მთავარი,სიახლეები

კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

18.12.2018 • 4882
კაცის სახელი ტრანსგენდერი ქალის საფლავის ქვაზე

ლიკას საფლავის ქვაზე მამაკაცის სახელი დააწერეს – ავთო, ფოტოც ბიჭისაა. საფლავის ქვა ლიკას ოჯახის წევრებმა შეუკვეთეს. მათ არც სიცოცხლის შემდეგ მიიღეს ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი. ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა. ის 26 წლის იყო.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ლიკას მხოლოდ ბაბუა უვლიდა. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება ჰქონდა და ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სამძიმრის მიღებაზე უარი თქვა – ლიკას ცხედარი სახლში კი არა, პროზექტურიდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს.

„ჩვენ საფლავის ქვა მოვამზადეთ. სიტუაციის გამწვავება არ გვინდოდა, ამიტომ საფლავის ქვაზე არც ლიკა და არც ლიკას ფოტო არ დავახატინეთ. ქვაზე მხოლოდ ლიკას საყვარელი ფრაზა დავაწერინეთ და ბათუმში საფლავზე მივედით…“ – გვიყვება მაკა, ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ლიკასთან მეგობრობდა.

მეგობრებმა საფლავის ქვა მესაფლავესთან დატოვეს, რადგან საფლავზე ქვა უკვე დახვდათ.

„მესაფლავემ გვითხრა, რომ ეს ქვა, სადაც ლიკა არ წერია, დედამ მოიტანა. ახლა მიცვალებულის სადღაც გადატანას აპირებენ და აზრი არ აქვს ამ ქვის საფლავზე დატოვებასო… მერე არ ვიცი, რა მოხდა. მესაფლავე დაგვპირდა, დედა როცა გამოჩნდება, თქვენს ქვასაც ვაჩვენებო“, – გვითხრა მაკამ.

„იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერის ინფორმაციით, ახლა ლიკას საფლავზე ორი ქვაა. ერთი, სადაც წერია, რომ იქ 26 წლის ავთოა დაკრძალული და მეორე უსახელო – სამახსოვრო მეგობრებისგან, ლიკას საყვარელი ფრაზით და მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღის მითითებით.

ლიკა ოჯახიდან 14 წლის ასაკში წავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ოჯახის წევრებმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს. რამდენიმე თვე ლიკა მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ რესტორანში მუშაობდა – მიმტანად. ბოლო წლებში სექსმუშაკობით ირჩენდა თავს. ამის შესახებ ლიკა „ბათუმელებს“ თავად მოუყვა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

როცა ადამიანი ამბობდა, რომ ის იყო ლიკა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავის ქვას ავთოს აწერენ, არის თუ არა ეს დისკრიმინაცია? რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პერიოდულად განიცდიან ჩაგვრას?

  • ნინო ბოლქვაძე ლიკას საფლავის ქვაზე: საზოგადოებრივი ინტერესია, დადგინდეს დისკრიმინაცია ამ ფაქტზე

„ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახმა არ მიიღო მისი გენდერული იდენტობა არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლის შემდეგ. ეს არის უპატივცემულობა მისი პიროვნების, მისი ღირსების მიმართ. საზოგადოებრივი ინტერესია, დადგინდეს დისკრიმინაცია ამ ფაქტზე,“ – მიიჩნევს „თანასწორობის მოძრაობის“ სამართლის ოფიცერი, ნინო ბოლქვაძე.

იურისტების პოზიცია ერთნაირი არ არის. მაგალითად, გიორგი გოცირიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ თვლის, რომ ამ კუთხით სამართლებრივ დავას პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ლიკა უკვე გარდაცვლილია. უფლებადამცველი ნინო ბოლქვაძე კი სამოქალაქო კოდექსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უშვებს ადამიანის პატივის და ღირსების დაცვას გარდაცვალების შემდეგაც.

ადამიანის პატივის და ღირსების დაცვა შესაძლებელია სიკვდილის შემდეგაც. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს, არამედ იმ პირსაც კი, ვისაც უფლების დაცვის ღირსი ინტერესი გააჩნია. რომც დადგინდეს დისკრიმინაცია, მისთვის ამ უფლების აღდგენა ვეღარ მოხდება, მაგრამ ეს ფაქტი სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ახდენს გავლენას. „ღირსი ინტერესი“ ზუსტად ამას გულისხმობს. ამიტომაც უნდა დაერქვას სახელი იმას, რაც მოხდა,“ – გვითხრა ნინო ბოლქვაძემ.

საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე კი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას იხსენებს, სადაც სარჩელი გარდაცვალების გამო არ დაკმაყოფილდა. „როცა ადამიანი კვდება, უფლების სუბიექტი აღარ არსებობს. ასეთი მიდგომა დააფიქსირა საკონსტიტუციო სასამართლომ იგივე ვაზაგაშვილის საქმეზე, როცა გარდაცვლილ ადამიანზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა,“- აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

  • ომბუდსმენი: ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტებმა იმატა

იმის მიუხედავად, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მეოთხე წელია მოქმედებს საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატში, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ.

ანა ილურიძე, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის და ცემის გარდა, ბოლო პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა იმ ფაქტებზე, რაზეც ლგბტ თემის წევრებს საუბარი უჭირთ. ეს, ძირითადად, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობას ეხება, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რის გამოც ლგბტ თემის წევრები ხშირად დუმილს ამჯობინებენ.

„ლგბტ თემის წევრებს ასევე აქვთ დასაქმების და საცხოვრებლის მოძიების, განათლების თანაბარ და თანასწორ გარემოში მიღების პრობლემები… მათ ხშირად ეზღუდებათ, ან საერთოდ არ მიეწოდებათ ჯანდაცვის სერვისები ჯანდაცვის პერსონალის ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო. ამ საკითხის მოგვარების გარეშე მათი პრობლემა ვერ მოგვარდება,“ – ამბობს ანა ილურიძე.

მრავალი პრობლემიდან „თანასწორობის მოძრაობამდე“ მისული ადამიანებიდან ყველაზე მეტად სამართლის ოფიცერ ნინო ბოლქვაძეს ის შემთხვევები დაამახსოვრდა, ვინც გენდერული იდენტობის გამო ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

„როცა მშობელი მოძალადეა, ის, ბუნებრივია, არ მოგვცემს ნებართვას, რომ ვიმუშაოთ მის შვილთან, ანუ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მიდის. ხშირად ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებამდე ვერც მიდის. არასრულწლოვანებმა არ იციან, ვის უნდა მიმართონ, ეშინიათ. ხშირ შემთხვევაში მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ისეთ სჩადიან, რაც ცუდია და ისჯებიან ლეგიტიმურად. ისინი ეკონომიკურად არიან ამ ოჯახებზე დამოკიდებული…“ – გვიყვება ნინო ბოლქვაძე.

უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია, მოკლეს თუ არა წელს ვინმე გენდერული იდენტობის გამო. სახალხო დამცველის აპარატში ყურადღებას ამახვილებენ პროკურატურის მუშაობაზე, რომელიც გენდერული იდენტობის მოტივით დანაშაულს საქმეში ცალკე არ ყოფს. ანუ შესაძლოა ლგბტ თემის წევრი მოკლეს, მაგრამ სასამართლო მას განიხილავდა, როგორც მორიგ მკვლელობას და არ გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს.

„აქამდე ჩვენთვის ცნობილ საქმეებში პროკურატურას არ გამოუყვია სექსუალური ორიენტაციის მოტივი, რომლის გამოყოფაც, ზოგადად, პრობლემაა. მაგალითად, 2016 წელს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გენდერული მოტივი არ იყო გამოყოფილი. პირველი ინსტანციის სასამართლომაც ვერ დაინახა ეს. მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ გამოყო გენდერული მოტივი…“ – იხსენებს ანა ილურიძე, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

2017 წლის ზაფხულში ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის ამბავს იხსენებს ნინო ბოლქვაძე “თანასწორობის მოძრაობიდან“.

„თავიდან გავიგეთ, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. შემდეგ ოჯახებმა თქვეს, რომ ეს არ უკავშირდებოდა გენდერულ იდენტობას და სასამართლო პროცესებიც დაიხურა,“ – აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე.

  • რა რეაგირება მოჰყვა ბათუმში გოგოს ოთახში გამოკეტვას და ქუჩაში ტრანსგენდერი ქალის ცემას

გუშინ, 17 დეკემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა გიორგი ჩ. მას ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალის ცემას ედავება გამოძიება. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ „შეხლა-შემოხლას“ ჰქონდა ადგილი და ესეც იმიტომ მოხდა, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა გიორგის ჩუმად ამოუღო ჯიბიდან საფულე.

„კონფლიქტი მოხდა მას შემდეგ, როცა გიორგიმ ტრანსგენდერ ქალს უთხრა, რომ მისგან სექსუალური მომსახურების მიღება აღარ სურდა და არც 30 ლარს გადაიხდიდა,“ – ამბობს ადვოკატი გურამ ღოღობერიძე.

ეს ამბავი 2018 წლის მარტში მოხდა. დეკემბრამდე გიორგი ჩ.-სთვის გამოძიებას ბრალი წაყენებული არ ჰქონდა.

ლგბტ თემის უფლებების დარღვევის რამდენიმე საქმეზე მუშაობდა წელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი ერთ-ერთ საქმეს გამოყოფს – ქალი, რომელიც მამამ ოთახში გამოკეტა.

„ეს ქალი პარტნიორთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ბათუმში იმიტომ ჩამოვიდა, რომ საკუთარი შვილი ენახა. ყოფილმა მეუღლემ მას შვილი ანახა, მაგრამ ადგილზე დედ-მამაც მივიდნენ და სახლში წასვლა აიძულეს. ქალი ყვებოდა, რომ ის მამამ ოთახში გამოკეტა და გარეთ გამოსვლის საშუალებას აღარ აძლევდა. საბოლოოდ მან „იდენტობასთან“ დაკავშირება შეძლო და პოლიციის დახმარებით გამოვიდა გარეთ.

ჩვენ ვესწრებოდით ამ ქალის ჩვენების მიცემის პროცესს. მას ჩვენების მიცემის დროს აღარ უთქვამს ის, რომ ოთახში გამოკეტეს. იცოდა, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე შეიძლებოდა მისი მამა მიეცათ პასუხისგებაში. პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მამას აღარ ჰქონდა უფლება შვილთან მიახლოების, ან სატელეფონო კომუნიკაციის…“

  • რა შეცვალა „ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა“ მუსლიმი თემისთვის

„ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საფუძველზე 2016 წელს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. 

დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის საშუალება მაინც არ მიეცა, რადგან პანსიონის შენობა ქობულეთის მერიამ წყლის და კანალიზაციის სისტემას არ მიაერთა. მიზეზად მერიამ მოსახლეობის წინააღმდეგობა დაასახელა.

ქობულეთის მერიას ამ შემთხვევაში სახალხო დამცველმა უჩივლა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის სარჩელი 12 ოქტომბერს დააკმაყოფილა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყება აღმოჩნდა, რომელსაც სახალხო დამცველმა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო უჩივლა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ. ქობულეთის მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს დასაბუთების შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მუსლიმ თემს პანსიონის სარგებლობის საშუალებას მისცემენ.

ბათუმის სასამართლოში „ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეც“ განიხილება, თუმცა ბოლო სხდომა 20 თებერვალს შედგა. მაშინ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმის მერიის მოთხოვნით, მხარეებს მოლაპარაკებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მორიგი პროცესი კი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

„შესაძლოა, სასამართლოს აქ გაუჭირდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღება,“ – ასეთი მოლოდინი აქვს ეთერ გვრიტიშვილს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ვთხოვეთ პარალელი გაევლო რუსთავის შემთხვევაზე, სადაც სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემა დაავალა რუსთავის მერიას.

„ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებულად დგას საკითხი, იქედან გამომდინარე, რომ უფრო პოლიტიზებულია ეს საკითხი და მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ ბათუმის მერიის ეს გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციის ნიშნით განპირობებული. ეს თემა განიხილება პოლიტიკის ინსტრუმენტად, ამიტომ, შესაძლოა, სასამართლოს გაუჭირდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღება, როგორც იყო კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებით. რუსთავში პოლიტიკური წინააღმდეგობა არ იყო, აქ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან გვქონდა საქმე.

სამართლებრივად ორივე საქმე იდენტურია, ორივეშია ახალ საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე საუბარი, რომლის საჭიროებაც ნათლად დგინდება. ბათუმში ახალი მეჩეთი, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს. ერთადერთი გზა არის ზუსტად ამ ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. სასამართლოს გზით, თუ პოლიტიკური ნების გამოვლენით, სახელმწიფოს ამ გადწყვეტილების მიღება ყველა შემთხვევაში მოუწევს ოდესმე,“ – გვითხრა ეთერ გვრიტიშვილმა.

  • როდის გახდება ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონი

„ჩვენი ხელისუფლება არათუ პროაქტიულად ასრულებს თავის ვალდებულებას ლგბტ თემის ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ პირიქით, თვითონ არის წყარო დისკრიმინაციის და ახალისებს ჰომოფობიას,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე, „თანასწორობის მოძრაობის“ სამართლის ოფიცერი. იგი მთავარ პრობლემად ხელისუფლების მგრძნობელობას ასახელებს – როგორ აღიქვამს, მაგალითად, პოლიციელი ტრანსგენდერი ქალის ცემას.

„ვიდრე არ გვექნება დაჯარიმების მექანიზმი, სათანადო პასუხისგების მექანიზმი, მხოლოდ შეფასებას, რომ აი, ეს დისკრიმინაციაა, არ ექნება შედეგი, ასე ჩვენ ვერ გავალთ სისტემურ ცვლილებებზე. აუცილებლად უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის მანდატიც, რომ მას დოკუმენტების გამოთხოვა შეეძლოს კერძო ორგანიზაციებიდან. დღეს როგორ არის: თუკი შემთხვევა მოხდა, მაგალითად, რესტორანში, მის მფლობელს სახალხო დამცველისთვის ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიწოდების ვალდებულება არ აქვს,“ – გვითხრა ნინო ბოლქვაძემ.

სახალხო დამცველის მანდატის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს ეთერ გვრიტიშვილიც, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. იგი სასამართლოში ასევე რელიგიური ჯგუფების პრობლემების მიმართ მგრძნობელობის ნაკლებობას ხედავს.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს ისეთი ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო „ქობულეთის პანსიონის საქმე“… არსებობს აღსრულების მეორე მექანიზმი – სასამართლო. საერთო სასამართლოების ცოდნა და მგრძნობელობა უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ არის შედარებით მცირე. აქედან გამომდინარე საკმაოდ მწირი სასამართლო პრაქტიკა გვაქვს დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. თუმცა ამ პრაქტიკაშიც მოიძებნება გარკვეული დადებითი გამონაკლისები, როგორც ეს მოხდა, ქობულეთის პანსიონის საქმეზე,“ – აღნიშნა ეთერ გვრიტიშვილმა „ბათუმელებთან“.

ეთერ გვრიტიშვილი ასევე ფიქრობს, რომ პრობლემაა სტიგმა, რომელიც „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიმართ საზოგადოებაში გაჩნდა.

„კანონთან მიმართებით არის სტიგმა, რომ ეს არის ლგბტ პირების კანონი. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფები მნიშვნელოვანი, თუმცა იგი საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, იგი მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არ გამოიყენება. არსებობს კონკრეტული საქმეები, როცა ორსულობის გამო გახდა ადამიანი დისკრიმინაციის მსხვერპლი. მთავარია, სასამართლოებმა პროაქტიულად დაიწყონ ამ კანონის გამოყენება“, – მიიჩნევს ეთერ გვრიტიშვილი.

მთავარი ფოტო: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: