წინასაახალწლოდ ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ კოლექციაზე 25-დან 50 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
შეთავაზება მოქმედებს 30 დეკემბრის 21 საათამდე.
„ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.
ძლიერი მეზღვაური – ძლიერი საქართველო! – ამ სლოგანით ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ათ წელზე მეტია საუკეთესო კადრებს ამზადებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების გემებზე ცურავენ. ისინი ეკიპაჟის საუკეთესო და ლიდერი წევრები არიან. „ანრის“ უმაღლესი საფეხურის პირველმა კურსდამთავრებულებმა უკვე მიაღწიეს საზღვაო სფეროს უმაღლეს საფეხურებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები გახდნენ. ჩვენი სასწავლებლის გამოშვებული რიგითი მეზღვაურები სანიმუშოები არიან და მათ უნდათ, მოიპოვონ დისტანციურად სწავლის უფლება, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო მეტი შეძლონ თავიანთი ოჯახებისა და სამშობლოსთვის.
დიახ, ძლიერი საზღვაო განათლების სისტემა არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოვლათის მომტანი და ვუსურვებთ მომავალ ახალ წელს წარმატებები, სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს თითოეული მეზღვაურისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ბათუმში 387 განთავსების ობიექტი (სასტუმრო, ჰოსტელი) იყო რეგისტრირებული, რომლებსაც ერთდროულად 22 299 სტუმრის მიღება შეეძლოთ. ამაში არ შედის airbnb.com-ზე დარეგისტრირებული ბინები და ის ბინები, რომელთა მეპატრონეებიც დღიურად, ინტერნეტის დახმარების გარეშე აქირავებენ ოთახებს.
განთავსების ობიექტებისა და საწოლი ადგილების რაოდენობა წლების მიხედვით ასე იზრდებოდა:
[checklist]
2015 წელი – 325 განთავსების ობიექტი; 15 426 ადგილი
2016 წელი – 348 განთავსების ობიექტი; 18 277 ადგილი
2017 წელი – 379 განთავსების ობიექტი; 21 602 ადგილი
2018 წელი – 387 განთავსების ობიექტი; 22 299 ადგილი
[/checklist]
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით 2018 წელს იანვრიდან ნოემბრამდე აჭარას 1 830 888 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც, როგორც დეპარტამენტში ამბობენ, 16 %-ით მეტია 2017 წელს ანალოგიურ პერიოდში შემოსული ტურისტების რაოდენობაზე.
ბათუმის საკრებულოს სხდომა „ქართული ოცნების“ ფრაქციის მოთხოვნით შეწყდა. საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის ეტაპზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ მოულოდნელად ათწუთიანი შესვენება მოითხოვა ფრაქციის სხდომისთვის, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე დაეთანხმა. სავარაუდოდ, ნატალია ზოიძის მოთხოვნა მისი კოლეგების ქცევამ განაპირობა: მათი მოთხოვნით, დღეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს ორი მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხი.
საკითხი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ლაშა სირაბიძის მოთხოვნით ამოიღეს დღის წესრიგიდან. ლაშა სირაბიძის აზრით, არსებობს კითხვები არა სიცოცხლისათვის საშიში სახლებიდან მოქალაქეების გაყვანაზე, არამედ მათთვის ბინების გადაცემაზე. მას უმრავლესობის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.
სხდომას ესწრებოდნენ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. მერის თქმით, არსებობს დასკვნა, რომ ბათუმში, კონკრეტულ მისამართზე ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობენ. მას იმედი აქვს, რომ საკრებულოს ის წევრები, ვინც დღეს საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს, აცნობიერებენ ამ რისკებს.
საკითხის ამოღებას „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე არ დაეთანხმა.
ეს იყო პირველი შემთხვევა ამ მოწვევის საკრებულოში, როცა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები საჯაროდ დააფიქსირეს.
დღეს ბათუმის საკრებულოში ორ ავარიულ სახლთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ. ეს სახლები გიორგი ბრწყინვალის #48-ში და კვინიტაძის #3-ში მდებარეობს. სულ რამდენი ასეთი სახლია გამოვლენილი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
სტატია ავარიული სახლიდან მობინადრეების გასახლების გეგმაზე წაიკითხეთ აქ.
საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებით რეისებს ნიშნავს.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით – 29 და 30 დეკემბერს.
ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დღეს, 27 დეკემბერს, 19 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართება საღამო, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლ, ცნობილ რუს პოეტს, ოსიპ მანდელშტამს მიეძღვნება. 2018 წელს მისი გარდაცვალებიდან 80 წლისთავი აღინიშნება.
საღამოს ფარგლებში დაგეგმილია მანდელშტამის შესახებ გადაღებული ფილმის – „შეინახე ჩემი სიტყვები სამუდამოდ“ ჩვენება და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გოჩა გოგუაძის მოხსენება – „მანდელშტამი და ბათუმი“.
მანდელშტამი 1938 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. პოეტის შემოქმედება აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში. მისი ლექსების გამოქვეყნება მხოლოდ 60-იან წლებში გახდა შესაძლებელი, ისიც ჯერ ნიუ იორკსა და პარიზში და მხოლოდ ამის შემდეგ – საბჭოთა კავშირში. იგი ორჯერ იყო დაპატიმრებული, პირველ საქმეზე რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს, მეორე საქმეზე კი – 1987 წელს.
საღამოს ორგანიზატორები არიან – საერთაშორისო ასოციაცია TIP-ის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა გოგუაძე და კინოფესტივალი BIAFF-ი.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
__________
მთავარ ფოტოზე: ოსიპ მანდელშტამი, ციხეში გადაღებული ფოტო
დღეს, 27 დეკემბერს, დილით, დაახლოებით 8:30 წუთზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კლინიკა „მედინას“ მიმდებარედ, ორმოცდაათ წლამდე ასაკის ქალს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ ბათუმში უკვე 5 წელია არსებობს. ცენტრში „ევმინოვის მეთოდით“ მკურნალობენ სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს.
„ევმინოვის მეთოდში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას.
მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც დგინდება ხერხემლის გამრუდების ხარისხი. პაციენტის ხერხემლის ფოტო იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი რეკომენდაციებით.
20 პროცედურის შემდეგ, დადებითი შედეგი ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებითაც შეინიშნება.
მკურნალობა რომ ნებისმიერ ასაკში შედეგისმომცემია, ზემოთ მოცემულ ფოტოთი დარწმუნდებით, რომელზეც ასახულია ჩვენი 20 წლის პაციენტის მდგომარეობა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ.
ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 21 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის შედეგად 9 სავაჭრო ობიექტი დაიწვა, ზარალის საერთო რაოდენობა მილიონზე მეტი ლარია.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა ბ.ბ.-მ გამოკითხვისას აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.
ბ.ბ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„მათი ძალა დეტალებშია, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ვერ ადევნებს თვალს. ისინი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები] მუდმივად იმეორებენ, რომ კანონს არ არღვევენ. კანონს შესაძლოა არ არღვევენ, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებენ. „ოცნების“ ხელისუფლება თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ არ ვიცი, შეუწყო თუ არა ხელი ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას, რადგან ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს…“ – ეს ნაზი ჯანეზაშვილმა გვითხრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა. ის იუსტიციის საბჭოს 24 დეკემბრის სხდომაზე საკუთარი 2 თვის შვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ამ გზით სცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა საფრთხე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემისგან გველის.
როგორ მივიღეთ „კლანი“ სასამართლო სისტემაში და რა საფრთხე არსებობს, თუკი საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს ჩააბარებს? როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს პოლიტიკური ხელისუფლება, რომ მის მოქმედებას სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ დაერქვას?
„როცა ვამბობთ, რომ მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავენ, ეს პრობლემა, თითქოს, კარგად არ ჩანს. ბავშვის მიყვანით მინდოდა ნათლად მეჩვენებია, რომ როცა ეს ბავშვი 25 წლის გახდება, ეს თაობა, რომელიც ახლა იბადება, მათი ქვეყნის მოსამართლეები ეს ადამიანები იქნებიან. ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება სასამართლო,“ – უთხრა 24 დეკემბერს ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს.
24 დეკემბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატები საბჭომ ისე შეარჩია, რომ ზოგიერთმა წევრმა ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატებიდან 2 იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი წევრია – საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ნაზი ჯანეზაშვილი ყვება, რომ საბჭოს სხდომაზე გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირი დაასახელა კანდიდატები, ეს შეარჩია გუნდმაო.
„გუნდია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იქ არ უმსჯელიათ და ზემოთ ვინ დგას?“ – კითხულობს საბჭოს არამოსამართლე წევრი.
24 დეკემბერს და მას შემდეგ მაინც ყველაზე მეტად მიხეილ ჩინჩალაძეს ახსენებენ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა სურს და ვისზეც სისტემის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ, რომ „ის სასამართლო კლანის პირველი პირია“.
„მიხეილ ჩინჩალაძის გავლენა არ შექმნილა დღეს, არც ორი და სამი წლის წინ. ის იყო კუბლაშვილის მოადგილე და მასზე მეტი თუ არა, არც ნაკლები გავლენა ჰქონია სამართლებრივ წრეებში. მანამდე ის მუშაობდა ზურაბ ადეიშვილთან… მას ჰქონდა ერთგვარი ავტორიტეტი თავის დაჯგუფებაში და ამ ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად. ბოლო პერიოდში კი, არათუ შეინარჩუნა, პირიქით, ჩინჩალაძის კლანი გაძლიერდა. დღეს რეალურად ყველა გზა სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძეზე გადის,“ – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე
მიხეილ ჩინჩალაძე პირველი მოსამართლეა, რომელიც საქართველოში უვადოდ გაამწესეს. 2017 წლამდე, ვიდრე მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაამწესებდნენ, 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ამავე პერიოდში მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მანამდე კი, ანუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. 2005 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩინჩალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა იგი მაინც საზოგადოებამ ერთ-ერთ პროცესზე ნათქვამი ფრაზით გაიცნო: „ვიყენებ დუმილის უფლებას“. ამ დროს მიხეილ ჩინჩალაძე პროკურორი იყო.
„მიხეილ ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი“ – საგამოძიებო ფილმი ამ სახელწოდებით სტუდია „მონიტორმა“ მოამზადა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მიხეილ ჩინჩალაძის ნათესაური და მეგობრული კავშირები სასამართლოსა თუ პოლიტიკური ხელისუფლების გავლენიან პირებთან. ფილმში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი ადასტურებს, რომ ჩინჩალაძე მისი ახლო მეგობარია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტმა არაერთხელ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი „ჩინჩალაძეს კლანის გაძლიერებაში“.
„მაგალითად, როცა შეიძლებოდა სისტემაში ახალი მოსამართლეები მოსულიყვნენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა უფლება, რომ არ დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილებები, ვინ რატომ შეარჩია მოსამართლედ. მოსამართლე რომ გახდე, ჯერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი უნდა იყო, მსმენელი კი ვერ გახდები საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე,“ – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
თუკი არსებობს „კლანი“ სასამართლო სისტემის შიგნით, რატომ არ ჩანდა პროტესტი აქამდე, როგორც სამართლებრივ წრეებში, ასევე საზოგადოებაში?
„რთულია ამ პროცესის ახსნა,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა. – „მოქალაქეებს მარტივად უნდა ვუთხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს, ვის გამოც ძალიან ბევრ საქმეს აგებდა საქართველო სტრასბურგის სასამართლოში, ისევ არიან სასამართლო ხელისუფლებაში და ისევ მაღალ თანამდებობაზე. კლანური მმართველობა წლებია დადასტურებულია სასამართლო ხელისუფლებაში. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც პირდაპირ, ან ირიბად მიუთითებენ.“
პროტესტზე და იმაზე, რომ საზოგადოებას ამ საკითხებზე აქამდე რეაქცია არ ჰქონია, ნაზი ჯანეზაშვილი კონკრეტული მაგალითით ხსნის:
„ჩვენ კარგად გახსოვთ მოსამართლე ირაკლი შავაძის პროტესტი… სისტემას, უბრალოდ, ტოვებენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს ატარებენ. რეალურად, დღეს ჩინჩალაძესთან თუ არ ხარ კარგად, მოსამართლედ ვერ დაინიშნები. ჩინჩალაძის კეთილგანწყობა მერეც გჭირდება, რომ არ გაგათავისუფლონ. მოსამართლეებს უვადოდ კი ნიშნავენ, მაგრამ არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ბერკეტი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ამ ფონზე აუცილებელია პარლამენტმა საკანონმდებლო რეგულაციებზე იზრუნოს. თუმცა, მას პოზტიური მოლოდინი მაინც არ აქვს.
„სასამართლო სისტემას მართავენ ისეთი ადამიანები, ვისგანაც არაფერი კარგი მოსალოდნელი არ არის. მათ, უბრალოდ, არ იციან წესიერად მუშაობა. მათ იციან მხოლოდ საკუთარი მომსახურების მიყიდვა ხელისუფლებისთვის. ისინი გაიზარდნენ ამ გამოცდილებით… როცა საუბრობენ იმაზე, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა, ეს შედარება არის მარაზმი. სააკაშვილის პერიოდში მართლმსაჯულება საერთოდ არ არსებობდა. ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ყველა საქმეს არ გააკონტროლებენ, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა, მაგრამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს ყოველთვის ხელისუფლება მოიგებს“, – აღნიშნავს გია გვილავა.
სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროში ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნა. მაშინ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობდა, რომ დაისჯებოდნენ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მაშინ რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არავინ დასჯილა. 2015 წლის ბოლოს მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოში საკუთარი ქვოტით ისევ სისტემის ძველი სახეები შეიყვანეს. მაშინ თეა წულუკიანმა თქვა, რომ „სასამართლო სისტემაში არის დაჯგუფება, რომელიც რეფორმებისადმი რეზისტენტულია“. სამოქალაქო სექტორმა ეს კომენტარი და ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი „თანამშრომლობად“ შეაფასა სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან.
„რეალურად, ინფორმაცია სასამართლო სისტემის შიგნით არის ძალიან მწირი. ინფორმაცია არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ხელისუფლებას სრულად. თავდაპირველად ხელისუფლებამ იცოდა, რომ რაღაც უნდა ექნა და შექმნა ხარვეზების დამდგენი კომისია. შემდეგ იყო დაბნეულობა… ბევრი რამ მართლა გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ რეალურად ვერ აღიქვა ჩინჩალაძის და ამ ადამიანების გავლენა. მაგალითად, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ უზენაესი სასმართლოს წევრები პოლიტიკურმა ორგანომ და პარლამენტმა კი არ უნდა აარჩიოს, არამედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. თითქოს, იდეაში, ეს უნდა აძლიერებდეს სასამართლოს, მაგრამ ასე არ მოხდა – პირიქით, ჩინჩალაძე და მისი კლანი გაძლიერდა. ახლაც, თუკი ხელისუფლება რაიმეს შეცვლის, უნდა იფიქროს, როგორ აისახება ეს ჩინჩალაძის კლანზე,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაბნეული კი არ არის, პირიქით, მიზანმიმართულად აძლიერებს სასამართლო სისტემის კლანს იმისთვის, რომ შემდეგ იოლი იყოს მისი მართვა.
„ხელისუფლებამ არასწორი მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, რამაც არ გაამართლა. მარცხის შემდეგ ხელისუფლებამ ტაქტი შეცვალა და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კლანი გაძლიერდეს. ამან გაამყარა ამ კონკრეტული ჯგუფის ძალაუფლება“, – ამბობს ის.
გია გვილავა საუბრობს სამომავლო საფრთხეზეც:
„ამით მოხდება ის, რომ მონოპოლია გადავა ერთი ჯგუფის ხელში. ეს გულისხმობს ახალი უკანონო გზების გახსნას ხელისუფლებისთვის, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკება კონკრეტულ ჯგუფთან, იზრდება კორუფციის რისკიც. ანგარიშვალდებულების მექანიზმი სისტემის შიგნით მთლიანად მოშლილია. ყველაფერს ეს კლანი აკონტროლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკანონობას და კანონიერებას ქვეყანაში ვეღარავინ გაარკვევს.“
გია გვილავას თქმით, დასახელებული 10 კანდიდატიდან 7 ჩინჩალაძესთან დაკავშირებული პირია. იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აქცენტს გიორგი მიქაუტაძეზე აკეთებს, რომელიც ახლა იუსტიციის საბჭოს მდივანია და უზენაესი სასამართლოს წევრობა სურს.
„თავისი თავი თვითონ დაასახელა. ეს იყო უსინდისობის მწვერვალი,“ – დასძენს ნაზი ჯანეზაშვილი.
საქმის შესახებ, სადაც გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, „ბათუმელები“ წერდა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს არასრულწლოვნის მშობლები დააკავეს. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფაში ბრალდებულ მშობლებს კი, დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, იმოქმედოთ კონსტიტუციის, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თქვენს პოზიციას შეუძლია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეას მისცეს კიდევ ერთი შანსი, ან დაასრულოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ოცნება,“ – ამ მიმართვით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მოქალაქეებმა დღეს დაიწყეს. დღეს პარლამენტს ომბუდსმენმაც მოუწოდა, შეაჩეროს უზენაესი სასმართლოს წევრების არჩევის პროცესი.
პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ სამოქალაქო სექტორმაც მოუწოდა.
„ღირსეული და კეთილსინდისიერი კანდიდატები შევარჩიეთ“ – განცხადება დღეს, 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც გაავრცელა. ამ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, მიმართვა სოციალურ ქსელში დადო. მან კრიტიკას კრიტიკით უპასუხადა თქვა, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
„ჩვენ კანონი არ გვავალდებულებდა ვინმესთან წინასწარი კონსულტაციების გამართვას! საინტერესოა, არასამთავრობო სექტორს რატომ არ უჩნდებოდა კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც მოულოდნელად ეწყობოდა ბრიფინგები და საზოგადოებას და პარლამენტს წარედგინებოდა კანდიდატები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება შეიძლება არც ჰქონოდათ!“ – დაწერა მან.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე 28 უნდა იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ განუმარტავს, რატომ იზრუნა საბჭომ მხოლოდ 10 კანდიდატის დასახელებაზე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრია, აქედან 8 მოსამართლეა, 5 პარლამენტის მიერ არჩეული, 1 – პრეზიდენტის მიერ შერჩეული.
მარიამი (სახელი შეცვლილია) 67 წლის პენსიონერია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. ამიტომ ოჯახზე ზრუნვა და სარჩოს პოვნა თავად უწევს. მარიამის შვილი 11 წელია პატიმარია, დედა ხშირად ვერ ახერხებს შვილის ნახვას, ამის მიზეზი კი უსახსრობაა. პატიმრის ნახვას ვერც მისი მეუღლე ახერხებს.
ოჯახის მარჩენალი ახლა მარიამია. ოჯახი ქალის პენსიის იმედად ცხოვრობს. მარიამს მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც რძალთან ერთად ამუშავებს. ბოსტნეული მოჰყავს და სასურსათო მაღაზიებში აბარებს, ბაზრობაზე ყიდის.
მარიამს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ცელი და შესაწამლი აპარატი გადასცეს, რითაც სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის მოვლა აღარ გაუჭირდება.
„შეფასების წიგნაკი რომ გქონდეთ უამრავ მადლობას ჩაგიწერდით“, – ეუბნება მარიამი პროგრამის წარმომადგენლებს.
პატიმრის დედამ პროექტის დახმარებით უფასო იურიდიული კონსულტაცია და კარდიოლოგიური, ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაიტარა. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც მას უსასყიდლოდ გადასცეს.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ერთ-ერთი კომპონენტი ბენეფიციართა დასაქმება, საოჯახო საწარმოების გაძლიერება და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში ახორციელებს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; იურიდიულ დახმარებას;
ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.
ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ხშირად აპელირებს, რომ მათ მიერ ინიცირებული საკითხებიდან არც ერთი საკრებულოს უმრავლესობას სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ შეუტანია. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად აფასებენ, როგორც კანონდარღვევას. ამაზე ყოველი სხდომის შემდეგ მედიაც საუბრობს.
ამის გამო მათ მიმართ კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოეხმაურა. მან თქვა, რომ „გულსატკენი“ და მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ამ თემას მედია აშუქებს:
„პარტიას [ენმ] უნდა, რომ საკითხი დღის წესრიგში შეიტანოს, იქვე გავდივარ კონსულტაციას იურიდიულ დეპარტამენტთან, კომისიასთან და ორივე მეუბნება, რომ ეს არ იქნება კანონიერი. ცხადია, მე ამ საკითხს არ ვაყენებ დღის წესრიგში და ვითხოვ, მოიქცნენ კანონის შესაბამისად, რასაც მოჰყვება ხმაური. საღამოთი კი საინფორმაციო გამოშვებებში ნახავ დიდი აფიშირებით, საკრებულომ პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილაო. ასე კი არ უნდა დაისვას საკითხი, არამედ ისე, რომ საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება“.
საკრებულოს თავმჯდომარემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებიც საკრებულოს ასეთ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებენ: „გამოდის ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ამბობს – საკრებულო არაკანონიერად მოიქცა, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით და დასკვნას გამოვაქვეყნებთო. სად არის დასკვნა, ან გარკვეული დროის შემდეგ რატომ არ მიაკითხა იმავე ჟურნალისტმა – ხომ შეისწავლე, მომეცი ახლა მასალა, რომ გავაშუქოო? გავიდა სიუჟეტი, ჩვენ გამოვჩნდით ამუნიები, დანარჩენები მართლები – ეს არასწორია“.
სულიკო თებიძის მოსაზრებას „ოცნების“ ფრაქციის ის წევრებიც დაეთანხმნენ, ვინც ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ. ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ჭეიშვილის თქმით, ოპოზიციური ფრაქცია ზოგჯერ ისე ითხოვს თანხის დამატებას ბიუჯეტში „თითქოს ეს პურზე ჩასვლა იყოს, მის საყიდლად“. მისვე თქმით, იყო შემთხვევა, როცა ოპოზიციამ სხდომაზე მომზადებული, „იქვე პასტით დაწერილი“ საკითხი შესთავაზა საკრებულოს და მისი დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა.
„ოცნების“ ფრაქციის ანგარიშის წარდგენას ოპოზიცია არ დასწრებია. შესაბამისად, მათ უმრავლესობისთვის პასუხი არ გაუციათ. შეხვედრის მოდერატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ის წარმომადგენელი ირინე ურუშაძე იყო ერთადერთი, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარესა და ფრაქციის წევრებს უთხრა, რომ მათ მიერ აღწერილი პროცესი კითხვებს ტოვებს და მსგავსი შეზღუდვა ოპოზიციას სხვა მუნიციპალიტეტებში არ აქვს: „ასეთ შემთხვევაში ინიციატივას საკრებულოში ოპოზიცია ვერასდროს ვერ შეიტანს.“
ირინა ურუშაძემ საკრებულოს შესთავაზა თავისი ორგანიზაციის იურისტების დახმარება ამ საკითხების კიდევ ერთხელ დასაზუსტებლად, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ მზაობა გამოთქვა: „დავსხდეთ იურისტებთან ერთად და გავიაროთ ეს საკითხები“.
საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ მათ მიერ მმართველი პარტიისთვის შეთავაზებული საკითხების უმეტესობა, რომელთა დღის წესრიგში ჩასმაც სხდომაზე მოითხოვეს, საკრებულოს კანცელარიაში პროცედურის სრული დაცვით აქვთ დარეგისტრირებული:
„არცერთხელ ჩვენ უარი არ მიგვიღია იმის გამო, რომ რაიმე არ არის პროცედურულად სწორად. უბრალოდ, კომისიაზე გასვლის შემდეგ ბიურო არ სვამს საკითხს დღის წესრიგში. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ბიუროს უარები. თითქმის ყოველთვის მათი არგუმენტია – საკრებულოს არა აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია. სიღრმისეულ დებატებში არ შემოდიან, ბევრნი არიან და ხელის გადაწევის პრინციპით იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვტოვებთ სხდომებს პროტესტის ნიშნად.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები სხდომაზე
იმის დასადგენად, აქვს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში ინიციატივები პროცედურის დაცვით დარეგისტრირებული, „ბათუმელები“ საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. აქ დაგვიდასტურეს, რომ ენმ-ს ინიციატივები აქვს, მაგრამ საკითხის დასაზუსტებლად ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.
თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ასევე თქვა, რომ საკრებულოს არ აქვს რიგი საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულოს კომისია როცა საკითხზე დადებით გადაწყვეტილებას იღებს, ეს დასკვნა იგზავნება საქართველოს მთავრობის შესაბამის კომისიაში და სხდომაზე მხოლოდ მათი დადებითი დასკვნის შემდეგ გადის. თავმჯდომარის ამ განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე – ნატალია ზოიძის თქმით, წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიციას იურიდიულად უფრო გამართული ინიციატივები შეჰქონდა. მისივე შეფასებით, ამ მოწვევის საკრებულოს დესტრუქციული ოპოზიცია ჰყავს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კოლეგები უმრავლესობიდან მათი ისეთი წინადადებების განხილვაზეც კი ამბობენ უარს, რაც განკარგულების პროექტის ცალკე მომზადებას არ საჭიროებს. ამის მაგალითად ასახელებენ ბიუჯეტის ცვლილებას – კონკრეტული თანხის შემცირებას ან პირიქით. სულიკო თებიძე კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ცვლილების საკითხის განხილვა საკრებულოს არ შეუძლია მერიის თანხმობის გარეშე: „ფრაქცია იმისთვისაა, რომ შეუთანხმდეს მერიას. თუ მერია თანახმა იქნება, რომ გააკეთოს ფინანსური ცვლილება, შემდეგ შეგვაქვს ეს საკითხი დღის წესრიგში.“
თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველობის მიზანი სწორედ ის არის, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები ადგილზე, დამოუკიდებლად მიიღონ.
რას ამბობს კანონი? – საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის, ანა მდინარაძის განმარტებით, ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი არეგულირებს, სადაც განსაზღვრულია საკითხის ინიცირების წესი. ამ წესით საკრებულოს თავმჯდომარის, ან საკრებულოს წევრის ინიციატივა საკრებულომ შეიძლება განიხილოს, როგორც გამონაკლისი [როცა საკითხი წინასწარ დარეგისტრირებული არ არის]. საკითხის დამატების ან დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილებას კი საკრებულო ღია კენჭისყრით იღებს, საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის თანხმობით.
საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“.
ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ 573 ათასი ლარი მოხმარდა.
პროექტის ფარგლებში თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით მივლინებაზე 16 ათასი ლარი დაიხარჯა, ქვეყნის გარეთ მივლინებაზე კი – 97 ათასი ლარი.
კიდევ ორ მუხლში: „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ და „სხვა ხარჯები“ გაწერილი თანხა 4 მილიონ ლარზე მეტია. თუმცა, უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რაში დაიხარჯა ეს თანხა.
კიდევ ერთი უწყება – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი, ოფიციალურად განმარტავს ტრენერთა ანაზღაურების წესს. ასე მაგალითად, ტრენერი, რომელიც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე დაშორებულია 30 კილომეტრზე მეტით, 55 ლარს იღებს ერთსაათიან ტრენინგში. ხოლო, თუ ეს მანძილი ნაკლებია 30 კილომეტრზე, მაშინ 45 ლარს უხდიან ტრენინგში.
ერთსაათიანი დისტანციური ტრენინგის ჩატარებაში ცენტრი 40 ლარს უხდის ტრენერს, ხოლო ნახევარ-საათიანი დისტანციური სწავლებაში – 50 ლარს.
190 ლარს მიიღებს ერთ ბლოგში ავტორი, თუკი მას გამოაქვეყნებენ ვებპორტალზე – Mastsavlebeli.ge
ამავე გამოცემაში ერთი სტატიის განთავსებისთვის ავტორი 125 ლარს მიიღებს. სტატია საგნობრივი ან საგანმანათლებლო რესურსების შექმნას უნდა ეხებოდეს.
ტრენინგ-მოდულის ავტორს კი ცენტრი 50 ლარს უხდის. დოკუმენტის მიხედვით, საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი დასჭირდა ამ მოდულის შემუშავებას.
ვინ არიან მასწავლებელთა სახლის ტრენერები და წლის განმავლობაში რამდენ ტრენინგს ატარებს ერთი კონკრეტული ტრენერი? ამ მონაცემებს საქართველოს განათლების სამინისტრო არ ასაჯაროებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ტრენინგებს მასწავლებლებისთვის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.
პროექტი ორიენტირებულია საჯარო სკოლების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7 და მე-12 კლასების ყველა მასწავლებლისთვის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 18 200 მასწავლებელი გადაამზადეს, აქედან 2 085 საჯარო სკოლის დირექტორია.
2016-2018 წლის ჩათვლით, ტრენინგმოდულების ჩასატარებლად სამინისტროს დასაქმებული ჰყავდა 330 ტრენერი. ტრენერების სახელობითი სია უწყებამ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა, არც ის მონაცემები – წლების მიხედვით რამდენი ტრენერი ჰყავდა დაქირავებული. განათლების სამინისტროში თვლიან, რომ ეს პერსონალური მონაცემებია.
ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები.
ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა და მემკვიდრულმა ინფორმაციამ. თუ ოჯახში არსებობს სიმსივნის თანდაყოლილი რისკი, აუცილებლად ჩაიტარეთ გენეტიკური კვლევა, რომლის საშუალებითაც შეამცირებთ სიმსივნის განვითარების რისკს.
აღსანიშნავია, რომ სკრინინგპროგრამებში ჩართულობა გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ძუძუს კიბოს სიმპტომებზე აქცენტის გაკეთება არ არის საკმარისი. თანამედროვე ონკოლოგიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს გამომწვევი რისკ-ფაქტორების გარკვევა, რადგან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიმსივნე გვიან სტადიაზე ვლინდება, რაც მკურნალობის შედეგებზე ახდენს გავლენას. რისკ-ფაქტორების განსაზღვრის შემთხვევაში კი შესაძლებლობა გვეძლევა ადრეულ სტადიაზე დავადგინოთ დაავადება ან სრულად ავიცილოთ მისი განვითარება თავიდან.
მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება, რომელიც ბათუმში კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ სპეციალური კითხვარებით ხორციელდება .
გასათვალისწინებელია მაღალი რისკის მქონე ფაქტორები:
მემკვიდრეობითი რისკ-ფაქტორები – ნათესავები, რომლებსაც ორმხრივი ძუძუს კიბო აქვთ ან ქონდათ ახალგაზრდა ასაკში, ან ძუძუს კიბო ახალგაზრდა ასაკში.
ორი ან მეტი ნათესავი ძუძუს ან საკვერცხის კიბოს დიაგნოზით 40 წლამდე ასაკში (და, დედა, დეიდა, მამიდა, ბებია, ასევე, მამაკაცი ძუძუს კიბოთი)
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების კვირეული 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა.
საშობაო გამოფენა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი, ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკებისა და ფრანების შოუ – ადგილობრივებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნა
საახალწლო პროგრამა 31 დეკემბრამდე ყოველდღეა გაწერილი: დღეს, 26 დეკემბერს, 16 საათზე, ჩანიშნულია ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხლო თეატრის სპექტაკლი ,,ზევით ყვავილებთან მინდა” (4-დან 6-წლამდე მოზარდებისთვის) რეჟისორი ნათია მახაჭაძე ქედის კულტურის ცენტრი
27 დეკემბერი ? 15 საათი – ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი წარმოადგენს საბავშვო მიუზიკლს ,,ფიფქია და სამი გოჭი” (6-დან 14-წლამდე მოზარდებისთვის) რეჟისორი კობა ფაცურია ქედის კულტურის ცენტრი
? 28 დეკემბერი 18 საათი – ირინე დევაძის სოლოკონცერტი ქედის კულტურის ცენტრი (ამინდის შემთხვევაში ღია ცის ქვეშ)
29 დეკემბერი ?? 12 საათი – ქედის სახელოვნებო სკოლის კონცერტი ქედის კულტურის ცენტრი
30 დეკემბერი ?? საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“
31 დეკემბერი ???? 22 საათი – გალა კონცერტი ნაძვის ხესთან (უამინდობის შემთხვევაში კონცერტი გაიმართება ქედის კულტურის ცენტრში) ? ფეიერვერკი
დაგეგმე ახალი წელი ჩვენთან ერთად!
თქვენ გელით: ? სასიამოვნო სტუმრები ? დაჯილდოებები ? სიურპრიზები
ქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნაქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნაქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნა
ვალდორფის სკოლა-ბაღში ტრადიციულად წინასაშობაო-საახალწლო ბაზრობა იმართება ხოლმე, სადაც უამრავი მშობელი, მასწავლებელი, სკოლის მოსწავლე თუ სკოლა-ბაღის მეგობარი იღებს მონაწილეობას ან, უბრალოდ, ღონისძიების სტუმარია.
ამჯერად ბაზრობაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღსაც მიეცა – ბაღი ზღვისპირეთის ნობათით გაუმასპინძლდა სტუმრებს და ხელნაკეთი ნივთებიც წარადგინა მათთვის.
თავისუფლება, დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარი თავის მნიშვნელობა სამყაროში და სხვისი სივრცის გაფრთხილება, შეცდომებისადმი უშიშარი დამოკიდებულება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რაც ვალდორფის ასწლოვან, გერმანულ პედაგოგიკას აქვს.
საქართველოში ვალდორფის პირველი სკოლა 25 წლის წინ თბილისში გაიხსნა, რასაც ბაღის გახსნაც მოჰყვა. ბათუმში ბაღი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, N23-ში.
28 დეკემბერს კურორტ “გოდერძიზე” ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნაზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ.
სეზონის გახსნის ოფიციალური ნაწილი დღის ორ საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” გამოვა. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ საბაგიროთი გაისეირნონ.
კურორტზე ბავშვებისთვის გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. განწყობის შექმნაზე კი მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. კურორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მუსიკოს ირაკლი ფაღავას და მის ბენდს GROOVEPHOENICS, ასევე ბენდს FOURTH SEASON.
სეზონის გახსნაზე წასვლის მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ბათუმიდან ტრანსპორტი დილით 8:30 საათზე გავა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან, კურორტ “გოდერძიდან” კი 19:00 საათზე დაბრუნდება.
უფასო ტრანსპორტის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 577 90 90 93 /577 90 90 91
სახალხო დამცველის აპარატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში ონლაინკურსს მოამზადებენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი მედეა გუგეშაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, კურსის შექმნის საფუძველი კვლევა გახდა, რომელიც მათ გასულ წელს სკოლებში ჩაატარეს:
„კვლევა ჩავატარეთ სკოლებში ადამიანის უფლებების ცოდნისა და კომპეტენციების შესახებ და მოიცავდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საჭიროა დამატებითი რესურსების გამოყოფა ამ კომპეტენციებისა და ცოდნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამიტომ დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კურსი.
