სიახლეები

გამოძიება: სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობდა

23.03.2018
გამოძიება: სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობდა

ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ შს სამინისტომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სასტუმროს ორი მენეჯერი დააკავა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ.  მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ:
  • შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით;
  • უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია;
  • მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები;
  • ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ და მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლეოგრანდის“ გაბზარული მინა ბათუმის ტრაგედიის სიმბოლო გახდა. ფოტო: ირაკლი მეტრეველი 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: