მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა.

შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი მესაკუთრე და დირექტორი ანა თებიძეა. კომპანიის მფლობელის, ანა თებიძის მეუღლე გოჩა კოკობინაძე, ერთ-ერთ კონკურენტ კომპანიაში – შპს „მარკაშიც“ მუშაობდა და თავის სამუშაო ადგილად დღემდე ეს კომპანია აქვს მითითებული.

შპს „მარკაში“ გვითხრეს, რომ გოჩა კოკობინაძე „ყოფილი თანამშრომელია“. თავად გოჩა კოკობინაძის ინფორმაციით კი, ორი წელია, რაც ის შპს „მარკაში“ აღარ მუშაობს.

შპს „მარკის“ მესაკუთრეს, ირაკლი ღლონტსაც ასევე სურდა საახალწლო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული დაკვეთის მიღება ბათუმის მერიისგან. ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა მისმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო კიდევ ორმა კომპანიამ. რის შემდეგაც ბათუმის კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსხაურმა ტენდერი შეწყვიტა და კომპანიის გამარტივებული წესით შერჩევის უფლება მოითხოვა, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან დადებითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, შპს „ნიუ დიზაინი“ დღეს, 25 დეკემბერს, შეუდგა საახალწლო ღონისძიების ორგანიზებას.

ხელშეკრულების თანახმად კომპანიას, ძირითადად, ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა  და რამდენიმე შოუს გამართვა დაევალა.

ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია 

 

ხანძრის შედეგად სოფელ წაბლანაში სახლი მთლიანად დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დღეს, 25 დეკემბერს, ხანძრის შედეგად შაინიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები, თუმცა ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ დაიწვა 180 კვ მეტრი საცხოვრებელი სახლი და 30 კვ.მ სახლის გვერდით არსებული დამხმარე ნაგებობა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შაინიძეების ოთხსულიან ოჯახს ალტერნატიულ ფართობში ქირით გადაიყვანენ.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

_____________

მთავარი ფოტო: ხანძარი წაბლანაში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

 

„ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს საახალწლო 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია „ჯივილი“ ერთგულ მომხმარებელს საახალწლო 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

გვეწვიე, შეარჩიე და  სალაროსთან მიიღე კუთვნილი ფასდაკლება!

„ჯივილი“ ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

როგორ შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს სამსახურის პოვნა – ტრენინგი

დამსაქმებლებთან ურთიერთობა, გასაუბრებისას აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამსახურის მოსაძიებელ ვებ-პლატფორმებზე დოსიეს განთავსება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა – ამ მიზნებს ისახავდა ეფექტური კომუნიკაციების ტრენინგი, რომელიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩატარდა „დემოკრატიის ინსტიტუტში“.

ხშირად ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობაა სწორედ ყოფილ პატიმართა უმუშევრობის მიზეზი. ხანდახან მათ, უბრალოდ, ინფორმაცია არ აქვთ თუ რომელ ვებ-პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი SV. ხან კი სივის გაგზავნის შემთხვევაში პირველივე უარყოფითი პასუხისას მოტივაცია ეკარგებათ.

ტრენინგზე  „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ამერიკელმა მოხალისემ, ლეიშა სომერსმა ბენეფიციარებს ამერიკული სისტემა გააცნო და აღნიშნა, რომ დასაქმება ამერიკაშიც პრობლემაა ყოფილი პატიმრებისთვის, ასევე მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა მან სამუშაოს მაძიებლობიდან მშვიდობის კორპუსის მოხალისეობამდე. იგი 4 თვე ეძებდა სამსახურს და დღეში 30-მდე კომპანიას უგზავნიდა საკუთარ მონაცემებს.

ყოფილმა პატიმრებმა, ვისაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, ტრენინგზე ისწავლეს:

✓ რა ტიპის ინფორმაცია უნდა განათავსონ ინტერნეტში

✓ როგორ უნდა მართონ FB გვერდი

✓ როგორი უნდა იყოს მათი პოსტები სოციალურ ქსელში

✓ როგორ დააინტერესონ მომხმარებლები

✓ როგორ დაამყარონ ახალი ბიზნესკონტაქტები

როგორც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ტრენერი, ქეთი დუმბაძე ამბობს, ხშირად ისევე როგორც უმუშევართა უმრავლესობა, დასაქმების პერსპექტივას ყოფილი პატიმრებიც პესიმისტურად უყურებენ. თუმცა საინტერესო და ჯანსაღი დისკუსიების შემდეგ ტრენინგის მონაწილეთა განწყობა იცვლება.

„ყოფილ პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს ჩვენ ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას, თუ როგორ დაწერონ CV, სამოტივაციო წერილი, როგორ და სად მოიძიონ დასაქმების ადგილები და მიმართონ მათ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან ადგილზე მისვლით გააკეთონ განაცხადი. ვაწვდით ასევე ინფორმაციას, როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის. არის გარკვეული საკითხები, რაც ერთი შეხედვით, ჩვენთვის თითქოს ნაცნობია, მაგრამ ფაქტია, არ გვიფიქრია, ერთ სიტყვასაც კი როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გასაუბრებაზე. ჩვენ ვაჩვენებთ პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის კარგ და ცუდ მაგალითებს. ვუყვებით, ასევე, პირად სამუშაო გამოცდილებაზე. ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას, პოპულარიზაციას სოციალურ ქსელში. ჩვენ ვასწავლით, როგორ შექმნან Facebook-ზე ბიზნესგვერდი და მიიზიდონ უფრო მეტი მომხმარებელი“, – ამბობს ქეთი დუმბაძე.

სამუშაოს მაძიებელმა მსმენელებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგის შემდეგ უკვე თამამად გაივლიან დამსაქმებელთან გასაუბრებას.

ტრენინგი ჩატარდა “დემოკრატიის ინსტიტუტის” “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტთან” ერთად ახორციელებს “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”, “თანაზიარი” და “ფონდი აფხაზინტერკონტი”.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ორი წლის წინ დაანონსებული ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება – კურორტ გოდერძის დირექტორი მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს.

„არის შეხვედრები სხვადასხვა კომპანიასთან, რაღაც თემები გასავლელი გვაქვს. ადგილები გოდერძიზე ჯერ ცოტაა, სულ ასი ადგილია და ვერტმფრენის საჭიროებასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მაგრამ განვიხილავთ ამ საკითხს“, – ამბობს მალხაზ მახარაძე. იგი ვერ ასახელებს, კონკრეტულად რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მეტი ინფორმაცია ვერც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მივიღეთ. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ კონკრეტული კომპანიების დასახელება, მაგრამ ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

„ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება გოდერძიზე. ამ დროისათვის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ვერტმფრენის საჭიროება დადგება“, – გვითხრეს სამინისტროში.

2017 წელს ითქვა, რომ ვერტმფრენის დაქირავება კურორტ გოდერძიზე ტენდერით მოხდებოდა – ვერტმფრენი ჩარტერულ რეისებსაც შეასრულებდა და სამაშველო მომსახურებასაც უზრუნველყოფდა.

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო.

კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

ამავე თემაზე: 

ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს

 

აჭარაში ტურისტული სერვისების 9 საუკეთესო მიმწოდებელი დააჯილდოვეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2018 წლის ბოლოს რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინა და ტურიზმის დარგში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. „მაგნოლია 2018“ – ასე ეწოდება საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც აჭარაში 2015 წლიდან იმართება.

2018 წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ:

  • საუკეთესო ტურისტული მარშრუტი – მაჭახელას ტურისტული მარშრუტი
  • საუკეთესო ღირსშესანიშნაობა – ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  • საუკეთესო მუზეუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
  • საუკეთესო ტურისტული კომპანია – „აჭარა ტური“
  • საუკეთესო რესტორანი – „თავადური“
  • საუკეთესო გიდი – სალომე ჩიკაშუა
  • საუკეთესო სასტუმრო სახლი სოფლად – შერვაშიძის მარანი
  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო – „შერატონ ბათუმი“
  • საუკეთესო ქართული სასტუმრო – „კოლიზეუმ მარინა“ 

გარდა ამისა, 22-მდე ორგანიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადლობის სიგელები გადასცა. მათ შორის სიგელი მიიღო გაზეთმა „ბათუმელებმაც“ – აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. დეპარტამენტმა, ასევე, მადლობის სიგელი გადასცა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალს კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებას ტურიზმის სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_____________

მთავარ ფოტოზე: დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 LUSSO-ში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო

ავეჯის სახლში „ლუსსო“ საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო. ჩვენთან სასურველი ზომისა და ფერის საძინებლების ყველაზე ფართო არჩევანია.

ფოტოზე წარმოდგენილია სპეციალური წესით დამუშავებული, გასამმაგებული ლამინატის საძინებლის კომპლექტი, რომელიც საბაზო მატრასითა და ორწლიანი გარანტიით 2850 ლარის ნაცვლად 2600 ლარი ღირს.

ზოგადად, საძინებლების 15 ახალი მოდელის ფასი 1790 ლარიდან იწყება.

გვეწვიეთ შოურუმში: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის 72.

მობ.: 551 88 80 40.

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით აჭარაში 125 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 24 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე შეადგენს 166-ს (657 შემთხვევა), 44 შემთხვევით მეტს, ვიდრე გასულ კვირას (122 შემთხვევა).

ცენტრის ცნობით, დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება გასული სამი წლის სეზონურ მაჩვენებლებს.

„ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-15%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს კი 20 პროცენტსაც აღწევს.

2018 წლის 51-ე კვირის მდგომარეობით, რესპირაციული სინდრომით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კვირის განმავლობაში რეგიონში შეადგინა 125 (გასულ კვირას 51), აჭარაში საერთო ჰოსპიტალიზაციის წილი 12.4%-ია.

მიმდინარე პერიოდში საყრდენი ბაზებით მოპოვებული ინფორმაციით მონაცემებით, აჭარაში ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 3 დადასტურებული შემთხვევა (A – H1/N1) , მათ შორის ერთი ლეტალური გამოსავლით“ – აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებული გრაფიკა

ბათუმში „სანტა ესპერანსა“ ლევან ბერძენიშვილის თარგმანის პრეზენტაციითა და გამოფენით გაიხსნება

27 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსას“ ახალი მაღაზია ლევან ბერძენიშვილის ახალი თარგმანის პრეზენტაციითა და მხატვარ ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენით გაიხსნება.

ლევან ბერძენიშვილი პირველად ბათუმში წარადგენს ესქილეს „ორესტეას“ თარგმანს, ხოლო ლევან ხარანაულის გამოფენის დამთვალიერებლებს მისი ნახატებისა და ილუსტრირებული წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო პირველი 50 მყიდველი დასაჩუქრდება.

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების კვეთაში [გამსახურდიას 17/19 – კოსტავას 34] გაიხსნება.

აქამდე „სანტა ესპერანსას“ კუთხე ბათუმში „ლიტერატურულ კაფეში“ მდებარეობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სფეროს 24 წარმომადგენელი, ექიმები და ექთნები დააჯილდოვა

დღეს, 24 დეკემბერს, მედიცინის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელს გადასცა სიგელი.

სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოებულები თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა.

სამინისტრომ დააჯილდოვა:

ჯემალ ქიქავა – უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 80 წლის, ამჟამად არის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ლითოტრიფსიის განყოფილების გამგე;

ალექსანდრე ვანაძე – ქირურგი, 1987 წლიდან მუშაობს ხულოს რაიონულ საავადმყოფოში;

გუგული დუმბაძე – მედდა, 1979 წლიდან დღემდე მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის სამედიცინო ცენტრში ექთნის პოზიციაზე;

ოთარ ვანაძე – ექიმი ანესთეზიოლოგი, 2016 წლიდან მუშაობს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ანესთეზიოლოგად;

ირმა წულუკიძე – ექიმი თერაპევტი, 1993 წლიდან არის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის თერაპევტი, 2018 წლიდან სამედიცინო დირექტორის მოადგილე პოლიკლინიკურ დარგში;

ვლადიმერ გოგეშვილი – ექიმი პედიატრი, 2006 წლიდან მუშაობს ბათუმის N1 პოლიკლინიკაში;

სვეტლანა ცაბოლოვა – რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, 1976 წლიდან არის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;

ნაზი კოკაევა – მეან- გინეკოლოგი, 1983 წლიდან მუშაობს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგად;

სულიკო მახარაძე – კარდიოლოგი, 2016 წლიდან მუშაობს „მედალფას“ მახინჯაურის პოლიკლინიკაში კარდიოლოგად. პარალელურად დასაქმებულია კლინიკა „მედცენტრში“;

გაიანე ტეტემაძე – ექიმი პედიატრი, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობს 1998 წლიდან;

მაგული ძირკვაძე – სოფლის ექიმი, 2002 წლიდან დღემდე მუშაობს ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ამბულატორიის სოფლის ექიმად;

ელმას ცისკარაძ –  2008 წლიდან დღემდე მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყლის პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმად, ჯამში აქვს 39-წლიანი საექიმო გამოცდილება;

შორენა ბოლქვაძე – თერაპევტი, ოჯახის ექიმი. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს სოფლის ექიმად ხულოს მუნიციპალიტეტის დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 2008 წლიდან პარალელურად მუშაობს ექიმად ხულოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში;

გუგული კობალაძე – ექიმი მეან-გინეკოლოგი, 1967 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგად;

მაგული დავითაძედერმატოლოგი, შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ამბულატორიის სოფლის ექიმი;

ნინო მიქაძე – ექიმი, მენეჯერი, 2016 წლიდან დღემდე არის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი;

აბესალომ აკობია – ექიმი ქირურგი, 1993 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში ქირურგად;

მარი ზანაქიძე – „საზღვაო ჰოსპიტლის“ მთავარი ექიმი;

ვალია ხანთაძე – ექიმი გინეკოლოგი, 1982 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის რესპუბლიკურ კლინკურ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად;

რუსუდან ქამადაძე – 2014 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „უნიმედი“ აჭარის ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმად;

იზოლდა გიორგაძე – პედიატრი, მუშაობს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში;

იზოლდა კვაჭაძე – მედდა, 1979 წლიდან მუშაობს კლინიკა „მედცენტრის“, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მთავარ მედდად;

ქეთევან ლაკირბაია – მედდა, მუშაობს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ნეირომედიცინის – უფროსი მედდის პოზიციაზე; აფხაზეთის ომის პერიოდში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სანიტარულ მატარებელზე უფროს მედდად;

მერაბ ქირია – ექიმი ფსიქიატრი, 2014 წლიდან მუშაობს ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქონევროლოგიურ დეპარტამენტში.

დაჯილდოებულებს სამინისტრომ სიგელი და სასაჩუქრე, ასლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარაში მედიცინის მუშაკის დღე 1996 წლიდან, ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება.

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ

„ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა,“ – ასე აფასებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელეს. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი აქცენტს „არაფორმალურ გარიგებებზე“ აკეთებს, „კლანურ მმართველობაზე“ და იმაზე, რომ შერჩეული კანდიდატების „რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“.

„ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე…  საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა. საყურადღებოა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი,“ – აღნიშნულია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი ასევე საუბრობს კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემის შიგნით.

„დღეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე. კლანურ ინტერესებს მორგებულ და თვითნებურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა: ლევან გზირიშვილმა, შოთა ქადაგიძემ, ზაზა ხარებავამ,“ – მიიჩნევენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

იუსტიციის საბჭოში გამართულ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მხოლოდ ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა უნდა გაამწესოს უვადოდ. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ პარლამენტს აკისრია ახლა გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ „არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა.“

9 სამოქალაქო ორგანიზაცია: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კავშირი ,,საფარი”, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ – მოუწოდებს პარლამენტს:

  • მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/331247/?fbclid=IwAR30kb1RIkbl4Zw78M9glRw7CEc1-Fu8RlKy5OUMw8oDMHk57XLEx2ZCi4o

 

ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს

ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან.

საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის როგორ. მაგრამ როცა ამბების საძებნელად მიდიხარ, ყოველთვის საოჯახო სასტუმრო გირჩევნია. აქ ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, მასპინძლის ოჯახის წევრი ხდები. დაგსვამენ შეშის ღუმელთან, მოსავლიანობა-მოუსავლიანობაზე მოგიყვებიან, დაქორწინების ამბებს გაიხსენებენ, შვილებს გაგაცნობენ, სამზარეულოშიც შეგახედებენ ბორანოს მომზადებისას და როცა მასპინძლის კატაც აღარ გაგირბის და ზურგს მოგიშვერს მოსაფერებლად, ხვდები, რომ ამ ოჯახის ნამდვილი წევრი უკვე გახდი.

კურორტ გოდერძიდან 3 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დანისპარაულში 10 საოჯახო სასტუმროა. სასტუმროს ფასი ერთი ადამიანისთვის 20-25 ლარი ღირს კვების გარეშე, თუმცა ყველას აქვს ნომრებთან ახლოს სამზარეულო, სადაც თავადაც შეგიძლიათ მოიმზადოთ. ორჯერადი კვებით საოჯახო სასტუმროში 40-50 ლარად დარჩებით. საოჯახო სასტუმროებში ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადებულ ნოყიერ კერძებს გთავაზობენ. ბორანო, სინორი… ქათმის კერძები, კატლეტი, კაიმაღი, ხაჭაპური, ჩაი და ყავა, შინ მომზადებული მურაბები და თაფლი, სოფლის კარაქი და ყველი – მოკლედ ყველაფერს, რასაც თავად მიირთმევენ ოჯახებში, სთავაზობენ სტუმარსაც. ყველა ოჯახში არის შეშის ღუმელი, ფანჯრიდან თოვლიანი მთების ხედები და ოთახები გარანდული ხის სასიამოვნო სურნელით.

საოჯახო სასტუმრო „სამ ძმაში“ ჩვენი მასპინძელი მაია პაპიძეა. მაია 42 წლისაა და დიასახლისია. მას შემდეგ, რაც საოჯახო სასტუმრო გახსნეს, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამბობს, რომ წინა წელს, ზამთრის სამი თვის განმავლობაში, 150 უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. მაიას, ძირითადად, ფოტოს გადაღება არ სურს და ისღა დაგვრჩენია მხოლოდ მისი მომზადებული კერძები გადავიღოთ.

მაია მეორე სართულზე გვაბინავებს, იქვე მოწყობილ სასტუმროდ დანთებულ ღუმელს შეუკეთებს და მთელი ღამე შეშის ტკაცუნი ისმის.

მაიას დილით ვემშვიდობებით და დანისპარაულიდან გოდერძიმდე მანქანით მივდივართ. ყველა არა, მაგრამ საოჯახო სასტუმროების ნაწილი თავად გთავაზობთ მანქანით მომსახურებას და კურორტამდე 20-30 ლარად მიგიყვანთ, საღამოს კი მოგაკითხავთ და ისევ სასტუმროში დაგაბრუნებთ.

დანისპარაულიდან მალევე ჩნდება ბუდესავით ერთ ადგილას გაშენებული კურორტი „გოდერძი“ – მთები, ხეები, სახურავები თოვლითაა დაფარული. ამბობენ, რომ ამას თოვლი ჯერ მაინც არ ჰქვია და ნამდვილი ზამთარი გოდერძიზე მას შემდეგ გაჩაღდება, რაც თოვლის საფარი მეტრზე მეტს მიაღწევს. სწორედ ასეთ თოვლს ელიან მალე და 28 დეკემბერს აქ სეზონიც საზეიმოდ გაიხსნება.

მეგზურობას მთის კურორტების განვითარების „გოდერძის“ მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ნუკრი პაქსაძე გვიწევს. ბურანით ისეთ ადგილებს გვაჩვენებს, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ხედები და გადასაღებადაც საინტერესო გარემოა. ბურანს „არქტიკული კატა“ ჰქვია, გაუკვალავ თოვლში უსწრაფესად დასრიალებს და ორმაგი სიძლიერით სუნთქავ, რომ ალპური ჰაერით აივსო.

ნუკრი პაქსაძე

მივსრიალებთ და ნელ-ნელა უკან რჩება სასტუმროები, კოტეჯები და საბაგირო. ნაძვებიან ტყეებში „შავი“ ტრასებია, გაუკვალავი ადგილები, სადაც ექსტრემალური სრიალის მოყვარული მოთხილამურეები სრიალებენ. ამ ტრასაზე მოთხილამურეთა უსაფრთხოებაზე კურორტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.

ნუკრი გვიხსნის, რომ კურორტზე გარდა შავი ტრასებისა, წითელი და ლურჯი სასრიალო ტრასებიცაა.

ლურჯი საშუალო სირთულის სასრიალო ტრასაა და აქაურები ამ მონაკვეთს ზანკას ეძახიან. წითელი ტრასა, იგივე ჭანჭახი, ექსტრემალებისთვისაა და რთულ ტრასად მიიჩნევა. ლურჯი და წითელი სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე „გოდერძიზე“ რვა კილომეტრია.

ბურანით სეირნობისას თოვლმავალს ვხვდებით და ნუკრი მთავაზობს ვნახო, როგორ „ჩეხავენ“ და ტკეპნიან თოვლს სამთო კურორტზე სასრიალო ტრასების მოსამზადებლად. ვთანხმდები და თოვლმავალში ვინაცვლებ. უზარმაზარი ნიჩბები თოვლის გუნდებს მიაგორებს და ტრასებს ათანაბრებს.

თოვლმავალის მძღოლი გვეუბნება, რომ აქვე, დანისპარაულში ცხოვრობს და „გოდერძიზე“ ბავშვობიდან სრიალებს. იმასაც ამბობს, რომ მის ბავშვობაში ყველას ჰქონდა სახლში ხის ხელნაკეთი ციგა და თხილამურები.

გზად ნისლი წვება, ბურუსში ეხვევა საბაგიროები, კურორტი და მისგან მოშორებით მდგარი პატარ-პატარა ხის სახლები, სადაც ახლა არავინ ცხოვრობს, თუმცა ზაფხულში აქ მემთეურები ამოვლენ და საქონელს ამოიყვანენ საძოვრებზე.

საბაგიროები გოდერძიზე ოთხკილომეტრიანია. არის ორი ტიპის ორ-ორკილომეტრიანი დახურული და ღია საბაგიროებიც. პირველი საბაგიროთი გადაადგილება 5 ლარი ღირს, მეორეც ასევე. პირველი საბაგირო ლურჯი, საშუალო სირთულის ტრასამდე ადის. მეორე კი ჭანჭახამდე, რთულ, წითელ ტრასამდე აგიყვანთ.

კურორტის დასაწყისში საბავშვო, 200-მეტრიანი უფასო სასრიალო ტრასაცაა, სადაც იმათაც შეუძლიათ სრიალის სწავლა, ვინც თხილამური პირველად მოირგო.

ბურანით და თოვლმავალით სეირნობის შემდეგ „მათეს ქოხში“ ცხელ გლინტვეინს გვთავაზობენ. აქვეა შესაძლებელი ცხელი და ცივი კერძების შეკვეთა. აქვთ ცხელი წვნიანის მრავალფეროვანი მენიუ, სალათები, თევზისა და ხორცის კერძები და ბევრი სხვა რამ, საკმაოდ შეღავათიან ფასად.

გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ზამთრის შვებულება სრიალის მოყვარულმა დამსვენებლებმა მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარონ.

 


სერვისების ფასები კურორტ გოდერძიზე
  • სამარშუტო ტაქსი ბათუმიდან გოდერძიმდე – 10 ლ.
  • ნომერი დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში კვებით – 40- 50 ლ.
  • ნომერი დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე – 20- 25 ლ.
  • მანქანით მომსახურება დანისპარაულიდან გოდერძიმდე და პირიქით – 20- 30 ლ.
  • ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება კურორტზე მდებარე კოტეჯში – 100 ლ.
  • ოთხადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება კურორტზე მდებარე კოტეჯში – 150 ლ.
  • თხილამურების, ჩაფხუტისა და ჯოხების გაქირავება მთელი დღით – 20 ლ.
  • ბურანით გასეირნება – 1 კილომეტრი 20 ლ.
  • დახურული ტიპის, ორკილომეტრიანი საბაგირო ზანკის საშუალო სირთულის სასრიალო ტრასამდე – 5 ლ.
  • ღია ტიპის, ორკილომეტრიანი საბაგირო ჭანჭახის რთულ სასრიალო ტრასამდე -5 ლ.

 

 

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ

თუ ბათუმში ღამით ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს შენიშნავთ, შეგიძლიათ საპატრულო პოლიციას მიმართოთ, რომელიც მას თავშესაფარში გადაიყვანს.

ბათუმში ღამის ორი თავშესაფარია, სადაც მიუსაფარ ადამიანებს ღამის გათევა შეუძლიათ, – მუნიციპალური და საქველმოქმედო, რომელსაც ფონდი „კარიტასი“ აფინანსებს. ორივე თავშესაფარში არის გათბობა, ცხელი წყალი და აქ მისულ ადამიანებს ვახშამს სთავაზობენ ერთი პირობით – დილას, საუზმის შემდეგ, მათ თავშესაფარი უნდა დატოვონ, ასეთია ღამის თავშესაფრის მუშაობის პრინციპი.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარში ამ დროისათვის 50-მდე ბენეფიციარი ათევს ღამეს. აქ გვეუბნებიან, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსი, ასლან გელაძე ამბობს, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში ქუჩაში, ღამის გასათევის გარეშე დარჩენილი ადამიანები საპატრულო პოლიციას ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიჰყავს.

„საბუთი უნდა ჰქონდეს ჩვენს ბენეფიციარს, თუ არ აქვს, მაშინ მერიის შესაბამის სამსახურთან ვათანხმებთ, ისე მისი მიღება არ შეგვიძლია. ასევე, თავშესაფარს აქვს თავისი შინაგანაწესი, ნასვამი არ უნდა იყოს ადამიანი, ძალიან რთული საკითხია ეს, რადგან სხვა ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ღამის გათევის საშუალება“, – ამბობს ასლან გელაძე. მისი თქმით, ღამის თავშესაფარში ძირითადად მამაკაცები ათევენ ღამეს, თუმცა არიან ქალებიც და მათ თავშესაფრის პირველი სართული ეთმობათ. ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 70 წლისაა. მუნიციპალური თავშესაფარი ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარეობს.

საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის ღამის თავშესაფრის კარი მეტაქსას ქუჩაზე ყოველ საღამოს, 7 საათზე იხსნება. თავშესაფრის მენეჯერი, თამაზ მღებრიშვილი გვეუბნება, რომ მათთანაც ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიან ღამის გასათევად, თუმცა საპატრულო პოლიციასაც მოჰყავს უსახლკაროდ დარჩენილი პირები.

„ჩვენ უსაბუთოდ ვიღებთ, თუ პირადობის მოწმობა არ აქვთ, ჩვენი სახსრებით ვეხმარებით და ვუკეთებთ პირადობას. ადამიანს ღამე გარეთ არ დავტოვებთ. ყველაზე ასაკოვანი, ვინც ჩვენთან ათევს, 75 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი – 22 წლის. 40 საწოლი გვაქვს, 31 ადამიანი გვყავს ღამით საშუალოდ, ხან – უფრო ნაკლები“, – გვეუბნება თამაზ მღებრიშვილი.

ამავე თემაზე: თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ორივე თავშესაფარში ამბობენ, რომ მათთან მისული ადამიანები ტანსაცმლით დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით – ზამთარში.

„თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგვეხმაროს ტანსაცმლით, ძალიან გაგვიხარდება. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ოჯახები გვეხმარებიან ტანსაცმლით. ასევე ევანგელისტური ეკლესია დაგვეხმარა ერთი კვირის წინ, 15 კომპლექტი თეთრეული და პირსახოცები გადმოგვცეს“, – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

დახმარების საჭიროებაზე ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარშიც საუბრობენ.

„ბიზნესისგან დიდ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ, უფრო კერძო პირების ჩართულობაა. ზოგი ტანსაცმლით გვეხმარება, ზოგი – საკვებით.

სამომავლოდ გვინდა წითელი კუთხე გავაკეთოთ. ხან ისეთი ამინდია, ადამიანს გარეთ ვერ გავუშვებთ. ახალი წლიდან უკვე არა მხოლოდ მშრალი საკვები გვექნება, არამედ სრულფასოვანი კვება: პირველი, მეორე, მესამე, ეს აუცილებლად იქნება“, – ამბობს ასლან გელაძე.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე: ამბები ღამის თავშესაფრიდან

_________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის მუნიციპალური ღამის თავშესაფარი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული.

ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა.

„პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი იყო დადასტურებული და დაწყებული იყო ანტივირუსული მკურნალობა.

ჰქონდა ტოტალური, ორმხრივი ფილტვების ანთება და რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტს დასჭირდა დიალიზის ჩატარება. გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს.“- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

მისივე თქმით, გრიპის მიმდინარე სეზონის 51-ე კვირაა და გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა ჩატარდა  გრიპის უფასო ვაქცინაცია და აიცრა რისკჯგუფებიც.

„A ტიპის ვირუსი ცირკულაციაშია და შესაძლებელია იყოს მატებაც, ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია გაიზარდოს დაავადების გამოვლენის მაჩვენებელი. კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.
ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები. არ არის ცნობილი ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს:
– ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.
– გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
 ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
 სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. 
ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

იტალიელი მომღერლის კონცერტი ბათუმის ბულვარში

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარში იტალიელი მომღერლის IN- GRID -ის კონცერტი გაიმართება.  ამავე დღეს ბულვარის ცენტრალურ ნაწილში (კოლონადების მიმდებარედ) საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც 30 დეკემბერსაც გაგრძელდება.

„ბაზრობა გაფორმებული იქნება დისნეის გმირებით, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით. ბულვარში საახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება.

სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი,“ – ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე წყაროს ცნობით, საგანგებოდ მორთულ საშობაო მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები.

„პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ“.

ბულვარის ინფორმაციით, 29030 დეკემბერს საახალწლო ბაზრობა გაიმართება

 

აჭარაში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, დღეს, 24 დეკემბერს, გარდაიცვალა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს:

„17 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში, შემოსვლისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში, ეგრევე დავაწვინეთ რეანიმაციაში და ავიყვანეთ აპარატზე. ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გრიპის შესახებ ვიცით ოჯახის წევრებიდან, მას და ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ გრიპი. ჯერჯერობით დაგვიდასტურდა მხოლოდ A ტიპის ვირუსი. ვიცით, რომ გრიპი იყო, დანარჩენი, ზუსტად რა ტიპის ვირუსია, არ ვიცით, მასალა ლაბორატორიაშია.“

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ შემთხვევა ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეს, 15 საათზე ბრიფინგს გამართავს.

განახლება: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით – H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული.

_________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა

ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად წელს ქედის მერიამ 6 პროექტი განახორციელა, რომელთა ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო:

[checklist]

  • დასრულდა ტურისტული ბილიკების მოწყობა ცივასულას ციხესთან და ,,მიწის ხიდი”-ს მიმდებარედ;
  • მიმდინარეობს სამუშაოები ქვედა ბზუბზუში, ჩანჩქერთან მისასვლელი გზის კეთლმოსაწყობად;
  • მოეწყო წონიარისში, ჯაიმელას მიმდებარე ტერიტორია;
  • კეთილმოეწყო მახუნცეთში, თამარ-მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
  • კეთილმოეწყო მახუნცეთში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

[/checklist]

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მომდევნო წლებშიც ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება.

„ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების ნაწილი დადებითად გადაწყდა

ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ეზოების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებსა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ღია კარის“ სხდომა
„ღია კარის“ სხდომა

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული პრობლემური საკითხებიდან ნაწილი დადებითად გადაწყდა, ნაწილის გათვალისწინება მოხდა 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას, ნაწილზე კი – მიმდინარეობს შესწავლა.

კერძოდ:

ლერმონტოვის ქ. N107/გ-ში ტრენაჟორების შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა დაიგეგმა 2019 წლისთვის, ხოლო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

ზედაღელის დასახლებაში შესწავლილია მეწყერსაშიში მდგომარეობა, მომზადებულია პროექტი და მომავალ წელს დაიწყება ფერდსამაგრი სამუშაოები.

ბაქოს ქ. N74-ის მიმდებარედ მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, ხოლო სტადიონის განათების სამუშაოები დაიწყება უახლოეს პერიოდში.

„ღია კარის“ სხდომა

ლადო ასათიანის და ვაჟა-ფშაველას კვეთაში არსებული საწარმოდან გამონაბოლქვის პრობლემის შესახებ დასმული საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეაგირებისთვის, ვინაიდან საკითხის მოგვარება სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას.

ჯავახიშვილის ქ. N78-ში მიშენების შედეგად გადახრილი კორპუსის თაობაზე, უშუალოდ მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მიერ მოსახლეობას განემარტა გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. მოსახლეობამ უნდა გაამზადოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დაზუსტდება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

სვიშევსკის ქ. N230-ში ეზოში ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და სამუშაოები გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში.

ე.წ.  ბნზ-ს დასახლებაში სარკინიზო გადასასვლელის მოწყობის თობაზე დასმული საკითხის მოგვარება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, ვინაიდან მერიის მიერ არაერთგზის შუამდგომლობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზას ამ ეტაპზე არ განუხორციელებია სარკინიზო გადასასვლელის კაუჩუკის საფარით მოწყობის სამუშაოები.

გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს, უკვე გაიწმინდა ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხი, მოიხრეშა ორბელიანის ქუჩაზე ფეხით გასასვლელი ბილიკი. ხოლო ლეონიძის ქუჩაზე გასასვლელი მონაკვეთის კეთილმოწყობა ამ ეტაპზე შეუძლებელია იქ მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობის გამო, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით მოეწყო დროებითი ტროტუარი.

დუმბაძის ქუჩაზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერის აღდგენის საკითხის შესწავლის შედეგად გადაწყდა, ახალი ბარიერის დამონტაჟება, ვინაიდან ძველი აღდგენას არ ექვემდებარება. ვინაიდან დუმბაძის ქუჩა არ არის ამხანაგობის საკუთრება, სამუშაოების ჩატარება თანადაფინანსების პროგრამით ვერ ხორციელდება, ამიტომ ახალი ბარიერის დამონტაჟება გათვალისწინებული იქნა 2019 წლის ბიუჯეტში.

მაზნიაშვილის ქ. N 10-ში დაზიანებული ხის შუშაბანდის აღდგენასთან დაკავშირებით, მოქალაქეს განემარტა, რომ სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ფრ. ხალვაშის ქ. N 328-ში ლიფტთან პანდუსის მოწყობის თაობაზე, მერიის შესაბამის სამსახურს უკვე მიეცა დავალება პროექტის მოსამზადებლად.

ბესიკის ქ.N42-ში სახურავის შეკეთება და საწვიმარი მილების შეკეთება შეტანილია შესასრულებელ სამუშაოთა სიაში,  მოთხოვნის შესაბამისად აღდგენილია ატრაქციონი.

ჭავჭავაძის ქ. N3-ში   მოსახლეობას განემარტა, რომ  შლაგბაუმის მოწყობისთვის საჭიროა ამხანაგობის განცხადება. რაც შეეხება გარე განათების საკითხს, ბოძი უკვე დამონტაჟებულია.

სამრეწველო უბანში არსებული პრობლემებისა და სკვერების, პარკების სიმცირის თაობაზე დასმული საკითხი აყვანილია კონტროლზე.  სამრეწველო უბნის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობს სკვერების შესაძლო ადგილების შერჩევა, რომლის შემდეგაც დაიწყება პროექტირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

მეჯინისწყლის უბანში  გარე განათების მოწყობა გახორციელდება 2019 წელს, ასევე, სანიაღვრე არხის საკითხი შეტანილია დასაპროექტებელ სამუშოთა სიაში, მიმდინარეობს ატარქციონის მოწყობის საკითხის დამატებით შესწავლა.

სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N94-ში სადარბაზოს კარის დამონტაჟების, ლიფტების გარემონტების, ლიფტების სახურავის შეკეთების საკითხის გადაწყვეტა დაგეგმილია 2019 წელს ამხანაგობების  თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ასევე დაგეგმილია ატრაქციონის დამონტაჟების საკითხიც.

სხდომაზე დასმული ახალგაზრდული, კულტურული პროგრამების გათვალისწინება  2019 წლის ბიუჯეტში, ასახულია ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.

„ღია კარის“ სხდომა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმია. სხდომაზე საკრებულო პერიოდულად ისმენს მოქალაქეთა მოსაზრებებს მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

„გრანდ გრილი“ – ხორცისა და თევზის ყველაზე მრავალფეროვანი რესტორანი ბათუმში

რესტორანი „გრანდ გრილი“ ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მოცეკვავე, ფერად ფანტანებთან ახლოს. „გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, მყუდრო გარემოში, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.

საქსაფონისტის, პიანისტისა და მევიოლინესაგან შემდგარი ბენდი ყოველ პარასკევს და შაბათს ცოცხალი მუსიკით ამრავალფეროვნებს რესტორნის სტუმრებისთვის საღამოს.

„გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, „გრანდ გრილი“ სტუმრებს თევზისა და ხორცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს, რაშიც უფასოდ შედის როგორც ალკოჰოლური, ასევე, გამაგრილებელი სასმელები.

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, „გრანდ გრილი“ სტუმრებს თევზისა და ხორცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს, რაშიც უფასოდ შედის როგორც ალკოჰოლური, ასევე, გამაგრილებელი სასმელები. მენიუს ფასი ერთი სტუმრისთვის 150 ლარია. 120 სტუმარზე გათვლილი რესტორანი კორპორაციულ საღამოებსაც მასპინძლობს.

„გრანდ გრილი“ ბათუმში იმ იშვიათი რესტორნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელბიც ძირითად აქცენტს თევზეულისა და ხორცის მრავალფეროვან ასორტიმენტზე აკეთებენ.

აქ მოსულ სტუმარს თევზის ნებისმიერი სახეობის დაგემოვნება შეუძლია, რაც კი შავ ზღვაში ბინადრობს. რესტორნის საფირმო კერძიც „გრანდ გრილი“ მარილში შემწვარი თევზია: დიდი ზომის თევზს მარილით ფარავენ და ასე აცხობენ ღუმელში დიდხანს, ნელ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანისას მარილი სტუმრის თვალწინ ტყდება, საიდანაც იდეალურად შემწვარი თევზი ამოაქვთ. ასე მომზადებულ თევზს პიკანტური გემო აქვს და როგორც ცნობილია, თევზიც მარილის მხოლოდ იმ დოზას ირევს, რაც აუცილებელია.

„გრანდ გრილი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე არდაგანის ტბასთან მდებარეობს
„გრანდ გრილი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბასთან მდებარეობს

თევზის ასორტიმენტს რესტორანში შემოგთავაზებენ როგორც შემწვარი, ასევე, მოხარშული სახით სოუსით და მის გარეშე, ფოლგაში, გრილსა და მაყალზე მომზადებულს. საფირმო კერძის „გრანდ გრილის“ შეკვეთისას რესტორანს აუცილებლად წინასწარ უნდა მიმართოთ.

რესტორანში, ძირითადად, თურქული კერძების ასორტიმენტია წარმოდგენილი, მაგრამ აქ ქართული კერძების შეკვეთაცაა შესაძლებელი. მწვადი, ქაბაბი და სხვა ხორცეული რესტორანში, ძირითადად ცეცხლზე, ნახშირსა და გრილზე მზადდება.

რესტორნის შეფმზარეული უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს და „გრანდ გრილში“ თევზეულისა და ხორცის მომზადების უმაღლეს ხარისხზეა პასუხისმგებელი. ის შეფმზარეულთა არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. არის მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულთა ასოციაციის წევრი და სტამბოლის შეფმზარეულთა კონკურსში საქართველოს სახელითაც მონაწილეობდა.

„გრანდ გრილში“ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი. როგორც თურქული იენი რაკი, ასევე ქართული, წითელი, შავი და თეთრი ღვინო
„გრანდ გრილში“ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი,. როგორც თურქული იენი რაკი, ასევე, ქართული წითელი, შავი და თეთრი ღვინო

როგორც თავად ამბობს, მისი საქართველოში გადმოსახლების მიზანი იყო ის, რომ ბათუმში ჩამოსული თურქი სტუმრებისთვის ქართული სამზარეულო გაეცნო, „გრანდ გრილში“ მოსული ქართველი სტუმრებისთვის კი იდეალურად მომზადებული თურქული კერძების ნამდვილი გემო ეჩვენებინა.

„გრანდ გრილში“ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი. როგორც თურქული იენი რაკი, ასევე ქართული, წითელი, შავი და თეთრი ღვინო.

ფასები რესტორანში ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეტიც, აქ მომსახურების 10%-ს არ იხდის სტუმარი და უმაღლესი ხარისხის სერვისი აქ მომსვლელებისთვის სრულიად უფასოა.

„გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე
„გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე

სწორედ სერვისია „გრანდ გრილის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება. იდეალური სისუფთავე, დახვეწილი გარემო და მომსახურე პერსონალის დამოკიდებულება თბილ, მეგობრულ და ოჯახურ გარემოს ქმნის, რის გარეშეც  უგემრიელეს კერძებსაც კი არ აქვს ფასი.

„გრანდ გრილში“ დღე ნებისმიერი სტუმრისთვის სასიამოვნოდ სრულდება. პიკანტურ, მრავალფეროვან კერძებს და გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას კი საღამოობით ბონუსად ხედი მოჰყვება, საიდანაც მოცეკვავე, ფერადი ფანტანები გჭრიან თვალს და ცას თოლიები სერავენ.

რესტორანი „გრანდ გრილი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
რესტორანი „გრანდ გრილი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24  დეკემბრის  21 საათიდან 25 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მთაში – თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 დეკემბერს, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – ითოვებს.

2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულად 2019 წლიდან პირველად გადადის პროგრამულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობით მოხდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შედეგების შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტების ასახვა.

ბიუჯეტის განხილვა
ბიუჯეტის განხილვა

2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11 457 900 ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (9 536 900) შედარებით 1 921 000 ლარითაა გაზრდილი. კვლავ პრიორიტეტული სფეროებია:

✔ ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება;

✔ განათლება და ტურიზმი;

✔ კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;

✔ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ბიუჯეტის განხილვა
ბიუჯეტის განხილვა

დაგემილია:

? მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება – 300 000 ლარი;

? წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა – 380 000 ლარი;

? შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია – 565 000 ლარი;

? დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები – 450 000 ლარი; ? დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა – 390 000 ლარი;

? ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა – 210 000 ლარი;

? აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა – 800 000 ლარი;

? პირველმაისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – 800 000 ლარი;

? სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბნისთვის საავტომობილო ხიდის მშენებლობა – 650 000 ლარი;

? გარეგანათებების ქსელის გაფართოება, ბაგა-ბაღების რემონტი, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ა.შ.

❗ ასევე, მიმდინარეობს 4 ახალ სოციალურ პროგრამაზე მუშაობა.

მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ უკვე განიხილეს, რომელიც მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს და მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  პრეზენტაციის სახით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარუდგინა.

ჯემალ ტაკიძე
ჯემალ ტაკიძე

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. დასმულ კითხვებს ქედის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე პასუხობდნენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით იქნა აუდიტორიის მიერ დასახელებული 10 შენიშვნა, რომელსაც უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურების მიერ გაკეთებული ანალიზის შემდგომ, შესაბამისი ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში მოხდება მათი გათვალისწინება.

2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე ქედის საკრებულო 28 დეკემბერს იმსჯელებს.

პ.ს. გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე ? www.gfa.ge

ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

„ჩვენ ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს… გვაქვს მენტალური პრობლემაც, ველოდებით ვიღაც მესიას, მდიდარ და კეთილ კაცს, რომელიც ჩამოგვირიგებს ფულებს და ჩვენ მარტო მხარ-თეძოზე გადაბრუნების უფლებას მოგვცემს. ასე არსად არ ხდება სინამდვილეში, ასე ხდება მხოლოდ ზღაპრებში. რეალურად ხალხმა უნდა  მოინდომოს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს ქვეყანა წინ…“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა ბათუმში შეკრებილ მოქალაქეებთან სიტყვით მიმართვის დროს. დღეს მან ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #9-ში „სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისი გახსნა.

თბილისის შემდეგ ბათუმი პირველი ქალაქია რეგიონებში, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა. მოძრაობის ოფისი მალე ქუთაისშიც გაიხსნება. ალეკო ელისაშვილმა აქცენტები პოლიტიკაზე ბათუმში გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.

„თუ ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას შევქმნით, ეს არ იქნება უბრალოდ მესამე ადგილისთვის და პოლიტიკაში ტივტივისთვის არ ვიბრძოლებთ. ვეცდებით, რომ ვიყოთ ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა. ჩვენი მიზანია, რომ ხალხის ხმა ისმოდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. ალეკო ელისაშვილს ვკითხეთ, რის მიხედვით შეარჩია მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერად ადამიანი, რომელიც აქამდე სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეული არ ყოფილა. [გენრი დოლიძეს ერთ-ერთი ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა ბათუმის საკრებულოში ჰქონდა, სადაც მან ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა.]

„ყველას ვკითხე, ვისაც ვიცნობდი ბათუმში, როგორ დაახასიათებდნენ გენრის. იყო მინიშნება, რომ იგი იყო ერთი კონკრეტული ფრთიდან და შესაძლოა ყოფილიყო ქსენოფობიაში ჩართული. რეალურად გენრი აპროტესტებდა იმას, რასაც მე ვაპროტესტებდი თბილისში. არ შეიძლება ქუჩას ცოცხალი ადამიანის სახელი მიანიჭო. მე ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნაში ვერანაირ ქსენოფობიას ვერ ვხედავ.

თბილისშიც არიან ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ დიდი სამოქალაქო აქტივიზმით. მთავარი იყო კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანის შერჩევა. სანთლით არის საძებარი კვალიფიციური ხალხი. მე მქონდა ბათუმშიც ბევრთან შეთავაზება, მაგრამ თავად ადამიანს უნდა უნდოდეს ეს,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რა აწუხებს ხალხს“, – მიმართა შეხვედრაზე შეკრებილებს გენრი დოლიძემ, თუმცა მან თავი შეიკავა ესაუბრა კონკრეტულ პრობლემებზე, რაც მისი აზრით, ბათუმს აწუხებს.

„ბათუმს ყველაზე მეტად აწუხებს სოციალური პრობლემები, ასევე ადამიანის უფლებები… კონკრეტულად ვერ გეტყვით, ყველა ჯგუფის უფლება ირღვევა. ვისაც გაუჭირდება, ვინც მოგვმართავს, ყველა ამ პრობლემაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. რა ფორმით, ამას მოვიფიქრებთ,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ.

რადგან „სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება ადამიანის უფლებებზე გაამახვილა, ჩვენ მას დაკონკრეტება, მაგალითად, მუსლიმ თემზე ვთხოვეთ, რომელსაც ამ დრომდე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ. გენრი დოლიძემ ამ საკითხზე საუბრისგანაც თავი შეიკავა.

„ეს ისეთი საკითხია, რომ ამ წუთში არ მექნება პასუხი. არ ვარ ღრმად ჩახედული ამ საკითხში, სანამ ნიუანსები არ მეცოდინება და ორივე მხარის პოზიცია, მანამდე შესაძლოა ეს იყო არაკომპეტენტური, ოფიციალური პოზიცია ვერ მექნება,“ – აღნიშნა გენრი დოლიძემ.

ვინ აფინანსებს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“?

„არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს ივანიშვილი მაფინანსებს, ან „ნაციონალური მოძრაობა“… რეალურად მე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ორჯერ ვიყავი ბრიუსელში და დაფინანსება მივიღეთ ევროპის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდისგან. მათ აინტერესებდათ, როგორ მოვახერხე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ძალიან ცოტა ფულით მეორე ადგილზე გასვლა. აინტერესებდათ, ასევე, ვაპირებდი თუ არა სამოქალაქო აქტივიზმს. ერთი კაცის სოლო რომ არ ყოფილიყო ეს, ამიტომაც დავაფუძნეთ სამოქალაქო მოძრაობა. გვინდა ასევე რეგიონული ოფისები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავხსნათ“, – გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე, მოძრაობას გრანტის სახით 200 ათასი ევრო აქვს მიღებული, რაც წელიწადნახევარზეა გათვლილი.

მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 2019 წელს დასრულდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ღორჯომში მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 795 000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი ამხანაგობა „კაპიტელი+“ ახორციელებს.

პროექტი გარდამავალია და 2019 წელს დასრულდება.

სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ფოტო: ხულოს მერია

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 დეკემბერს, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – ითოვებს.

შსს ამბობს, რომ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.

სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ” – აღნიშნულია შს სამინისტრომ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

_________________

მთავარი ფოტო არქივიდან.

„მას მხარს ვერ დავუჭერდი“ – ირაკლი ჭეიშვილი აჭარაში აუდიტის სამსახურის უფროსის დანიშვნაზე  

მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო და სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ. გენერალურ აუდიტორს კახაბერ კირტავას დანიშვნა სურს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე აჭარაში, რასაც უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე უარს ამბობს. კახაბერ კირტავა 2011 წლიდან დღემდე აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია აჭარაში.

„წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამაც მას უარი უთხრა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაძლოა, ის იყო მსხვერპლი იმ წინა ხელისუფლების, მე ამასაც ვამბობ. მე მხარს ვერ დავუჭერდი, ვიცი, რომ ძალიან კომპეტენტურია. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში და აკრიტიკებ წინას, არ შეიძლება იმ პოლიტიკის მატარებელი ადამიანი მოიყვანო,“ – ასეთი ახსნა აქვს ირაკლი ჭეიშვილს იმაზე, თუ რატომ თქვა ამჯერადაც უარი უმაღლესმა საბჭომ კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე. ირაკლი ჭეიშვილი უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც მუშაობდა და მაშინდელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსიც იყო.

ირაკლი ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შედარება არ არის სწორი, რადგან „კირტავას დროს ადამიანებს იბარებდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ფულის შეწირვის გამო გაუმართლებელ სანქციებს აკისრებდნენ, მე განყოფილების უფროსი ვიყავი…“ – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა. მან ამის მაგალითად დეპუტატი დავით ბაციკაძე დაასახელა, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შეწირვის გამო ნამდვილად დააჯარიმეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ პირველი პირი აჭარაში ამბობს, რომ გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. ირაკლი ჭეიშვილს ვკითხეთ, რატომ არ მოიაზრება გუნდის ნაწილად აუდიტის სამსახური? – კახაბერ კირტავას კანდიდატურა ამჯერად ირაკლი მექვაბიშვილმა წარმოადგინა. იგი გასული წლის შემოდგომაზე დანიშნეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე.

„გუნდი ერთი ვართ, მაგრამ გუნდის შიგნითაც არის ბჭობა. შეიძლება ერთს მოსწონდეს და სხვას – არა,“ – განმარტა ირაკლი ჭეიშვილმა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან საუბარი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ჰქონდა და წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამჯერადაც დეპუტატები კირტავაზე უარს იტყოდნენ.

კონსულტაციებს უარყოფენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. „გენერალური აუდიტორი პირდაპირ წარადგენს თავის კანდიდატს და კონსულტაციების ფორმატი, ზოგადად, არ გვაქვს,“ – მოგვწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრიდან. აუდიტის  სამსახურიდან ასევე მოგვწერეს, რომ გაუგებარია, რატომ ამბობს უარს უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავაზე.

„კახაბერ კირტავას კანდიდატურა შერჩეულია პროფესიული ნიშნით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის უცნობია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია. კახაბერ კირტავა ამჟამად კვლავ ასრულებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ის არის მაღალი კლასის პროფესიონალი, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი კადრი, შესაბამისად, არ გვაქვს მიზეზი მისი კანდიდატურის მოხსნის. დეპუტატების არგუმენტებს რაც შეეხება, კირტავას არავითარი შეხება არ ჰქონია მათ მიერ ნახსენებ თემებთან“, – აღნიშნულია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს ჩვენ კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვით: რატომ არ დგება კახაბერ კირტავას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ის უკანონოდ მოქმედებდა 2012 წლამდე და რამდენად ნორმალურია, როცა მეშვიდე წელი უმაღლესი საბჭო და აუდიტის სამსახური ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ?

„კი, ეს ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესია თავიდან ბოლომდე. ეს უმაღლესი საბჭოა, არჩევითი ორგანო და ხშირ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს… მე არ ვიცი სამართლებრივ ნაწილში იყო თუ არა დანაშაული. მე მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე,“ – გვითხრა დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.

რა როლი აქვს შესრულებული 2012 წელს კახაბერ კირტავას მაშინდელი ოპოზციის და დღეს უკვე სახელისუფლებო წევრების დაჯარიმებაში? – ეს კითხვა გვინდოდა თავად კახაბერ კირტავასთვის დაგვესვა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

 

 

 

რეინჯერი ქალები საქართველოდან

დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 358 რეინჯერი მუშაობს, მათგან მხოლოდ ოთხია ქალი. სალომე იდოიძე თუშეთის ეროვნულ პარკში, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთის, ეკა ბაჩილავა  – მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნულ პარკში ასრულებს მოვალეობას.

როდის, როგორ და რატომ გახდით რეინჯერი? – ეს კითხვა ყველა მათგანს დავუსვით.

„2012 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჩემი განაცხადი მიიღეს იმის შესახებ, რომ რეინჯერობა მინდოდა. თურმე სააგენტოში ხუმრობა ეგონათ და არ იჯერებდნენ. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე ჩვეულებრივად იღებენ ასეთ განაცხადებს და იმედი მაქვს, საზოგადოებისთვისაც ასეთივე ჩვეულებრივი ამბავი გახდება,“ – ამბობს სალომე იდოიძე.

სალომე პირველი ქალია საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა რეინჯერი გამხდარიყო. გახდა და უკვე თითქმის შვიდი წელია თავის საქმეს ერთგულად ემსახურება.

სალომე იდოიძე

„2012 წლის გაზაფხულზე დავიწყე რეინჯერის საქმიანობა. მე თავად თუში ვარ და იქ ვცხოვრობ. ვხედავდი, როგორ შეიქმნა ეროვნული პარკი და მას შემდეგ წლიდან წლამდე როგორ ვითარდებოდა თუშეთი – რამხელა სარგებელი მოუტანა მოსახლეობას ამ ყველაფერმა. თავად ვარ ბუნების და მთის ძალიან მოყვარული, არ შემიძლია დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება. ამიტომ ისეთი სამსახური მინდოდა, რომელიც თუშეთთან იქნებოდა დაკავშირებული და ამავე დროს ფიზიკურ აქტიურობასთან, ბუნებასთან, მოძრაობასთან…

რეინჯერობა აღმოჩნდა ასეთი სამსახური – ყველაფერი ერთადაა. მუშაობასთან ერთად შემიძლია მივიღო უდიდესი სიამოვნება. მოყვარული ფოტოგრაფი ვარ, ფოტოაპარატი ყოველთვის თან დამაქვს და საშუალება მაქვს, დავიჭირო საინტერესო კადრები,“ – ამბობს სალომე.

გვიყვება, თუ რა მოვალეობა აქვს რეინჯერს. მისი თქმით, რეინჯერის სამუშაო მოიცავს ყველაფერზე მეთვალყურეობას, რაც შეიძლება მოხდეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; იქნება ეს ტურისტების უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონტროლი დანაგვიანებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი თუ სხვა. კითხვაზე, რამდენად რთული სამუშაოა, სალომე ამბობს:

„სირთულეს რაც შეეხება, მაგაზე ასე ცალსახა პასუხის გაცემა არ შეიძლება. ყველაფერი თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული და არანაირად სქესზე. ვიცნობ ბევრ კაცს, ვისაც ძალიან გაუჭირდება რეინჯერობა და ამავე დროს ვიცნობ ბევრ ქალს, ვისთვისაც არ იქნება არანაირი სირთულე ამ საქმიანობაში. მე, მაგალითად, გაცილებით რთული მგონია წლების განმავლობაში ერთ პატარა ოთახში ჯდომა და მუშაობა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ სამუშაოს სირთულე სქესზე კი არა, ინდივიდზეა დამოკიდებული. 7 წელი სრულდება რაც ვმუშაობ, ახლა გავიგე, რომ უკვე 4 ქალი რეინჯერი ვართ. ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, რომ თანდათან მიხვდებიან – არაფერია ამ საქმიანობაში ქალისთვის შეუფერებელი, რთული და კიდევ უფრო გაიზრდება დაინტერესებულთა რიცხვი,“ – ამბობს სალომე იდოიძე.

ეკა ბაჩილავა

ეკა ბაჩილავა მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერად 2016 წლის ივლისიდან მუშაობს.

„რეინჯერობა მომინდა იმიტომ, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. მანამდე, სანამ მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორია იჯარით გაიცემოდა, მენავედ ვმუშაობდი. ტურისტები გადამყავდა.  როცა გახდა ცნობილი, რომ დაცული ტერიტორია უნდა ყოფილიყო და ვაკანსია გამოცხადდა, მაშინვე შევავსე სივი, გავიარე გასაუბრება და სამსახურში მიმიღეს.

რთულია თუ არა? როცა ბუნება და როცა შენი საქმე გიყვარს, არაფერი არაა რთული. 31 წლის ვარ. სკოლა მარტვილში დავამთავრე. ქუთაისში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დაწყებითების მასწავლებელი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია.

რას ამბობს ხალხი? უმრავლესობას უხარია. მოსწონთ. „ვაა, საღოლ ქალიო,“ – ამბობენ, როცა მხედავენ რეინჯერის ფორმაში“.

თეკლა ხიბლაშვილი

თეკლა ხიბლაშვილი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერი 2017 წელს გახდა. რეინჯერთა შესარჩევ კონკურსში მასთან ერთად მისი შვილი და სხვა თანასოფლელი კაცები მონაწილეობდნენ. სამსახური თეკლამ მიიღო, კაცებმა – ვერა. მის რეინჯერობას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა ამბობს, რომ „ყველა ყველაფერს შეეგუა“.

„ფშავში 5 რეინჯერია, უფროსი რეინჯერის ჩათვლით. ამ ხუთიდან მხოლოდ მე ვარ ქალი. ეროვნული პარკი, საიდანაც იწყება ფშავი, აი იქვე ვცხოვრობ, სოფელ ზარისჭალაში. 43 წლის ვარ. ამ სამსახურამდე, ძირითადად, სოფლის მეურნეობას ვეწეოდი. ასევე პედაგოგი ვიყავი – შუაფხოს სკოლაში ხელოვნებას ვასწავლიდი.

მთელმა ფშავმა სასწაულად შეიცხადა ჩემი რეინჯერობა, ზოგი ძალიან სიხარულით შეხვდა, ზოგს გაუკვირდა. ზოგი კონკურენტი იყო, კაცები. კონკურენტები ძალიან ცუდად შეხვდნენ – ქალმა როგორ გვაჯობაო.

აქ, ფშავში, ადგილობრივი ჩვენი უფროსი რეინჯერი ვინცაა, პირდაპირ გამომიცხადა – მე ქალი რეინჯერი არ მჭირდებაო, ვერ იმუშავებო. არადა, ერთი სოფლიდან ვართ, ერთადა ვართ გაზრდილები და იცის ჩემი შესაძლებლობები. მე ვუთხარი, თუ არ შემეძლება, ვნახოთ, მაგას მე გამოვცდი-მეთქი. ასე ძალისძალად გავიტანე ჩემი.

როგორ შეეგუა? – რას იზამს ახლა, მეტი გზა არა აქვს, უნდა შეეგუოს. შეიძლება დღესაც არაა შეგუებული, მაგრამ ეგუება. შევაგუე.

ოჯახს რაც შეეხება, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. აქ გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობაც, მთაში არანაირი სამუშაო ადგილები არაა და თუკი რაღაცა ადგილი გამოჩნდება, აქ უკვე გენდერული თანასწორობაა – ვინ დაეძებს, ქალია თუ კაცი. ქმარსაც უნდოდა ისე რეინჯერობა, შვილსაც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ამიყვანეს.

დილით ვიწყებ ცხრა საათზე მუშაობას, გავდივარ პატრულირებაზე, ჩვენ თითოეულ რეინჯერს გვაქვს ჩვენ-ჩვენი სარეინჯერო, იმას ვმეთვალვყურეობთ. როგორც გვითხრეს, გაზაფხულიდან ცხენებით უნდა ვიაროთ, მთაზე უნდა ვიპატრულიროთ.

ლუსინე დოსტიბეგიანი

ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერია. ის ამბობს, რომ ამ სამსახურმა, ბავშვობის ოცნება აუსრულა.

„2018 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა. ბავშვობიდან მინდოდა ეროვნულ პარკში მუშაობა. თან თეთრწყაროში ვცხოვრობ და აქედან წასვლა არ მინდა არსად. როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა, შევიტანე განაცხადი და დამიბარეს, გავიარე გასაუბრება და დავინიშნე.

ძალიან რთული სამუშაო არაა, თუმცა თავისი სირთულეები, რა თქმა უნდა, აქვს. მე ასე ვხედავ – თუ გიყვარს საქმე რთული არაფერი არაა. თუ გინდა, რომ კარგი რეინჯერი გამოხვიდე, უნდა მიყვე ამ საქმეს.

ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი სურვილი, რეინჯერი გავმხდარიყავი. აქტიური სპორტული ტიპი ვარ, სულ ლაშქრობებში დავდივარ და ამიტომ დიდად არავის გაკვირვებია. უბრალოდ, ერთი-ორმა კაცმა თქვა, რად გინდოდა რეინჯერობა, ტყეში რომ დადიხარო, ან რა საშენო საქმე არისო ეგ. ყველას ვუთხარი – მე შემიძლია. არაფერი არაა ისეთი, რატომ ვერ უნდა შევძლო?

ქალის საქმე, კაცის საქმე არ მესმის. კი, ჩვენთან არის რაღაც შეხედულებები, მაგრამ მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ხალხს, ვისაც ქალის საქმე სახლში ჯდომა ჰგონია, არ ვეთანხმები.

სხვა რეინჯერ ქალებს არ ვიცნობ – ერთ-ერთზე მქონდა წაკითხული. ორი-სამი წლის წინ დაიწერა სტატია, ცხენზე იყო ამხედრებული გოგო და მასზე ეწერა, რომ რეინჯერია. ძალიან გულზე მომხვდა – იმიტომ რომ მეც მინდოდა რეინჯერობა. ჰოდა აი, დღეს რეინჯერი ვარ“.

________________________

მთავარ ფოტოზე: სალომე იდოიძე

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება.

„ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, რადგან პრეზენტაცია ხვალისთვისაა ჩანიშნული.

გენრი დოლიძეს ერთ-ერთი ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა ბათუმის საკრებულოში ჰქონდა, სადაც მან ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა. 2017 წლის იანვარში პეტიციით მოითხოვეს ქუჩისთვის სახელის შეცვლა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ 2018 წლის 29 ნოემბერს უარი თქვა. [წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსული იყო ქალაქ იზმირში.]

„სამოქალაქო მოძრაობა“, როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია 7 დეკემბერს დაფუძნდა თბილისში. მოძრაობის პრეზენტაციის დროს დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავს.

„ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მიზანი არის ერთი: ვხედავთ, ეს ქვეყანა როგორ იხლიჩება ორ პოლიტიკურ ძალას შორის და ამ დაპირისპირებით იმდენად გართულები არიან თავად ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, სულ დაავიწყდათ ქვეყანა, ხალხი და ის, რომ ხალხს ყოველდღიურად აქვს რეალური, ხელშესახები პრობლემები, რომელზეც არავინ არ ფიქრობს და საერთოდ არის დავიწყებული,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

„უცნობი ძველი აჭარა“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

კვირას, 23 დეკემბერს, ბათუმში  სულხან სალაძის წიგნის – „უცნობი ძველი აჭარას“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცა 2018 წლის სექტემბერში. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ.

წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში. ფოტომასალა მინის ნეგატივებზეა დაცული აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდში და იგი პირველად ქვეყნდება.

პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა.

„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომისა“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ. წიგნის პრეზენტაციაზე გაეცნობით “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ მომზადებულ ისტორიულ ტურს – “წითელი ტერორის ტოპოგრაფია – ბათუმი”.

პრეზენტაციაზე ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა, მოუსმენთ ანსამბლ “ელესას” და დააგემოვნებთ ქვიშაზე მოხარშულ ბათუმურ ყავას. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „ლე პორტეში“, კვირას, 23 დეკემბერს.

დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი: 17:00 საათი
მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა #30. სასტუმრო „ლე პორტ“, საკონფერენციო დარბაზი.

განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე

„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და მიქელაძე სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის შესაბამისად გაასამართლა. ეს მუხლი გულგრილობას გულისხმობს კერძო სექტორში.

“თქვენ კი ამტკიცებდით, რომ იქ არ იყო საწყობი, მაგრამ საწყობი იქ იყო,” – მიმართა მოსამართლემ გიორგი მიქელაძეს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მეორე მსჯავრდებულს – ფათიჰ იავუზსაც მიმართა.

“მეტ სასჯელს იმსახურებდით, მაგრამ ეს თქვენმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა გადამაფიქრებინა… თქვენ მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ მიიჩნიეთ, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თქვენს ქცევას სასამართლო პროცესებზე, მაგრამ შედეგი მძიმეა, ძალიან მძიმე,” – თქვა მოსამართლემ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო. გამოძიებამ ბრალი ამ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერს ფათიჰ იავუზს და საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს წარუდგინა.

პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, სახანძრო სისტემის უსაფრთხოება სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს, ფათიჰ იავუზს და ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს უნდა უზრუნველეყოთ.

ამ თემაზე:

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

 

გოდერძიზე სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო.

კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

კურორტ “გოდერძიზე” დასვენების ფასებისა და სერვისის  შესახებ ინფორმაციას იპოვით აქ.

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

მედია მერიას ერჩის – საკრებულოს წევრის მოსაზრება კვლევის პრეზენტაციაზე

„ძალიან საინტერესო და რეალური იყო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“ – ასე შეაფასა  საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ კვლევა, რომელშიც საკრებულოსა და მერიის მუშაობაზე კარგი არაფერი იყო ნათქვამი. თუმცა მან თქვა ისიც, რომ მოსახლეობას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც მათ ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. საკრებულოს წევრს ჰქონია გამოცდილება, რომელიც სულ სხვას ამტკიცებს.

„რაც შეეხება მოსახლეობასთან კომუნიკაციას, პრაქტიკა რაც მაქვს, იქედან გამომდინარე გეტყვით, რომ მოსახლეობა ყოველთვის იტყვის არ ვართ ჩართულიო. მე რომ ბათუმის კორპუსის დირექტორი ვიყავი, ხანდახან მოდიოდა მთავრობა ან მერი მოსახლეობასთან შესახვედრად, ყოველთვის ამბობდნენ ჩვენ არაფერი ვიცითო – იგივე მოქალაქე ჩემთან ათჯერ კაბინეტში იყო ნამყოფი და ჩემზე კარგად იცოდა პროგრამები. ხშირი იყო ასეთი შემთხვევები,  ეს რთული თემაა. მხოლოდ ამხანაგობების თავმჯდომარეები და ერთი და იგივე  ხალხი აქტიურობს და ძალიან ძნელია სხვების მოზიდვა“, – განაცხადა ზურაბ ნაკაიძემ.

კოლეგას რეპლიკით გამოეხმაურა საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე. „ისიც ზოგიერთი ამხანაგობის თავმჯდომარე“, – დააზუსტა მან.

ზურაბ ნაკაიძემ ამავე გამოსვლაში დაასახელა ისიც, თუ ვისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი – მან მედია დაადანაშაულა: „ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ და მედია, მედია კი პასიურობს. სულ სხვა რამეზეა გადართული, პირდაპირ ვიტყვი.“

საკრებულოს წევრის თქმით, რომელიც სხდომებზე ძირითადად ჩუმადაა და საკითხების განხილვაში თითქმის არ მონაწილეობს, მედია მერიას მიზანმიმართულად ერჩის. „მიზანმიმართულად მიდის მერიის ლანძღვა, რაც არ უწყობს ხელს საქმის წინსვლას“, – განაცხადა ზურაბ ნაკაიძემ შეხვედრაზე.

„საქებრად სხვა ორგანო შეარჩიეთ“ – უპასუხეს მას დარბაზიდან. ამის შემდეგ კი ზურაბ ნაკაიძემ გულის ტკივილი სხვაგვარად ახსნა: „შემოგვთავაზონ ეთერი, მივალთ ვისაუბრებთ. ვიღაცა კითხვას დასვამს, დარეკავს. რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი დისკუსიები მედიაში, ხალხიც უფრო ჩაერთვება“.

ეს მოკლე მონაკვეთია დისკუსიიდან, რაც კვლევის მიმოხილვას მოჰყვა, უმეტესი დრო ქალაქის ურბანული პოლიტიკის პრობლემების განხილვას დაეთმო.

  • რას ამბობს კვლევა თვითმმართველობის მუშაობაზე

ბათუმში მოქალაქეების განწყობა თვითმმართველობის მიმართ, უმეტესწილად  უნდობლობითაა გამსჭვალული.  სტუდია „რეკის“ მიერ NDI-ს  მხარდაჭერით ჩაატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ბათუმელთა აზრით, თვითმმართველობის ორგანოებისადმი მიმართვით არსებითად არაფერი იცვლება – „რა აზრი აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება“.

ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ამ მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე მაგალითი დაასახელეს. მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა საკრებულოს სხდომას, სადაც განიხილეს „მწვანე კონცხის“ ერთი ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა.

„ბოლო სხდომაზე, სადაც მწვანე კონცხის ნაწილს შეუცვალეს რეკრეაციული ზონის სტატუსი, საკრებულოს წევრების უინიციატივობა და საკითხზე მსჯელობა კრიტიკას ვერ უძლებდა. მთელი შეხვედრა იყო არა არსებითი კამათი, არამედ ჩხუბი და კინკლაობა რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ოპოზიციონერ წევრს ეჩხუბებოდნენ იმის გამო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არ იყო ფეხზე დამდგარი საუბარი, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელი განხილვაზე საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი საპრეზიდენტო კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა საკრებულოს სხდომაზე,“  –  ამბობს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ამავე კვლევით, ბათუმის მოსახლეობის ფოკუსჯგუფის მონაწილეთა ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა ყველა მსურველისთვის – „ისიც არ ვიცოდი, ღია თუ იყო საკრებულოს სხდომა და შეეძლო მოქალაქეს დასწრება“.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში. საჭირო ინფორმაციის მისაღებად თვისებრივი კვლევის მეთოდი – ფოკუსჯგუფი გამოიყენეს. გამოკითხვაში მონაწილეობდა – მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ფოკუსჯგუფში, რომლის წევრებიც ბათუმელი მოსახლეობისგან შეარჩიეს, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობით ნაკლებად დაინტერესების კიდევ რამდენიმე მიზეზი დასახელდა.

მოსახლეობაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები  სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში უშუალოდ არ უნდა ერეოდნენ, რადგან ეს მათი საქმე არ არის  – „ხელისუფლება იმისთვისაა, რომ თავად მოაგვაროს პრობლემა“.

ბათუმის მერიის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, მოსახლეობის ფოკუს ჯგუფის მონაწილეები უფრო მეტად ინფორმირებულები აღმოჩნდნენ. მერიას ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვასთან, დასუფთავებასთან, ტრანსპორტთან და გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართავენ.

ფოკუსჯგუფებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყველაზე სუსტი მხარე ზედამხედველობის და მონიტორინგის განხორციელებაა: „ჩემი დაკვირვებით, სუსტი წერტილი არის ზედამხედველობა და მონიტორინგი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ობიექტებს არ აჯარიმებს. ყველაზე სუსტი რგოლი ეს არის“.

ხოლო ყველაზე დადებითად შეფასდა „სანდასუფთავების“ სამსახურის მუშაობა, რომელიც, გამოკითხულთა შეფასებით, დროულად რეაგირებს მოქალაქეთა მიმართვებზე – „სანდასუფთავება ალბათ უფრო ეფექტიანად მუშაობს და დროულად რეაგირებს ხოლმე“.

კვლევის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის ფოკუსჯგუფის მონაწილეები თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით იღებენ.

კვლევაში მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები კი ყველაზე მეტად კრიტიკული ბათუმის საკრებულოს საქმიანობის მიმართ არიან. მათი შეფასებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც საკრებულოს წევრები სხდომაზე დისკუსიაში არ ერთვებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი არსებითად არ განიხილება.

კვლევის პრეზენტაციას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

კვლევის პრეზენტაცია

ძეგლის ისტორიის გაცოცხლება „ჩეხოვის სახლში“

„ჩეხოვის სახლში“-  ღონისძიება, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა ურბანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და აღნიშნული ძეგლის ისტორიის გაცოცხლებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა; მწერალმა, პუბლიცისტმა რამაზ სურმანიძემ საზოგადოებას აღნიშნული შენობის ისტორია გააცნო, მოუთხრო იმ ადამიანების შესახებ, რომელთა მოღვაწეობაც დაკავშირებული იყო ამ სახლთან.

„კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ მადლობის სიგელი გადაეცა რამაზ სურმანიძეს
„კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ მადლობის სიგელი გადაეცა რამაზ სურმანიძეს

„კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“ მადლობის სიგელი გადაეცა რამაზ სურმანიძეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირება (,,ბედნიერი ბილეთი’’, ,,ბოროტმოქმედი’’, ,,მიამიტი’’). რეჟისორი  – გაბრიელ გოშაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის წარმომადგენლები.

წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირება
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის მოთხრობების ინსცენირება

 

იყიდება ლია უკლებას ნახატები

„საკერავი და სხვა მანქანები“, „მაღაროელი ბავშვი“, „არჩევნების ღამე“ – მხატვარმა ლია უკლებამ ამ ნამუშევრების გაყიდვა იმიტომ გადაწყვეტა, რომ მიღებული თანხის ნაწილი სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს მოახმაროს.

17 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) დედასთან და 15 წლის დასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. მამა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ოჯახი წლებია სოციალურად დაუცველია.

გიორგი აბიტურიენტია. რადგან სკოლაში მიღებული განათლება, ეროვნულ გამოცდებზე წარმატებისთვის საკმარისი არ არის, რეპეტიტორებთან სწავლა სჭირდება. ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. განათლების მიღება მისი ცხოვრების შეცვლისა და სიღარიბიდან ამოსვლის წინაპირობაა. შესაბამისად, ნახატის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ ამ მიზანს მოხმარდება.

ნახატის შესყიდვის მსურველს მივაწვდით ამონაწერს სოციალურად დაუცველთა ბაზიდან.

საკერავი და სხვა მანქანები, ზომა – 60/80 ტილო/ზეთი. გაიყიდა.
არჩევნების ღამე, ზომა –  40/50, ტილო/აკრილი. გაიყიდა.
მაღაროელი ბავშვი, ზომა – 80/100, ტილო/ზეთი, ფასი: 2000 ლარი.

ვისაც ინდივიდუალურად გსურთ გიორგის მხარდაჭერა, გიტოვებთ ჩემს საბანკო რეკვიზიტებს:

ანგარიში: GE17PC0113600100031478 ;
პროკრედიტ ბანკი, ბანკის კოდი: MIBGGE22

გივი ავალიანი,
ნეტგაზეთის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.
მობ: 555 928 928

მხატვარი, ფემინისტი და აქტივისტი, ლია უკლება საკუთარი შემოქმედებით ხშირად აკრიტიკებს სოციალურ უთანასწორობას.

საზოგადოების ნაწილი კი მხატვარს თავის აქტივიზმის გამო აფასებს: მხატვარი წლებია მუშაობს ადამიანის უფლებების, კონკრეტულად კი, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც გადასცეს ლია უკლებას კატო მიქელაძის პრემია.

1 604 523 ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  ინფორმაციით, ბრალდებულები  სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების სახელზე არეგისტრირებინებდნენ საწარმოებს და  მათი საშუალებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,   ახორციელებდნენ ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს,  რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება.

„გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა  1 604 523 ლარს შეადგენს“.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Exit mobile version