“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული.
გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო, სასამართლოს მხოლოდ 40-მდე მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.
სასამართლო სხდომაზე არც ბრალდებულები გამოცხადდნენ. “იცოდნენ, რომ პროკურორი არ იქნებოდა,” – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ, რომელიც ბრალდებულ ზაზა ჯიქიას ინტერესებს იცავს.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2016 წლამდე სასამართლოში შესული საქმეების განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს. ამ ჩამონათვალშია „პატიმრების წამების საქმეც“, რომლის პროცესებიც იშვიათად იმართება.
19 მარტს გამართულ პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებდა. მან რამდენიმე დღეც დააანონსა, როცა სასამართლო დილიდან საღამომდე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენდა, თუმცა მაისის შემდეგ პროცესი აღარ ჩანიშნულა.
რა მოხდება პირველი იანვრიდან? – ეს შეკითხვა “ბათუმელებმა” ადვოკატ პაატა ბოლქვაძეს დაუსვა. ადვოკატი კანონის პრობლემაზე მიუთითებს, სადაც ბუნდოვნადაა დარჩენილი მსგავსი საქმეების ბედი.
“ლოგიკურად საქმის განხილვა უნდა შეწყდეს, რადგან კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა 2016 წლიდან რამდენიმე დღეში იწურება… საქმის შეწყვეტა უნდა მოითხოვოს ბრალდების ან დაცვის მხარემ, მაგრამ ვერც ერთი ამას ვერ გააკეთებს, რადგან შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კანონი არ აკონკრეტებს, რა უნდა მოხდეს, თუკი საქმის განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე არ დასრულდება. შესაძლებელია, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგეს და ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია,” – გვითხრა პაატა ბოლქვაძემ.
პაატა ბოლქვაძე არ მიიჩნევს, რომ საქმის განხილვა გაჭიანურებულია იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ დაიწყეს მოწმეების დაკითხვა და ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი ისევ დასაკითხია.
ბრალდებულები ამ საქმეზე გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 198.99 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 100 გრამი) გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, „აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული“.
უწყების ცნობით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 13-16 დეკემბერს, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (20 ამპულა და 43 აბი) და ფსიქოტროპული (245 აბი და 2 ბოთლი ,,HISTAFED SYRUP“ – PSEVDOEFEDRINE 30 მგ./5მლ) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 145 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს.
კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 22.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა – 12 ფაქტი, ხოლო თბილისში – 19 ფაქტი დაფიქსირდა.
მედიასივრცეში ქართულმა რეკლამამ დიდი ევოლუცია განიცადა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინსვლა რეკლამის ტექნიკურ ნაწილს შეეხო, შინაარსობრივად კი რეკლამებში კვლავ დიდი დოზითაა სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპი.
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები პროდუქტის რეკლამირებისთვის გენდერული სტერეოტიპების გარდა, პროდუქციას სქესის მიხედვით ასხვავებენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ ახსენებს რეკლამის დამკვეთებს, რომ პროდუქტები და ნივთები არ იყოფა სქესის მიხედვით: “საყოფაცხოვრებო ნივთებს კაცებიც იყენებენ, შოკოლადს, საღეჭ რეზინს, სასმელსადა ნებისმიერ სხვა პროდუქტს სქესი არ აქვს. თუ უცნაურად გეჩვენება, ეს გენდერული სტერეოტიპია. ნუ გამოიყენებ დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს შენი პროდუქტის რეკლამირებისთვის!“
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ დისკრიმინაციის წახალისებასა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის მჭირდო კავშირია. ის სექსისტური რეკლამის ორ სახეს განიხილავს: რეკლამები, სადაც გვაქვს აშკარა ვიზუალიზაცია, რომელიც ძალადობას ან/და ქალთა უთანასწორო მდგომარეობას განამტკიცებს და, შედარებით შეფარული, რთულად ამოსაცნობი სექსიზმი რეკლამაში – ქალთა ობიექტივიზაცია, როცა ქალები გამოყენებულნი არიან რაიმე მარკეტინგული ნიშნით, რომ საქონელი გაიყიდოს, რა დროსაც ქალს აკნინებენ.
„ვფიქრობ, ჩვენ პირველ ეტაპზე ვართ, როცა დავა გვიწევს აშკარად უთანასწორობის მესიჯის მატარებელ რეკლამებზე. სამწუხაროა, რომ სანამ სახალხო დამცველი არ იტყვის – “ქმარი არ არის ბანკომატი“, იქამდე ჩვენ ვერ ვამტკიცებთ ამას. ნელა იცვლება ეს სტანდარტი, ერთი და იგივე შეცდომები არ უნდა მეორდებოდეს. მაგალითად, ყოველ ახალ წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ქალი რეკლამაში გამოყვანილია როგორც სამზარეულოს ტექნიკაზე დახარბებული ადამიანი, რადგან, თურმე სამზარეულოში ქალი უნდა იყოს,” – ამბობს ანა არგანაშვილი.
თუ ადრე რეკლამებში ქალები პირდაპირი მნიშვნელობით სექსის ობიექტებად იყვნენ წარმოჩენილნი,
ლუდის სექსტისტური რეკლამა. გადაღებულია დაახლოებით 10 წლის წინ:
დღეს ეს სურათი შეიცვალა და ფაქტი დღევანდელ სარეკლამო სივრცეში უფრო შეინიღბა. მაგალითად, გამოჩნდა სექსისტური რეკლამები სოციალური ქსელისთვის, სადაც რეკლამების ეთიკურობას მხოლოდ ცალკეული ჯგუფები აკვირდებიან და აპროტესტებენ:
ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის მიერ მომზადებული რესტორნის რეკლამა
საქმე ის არის, რომ რეკლამას ძირითადად კერძო სექტორი აკეთებს, სახალხო დამცველის გავლენა კი, კერძო სექტორზე მცირეა.
„კანონი არ შეცვალა პარლამენტმა და კერძო სექტორი, უნდა გაითვალისწინებს ომბუდსმენის რეკოენდაციას, უნდა – არა. სანქციაც არ არის დაწესებული. ჩვენთან ეს რეპუტაციური დავები არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ისე, რომ მათ ყოველთვის უღირდეთ თავიანთი რეპუტაცია. ამიტომ თუ სანქცია არ არის, ისინი, უბრალოდ, არ ითვალისწინებენ რეკომენდაციას. პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონი და უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
არის შემთხვევები, როცა ფეისბუქში საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ კომპანიის მიერ სექსისტური რეკლამის საპასუხოდ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს დადებითი შედეგი აქვს და ესა თუ ის ორგანიზაცია რეკლამას ცვლის ან საჯარო განმარტებას აკეთებს და ბოდიშსაც იხდის.
თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოების რეაქციის იმედად დავტოვოთ:
„ჩვენს რეაქციას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ხანდახან საზოგადოებაც არ არის მზად იმისთვის, რომ რეაქცია სწორი იყოს. პირობითად, საზოგადოებაში თუ ჰომოფობიური განწყობა ჭარბობს, ამის გამო ხომ ვერ დავუშვებთ ჰომოფობიურ რეკლამას. საზოგადოების რეაქციაზე მაღალი სტანდარტი უნდა გვქონდეს, რადგან საზოგადოების რეაქცია იცვლება მაშინ, როცა ტრაგედიები ხდება და ამას ვერ დაველოდებით. სახელმწიფო იმიტომ გვაქვს, რომ გავიზიაროთ, რას მიაღწიეს სხვა ქვეყნებმა და ჩვენ გვქონდეს ჩამოყალიბებული ინდიკატორები. უკვე გამოხატვის თავისუფლების მიღმა არის სიძულვილის ენა, მოწოდება ძალადობისკენ და ა.შ… ამიტომ საზოგადოების იმედად ვერ ვიქნებით, რადგან ზოგჯერ უმრავლესობა დიდ აგრესიას იჩენს უმცირესობის მიმართ.”
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, მაჭახლის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა. პროექტის შედეგად ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება.
„ამ პროექტის მთავარი აზრი იყო ის, რომ პარკის განვითარებით კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი ენახა ადგილობრივ მოსახლეობას,“ – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სოფო ჭიჭინაძე.
მისი თქმით, როდესაც პარკი გაიხსნა, მოსახლეობა არ იყო კმაყოფილი, რადგან ისინი პარკის ტერიტორიას შეშის მოსაპოვებლად იყენებდნენ.
„ჩვენი პროექტიც ამისთვის დაიწყო, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ჩართულიყვნენ არა მარტო პარკის მართვაში, არამედ დაენახათ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებიც.
მაჭახლის ხეობა. სახლი, რომელზეც მზის პანელია დამონტაჟებული
განახლებადი ენერგიების დანერგვით ჩავანაცვლეთ ხეების ჭრა. 2018 წელს რამდენიმე ოჯახს მივეცით მზის პანელები, ენერგოეფექტური ღუმელები და ვასწავლეთ ბიომასის გამოყენება, რომლის შეძენაც შეეძლოთ გორში, სადაც არის ბიომასის საწარმო. ნახერხისგან და თხილის ნაჭუჭისგან კეთდება ბრიკეტები, რომლებსაც შეშის მაგივრად იყენებს მოსახლეობა“.
სოფო ჭიჭინაძის თქმით, საპილოტე პროგრამამ კარგად იმუშავა და მოსახლეობამ თავად დაინახა ამ პროექტის ეფექტურობა.
„გვეუბნებოდნენ, რომ თუ ადრე შეშაზე 700 ლარი ეხარჯებოდათ სეზონზე, ნაჭუჭის გამოყენების შედეგად, პრაქტიკულად, გაუნახევრდათ ეს ხარჯი. ანალოგიურად, ცხელი წყალი და გათბობა მზის ენერგიაზე გაცილებით ეკონომიურია.“
სოფო ჭიჭინაძის თქმით, პილოტირების შედეგად ასზე მეტი ოჯახი ჩაერთო ამ ენერგიის გამოყენებაში. „2019 წლიდან კი ხეობის მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი გადავა განახლებადი ენერგიების მოხმარებაზე“.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ელექტრონული ღობეები, რომლებიც საკარმიდამო ნაკვეთებს ცხოველებისგან იცავს.
„ეს ნაკვეთები სახლებისგან მოშორებითაა, სადაც დათესილია სიმინდი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ხეობაში არის მგელი და დათვი, რომელიც ამ ნაკვეთებს ერჩის.
ამიტომ რამდენიმე ადგილას დავაყენეთ ელექტროღობე. ვიწრო, წვრილი მავთულები, რომლებშიც გადის ისეთი დენი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ცხოველებისთვის და არც ადამიანისთვის. აქვს გარკვეული იმპულსი, რომელიც ცხოველს აფრთხობს,“ – გვეუბნება სოფო ჭიჭინაძე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მაჭახლის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია. ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში მოეწყო რამდენიმე ტურისტული ბილიკი.
სოფო ჭიჭინაძის თქმით, როცა პირველი დემარკირება გაკეთდა, მაშინ საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი მოჰყვა პარკის საზღვრებში და ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილი იყო, ამიტომ დემარკირება თავიდან განხორციელდა.
„პარკი განაგრძობს განვითარებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული ინიციატივები და პარკის მდგრადი მართვა გაგრძელდეს, არ შეწყდეს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი.“
ჭიჭინაძის თქმით, მნიშვნელოვანია, პარკის ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო სასტუმროებში მომსახურების სტანდარტები გაიზარდოს და გაგრძელდეს მუშაობა უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომლებიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. „მათ შორის, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმა, ეროვნული პარკის საბაზისო კვლევა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემოსავლის მომტანი საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება“.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.
კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გაგზავნონ ესეი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.
ესეში შესაძლოა განხილული იყოს:
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავრცელებული ფორმები იმ თემში, სადაც მოსწავლე ცხოვრობს;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავისებურებები;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავლენა ბავშვებზე;
• გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.
ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: – კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა; არგუმენტაცია; ესეის სტრუქტურა; ესეის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა. ესეის მოცულობა, მაქსიმუმ 500 სიტყვა.
ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
– პლაგიატის შემთხვევაში მიღებული ესეი არ განიხილება;
– დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
– ესეიში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
პირველი ადგილი: 400 ლარი;
მეორე ადგილი: 250 ლარი;
მესამე ადგილი: 150 ლარი.
გამარჯვებული ესეები განთავსდება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში.
ესეების მიღების ბოლო ვადა 25 დეკემბერი, 2018 წელი. ესეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგი ფოსტის მისამართზე: info@ncce.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. მათ შორისაა ბათუმში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორი ფაქტი #29 და #39 საარჩევნო უბნებთან და ასევე, #35 საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი.
შს სამინისტროს განცხადებით, ამ საქმეებზე გამოძიება შეწყდა, „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა.“
შს სამინსიტროს ინფორმაციით, 2018 წლის 28 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე, ხოლო სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის: ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის – ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და თბილისში, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
____________
მთავარ ფოტოზე: პოლიცია საარჩევნო უბანთან, 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია – „მშენებლობა და ისტორიული უბნები“.
კვლევა პროექტის – „ურბანული გამოწვევები და მოსახლეობის ჩართულობა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით და ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო, ეფექტური მექანიზმების ერთობლივად შემუშავება.
პროექტს ახორციელებს „საგამოძიებო სტუდია REC“-ი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
17 დეკემბერს, ღამით, ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სოფელ ჭინკაძეებში, თემურ თებიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის დროს ოჯახის 3 წევრთაგან სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დავით ჯინჭარაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. დავითს სრული სასწავლო გრანტი აქვს, რაც მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, ასევე ცხოვრების, სასწავლო ლიტერატურისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. დავითს ახლა არდადეგები აქვს და თავის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში ჩამოვიდა.
„ვსწავლობ ტვინსა და კოგნიტურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან. ერთ-ერთი ახალდაარსებული ფაკულტეტია ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით,“ – ამბობს დავითი.
რა მოლოდინები ჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სასწავლებლად წასვლამდე და როგორი გარემო დახვდა რეალობაში, ამის შესახებ დავითი გვესაუბრება:
„23 აგვისტოს წავედი საქართველოდან და სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა აბუ დაბიზე, რეალობა აღმოჩნდა სულ სხვანაირი. ემირატები, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთშია, ყველაფერი არის მორგებული დასავლურ პირობებზე, მაგალითად, შშმ პირებისთვის ყველაფერი ადაპტირებულია. ისეთი ქვეყანაა, რომელსაც უნდა იყოს დასავლეთის ქვეყანა და იყოს განვითარებული. ნუ რაღაც კუთხით ახერხებს კიდეც ამას.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, საერთაშორისო გარემოა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები და არც ერთი ჯგუფი ადამიანების უმრავლესობას არ წარმოადგენს.
ცოტა რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ყველას სხვადასხვანაირი მენტალობა და იდეოლოგია აქვს, ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მართალია, სამუშაო ენა ინგლისურია, მაგრამ უამრავი ენა ისმის უნივერსიტეტში. პატარა სახელმწიფოა სახელმწიფოში.
კულტურული შოკი მქონდა თუ არა? მქონდა.
ბევრი სტერეოტიპი მქონდა. მაგალითად, ველოდი, რომ მოგვთხოვდნენ მუხლამდე მაინც დაგვეფარა ტანსაცმლით სხეული, რაც ასე არ მოხდა.
ჩვენ ალბათ გვგონია, რომ მთელი არაბული სამყარო და მუსლიმური სამყარო არის ერთი და იგივე. მაგრამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი არის არაბული სამყაროს პატარა ნაწილი. ეს ნაწილი რომ ავიღოთ – არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი, საუდის არაბეთი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
სტერეოტიპები არაბეთის შესახებ, ძირითადად, მაინც საუდის არაბეთსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ეხება. აბუ დაბისა და დუბაიში კი პირიქითაა. კი, მართალია, ბევრი დადის ჰიჯაბით, კაცები კანდურით – თეთრი სამოსელით, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც არის უფრო კულტურული მომენტი, ვიდრე რელიგიური. იქ არავინ არ აძალებს არავის ჰიჯაბი ეკეთოს. ერთი ჩემი მეგობარი იყო, ემირატელი არაბია ისიც, თავიდან ჰიჯაბი ეკეთა, მერე გადაწყვიტა, რომ ჰიჯაბის გარეშე ევლო, აიღო და მოიხსნა. ყველას გაუკვირდა. გაშლილი თმით რომ დაიწყო სიარული. მაშინ მივხვდი, რომ ამ უნივერსიტეტში ყველაფერი შესაძლებელია.
ძალიან ბევრი არაბი ქალია, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს და შემდეგ მუშაობას იწყებს. ერთ-ერთი მინისტრი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალია და ბევრი ტელეწამყვანიც. უნივერსიტეტში საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ხარ.
უნივერსიტეტში კულტურული შოკი იმიტომ მქონდა, რომ ძალიან ბევრი კულტურაა ერთად თავმოყრილი. არაა ეს სუფთა ამერიკული, მით უმეტეს არ არის იქ არაფერი არაბული. მაგალითად, ბევრი სტუდენტია, რომელიც დაიბადა ერთ ქვეყანაში, გაიზარდა – მეორეში, მოქალაქეობა მესამე ქვეყნის აქვს და მშობლები საერთოდ სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს. ეს ბავშვები საქართველოსგან ძალიან განსხვავებული სკოლებიდან მოდიან. ეს კულტურული განსხვავება თავიდან რთულად შესაგუებელი იყო.
აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლის ამერიკული სისტემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ორი წელი შეგიძლია ფაკულტეტი თავისუფლად შეცვალო. გაქვს ასევე ვალდებულება, რომ ექვსი სხვადასხვა საგანი აიღო.
ჩემი მოლოდინები, რაც მქონდა სწავლასთან დაკავშირებით, გამართლდა. აბსოლუტურად ყველაფერი არის ისე, როგორც ამერიკულ უნივერსიტეტებში. ეს არის ლიბერალური განათლება, ასევე, სამეცნიერო ძიებაცაა. უნივერსიტეტში სულ ორი ქართველი ვართ. მეორე ქართველი მეოთხე კურსზეა, ამთავრებს უკვე. ყველაზე დასაფასებელი მეგობრობა სწორედ მასთან მაქვს. სხვა ეროვნებებს ყველას ჰყავს ძალიან ბევრი თანამოქალაქე.
გარდა იმისა, რომ სწავლას სრულად მიფინანსებენ, მაქვს სტიპენდია – 2000 დირჰამია სემესტრში. ეს არის ჯიბის ფული. ამაში არ შედის კვების ფული. ჩვენ ბარათზე გვირიცხავენ სპეციალურ უნივერსიტეტის ვალუტას, რომელიც გათვლილია იმისათვის, რომ საკვები და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი ვიყიდოთ. ვირტუალური ფულით ვყიდულობთ ყველაფერს, რაც გვჭირდება, რეალური ფული კი მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი გაძლევს შანსს იმუშაო. დავიწყე სტუდენტური ადმინისტრაციის თანაშემწედ მუშაობა კამპუსში. თითოეულ სტუდენტს კვირაში 6 საათი შეუძლია იმუშაოს. საათში ანაზღაურება ათი დოლარია. რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ იცხოვრო და არ იყო არავისზე დამოკიდებული.
ორი მთავარი რამ მომცა უნივერსიტეტმა – ერთი სოციალური და მეორე – აკადემიური.
სოციალური ისაა, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, ვილაპარაკო იმ უცხო ენებზე, რომლებსაც ვფლობ და გავაუმჯობესო. აკადემიურს რაც შეეხება, აქ მივხვდი, რომ ძალიან მიზიდავს ტვინის და ნეიროფსიქოლოგიის შესწავლა. ამ უნივერსიტეტმა დამანახა, რომ ზუსტად ეს მინდა ცხოვრებაში ვაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, ზუსტად ეს მინდა ვისწავლო. დაწყებით ეტაპზევე მიხვდე, რა გინდა ცხოვრებაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ყველამ იცის, როგორ სძალავენ ფულს ღამის კლუბში… მე დისკოთეკებზე არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი ადრე და მაშინაც მასე გააკეთეს. ახლა ფარული კამერით შევედი…“ – ასე დაიწყო ამბის მოყოლა დღევანდელ პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ. მან დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.
მურატ ჩილიოღლუ თურქეთის მოქალაქეა და ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიციელების ოპერატიული დავალება შეასრულა და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში – „ფაშა“ მეგობართან ერთად ფარული კამერით აღჭურვილი შევიდა. დაზარალებულად ცნობილი მურატი და პროკურორი ადილარ წირღვავა ირწმუნებიან, რომ კადრებში ფულის გამოძალვის კონკრეტული ფაქტი ჩანს.
„მეგობარი ჩამოვიდა სტუმრად რიზედან და მან მთხოვნა კლუბში წასვლა. ავუხსენი, რაც ხდებოდა კლუბებში, ამიტომ პოლიციელებს ვთხოვე დახმარება. მათ ფარული კამერები დაგვამაგრეს და ისე შევედით.
კლუბში მხოლოდ ერთი კოქტეილი და ერთი „რედ ბული“ შევუკვეთეთ… მერე თავისით მოიტანეს ხილის ასორტი და გოგოც ჩამოგვიჯდა. ვუთხარი, რომ საჩუქარი არ გვინდა და ანგარიში მოგვიტანე-მეთქი. ანგარიში მოიტანეს. იქ ეწერა, რომ 750 ლარი უნდა გადაგვეხადა.
ვუთხარით მიმტანს, რომ ამ თანხას არ გადავიხდიდით. მერე მოვიდნენ უფროსები… კლუბის ერთი თანამშრომელი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა. მე გადავრჩი. ჩემს მეგობარს კი მარცხენა ფერდში ჩაარტყეს და ყური აუწიეს. გვაგინებდნენ, გვიყვიროდნენ… მერე პოლიცია შემოვიდა. ჩვენ 250 ლარი დავტოვეთ და წამოვედით,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა სასამართლო პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ კლუბში მომხდარი ამბავი.
ღამის კლუბ „ფაშას“ ხელმძღვანელები რამაზ ი. და მუსტაფა ქ. წინასწარ პატიმრობაში არიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.
„მე მოვედი შენთან და ფული მოგთხოვე?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულმა.
„კი, შენ იყავი,“ – თქვა მოწმემ.
ადვოკატ პაატა ბოლქვაძის მტკიცებით კი, გამოძალვას ადგილი არ ჰქონია.
„თქვენ შეგიზღუდათ ვინმემ თავისუფლება? რატომ გადაიხადეთ ეს 250 ლარი?“ – იკითხა ადვოკატმა, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ის და მისი მეგობარი პოლიციის ადგილზე მისვლამ გადაარჩინა.
ადვოკატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ფიზიკური ძალადობა არ ჩანს. ეს კადრები მოსამართლემ წინა პროცესზე ნახა. ადვოკატის კითხვაზე, მოწმემ ასევე თქვა, რომ ამ შემთხვევამდე ის კლუბ „ფაშაში“ არ ყოფილა.
„იქვე მახლობლად სხვა კლუბში ვიყავი, სახელი არ მახსოვს…“ – დასძინა მოწმემ.
„თუკი ამ კლუბში მანამდე არ ყოფილხართ, რატომ მიხვედით იქ კამერით აღჭურვილი?“ – იკითხა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.
მურატ ჩილიოღლუ: „მეგობრებიც ყვებოდნენ, რომ ასე ხდებაო, ამიტომ თავი დავიზღვიე…“
პროკურორ ადილარ წირღვავას თქმით, შემდეგ პროცესზე ჩვენებას მისცემს კლუბში დასაქმებული მიმტანიც. პროკურატურა მიმტანისგანაც მისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას ელოდება.
ღამის კლუბებში თანხის გამოძალვის არაერთი ფაქტის შესახებ წერდა „ბათუმელები“. სხვა შემთხვევებშიც დაზარალებულები ანალოგიურ სცენარზე საუბრობდნენ. რამდენიმე მათგანი სცემეს იმიტომ, რომ კლუბში გადახდის ქვითარში მითითებული თანხა არ გადაიხადეს. ერთ-ერთი ღამის კლუბის – „ვოგის“ მესაკუთრეებს, ასევე, გამოძალვის მუხლით, გასული წლის ბოლოს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი
200 ხმა 117-ის წინააღმდეგ – კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა.
კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, “რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა”.
ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკება, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ევროკავშირი გასვლის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. 585-გვერდიანი დოკუმენტი ბევრ საკითხს ფარავს, მათ შორის ყველაზე პრობლემატურ საკითხს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარი წარმოადგენდა.
აკაკი ბერიძე
ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამჟამად ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, ფაქტობრივად, საზღვარი არ არსებობს. 1968-98 წლებში ჩრდ. ირლანდიაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა უნიონისტებს (ადამიანები, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში სურდათ დარჩენა) და ნაციონალისტებს (ადამიანები, რომლებსაც ირლანდიის რესპუბლიკასთან შეერთება სურდათ) შორის. საბოლოოდ, სისხლისღვრა წითელი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა – ჩრდ. ირლანდიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ და ქვეყნებს შორის საზღვარი შეუმჩნეველი გახდა. ბრექსითის შემდგომ, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრი აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, შესაძლოა, ე.წ “მყარი საზღვარი” დადგინდეს.
თვეების განმავლობაში ბრიტანეთი უარს ამბობდა ევროკავშირის შემოთავაზებულ ე.წ. “ბექსტოპზე”, რაც ნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში უნდა დარჩენილიყო. ბრიტანეთის უარს განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ ამ შეთანხმებით ჩრდილოეთ ირლანდიას დანარჩენი სამეფოსგან განსხვავებულად მოეპყრობოდნენ. ტერეზა მეი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ ის ქვეყნის ერთიანობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.
შეთანხმებას კრიტიკა მოჰყვა კონსერვატორ ბრექსითერებში. ბრექსითის მინისტრი, დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება გაერთიანებულ სამეფოს სამუდამოდ დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, რაც აიძულებს ბრიტანეთს ევროკავშირის წესების მიღებას. კონსერვატორების ნაწილმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებს. კომიტეტს გაეგზავნა 48 წერილი, ტერეზა მეის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა ჩავარდა.
ტერეზა მეის ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, 10 დეკემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ და სამართლებრივ აუდიენციას გარკვეული მესიჯები გადასცა ევროკავშირის წევრობაზე: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ბრიტანეთის ბრექსითის საქმეზე დაადგინა, რომ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ბრექსითი, როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, დანარჩენი 27 წევრი ქვეყნის ნებართვის გარეშე. ის ფაქტი, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა ყველაზე დიდმა „მოსამართლეთა კოლეგიამ“ – 27-მა მოსამართლემ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უფრო დიდ ლეგიტიმაციას სძენს. არადა თვით ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის კითხვის ნიშნის შემცველი, ერთობ პროვოკაციული და შეიძლება ითქვას, ევროკავშირის პოლიტიკისთვის საფრთხის შემცველი. ამას თან ერთვოდა ბრიტანული პოლიტიკური ელიტასა და ტერეზა მეის ოპონენტების დავა იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთს ჰქონოდა ბრექსითის პროცესის ცალმხრივად შეჩერების უფლება. ამას წამყვანი პოლიტიკური ელიტა და ევროკავშირის ინსტიტუციები ეწინააღმდეგებოდნენ.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს [ECJ] უმაღლესი თანამდებობის პირმა – გენერალურმა დამცველმა თქვა, რომ გასულ კვირას მან მხარი დაუჭირა აზრს, რომ დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დატოვების შესახებ აზრის შეცვლის შესაძლებლობა. მის ამ განცხადებას მაშინ სამართლებრივი სარჩული არ ჰქონია, მაგრამ სასამართლომ სწორედ ეს მოსაზრება გაითვალისწინა.
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი ჩადო გადაწყვეტილებაში – პირველი და უმთავრესი მაინც ის იყო, რომ პასუხი გასცა ევროკავშირის წამყვანი ინსტიტუციებისა და ბრიტანეთის მთავრობისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ საკითხს, რამდენად შეეძლო დიდ ბრიტანეთს გაეუქმებინა ბრექსითი დანარჩენი 27 სახელმწიფოს ნებართვის გარეშე.
სასამართლომ აშკარად განმარტა, რომ ევროკავშირის წევრობა, ასევე წევრობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, არის ნებაყოფლობითი ხასიათის. სახელმწიფოებს გააჩნიათ უფლება გაწევრიანდნენ ევროკავშირში. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის წევრობა დაფუძნებული „თავისუფლებაზე და ნებაყოფლობითობაზე“. ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლი წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახელმწიფოებს თავისუფლად და ნებაყოფლობით შეუძლიათ ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმა და ევროკავშირის სამართლის უზენაესობისგან გათავისუფლება. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ერთი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის წევრობა თუ წევრობის გაუქმება არის დაფუძნებული ევროკავშირის ღირებულებებს, ეს არის ნებაყოფლობითი კავშირი და ემყარება წევრი ქვეყნების თანასწორობას.
ევროკავშირის სამართლის ექსპერტებისთვის ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 50-ე მუხლი განმარტეს ისტორიული და შინაარსობრივი კუთხით. შესაბამისად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება სანამ ძალაში შევა (გარდამავალი 2 წლიანი ვადა), ბრიტანეთს აქვს უფლება შეიცვალოს აზრი და ეს ევროკავშირში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს – ევროკავშირის საბჭოს წერილობით შეატყობინოს.
ამასთან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, თუ რა სახით უნდა მოხდეს ევროკავშირის დატოვების ანულირება, ანუ ბრექსითის შედეგების გაუქმება. ამ შემთხვევაში ალბათ ევროკავშირიდან გასვლის ანალოგი (ბრექსითის) სახის პროცედურა უნდა განხორციელდეს, ანუ ჩატარდეს რეფერენდუმი ბრექსითის შედეგების გაუქმებაზე. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს თვით ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 50(1) მუხლიდან, რომელიც ყოფნა/არყოფნაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს შიდა კონსტიტუციური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ეფუძნებოდეს ევროპის კონტინენტზე არსებულ სუვერენიტეტის ტრადიციას და მის მიმართებას რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სასამართლომ არ დაიცვა თანაფარდობა წევრი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროკავშირის ფუნქციონირებასა და მიზნებს შორის.
პირველი, რაც მანიშნებელია იმისა, რომ სასამართლომ არ დაიცვა თანაფარდობა, არის ის, რომ სასამართლომ თქვა: ბრექსითის შედეგები შეიძლება ისე გაუქმდეს, რომ ბრიტანეთის წევრობის პირობები არ დაირღვეს. ეს უბიძგებს და წაახალისებს იმ სახელმწიფოებს, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდათ, მაგრამ არ მოსწონთ პირობები – მათ შეიძლება წამოიწყონ ბრიტანეთის მსგავსი კამპანია და ევროკავშირი დაიყოლიონ დათმობებზე.
ეს მექანიზმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაუსრულებელ პოლემიკას საერთაშორისო სამართალში ევროკავშირის სამართალსუბიექტობის შესახებ, ევროკავშირი რა სახის საერთაშორისო ორგანიზაციაა, არის თუ არა საერთოდ ის საერთაშორისო ორგანიზაცია? ამ კითხვაზე შუალედური პასუხიც კი ძნელი მოსაძებნია.
მეორე, თუ რა მიმართულებით არის ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ევროინტეგრაციისთვის, ეს სასამართლო გადაწყვეტილება ერთგვარი უხერხულობის მომენტს ქმნის იმ ქვეყნებისთვის, ვისაც უნდა ევროკავშირის წევრობა, მათ შორის საქართველოსთვის. დიდი ბრიტანეთი, როგორც გლობალური და რეგიონული მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში, ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო ევროკავშირის გაფართოებისა და მისი ფუნქციონალური დატვირთვის კუთხით. შესაბამისად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა შეწყდება წევრ ქვეყნებზე.
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვს შენობის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა კომპანია გეგმავსსასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარიმ ისაუბრა. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმღვანელი გიორგი რამიშვილიც ესწრება. მშენებლობას ბათუმში არც თუ ისე ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა ქალაქს ბევრი თვალსაზრისით დააზარალებს.
პროექტის პრეზენტაცია – სილქ თაუერი ბათუმის პორტის მიმდებარედ
დღეს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი გეგმები, რომ – ბათუმში, ზღვის პირას, ჭაჭის კოშკის მიმდებარედ შპს „რივიერა ბათუმის“ [„სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი კომპანია] საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე „სილქ თაუერის“ გარდა კიდევ ხუთი მაღალსართულიანი შენობის აშენებას განიხილავს. პროექტის ავტორი კომპანია „ჩეპმენტეილორია“, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი – „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
პროექტი ასევე მოიცავს იახტკლუბს და მის მიმდებარედ არსებულ პარკის ტერიტორიასაც, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. წინასწარი ინფორმაციით, ამ პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება, ის ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზე ასევე საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი კი, კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან. მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.
ტერიტორიაზე იგეგმება, ასევე ხელოვნური ყურეს მოეწყობა.
პროექტის ავტორების თქმით, ამ პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია. საერთო ჯამში კი, პროექტის ფარგლებში 100 მილიონი აშშ დოლარის [შეიძლება ეს თანხა 300 მილიონამდეც გაიზარდოს] ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს ინვესტიციას და მისი მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით აიღებს. „სილქ როუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე იახტკლუბში სამი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.
პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
მარცხნიდან: ინაკილეზაუნი „ჩეპმენ ტეილორის“ არქიტექტორი, გიორგი მარი, გიორგი რამიშვილი – სილქ როუდ ჯგუფი და შიო ხეცურიანი – UGT ჯგუფი“
ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში შეიტანა. თუმცა, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში დამცავი ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. სწორედ ამ ცვლილების საფუძველზე მიეცემა კომპანიას ახალი გრანდიოზული მშენებლობის წამოწყების უფლება.
მერიის მიერ დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის, როცა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს. პროექტი ბათუმში აქციით გააპროტესტეს.
მერიის მიერ ისტორიული ზონის საზღვრების ცვლილებას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს. მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი, რომლის მიხედვითაც ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება იგეგმება
ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჩ. 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 17 დეკემბერს მიიღო.
საუბარია ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მარტში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ტრანსგენდერი ქალი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყეს. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით გამოძიებამ 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. 15 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
“ბრალდებული არ ადასტურებს გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენას…” – დასძინა მოსამართლემ მას შემდეგ, როცა სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ბრალდებული დაზარალებულს შეხვდა და ზიანის ანაზღაურების კუთხით კომპენსაციაც გადაუხადა.
სასამართლოს სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, რადგან დანაშაული პირად ინფორმაციას შეიცავდა. მოსამართლემ პროკურორს და ადვოკატს დახურულ კარს მიღმა მოუსმინა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ტრანსგენდერ ქალს სხეულის სხვადასხვა არეში მისი სექსუალური ორიენტაციის გამო სცემა.
ცემას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს სხეულზე მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
“მსუბუქი შეხლა-შემოხლა იყო მხოლოდ,” – ირწმუნება ადვოკატი გურამ ღოღობერიძე, რომელსაც ჩვენ პროცესის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.
ადვოკატის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკება თანხის გადახდას უკავშირდებოდა.
“როცა გაირკვა, რომ ეს ქალი კი არა ტრანსგენდერია, უთხრა, რომ მისგან მომსახურების მიღება აღარ უნდოდა და არც დაპირებულ 30 ლარს გადაუხდიდა. დაზარალებულმა გიორგის ჯიბიდან ფარულად ამოუღო საფულე და წავიდა.
ბრალდებული როცა მიხვდა, რომ ფული მოპარეს, გამოედევნა დაზარალებულს და მოხდა შეხლა-შემოხლა. იმ ქალის მობილური ტელეფონი დაზიანდა ამ დროს.
კომპენსაცია რამდენი გადაუხადეს დაზარალებულს, არ ვიცი. ვიცი, რომ ამ მობილურის გამო გადაიხადა ფული,” – მოგვიყვა ადვოკატი გურამ ღოღობერიძე.
დაზარალებულად ცნობილი ტრანსგენდერი ქალი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. დარბაზში მხოლოდ ბრალდებულების ახლობლები იყვნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.
მარტიდან 15 დეკემბრამდე პროკურატურას გიორგი ჩ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.
რატომ მოხდა ასე – ამის გარკვევას “ბათუმელები” პროკურორ ალიკა დვალიშვილთან სცადა, თუმცა მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
გიორგი ჩ. პატიმრობიდან მაშინვე გათავისუფლდება, როცა ის გირაოს – 2 ათას ლარს გადაიხდის.
“გამამართლებელ განაჩენს ველოდები. დაზარალებულის და ორი პოლიციელის ჩვენებაა მხოლოდ საქმეში,” – აღნიშნა ადვოკატმა გურამ ღოღობერიძემ.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს უთხრა, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
“თუკი დადასტურდება, რომ თქვენ დანაშაული გენდერული ნიშნით ჩაიდინეთ, სასამართლoს მიდგომა იქნება მკაცრი,” – თქვა მოსამართლემ.
25 დეკემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
ნაძვის ხის ანთების პარალელურად ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება, სადაც, ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმური ბენდები დაუკრავენ და მოლაპარაკება მიმდინარეობს „სალიოსთან“, იგივე სალომე კორკოტაშვილთან.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფეიერვერკით დასრულდება.
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შენობის ინტერიერის დიზაინის განახლებას მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. ამისათვის ცენტრმა ორი კონკურსი გამოაცხადა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვისაა. კონკურსში მონაწილე მოსწავლემა უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო). მონაწილეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია.
ფოტო არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული მონაწილე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოაპარატებით -Fujifilm Instax Mini 8 და გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონკურსში მონაწილე პირებმა ფოტოები უნდა გადაგზავნონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – jobs@eqe.ge
ფოტოებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, ფოტოს სათაური და სურვილის შემთხვევაში, მისი აღწერილობა.
რაც შეეხება კონკურსს სტუდენტებისათვის, სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დერეფნის ინტერიერის დიზაინი უნდა წარმოადგინონ.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეიმუშავოს ცენტრის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და წარმოადგინოს პროექტი. წარმოდგენილი იდეა უნდა შეესაბამებოდეს ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი. გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ტაბლეტით (Lenovo Yoga Tab 3 10 LTE (YT3-X50M) და ასევე, გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტის ავტორმა, ცენტრის მატერიალური მხარდაჭერით, თავად უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი იდეის განხორციელებაც.
კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია; რამდენად განხორციელებადია მცირე ფინანსური დანახარჯებით. პროექტი არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა. მონაწილეობის მსურველმა ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge უნდა გადაგზავნოს ნამუშევრები, რომლებსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კურსი, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო დაწესებულება და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავარიის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით მოტოციკლეტი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სს “საქართველოსრკინიგზის” გენერალურმადირექტორმადავითფერაძემდალატვიისრკინიგზისპრეზიდენტმაედვინსბერძინსმახელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმს.
მემორანდუმისმიზანია, საქართველოსადალატვიისრკინიგზებსშორისორმხრივითანამშრომლობისჩამოყალიბებადარკინიგზაზე დაფუძნებულიმულტიმოდალურიტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაცსკანდინავიის ქვეყნები კავკასიას დაშემდეგ შუააზიასა და ჩინეთს დაუკავშირდება.
საკონტეინერომატარებელი ZUBR ლატვიურპორტმუუგასაკავშირებსუკრაინისპორტებთან-ჩერნომორსკი, ოდესა დაიუჟნი.უკრაინისპორტებიდანტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგმარშრუტიშუადერეფნისგავლითცენტრალურიდააღმოსავლეთაზიისქვეყნებამდე გრძელდება.მხარეებიშეთანხმდნენ, რომ გაცვალონინფორმაციატარიფებისადაბაზრისკვლევისშესახებ დერეფანშიტვირთისმოზიდვისმიზნით.
ქობულეთში, აღმაშნებელის ქუჩაზე, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ გაჰყავთ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და როცა კაბელების მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში განთავსება შეიძლებოდა, კომპანიებისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ.
„მიწის ქვემოთ რომ გასულიყო, მაშინ ტროტუარი უნდა გათხრილიყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, დროც გაიწელებოდა. თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ კაბელები მიწის ზემოდანაა? იქ გადის ელექტროსადენები და იქვეა ინტერნეტის კაბელები,“ – გვითხრა ასლან ქათამაძემ, ქობულეთის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა.
ჰკითხა თუ არა მოსახლეობას აზრი ქობულეთის მერიამ? – ასლან ქათამაძემ გვიპასუხა, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის აზრი არ უკითხავთ.
არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ კომპანია „სილქნეტმა“ გაიყვანა. მას ამ ფორმით საქმიანობის განხორციელების უფლება ქობულეთის საკრებულომ შესაბამისი განკარგულებით მისცა.
ასლან ქათამაძის თქმით, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას საკაბელო ინტერნეტი აქამდე მიეწოდებოდა, თუმცა „კაბელები უსისტემოდ და ქაოტურად იყო განთავსებული, რამაც კომპანიას პრობლემა შეუქმნა.“
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში უცხოეთიდან 558 576 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, მათგან 24 საათზე მეტ ხანს დარჩა 239 011 პირი, ტრანზიტით კი იმყოფებოდა 118 434 ადამიანი.
ყველაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ნოემბერში სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა – სულ 226 547 ადამიანი, 141 829 პირი შემოვიდა წითელი ხიდის გავლით, 13 6709 – სადახლოს სასაზღვრო პუნქტის გავლით, 130 290 კი – თბილისის აეროპორტის გავლით. ნოემბერში ბათუმის აეროპორტის გავლით ქვეყანაში შემოვიდა 10 626 მოქალაქე, ქუთიაისის აეროტპორტის გავლით კი უფრო მეტი – 22 028. ქვეყანაში შემოსვლის სტატისტიკის დანარჩენი ნაწილი სხვა სასაზღვრო – გამტარ პუნქტებზე ნაწილდება.
ამ წლის ნოემბერში ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა სომხეთიდან. ქვეყნების პირველი შვიდეული საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით ასე ნაწილდება:
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში ყველაზე პოპულარული მიმართულება გერმანია იყო.
2018 წლის ნოემბერში საქართველოს 6 353 მოქალაქე გაემგზავრა გერმანიაში, მათგან 19-ს კი უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე.
სტატისტიკის თანახმად, შენგენის ზონის მიმართულებით ყველაზე მეტი, საქართველოს 7 646 მოქალაქე, გერმანიაში გაემგზავრა ოქტომბერში და სექტემბერშიც – ოქტომბერი – 7 646 [მათგან 19-ს უარი ეთქვა შესვლაზე], სექტემბერი – 6 470 [მათგან 13-ს უარი ეთქვა შესვლაზე].
მეორე ადგილზეა იტალია – ამ ქვეყანაში ნოემბერში საქართველოს 5 936 მოქალაქე გაემგზავრა, მათგან 51 მოქალაქეს უარი ეთქვა იტალიაში შესვლაზე. 2018 წლის ოქტომბერში იტალია ასევე პოპულარული მიმართულება იყო, სულ 5 888 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში და მათგან 26-ს უარი ეთქვა შესვლაზე.
მესამე ადგილზეა საბერძნეთი – 3 458 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში საბერძნეთის მიმართულებით და მათგან 12 ქვეყანაში არ შეუშვეს. ოქტომბერში საბერძნეთი, ასევე, მესამე ადგილზე იყო – 3 569 მოქალაქე [მათგან 14-ს უარი ეთქვა შესვლაზე] და სექტემბერშიც – 4 379 [მათგან 13-ს უარი ეთქვა შესვლაზე].
მეოთხე ადგილზეა პოლონეთი – აქ სულ საქართველოს 3 289 მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში და მათგან 18-ს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. პოლონეთის მიმართულება პოპულარული იყო ოქტომბერშიც – 3 059 [მათგან 19 პოლონეთში არ შეუშვეს].
მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია – ამ ქვეყანაში საქართველოს 2 882 მოქალაქე გაემგზავრა ნოემბერში და მათგან 33 საფრანგეთში არ შეუშვეს. ოქტომბერში საფრანგეთში საქართველოს 2 990 მოქალაქე გაემგზავრა და მათგან 11-ს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.
ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ხშირად მიემგზავრებიან ესპანეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში და კვიპროსზე.
სტატისტიკის თანახმად ნოემბერში ყველაზე ნაკლებად საქართველოს მოქალაქეები ისლანდიის მიმართულებით გაემგზავრნენ – სულ 4 მოქალაქე.
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები იღებდნენ.
ქვეყნების მიხედვით, ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარის შემთხვევები ასე ნაწილდება:
ირანი – საქართველოში შემოსვლაზე 434 მოქალაქეს უთხრეს უარი
ინდოეთი -საქართველოში შემოსვლაზე 370 მოქალაქეს უთხრეს უარი
თურქეთი – საქართველოში შემოსვლაზე 46 მოქალაქეს უთხრეს უარი
რუსეთი – საქართველოში შემოსვლაზე 44 მოქალაქეს უთხრეს უარი
უზბეკეთი – საქართველოში შემოსვლაზე 43 მოქალაქეს უთხრეს უარი
აზერბაიჯანი – საქართველოში შემოსვლაზე 42 მოქალაქეს უთხრეს უარი
დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა ოქტომბრის სტატისტიკაშიც, ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ირანის 429 მოქალაქეს.
საქსტატის ცნობით, ირანის მოქალაქეებმა 2018 წლის III კვარტალში საქართველოში ყოფნისას საშუალოდ 2 116 ლარი დახარჯეს და ამით მე-4 ადგილს იკავებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ისრაელისა და გერმანიის რეზიდენტების შემდეგ. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 3.1 მილიარდ ლარს მიაღწია.
ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს თურქმენეთის – 33, პაკისტანის – 30, ეგვიპტის – 15 და სომხეთის 14 მოქალაქეს. ჩამონათვალში არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომელთაც, ასევე, უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე.
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ნოემბერში სავიზო რეჟიმი საქართველოში დაარღვია 159 ირანის მოქალაქემ, ჩინეთის – 70-მა, რუსეთის – 23-მა, ინდოეთის – 17-მა, აზერბაიჯანის – 16-მა და სომხეთის 13 მოქალაქემ. ჩამონათვალში არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.
2018 წლის ნოემბერში საქართველოდან გააძევეს თურქეთის – 4, ბანგლადეშის – 2, ირანის – 2 და მაროკოს 1 მოქალაქე.
დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა
ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
„ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ქართულ ჯარს აბრალებს ომის დაწყებას, უნდა გახდეს მთავარსარდალი. ის არასდროს არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ვაპროტესტებთ იმ ქაჯობას, რომელიც მოდის საქართველოს პარლამენტის სკიპერიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარიდან, საკრებულოს თავმჯდომარიდან, რომლებიც აგრესიაზე არიან გადასული“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.
„ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, უფრო მეტიც, მოუწევს საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა და აუცილებლად მოუწევს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ წარმოდგენილი პოლიტიკური ვითარება არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც გვაქვს ჩვენ. ამიტომ დაიწყოს ხელისუფლებამ ფიქრი ამაზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ უნდა გავაგონოთ ეს ხმა“ – განაცხადა აქციაზე მირდატ ქამადაძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობს.
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში. 16/12/2018გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში. 16/12/2018ოპოზიციის მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იკრიბებიან. 16/12/2018
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისგანცხადებით, საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. მისი შეფასებით, არჩევნების ნაცვლად, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი იყო ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება.
დღეს, 16 დეკემბერს ოპოზიცია აქციას გეგმავს თელავში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, თუმცა ჩუმლაყთან შს სამინსიტრომ გურჯაანი-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა და ცენტრალურ გზაზე ავტობუსები დააყენა.
საპატრულო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ
ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, უშუალოდ გააშუქონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ღონისძიებას ერეკლე მეორეს ციხის ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ. რაც შეეხება უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პირად ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს შეუშვებენ.
მთავრობა კურორტ გოდერძიზე მოქმედ სასტუმრო „მეტეოს“ პირობიანიაუქციონთ ყიდის. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნებისშენარჩუნებაა. სასტუმროსთან ერთად იყიდება ასევე ექვსი კოტეჯი, ერთი ე.წ. ხიჟინა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი [ჯამში 14 762 კვადრატული მეტრი].
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს – ესეც აუქციონით განსაზღვრული პირობაა.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს ასევე დაევალება:
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს არანაკლებ ოცი მოქალაქის დასაქმება.
კურორტ გოდერძიზე მდებარე 948 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში [ე.წ. „ხიჟინა“] საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის 2019 წლის 31 მაისამდე შენარჩუნება.
ფოტო: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
შპს „Goderdzi Resorts“-ის მიერ მიწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ სამუშაო დღეში საქართველოს თოთხმეტი მოქალაქის დასაქმება და 2019 წლის 31 მაისამდე ვადით მათი შენარჩუნება. [შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამონაკლისი, როცა მთავრობა ინვესტორს კონკრეტული პირების დასაქმებას სთხოვს. სავარაუდოდ, ეს პირები უკვე მუშაობენ ამ ობიექტებში – პირობების დანართში მათი თანამდებობები და თითოეულის ხელფასების ოდენობაცაა მითითებული].
კოტეჯებსა და სასტუმროში სამინისტრო პროფილის შენარჩუნებას ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში ითხოვს.
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გარდა ამისა, მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 2023 წლის 30 ნოემბრამდე გოდერძის უღელტეხილზე გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 50-ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს და აამოქმედებს კიდეც. ამოქმედებიდან არანაკლებ ოცდაათი წლის განმავლობაში კი, შენობას სასტუმროს პროფილს შეუნარჩუნებს.
მყიდველს ასევე დაევალება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის მომზადება და სამინისტროსთან შეთანხმება. „2020 წლის 30 ნოემბრამდე ე.წ. ადმინისტრაციული ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 ლარის სამუშაოების განხორციელება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემა“.
ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 633 000 ლარია, ბიჯი 75 000 ლარი, აუქციონი 27 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციამ აჭარაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კურორტ გოდერძიზე სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება, იმ შემთხვევაში თუ თოვლი მოვა. მთის კურორტების კომპანიის ინფორმაციით კურორტი გახსნისთვის მზადაა, თუმცა ამ დროისთვის კურორტზე თოვლის საფარი მხოლოდ 20-30 სანტიმეტრს აღწევს, რაც საკმარისი არ არის, ამიტომაც თუ 22 დეკემბრამდე თოვლი არ მოვა, შესაძლოა სეზონის ოფიციალური გახსნა ისევ გადაიდოს:
„ პირველად ხდება, როცა დეკემბერში გოდერძიზე თოვლის საფარის პრობლემა გვაქვს, ის რაც არის არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ახლა რომ დავიწყოთ ტკეპნა ატალახდება, ამიტომ აზრი არ აქვს.“ – ამბობს მთის კურორტების მენეჯერი გიორგი ლომაია.
რაც შეეხება საბაგიროს, საბაგირო ამ დროისთვის ტესტურ რეჟიმში მუშაობს და ტურისტებისთვის ის გახსნილი არ არის: „ სეზონის გახნისთანავე იგეგმება საბაგიროს გახსნაც.“
მთის კურორტების კომპანიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე საკურორტო სეზონის გახსნას დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე დღეს კურორტ გუდაურის გახსნას ესწრებოდა , სადაც მან გამოსვლისას აქცენტი ზამთრის კურორტების უსაფრთხოების საკითხებზე გააკეთა.
პრემიერი თქმით მთავრობამ წარსულის გამოცდილება გაიზიარა და წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე, მათ შორის აჭარის მაღალმთიანეთში „ახლად ეკიპირებული პატრული , სულ 82 ადამიანი იმუშავებს“ პრემიერის ინფორმაციით მათ სპეციალური გადამზადება გაიარეს.
კურორტის გახსნა წელს 8 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა იგივე მიზეზით ის ერთხელ უკვე გადაიდო.
14 დეკემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის წინასაახალწლო დღესასწაული მოაწყო. ბავშვებს საახალწლო საჩუქრები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს, შემდეგ კი მათ გართობასა და გამასპინძლებაზე გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსმა“ იზრუნა.
აქცია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.
„ბავშვებისთვის ბედნიერი დღეა, მშობელმა შეიძლება შვილი სადმე გაიყვანოს გასახალისებლად, მაგრამ როცა ამდენი ბავშვი იკრიბება ერთად და მოულოდნელ სიურპრიზებს იღებენ, სხვა სიხარულია. ქობულეთიდან ჩამოვედით ღონისძიებაზე, სასკოლო საჩუქრებიც გადმოგვცა სწავლის დასაწყისში დემოკრატიის ინსტიტუტმა. უკვე მეორედ ვართ ბავშვებისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე“, – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, რომელიც „მაკდონალდსში“ შვილთან ერთად მოვიდა, მაგრამ გვთხოვა სახელი არ გაგვემჟღავნებინა.
გარდა „მაკდონალდსისა“, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის 14 დეკემბრის აქციაში ჩაერთო მაღაზიათა ქსელი „ვილმარტი“. მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში სამყოფი საკვები პროდუქტი გადასცეს სამ ოჯახს, რომლებისთვისაც მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო – ზოგ მათგანს სოციალურად არასახარბიელო პირობები აქვს, ზოგიც მრავალშვილიანია.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე მსგავს აქციებში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობასა და მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„ჩვენ შევთავაზეთ „ვილმარტის“ წარმომადგენლებს ჩართულიყვნენ ამ აქციაში და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. „მაკდონალდსმა“ კი დღეს პატარებს გასართობი პროგრამა შესთავაზა უფასოდ. „ვილმარტის“ წარმომადგენლები გამოგვყვნენ ოჯახებში, მათ შორის მოვინახულეთ მრავალშვილიანი ოჯახები. ვფიქრობ, ასეთი უშუალო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია.
ნელ-ნელა საქართველოში ბიზნესი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის შეჭირვებული ოჯახებისთვის.
ყველა უნდა ეცადოს ჩართოს ბიზნესი მსგავს აქტივობებში. ეს უნდა ჩამოყალიბდეს ხედვად, არაფორმალურ პოლიტიკად და მიდგომად, რომ ერთჯერადი აქციები არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერად აქციებად. ასე იზრდება ბრენდის ცნობადობაც და მომხმარებლებსაც მეტი ნდობა უჩნდება მათ მიმართ. როცა ვიცი, რომ „მაკდონალდსი“ უსასყიდლოდ მასპინძლობს ბავშვებს, მე, როგორც მოქალაქე, მადლიერების ნიშნად ხშირად მივიყვან შვილს სწორედ „მაკდონალდსში“ და არა სხვაგან.
უცხოეთში თითქმის ყველა ბიზნესს აქვს საქველმოქმედო ბიუჯეტი. ჩვენს ქვეყანაშიც ფეხს იკიდებს ეს მიდგომა, მაგრამ, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა ისეთი აქტიურობა, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვიზრდებით, თუმცა ნელა“, – ამბობს ნინო ხაჩიძე.
წინასაახალწლო აქცია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართულ ბენეფიციართა პატარებისთვის მოეწყობა იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთშიც. აქციას რეგიონებში „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად პარტნიორი ორგანიზაციები: ,,აფხაზინტერკონტი“, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და „ფონდი აფხაზინტერკონტი” უზრუნველყოფს.
ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რეგიონებში გასამართ აქციებში ჩასართავად. აქციაში შესაძლოა ჩაერთოს ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი „ვაიკიკიც“, რომ პატარები ზამთრის თბილი სამოსით იყვნენ უზრუნველყოფილი.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად ბათუმის ავტოტრანსპორტის სუბსიდირების თანხა მერიამ მილიონ 100 000 ლარით გაზარდა, რამაც საკრებულოს ოპოზიციას კითხვები გაუჩინა.
„წლის დასაწყისში რვა მილიონი ჩავუდეთ სუბსიდიის სახით და ახლა კიდევ მილიონს ვამატებთ, რა ხდება ბატონო სულიკო, თავის მოგებაზე არ უნდა გავიდეს?“ – მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს.
გარდა ამისა, ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მერიის ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა, საიდანაც ინფორმაციის გამოტანა რთულია. მისივე თქმით, „ამაზე უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ კითხვები და შავ ხვრელადაც კი შეაფასეს“.
საკრებულოს თავმჯდომარემ პასუხად განაცხადა, რომ უმრავლესობას ორგანიზაცია „შავ ხვრელად“ არასდროს შეუფასებია.
„არ ვიტყვი რომელმა დეპუტატმა თქვა ეს, არ ჩავაგდებ უხერხულში, ამიტომ ვსვამ კითხვას, მილიონს რატომ ვამატებთ, როცა შპს-სთან გვაქვს საქმე, რომელიც მოგებაზე უნდა გავიდეს?“ – მიმართა სულიკო თებიძეს მირდატ ქამადაძემ. მან მოითხოვა დეტალური განმარტებები ციფრების დასახელებით: „სად მიდის ეს ფული“.
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ნამატი თანხის ნაწილი ახალ ხაზებზე დასაქმებული მძღოლებისთვის – 500 000, ნაწილი კი საწვავისთვის – 600 000 ლარი გაითვალისწინეს, რაც ორგანიზაციის შემოსავლების სიმცირემ და საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა.
ბადრი ფარტენაძე – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი სხდომაზე
სხდომას „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ბადრი ფარტენაძეც ესწრებოდა. ის ოპოზიციის კითხვებმა გააღიზიანა:
„ არავითარი შავი ხვრელი არ არსებობს, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზომიერად და ჩვენი ორგანიზაცია ეკონომიაზეა დამყარებული. ასე რომ ის ლაპარაკი, რომ შავი ხვრელი და ნეპოტიზმია, კორუფციაა … მობრძანდით, ნებისმიერი ორგანიზაცია მოვიდეს ჩვენთან და დაინტერესდეს აღნიშნულით, მე ამას ვითხოვ კატეგორიულად. თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ბატონო მირდატ, თუ საითკენ მიგყავთ საუბარი და რატომ მიგყავთ. თუ ფაქტები გაინტერესებთ, მოგმართეთ წერილობით და გიპასუხებთ… ეს სიტყვები უნდა დამთავრდეს.“
ავტოტრანსპორტის დირექტორის ამ გამოსვლის შემდეგ მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მისაღებია მზაობა წერილებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, რადგან ამ დრომდე ამ სტრუქტურაში გაგზავნილ წერილებზე ოპოზიციას პასუხები არ მიუღია: „შემიძლია ბევრი ასეთი უპასუხო წერილი წარმოვუდგინო საკრებულოს“.
ამ საკითხის განხილვისას უმრავლესობის არცერთ წევრს არც კითხვა დაუსვამს და არც სხვა რაიმე მოსაზრება გამოუთქვამს.
24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო.
უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში მოცემულობის შესაცვლელად აიღო, შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმაა.
[red_box]მოკლულ ქალს 5 წლის შვილი ჰყავდა, ცხედარი მამამ გადაასვენა[/red_box]
2018 წლის 24 ნოემბერს სამორინეში მოკლული ქალის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს ლევენთ ულუთურქს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
„მოკლული ქალის მამა მე დამიკავშირდა. მას სურდა ცხედრის გადასვენების დაფინანსება და საკონსულოსთვის მიმართვაში დავეხმარე. შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა,“ – გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნანა ნაზაროვამ. მას შუა აზიიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ხშირად უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ.
„უზბეკი ქალის მკვლელობის საქმის“ პროკურორის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, მოკლული ქალის ცხედარი უკვე გადაასვენეს უზბეკეთში. მოკლულ ქალს თავის სამშობლოში 5 წლის ბავშვი ჰყავდა დატოვებული. მას საქართველოში ბინადრობის უფლება არ ჰქონია. მეორე ქალი, რომელიც ასევე სამორინეში დანით დაჭრეს, საავადმყოფოდან გაწერეს და ბათუმში რჩება.
მკვლელობა სამორინეში ღამის ოთხის თხუთმეტ წუთზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ღამეს ლევენთ ულუთურქმა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სამონადირეო მაღაზიაში იყიდა დანა ქარქაშით, ასევე, წებოვანი ლენტი, რომელიც მან დანას ააკრა იმისთვის, რომ სამორინეში შესვლა დანით მოეხერხებინა და უსაფრთხოების სამსახურს არ გაეჩერებინა.
პროკურატურის ვერსიით, ლევენთმა ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ. ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე „პრინცესას“ ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა. მოკლული ქალი ლევენთის პარტნიორი ქალის მეგობარია.
[red_box]4 წლის გოგოს მკვლელობა [/red_box]
4 წლის ბავშვი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, 2018 წლის 13 ივნისს მოკლეს. მსჯავრდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა.
სასამართლო საქმის მიხედვით, მსჯავრდებული ქალი მოკლული ბავშვის დედის მეგობარი იყო. მას ბავშვისთვის უნდა მოევლო, ვიდრე დედა თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდებოდა. ბავშვის დედა საქართველოში აღარ შემოუშვეს – ის იძულებით დააბრუნეს უზბეკეთში.
„არ მახსოვს არაფერი,“ – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს 4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა საირახონ მირბობოიევამ. მას სასამართლომ 25 ოქტომბერს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაირკვა, რომ საიარახონს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იხდის, ვიდრე არ გამოჯანმრთელდება.
4 წლის გოგოს ცხედარი გონიოს სასაფლაოზე გონიოში მცხოვრებმა ოჯახმა დაკრძალა. ამ ოჯახის წევრი ბავშვის ძიძა იყო, ვისგანაც ბრალდებულმა ქალმა ბავშვი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წაიყვანა.
სასამართლო პროცესი
[red_box]უზბეკი ქალის ცემისთვის ბრალდებული: ამის გამო მაკავებთ, არ გრცხვენიათ? [/red_box]
ასე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს უზბეკ ქალზე ძალადობაში ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ მიმართა. ამ სიტყვების შემდეგ ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვენები გადაიჭრა.
გამოძიების ვერსიით, მიხეილ კ.-მ თავისი 5 წლის შვილის დედასა და მის მეგობარ ქალზე იძალადა. პოლიციაში დაზარალებული ქალების მეზობლებმა დარეკეს. ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ჯერ მათთან ერთად ალკოჰოლს სვამდა, შემდეგ კი მათ სახეში დაუწყო ცემა.
მიხეილი ოზურგეთიდანაა, მან თავისი შვილის დედა ბათუმში გაიცნო და მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ბრალდებული შვილის დედასთან ქორწინებაში არ იმყოფება. ადვოკატის, ჯიმშერ არობელიძის თქმით, ბავშვს კონფლიქტამდე და ახლაც ბებია – ირაკლის დედა ოზურგეთში ზრდის.
[red_box]რამდენ უზბეკ და ყაზახ ქალს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე[/red_box]
ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემი, სექსინდუსტრიაში რამდენი ქალია ჩართული და რომელი ქვეყნებიდან, მათ შორის აჭარის რეგიონში. ბათუმსა და გონიოში არსებულ ამ ტიპის დაწესებულებების მაგალითზე მხოლოდ თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქალები, ძირითადად, შუა აზიის ქვეყნებიდან არიან. ასევე, დახურულ შეხვედრებზე, რომლებიც ტრეფიკინგის თემაზე იმართება, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველომ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიზნით მაქსიმალურად შეზღუდა ამ ქვეყნებიდან ქალი მოქალაქეების შემოსვლა.
„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა – 2014 წლიდან დღემდე შუა აზიის ქვეყნებიდან რამდენი ადამიანი შემოვიდა საქართველოში და რამდენი – ვერ შემოვიდა. „ბათუმელებმა“, ასევე, სცადა გაეგო, რამდენად შეიცვალა სურათი ბათუმსა და გონიოში სტატისტიკური მონაცემების შეცვლის პარალელურად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 173 875 ადამიანი შემოვიდა ყაზახეთიდან, მათ შორის, 96 456 ქალი. ამავე პერიოდში უზბეკეთიდან სულ 34 021 ადამიანი შემოვიდა საქართველოში, მათგან 12 359 ქალი.
შს სამინისტროს ინფორმაცია, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან ხუთი წლის განმავლობაში შემოსული ქალების რაოდენობის შესახებ
„ბათუმელებს“ შს სამინისტროდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია, ამ პირებიდან რამდენმა დატოვა საქართველო. შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ, თუნდაც იმის დადგენა, ამ ქვეყნების რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის ქვეყანაში, ნებისმიერი მიზნით.
[red_box]ნანა ნაზაროვა: რთული გახდა ტრეფიკინგის გამოვლენა[/red_box]
„სამართალდამცველების პროფესიონალიზმის დონე აშკარად დაიხვეწა, მაგრამ დამნაშავეები ყოველთვის ერთი-ორი ნაბიჯით წინ გვისწრებენ… ახლა ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ არ ვიცით ზუსტად, რა სიტუაცია გვაქვს, არ ტარდება არანაირი კვლევა, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კუთხით არ მუშაობს“, – გვიყვება ნანა ნაზაროვა, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარე“.
ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, ტრეფიკინგის ფაქტები აღარაა ისეთი ღია და პირდაპირი, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ნაზაროვა მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგი აჭარაში იატაქვეშეთში გადავიდა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ვერ გააქტიურდა.
„მარტო იმის თქმა, რომ კარგად ვმუშაობთ და დავძლიეთ პრობლემა, მინიმუმ კორექტული არ არის… ამას ევროპის ქვეყნებიც ვერ ამბობენ, რომ დაძლიეს ტრეფიკინგი. ბათუმი ტრანზიტული დერეფანია და რაც არ უნდა ვიმუშაოთ, ეს პრობლემა სულ იქნება. ესტონეთსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რადგან იქაც შაბათ-კვირას ჩადიან ტურისტები და იქაც ყველაფერი ხდება…
ჩვენი პრობლემა, რაც ამ ბოლო დროს მაწუხებს, არის ხელისუფლების მიდგომა, რომ თითქოს პრობლემა მოგვარდა. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომლის დაფინანსების შანსიც არსებობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ჩვენი პროექტი ითვალისწინებდა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. გვითხრეს, თუ ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს, ის არც რეკომენდაციას შეასრულებსო.
დასავლეთმა იცის, რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც ყოველწლიურად ხვდება საქართველო, როგორც რისკის მქონე ქვეყანა ამ კუთხით, მაგრამ როცა ხელისუფლებას პრობლემის დანახვა არ უნდა, არ გამოვა არაფერი,“ – ამბობს ნანა ნაზაროვა.
მესამე სექტორის წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს ინდიკატორები, რომლებითაც სამართალდამცველები მუშაობენ. ნანა ნაზაროვას დაკვირვებით, „რთული გახდა ტრეფიკინგის გამოვლენა. მიდგომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ალბათ ცუდი მაგალითია, მაგრამ, მაგალითად, თურქეთში გვითხრეს, რომ პოლიციელი ქალის ჩანთის ჩხრეკის დროს უკვე ხვდება, ეს ქალი მსხვერპლი არის თუ არა, რა ნივთები აქვს მას, როგორ საუბრობს… ჩვენთან ეს ინდიკატორები, რომლებითაც უნდა მოიპოვო მტკიცებულებები, არის ძალიან რთული. ჩვენთან ვიდრე ბორკილს არ დაადებენ ქალს, პოლიციელი მასთან ვერ მიდის…“
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის ტრეფიკინგის მხოლოდ ერთი საქმე განიხილება. ამ და სხვა საქმეებში დაზარალებული უზბეკი ქალების ჩვენებები ხშირად იდენტურია: ისინი ამბობენ, რომ საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს და შემდეგ იძულებით ჩართეს პროსტიტუციაში. ერთი საქმის განხილვა, როცა ქალმა თქვა, რომ მას ყიდდნენ, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. თუმცა ამ საქმეში ბრალდებულმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. მას დღემდე ეძებენ.
2013 წელს ბეშუმის ტყეში მოკლული და მანამდე ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი ქალის საქმეზე მსჯავრდებულიც დიდ ხანს იყო გაუჩინარებული. ის რამდენიმე თვის წინ რუსეთში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. მის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ხელახლა არსებითად განიხილავს. ის ძებნილი იყო და 2015 წელს დაუსწრებლად შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა.
[red_box]ტრეფიკინგში ბრალდებულების ადვოკატი: სექსინდუსტრიის სისტემა მოერგო ხელისუფლების მიდგომას[/red_box]
„ისინი იქცევიან მოთხოვნის შესაბამისად, რომ არ დაზარალდნენ და არც დაიჭირონ,“ – გვიხსნის ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე. ის ხშირად იცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომლებსაც გამოძიება ტრეფიკინგს ედავება. ნოდარ ბოლქვაძე გონიოში ცხოვრობს და სასტუმროს მესაკუთრეა. ამბობს, რომ სექსინდუსტრიაში ჩართვის გარეშე მისი სასტუმროც ვერ იმუშავებდა.
„ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ისინი ამბობენ, რომ პროსტიტუციას აიძულებდნენ და ფულს არ აძლევდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კი ყვებიან შემდეგს:
საქართველოში უზბეკი გოგონები ისევ უზბეკ ქალებს ჩამოჰყავთ, რომლებიც აქ უკვე წლებია მუშაობენ. ისინი ყვებიან, რომ ეს ჩამოყვანა 3 ათასი დოლარი გვიჯდება – მგზავრობა და საბაჟოს გამოვლაო. გოგონები, ძირითადად, წითელი ხიდიდან შემოდიან, რადგან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ბევრი გააბრუნეს უკან. ზოგი ლეგალურად შემოდის წითელი ხიდიდან, ზოგი – არა. როგორც ჩანს, იქ კონტროლი ნაკლებია და კორუფციის ნიშნებიც არსებობს. შემდეგ ისინი მიჰყავთ ნაქირავებ ბინაში და იწყებენ მუშაობას. მათ წინასწარ იციან ეს, მე ეს ინფორმაცია მაქვს.
კონფლიქტი იწყება მაშინ, როცა ჩამოყვანილ გოგოს ჩამოყვანის თანხის დაბრუნებას სთხოვენ – ხშირად 3 ათასის ნაცვლად 6 ათასს. ამ პერიოდში ფულს ის ქალები იღებენ, ვინც ჩამოყვანას ორგანიზება გაუკეთა, რადგან იყო შემთხვევები, როცა გოგონები სხვებთან გაიქცნენ, ან ვიღაცასთან დროებით დაქორწინდნენ…“- გვიხსნის ნოდარ ბოლქვაძე.
ადვოკატის თქმით, პოლიციამ სექსინდუსტრიის ყველა დეტალი იცის, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა სიტუაცია უკიდურესად იძაბება, ან კონკრეტული ინტერესი ჩნდება.
„ამ ქალებმა იციან, რომ უკანონოდ შემოიყვანეს და ვერ მიდიან პოლიციაში. ეუბნებიან, რომ ციხეში ჩაგაგდებენო. მათ, ხშირად, საშუალო განათლებაც კი არ აქვთ და თანდათან რთულდება სიტუაცია. ყოფილა შემთხვევებიც, როცა პოლიციელის საყვარელი გახდა კონკრეტული ქალი და მერე დაიწყო გამოძიება… ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უფრო ფულის გამოძალვასთან, ან სხვა ტიპის დანაშაულებთან, ეს არაა ტრეფიკინგი,“ – მიიჩნევს ნოდარ ბოლქვაძე.
ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე სასტუმროს მფლობელი დააკავეს, სექსინდუსტრიის სტრუქტურაც შეიცვალა:
„დანაშაულია, თუკი სექსმუშაკი სასტუმროშია და იქვე იღებს კლიენტებს. სექსმუშაკი ამ დროს შეიძლება ადმინისტრაციული წესით დააჯარიმო, ხოლო სასტუმროს მფლობელი – პროსტიტუციის ადგილის მოწყობისთვის სისხლის სამართლის წესით. სააკაშვილის მმართველობის წლებში არავის აკავებდნენ. რამდენიმე წლის წინ, რადგან ეს დაკავებები გააქტიურდა, მოიფიქრეს, რომ სექსმუშაკები რესტორნებში არიან, სადაც მათთან კლიენტი მიდის და შემდეგ მიმართავენ სასტუმროს. პრინციპში რესტორნისა და სასტუმროს მესაკუთრე ხშირად ერთი და იგივე პირია, ან ახლო მეგობრები არიან, ორივე ადგილზე ფულს აკეთებს. ვერაფერს მიედავები.
მეც ჩემი სასტუმრო გაქირავებული მაქვს და თურქეთის მოქალაქე მართავს. ვიცი, რომ ეს სასტუმრო ამ ინდუსტრიის ნაწილია. აბა, სხვანაირად ვერ იმუშავებ, ზაფხულს მერე მუშაობა არ გექნება და რა უნდა გააკეთო?“ – კითხულობს ადვოკატი.
ნოდარ ბოლქვაძის აღწერის მიხედვით, სექსინდუსტრიაში საქართველოს მოქალაქეები არ ან ნაკლებად არიან ჩართულები. „მხოლოდ ტაქსის მძღოლები არიან ქართველები, რომლებიც ქალებს აკავშირებენ კლიენტებს,“ – ასრულებს ადვოკატი.
[red_box]ომბუდსმენი: ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ხელახალი ვიქტიმიზაციაც ხდება[/red_box]
„სისტემა არ არის სენსიტიური ამ ადამიანების მიმართ“, – მიიჩნევს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ანა ილურიძე. სახალხო დამცველის დაკვირვებით, სამართალდამცავ უწყებებში ისევ დაბალია ცნობიერება ამ საკითხზე – რა შეიძლება იყოს ტრეფიკინგი.
„მთავარია, პოლიციელებს ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც მათ დაეხმარება ტრეფიკინგის იდენტიფიცირებაში. ასევე უნდა არსებობდეს სპეციალური სერვისები, რაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებს გაუადვილებს პრობლემასთან გამკლავებას… იგივე თავშესაფრები, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგის მსხვერპლის განთავსება, ძირითადად ორიეტირებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე. შესაბამისად, ამ თავშესაფრებში არაა ხელსაყრელი გარემო ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისთვის,“ – ამბობს ანა ილურიძე,
2017 წელს ტრეფიკინგის მუხლით 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რვა ქალს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელის თქმით, წელს ტრეფიკინგის მაჩვენებელი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. ანა ილურიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციაა [victim – მსხვერპლი].
„ხშირად მსხვერპლს ისეთ გარემოში აყოლინებენ ისტორიას, რაც მას თავს გადახდა, ამას უსმენს გამოძიებაში ჩართული ყველა პირი, ამ დროს ხდება მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაცია… პრობლემაა ასევე ის, რომ არ არსებობს შესაბამისი იურიდიული დახმარების სერვისი. არსებობს ენობრივ ბარიერიც, რასაც ისინი ხშირად აწყდებიან…“- გვითხრა ანა ილურიძემ.
როგორ აფასებს სახალხო დამცველი შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას? – ანა ილურიძის აზრით, ეს საკითხი ომბუდსმენს, ჯერჯერობით, არ შეუსწავლია. ზოგადად, კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი კი, დისკრიმინაციული მიდგომაა.
_________________________
სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
დღე ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც საკმაოდ მარტივად შეიძლება გახსნან ისეთი ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის შემცველი ვიდეო ან ფოტომასალაა გამოქვეყნებული. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფსიქოლოგ თინანო ჯავახიშვილს ესაუბრა.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოვიდეოებს უყურებს? როგორი უნდა იყოს ამ დროს მისი რეაქცია, თვალი აარიდოს, დაუშალოს, გაუბრაზდეს, რაიმე აუხსნას…
ბავშვის მიერ პორნოგრაფიის ნახვა, განსაკუთრებით პირველად ნახვის შემთხვევა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მეტ-ნაკლებად მატრამვირებელი მოვლენა. ბავშვს არ ესმის რა ხდება, მან შეიძლება ეკრანზე ნანახი აღიქვას, როგორც ძალადობა და მისთვის ეს იყოს ტრავმა.
რაც შეეხება უფროსის რეაქციას, მშობელი ბავშვს ამის გამო არ უნდა გაუჯავრდეს, მით უმეტეს არ შეიძლება ბავშვის დასჯა. ასეთ დროს მშობელმა მშვიდად და არა ყვირილით, უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ის, რაც ნახა, არ არის ბავშვებისთვის განკუთვნილი. ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რადგან მნიშვნელოვანია შემდგომში ბავშვისთვის ეს არ იყოს რაიმე ძალიან ცუდთან დაკავშირებული.
ზოგადად, მშობლები უნდა იყვნენ ფრთხილად. ბავშვი შეიძლება სულ არ ეძებდეს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს და შემთხვევით წააწყდეს. ამიტომაც მშობელმა უნდა აკონტროლოს ბავშვის აქტივობა ინტერნეტში და რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს პირადი ინფორმაციის პატივისცემით. შეიძლება კოდების დაყენება, რომ მხოლოდ უსაფრთხო ვებგვერდები იყოს ხელმისაწვდომი ბავშვისთვის, არსებობს მარტივი და ეფექტური ხერხები იმის შესამოწმებლად, თუ რა ვებგვერდებზე შედის ბავშვი… ამის კონტროლი აუცილებელია, ოღონდ არა ჩხრეკა, შევარდნები, უცებ თავზე დადგომა – „აბა, მაჩვენე რას აკეთებ“ და ა.შ. უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ კომპიუტერში მშობელიც შედის, ეს წინასწარ სჯობს იყოს შეთანხმებული.
საინფორმაციო ბუკლეტებიც კი შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით და მშობლებს დაურიგდეთ სკოლაში, თუ როგორ აკონტროლონ ბავშვები ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ შეიძლება აისახოს ბავშვზე პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეოების/ფოტოს ნახვა?
შეიძლება ბავშვმა მიიღოს ტრავმა, წუხდეს ამაზე და ვერ მოახერხოს ამის თქმა. როგორც წესი, ბავშვები ვერ ინახავენ საიდუმლოს და იწყებენ ამის გაზიარებას სხვა ბავშვებთან, რადგან თვითონ არ იცის როგორ მოექცეს ამ გამოცდილებას და უნდა, რომ სხვებს გაუზიაროს, აჩვენოს. უფროსებთან შეიძლება შეეშინდეს, რადგან იფიქროს, რომ რაღაც ისეთს აკეთებს, რაც უფროსებს არ მოეწონებათ, ამიტომ თანატოლებს უზიარებენ ხოლმე.
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვს ამ და ზოგადად, ყველა გამოცდილებაზე საუბარი შეეძლოს მშობელთან და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს შესაძლებელი იყოს.
თუ კი მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს აქვს ინტერესი და ხშირად უყურებს პორნო ან ეროტიკულ ვიდეოებს, ასეთ დროს რა უნდა ქნას?
როცა მშობელი ბავშვს ამჩნევს ასაკთან შეუსაბამო ქცევას, ვთქვათ სექსუალური შინაარსის, აქ მხოლოდ პორნოგრაფიის ყურებაზე არ არის საუბარი, ეს ზოგადად ყურადსაღები უნდა იყოს მისთვის. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ შეიძლება ბავშვმა რაღაც ნახა, რაც არ უნდა ენახა, ან ვიღაცამ მოუყვა რაღაც, რაც არ არის მისი ასაკისთვის შესაფერისი.
ყვირილსა და გაბრაზებას შედეგი არ ექნება, პირდაპირ მკაცრ აკრძალვას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაინტერესდება. ეს უნდა იყოს განხილული, როგორც ქცევა, რომელიც მიზანშეწონილი არ არის. სჯობს მშობელმა უთხრას ბავშვს, რომ მოვა დრო, როცა ამაზე ილაპარაკებენ. თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვი რეგულარულად უყურებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ფსიქოლოგის დახმარება არ იქნება ურიგო, სადაც ბავშვი სპეციალისტთან, დაცულ გარემოში შეძლებს დაალაგოს ეს გამოცდილება.
არ არის აუცილებელი ბავშვთან ნანახის შინაარსობრივი განხილვა, საუბარია ქცევის განხილვაზე. უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ ეს არის უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმები, გაბრაზება – „არ ნახო, არ შეიძლება“ – არ არის საკმარისი.
სამწუხაროდ, კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ისევე როგორც ყველა ბავშვი და ყველა მშობელი.
ასეთ ვიდეოებში ხშირად არის ძალადობის შემცველი სცენები. როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვზე? იქონიებს თუ არა ეს გავლენას მის წარმოდგენაზე, თუ როგორია სექსი და როგორი უნდა იყოს ქალის ან მამაკაცის როლი?
რა თქმა უნდა, გავლენა შეიძლება იქონიოს და ეს არის სწორედ პრობლემა. სექსი პატარა ბავშვმა შეიძლება აღიქვას როგორც ძალადობა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამის კონტროლი და ამისთვისაა საჭირო, რომ მშობელი ყოველთვის ღია იყოს ბავშვისთვის, რომ მან შეძლოს მშობელთან საუბარი და ეს არ იყოს სტრესთან და სირცხვილთან დაკავშირებული.
ზოგადად რა ასაკიდან აქვთ ბავშვებს სექსის მიმართ ინტერესი? როდიდან იწყება საკუთარი სექსუალობის აღქმა?
ბავშვები საკმაოდ პატარა ასაკიდან იწყებენ საკუთარი სხეულის შესწავლას. ეს შეიძლება 2-3 წლის ასაკიდან მოხდეს, როცა ბავშვები იწყებენ სქესის განსხვავებების აღმოჩენას. საბავშვო ბაღში ხდება შემთხვევები, როცა ბავშვები ერთმანეთს აჩვენებენ სასქესო ორგანოებს, ერთმანეთს შეისწავლიან. ამაში საგანგაშო არაფერია, უბრალოდ ეს უნდა ხდებოდეს ნორმირებულად და მშობელმა საჭიროა მიაქციოს ყურადღება, როგორ მიდის განვითარება ამ მიმართულებით და თუ არის რაიმე საყურადღებო, უნდა მიმართოს სპეციალისტს.
თქვენ საბავშვო ბაღი ახსენეთ. რეაქცია აღმზრდელების, მშობლების მხრიდან ისეთ შემთხვევაში არის საკმაოდ მკაცრი. არის შემთხვევები, როცა არცხვენენ ბავშვს. ეს რამდენად სწორია?
არ არის სწორი. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ასეთ სირცხვილთან და „ცუდ რამესთან“. თქმა – „ცუდი გოგო ხარ, ან ცუდი ბიჭი ხარ“ – არასწორია, რადგან ბავშვს არ ესმის, რატომ, ეს ხომ მისი სხეულის ნაწილია. ამაზე რეაქცია უნდა იყოს მშვიდი საუბარი, ახსნა, რომ ეს არის ადამიანის სხეული, რომელიც არის ძალიან პირადი, დაფარული. უნდა ავუხსნათ ბავშვს მისთვის გასაგებად, მარტივად, თუ რატომ არ უნდა აჩვენოს სხვას სასქესო ორგანოები. ეს არის უნდა გახდეს ბავშვის შერცხვენის და დასჯის მიზეზი.
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მშობლები ხშირად არიდებენ თვალს ბავშვების და ასევე მოზარდების ინტერესსაც სექსის მიმართ. იგივე ხდება სკოლაშიც, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს. ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებლები შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან ამ თემას და ხშირად გაკვეთილიც კი არ ტარდება სქესობრივი აღზრდის შესახებ. ასეთ პირობებში ბავშვი, შემდგომში მოზარდი, რჩება ფილმების, პორნოვიდეოების და თანატოლებისგან მიღებული ინფორმაციის ამარა. ეს არის პრობლემა თქვენი აზრით?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მოზარდობის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან, უნდა არსებობდეს მასალა, ლიტერატურა, ვებგვერდები, სადაც კვალიფიციურად მომზადებული ინფორმაცია იქნება უსაფრთხო სექსზე და არა მითები. აუცილებელია ამ საკითხზე მოზარდს ესაუბროს მშობელი, ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებულ თემა. ცნობისმოყვარეობა არსად არ მიდის, ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი და ამ თემაზე არსებობს ათასი მითი, კითხვები, რაზეც მოზარდებს არ აქვთ პასუხი.
ჩემი აზრით, სქესობრივი აღზრდის საკითხები უნდა იყოს ჩართული განათლების სისტემაში, მაგრამ როგორ, რა ფორმით – ეს კარგად მოსაფიქრებელია, რომ კლასში, სადაც 30-40 ამ ამბით მოცული თინეიჯერია, ეს არ გახდეს დაცინვის, აგდების თემა.
ზოგადად მშობლებმა უფრო მეტი ნდობა უნდა გამოუცხადონ შვილებს. საჭიროა მათთან მშვიდი საუბარი და ღიად განხილვა, თუნდაც საკუთარი ემოციების, რომ ბავშვმა იცოდეს რატომ განიცდის, რაზე ნერვიულობს მშობელი. ეს ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ყვირილი და დასჯა, ბავშვებს ბევრად მეტი ესმით, ვიდრე უფროსებს ჰქონიათ.
თანასწორობის პრინციპის დარღვევა დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებში მომუშავე მანდატურებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაში. დღემდე სასამართლოს მანდატური ვერ იქნებოდა პირი, ვისაც 50 წელი შეუსრულდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 14 დეკემბერს გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სასამართლოს ორმა ყოფილმა მანდატურმა მიმართა – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ. მამუკა ჭანტურია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, ჯიმშერ ცხადაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ ინტერესებს სასამართლოში არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი.
„კანონმდებლობა ამ პროცესში გამორიცხავს პირის ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,“ – უთხრეს ყოფილმა მანდატურებმა მოსამართლეებს საქმის არსებითი განხილვის დროს. პარლამენტის განმარტებით კი, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა.
„სადავო რეგულაციით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს მანდატურის საქმიანობისთვის საჭირო უნარების დაქვეითებას, რაც განაპირობებს 50 წლის ასაკს მიღწეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას,“ – აღნიშნავდა პარლამენტის წარმომადგენელი.
„მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, განაპირობებდა მანდატურის ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარების დაკარგვას,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ.
სასამართლოს განმარტებით, ასევე შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს პირის ფიზიკური მონაცემები და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება იგი მანდატურის თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს გაუმართლებლად ეპყრობოდა უთანასწოროდ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოებიდან ვეღარ გაათავისუფლებენ მანდატურებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ, თუმცა მანდატურებს, რომლებიც ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობენ, გათავისუფლდებიან ასაკობრივი ბარიერის გამო.
„სარჩელით მხოლოდ საერთო სასამართლოების მანდატურებს ეხებოდა. თუ მოგვმართავენ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურები, ჩვენ მათ ინტერესებსაც დავიცავთ,“ – გვითხრა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
დაცვის პოლიციის წინააღმდეგ რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს მეორე კოლეგიამ 30 ივნისამდე მისცა პარლამენტს ვადა იმისთვის, რომ ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს.
პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპანიები – „გიგანტი სექიურითი“ და „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ დაობდნენ. დავის საგანი რამდენიმე კანონის მიერ დადგენილი სამართლებრივი ნორმა იყო, რაც სახელმწიფო დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაცვის საქმიანობა განეხორციელებინა და, იმავდროულად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები ეკონტროლებინა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ამგვარი მოწესრიგება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა და დაცვითი მომსახურების ბაზარზე იქმნებოდა არაკონკურენტუნარიანი გარემო. მოსარჩელეების აზრით, ირღვეოდა კერძო დაცვითი ორგანიზაციების თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება.
მოპასუხე მხარის პოზიციით, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზანია კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების თავიდან აცილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ „მომეტებული საფრთხე“ დაინახა კანონის ამ ჩანაწერში.
„დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდა დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა, რაც მას ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ კონკურენტის კომერციულ ინფორმაციაზე წვდომას. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმები და მოპასუხეებს განუსაზღვრა ვადა საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად მოსაწესრიგებლად.
ფეისბუქზე გავრცელდა ბათუმში გადაღებული ფოტო, სადაც მანქანას საბურავები აქვს მოხსნილი. საზოგადოებამ ის მორიგი ქურდობის ფაქტად აღიქვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქურდობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და საბურავები მაქანას მესაკუთრემ მოხსნა, პოლიცია კი ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.