„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ.

„ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც იმავდროულად ბათუმის სამედიცინო ცენტრის სტაციონარში მკურნალობს.

ცენტრის პრესსამსახურის უფროსმა, დიანა თურმანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოციალურ საწარმოში დამზადებულ პურ-ფუნთუშეულს ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრი ყიდულობს 200-მდე პაციენტისთვის, ვინც სტაციონარშია მოთავსებული. ტკბილეული ასევე იყიდება კაფეში, რომელიც სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზეა მოწყობილი.

„ვაპირებთ ამ სოციალური საწარმოების გაფართოებას და დამზადებული ტკბილეულის ბაზარზე გატანას,“ – ამბობს დიანა თურმანიძე.

სოციალურ საწარმოში ამ ეტაპზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე სამმა ადამიანმა გაიარა პრაქტიკა. მათ პროფესიული გადამზადების კოლეჯის წარმომადგენლებმა მზარეულის კურსები ადგილზე ჩაუტარეს. სამედიცინო ცენტრი ახლა ამ ადამიანების გამოსაცდელი ვადით აყვანას აპირებს. რიგში 9 ადამიანია. მათაც სურთ მზარეულის პოზიციაზე დასაქმება სოციალურ საწარმოში.

სოციალური საწარმო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო. დონორისგან გამოყოფილი 8 ათასი ევროს ფარგლებში შეიძინეს სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა , ბათუმის მერიისგან გამოყოფილი 3 ათასი ლარით კი – სამზარეულოსთვის საჭირო აუცილებელი ნივთები.

სტუდენტებმა შეხვედრაზე სოციალურ საწარმოში მოხალისეობრივად ჩართვის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრა სოციალური საწარმოს პოპულარიზაციის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ მოაწყო ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად.

მთავარ ფოტოზე: სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანები სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან ერთად. 

ლეილა ლამპარაძე

„ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ საკითხი ასახული არ არის. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებდა პრიორიტეტების დოკუმენტში აესახა, თუ რას აპირებდა „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

“ბათუმელები” დაინტერესდა, თუ რატომ არ გაითავლისწინეს „ოცნების ქალაქის“ საკითხი ბიუჯეტში.

“რამდენიმე მიმართულებით განიხილება საკითხის მოგვარება. მათ შორის კერძო ბიზნესის ჩართულობის მხრივაც, ამ ეტაპზე ამიტომ არ აისახა თანხები ბიუჯეტში. მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს იმ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა სამოქმედო გეგმა არსებობს და ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, თუკი აუცილებლობა იქნება ბიუჯეტში იყოს თანხა გათვალისწინებული, გავითვალისწინებთ აუცილებლად,” –  ამბობს არჩილ ვანაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დღეს, 20 დეკემბერს, დაამტკიცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ. ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. სხდომას  21 დეპუტატიდან 14 დეპუტატი დაესწრო.

2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი ცინცქილაძეს „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან”.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია 

ახალ წლამდე 12 დღე რჩება.  გუშინ შეწყდა ტენდერი, რომელსაც ღონიძიებების ორგანიზატორი უნდა გამოევლინა – ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მერიამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპის შემდეგ ტენდერი შეწყვიტა.

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გუშინვე გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მცირე დრო რჩება და ორგანიზატორ კომპანიას მუშაობა ფორსმაჟორში მოუწევს, შესაბამისად, შემცირდა წინა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და თანხაც – ამჯერად ტენდერის ბიუჯეტი 180 000 ლარია, გამარჯვებული კი სამ დღეში უნდა გამოვლინდეს.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 273 500 ლარი იყო. წინადადებების მიღების ვადა კი 30 ნოემბერს დასრულდა.

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. ამ თანხით ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს საბავშვო გასართობ კუთხეებს, გამართავს მთავარი სცენის დეკორაციებს, უზრუნველყოფს მის განათებასა და გათბობას, თოჯინების, მარიონეტებისა და თითების თეატრების წარმოდგენას, მოაწყობს სხვადასხვა ქუჩაზე ინსტალაციებს, დაამონტაჟებს ლედ ეკრანებს, მოამზადებს სარეკლამო ვიდეორგოლს, ფოიერვერკსა და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხების მოგვარებას უზრუნველყოს.

ამავე თემაზე:

 273 500 ლარი საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმში – ორგანიზატორი ჯერ არ გამოუვლენიათ

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს.

“ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა.

“ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ საქმეზე დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა – 9 თვე იწურება.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

გიორგი მიქელაძესთან ერთად „ლეოგრანდის საქმეზე“ თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზია ბრალდებული.

პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს, ფათიჰ იავუზს და ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს უნდა უზრუნველეყოთ უსაფრთხოება  სახანძრო სისტემის გამართულობის კუთხით. პროკურატურის ვერსიით, საქვაბეში უკანონოდ იყო მოწყობილი საწყობი, სადაც საღებავებსაც ინახავდნენ და ამან ხანძრის გაძლიერებას  შეუწყო ხელი.

“ექსპერტიზა ჩატარდა კომპიუტერულ პროგრამაზეც, საიდანაც ეს საქვაბე ელექტრონულად იმართებოდა. აღმოჩნდა, რომ სპეციალიზებული პროგრამა საერთოდ არ მუშაობდა და კომპიუტერი იმ საქვაბეში იყო უფუნქციოდ… შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირები კი იქ დადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ თამბაქოს მოსაწევი ადგილიც კი არ ჰქონდათ გამოყოფილი,”- დასძინა პროკურორმა.

“არაა ასე. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სასტუმროს მართვის სპეციალიზებული პროგრამის ლიცენზია იყო ვადაგასული. მასე ჩემს კომპიუტერშიც ვადა აქვს გასული window-ს, მაგრამ მუშაობს”, – მიმართა პროკურორს ფათიჰ იავუზის ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა.

არგუმენტი მოიყვანა მეორე ადვოკატმაც. “იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შენობაში. უფრო მეტიც – ფათიჰ იავუზი საერთოდ არ ეწევა სიგარეტს…” – თქვა ტურფა ნიკურაძემ.

ამ ადვოკატმა საქმიდან “ლეოგრანდის” მმართველ კომპანიასა და ფათიჰ იავუზს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიღო და თავიდან ბოლომდე ჩაუკითხა მოსამართლეს დასაქმებულის ვალდებულებების ჩამონათვალი.

“სად წერია აქ, რის მიხედვით ამბობთ, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა მას?” – იკითხა ადვოკატმა ტურფა ნიკურაძემ.

პროკურორის თქმით, მხოლოდ ხელშეკრულება არა, წესდებაც უნდა წაეკითხა ადვოკატს ფათიჰ იავუზის სრული უფლება-მოვალეობების გასაგებად.

“ჩვენ სპასალონის თანამშრომელმაც მოგვცა ჩვენება. მისი თქმით, სალონის დაკვამლიანების დროს სახანძრო ღილაკმაც არ იმუშავა, არც სიგნალიზაცია ჩაირთო და არც სინათლე იმისთვის, რომ ადამიანებს გარეთ გამოსვლა შესძლებოდათ… კანონის მოთხოვნები უნდა სცოდნოდათ ამ ადამიანებს”, – გაცხარდა პროკურორი.

“პროკურორის სიტყვა უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ კანონს. კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მოთხოვნა დაარღვია ბრალდებულმა? პროკურორი ასე არ უნდა საუბრობდეს,” – ემოცია ვერც ადვოკატმა კახა წერეთელმა დამალა.

“საქვაბეში, საიდანაც გამოძიების ვერსიით ხანძარი გაჩნდა, საწყობი არ იყო მოწყობილი,” – ირწმუნებიან გიორგი მიქელაძის ადვოკატები –  პაატა ბოლქვაძე და ბადრი ბერიძე. მათ მოსამართლეს ხელშეკრულება აჩვენეს, რომლის მიხედვითაც “ლეოგრანდის” საწყობი ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

“სასტუმროს საქვაბეში მხოლოდ დროებით ინახავდნენ ადამიანები კონკრეტულ ნივთებს… საქვაბეში მოწყობილი არ იყო საწყობი, ამას ადასტურებენ მოწმეები. საქვაბეზე პასუხისმგებელი კი გიორგი მიქელაძე არ ყოფილა,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა, რომელიც შიგა წესდებით განსაზღვრული პირობების შესრულებასაც ითვალისწინებს.

“სად არის ეს წესდება? მე ასეთი დოკუმენტი ვერ ვიპოვე…” – იკითხა პაატა ბოლქვაძემ.

საქმის მასალების მიხედვით, წესდება სასტუმრო “ლეოგრანდში” 2017 წელს შეიმუშავეს.

“მე არ ვიყავი პასუხისმგებელი სახანძრო უსაფრთხოებაზე… მხოლოდ კონკრეტულ ჩამონათვალს მიწერდნენ, თურქეთში გადავდიოდი და იქედან ჩამომქონდა ეს ნივთები. შემდეგ ვისაც რა სჭირდებოდა, ის მიმქონდა სასტუმროს ადმინისტრაციასთან,” – აღნიშნა ბოლო სიტყვაში ბრალდებულმა გიორგი მიქელაძემ.

იგივე თქვა მეორე ბრალდებულმა ფათიჰ იავუზმაც ბოლო სიტყვაში – ვინ არის პასუხისმგებელი სახანძრო უსაფრთხოებაზე. თუმცა მისთვის პასუხი არავის გაუცია.

ვინ იყო სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს სასამართლო პროცესის შემდეგ დაუსვა. მან გვითხრა, რომ კონკრეტულად ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებებში არ არის, მაგრამ ექსპერტებმა სამართლებრივი ანალიზით დაადგინეს, რომ ის პირები იყვნენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან.

პროკურორი ამ საქმეზე არც სხვა პირების დაკავებას გამორიცხავს.

ადვოკატი პაატა ბოლქვაძე
პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე
პროკურორმა მოსამართლეს სასტუმროში ხანძრის შემდეგ გადაღებული ფოტოები გააცნო

 

ამ თემაზე:

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

„სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა და ხვალ დაგიბრუნებთო… შევიტანე ფული და სულიკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მას მერე აღარც მინახავს, მასთან დაკავშირებასაც კი ვერ ვახერხებდი, სასამართლო პროცესებზეც აღარ ცხადდებოდა. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ სასამართლოსთვის განცხადებით შემეძლო მიმართვა, თანხას უკან დამიბრუნებდნენ და მას ისევ დააპატიმრებდნენ. სასამართლოს განცხადებით მივმართე, მაგრამ მოსამართლემ ჩემი განცხადება არ განიხილა“.

სულიკო ც.-ს 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გამოცემული განჩინების საფუძველზე გაათავისუფლა. ჯემალ სირაბიძემ 2100 ლარი გადაიხადა, რადგან განჩინებაში მითითებული იყო, რომ თანხის 70%-ის გადახდის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

გირაოს თანხის დაბრუნება ჯემალ სირაბიძემ სასამართლოში 17 აპრილს მოითხოვა. განცხადების შეტანის მიუხედავად, 25 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა მოქალაქის განცხადება განუხილველი დატოვა.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უმოქმედობის გამო რეაგირების გარეშე დარჩა განცხადება, რის გამოც მოქალაქეს ზიანი მიადგა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად უბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

სწორედ თანხის დაკარგვის საფრთხის გამო მიმართა ჯემალ სირაბიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელსაც ჰქონდა განცხადების განხილვისა და გირაოს თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ სასამართლომ, უმოქმედობის გამო, მისი განცხადება დატოვა რეაგირების გარეშე, რითაც ჯემალ სირაბიძეს მიადგა ზიანი 2100 ლარის ოდენობით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და განცხადების განუხილველად დატოვებას ამართლებს იმით, რომ ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა.

„ის გარემოება, რომ ჯემალ სირაბიძის განცხადება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 25 აპრილს. ჯემალ სირაბიძის მიერ 17 აპრილს შემოტანილ განცხადებაზე სასამართლო წინასასამართლო სხდომამდე ვერ იმსჯელებდა, სასამართლოს აღნიშნულ განცხადებაზე უნდა ემსჯელა სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანდასწრებით… მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე გაახმოვანა ჯემალ სირაბიძის განცხადების შინაარსი, მაგრამ ვინაიდან ბრალდებული არ ესწრებოდა სხდომას, მოსამართლეს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და მხარეებს განუმარტა, რომ განცხადებაზე იმსჯელებდა მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც დაინიშნა 2018 წლის 10 მაისს,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაგებელ სარჩელში.

„მხარე არის ადვოკატიც… ის, რომ ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა, ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ მოქალაქე გადახდილი გირაოს თანხას უკან ვეღარ დაიბრუნებდა,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე. ის გაუმართლებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო არ განიხილეს მოქალაქის განცხადება.

10 მაისს, ანუ მორიგ სასამართლო პროცესზე პროკურორი ამ საქმეზე სასამართლოში საპროცესო შეთანხმებით მივიდა. მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ლევან გელოვანმა დაამტკიცა და სულიკო ც.-ს სასჯელის სახით 3 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. განაჩენში ჩაიწერა ისიც, რომ ჯემალ სირაბიძეს უნდა დაბრუნებოდა თავისი კუთვნილი 2100 ლარი.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ჯემალ სირაბიძემ აღსრულების ბიუროს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ მის მიერ ჩარიცხული თანხა ჯარიმაში გაიქვითა. მოქალაქეს განუმარტეს, რომ პირველ რიგში, საბიუჯეტო ვალდებულება იფარება და მან ფულის დაბრუნება ისევ ახლობელს უნდა მოსთხოვოს.

„ახლობლიდან ფულის დაბრუნება რომ პრობლემა იყო, ამიტომაც მიმართა მან სასამართლოს შესაბამისი განცხადებით…. განცხადებით რომ არ მიემართა მოქალაქეს სასამართლოსთვის, ეს თანხა განაჩენის გამოტანის დროს მაინც დაუბრუნდებოდა. კანონი აძლევს უფლებას მოქალაქეს გირაოს თანხა უკან გაიტანოს. ამ უფლებით ვერ ისარგებლა ჯემალ სირაბიძემ,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. იგი სამართლიანად მიიჩნევს აღსრულების ბიუროს მიდგომას, სადაც, პირველ რიგში, საბიუჯეტო ვალდებულება გადაფარეს მოქალაქის მიერ გადახდილი თანხით.

ეს შემთხვევა მოსამართლე ირაკლი შავაძემ უნდა განიხილოს. ამ დროისთვის სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის.

 

 

2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში [გამოკითხვა]

როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა წელს? მამების პროტესტი, რომელიც თვეებია გრძელდება, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია, ქლაბერებისა და მათი მხარდამჭერების მრავალათასიანი აქცია რუსთაველზე, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თუ სულაც, მოწევის აკრძალვა კაფე-ბარებსა და დაწესებულებებში?

„ბათუმელებმა“ 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს გადახედა და გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში, რომლის შედეგებიც 31 დეკემბერს გახდება ცნობილი ჩვენი მკითხველებისათვის.

შეგიძლიათ ხმა მისცეთ სამ მოვლენას, რომლებიც თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2018 წელს. გამოკითხვა ანონიმურია.


2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

შსს-მ 2018 წელს ოთხი კანონიერი ქურდი და 40 კიბერდამნაშავე დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ე.წ. ოთხი კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი დააკავეს. უწყების თქმით, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი 477 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემზე. „დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა“.

  • 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა:
  • „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“
  • „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“
  • „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.

ტრეფიკინგის ბრალდებით კი, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, რაც 66 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით – აცხადებს შსს.

ანგარიშის მიხედვით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წელს, 40 კიბერდამნაშავე დააკავა.

„ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, ეს ციფრი 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი“.

შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მხრივ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა. შედეგად, მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი“.

 

 

აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი

სხდომას, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დამტკიცდა, 21 დეპუტატიდან 14 დაესწრო. ოპოზიციამ – ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტები ასახული არ არის. 2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი ცინცქილაძეს “ბურჯანაძე-დემოკრატებიდან”.

2019 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 324 მილიონ ლარს აჭარბებს. ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 2019 წელს 5 მილიონზე მეტი ლარი იქნება, აქედან 3 მილიონ 433 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. უსკოს [აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისია] დაფინანსება 669 ათასი ლარი იქნება, აქედან 589 ათასი ლარი ხელფასებზე დაიხარჯება.

91 მილიონ ლარს აჭარბებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი. 5 მილიონ 512 ათასი ლარი ხელფასებზე დაიხარჯება, ხოლო 55 მილიონზე მეტი ლარი საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტია. 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის, 9 მილიონ 911 ათას ლარზე მეტია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი. 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

50 მილიონზე მეტი ლარია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი. აქედან, კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის 19 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის 12 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-ინვენტარით აღჭურვისთვის – 8 მილიონზე მეტი ალრი. დაფინანსება, ასევე, განსაზღვრულია ინკლუზიური განათლებისთვის, სპორტის ხელშეწყობისთვის, საზღვარგარეთ სწავლისთვის და სხვა.

სამინისტროებს შორის ყველაზე მცირე დაფინანსება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს აქვთ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი – 17 მილიონ 762  ათასი ლარია. აქედან, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო
დახმარებისთვის 7 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის  – მილიონ-ნახევარზე მეტი, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებისთვის, შარშანდელის მსგავსად, 500 ათასი ლარი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის კი – 3 მილიონამდე ლარი.

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 14 მილიონზე მეტი ლარია. აქედან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის. სოფლის მეურნეობაში მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისთვის კი 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

4 მილიონ 764 ათასი ლარითაა განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიუჯეტი. აქედან 2 მილიონ 700 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

ბათუმი მე-19 სართულის შუშის კედლებიდან

ბათუმის ურბანული პოლიტიკა მუდმივი კრიტიკის საგანია, მიუხედავად ამისა, მშენებლობა იმავე ტენდენციით გრძელდება, ბათუმს ისევ არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, იგივეა გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხიც: „ყველაფერი კანონის ფარგლებშია“.  ასეთ ფონზე ბათუმი სულ უფრო კარგავს მწყობრად განაშენიანებული ქალაქის სახეს. ინვესტორები ზღვის პირას დარჩენილი რამდენიმე ნაკვეთის შევსებასაც მაღალსართულიანი შენობებით აპირებენ. ამჯერად სწორედ ასეთი რამდენიმე სამშენებლო პროექტის პრეზენტაციისას, ფოტოები ერთ-ერთი სასტუმროს მეცხრამეტე სართულის შუშის კედლებიდან გადავიღეთ.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

მფლობელის თქმით, „სილქ თაუერის“ სტუმარი პირდაპირ იახტით მიადგება სასტუმროს ან რესტორანს

განახლებული იახტკლუბი ბათუმში„სილქ როუდ ჯგუფის“ თაუერებს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ღია არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრეს. იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს.

ბათუმში, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი თაუერის მშენებლობას გეგმავს. პირველი პროექტი 42- სართულიანი მულტიფუნქციური შენობა „სილქ თაუერი“ იქნება, რომელიც ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად აშენდება. შენობაში, როგორც სასტუმრო ნომრები, ასევე აპარტამენტები, კაფეები და რესტორნები იქნება განთავსებული.

„სილქ თაუერის“ სტუმარს შეეძლება პირდაპირ იახტით მიადგეს სასტუმროს ან რესტორანს. ამის თაობაზე „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა:

„…ჩვენი ტერიტორია ალი და ნინოს მოსახვევის გავლით გადის იახტკლუბამდე, შემდეგ არხით იახტკლუბიდან შემოდიხარ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს დაახლოებით იქნება ლაგუნა, ექვსივე კოშკიდან გადიხარ წყალზე, წყლის გარშემო იქნება კაფეები, რესტორნები და სხვა თავშეყრის ადგილები.“

დამპროექტებელ კომპანია „ჩეპმენ ტეილორს“ როგორ წარმოუდგენია ეს, ნახეთ რუკაზე:

იახტკლუბის პროექტის დირექტორმა, შიო ხეცურიანმა პრეზენტაციაზე კომპანიის გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა, ვიდრე იახტკლუბის, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიისა და იახტკლუბის არხით დაკავშირების ტექნიკურ დეტალებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორია დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხო იქნება ხელოვნური არხის გაჭრა და მოამზადებს თუ არა კომპანია გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით თუ საჭირო იქნება, მოამზადებენ. ასეთი დოკუმენტის მომზადება შესაძლოა იყოს გეგმარებითი დავალების ნაწილი, რომელიც მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში არა ბათუმის მერიამ, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა გასცეს. ეს იმიტომ, რომ იახტკლუბის მშენებლობა მეხუთე კლასს მიეკუთვნება.

შიო ხეცურიანის ინფორმაციით, რებილიტირებულ იახტკლუბში „მაღალი დონის იახტებს შეეძლებათ უსაფრთხოდ შესვლა. იქვე განთავსებულ სერვისცენტრში კი, მიიღებენ საჭირო მომსახურებას.“

პროექტის მიხედვით, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი შენობა სამსართულიანი იქნება, აქვე იგეგმება შოურუმისა და მაღაზიის მოწყობა, სადაც იახტებისთვის საჭირო ნივთები გაიყიდება. რეაბილიტირებული იახტკლუბის ტერიტორიაზე დაახლოებით ასამდე იახტის განთავსება იქნება შესაძლებელი. ე.წ. მშრალ გასაჩერებელზე კი ორმოცდაათი იახტის ადგილი იქნება.

 

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს  1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

შპს „რივიერამიახტკლუბი განსაკარგავად ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტკლუბს“ მისცა.  შიო ხეცურიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ „ბათუმის იახტკლუბის“ დამფუძნებელი „იუ ჯი თი ჯგუფი“ ფლობს იახტმშენებელ ქარხანას თურქეთში [ქარხანა კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა], ამიტომ იახტკლუბი მას გადასცეს ქვეიჯარით.

ამავე თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  22-23 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

25 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.

შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილე ისაუბრებენ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, შეაჯამებენ ინიციატივებს, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს და განიხილავენ ფრაქციის სამომავლო გეგმებს.

ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა, დაინტერესებული პირები დაესწრებიან. აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს ფრაქციის ანგარიში, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს არჩეულ თანამდებობის პირებს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა #53.

 

შეუგროვე ემოცია – საქველმოქმედო აქცია მაღალმთიანეთში მცხოვრები ბავშვებისთვის

აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის კრეატიული სააგენტო MPR-ი საქველმოქმედო აქციას იწყებს. აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ პატარების სათამაშოები შეუძინონ და აჩუქონ.

“გახდი სხვისი სანტა. გაუზიარე სიხარული, მიიღე მონაწილეობა აქციაში და შეუქმენი ამაღლებული, წინასაახალწლო განწყობა ბავშვებს,” – ასე მოუწოდებს სააგენტო მოქალაქეებს აქციაში ჩართვისაკენ.

აქცია 7 იანვრამდე გაგრძელდება. ნებისმიერი სახის სათამაშო, რომელიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • მემედ აბაშიძის ქ.  #48 თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
  • პუშკინის ქ. #168 –  TV25-ის ოფისი;
  •  ქუთაისის ქ. #8  – მარდი პლაზა, მეოთხე სართული;

[/checklist]

 

2018 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 630 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 511 ფაქტი, აჭარაში – 329 ფაქტი, გურიაში – 91, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 210, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 440 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 155 ფაქტი, შიდა ქართლში – 476, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 875, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა“.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52266 მ3-მდე ხე-ტყე. „ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი“.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

აჭარაში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 19 ოჯახი დახმარებას მიიღებს

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 19 ოჯახს 157,979 ლარი გამოეყოფა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯახზე გაიცემა  40 000 ლარი, თითო ოჯახზე – 10 ათასი ლარი, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ოჯახი კი მიიღებს ჯამში 117 979 ლარს.

2018 წელს სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით სარეზერვო ფონდიდან ხანძრისა და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ სულ გამოიყო 797 992 ლარი.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

____________

მთავარი ფოტო არქივიდან. 

რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში.

გირაოს რაოდენობების მიხედვით მეორე ადგილზეა ბათუმის საქალაქო სასამართლო. აქ 67 %-ში შეუფარდეს ბრალდებულებს გირაო. შემდეგ მოდის თელავი – 58 %, გორი – 50 %, ხოლო ბოლო ადგილზეა თბილისი – 47%.

„ძალიან მაღალია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების – პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოწვეულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დაუსაბუთებლობით, როცა პროკურატურა დაუსაბუთებლად ითხოვს გირაოს, ან პატიმრობას გამოყენებას, ხოლო სასამართლო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას,“ – აღნიშნავს მერაბ ქართველიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

გირაოს და პატიმრობის გარდა, კანონი იცნობს აღკვეთი ღონისძიების სხვა ფორმებსაც – პირადი თავდებობა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება, თუმცა საია-ს ყოველწლიური მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ციფრები იკლებს. მაგალითად, თუკი 2014 წელს სასამართლოებმა 11%-ში პირადი თავდებობა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება გამოიყენეს, 2017 წელს ასეთი შემთხვევა სულ 3%-ში დაფიქსირდა.

„პრობლემაა აღკვეთი ღონისძიების გადახედვაც. სასამართლო ვალდებულია ყოველ ორ თვეში გადახედოს აღკვეთი ღონისძიების საკითხს, თუმცა გაურკვეველია, რა იგულისხმება კანონით გათვალისწინებულ „ახალ გარემოებაში“, რის გამოც ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად შესაძლოა გირაო შეუფარდონ,“ – თქვა შეხვედრაზე ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსამართლე დროის სიმცირის გამო ხშირად საქმის მასალებს არც კი იცნობს.

„ხშირად მოსამართლეს იმდენად მცირე დრო აქვს, რომ მას საქმის მასალების გასაცნობად დრო არ აქვს…“ – აღნიშნა მან, რასაც საია-ს ანალიტიკოსიც დაეთანხმა. მერაბ ქართველიშვილის აზრით, პრობლემაა ადვოკატის კომუნიკაცია ბრალდებულთანაც.

„ხშირად ადვოკატი ბრალდებულს პირველად სასამართლო პროცესზე ხვდება… ამიტომაც საჭიროა, განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმებების დროს, მოსამართლემ სრულად გააცნოს შეთანხმების პირობები ბრალდებულს და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი არ წაუკითხოს“, – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 10 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლეებს უარი უთქვამთ პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუკი მოსამართლე ხედავს, რომ შეთანხმება კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით გაფორმდა, ან სასჯელი შეუსაბამოდ მკაცრია. ამ შემთხვევებში სასამართლოს სასჯელის სიმკაცრის გამო უთქვამთ უარი საპროცესო შეთანხმებაზე. საია-ს ანალიტიკოსი, მერაბ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში უნდა შევიდეს და მოსამართლეს სასჯელის დაკლების შესაძლებლობა მიეცეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგჯერ ბრალდებული უარეს მდგომარეობაში ვარდება. მოსამართლეს შეუძლია უარი თქვას საპროცესოს დამტკიცებაზე, მაგრამ პროკურორი სასჯელს კი არ აკლებს, არამედ საერთოდ უარს ამბობს შეთანხმებაზე…“ – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს ანგარიშში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი, მაგალითად, დაკავების პროცედურაზე, რომლის კანონიერებასაც სასამართლო არ განიხილავს.

„დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსამართლეები თავს არიდებენ დაკავების კანონიერების განხილვასა და შეფასებას. აღნიშნული, გარკვეულწილად, განპირობებულია საკანონმდებლო ნაკლოვანებითაც. აუცილებელია დაკავების განხილვის მექანიზმის და პროცედურის სათანადოდ მოწესრიგება კანონმდებლობით, რათა განისაზღვროს მოსამართლის ვალდებულება, პირველი წარდგენის სხდომაზე შეამოწმოს დაკავების კანონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაკავებული პირი არამართლზომიერად დარჩეს პატიმრობაში, ან მის მიმართ გამოყენებული იყოს ზედმეტად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება,“ – წერია საია-ს მონიტორინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლის ტრადიციულ კითხვაზე, როცა ის ბრალდებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ეკითხება. ზოგიერთი ბრალდებული მოსამართლეს უყვება, რომ მას აწამებენ, თუმცა მოსამართლის როლი ამ დროს მხოლოდ კითხვის დასმით შემოიფარგლება. საია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაშიც უნდა გაიზარდოს მოსამართლის როლი „არასათანადო ფაქტებზე ეფექტური რეაგირების კუთხით“.

ანგარიშში გაკრიტიკებულია პროკურატურის მიდგომაც, რომელიც ჩხრეკას და ამოღებას უმრავლეს შემთხვევაში „გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით“ ატარებს და სასამართლოს შემდეგ მსჯელობს ამ ქმედების კანონიერებაზე.

„კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი საგამონაკლისო წესი პრაქტიკაში ხშირი გამოყენების ნორმა გახდა… სასამართლოს საფუძვლიანი შემოწმების გარეშე დამტკიცებული ჩხრეკა, ან ამოღება არის ბრალდებულის უფლებაში არამართლზომიერი ჩარევა, რამაც შესაძლოა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება შელახოს და დაცვის მხარე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს,“ – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი, საია-ს ანალიტიკოსი.

ერთი წლის განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორები ხუთივე სასამართლოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 2 144 სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ.

მოწვევის მიუხედავად შეხვედრას მოსამართლეები არ დასწრებიან, პროკურატურიდან შეხვედრაზე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მივიდა. საია-ს მონიტორინგის შედეგებს, ძირითადად, ადვოკატები გაეცნენ.

 

 

პანკისის ხეობაში დირექტორებსა და პედაგოგებს ევროპის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ

როგორ უნდა წარმართონ საკუთარ სკოლებში ევროპის შესახებ სწავლების ჩატარება – ამის შესახებ პანკისის ხეობაში 20 სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პედაგოგები თბილისში ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან გამართულ სემინარს, რომელზეც პირველი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე.

2019 წლის თებერვალში კი, პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ისინი შეხვდებიან ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

„ამ ტრენინგის წყალობით პანკისის ხეობის მოსწავლეებს მიეცემათ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება ევროკავშირის მხარდაჭერით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის, საქართველოს განათლების სამინისტროს, ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში.

გადამზადების პროგრამა ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისში დაიწყება.

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე.

„სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, სხვაგან რომ დამზადდეს და შემდეგ აქ მოიტანონ, დროში გაიწელება პროცესი. ჩვენ კი გვინდა, რომ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ ჯებირების აღდგენა,“ – განმარტავს მწვანე ზოლში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების აუცილებლობას სულხან მოწყობილი, ქობულეთის მერის მოადგილე.

ქობულეთში 1900 მეტრ სიგრძეზე ახალი ჯებირი უნდა მოეწყოს და სასეირნო ბილიკი. ნაპირდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, ამ პროგრამისთვის, მერის მოადგილის თქმით, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯებირების აღდგენაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ამ კომპანიას მწვანე ზოლის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებაზე ნებართვა არ აქვს, რადგან ამის საჭიროება არ იყო.

„სპეციალური ნებართვა არ სჭირდება ამას. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამ კომპანიას შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ჩვენ მხოლოდ ვაკონტროლებთ მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, შევარჩიეთ შესაბამისი ადგილები, სადაც უნდა გადაადგილდეს მძიმე ტექნიკა, რომ რამე დარღვევა არ მოხდეს და მთლიანად არ დაზიანდეს მწვანე საფარი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა,“ – განმარტავს სულხან მოწყობილი.

ქობულეთის მერიის მოადგილის თქმით, დაზიანებულ მწვანე საფარს თავად კომპანია აღადგენს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე.

სად არის ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე საფარის აღდგენის ვალდებულება გაწერილი და რა ფორმით?

„არ წამიკითხავს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ვალდებულება აქვს კომპანიას. ზოგადად ასე ხდება,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა, ქობულეთის მერის მოადგილემ.

აპირებს თუ არა „საბა კონსტრაქშენი“ ქობულეთის ფიჭვნარში დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენას? – ეს კითხვა გვინდოდა „საბა კონსტრაქშენისთვის“ დაგვესვა, თუმცა კომპანიის დირექტორმა, ლევან თარგამაძემ ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]

ბათუმის ქუჩების საახალწლო გაფორმებისთვის  ქალაქის ბიუჯეტიდან 428 423 ათასამდე ლარი დაიხარჯა. ქალაქის გაფორმებაში შედის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი.

ნახეთ, როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი.

მემედ აბაშიძის ქუჩა
ბათუმის მერია
ზურაბ გორგილაძის ქუჩა
ბარათაშვილის ქუჩა
ევროპის მოედნის ხედი ბარათაშვილის ქუჩიდან

მემედ აბაშიძის ქუჩა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ერას მოედანზე
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

 

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

 

 

მშვილდოსნობის ტურნირი გონიოს ციხეში

18-19 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსნობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“

„გონიოს თასი 2018“-ის მოსაპოვებლად შეჯიბრი მოეწყო როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა კატეგორიაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“, სიგელებითა და მედლებით. გონიოს ციხეში გამართულ მშვილდოსნობის ტურნირს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირის ჩატარების მიზანი მუზეუმის პოპულარიზაცია და აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობაა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

„სილქ როუდ ჯგუფი“ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, ბათუმის იახტკლუბის რეაბილიტაციას და ახალი ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, რომელსაც კავშირი ექნება ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან, ბათუმის პორტის გვერდით. აქ „სილქ თაუერს“ და კიდევ ხუთ მაღალსართულიან შენობას, ე.წ. თაუერებს ააშენებენ. კომპანია გეგმავს ეს ადგილი მიმზიდველ მულტიფუნქციურ ტურისტულ ადგილად გადააქციოს.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე თავად კომპანიის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა ისაუბრა, კომპანიის გეგმებშია ბათუმის სანაპიროს მოადგეს „იახტები მდიდარი ტურისტებით“. იქვე, ახლოს, პორტის ტერმინალის არსებობა კი, რომელიც ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის იქნება განკუთვნილი, კომპანიის მიზნებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„ეს პროექტი არის იმ პროექტის მოწინააღმდეგე და მტერი. როგორც ბიზნესი, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი არის შეუთავსებელი ერთმანეთთან, ამაზეა საუბარი. ამ პროექტის განვითარება არის საწინდარი, რომ ისეთი პროექტები ვეღარ განვითარდება. აბსოლუტურად კონფლიქტში შედის ერთმანეთთან ასეთი განვითარება. ამ პროექტში მოძრაობს დაახლოებით ხუთი მილიონის ტონა ტვირთი, წლის განმავლობაში. რამდენი უნდა მოიგოს ამ ტვირთმა? – მერე კიდევ ასობით წელია იღვრება ნავთობი [სანაპიროზე]. სულ სხვა ერაა, სულ სხვა ტექნოლოგიებია, იმხელა გაწმენდითი სამუშაოებია ჩასატარებელი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ბათუმის პორტი

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა იმაზეც ისაუბრა, რომ იდეის დონეზე ის მოიაზრებს პორტის მართვის უფლების გამოსყიდვას ყაზახური კომპანიისგან, რის შემდეგაც შესაძლებლად მიიჩნევს ერთი დიდი გენგეგმის მომზადებას:

„…აქ შენ შეგიძლია გააკეთო ერთი დიდი, ლამაზი რივიერა. ჯანსაღი და ტურისტული. ეს არის კურორტი და არ შეიძლება ნავთობის კურორტი არსებობდეს. ჩვენ, ყველამ, ფოკუსი უნდა გავაკეთოთ მწვანე კონცხზე, ციხისძირზე და აი, ამ ადგილზე, რაც არის დარჩენილი, რომ ის ადგილები არ დაემსგავსოს იმას, რაც იქით არის. ეს არის 2-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც მთელ ქვეყანაზე გადანაწილდება და არამარტო ბათუმს, არამედ საქართველოს შეცვლის კარგისკენ“ [გიორგი რამიშვილის მიერ დასახელებულ სამივე პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს].

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველომ მსხვილი ტვირთების გადატანის მიმართულებით უნდა განავითაროს ფოთისა და ყულევის ტერმინალები, ბათუმი და ანაკლია კი ტურისტული თვალსაზრისით უნდა განვითარდეს.

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობა ზუსტად ცხრა თვის წინ, მარტში დააანონსეს. მას შემდეგ, ამ პროექტთან დაკავშირებით, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება.  საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.

გასულ კვირას ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. „ეს ქვეყანა არ არის არც ერთი ინვესტორის, არც ერთი სტუმრის, მობრძანდით… მაგრამ აქ ვცხოვრობთ ჩვენ“, – მათ ამ სიტყვებით მიმართეს პორტის დღევანდელ მმართველს, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს კომპანია Wondernet Exspress-ი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის  მონაწილეობით. Wondernet Exspress-ის 100-პროცენტიან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვონდერნეტ ექსპრეს ბ.ვ.“ ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილია.

__________

მთავარ ფოტოზე: გიორგი რამიშვილი პროექტის პრეზენტაციაზე.

სტატიას ბათუმის პორტის შესახებ გაეცანით აქ: 

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

 

 

“საქართველოს რკინიგზასა” და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსსაქართველოს რკინიგზას” და  საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება  ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

საქართველოს რკინიგზისხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინიციატივითა და სურვილით  მათი  ხელფასიდან ყოველთვიურად განხორციელდება დონაცია.     აღსანიშნავია რომ  გაფორმებული მემორანდუმი  თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, რადგან რკინიგზელები  საქველმოქმედო აქციაში 2015 წლიდან არიან ჩართულნი.

დოკუმენტს ხელი სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარიამ მოაწერეს.

საქმე, რომელსაც საქართველოს სოლიდარობის ფონდი ემსახურება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული რკინიგზელი სრულად იზიარებს ამ მნიშვნელობას და საკუთარი ინიციატივით თავისი მცირედი წვლილი შეაქვს ისეთ დიდ და საყოველთაო საქმეში, როგორიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაა. ეს არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა,“ – აცხადებს  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

„მნიშვნელოვანია, რომ    საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა  საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში. ყოველი ერთით მეტი დონორი გვაძლიერებს. საქართველოს რკინიგზა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.  ონკოლოგია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ, სწორედ ამას ემსახურება სოლიდარობის ფონდი,“- აცხადებს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია.

„სოლიდარობის ფონდი“  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს  შეიქმნა. ფონდი სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას აფინანსებს.  აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ფონდმა 611 ბენეფიციარის დაფინანსება შეძლო, სულ მობილიზდა 15 000 000 ლარი.

აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან  ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.

აღნიშნული წესი დღეს აჭარის ტერიტორიაზე დარღვეულია. სამთავრობო თუ მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კომერციულ ორგანიზაციებთან აღმართული აჭარისა და საქართველოს დროშები ერთი ზომის და ერთ სიმაღლეზეა განთავსებული.

საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარის მთავრობის შენობაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს პოზიცია იყო, რომ სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ზომები ერთნაირი ყოფილიყო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ეს ასე არ არის.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. ჰერალდიკის საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კანონის მიღების მიზანი იყო ყველა სახელმწიფო სიმბოლო ერთ კანონში მოქცეულიყო და ის პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში მომზადდა, „შესაძლოა, ცოტა ნაჩქარევად იქნა მიღებული კანონი და მასში ამ კუთხით [დროშის ზომები] ალბათ ცვლილება შევა“.

მოქმედი კანონით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ჰერალდიკის საბჭოში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში დასადგენია ისიც, თუ რა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი: „თუ ხულიგნობის მუხლით იქნება დარღვევა, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, სხვა დეტალები კი, დასაზუსტებელია“.

საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის დროშაზე მცირე ზომის.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 14 იანვარია დადგენილი.

დროშები ბათუმის მერიის შენობის თავზე

რამდენმა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა 2018 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს

2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს 2 795-მა სკოლის მოსწავლემ მიმართა.

მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინა წლებთან შედარებით ფსიქოლოგებთან მოზარდების  მიმართვის რაოდენობა გაზრდილია. „2016 წელს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში სულ 1593 ახალი  შემთხვევა იყო შესული, 2017 წელს კი, 2451 შემთხვევა“.

2016 წელს ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს 371-მა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა. მაშინ ცენტრის ფსიქოლოგი ამბობდა, რომ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში ბავშვები და მოზარდები მანდატურის სამსახურის რეკომენდაციით მიდიან, თუმცა მშობლის თანხმობა აუცილებელია.

ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე, პედაგოგებსა და მანდატურებსაც სთავაზობს მომსახურებას.

როგორც მანდატურის სამსახურში გვეუბნებიან, მიმართვის მოტივები სხვადასხვანაირია, მათ შორისაა: ბულინგი, ემოციური პრობლემები, დესტრუქციული ქცევა, კომუნიკაციის პრობლემები, აკადემიური სფეროს პრობლემები და ა.შ

უცნობია, ყველაზე მეტი მიმართვა რომელი რეგიონიდან იყო 2018 წელს, რადგან მანდატურის სამსახურმა, მოთხოვნის მიუხედავად ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ფსიქოლოგიური დახმარების რვა ცენტრი ფუნქციონირებს. აქედან ორი ცენტრში მუშაობს თბილისში, თითო  ცენტრი – თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.

ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი 2013 წელს შეიქმნა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. [მოსწავლეების ნახატები ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში].

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

„კარგ ფასად გვინდოდა გაყიდვა და კლიენტები საერთოდ აღარ ჩანან, საწარმოც დაიხურა,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმო TCF Georgia-მ სტანდარტული მანდარინის მიღება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს.

„ჩვენ სტანდარტულ მანდარინში, საშუალოდ, 60-70 თეთრს ვიხდიდით. ამ ფასად ბევრმა არ მოიტანა მანდარინი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მეტს გადაუხდიდნენ ადგილზე მისული კლიენტები. ჩემი პროგნოზი გამართლდა, მანდარინის ფასმა არ მოიმატა… სტანდარტულ მანდარინს აღარ ვიღებთ, რადგან მისი სარეალიზაციოდ გატანა ახალი წლის დღეებში პრობლემაა,“ – ამბობს კახა შავაძე, საწარმო TCF Georgia-ს ხელმძღვანელი. ამ საწარმომ წელს 800-მდე ტონა სტანდარტული მანდარინი მიიღო.

საწარმოში არასტანდარტული მანდარინის მიღება გრძელდება. ერთ კილოგრამში ფერმერი სახელმწიფოსგან გამოყოფილი სუბსიდიის ჩათვლით, 20 თეთრს იღებს.

კახა შავაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც სტანდარტული მანდარინის ფასი არ გაიზარდა.

„წინა წლებში ადგილზე ყოველთვის მიდიოდნენ გადამყიდველები, ძირითადად აზერბაიჯანის მოქალაქეები… წელს მათი რიცხვი შემცირდა, რადგან მათ უკვე სთხოვენ განბაჟებას, ისე ვეღარ გადააქვთ. გარდა ამისა, მთავარ ბაზრად ისევ რჩება რუსეთი. ჩვენც, ძირითადად, რუსეთში გავიტანეთ. რუსეთის ბაზარზე კი გამოგვიჩნდა კონკურენტი თურქეთის სახით. თურქეთი ახერხებს უფრო დაბალ ფასად მანდარინის შეთავაზებას რუსეთისთვის, რაოდენობის ხარჯზე. იქ ციტრუსის გაცილებით დიდი მოსავალია…“ – გვიყვება კახა შავაძე.

ბიზნესმენის მიერ დასახელებული ფაქტორებიდან არცერთს არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტიტე აროშიძე ასევე არ ეთანხმება იმ მეციტრუსეებს, რომლებიც ამბობენ, რომ მანდარინის ფასი დაბალია და წელს მათ იმაზე უფრო იაფად უწევთ მანდარინის გაყიდვა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

„მეციტრუსე ყოველთვის უკმაყოფილოა მანდარინის ფასით… მეც ვიცი, რომ ბევრს არ გაუყიდია, მაგრამ ისინი ინახავენ მანდარინს, რომ შემდეგ, როცა დეფიციტი შეიქმნება, მაშინ გაყიდონ ძვირად. ისინი ამ მანდარინს მარტში ყიდიან,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარიდან დაახლოებით 18 ათასი ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე. რეგიონში წელს ციტრუსის 60 ათასამდე ტონა მოსავალი მოვიდა.

ტიტე აროშიძის თქმით, არც კერძო შემსყიდველების რაოდენობა შემცირებულა და ვერც თურქეთი გვიწევს კონკურენციას რუსეთის ბაზარზე. მინისტრი ადასტურებს იმას, რომ ქართული ციტრუსის გასაღების მთავარი ბაზარი ისევ რუსეთია და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ლატვიაში გავიდა მანდარინი – 1000 ტონა.

„ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ წელს ვერ მოესწრება ეს პროცედურები, სამომავლოდ გაფორმდება მემორანდუმი და წაიღებენ მანდარინს… რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, იქ აქტიურად შედის მანდარინი თურქეთიდან, მაგრამ აჭარაში მოწეული ციტრუსი ბევრად ხარისხიანია და ამას პრობლემა არ შეუქმნია. ერთადერთი, სადაც წელს შედარებით პრობლემა შეიქმნა, უკრაინაა, სადაც არსებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გაყიდვების რაოდენობაზე მოახდინა გავლენა…

არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, რომ მანდარინის ფასი დაიწია ან კერძო შემსყიდველების რაოდენობამ იკლო. თუ მეციტრუსეები ამას ამბობენ, მე მაქვს მათთან შეკითხვა, რომელ წელთან შედარებით იყო დაბალი ფასი წელს? მანდარინი ხარისხის შესაბამისად წელს იყიდებოდა 40 თეთრიდან 90 თეთრის ფარგლებში.

კერძო შემსყიდველები მუშაობენ ორგანიზებული ფორმით. ისინი წინასწარ შერჩეულ ბაღებში შედიან და მათი რაოდენობა არ შემცირებულა, ადრე იყო ქაოსური გადანაწილება…“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მეციტრუსეს ახლა და რამდენად ადეკვატურია მანდარინის საშუალოდ 60 თეთრად გაყიდვა? – ტიტე აროშიძემ გვიპასუხა, რომ მანდარინის ბაღს თუკი მეციტრუსე სათანადოდ მოუვლის, მას ბევრად მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე, მაგალითად, საჯარო მოხელეს, „რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობით იკლავს თავს.“

„მაგალითად, ნებისმიერ ფერმერს ქობულეთში მინიმუმ ორი ტონა მანდარინი მაინც აქვს ისეთი, რომელსაც კილოს 60 თეთრად გაყიდის. ეს გამოდის 1200 ლარი. მოვლა-პატრონობის მაქსიმალური ხარჯი მას ექნებოდა 300-400 ლარი. მეციტრუსეს 800 ლარი რჩება, რომლითაც შეუძლია სხვა რაღაც გააკეთოს… ათტონიანი ბაღიდან 12 ათასი ლარის მიღება შეიძლება საშუალოდ. საჯარო მოხელეს არ აქვს ამდენი, დილიდან საღამომდე რომ იკლავს თავს…“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს შევახსენეთ, რომ ეს შემოსავალი ქობულეთის სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ხშირად მთელი წლის ხარჯისთვის განკუთვნილი ფულია და მათ შემოსავლის სხვა წყარო მცირემიწიანობის და სხვა პრობლემების გამო არ აქვთ. მინისტრმა გვითხრა, რომ მეციტრუსეებიდან ბევრს ათტონიანი ბაღი აქვს, ხოლო თუ არ აქვს, შესაძლებელია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში ჩართვა და ციტრუსის ბაღის ეტაპობრივი განახლება.

„ჩვენ ვთავაზობთ მეციტრუსეებს ბაღების ეტაპობრივ განახლებას, მათ შეუძლიათ ამ პროგრამაში უფასოდ ჩართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამით ნაკლებად ინტერესდებიან…“ – დასძინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

„პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

24 დეკემბერს, 14 საათზე, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“.

ლაშა ბუღაძემ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანისთვის – „პატარა ქვეყანა“ 2018 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო ნომინაციაში – წლის საუკეთესო რომანი.

„პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია და მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქ. № 51

სამშენებლო კომპანიამ „ჩემი სახლი“ მოქალაქეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა

სამშენებლო კომპანიას – „ჩემი სახლი“ ბათუმში არაერთი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის. ამ სახლებს, რომელთა ბინების უმრავლესობაც უკვე გაყიდულია, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი, 18-სართულიანი სახლიც შეემატა. სახლის ისტორია მაგალითია, თუ როგორ შეუძლია სამშენებლო კომპანიას, ბიზნესს სწრაფად გადაჭრას პრობლემები, რისგანაც დაზღვეული არავინაა.

18-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჭავჭავაძის ქუჩაზე ძველ შენობებთან ახლოს მდებარეობს. მაღალსართულიან კორპუსს სამეზობლო საზღვარი 50-იან წლებში აშენებულ, ორსართულიან სახლებთან აქვს. კორპუსის მშენებლობისას ძველი სახლები ნაწილობრივ დაზიანდა. მართალია, მშენებლობა წესების სრული დაცვითა და ნებართვით მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულეები კომპანიის მფლობელებმა უმოკლეს დროში დაძლიეს.

დაზიანებული სახლების მეპატრონეებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს სასამართლოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. კომპანიის მფლობელმა კი მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახლა მოქალაქეები აცხადებენ, რომ კომპანიამ – „ჩემი სახლი“ მათთვის მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაურა, ყველა სამართლებრივი წესის დაცვით. შესაბამისად, მათ პრეტენზია აღარ აქვთ და თავად ითხოვეს შეწყვეტილიყო მთავრობასა და სასამართლოში დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დავის საგნის არარსებობის გამო.

როგორც კომპანიის ადვოკატი, ამირან ცეცხლაძე ამბობს, ასეთი დავების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის კომპანიის მფლობელი, როგორი გამოცდილება აქვს და ა.შ. მისი აზრით, ბათუმში, სადაც აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს, ყველა კომპანიამ უნდა მოახერხოს ხალხთან ურთიერთობა, მათ ობიექტებთან ახლომდებარე შენობა-ნაგებობების მდგომარეობა გაითვალისწინოს და თავიდან აიცილოს გაუგებრობები.

კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიანი კორპუსი, რომლის ბოლო სართულზე ფუნქციონირებს რესტორანი VOX-ი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის 35-ში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თავისი არქიტექტურული იერსახით საქართველოში, 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა-ფშაველას 6-ში, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის #22-ში, რომელიც 2014 წლის საუკეთესო არქიტექტორულ შენობებს შორის პირველ ადგილზე დაასახელეს.

საცხოვრებელ კომპლექს აქვს 5000 კვ/მ ფართობის ეზო, რომელიც კეთილმოეწყობა და გამწვანდება, განთავსდება როგორც საბავშვო მოედანი, ასევე ღია პარკინგი.
საცხოვრებელ კომპლექს აქვს 5000 კვ/მ ფართობის ეზო, რომელიც კეთილმოეწყობა და გამწვანდება, განთავსდება როგორც საბავშვო მოედანი, ასევე ღია პარკინგი.

ახლა ამ ბინების ჩამონათვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 18-სართულიანი სახლიც შეემატება, რომლის მშენებლობაც მალე დასრულდება.

კომპანია ამ სახლში ბინის შეძენის მსურველებს 16-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს.

კომპანია „ჩემი სახლის” ძირითადი საქმიანობა მშენებლობა, კერძოდ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება და მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებაა.

საკონტრაქტო პირობების სრულყოფილად და დროულად შესრულება სტაბილურობა, საიმედოობა და პროფესიონალიზმი – ეს ის ხედვაა, რასაც კომპანია „ჩემი სახლი“ ეფუძნება.

მომსახურების მაღალი დონე, ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულება, მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული სახელშეკრულებო პირობები, ყველას აძლევს საშუალებას, შეიძინოს სახლი მშენებარე კორპუსში.

კომპანია „ჩემი სახლი“ საცხოვრებელ კორპუსებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხით აშენებს.

ხუთი რჩევა ბინის შეძენის მსურველებს

სკოლის არდადეგების 2018-2019 წლის სრული გრაფიკი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტამდე გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის.

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს.

როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისამდე „ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს“.

კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად,  სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს.

“შავი ზღვის  მონიტორინგის განხორციელება არის გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. გემი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, ეკოსაუნდერით, რომელიც სარფიდან ანაკლიამდე ტერიტორიას დაასკანერებს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩავატაროთ სრულყოფილი კვლევა, თუ რა სარეწაო მარაგები არსებობს ამ მომენტისთვის. ასევე, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ასპექტებს გამოვიკვლევთ. აქ მიღებული გამოცდილება შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მოგვცემს საშუალებას, შემდეგში ჩვენ თავად განვახორციელოთ მსგავსი კვლევები,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი.

მსგავსი მასშტაბის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. 1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჩატარებული კვლევებით სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასების კორექტულობაზე და, შესაბამისად, დარგის მართვის ეფექტურობაზე.

“ეს საზღვაო ექსპედიცია გამორჩეულია. მრავალი წელია მსგავსი ექსპედიცია საქართველოში არ განხორციელებულა. ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს სანაპირო წყლებში თევზის რესურსების განსაზღვრის გარდა, წარიმართება მათი პოპულაციური ანალიზი – ასაკობრივი, სქესობრივი და ზომა-წონითი სტრუქტურის კვლევა. მთლიანად გაანალიზდება ძირითადი სარეწაო სახეობები, როგორიცაა სტავრიდა, ქაფშია, ქარსალა და სხვა,” – ამბობს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ანგარიში თებერვლის ბოლოს მომზადდება.

მოქალაქეებმა ზღვიდან მთვრალი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს

18 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმის სანაპიროზე მოქალაქეებმა ზღვიდან ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს.

„საღამოს მეგობრები პლაჟზე გადავედით და დავინახეთ, რომ ადამიანი შევიდა ზღვაში. იქვე, სანაპიროზე, იყო ორი ადამიანი, თავიდან გვეგონა, რომ ერთად იყვნენ და ეს ცურავდა, მაგრამ ახლოს რომ მივედით, მივხვდით, რომ ნაპირზე შემთხვევით მყოფი ადამიანები იყვნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, ზღვაში შესული კი წინ მიიწევდა და თან ეტყობოდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ჩასვლამდე რაღაცას ყვიროდა.

112-ში დავრეკეთ, მაგრამ სწრაფად არ მოსულან, ამ ბიჭმა კი უკან დაიწყო წამოსვლა, მაგრამ უკვე ვეღარ გამოდიოდა, კრიტიკული სიტუაცია იყო, ამიტომ შევედით და გამოვიყვანეთ, უკვე შემდეგ მოვიდა სამაშველო სამსახური კატერით,” – გვიამბო მოქალაქემ, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.

მისივე თქმით, ზღვაში შესული კაცი დაახლოებით 25 წლის იყო.

შემთხვევის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. სამსახურის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ამჟამად კარგად არის, მაგრამ ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშაა.

______________

მთავარი ფოტო “ბათუმელების” არქივიდან

კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი თქვა – ლიკას ცხედარი სახლში კი არა, პროზექტურიდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს.

„ჩვენ საფლავის ქვა მოვამზადეთ. სიტუაციის გამწვავება არ გვინდოდა, ამიტომ საფლავის ქვაზე არც ლიკა და არც ლიკას ფოტო არ დავახატინეთ. ქვაზე მხოლოდ ლიკას საყვარელი ფრაზა დავაწერინეთ და ბათუმში საფლავზე მივედით…“ – გვიყვება მაკა, ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ლიკასთან მეგობრობდა.

მეგობრებმა საფლავის ქვა მესაფლავესთან დატოვეს, რადგან საფლავზე ქვა უკვე დახვდათ.

„მესაფლავემ გვითხრა, რომ ეს ქვა, სადაც ლიკა არ წერია, დედამ მოიტანა. ახლა მიცვალებულის სადღაც გადატანას აპირებენ და აზრი არ აქვს ამ ქვის საფლავზე დატოვებასო… მერე არ ვიცი, რა მოხდა. მესაფლავე დაგვპირდა, დედა როცა გამოჩნდება, თქვენს ქვასაც ვაჩვენებო“, – გვითხრა მაკამ.

„იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერის ინფორმაციით, ახლა ლიკას საფლავზე ორი ქვაა. ერთი, სადაც წერია, რომ იქ 26 წლის ავთოა დაკრძალული და მეორე უსახელო – სამახსოვრო მეგობრებისგან, ლიკას საყვარელი ფრაზით და მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღის მითითებით.

ლიკა ოჯახიდან 14 წლის ასაკში წავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ოჯახის წევრებმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს. რამდენიმე თვე ლიკა მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ რესტორანში მუშაობდა – მიმტანად. ბოლო წლებში სექსმუშაკობით ირჩენდა თავს. ამის შესახებ ლიკა „ბათუმელებს“ თავად მოუყვა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

როცა ადამიანი ამბობდა, რომ ის იყო ლიკა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავის ქვას ავთოს აწერენ, არის თუ არა ეს დისკრიმინაცია? რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პერიოდულად განიცდიან ჩაგვრას?

  • ნინო ბოლქვაძე ლიკას საფლავის ქვაზე: საზოგადოებრივი ინტერესია, დადგინდეს დისკრიმინაცია ამ ფაქტზე

„ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახმა არ მიიღო მისი გენდერული იდენტობა არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლის შემდეგ. ეს არის უპატივცემულობა მისი პიროვნების, მისი ღირსების მიმართ. საზოგადოებრივი ინტერესია, დადგინდეს დისკრიმინაცია ამ ფაქტზე,“ – მიიჩნევს „თანასწორობის მოძრაობის“ სამართლის ოფიცერი, ნინო ბოლქვაძე.

იურისტების პოზიცია ერთნაირი არ არის. მაგალითად, გიორგი გოცირიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ თვლის, რომ ამ კუთხით სამართლებრივ დავას პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ლიკა უკვე გარდაცვლილია. უფლებადამცველი ნინო ბოლქვაძე კი სამოქალაქო კოდექსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უშვებს ადამიანის პატივის და ღირსების დაცვას გარდაცვალების შემდეგაც.

ადამიანის პატივის და ღირსების დაცვა შესაძლებელია სიკვდილის შემდეგაც. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს, არამედ იმ პირსაც კი, ვისაც უფლების დაცვის ღირსი ინტერესი გააჩნია. რომც დადგინდეს დისკრიმინაცია, მისთვის ამ უფლების აღდგენა ვეღარ მოხდება, მაგრამ ეს ფაქტი სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ახდენს გავლენას. „ღირსი ინტერესი“ ზუსტად ამას გულისხმობს. ამიტომაც უნდა დაერქვას სახელი იმას, რაც მოხდა,“ – გვითხრა ნინო ბოლქვაძემ.

საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე კი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას იხსენებს, სადაც სარჩელი გარდაცვალების გამო არ დაკმაყოფილდა. „როცა ადამიანი კვდება, უფლების სუბიექტი აღარ არსებობს. ასეთი მიდგომა დააფიქსირა საკონსტიტუციო სასამართლომ იგივე ვაზაგაშვილის საქმეზე, როცა გარდაცვლილ ადამიანზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა,“- აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

  • ომბუდსმენი: ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტებმა იმატა

იმის მიუხედავად, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მეოთხე წელია მოქმედებს საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატში, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ.

ანა ილურიძე, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის და ცემის გარდა, ბოლო პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა იმ ფაქტებზე, რაზეც ლგბტ თემის წევრებს საუბარი უჭირთ. ეს, ძირითადად, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობას ეხება, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რის გამოც ლგბტ თემის წევრები ხშირად დუმილს ამჯობინებენ.

„ლგბტ თემის წევრებს ასევე აქვთ დასაქმების და საცხოვრებლის მოძიების, განათლების თანაბარ და თანასწორ გარემოში მიღების პრობლემები… მათ ხშირად ეზღუდებათ, ან საერთოდ არ მიეწოდებათ ჯანდაცვის სერვისები ჯანდაცვის პერსონალის ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო. ამ საკითხის მოგვარების გარეშე მათი პრობლემა ვერ მოგვარდება,“ – ამბობს ანა ილურიძე.

მრავალი პრობლემიდან „თანასწორობის მოძრაობამდე“ მისული ადამიანებიდან ყველაზე მეტად სამართლის ოფიცერ ნინო ბოლქვაძეს ის შემთხვევები დაამახსოვრდა, ვინც გენდერული იდენტობის გამო ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

„როცა მშობელი მოძალადეა, ის, ბუნებრივია, არ მოგვცემს ნებართვას, რომ ვიმუშაოთ მის შვილთან, ანუ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მიდის. ხშირად ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებამდე ვერც მიდის. არასრულწლოვანებმა არ იციან, ვის უნდა მიმართონ, ეშინიათ. ხშირ შემთხვევაში მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ისეთ სჩადიან, რაც ცუდია და ისჯებიან ლეგიტიმურად. ისინი ეკონომიკურად არიან ამ ოჯახებზე დამოკიდებული…“ – გვიყვება ნინო ბოლქვაძე.

უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია, მოკლეს თუ არა წელს ვინმე გენდერული იდენტობის გამო. სახალხო დამცველის აპარატში ყურადღებას ამახვილებენ პროკურატურის მუშაობაზე, რომელიც გენდერული იდენტობის მოტივით დანაშაულს საქმეში ცალკე არ ყოფს. ანუ შესაძლოა ლგბტ თემის წევრი მოკლეს, მაგრამ სასამართლო მას განიხილავდა, როგორც მორიგ მკვლელობას და არ გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს.

„აქამდე ჩვენთვის ცნობილ საქმეებში პროკურატურას არ გამოუყვია სექსუალური ორიენტაციის მოტივი, რომლის გამოყოფაც, ზოგადად, პრობლემაა. მაგალითად, 2016 წელს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გენდერული მოტივი არ იყო გამოყოფილი. პირველი ინსტანციის სასამართლომაც ვერ დაინახა ეს. მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ გამოყო გენდერული მოტივი…“ – იხსენებს ანა ილურიძე, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

2017 წლის ზაფხულში ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის ამბავს იხსენებს ნინო ბოლქვაძე “თანასწორობის მოძრაობიდან“.

„თავიდან გავიგეთ, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. შემდეგ ოჯახებმა თქვეს, რომ ეს არ უკავშირდებოდა გენდერულ იდენტობას და სასამართლო პროცესებიც დაიხურა,“ – აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე.

  • რა რეაგირება მოჰყვა ბათუმში გოგოს ოთახში გამოკეტვას და ქუჩაში ტრანსგენდერი ქალის ცემას

გუშინ, 17 დეკემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა გიორგი ჩ. მას ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალის ცემას ედავება გამოძიება. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ „შეხლა-შემოხლას“ ჰქონდა ადგილი და ესეც იმიტომ მოხდა, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა გიორგის ჩუმად ამოუღო ჯიბიდან საფულე.

„კონფლიქტი მოხდა მას შემდეგ, როცა გიორგიმ ტრანსგენდერ ქალს უთხრა, რომ მისგან სექსუალური მომსახურების მიღება აღარ სურდა და არც 30 ლარს გადაიხდიდა,“ – ამბობს ადვოკატი გურამ ღოღობერიძე.

ეს ამბავი 2018 წლის მარტში მოხდა. დეკემბრამდე გიორგი ჩ.-სთვის გამოძიებას ბრალი წაყენებული არ ჰქონდა.

ლგბტ თემის უფლებების დარღვევის რამდენიმე საქმეზე მუშაობდა წელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი ერთ-ერთ საქმეს გამოყოფს – ქალი, რომელიც მამამ ოთახში გამოკეტა.

„ეს ქალი პარტნიორთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ბათუმში იმიტომ ჩამოვიდა, რომ საკუთარი შვილი ენახა. ყოფილმა მეუღლემ მას შვილი ანახა, მაგრამ ადგილზე დედ-მამაც მივიდნენ და სახლში წასვლა აიძულეს. ქალი ყვებოდა, რომ ის მამამ ოთახში გამოკეტა და გარეთ გამოსვლის საშუალებას აღარ აძლევდა. საბოლოოდ მან „იდენტობასთან“ დაკავშირება შეძლო და პოლიციის დახმარებით გამოვიდა გარეთ.

ჩვენ ვესწრებოდით ამ ქალის ჩვენების მიცემის პროცესს. მას ჩვენების მიცემის დროს აღარ უთქვამს ის, რომ ოთახში გამოკეტეს. იცოდა, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე შეიძლებოდა მისი მამა მიეცათ პასუხისგებაში. პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მამას აღარ ჰქონდა უფლება შვილთან მიახლოების, ან სატელეფონო კომუნიკაციის…“

  • რა შეცვალა „ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა“ მუსლიმი თემისთვის

„ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საფუძველზე 2016 წელს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. 

დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის საშუალება მაინც არ მიეცა, რადგან პანსიონის შენობა ქობულეთის მერიამ წყლის და კანალიზაციის სისტემას არ მიაერთა. მიზეზად მერიამ მოსახლეობის წინააღმდეგობა დაასახელა.

ქობულეთის მერიას ამ შემთხვევაში სახალხო დამცველმა უჩივლა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის სარჩელი 12 ოქტომბერს დააკმაყოფილა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყება აღმოჩნდა, რომელსაც სახალხო დამცველმა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო უჩივლა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ. ქობულეთის მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს დასაბუთების შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მუსლიმ თემს პანსიონის სარგებლობის საშუალებას მისცემენ.

ბათუმის სასამართლოში „ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეც“ განიხილება, თუმცა ბოლო სხდომა 20 თებერვალს შედგა. მაშინ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმის მერიის მოთხოვნით, მხარეებს მოლაპარაკებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მორიგი პროცესი კი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

„შესაძლოა, სასამართლოს აქ გაუჭირდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღება,“ – ასეთი მოლოდინი აქვს ეთერ გვრიტიშვილს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ვთხოვეთ პარალელი გაევლო რუსთავის შემთხვევაზე, სადაც სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემა დაავალა რუსთავის მერიას.

„ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებულად დგას საკითხი, იქედან გამომდინარე, რომ უფრო პოლიტიზებულია ეს საკითხი და მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ ბათუმის მერიის ეს გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციის ნიშნით განპირობებული. ეს თემა განიხილება პოლიტიკის ინსტრუმენტად, ამიტომ, შესაძლოა, სასამართლოს გაუჭირდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღება, როგორც იყო კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებით. რუსთავში პოლიტიკური წინააღმდეგობა არ იყო, აქ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან გვქონდა საქმე.

სამართლებრივად ორივე საქმე იდენტურია, ორივეშია ახალ საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე საუბარი, რომლის საჭიროებაც ნათლად დგინდება. ბათუმში ახალი მეჩეთი, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს. ერთადერთი გზა არის ზუსტად ამ ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. სასამართლოს გზით, თუ პოლიტიკური ნების გამოვლენით, სახელმწიფოს ამ გადწყვეტილების მიღება ყველა შემთხვევაში მოუწევს ოდესმე,“ – გვითხრა ეთერ გვრიტიშვილმა.

  • როდის გახდება ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონი

„ჩვენი ხელისუფლება არათუ პროაქტიულად ასრულებს თავის ვალდებულებას ლგბტ თემის ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ პირიქით, თვითონ არის წყარო დისკრიმინაციის და ახალისებს ჰომოფობიას,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე, „თანასწორობის მოძრაობის“ სამართლის ოფიცერი. იგი მთავარ პრობლემად ხელისუფლების მგრძნობელობას ასახელებს – როგორ აღიქვამს, მაგალითად, პოლიციელი ტრანსგენდერი ქალის ცემას.

„ვიდრე არ გვექნება დაჯარიმების მექანიზმი, სათანადო პასუხისგების მექანიზმი, მხოლოდ შეფასებას, რომ აი, ეს დისკრიმინაციაა, არ ექნება შედეგი, ასე ჩვენ ვერ გავალთ სისტემურ ცვლილებებზე. აუცილებლად უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის მანდატიც, რომ მას დოკუმენტების გამოთხოვა შეეძლოს კერძო ორგანიზაციებიდან. დღეს როგორ არის: თუკი შემთხვევა მოხდა, მაგალითად, რესტორანში, მის მფლობელს სახალხო დამცველისთვის ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიწოდების ვალდებულება არ აქვს,“ – გვითხრა ნინო ბოლქვაძემ.

სახალხო დამცველის მანდატის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს ეთერ გვრიტიშვილიც, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. იგი სასამართლოში ასევე რელიგიური ჯგუფების პრობლემების მიმართ მგრძნობელობის ნაკლებობას ხედავს.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს ისეთი ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო „ქობულეთის პანსიონის საქმე“… არსებობს აღსრულების მეორე მექანიზმი – სასამართლო. საერთო სასამართლოების ცოდნა და მგრძნობელობა უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ არის შედარებით მცირე. აქედან გამომდინარე საკმაოდ მწირი სასამართლო პრაქტიკა გვაქვს დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. თუმცა ამ პრაქტიკაშიც მოიძებნება გარკვეული დადებითი გამონაკლისები, როგორც ეს მოხდა, ქობულეთის პანსიონის საქმეზე,“ – აღნიშნა ეთერ გვრიტიშვილმა „ბათუმელებთან“.

ეთერ გვრიტიშვილი ასევე ფიქრობს, რომ პრობლემაა სტიგმა, რომელიც „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიმართ საზოგადოებაში გაჩნდა.

„კანონთან მიმართებით არის სტიგმა, რომ ეს არის ლგბტ პირების კანონი. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფები მნიშვნელოვანი, თუმცა იგი საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, იგი მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არ გამოიყენება. არსებობს კონკრეტული საქმეები, როცა ორსულობის გამო გახდა ადამიანი დისკრიმინაციის მსხვერპლი. მთავარია, სასამართლოებმა პროაქტიულად დაიწყონ ამ კანონის გამოყენება“, – მიიჩნევს ეთერ გვრიტიშვილი.

მთავარი ფოტო: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

სოფო გუჯაბიძე აჭარის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ამ დროისთვის სოფო გუჯაბიძე შვებულებაშია, თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის და არც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაუწერია. თუმცა, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ ახალ სამსახურს ეძებს და მისთვის საინტერესო კონკურსს ელოდება,  მონაწილეობა რომ მიიღოს.

„დიდი ხანია ვმუშაობ აქ და მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. არ უარვყოფ, რომ მჭირდება სიახლე და ველოდები ჩემთვის საინტერესო კონკურსის გამოცხადებას, რომ მივიღო მონაწილეობა“, – გვითხრა სოფო გუჯაბიძემ.

თუ ასეთი კონკურსი შვებულების ვადის გასვლამდე გამოჩნდა, სოფო გუჯაბიძე მთავრობის აპარატში არ დაბრუნდება. თუ ასე არ მოხდა, ამბობს, რომ „წყვეტა არ უნდა“, მაგრამ რას გადაწყვეტს, ჯერ  არ იცის.

აჭარის მთავრობის აპარატში სოფო გუჯაბიძე მასმედიისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ოთხი წელია ხელმძღვანელობს. ბოლო პერიოდში [შვებულებაში გასვლამდე] მან აჭარის მთავრობიდან კომენტარის მისაღებად, ასევე, კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის დასაზუსტებლად, რამდეჯერმე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალდანიშნულ მრჩეველთან, ბაია კობახიძესთან გადაგვამისამართა. ამას დაემთხვა ისიც, რომ საზოგადოებრივ შეხვედრებზე მას თან აღარ ახლდა სოფო გუჯაბიძე. სწორედ მსგავსი შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე განგვიმარტეს, რომ „თუ რაიმე საკითხის გარკვევა დაგვჭირდებოდა, ბაია კობახიძისთვის უნდა მიგვემართა“.

ბაია კობახიძე

ბაია კობახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მას არც სოფო გუჯაბიძის სამსახურიდან  შესაძლო წასვლაზე აქვს ინფორმაცია და არც აპარატში მოსალოდნელ ცვლილებებზე. მისივე თქმით,  ამ მიმართულებით საუბარი ჯერ არ ყოფილა. „მე არაფერი ვიცი და თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?“ – უკვირს მას. იმას, რომ მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფო გუჯაბიძე ოფიციალურ შეხვედრებზე აღარ ჩანდა, ხოლო დანიშვნის დღიდან პრესასთან ურთიერთობას თავად კურირებდა,  ბაია კობახიძე „კოორდინირებული მუშაობით“ ხსნის.

ბაია კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩევლად დანიშვნამდე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში აპარატის უფროსად მუშაობდა. ამ უწყებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად სასურველი კადრი უკვე  შერჩეული ჰყავთ. თუმცა  მთავრობაში ჯერ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ სოფო გუჯაბიძის წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ის მხოლოდ შვებულებაშია.

ფოტო: რესპონდენტების ფბეისბუქგვერდიდან.

 

პრეზიდენტ ტრამპის 6 საბედისწერო იურიდიული პრობლემა

ტრამპის იურიდიულ პრობლემებზე ბევრი იწერება. ბიბისის ჟურნალისტმა, ენტონი ზურკერმა ამერიკის პრეზიდენტის ის ექვსი ძირითადი იურიდიული პრობლემა გამოყო, რომლებმაც მეორე ვადით კენჭისყრის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მას დიდი წინაღობა შეუქმნას.

  • პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები

გასულ კვირას, გაზეთ Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ფედერალურმა გამოძიებამ დაიწყო მოკვლევა იმ კომიტეტის საქმიანობის, რომლის ორგანიზებითაც 2017 წელს ტრამპის ინაუგურაცია მოეწყო. გამოძიების მოტივი – შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

კომიტეტმა რეკორდული თანხა: 107 მილიონი დოლარი შეაგროვა შემოწირულობებით. ამ თანხიდან 14 მილიონი ცნობილი საინვესტიციო კომპანიების თანამშრომლებმა გაიღეს, თითქმის 10 მილიონი კი ადამიანებმა უძრავი ქონების სფეროდან.

ტრამპის ინაუგურაციაზე გაწეულმა ხარჯებმა ორჯერ გადააჭარბა 2009 წელს ობამას ინაუგურაციის ხარჯებს, რაც აქამდე რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნეოდა ამერიკის ისტორიაში.

გამოძიება დაადგენს, როგორ დაიხარჯა ინაუგურაციაზე თანხა და ცდილობდნენ თუ არა შემწირველები ახალ ადმინისტრაციაში გავლენების მოპოვებას.

ორგანიზაცია ProPublica-ს ანგარიშში მოყვანილია ინაუგურაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვები, რომელიც ყვება, რომ ვაშინგტონში მდებარე ტრამპის სასტუმრო Trump International Hotel-მა გაზარდა ნომრების, კვებისა და სასტუმრო მომსახურების  სხვა ფასები საინაუგურაციო კომიტეტის წევრებისთვის, რაც შესაძლოა სასამართლომ საგადასახადო კანონის დარღვევად მიიჩნიოს.

საქმეს სამხრეთ მანჰეტენის პროკურატურა იძიებს. თეთრი სახლის პრესმდივანი, სარა სანდერსი Wall Street Journal-ის სტატიას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი ინაუგურაციის ცერემონიალთან არაფერ შუაშია. თუმცა ტრამპის ახლო მეგობრები და პარტნიორები, ასევე პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი აქტიურად იყვნენ ჩართულები ინაუგურაციის მოსამზადებელ პროცესში.

  • უცხოეთის ჩარევა

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მიზანი რუსეთის ნებისმიერი კავშირის გამოვლენა იყო ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასთან. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთთან კავშირების კვლევით და საქმეში შესაძლოა სხვა ქვეყნებიც იყოს გარეული.

გამოცემა Daily Beast-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეცპროკურორი გამოძიების მეორე ფაზას 2019 წელს დაიწყებს, რომლის მიზანიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის კავშირების კვლევაა საუდის არაბეთთან, ისრაელთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ფედერალური გამომძიებლები დაადგენენ, არალეგალურად გადაურიცხეს თუ არა თანხა უცხოეთის ქვეყნებმა საინაუგურაციო კომიტეტს.

გამომძიებელი მიულერი ასევე იძიებს – მიიღო თუ არა ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას ფინანსური დახმარება 2016 წელს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროებისა და ყატარისგან.

პრეზიდენტი მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მოსალოდნელია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ფართომასშტაბიან გამოძიებას.

ტრამპს, როგორც ამერიკის პრეზიდენტს პირველი ოფიციალური ვიზიტი, სწორედ  საუდის არაბეთში ჰქონდა. მან ქვეყანას  ღიად დაუჭირა მხარი ყატართან უთანხმოებისას და დაიცვა საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის შემდეგ.

  • ტრამპის სასტუმრო

გაპრეზიდენტებიდან მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ყველა კომპანია, უცხოეთის ხელისუფლებებისგან მიღებულ მოგებას ამერიკის ხაზინაში გადარიცხავდა.

კომპანია Trump Organization-მა მართლაც გადარიცხა ხაზინაში 2017 წელს უცხოეთის ხელისუფლებისგან მიღებული 151 ათას 470 დოლარი. თუმცა, არ კონკრეტდებოდა ამ თანხის ზუსტი წარმომავლობა, რომ არ დარღვეულიყო ამერიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება მიიღოს საჩუქარი და ფულადი ჯილდო სხვა ქვეყნის ხელისუფლების, ან მათი წარმომადგენლებისგან.

2018 წლის ივნისში კოლუმბიისა და მერილენდის შტატის პროკურორებმა დაიწყეს ტრამპთან დაკავშირებული საგამოძიებო ღონისძიებები და გამოავლინეს, რომ ამერიკის პრეზიდენტი აგრძელებს მოგების მიღებას უცხო ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლებისგან, რომლებიც ოფიციალური ვიზიტებისას მის სასტუმროებში ბინავდებიან, ძირითადად ვაშინგტონის სასტუმროში, რომელიც თეთრ სახლთან ახლოსაა.

მას შემდეგ, რაც პროკურორებმა საქმის ძიება დაიწყეს, ტრამპის ადვოკატებმა ამ საქმის ბლოკირება სცადეს. საქმე შეიძლება იქცეს სასამართლო გადაწყვეტილების პირველ პრეცენდენტად, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს გამოავლენს, საჯარო მოხელის მხრიდან საჩუქრებისა და ფინანსური სარგებლის მიღებით.

როგორც ბიბისის ჟურნალისტი წერს, საქმემ შესაძლოა ტრამპისთვის წამზომიანი ბომბივით იმოქმედოს და გამოავლინოს პრეზიდენტის ბიზნესიმპერიის უცნობი დეტალები იმ დროს, როცა ის მეორე ვადით დააპირებს კენჭისყრას.

  • ტრამპის საქველმოქმედო ფონდი

ზემოთხსენებული ფედერალური გამოძიების გარდა, რომელიც პრეზიდენტის ბიზნესინტერესებს იძიებს, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლები მის საქველმოქმედო ფონდებსაც შეისწავლიან.

როგორც ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ბარბარა ანდერვუდი ამბობს, ფონდი ძირითადად პრეზიდენტის პოლიტიკური და ბიზნესინტერესების წინსვლაზე იხარჯება, რაც შტატის კანონმდებლობის დარღვევაა.

გამოძიებას ტრამპმა „ნიუ-იორკის უმაქნისი დემოკრატების საქმე“ უწოდა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შეაქო 19 მილიონზე მეტი დოლარის შეწირვისთვის.

ტრამპის ადვოკატებმა საქმის მსვლელობა შეწყვიტეს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდება საკმარისი მტკიცებულებებითაა გამყარებული და აჩვენებს, რომ ტრამპი მიზანმიმართულად იყენებდა ფონდს პირადი საჭიროებებისთვის, თუმცა კარგად იცოდა, რომ ეს საკუთრივ ფონდის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, Washington Post-ის კორესპონდენტი, დევიდ ფარენტოლდი დაწვრილებით აღწერდა, როგორ გამოიყენა ტრამპმა საქველმოქმედო ფონდი, რომლის ძირითადი შემწირველები მისივე მეგობრები და პარტნიორები იყვნენ.

ნიუ-იორკის შტატს სურს მიიღოს ტრამპისგან 3 მილიონი დოლარი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ასევე დააკისროს პრეზიდენტს  სხვა სანქციებიც: პრეზიდენტს შესაძლოა 10 წლით აეკრძალოს ნიუ-იორკის შტატში რომელიმე კომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვა პრეზიდენტის შვილებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 წლით გაგრძელდება.

  • სიჩუმის საზღაური 

პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი ყვება, როგორ დაეხმარა ის ტრამპს მოლაპარაკებაზე დაეყოლიებინა ორი ქალი, რომლებსაც შეეძლოთ წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპთან საკუთარ სექსუალურ კავშირებზე ესაუბრათ საჯაროდ.

კოენმა ნიუ-იორკის ფედერალური პროკურორების წინაშე საკუთარი ბრალეულობა აღიარა და დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჩვენებებში მან მიუთითა, რომ ტრამპის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს თავად პრეზიდენტი.

ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ საარჩევნო კამპანიისას ფინანსურ დარღვევებში, ეს მის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი იმ ბრალდებათაგანია, რისთვისაც პრეზიდენტის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი ციხეში იხდის სასჯელს.

  • რუსეთის წვლილი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში

გრძელდება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე და მის შესაძლო კავშირებზე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან.

ტრამპის ყოფილი ადვოკატი, კოენი ამ გამოძიებასაც დაეხმარა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მრავალმილიონიანი მშენებლობები რუსეთში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც მიმდინარეობდა და გულისხმობდა კონტაქტებსაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

ტრამპი ირწმუნება, რომ მოლაპარაკება რუსეთთან არ უწარმოებია და გამოძიებას დემოკრატების კონსპირაციულ შეთქმულებას უწოდებს.

პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ მრავალ პირს ჰქონდა კონტაქტი რუსეთის ოფიციალურ პირებთან ზუსტად იმ დროს, როცა კრემლი ტრამპის მხარდასაჭერად მოწყობილ კიბერომში დაადანაშაულეს. იყო თუ არა ეს რუსეთის მთავრობისა და ტრამპის ერთობლივი საიდუმლო გეგმა? სწორედ ეს არის ტრამპთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელსაც ჯერ პასუხი არ გასცემია.

აჭარის უმაღლესი საბჭო ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელებს

სტატიის გაანხლება

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ელიან. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, დეპუტატმა თავად განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, რომ არ ჩააგდებს კოლეგებს [უმაღლეს საბჭოს] უხერხულ მდგომარეობაში და მიმართავს განცხადებით დეპუტატის სტატუსის შესაჩერებლად. ზაზა ოქუაშვილი დიდი ხანია, რაც სხდომებზე დასწრებასა და უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.

ჯერჯერობით, დეპუტატის განცხადება უმაღლეს საბჭოში არ შესულა. იმ შემთხვევაში, თუ კი დეპუტატი უმაღლეს საბჭოს განცხადებით არ მიმართავს, რას აპირებს აჭარის საკანონმდებლო ორგანო? – უწყებაში გვიპასუხეს, რომ ზამთრის სესიების შემდეგ იმსჯელებენ, როცა გაცდენებს დაითვლიან.

კანონით, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

  • არსებობს დეპუტატის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე
  • მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
  • სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ
  • დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას
  • დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა
  • არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს სასესიო [პლენარული და კომისიის სხდომები] მუშაობაში

ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ” ტელეკომპანია “იბერიას” დათმობა მოითხოვეს. “პრობლემებში” იგულისხმება “ომეგა ჯგუფის” რამდენიმემილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.  დეპუტატი ასევე საუბრობდა სხვადასხვა სახის გამოძალვაზე.

განახლება: პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიით უმაღლეს საბჭოში მოხვედრილმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს დღეს, 20 დეკემბერს მიმართა დეპუტატის სტატუსის შეჩერების თხოვნით. შესაბამისად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ზაზა ოქუაშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერი – მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

უფრო ვრცლათ თემაზე წაიკითხეთ აქ:

 

https://netgazeti.ge/news/307820/

როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა და რემონტი დასრულდა. შენობაში ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოებია დარჩენილი – დალაგება და ინვენტარით აღჭურვა. ოთხსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე დგას.

“ამ შენობის ვიზუალური მხარე და დაპროექტება  ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტორების ესკიზებითაა. გია რამიშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფებში მომზადდა ესკიზები, არქიტექტურული ნაწილი. ტენდერი როცა გამოცხადდა პროექტის დამზადებაზე, ტენდერში გაიმარჯვა ქუთაისურმა ფირმამ “ლაივ დიზაინი”, ზურა ვაშაკიძეა ხელმძღვანელი. მათ დაასრულეს პროექტი და მოამზადეს ხარჯთაღრიცხვა. მშენებელი კომპანია შპს “ალიგატორი 1″-ია,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა გელა ბერიძემ. მისივე თქმით, შენობა სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული.

“ხუთმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა და ხუთივე პროგრამის კომისია გვყავდა აქ. ყველა ერთ აზრზე თანხმდება, რომ ეს შენობა მორგებულია ყველა მიმართულების სპეციალობას. ხელოვნების  უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულებაა – სახვითი მიმართულება, სასცენო ხელოვნების მიმართულება, არქიტექტურა, მუსიკა, ჰუმანიტარული. ყველა მიმართულებას აქვს თავისი სივრცე, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არც ერთი მიმართულება არ არის დარჩენილი უყურადღებოდ ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარეშე. ამ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მოეწყო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. ყველაფერი ათვისებულია, ერთი კვადრატული მეტრიც არ დაიკარგა,” – ამბობს გელა ბერიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისთვის, ბოლო ორ წელში, 3,5 მილიონი ლარი გამოყო. აქედან 2 მილიონ 400 ათასი ლარი მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა. მილიონ ასი ათასი კი – სასწავლო ინვენტარზე, ტექნიკასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენაზე.

 

მეოთხე სართულს ღია აივანი აქვს, სადაც სტუდენტებისთვის დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
აუდიტორიებს დიდი, ფართო ფანჯრები აქვს, რომლებიც ორ ქუჩაზე გადის
აქ საკონფერენციო დარბაზი იქნება
დერეფნული სისტემის მეშვეობით ყველა ოთახი ნათელია
მცირე სცენა მუსიკის ფაკულტეტისთვის
შიდა ეზოში გამავალ აუდიტორიებს ფრანგული აივნები აქვთ
მეოთხე სართულზე სახვითი მიმართულების სტუდენტების აუდიტორიები  იქნება
ხედი ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობიდან

პოზიტიური და ნეგატიური ასოციაციები ბათუმზე – შეფასება ურბანული განვითარების ჭრილში

სანაპირო, ზღვა, ჰორიზონტი, სივრცე, ბულვარი – დაასახელეს კვლევის ფარგლებში ფოკუსჯგუფების წევრებმა, რომლებსაც ბათუმთან დაკავშირებული პოზიტიური ასოციაციების დასახელება სთხოვეს. მათ მიერ დასახელებული ნეგატიური ასოციაციები კი, ძირითადად, ბათუმის ურბანულ პოლიტიკას უკავშირება –  ქაოსური მშენებლობები, მაღალსართულიანი შენობები, ცათამბჯენები და ქალაქი, რომელიც ნაკლებად ორიენტირებულია მოქალაქეზე.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში. კვლევის მონაწილეების განმარტებით, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს თვისებრივი კვლევის მეთოდი – ფოკუსჯგუფი.

კვლევის ფარგლებში სულ ორი რვაწევრიანი ფოკუსჯგუფი გამოკითხეს. ეს ჯგუფები შექმნეს სამიზნე აუდიტორიისგან, გამოკითხეს ბათუმის მოსახლეობა, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ კვლევაში მონაწილე სამივე სამიზნე ჯგუფს – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბათუმის მცხოვრებლებს დაახლოებით ერთი და იგივე რამ მოსწონთ და არ მოსწონთ დღევანდელ ბათუმში.

ფოკუსჯგუფების მიერ დასახლებული ნეგატიური ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

კვლევის ფარგლებში ფოკუსჯგუფებს სთხოვეს პოზიტიური ცვლილებების დასახელებაც, სადაც დაასახელეს: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი უბნების განვითარება, ტურისტული ნაკადის მატება, ბულვარის გაფართოება და განვითარება, თანამედროვე არქიტექტურისა და ველოინფრასტრუქტურის განვითარება.

სამიზნე ჯგუფებში მიიჩნიეს, რომ ბათუმის ისტორიული  ნაწილის იერსახის შენარჩუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მათზე გაფრთხილება აუცილებელია, რადგანაც ქალაქის ძველი ნაწილი ბათუმის ისტორიას, ავთენტურობასა და უნიკალურობას წარმოაჩენს და საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.

კვლევის მიხედვით, ქალაქის ისტორიული ნაწილი იმითაცაა გამორჩეული სხვა უბნებისგან, რომ აქედან ზღვასთან მიახლოება უფრო მარტივად შეიძლება.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში

კვლევა NDI-ის მხარდაჭერით სტუდია „რეკმა“ ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაციას დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას დაესწრნენ და დისკუსიის ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

პრეზენტაცია კვლევის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოჩი კონცელიძემ სტუმრებს დეტალურად წარუდგინა, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია. დისკუსიის ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შეხვედრა მალევე დატოვეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ ბათუმს არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა და საკმარისი რეგულაციები იმისთვის, რომ ქალაქში მშენებლობები ქაოსურად არ გაგრძელდეს.

 

Exit mobile version