მთავარი,სიახლეები

„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

20.12.2018
„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ.

„ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც იმავდროულად ბათუმის სამედიცინო ცენტრის სტაციონარში მკურნალობს.

ცენტრის პრესსამსახურის უფროსმა, დიანა თურმანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოციალურ საწარმოში დამზადებულ პურ-ფუნთუშეულს ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრი ყიდულობს 200-მდე პაციენტისთვის, ვინც სტაციონარშია მოთავსებული. ტკბილეული ასევე იყიდება კაფეში, რომელიც სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზეა მოწყობილი.

„ვაპირებთ ამ სოციალური საწარმოების გაფართოებას და დამზადებული ტკბილეულის ბაზარზე გატანას,“ – ამბობს დიანა თურმანიძე.

სოციალურ საწარმოში ამ ეტაპზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე სამმა ადამიანმა გაიარა პრაქტიკა. მათ პროფესიული გადამზადების კოლეჯის წარმომადგენლებმა მზარეულის კურსები ადგილზე ჩაუტარეს. სამედიცინო ცენტრი ახლა ამ ადამიანების გამოსაცდელი ვადით აყვანას აპირებს. რიგში 9 ადამიანია. მათაც სურთ მზარეულის პოზიციაზე დასაქმება სოციალურ საწარმოში.

სოციალური საწარმო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო. დონორისგან გამოყოფილი 8 ათასი ევროს ფარგლებში შეიძინეს სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა , ბათუმის მერიისგან გამოყოფილი 3 ათასი ლარით კი – სამზარეულოსთვის საჭირო აუცილებელი ნივთები.

სტუდენტებმა შეხვედრაზე სოციალურ საწარმოში მოხალისეობრივად ჩართვის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრა სოციალური საწარმოს პოპულარიზაციის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ მოაწყო ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად.

მთავარ ფოტოზე: სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანები სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან ერთად. 

ლეილა ლამპარაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: