მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

01.12.2018 • 2208
აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებს პრიორიტეტების დოკუმენტში ასახოს თუ რას აპირებს კონკრეტულად „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში.

„პრიორიტეტების დოკუმენტში ასახული იყოს ფინანსური დასაბუთება ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნებში, რომელიც მთავრობას 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გადაეგზავნა.

„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაჭრა და მოგვარება აჭარის ხელისუფლების „ღირსების საკითხია… სტატისტიკური ანალიზი გაკეთებულია და ზუსტი წარმოდგენა გვაქვს [ალბათ, ორპროცენტიანი ცდომილებით], რამდენი ადამიანია, რამდენი სახლია და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარვადგინოთ კონკრეტული ხედვები“.

ასეთი კონკრეტული ხედვები, „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოსაგვარებლად კი მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

სამომავლოდ თვითნებური ჩასახლებების თავიდან ასაცილებლად საკუთარი პოზიცია აქვს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მოუწოდებს აჭარის მთავრობას შეიმუშაოს პროგრამა, რომლითაც „იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სურვილი და მატერიალური საშუალება სოფლად აიშენონ სახლი და აწარმოონ სოფლის მეურნეობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწა და საცხოვრებელი სახლის ტიპიური პროექტები გადაეცეს სიმბოლურ ფასად, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით“.

კომიტეტში თვლიან, რომ ასეთი პროგრამის ამოქმედებით „თავიდან ავიცილებთ უკონტროლო თვითნებურ ჩასახლებებს, უპროექტო მშენებლობებს და მივიღებთ ურბანულად სწორად განვითარებულ დასახლებებს, ამისათვის საჭიროა შეირჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტების მიხედვით“.

პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისთვის, აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სულ 6 631 000 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით ასეთი პროგრამების დაფინანსება 2020 წლიდან ეტაპობრივად მცირდება და 2022 წლისთვის მხოლოდ 4 979 900 ლარია გათვალისწინებული.

კონკრეტულად რა შენიშვნებს გაითვალისწინებს აჭარის მთავრობა, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს გადააგზავნის უმაღლეს საბჭოში.

 

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქი“ „ბათუმელების“ ფოტოარქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: