მთავარი,სიახლეები

რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

19.12.2018 • 2459
რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში.

გირაოს რაოდენობების მიხედვით მეორე ადგილზეა ბათუმის საქალაქო სასამართლო. აქ 67 %-ში შეუფარდეს ბრალდებულებს გირაო. შემდეგ მოდის თელავი – 58 %, გორი – 50 %, ხოლო ბოლო ადგილზეა თბილისი – 47%.

„ძალიან მაღალია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების – პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოწვეულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დაუსაბუთებლობით, როცა პროკურატურა დაუსაბუთებლად ითხოვს გირაოს, ან პატიმრობას გამოყენებას, ხოლო სასამართლო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას,“ – აღნიშნავს მერაბ ქართველიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

გირაოს და პატიმრობის გარდა, კანონი იცნობს აღკვეთი ღონისძიების სხვა ფორმებსაც – პირადი თავდებობა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება, თუმცა საია-ს ყოველწლიური მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ციფრები იკლებს. მაგალითად, თუკი 2014 წელს სასამართლოებმა 11%-ში პირადი თავდებობა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება გამოიყენეს, 2017 წელს ასეთი შემთხვევა სულ 3%-ში დაფიქსირდა.

„პრობლემაა აღკვეთი ღონისძიების გადახედვაც. სასამართლო ვალდებულია ყოველ ორ თვეში გადახედოს აღკვეთი ღონისძიების საკითხს, თუმცა გაურკვეველია, რა იგულისხმება კანონით გათვალისწინებულ „ახალ გარემოებაში“, რის გამოც ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად შესაძლოა გირაო შეუფარდონ,“ – თქვა შეხვედრაზე ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსამართლე დროის სიმცირის გამო ხშირად საქმის მასალებს არც კი იცნობს.

„ხშირად მოსამართლეს იმდენად მცირე დრო აქვს, რომ მას საქმის მასალების გასაცნობად დრო არ აქვს…“ – აღნიშნა მან, რასაც საია-ს ანალიტიკოსიც დაეთანხმა. მერაბ ქართველიშვილის აზრით, პრობლემაა ადვოკატის კომუნიკაცია ბრალდებულთანაც.

„ხშირად ადვოკატი ბრალდებულს პირველად სასამართლო პროცესზე ხვდება… ამიტომაც საჭიროა, განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმებების დროს, მოსამართლემ სრულად გააცნოს შეთანხმების პირობები ბრალდებულს და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი არ წაუკითხოს“, – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 10 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლეებს უარი უთქვამთ პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუკი მოსამართლე ხედავს, რომ შეთანხმება კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით გაფორმდა, ან სასჯელი შეუსაბამოდ მკაცრია. ამ შემთხვევებში სასამართლოს სასჯელის სიმკაცრის გამო უთქვამთ უარი საპროცესო შეთანხმებაზე. საია-ს ანალიტიკოსი, მერაბ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში უნდა შევიდეს და მოსამართლეს სასჯელის დაკლების შესაძლებლობა მიეცეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგჯერ ბრალდებული უარეს მდგომარეობაში ვარდება. მოსამართლეს შეუძლია უარი თქვას საპროცესოს დამტკიცებაზე, მაგრამ პროკურორი სასჯელს კი არ აკლებს, არამედ საერთოდ უარს ამბობს შეთანხმებაზე…“ – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

საია-ს ანგარიშში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი, მაგალითად, დაკავების პროცედურაზე, რომლის კანონიერებასაც სასამართლო არ განიხილავს.

„დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსამართლეები თავს არიდებენ დაკავების კანონიერების განხილვასა და შეფასებას. აღნიშნული, გარკვეულწილად, განპირობებულია საკანონმდებლო ნაკლოვანებითაც. აუცილებელია დაკავების განხილვის მექანიზმის და პროცედურის სათანადოდ მოწესრიგება კანონმდებლობით, რათა განისაზღვროს მოსამართლის ვალდებულება, პირველი წარდგენის სხდომაზე შეამოწმოს დაკავების კანონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაკავებული პირი არამართლზომიერად დარჩეს პატიმრობაში, ან მის მიმართ გამოყენებული იყოს ზედმეტად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება,“ – წერია საია-ს მონიტორინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლის ტრადიციულ კითხვაზე, როცა ის ბრალდებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ეკითხება. ზოგიერთი ბრალდებული მოსამართლეს უყვება, რომ მას აწამებენ, თუმცა მოსამართლის როლი ამ დროს მხოლოდ კითხვის დასმით შემოიფარგლება. საია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაშიც უნდა გაიზარდოს მოსამართლის როლი „არასათანადო ფაქტებზე ეფექტური რეაგირების კუთხით“.

ანგარიშში გაკრიტიკებულია პროკურატურის მიდგომაც, რომელიც ჩხრეკას და ამოღებას უმრავლეს შემთხვევაში „გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით“ ატარებს და სასამართლოს შემდეგ მსჯელობს ამ ქმედების კანონიერებაზე.

„კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი საგამონაკლისო წესი პრაქტიკაში ხშირი გამოყენების ნორმა გახდა… სასამართლოს საფუძვლიანი შემოწმების გარეშე დამტკიცებული ჩხრეკა, ან ამოღება არის ბრალდებულის უფლებაში არამართლზომიერი ჩარევა, რამაც შესაძლოა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება შელახოს და დაცვის მხარე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს,“ – მიიჩნევს მერაბ ქართველიშვილი, საია-ს ანალიტიკოსი.

ერთი წლის განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორები ხუთივე სასამართლოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 2 144 სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ.

მოწვევის მიუხედავად შეხვედრას მოსამართლეები არ დასწრებიან, პროკურატურიდან შეხვედრაზე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მივიდა. საია-ს მონიტორინგის შედეგებს, ძირითადად, ადვოკატები გაეცნენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: