მთავარი,სიახლეები

კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად

19.12.2018 • 2547
კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად,  სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს.

“შავი ზღვის  მონიტორინგის განხორციელება არის გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. გემი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, ეკოსაუნდერით, რომელიც სარფიდან ანაკლიამდე ტერიტორიას დაასკანერებს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩავატაროთ სრულყოფილი კვლევა, თუ რა სარეწაო მარაგები არსებობს ამ მომენტისთვის. ასევე, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ასპექტებს გამოვიკვლევთ. აქ მიღებული გამოცდილება შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მოგვცემს საშუალებას, შემდეგში ჩვენ თავად განვახორციელოთ მსგავსი კვლევები,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი.

მსგავსი მასშტაბის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. 1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჩატარებული კვლევებით სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასების კორექტულობაზე და, შესაბამისად, დარგის მართვის ეფექტურობაზე.

“ეს საზღვაო ექსპედიცია გამორჩეულია. მრავალი წელია მსგავსი ექსპედიცია საქართველოში არ განხორციელებულა. ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს სანაპირო წყლებში თევზის რესურსების განსაზღვრის გარდა, წარიმართება მათი პოპულაციური ანალიზი – ასაკობრივი, სქესობრივი და ზომა-წონითი სტრუქტურის კვლევა. მთლიანად გაანალიზდება ძირითადი სარეწაო სახეობები, როგორიცაა სტავრიდა, ქაფშია, ქარსალა და სხვა,” – ამბობს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ანგარიში თებერვლის ბოლოს მომზადდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: