფშაველას #17

2018 წლის 23 მარტს „დარ ბილდინგმა“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ოფიციალურად აცნობა, რომ ვაჟა-ფშაველას #17-ში მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა უკვე დაწყებულია და 15 დღეში დასრულდება. კომპანია ასევე დაჰპირდა მერიას, რომ  მიმართავდა ყველა ზომას, მესაკუთრე დიმიტრი ჭაღალიძის მიერ თვითნებურად ამოყვანილი ლოჯიის მოშლისა და პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კომპანიამ მერიას მიაწოდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დაწყებულია პროცედურები მესაკუთრესთან ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაშლელად.“

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმის წარმოება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შენობა სანებართვო პროექტით გათვალისწინებულ პირობებს არ დაუბრუნდება. „ექსპლუატაციაშიც არ მივიღებთ ამ ობიექტს, ყოველ მომდევნო სამ თვეში კომპანია დაჯარიმდება ჯარიმის სამმაგი ოდენობით, ამის შემდეგ კი გადაეცემა აღსრულებას იძულებით აღსრულების მიზნით“, – განმარტავს ირაკლი მოქია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ „დარ ბილდინგს“ შენობის ჩასაბარებლად აქვს ორი გამოსავალი – ახალი სანებართვო პირობების მიღება ან მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

შეიძლება თუ არა კომპანიამ დამატებითი სანებართვო პირობების მიღების შემთხვევაში, ამ პირობებში უკანონოდ ამოშენებული აივანიც გაითვალისწინოს? – ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ „შესაძლებელია, თუ მას მოშენების ფართობი ჰყოფნის და კოეფიციენტებში ჯდება“.

მსგავსი პრაქტიკა ხომ არ წაახალისებს უკანონოდ მიშენების მსურველებს? – ამ საკითხზე ზედამხედველობის სამსახურში უარყოფითი პასუხი აქვთ: „არა, რადგან უკანონოდ აშენებულის მოშლის შემთხვევებიც არის.“

საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე „ბათუმელებთან“ „დარ ბილდინგის“ ადვოკატმაც ისაუბრა: „ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ხელშეკრულების მოშლის პროცედურა. ის [მესაკუთრე] ამბობს, რომ ეს მან გააკეთა არ ცოდნით, ვინაიდან ჩათვალა, რომ სახლის უკანა ეზოში საპრობლემო არ იქნებოდა არაფერი. ახლა ამბობს, რომ თუ ის ვერ შეძლებს მშენებლობის კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევას, თვითონ მოშლის. “

ადვოკატი ამბობს, რომ „დარ ბილდინგი“ არ აპირებს „დაელოდოს მესაკუთრეს, რადგან მესაკუთრე ამოშენებული აივნის მოშლას და მის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას დაჰპირდა“. თუმცა პირიქით მოიქცა – აივანი ბოლომდე ამოაშენა, ახალამოშენებულ კედელში ჩასვა ორი ფანჯარა, ხოლო მანამდე არსებული ფასადის კედელი მოშალა.

„დარ ბილდინგის“ ადვოკატის ინფორმაციით, დიმიტრი ჭაღალიძეს ეს ბინა უკვე გაფორმებული აქვს, როგორც საკუთრება. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომაც კომპანია მესაკუთრის წინააღმდეგ ნასყიდობის  ხელშეკრულებაში არსებულ იმ ჩანაწერის გამოყენებას გეგმავს, რაც ფასადის ცვლილებას ეხება: „…ჩვენ ყველა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მესაკუთრეს არ აქვს უფლება შეცვალოს ფასადის იერსახე, ჯერ შევეცდებით, რომ მოშალოს ეს საკუთარი ხელით. თუ არ დათანხმდება, ბუნებრივია, მივმართავთ სასამართლოს“.

ვაჟა-ფაშაველას #17-ში მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში მიმდინარეობს. შესაბამისად, როგორც პროექტს, ასევე პროექტში ცვლილებას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმება სჭირდება.

მესაკუთრემ მშენებლობა დაასრულა და ფასადიც შეღება

 

სპილო, რომელიც „ეწევა”

ინდოეთში გადაღებულმა ველური სპილოს ვიდეომ, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს და თითქოს ეწევა, ველური ბუნების დამცველი მთელი მსოფლიოს ექსპერტები განაცვიფრა.

ველური ბუნების დამცველი საზოგადოების წევრმა, ინდოელმა მეცნიერმა, ვინაი კუმარმა, 48-წამიანი  ვიდეო გადაიღო ინდოეთში, ნაგარჰოლას ტყეში.

მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, როგორ უშვებს ცხოველი პირიდან კვამლს.

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ველური ბუნების დამცველი საზოგადოების ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ეს არის ვიდეოდოკუმენტაციით განმტკიცებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევა, მსგავსი რამ არსად არავის შეუნიშნავს და მეცნიერები საგონებელში არიან ჩავარდნილები.

ვიდეოკადრების ავტორი, ვინაი კუმარი ტყეში ვეფხვების გამოჩენას ელოდა კამერით გადასაღებად, თუმცა ვეფხვების ნაცვლად ველურ სპილოს წააწყდა, რომელიც პირიდან დიდი რაოდენობით კვამლს უშვებდა.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ველურმა სპილომ ტყეში დანთებული ცეცხლის შედეგად ნარჩენი ნახშირი გადაყლაპა და ასე უშვებდა კვამლს. ხის ნახშირს სამედიცინო დანიშნულებაც აქვს და შებერილობისგან თავის დასაღწევად გამოიყენება. შესაძლოა ამას ცხოველებიც გრძნობენ არაცნობიერად და ამიტომაც ყლაპავენ ნახშირს, თუმცა სპილოები თუ ზოოფარმაკოლოგიის ამ მეთოდს დამოუკიდებლად მიმართავდნენ, არავინ იცოდა. ზუსტი პასუხების მისაღებად მეცნიერები უცნაური შემთხვევის კვლევას განაგრძობენ.

წყარო: Guardian    BBC

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალშობილების რეანიმობილი ექნება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ნეონატალური რეანიმობილი გადასცა.

ნეონატალური რეანომობილის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი.

რეანიმობილის გადაცემის ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანდაცვის  მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე დაესწრნენ.

გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ქვეყნის მასშტაბით 10 ახალი რეანიმობილი გადასცა.

განახლდება სასწრაფო სამედიცინო ცენტრების ავტოპარკები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც. 29 მარტს მაღალი გამავლობის 6 სპეცმანქანა გადაეცემა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს.

 

კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

როგორი უნდა იყოს პლაჟთან არსებული კაფე-ბარების იერსახე და არსებობს თუ არა საერთო პოლიტიკა შენობა-ნაგებობების იერსახესთან დაკავშირებით? – „ბათუმის ბულვარსა“ და მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. ექვემდებარება თუ არა რაიმე რეგულაციას აქ განთავსებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურა, ამის შესახებ დაზუსტებით ვერც მოიჯარეები საუბრობენ.

ზღვისპირა კაფე-ბარი „მედუზა“, რომელიც  ადრე „პიერ ბათუმის“ სახელით იყო ცნობილი, პლაჟზე, საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული. მოიჯარე კაფეს იერ-სახეს უცვლის. მან კაფეს პლაჟის მხარეს დიდი თეთრი აივნები მიაშენა. როგორც კაფეს მეპატრონე, რამაზ ცეცხლაძე ამბობს, ის ტერიტორიაზე სხვა ცვლილებებსაც გეგმავს.

პლაჟი კაფე „მედუზას“ წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„აივნები იხსნება და როცა ტურისტული სეზონი დასრულდება, მოვხსნით და შევინახავთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ზღვასთან ახლოს იყვნენ ადამიანები. ვაპირებთ, შემოსასვლელებში და კაფეს შიგნითაც ყვავილები დავრგოთ,“ – გვეუბნება ის.

რამაზ ცეცხლაძის თქმით, ისინი საკუთარი გემოვნებით არაფერს წყვეტენ და ყველა ცვლილებას ბულვარის ადმინისტრაციას უთანხმებენ.

„ახალი პროექტი ოფიციალური არ არის, რადგან გენერალურს არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ გამწვანების კუთხით გვეუბნებიან, რომ ნატურალური გავაკეთოთ და ვრგავთ ყვავილებსა და პატარა პალმებს.

კაფეს მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, დაზიანებული ხის ნივთები და სხვადასხვა მასალა ყრია. როგორც ცეცხლაძე ამბობს, ამის გამო ისინი ათასი ლარით დააჯარიმეს კიდეც, თუმცა სამომავლოდ ესეც შეიცვლება.

„აქამდე სათავსო არ გვქონდა და არატურისტულ სეზონზე ყველაფრის დატოვება გვიწევდა, წელს გავაკეთეთ სათავსო და ზამთარში ეს ნივთები გარეთ აღარ იქნება გამოფენილი,“ – ამბობს ის.

ცარიელი კასრები პლაჟზე

„ბათუმის ბულვარში“ ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ იმ ობიექტების ვიზუალურ მხარეს აკონტროლებენ, რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა იჯარით, ხოლო მერიის ან ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ ობიექტების იერ-სახეზე ბულვარი პასუხისმგებელი არ არის.

„როცა ბულვარი გასცემს ტერიტორიას, ხელშეკრულებაში ჩადებულია პირობა, რომ ობიექტის განთავსებამდე ესკიზი აუცილებლად უნდა შეგვითანხმონ, შემდეგ უკვე მშენებლობაზე მერიამ უნდა მისცეს ნებართვა ან არ მისცეს,“ – გვეუბნება „ბათუმის ბულვარის“ იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თამარ თავართქილაძე.

კაფეზე მიშენებული აივნები
ფოტო: ლელა დუმბაძე

იდენტური პასუხი გასცეს „ბათუმელებს“ მერიაშიც. „ჩვენ მხოლოდ მერიის მიერ გაცემულ ობიექტებს ვაკონტროლებთ. რაც შეეხება „მედუზას“, ამ მოიჯარესთან სასამართლო დავა გვაქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

 

სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი

პროსტიტუციის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ თქვა. შეხვედრის თემაა – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„ეს არ ნიშნავს პროსტიტუციის ლეგალიზებას. ლეგალიზების შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კონკრეტული წესები, რაც იქნება სავალდებულო სექსმუშაკებისთვის, მაგალითად, როდის უნდა გაიარონ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რა სისტემით დაიბეგრება მათი მუშაობა და ასე შემდეგ. სექსმუშაკები, ვისთანაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, ძირითადად არიან ქუჩაში და მათი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. არსებობს საფრთხე, რომ ლეგალიზების პირობებში მათი უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს,“ – განმარტავს თამარ დეკანოსიძე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროსტიტუცია მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. კანონი არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რას ნიშნავს პროსტიტუცია სამართლებრივად. „პროსტიტუცია – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე,“ – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

თამარ დეკანოსიძის თქმით, ჯარიმის ოდენობა, რასაც სექსმუშაკებს პოლიციელები უწერენ, პრაქტიკაში 20 ლარია. საია-ს მონაცემებით, 2016 წელს სულ 40 სექსმუშაკი დაჯარიმდა საქართველოში 20 ლარით.

გაცილებით დიდია იმ სექსმუშაკების რაოდენობა, რომელიც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 500 ლარით დააჯარიმეს.

შეხვედრას სასტუმრო „რედისონში“ სექსმუშაკებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, პოლიცია ძირითადად წინააღმდეგობის გაწევის გამო აჯარიმებს სექსმუშაკებს 500 ლარით და ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა სექსმუშაკი პოლიციელს თანამშრომლობაზე, ან უფასო სექსუალურ მომსახურეობაზე უარს ამბობს.

„არსებული რეგულაცია ქმნის დისკრიმინაციულ მდგომარეობას ქალი სექსმუშაკების მიმართ. სექსმუშაკების უმრავლესობა ქალია და მხოლოდ ქალებს აჯარიმებენ. კანონი ითვალისწინებს მხოლოდ სექსმუშაკის დაჯარიმებას და არა იმის, ვინც მომსახურებას ყიდულობს. პროსტიტუცია რომ სამართალდარღვევად არ უნდა ჩაითვალოს, ამის შესახებ ჩვენ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტსაც მივმართავთ,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, თამარ დეკანოსიძე.

პარლამენტში ამ დროისთვის უკვე განიხილება საკანონმდებლო ინიაციტივა, რომელიც სექსინდუსტრიის ორგანიზატორების, ე.წ. „მამაშების“ სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ეხება. კანონი ამ დროისთვის მხოლოდ იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც იძულებით და კანონის დარღვევით ჩართავს პირს პროსტიტუციაში, ასევე პირს, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილს გამოყოფს და ამაში სარგებელს მიიღებს.

 

 

გენინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის აგრესიულ ქმედებას შეისწავლის

გენერალური ინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის თანამშრომლების შესაძლო აგრესიულ ქმედებას შეისწავლის – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა 26 მარტს, საღამოს, გორგილაძის ქუჩის კვეთაში მოხდა. თვითმხილველის, თამარ ქაჩლიშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად ექცეოდნენ არასრულწლოვან ბიჭებს, რის გამოც მან საპატრულო პოლიციას მიმართა და დამატებითი ჯგუფი გამოიძახა ადგილზე. მისი თქმით, მოზარდი მშობლის გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში, პოლიცია კი აგრესიულად და არაეთიკურად იქცეოდა.

შს სამინისტრომ გუშინ ეს ფაქტი უარყო, მეტიც, სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმხილველმა ზარი უარყო, რაც თამარ ქაჩლიშვილმა არ დაადასტურა.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე: თვითმხილველი ამბობს, რომ მოზარდს პოლიციამ სცემა – შსს უარყოფს 

კითხვაზე, შეუჩერდა თუ არა პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილება საქმის შესწავლის პერიოდში, შს სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს იტყვიან.

________________

მთავარ ფოტოზე: გორგილაძის ქუჩის კვეთა, შემთხვევის ადგილი. 

ქალაქ კემეროვოში დაღუპულებისათვის ბათუმში, ვარდების სკვერში, ყვავილები მიიტანეს

დღეს ბათუმში, ვარდების სკვერში, მოქალაქეებმა რუსეთში, ქალაქ კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.

ამავე თემაზე: „უთხარით დედას, რომ მიყვარდა“ – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან

არაადაპტირებული მოსაცდელებით გადაკეტილი ტროტუარები – „ალმას“ განმარტება

ბათუმში ახალი, თუმცა არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟებასა და ზოგ ადგილას მოსაცდელების დადგმის გამო ტროტუარების ჩაკეტვაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი კომპანია „ალმას“ რეგიონალურმა მენეჯერმა გააკეთა. მიხეილ გორგილაძის თქმით, პრობლემა მოსაცდელების დამზადების დროს წარმოიქმნა. კომპანია ამ პრობლემას, ასევე ტროტუარების საკითხს, მერიასთან შეთანხმებით მოაგვარებს. ბათუმში ამ ეტაპზე კომპანიამ 50 ახალი მოსაცდელი უნდა დაამონტაჟოს.

„უზუსტობა მოხდა მომწოდებლის მიერ ქარხანაში დამზადების პროცესში. კონსტრუქციები ევროპაში დავამზადებინეთ და შემოვიტანეთ. ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემა. შემდეგ გავიარეთ საკითხი მერიაში და მოგვცეს მითითება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადაპტირებული მოსაცდელები და რომელ ადგილებში. გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე ჩამოვასხათ მოსაცდელის უკანა ნაწილები. შესაბამისად, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ შესვლა და გადაადგილება. ასეთი მოსაცდელი უკვე არის ბათუმის თევზის ბაზართან,“ – ამბობს მიხეილ გორგილაძე.

რაც შეეხება ჩაკეტილ ტროტუარებს, „ალმას“ რეგიონალური მენეჯერის თქმით, „ეს ადგილები შეთანხმებულია ბათუმის მერიასთან, მერია გამოგვიყოფს ფილებს, მოხდება მოსაცდელის უკანა მხარეს გზის შეჭრა და ტროტუარს ამ ფილებით მოვაწყობთ. ტროტუარის ჩაკეტვები სადაც არის, დავდივართ, ვმსჯელობთ მაგ საკითხზე და როგორც კი მოგვეცემა საშუალება, მოსაცდელების უკანა მხარეს გზა გავჭრათ, გავჭრით და დავაყენებთ ადაპტირებულ მოსაცდელებს“.

მიხეილ გორგილაძის თქმით, „თუ აღმოჩნდება ისეთი ადგილები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ტროტუარის გაფართოება, მოხდება ამ მოსაცდელების ადგილმონაცვლეობა“.

ახალი ადაპტირებული მოსაცდელი თევზის ბაზართან / ბათუმი / 28.03.2018

ამავე თემაზე:

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

ბათუმის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად იჯარით შპს „ფერტუნა მედიას“ 2015 წელს გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულებაში 2014 წელს ცვლილებები შევიდა, 2017 წლის მარტში კი, „ფერტუნა მედია“ შპს „ალმას“ შეერწყა.

ბათუმის მერიამ უკვე მიმართა საკრებულოს, რათა აღნიშნულ ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შევიდეს. ამ ცვლილებით მერია „ალმას“ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადას, 2035 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს. საკითხზე საკრებულო სავარაუდოდ 30 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე იჯარით 100 ნაკვეთი აქვს გადაცემული.

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

RÓISÍN MURPHY და ტომ ოდელი თბილისი ოფენ ეარზე

Tbilisi Open Air / AlterVision-ის ლაინ აფი ცნობილია. როგორც ცოტა ხნის წინ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე  ითქვა, წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ 70-ზე მეტი არტისტი გამოვა, მათ შორის ირლანდიელი მუსიკოსი Roisin Murphy, ადრე ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტი და ინგლისელი მომღერალი ტომ ოდელი.

ფესტივალის ლაინ აფი ასე გამოიყურება:

22 ივნისი- მთავარი სცენა:
KAYAKATA || REJJIE SNOW || BEARDYMAN || EKO & VINDA FOLIO || CHE LINGO || TOYSHEN EYE STAGEROMAN FLÜGEL || CLEVELAND || AUTUMN TREE [LEON] || LIZA RIVS || VAKO T b2b MZHAVIA GARDEN STAGEAVALON || RITMO || FUNGUS FUNK || ACIDWAVE || KATANA SINGER JAZZ STAGEREZO KIKNADZE QUINTET

23 ივნისი – მთავარი სცენა:
RÓISÍN MURPHY || RACHAEL YAMAGATA || PAPOOZ || ST. NUDES || MOKUMOKU || KILLAGES EYE STAGEALEX NIGGEMANN || MATTHIAS MEYER || SASCHA SIBLER || BACHO b2b TOMMA || BERO || STIMMHALT || PRØMESCU GARDEN STAGEYESTERMORROW || KALA || OOGWAY || MARCUSS || ANCIENT OM || ELLARGE || SPACE TERIYAKI || ELDARIO || TABU || BEKA TALAKHADZESINGER JAZZ STAGEDINI VIRSALADZE TRIO || BLUE MOOR || LASHA ABASHMADZE QUINTET

24 ივნისი – მთავარი სცენა:
TOM ODELL || R.O x KONOBA || GREEN ROOM || SALIO || SOPHIE VILLY || NEWCOMER 2018EYE STAGESUPER FLU || GIO SHENGELIA || INNELLEA || DASTIA || SO LAUT || BEKUCHIGARDEN STAGEANTHILL || ADDITIVV || OBRI & ZEN || NEVERTHESAME || DIMITREE || INFEST || DM3 || KALRATRY || KAYA MATU || RASINGER JAZZ STAGEZURA RAMISHVILI TRIO || AMAZE || PAPUNA SHARIKADZE TRIO FEAT. MISHO URUSHADZE —

 

საწყის ეტაპზე, 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი. ამ პერიოდში „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. აბონემენტის საბოლოო ფასი 170 ლარი იქნება (ქეშბექის გარეშე).

დღიური ბილეთები 17 აპრილიდან გაიყიდება.  აბონემენტები იყიდება ონლაინ, ასევე ფილარმონიის სალაროებში და პალიტრის ჯიხურებში (მისამართები: გლდანის VIII მიკრორაიონი, I კორპუსის მიმდებარე ტერიტორია / ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, აბასთუმნის N1 / გამსახურდიას გამზირისა და დოლიძის კუთხე).

ბილეთების ყიდვა ასევე შესაძლებელია ონლაინრეჟიმში – TKT.ge-ზე.

 

კიდევ ერთი სახლი დაიწვა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხარაულაში, რეზო ხარაძის, 4-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სახლი მთლიანად დაიწვა, ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

,,ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, პირველი სართული კაპიტალური იყო, მეორე – ხის, ცეცხლს ქედისა და შუახევის სახანძრო სამსახურები აქრობდნენ, დამხმარე ნაგებობები გადარჩა. ოჯახს 10 000 ლარით დავეხმარებით, ვიდრე თანხა გამოიყოფა,  ოჯახს ქირის თანხას გადავუხდით,“ – თქვა როლანდ ბერიძემ.

დამწვარი სახლი ქედაში

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი აპრილში გამოქვეყნდება

შავი ზღვის სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგის მარტის თვის ეტაპის საველე ნაწილი დასრულდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის პირველი ბიულეტენი, პირველად ისტორიაში, აპრილში მომზადდება.

სანაპირო წყლების ბიოლოგიური მონიტორინგი გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო.

დეპარტამენტს მუდმივი დაკვირვების ოთხი სადგური აქვს:  მწვანე კონცხი, სარფი-კვარიათი, პიერ ბათუმის პირსი და ბათუმის პორტი.

სააგენტოს შემუშავებული აქვს შეფასების შკალები, რის მიხედვითაც ხდება სანაპიროს სტატუსის შეფასება. სააგენტოს სპეციალისტები მუდმივი დაკვირვების ოთხივე სადგურზე ყოველთვიურად გავლენ და კვლევას ჩაატარებენ, სამ თვეში ერთხელ კი შედეგები ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოიცემა ბიულეტენების სახით.

ბიოლოგიური მონიტორინგი მოიცავს ყველა ჰიდრობიოლოგიური ფრაქციის ანუ ზღვაში არსებული ბაქტერიების, წყალში არსებული მცენარეებისა და ზოოპლანქტონის გამოკვლევას.

მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ფოტოები: შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი, არჩილ გუჩმანიძე

 

ამავე თემაზე:  შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

საკურას ყვავილობა იაპონიაში

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.

იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი.

იაპონიაში დღესასწაულია საკურას ყვავილობის დასაწყისიდან ბოლო ყვავილების დაცვენამდე. პირველი ყვავილობის დღეს ინიშნავენ, როცა ხის 5-6 კვირტი მაინც იშლება, ამ დღიდან ერთ  კვირაში საკურა სრულ ყვავილობას იწყებს, ასეთ დღეებში ყველა ბაღებს მიაშურებს, ეწყობა პიკნიკები და სახალხო სეირნობები. საკურას სრულ ყვავილობად ითვლება დღეები, როცა ხის კვირტების 80 % უკვე გაშლილია.

საკურას ვარდისფერი ყვავილობა მარტის შუა რიცხვებიდან იწყება და პიკს ძირითადად 23-30 მარტს აღწევს.

ფოტო: kyuhoshi.com
ფოტო: jrailpass.com
ფოტო: jrailpass.com
ფოტო: jrailpass.com

საკურა იაპონელებისთვის უმნიშვნელოვანესი მცენარეა, მისი ყვავილი 100 იენის მონეტაზეც კი არის გამოსახული.

ფოტო: ვიკიპედია

“ასეა სულ”-ის საქველმოქმედო კონცერტი კაფე დელირიაში

დღეს, 28 მარტს, კაფე „დელირიაში“, ჯგუფი “ასეა სულ” [ათინა ჯანუაშვილი და Bek Bekson], ბათუმელი ვეტერინარის, გიორგი კალანდაძის დედის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს.

დღეს “დელირიაში” შესვლის მინიმალური ფასი 5 ლარია, სწორედ ამ გზით შეგროვებული თანხა გადაეცემა გიორგი კალანდაძეს დედის მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად. საქველმოქმედო კონცერტი “გულიდან გულში” 20:00 საათზე დაიწყება.

კაფე „დელირია“ მდებარეობს ბათუმში, ყაზბეგის ქუჩის 8 ნომერში.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ასევე გადარიცხოთ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე: GE88BG0000000589103700, მიმღები გიორგი კალანდაძე.

 

 

640 ათასი ლარი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების კერების შესაწამლად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინვაზიური მავნებლის [აზიური ფაროსანას] გავრცელების კერებში ქიმიურ წამლობის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. წამლობა სპეციალური აგრეგატის გამოყენებით უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სააგენტოს 640 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაწამლი ფართობის სავარაუდო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 20 000 ჰექტარი იქნება. მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადებია – 2018 წლის აპრილი-ოქტომბერი.

სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურების გაწევის საჭიროებას – კონკრეტულ ლოკაციებზე წამლობის დაწყებასა და შეწყვეტას – განსაზღვრავს სააგენტო, აზიური ფაროსანას გავრცელების გათვალისწინებით.

ქიმიური წამლობისთვის საჭირო ინსექტიციდს ტენდერში გამარჯვებულს უსასყიდლოდ გადასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო. ინსექტიციდის გადაცემა მოხდება სენაკის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩა №2-ში.

სამუშაოს შემსრულებელმა მკაცრად უნდა დაიცვას სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინსექტიციდის ხარჯვის ნორმა ერთ ჰექტარზე და უზრუნველყოს ქიმურ წამლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; აგრეთვე, მკაცრად დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების საქართველოში მოქმედი წესები; უზრუნველყოს გამოყენებული ინსექტიციდის ტარის ტრანსპორტირება უკან და დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს მოსახლეობას უფასოდ აღარ დაურიგდება. თუმცა, სეს-ის პროგნოზით, ვინაიდან მავნებელი საქართველოში შესაძლოა 1 მილიონ ჰექტარზე გავრცელდეს, ფართობების შეწამვლას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. აზიური ფაროსანას [halyomorpha halys] წინააღმდეგ საბრძოლველად, საინფორმაციო კამპანიას სეს-ი 1 223 927 ლარით დააფინანსებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 15 მილიონამდე ლარით შემდეგ ინსექტიციდებს [ქიმიური ნივთიერებები, შხამები მავნებელი მწერების მოსასპობად] შეისყიდის:

  • 200 000 ლიტრი ზეთოვანი ფორმაციის, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდი;
  • 160 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი;
  • 100 000 ცალი ფერომონიანი მისატყუებელი (ინსექტიციდი).

როდის და სად დაიწყება შეწამვლითი ღონისძიებები, სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ცხელი ხაზი:

სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)
გურია – 16006 (ზარი უფასოა)
იმერეთი – 16 601 (ზარი უფასოა)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური – 15 01

ამავე თემაზე:

შენ, რა იცი ფაროსანას შესახებ? [ტესტი]

ბაზრობა ხულოს ცენტრში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში ბაზარი არ არის. ხილ-ბოსტნეულს გამყიდველები აქ მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია სივრცეში, დახლებსა და სატვირთო ავტომობილებზე ყიდიან. ხილ-ბოსტნეულის გარდა ავტომობილებზე იყიდება პურის ფქვილი, მარილი, ბრინჯი და ალკოჰოლური სასმელებიც კი.

ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო
ბაზრობა ხულოში. ეკა ბარამიძის ფოტო

2,8 მილიონი ლარი სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის – კომპანიის შეთავაზება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ 2 847 000 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 3 520 474 ლარი იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი  შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ თბილისში 2014 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიას, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს 2 დირექტორი და 6 მეწილე ჰყავს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა.

ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. შესაბამისად, წინადადებების მიღების შეწყვეტისთანავე, პროგრამულად მხოლოდ ის კომპანია ჩანს ტენდერების ვებგვერდზე, რომელიც შემსყიდველს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომისიამ გადაწყვეტილება კანონით 5 დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუმცა, თუ არის არგუმენტირებული დასაბუთება იმისი, რომ დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, კანონით ვადა შესაძლოა კიდევ 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს. „ვმუშაობთ. პირველ 5 დღეში ალბათ ჩავეტევით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვითხრეს სატენდერო კომისიაში.

თუ კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს, გამარჯვებულად კომისია არ გამოავლენს, შემდეგ იმ პრეტენდენტის დოკუმენტაციას შეისწავლიან, რომელსაც შედარებით დაბალი ფასი ექნება შეთავაზებული. მონაწილეობდა თუ არა ერთის გარდა სხვა პრეტენდენტი აღნიშნულ ტენდერში, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როგორც კი სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბათუმში სტადიონს 2 თვეზე მეტია აშენებენ, ტექნიკური ზედამხედველი კომპანია კი ამ დრომდე შერჩეული არ არის. რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სტადიონის მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევს ზედამხედველობას. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“.

სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

 

რომელ საათზე აღდგება გოროდოკში წყლის მიწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გოროდოკში, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გამო,  წყლის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ შეიზღუდა. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 13:00 საათამდე აღდგება.

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 – დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მარტის ბოლო კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

დღეს, 28 მარტს, ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი. სინოპტიკოსების ცნობით, ღამე უმეტესად უნალექო იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება ხვალ, 29 მარტსაც. დღისით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: 

  • დღისით – 12-17 გრადუსი
  • ღამით – 5-10 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით – 7-12 გრადუსი
  • ღამით – 1-6 გრადუსი

30 მარტს ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. სინოპტიკოსების ცნობით, 31 მარტს დღისით და მომდევნო ორ დღეს უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 10 გრადუსია.

 

ყოფილი ნარკოდამოკიდებული ახალი ნარკოტიკის გაყიდვის სქემაზე ჰყვება

„ნარკომომხმარებლებისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშ ნარკოტიკს ყიდულობენ მობილური ტელეფონით. მათ სახელმწიფო დახმარების ნაცვლად მხოლოდ დასჯას სთავაზობს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „აკესოს“ დირექტორი, ეკატერინე გარდაფხაძე. ეს ორგანიზაცია ძირითადად ქალი ნარკომომხმარებლის უფლებებს იცავს და მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

გუშინ, 27 მარტს, ეკატერინე გარდაფხაძემ საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ იმართება, წამალდამოკიდებული ქალების საჭიროებებზე ისაუბრა. შეხვედრის თემა იყო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

რა სქემით იყიდება ნარკოტიკი ე.წ. „ჩინური მარილი“  – „ბათუმელები“ ეკატერინე გარდაფხაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ახალი ნარკოტიკული საშუალება ბოლო ორი წელია მარტივი სქემით იყიდება, თუმცა ამით სამართალდამცველები არ ინტერესდებიან.

„თითქმის ყველა მოქალაქეს მისდის სატელეფონო შეტყობინება ან შეთავაზება „ვაიბერით“, რომ მას შეუძლია ე.წ. „მარილის“ შეძენა,“ – გვიყვება ეკატერინე გარდაფხაძე. – “ძირითადად ერთიანად სთავაზობენ 10 გრამს და ამის ფასი 1900 ლარია. მოქალაქეს შეუძლია 5 შეკითხვა დასვას და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატიდან იხდის ფულს. ამის შემდეგ უღებ ფოტოს ქვითარს და აგზავნი ისევ შეთავაზების ავტორთან. ქვითრის გაგზავნის შემდეგ, მოგდის ფოტო, სადაც კონკრეტული შენობაა მონიშნული შენს ქალაქში წითელი ისრით. მოქალაქე იქ მიდის და ხვდება შეფუთვა. ძირითადად ქალაქის გარეუბნებს არჩევენ, ქალაქგარეთ მდებარე ობიექტებს. ეს არის ნარკოტიკი, რომელსაც დღეს ნარკოტიკების მომხმარებლის 80 პროცენტი მოიხმარს.“

„აკესოს“ ინფორმაციით, „მარილის“ მოხმარებაზე აქტიურად აკავებენ ადამიანებს და პასუხისგებაში აძლევენ, გამსაღებლებს კი არავინ აკავებს. ეკატერინე გარდაფხაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ნარკოტიკის გაყიდვაზე მუშაობს ჯგუფი და პოლიციას ამის გამოაშკარავება არ უნდა გაუჭირდეს.

ეკატერინე გარდაფხაძე: „ეს არის ძალიან საშიში ნარკოტიკი, ნარკოტიკსაც ვერ დავარქმევ, რადგან ექიმებიც ვერ ამბობენ ზუსტად, რისგან მზადდება ან სად მზადდება. ამას აკეთებენ იატაკქვეშეთში და არის იმაზე ბევრად უფრო საშიში სიცოცხლისთვის, ვიდრე სააფთიაქო ნარკოტიკები. „მარილს“ ყნოსავენ, ეწევიან და მოიხმარენ ინექციური წესითაც, რაც ძალიან საშიშია. ჩემი მეგობრის მეუღლემ რამდენიმე დღის წინ თავი ჩამოიხრჩო, იმდენად ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს… არ ვიცი, რატომ ჩაენაცვლა ეს „მარილი“ სააფთიაქო ნარკომანიას, თან ეს უფრო ძვირია. ალბათ იმიტომ, რომ დასაწყისში „მარილი“ მოქმედებს, როგორც ენერგეტიკული საშუალება, ადამიანს მატებს ენერგიას, მისი მეტყველება ჩქარდება.“

ეკატერინე გარდაფხაძე 25 წლის განმავლობაში ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. ნარკოტიკის მოხმარება მან 6 წლის წინ შეწყვიტა. ამბობს, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

„როცა მომხმარებელი ვიყავი, არაერთხელ მოვხვდი საავადმყოფოში, განკურნების მიზნით 12-ჯერ მომათავსეს კლინიკაში, მაგრამ სანამ მე თვითონ არ მოვინდომე, არაფერი შეცვლილა. მე გამიჩნდა მოტივაცია, რომ უნდა შემეცვალა ცხოვრება, უნდა დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ვერ ანებებენ თავს ნარკოტიკს და მათ მხოლოდ დასჯას სთავაზობს სახელმწიფო. ჩემს ბენეფიციარს, რომელიც ახლა მეტადონის კურსს გადის, ეუბნებიან, სექტანტებთან დადიხარო. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვისი არჩევანიცაა ნარკოტიკის მოხმარება. მათ უნდა დავეხმაროთ, როგორც ვეხმარებით, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს,“ – აღნიშნავს ეკატერინე გარდაფხაძე.

ეკატერინე გარდაფხაძე

ბათუმში, დაკეტილ ბინაში 40 წლამდე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

დღეს, 27 მარტს, გორგილაძის ქუჩაზე სამაშველო სამსახურმა ქალის ცხედარი დაკეტილ ბინაში, კარის გაღების შემდეგ აღმოაჩინა. მაშველები ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა და პირველადი მონაცემებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს- თვითმკვლელობამდე მიყვანა.

_______________________

მთავარი ფოტო არქივიდან. 

ხვალ ბათუმში, დადიანის, მესხისა და ერისთავის ქუჩებზე წყალი შეწყდება

28 მარტს, 09:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. 

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი დადიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ტექნიკური სამუშაოებია.

აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე: (0422) 242222 ან 1152.

მიწებს აჭარაში წელსაც „მექანიზატორი“ დაამუშავებს – რა ღირს დახვნა?

სასოფლო-სამეურნეო მიწებს აჭარაში, წინა წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. „მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება – 140, ყამირი მიწის დამუშავება – 180 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი ხულოსა და შუახევის შემთხვევაში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, განსხვავებულია.

შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სახნავ-სათესი მიწების დამუშავების ტარიფს  ნიადაგის დახრილობით განსაზღვრავენ და იმ შემთხვევაში, თუ  დასამუშავებელი მიწა დახრილფერდობიანია, ტარიფი იზრდება.

შპს „მექანიზატორის“ აჭარის სერვისცენტრის მენეჯერი, ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ დახრილი ნიადაგის დამუშავებას მეტი დრო და შესაბამისად, მეტი საწვავი სჭირდება, აქედან გამომდინარე, ერთ ჰექტარზე ტარიფი შეიძლება რამდენიმე ლარით გაიზარდოს.

„მთაში ფერდობებია, რთულია მიწის დამუშავება. მაგალითად, ქობულეთის მიწებისგან განსხვავებით, მიწის ტექნოლოგიურად დამუშავება აჭარის მთიანეთში ცალმხრივად ხორციელდება – დახრილ ფერდობებზე ტრაქტორს ცარიელი სვლის გაკეთება უწევს, შესაბამისად საწვავიც მეტი იხარჯება.

რაც შეხება ტარიფებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მომსახურების გაწევა სჭირდება ფერმერს, მხოლოდ მიწა უნდა მოხნას, დაფარცხოს, სიმინდი დათესოს თუ სხვა სამუშაოები ჩატარდეს. ხულოსა და შუახევის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში ტარიფი ერთნაირია,“ – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ზურაბ ბერიძის თქმით, წელს რეგიონის მასშტაბით „მექანიზატორის“ 25 – 27 ტრაქტორი მოემსახურება, შუახევსა და ხულოში 3 ტრაქტორი იმუშავებს, ქედასა და ხელვაჩაურში, თითოეულში –  8, ქობულეთში – 12 და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე – 4.

„ტექნიკა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. ამ გათვლებით, მინიმუმ 25, მაქსიმუმ კი – 27 ტრაქტორი იმუშავებს მიწის დახვნაზე. ყველაზე დიდი მოთხოვნა ქობულეთსა და ხელვაჩაურზე მოდის, თითქმის ორი კვირაა დავიწყეთ სამუშაოები და ამ დროისთვის 40 ჰექტარი მიწა გვექნება დამუშავებული, 28 მარტიდან ვაპირებთ აჭარის მთიანეთში გადავინაცვლოთ და იქაც დავიწყოთ საგაზაფხულო სამუშაოები“.

მიწის დამუშავების საფასურთან ერთად, ფერმერმა ტრაქტორის გადაადგილების თანხაც უნდა გადაიხადოს. ტექნიკის გადაადგილების ფასი ერთ კილომეტრზე 1 ლარი ღირს. დამუშავებისა და ტექნიკის საკუთარ ნაკვეთამდე გადაადგილების მომსახურების თანხის გადახდა ფერმერებს ბანკ „საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკში“ შეეძლებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ ფერმერისგან იქნება დაკვეთა და მას მიწის სპეციალურად დამუშავებისთვის სხვა აგრეგატები დასჭირდება, მან აგრეგატების ნაკვეთამდე გადაადგილებისთვისაც უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური. ტექნიკის გადაადგილების თანხას ფერმერი იმ შემთხვევაში იხდის, თუ სოფელში შესულ ტექნიკას დროულად არ გამოიყენებს და მაშინ მოგვცემს დაკვეთას, როდესაც ტექნიკა უკვე სხვა სოფელში იქნება,“ – ამბობს ზურაბ ბერიძე.

მთავარი ფოტო: მიწის დამუშავება აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანს გახსნის. რესტორანი, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება.

„ბათუმში, ევროპის მოედანთან, რესტორანი სეზონის გახსნამდე აუცილებლად ამუშავდება. McDonald’s-ი ხიმშიაშვილის ქუჩაზეც ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კომპანიის მარკეტინგის სამსახურში.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები, ევროპაში შეკვეთილი იყო ყველა აუცილებელი და საჭირო ინვენტარი, რომელიც უკვე გზაშია.

კომპანიამ ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20 წლით იჯარით უკვე გადასცა.

იჯარით გადაცემულ ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს ტერიტორია [ფაქტობრივად, არსებული ტროტუარი] კომპანიამ ბეტონით აამაღლა – თუ ადრე შენობაში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ავლა იყო საჭირო, ახლა ტროტუარიდან შენობაში კიბის გარეშე შედიხარ. იჯარით აღებულ ტერიტორიაზე კი კომპანია „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასის“ მოწყობას გეგმავს.

ადგილი, საიდანაც შენობაში კიბის საფეხურებით ადიოდი, ამაღლებულია. მაკდონალდსის რესტორანი ამ შენობაში გაიხსნება / ბათუმი / 27.03.2018
იგივე ადგილი ტროტუარის ამაღლებამდე/ადგილი, სადაც მაკდონალდსის რესტორანი გაიხსნება / ბათუმი / 16.01.2018

ქუჩის მოდა ბათუმში [ფოტო]

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის შერჩევას ანდომებს. როგორია ბათუმის ქუჩის მოდა, როგორ აცვიათ ახალგაზრდებს გაზაფხულზე? იცვლება თუ არა ნელ-ნელა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ? ვნახოთ.

ლიკა რინკავოი, 27 წლის

„საკუთარი სტილი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუხამო, წინდებიც კი. ძალიან მიყვარს კაშკაშა ფერები, თუ რაიმე მუქი მაცვია, აუცილებლად ვუხამებ ფერად დეტალებს, ფერები ძალიან მოქმედებს განწყობაზე”.

                                                                                  ხატია ირემაძე, 19 წლის

ჩაცმის სტილით, მგონია, რომ ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეიძლება. მირჩევნია თავისუფლად მეცვას ხოლმე, პირველკურსელი ვარ, სულ სადღაც მეჩქარება და ასე მირჩევნია”.

მარი ათაბაგი და მარი მუთიძე

მარი მუთიძე: „თუ ადამიანი ჩაცმის სტილით საკუთარ დამოკიდებულებებს გამოხატავს, ჩემთვის საინტერესოა, ისე კი ბევრ რამეს არ ნიშნავს ჩემთვის ჩაცმა”.

მარი ათაბაგი: „გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება გამოიცნო, როგორ ხასიათზე გაიღვიძა ამ ადამიანმა.“

 

თამუნა მსხალაძე, 21 წლის

„ზაფხულში და გაზაფხულზე ფერადი სამოსის ტარება მირჩევნია, ზამთარში თეთრსა და შავს ვატარებ ძირითადად. მუსიკაც კი ახდენს გავლენას ადამიანის ჩაცმის სტილზე, ხანდახან მძიმე მეტალს ვუსმენ და თმას შავად ვიღებავ, მომწონს ასე”.

 

                                                                                    ზაჰარ აბდი

„ჩემს ქვეყანაში, ირანში ასე ვერ ვივლით, აქ ტურისტად ვარ ჩამოსული და შემიძლია თავისუფლად ვიარო თავდაუბურავმა, წითელი ჩემი საყვარელი ფერია, ენერგიას და ხალისს გმატებს”.

 

ზურა გორაძე, 19 წლის

„მაცვია ის, რაც მომწონს, სულ ერთია სად რას ვიყიდი, მთავარია მომეწონოს სამოსი და რა მნიშვნელობა აქვს, სად იყიდი. ბათუმში მგონია, რომ ძირითადად მუქი ფერის სამოსი აცვიათ უფრო ხშირად”.

 ზარინა ზიდი

„ყაზახეთიდან ვარ, ექსტრავაგანტური სამოსი მომწონს, ტანსაცმელს ძირითადად ევროპაში ვყიდულობ, მომწონს კლასიკური და სადა სამოსი.“


ელისო დევაძე, 18 წლის

„ბსუ-ს მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ, ჩაცმას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, ძირითადად ონლაინმაღაზიებით ვიწერ სამოსს. ბათუმში „ბათუმი მოლში“ დავდივარ ხოლმე, თუმცა საყვერელი ბრენდი ან მაღაზია არ მაქვს, რაღაცაში დიდი თანხის გადახდა არ არის გემოვნების გარანტია, გემოვნებით შეიძლება იაფადაც ჩაიცვა, მთავარია, რას როგორ უხამებ”.

                                                   

                                                                              ლიზა ტაიარა, 21 წლის

„სირიიდან ვარ, ბათუმი ძალიან მომწონს, აქაურ უნივერსიტეტში ვსწავლობ და უკვე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, ჩაცმის თავისუფალი სტილი მომწონს: ჯინსი, მაისური და კედები ჩემი ყოველდღიურობაა”.

საია იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ხეების გადატანას უკავშირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციული ორგანოების იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესს უკავშირდება. საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მრავალწლოვანი ხეების გადატანის ფაქტის მომსწრე. აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება. პარალელურად, თემისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

საიამ გადაწყვიტა, თვალი მიადევნოს და შეისწავლოს, თუ როგორ ხდებოდა 2015 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოები იცავდნენ თუ არა კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციამ ამ მიზნით უკვე მიმართა: საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, აჭარის ა.რ. მთავრობას და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე – ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. საია აგრძელებს თემასთან დაკავშირებით მუშაობას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმოქმედონ კანონის ფარგლებში“.

მთავარი ფოტო: გიგანტური ხეები ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, ე.წ. დენდროპარკთან / ფოტო : „ბათუმელები“

შს სამინისტრო მედემერჯენსში ნარკოტიკთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს

შს სამინისტრო ბათუმში არსებულ სამედიცინო დაწესებულება „მედემერჯენსში“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე ეხება სამედიცინო საქმიანობისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების არამიზნობრივ გახარჯვას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტრო გამოძიებას ერთი პირის მიმართ აწარმოებს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, იგი მიმალვაშია.

შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ან მიმალვაშია თუ არა აღნიშნული პირი.

შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება, შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე

ბათუმში ახალ მოსაცდელებს ამონტაჟებენ, რის გამოც ზოგიერთ ადგილზე მთლიანად იკეტება ტროტუარები. რას უპირებს მერია გადაკეტილ ტროტუარებს? – მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ასეთ ადგილებში მერია ტროტუარს გააფართოებს.

„მოსაცდელები, რომლებიც, მაგალითად, ფიროსმანის ქუჩაზე დაიდგა, გაბარიტებით შეესაბამება იმას, რაზეც მერია და კომპანია შეთანხმდა. იქ, სადაც ტროტუარი გადაიკეტა, მერია გეგმავს გააფართოოს ტროტუარი, დაიგება ფილები და ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

იყო თუ არა ტროტუარის გაფართოება თავიდანვე გეგმაში და არის თუ არა შესაბამისი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა? – ამ კითხვაზე მერიაში პასუხი არ გაგვცეს. მერიაში არც იმაზე პასუხობენ, თუ როგორ გაფართოვდება ტროტუარი იქ, სადაც გაჩერებას სხვისი საკუთრება ან გამწვანებული ზოლი ესაზღვრება.

ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ალმა“ ამონტაჟებს. ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა. მერიაში ამბობენ, რომ „ალმამ“ არ დაამონტაჟა შეთანხმებული მაკეტის შესაბამისი მოსაცდელები და მათ ახლა კომპანია ადგილზე გადააკეთებს.

„ბათუმელები“ კომპანია „ალმას“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს.

ამავე თემაზე:

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

 

ბათუმის თევზის ბაზარი [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის თევზის ბაზარში არ უყვართ ორშაბათი. კვირის ამ დღეს აქ ცოტა ხალხია. დღე მდორედ გადის და არც დიდი ფინანსური სარგებელი მოაქვს მოვაჭრეებისთვის. სამაგიეროდ უყვართ პარასკევი, შაბათი და კვირა. დღეები, როცა ბაზარში წასასვლელად ბათუმელებიც იცლიან და ტურისტებიც მრავლად არიან ქალაქში.

გაყინული და აუზებში გამოყვანილი თევზის გარდა ბაზარში შავ ზღვაში დაჭერილი თევზიც იყიდება. თევზის გამყიდველები სანაპიროზე გადიან და ზღვაში გასული მეთევზეების დაბრუნებას ელოდებიან, რომ დახლზე დასადები თევზი იყიდონ.

მეთევზეები დღეს დილით ზღვიდან უთევზოდ დაბრუნდნენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ამირან შოთაძეს და ვლადიმერ ვაშაკიძეს დღეს არ გაუმართლა. ათიოდე  ბარაბულკა დაიჭირეს მხოლოდ. ამბობენ, ზღვაში შორ მანძილზე შესვლის უფლება რომ ჰქონდეთ, თევზი არ მოაკლდებოდათ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სანაპირო მეთევზეებს ზღვაში შესვლა მხოლოდ 2 მილის რადიუსზე შეუძლიათ.
ეს დიმა მორევია. 20 წელია მეთევზეა. ზღვაში სათევზაოდ ყოველ დილით შედის.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
დიმა ამბობს, რომ დღეს არც თუ ისე წარმატებული დღე ჰქონდა. მხოლოდ 50 კილოგრამამდე მიდიების ამოღება შეძლო ზღვიდან. მაშინ, როცა ზაფხულობით ზღვაში ერთ გასვლაზე დაახლოებით 100 კილოგრამ მიდიას იღებს.
მიდიებიც და ზღვის სხვა პროდუქტებიც, შავი ზღვის სანაპიროდან ბათუმის თევზის ბაზარში ხვდება
დილა თევზის ბაზარში ყავით იწყება
ბაზარში მომუშავე რძალ-მულს, თეონა გელაშვილს და მარინა კეკენაძეს ოჯახური ბიზნესი აქვთ. სამსახურში ყოველ დილით ცხრა საათზე მოდიან. დახლს ასუფთავებენ, თევზს აწყობენ და სანამ მყიდველები გამოჩნდებიან, ყავის დალევასაც ასწრებენ
თუ თევზი გიყვართ, მაგრამ მისი მომზადების პროცესი დიდად არ გხიბლავთ, შეგიძლიათ ბაზარში ნაყიდი თევზი იქვე გაასუფთავებინოთ და შეაწვევინოთ

განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების გადახედვას აპირებს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს საჯარო სკოლებში წამყვანი მასწავლებლის დანამატი 700 ლარით გაიზარდა, მენტორი მასწავლებლის კი – 1000 ლარით. თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, დანამატები მხოლოდ იმ მასწავლებლებს გაეზარდათ, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს.

რამდენად სამართლიანია სამინისტროს სახელფასო პოლიტიკა და რამდენ მასწავლებელს გაეზარდა რეალურად დანამატი მიმდინარე წელს?

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოში სრულ განაკვეთზე მხოლოდ სამი მენტორი მასწავლებელი მუშაობს, 92 კი წამყვანი მასწავლებელია სრულ განაკვეთზე.

ბოლო მონაცემებით, საჯარო სკოლებში მთლიანად 63 604 პედაგოგია დასაქმებული. აქედან წამყვანის სტატუსი 216 მასწავლებელს აქვს, მენტორის სტატუსი კი – ცხრა მასწავლებელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი არც ისე დიდია, სამინისტრომ დანამატის მიღების კრიტერიუმი დაავიწროვა და  გაზრდილი დანამატი მხოლოდ იმ პედაგოგებს მისცა, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს.

დღეს 124 წამყვანი მასწავლებელი ვერ იღებს გაზრდილ დანამატს – 700 ლარს და 7 მენტორი, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სრულ განაკვეთზე არ მუშაობენ სკოლაში.

არის თუ სამართლიანი განათლების სამინისტროს სახელფასო პოლიტიკა? – როგორც მენტორი მასწავლებელი, ხათუნა ხალვაში გვეუბნება, არა.

„ვფიქრობ, არასამართლიანია ის, რომ ყველა წამყვანი და მენტორი მასწავლებელი ვერ იღებს გაზრდილ დანამატს. ვფიქრობ, დანამატს არც საშემოსავლო უნდა შეეხოს“, – გვეუბნება ის.

მენტორი მასწავლებლის თქმით, „რეალურად, სრული განაკვეთი 18 საათს გულისხმობს, მაგრამ ამდენი საათი ნამდვილად არ არის სკოლებში. ამიტომ, გარკვეული შეღავათი დაუშვეს და 15 საათი ვისაც აქვს, მათ შეუძლიათ გაზრდილი დანამატის მიღება“.

სამინისტროს პოლიტიკა დანამატებთან დაკავშირებით არასამართლიანად მიაჩნია კახეთის რეგიონში მომუშავე ერთ-ერთ პედაგოგსაც. მისი აზრით, გაზრდილი დანამატის მიღება, საათების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„მე მაქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, თუმცა 700 ლარის ნაცვლად 410 ლარს ვიღებ. სამართლიანი იქნება, თუკი დანამატის მიღება არ იქნება დამოკიდებული საათების რაოდენობაზე“, – გვეუბნება პედაგოგი, რომელსაც თავისი ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

„სქემის მიხედვით, დანამატის ზრდა ყოველთვის ნავარაუდევი იყო სრულ განაკვეთზე. ეს იყო წინა მინისტრის დროს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ თუ  სამინისტროს ახალი პოლიტიკა გაინტერესებთ, ყველაფერი გადაიხედება და შეიცვლება“, – უთხრა „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა.

მისი თქმით, სამინისტროში სახელფასო პოლიტიკაზე მუშაობენ და სიახლეები მალე გახდება საჯარო.

 

 

“გაზაფხულის ფრაგმენტები” – სტუდია “ათინათის” აღსაზრდელები გვილოცავენ

სტუდია-ბაღ “ათინათის” აღსაზრდელებმა მხიარული წარმოდგენით მიულოცეს მშობლებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დადგომა. “თეა და ლიკას 4-5 წლიანების” ჯგუფმა მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა გადაჭედილ დარბაზს.

პატარებმა გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, პატარა ეტიუდები გაითამაშეს და ბოლოს საკუთარ გულშემტკივრებს ყვავილების თაიგულები დაურიგეს საჩუქრად.

ბაღი "ათინათის" აღსაზრდელების საგაზაფხულო ზეიმი "გაზაფხულის ფრაგმენტები"
“ათინათის” აღსაზრდელების საგაზაფხულო ზეიმი “გაზაფხულის ფრაგმენტები”
ბაღი "ათინათის" აღსაზრდელების საგაზაფხულო ზეიმი "გაზაფხულის ფრაგმენტები"
“ათინათის” აღსაზრდელების საგაზაფხულო ზეიმი “გაზაფხულის ფრაგმენტები”
ზეიმზე ერთმანეთს ცვლიდა გაზაფხულის თემაზე შექმნილი ლექსები, ეტიუდები და სიმღერები
ზეიმზე ერთმანეთს ცვლიდა გაზაფხულის თემაზე შექმნილი ლექსები, ეტიუდები და სიმღერები
ბავშვური ხალისი გადამდები აღმოჩნდა მშობლებისთვისაც
ათინათის აღსაზრდელებმა დამსწრეeბს მრავალფეროვანი პროგრამა შეთავაზა
“თეა და ლიკას ჯგუფი”

 

 

სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

სახელმწიფო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია, საწყისი ფასი კი  7 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ ხეს „აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა კონკრეტულად სად დგას აუქციონზე გატანილი ხე, თუმცა გამყიდველისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

„მწვანე კონცხზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მეტად ვერ დაგიკონკრეტებთ“, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ხეს აუქციონზე სწორედ ეს უწყება ყიდის. სახელმწიფო უწყებამ ამ დრომდე ვერც იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი მოგვაწოდა, სადაც ეს ხე დგას.

ბსუ-ს სარგებლობაში კი მწვანე კონცხზე მდებარე რამდენიმე ნაკვეთია. ზოგიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიჰყიდეს.

აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხის ფოტო ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მოგვაწოდა.

აუქციონზე გატანილი ევკალიპტი / მარცხნივ – ნოდარ დუმბაძის ფოტო, მარჯვნივ – ფოტო აუქციონის ვებგვერდიდან

გარდა ამისა, მრავალწლოვანი ხეები უკვე გაიტანეს ან/და ამზადებენ გადასატანად სახელმწიფო მიწის ნაკვეთიდან ციხისძირშიც. ამ ხეებთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ფლობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონებაზე, 5 დღის წინ გვითხრეს, რომ ხეების ამოთხრაზე ინფორმაცია პირველად „ბათუმელებისგან“  შეიტყვეს. სააგენტოს სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების ფოტომასალაც გადავუგზავნეთ და მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებიც. უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

დღეს, 27 მარტს, ქონების მართვის სააგენტოს ხელახლა დავუკავშირდით. სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ვერ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ხდება ხეების მოჭრა, ამოთხრა თუ გზის შეყვანა“. სააგენტო ვერც იმას გვიდასტურებს, რომ სამუშაოები სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე არ მიმდინარეობს და რომ ამ ნაკვეთიდან ხეები არ გააქვთ.

„გადავამოწმეთ, საჯარო რეესტრის მიხედვით ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მაქ თვითნებურადაც აქვთ ნაკვეთები შემოღობილი, ამიტომ სად ჭრიან ხეებს, ვერ გეტყვით“, – გვითხრეს სააგენტოში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმის ბერკეტი, რომ გადაამოწმოს – მიმდინარეობს თუ არა სახელმწიფო მიწაზე თვითნებური სამუშაოები? – სააგენტოში გვითხრეს, რომ ამის ბერკეტები რომ ყოფილიყო, კონკრეტულ პასუხს გაგვცემდნენ.

იყო თუ არა აუცილებელი სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე სამუშაოების წარმოების თუ ხეების მოჭრა-ამოთხრის შეთანხმება სააგენტოსთან? – „ხეების მოჭრაზე არანაირ ნებართვას სააგენტო არ გასცემს,“ – გვიპასუხეს სააგენტოში.

ხეები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში გადააქვთ, ოზურგეთში, სოფელ შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი და მილიარდერი დენდროპარკს აშენებს.

გადასატანად გამზადებული ხე ციხისძირში, სახელმწიფო მიწის ნაკვეთში, რომლის ამოთხრაზე არსებობს თუ არა ნებართვა, ქონების ეროვნულ სააგენტოში ვერ გავარკვიეთ. სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას, რა სამუშაოები ტარდება სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / ფოტო: „ბათუმელები“
მთავარი ფოტო: აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე

 

Exit mobile version