იმისთვის, რომ კურსი ხელმისაწვდომი იყოს მაქსიმალური რაოდენობის მასწავლებლისთვის, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ონლაინკურსის ფორმით.“
როგორც მედეა გუგეშაშვილი ამბობს, იანვარში დაიწყება ერთობლივი მუშაობა ონლაინკურსის კონტენტზე. „რა საკითხები შევა, როგორი სავარჯიშოები, ტესტები, ქვიზები და ა.შ ამაზე იქნება მუშაობა.
მომზადდება ვიდეომასალები, იქნება ონლაინინტერაქცია მასწავლებლებთან, რომლებიც მოდერაციას გააკეთებენ ამ კუთხით. იქნება კომპლექსური, სხვადასხვა ტექნიკით და მაგალითებით დატვირთული კურსი, რომლითაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია სარგებლობა“.
გუგეშაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების თეორიულ ნაწილზე სახალხო დამცველის აპატარი იმუშავებს, ხოლო ტექნიკურ მხარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს.
„საზოგადოებრივი ბლოკის მასწავლებლებს პირდაპირ ევალებათ, ადამიანის უფლებები ასწავლონ, მაგრამ მათემატიკის, ქიმიის თუ ფიზიკის მასწავლებელს ეს ვალდებულება არ აქვს, მაგრამ გამჭოლი კომპეტენციების სახით ადამიანის უფლებების პრინციპები როგორ უნდა იყოს ინტეგრირებული გაკვეთილებში მეთოდოლოგიურად, ამაზე იმუშავებს მასწავლებელთა ცენტრი.“
ონლაინკურსის ჩაშვების კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც მედეა გუგეშაშვილი გვეუბნება, შესაძლებელია კურსი ზაფხულისთვის ჩაეშვას.
პროგრამას ექნება ჩამოტვირთვის ფუნქციაც, რაც პედაგოგებისთვის პროგრამას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
„არის სკოლები, სადაც ინტერნეტის სიხშირე არ არის მაღალი და შესაძლებელია შეექმნათ ტექნიკური პრობლემები, ასეთ დროს შეუძლიათ ჩამოტვირთონ პროგრამა და გამოიყენონ“.
ონლაინკურსის ადმინისტრირებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. „კურსს ეყოლება მოდერატორები და იქნება ონლაინინტერაქცია და როცა პედაგოგებს კითხვები ექნებათ, პასუხებსაც ონლაინრეჟიმში მიიღებენ. რა პრობლემებიც აჩვენა კვლევამ, გვინდა, რომ იმ საკითხებზე იყოს აქცენტირება,“- ამბობს მედეა გუგეშაშვილი.
მისი თქმით, ასეთი საკითხებია: დისკრიმინაცია, ბულინგი, ჩაგვრა, თუ რა კანონმდებლობა გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში, როგორია უფლებების დაცვის მექანიზმები, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული უფლებები და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვთა უფლებებზე გაკეთდება.
ონლაინკურსის ბიუჯეტი ჯერ დათვლილი არ არის. მედეა გუგეშაშვილის თქმით, ხარჯები ორი უწყების მიერ ერთობლივად იქნება გაღებული. „დაახლოებით მარტისთვის გვეცოდინება, რა ბიუჯეტზეა საუბარი“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს გრიპის შემთხვევების რაოდენობა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ სიტუაცია არ არის მიახლოებული ეპიდემიურ ზღვარს.
პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გრიპის თითქმის ყველა შემთხვევა არის H1N1 ვირუსით გამოწვეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
[checklist]
თუ ბავშვს 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც. სხვებმა, თუ სამი დღის განმავლობაში გრძელდება 38,5-ზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად მათაც უნდა მიმართონ ექიმს.
ძალიან მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ ნახველში გაჩნდა თუნდაც მცირე სისხლის ან ჩირქის ნაწილაკები.
გრიპის დროს პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები.
მკურნალობის კურსი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ანტიბიოტიკები არც ერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა. თუ ხელსახოცი არა გვაქვს, დაცემინებისას ან დახველებისას მივიფაროთ სახეზე ხელი, უმჯობესია – იდაყვის აფარება, რადგან ხელის აფარების შემთხვევაში შეიძლება ვირუსების გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან ვირუსი ძირითადად ვრცელდება სწორედ ხელის საშუალებით, ჩვენ შეიძლება მოვკიდოთ ხელი რაიმე ზედაპირს, ვირუსი კი გარემოში, ზამთარში, როცა ცივა, რამდენიმე საათი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას, შემდეგ ხელი შეიძლება სახეზე, თვალზე, ცხვირზე ან ტუჩზე მოვიკიდოთ. ასე გადადის ვირუსი. ასე რომ ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია, თუ არ არის ხელის დაბანის საშუალება, არის ხელსახოცები სადეზინფექციო საშუალებებით, რომლითაც შეიძლება ხელები დავიმუშავოთ.
“მოწმეები არ მოვიდნენ. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და შემდეგ სხდომაზე უზრუნველვყოფთ მათ გამოცხადებას,” – ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე. მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო.
„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. ამის მიუხედავად, 119 მოწმიდან ამ დრომდე სასამართლოს დაახლოებით 40 მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.
სასამართლო პროცესები ამ საქმეზე იშვიათად ტარდება. ერთ-ერთ წინა სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადდა. დღეს კი უკვე სასამართლოში ყოფილი პატიმრებიც აღარ მოვიდნენ. მათ მოწმის სახით უნდა მიეცათ ჩვენება სასამართლოსთვის ციხეში მომხდარი ძალადობის შესახებ.
“კარგი იქნებოდა წინასწარ გეცნობებინათ, ბრალდებულს სამეგრელოდან აღარ მოუწევდა ჩამოსვლა“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. ამ საქმეზე ბრალდებულები, ანუ ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
“ისინი ოჯახური პირობების გამო ვერ გამოცხადდნენ, ახალი წელია მოახლოებული,” – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ პროცესის გადადების შემდეგ. დღეს სასამართლოსთვის 4 მოწმეს უნდა მოეყოლა საკუთარი ისტორია.
“ხომ არ აჩვენებს მოწმეების გამოუცხადებლობა იმას, რომ ყოფილ პატიმრების პროცესის ოთხწლიანი გაჭიანურების გამო სამართლიანობის მოლოდინი აღარ აქვთ?” – ესეც პროკურორს ვკითხეთ.
“ასე არ არის. ისინი მოვლენ სასამართლოში,” – დასძინა პროკურორმა.
გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2016 წლამდე სასამართლოში შესული საქმეების განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს. ამ ჩამონათვალშია „პატიმრების წამების საქმეც“, რომლის პროცესებიც იშვიათად იმართება. 19 მარტს გამართულ პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებდა. ამ სხდომაზე ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა მოსამართლეს უთხრა: “თუ სამართალია სადმე, მეც მინდა”.
კანონი არ განსაზღვრავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი 2016 წლამდე დაწყებული საქმის განხილვას სასამართლო 2019 წლის დადგომამდე ვერ ასრულებს.
მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე შემდეგი პროცესი 2019 წლის იანვარში გაიმართება. მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წინასაახალწლოდ ტრადიციული გირჩების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, 74 სახეობის გირჩი იყო წარმოდგენილი.
გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების მიერ გირჩებისგან დამზადებული სუვენირებიც იყო გამოტანილი.
ზღვისპირა ფიჭვის გირჩიიაპონური ლარიქსის გირჩიგირჩების გამოფენაგირჩების გამოფენა
როინ და ირინე კახიძეებს შვიდი შვილი ჰყავთ. სწორედ ამიტომ ბათუმის მერია მათ, მრავალშვილიანი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 129 კვადრატულ მეტრ ფართობის ბინას გადასცემს. მრავალშვილიანი ოჯახის ახალი ბინა ზღვის სანაპიროზე, ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე იქნება. ამ ოჯახს ბინის რემონტის თანხას – 32 250 ლარს მერია წელსვე გამოუყოფს.
კახიძეების ოჯახისთვის ბინის გამოყოფაზე განკარგულების პროექტით ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკითხი ხვალ, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ. როინ კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურდიდშია რეგისტრირებული.
„მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ ბათუმში მცხოვრებ ოჯახებს და ასევე, იმ ოჯახებს, რომელთა უფროსი წევრებიც [დედა ან მამა] დაბადებულები არიან ბათუმში, მაგრამ მიმდინარე პერიოდისათვის მათი საცხოვრებელი ადგილი რეგისტრირებულია საქართველოს სხვა რეგიონში, მათ ჰყავთ შვიდი და მეტი შვილი.
ქვეპროგრამის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებელი ბინით, რომლის საერთო ფართობი არის 120-135 კვ.მეტრამდე. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 23 წელს.
ქვეპროგრამის მიხედვით, ბენეფიციარ ოჯახს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა. ქვეპროგრამის მიხედვით, ბენეფიციარ ოჯახს უნდა გადაეცეს გარემონტებული ბინა ან ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხა – 1 კვ. მ -ზე 250 ლარი.
ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინებით იმ მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფას, რომლებსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ საკუთრებაში საცხოვრებელი უკვე გადაეცათ. ან თუკი საკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი 150 კვ.მეტრი და მეტი.
მრავალშვილიანმა ოჯახებმა, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს, პროგრამაში მონაწილეობისთვის მერიაში უნდა წარადგინონ შვილების დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მერიის ინფორმაციით, კახიძეების ოჯახმა ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. საკრებულო დიდი ალბათობით, ხვალ, 27 დეკემბერს, სხდომაზე ამ საკითხს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც კახიძეების ოჯახს სიურპრიზი ელის.
მთავარი ფოტო: კორპუსი, რომელშიც კახიძეების ოჯახს ბინას გადასცემენ
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.
რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას.
„მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთის მხრივ წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. ბიბლიოთეკებისთვისწიგნებისშეგროვებამთელისაქართველოსმასშტაბით მიმდინარეობდა; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთიესის რკინიგზის სადგურებიასადაცმოხალისეებმა, ავტორებმადაგამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“ – აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.
აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი.
„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს. შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად განვაახლებთ როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით – აცხადებს ზვიად კვარაცხელიაგამომცემლობა “ინტელექტისა” და “არტანუჯის” მთავარი რედაქტორი.
სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ!
საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და საპატრულო პოლიციაში დასაქმდა. დასაქმებულთაგან 141 კაცია, 21 – ქალი.
2017 წელს საპატრულო პოლიციის კონკურსში 292 აპლიკანტი დარეგისტრირდა. კონკურსი 125-მა გაიარა. ამ წელს მხოლოდ 10 ქალი გახდა პატრული თანამშრომელი, კაცი კი – 115.
2016 წელს 53 ქალი და 211 კაცი გახდა პატრულის თანამშრომელი. ამ წელს სულ 589 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა მონაცემი უშუალოდ კონკურსში რამდენი ქალი მონაწილეობდა.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საპატრულო პოლიციისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალი თანამშრომლების რაოდენობა მხოლოდ გასულ წელს შემცირებულა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ უწყებაში 2016 წელს 67 ქალი დასაქმდა, 2017 წელს – 19, 2018 წელს – 70. შსს-მ მონაცემები 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მოგვაწოდა.
რატომ შემცირდა ქალების რაოდენობა საპატრულო პოლიციაში? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ. განმარტება უწყებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს საკითხი არავის ანაღვლებს. პირიქით, გურჯაანის მაგალითი აჩვენებს, როგორ მოახდინა შინაგან საქმეთა მინისტრმა ქალების განივთება. ქალი პოლიციელები გამოფინეს და ამით თითქოს აჩვენეს, რომ ქალებთან კონფრონტაცია შეუძლებელია. ეს აჩვენებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ყოველთვის იყო გენდერული სტერეოტიპი, რომ პოლიცია მაინც კაცის საქმეა, ეს კიდევ უფრო გაღრმავდა,“ – მიიჩნევს ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი. იგი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პოზიციაზეც მუშაობდა. თავის დროზე უკრაინული მედია ხშირად წერდა ხატია დეკანოიძის როლზე უკრაინაში საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების საქმეში.
ხატია დეკანოიძე ჰყვება, რომ გენდერულ სტერეოტიპს იგი მხოლოდ საქართველოში არ შეხვედრია და ამ განწყობას სხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები სოციალური მიდგომებით ცვლიან.
„ეს ახასიათებს, ზოგადად, მასკულინურ სამყაროს… გენდერული თანასწორობა არის მდგომარეობა, რაზეც თანამედროვე ცივილიზებული სამართალდამცავი უწყება უნდა იდგეს. მე, როგორც მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, ბევრჯერ შევეჯახე ამ სტერეოტიპს. ითვლება, რომ თუკი ქალია პოლიციაში, მან, ძირითადად, ადმინისტრაციული საქმეები უნდა აკეთოს, ფურცლებთან უნდა იმუშაოს. ჩვენი მუშაობის შედეგად 2010-2012 წლებში 18 პროცენტამდე გაიზარდა ქალი პოლიციელების რაოდენობა საქართველოში. უკრაინაში 26 პროცენტამდე ავიდა ეს მაჩვენებელი და დღემდე იქ ძალიან ბევრ მენეჯერულ პოზიციაზე ქალი მუშაობს. სამართალდამცავი უწყებები განსაკუთრებით მოწყვლადია ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით, ამიტომ ამას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა და მონდომება. ხშირად არა მხოლოდ საქართველოში, თავად ქალებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის ირღვევა მათი უფლებები,“ – გვითხრა ხატია დეკანოიძემ.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ქალი პოლიციელების ტაქტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეწინააღმდეგება. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ქალ და კაც პოლიციელებს შორის უნარები გენდერული ნიშნით არ უნდა გადანაწილდეს.
„ჩემი პოზიცია მარტივია, ქალ პოლიციელს შეუძლია იგივე, რაც კაცს. მე არასდროს გამომიყენებია ქალი პოლიციელი ტაქტიკისთვის. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ქალი უფრო ძლიერი კომუნიკატორია,“ – ამბობს ის.
მთავარი ფოტო: ქალი პოლიციელები წინა ხაზზე, გურჯაანის აქციაზე, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმში, იუსტიციის სახლისა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ისევსამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ფოტოები 25 დეკემბერსაა გადაღებული. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნულ ტერიტორიას დაასუფთავებენ.
ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგისa და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „სანდასუფთავებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისთვის წელს არავინ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად შეესწრებიან ან ორი მოწმე დაადასტურებს დანაგვიანების ფაქტს და პიროვნების ვინაობას, ან კიდევ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი კამერის ჩანაწერი.
დანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძედანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძედანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძედანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძე
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომლის საერთო ფართობი 221 კვადრატული მეტრია, ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. ამასთან დაკავშირებით მერიამ საკრებულოს თანხმობა უკვე სთხოვა. საკითხი ხვალ, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.
სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს, ორსართულიანია და ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია. მის ირგვლივ სახლებს შენარჩუნებული აქვთ ძველი სიმაღლეები, ქუჩას კი – ძველი იერსახე. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.
ბათუმის მერია სახლის ცხრავე მესაკუთრეს შეუთანხმდა: ისინი მერიის საბინაო ფონდის ბინებით დააკმაყოფილეს, საკუთარი ფართობების დათმობის სანაცვლოდ. როგორც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, ამის შემდეგ მერიას უნდა შეემუშავებინა ისტორიული სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ინვესტორს შესთავაზებდა.
საკრებულოსთვის გაგზავნილი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებს, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერსახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნება.
ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებითა და შემდეგში მათი კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტის იდეა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. ბევრი ამ იდეას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა მერთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ამტკიცებდა, რომ ბიზნესსექტორს ეს პროექტი აინტერესებს. მერიაში არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს ამ ქონების შესყიდვის სურვილი.
იდეის შესახებ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, მათ მიმდებარე ფონური ნაგებობების [საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში] მესაკუთრეებისგან ეტაპობრივად გამოსყიდვას, მათთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების გზით, ლაშა კომახიძემ 2018 წლის პირველ თებერვალს სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს თ.მ.-სა და ე.მ.-ს, აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული შემთხვევები 19-22 დეკემბერს მოხდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.ბ.-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 800 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მართავს. გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 2018 წელს გირჩების გამოფენა მეხუთედ ჩატარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75-მდე სახეობის გირჩი. „აქვე გაიმართება გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა,“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.
„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო.
„გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. დოლარის კურსმა აიწია და ალბათ მაგიტომ…“ – გვიყვება ვენერა გორგაძე. დახლებთან, სადაც ქათმის ხორცს ყიდიან, გვითხრეს, რომ ინდაური ჯერ არ აქვთ.
„მაგის დროც მოვა, ალბათ უფრო 30-31-ში. ინდაური 80 ლარი ეღირება, სავარაუდოდ. წინა წელს 50-60 ლარად იყიდდი,“ – ამბობს ვენერა დოლიძე.
ფასებით უკმაყოფილებას არც ყველით მოვაჭრე თამაზ დარჩიძე მალავს. „ყველი და ხორცი უკვე ფუფუნების საგანი გახდა. შრომისუნარიანი ვინცაა ქვეყანაში, საზღვარგარეთაა წასული, პენსიონერს კიდევ სად აქვს იმდენი ფული, ყველი იყიდოს. 25 დეკემბერია დღეს და შეხედეთ აქაურობას, გამყიდველების გარდა ჩანს ვინმე?“ – გვკითხა მან.
„გოჭი არ გაძვირებულა. შარშანაც ასე ვყიდდით“, – ამბობენ გოჭით მოვაჭრეები. გოჭის ფასი 80-დან 130 ლარამდე მერყეობს.
საქონლის ხორცით მოვაჭრეების თქმით კი, ხორცის ფასი დაახლოებით ერთი-ორი ლარით გაიზარდა. ავთანდილ კახიძემ დახლზე გამოფენილ ხორცებს ჩამოუარა და ფასებიც ჩამოგვითვალა – 12 ლარი, 13, 14, 15.
გაძვირების მიზეზი არც სანელებლებით მოვაჭრეებმა იციან. „მაგალითად, ხმელი ქინძი 3 ლარი ღირდა და ახლა 5 ღირს. უცხო სუნელი 20 ლარიდან 50 ლარამდე გაძვირდა,“ – ამბობს ნაზი გურგენიძე.
გაძვირდა გოგრაც. თუკი წინა წელს კილო გოგრას 1 ან 1,5 ლარად იყიდდით, ახლა გოგრების ფასი 2 ლარიდან იწყება.
გაიაფებაზე საუბრობენ ნიგვზით მოვაჭრეები. ქართული ნიგვზის ფასი 22 ლარია, ე.წ. „კერკეტა ნიგვზის“ – 13 ლარი. „სუპერი გვაქვს კიდევ, მაგი 25 ლარია“, – ამატებს ოთარ დუმბაძე.
ნიგვზით მოვაჭრე გურამ დარჩიძემ აგვიხსნა, რომ გასულ წელს კაკლის მოსავალი მცირე იყო, ნიგოზი უკრაინიდან შემოჰქონდათ და წინასაახალწლოდ კილოგრამ ნიგოზს 27-28 ლარად ყიდდნენ.
ახალი წლის მოახლოება უარყოფითად ლობიოს ფასზე ასახულა. აგრარულ ბაზარში მყოფმა მერი დუმბაძემ გვითხრა, რომ ადრე კილოგრამი ლობიო 6 და 7 ლარი ღირდა, ახლა კი 4 და 5 ლარად ყიდის ლობიოს წარმომავლობის და ჯიშის შესაბამისად. „წელს ბევრია მოსავალი, წინა წელს არ იყო და მაგიტომ გაიაფდა,“ – აგვიხსნა მან.
აგრარული ბაზრის ორივე სართულზე მოწყობილ დახლებს ერთი რამ აერთიანებთ – ვერსად იპოვით ფასის აბრას. „უკან დახევის საშუალება რომ გქონდეს, მაგიტომო,“ – განმარტეს მოვაჭრეებმა.
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მათ შორის არიან ბათუმელი კათოლიკეები, რომლებიც შობის აღსანიშნავად ტრადიციულად ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ. საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ ჩაატარა.
„შობას წინ უსწრებს საშობაო მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ჰქვია ადვენტი. ადვენტის პერიოდი ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის. თუკი შენი სურვილია, შეგიძლია იმარხულო, ფიზიკურად განიწმინდო. მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილია სულიერ განწმენდაზე, რაც გულისხმობს მონანიებას, ლოცვებს, ქველმოქმედებას, სიკეთის ქმნას… რაც მთავარია, სიყვარულმა უნდა გაიღვიძოს და სიყვარული უნდა გადასცე ყველგან, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია, სიყვარულით იშვა და განკაცდა. ამიტომაა მთავარი ჩვენთვის სიყვარული. ამ სიყვარულით ღია უნდა გვქონდეს იესოსთვის გული და ღია გულით შევხვდეთ მაცხოვრის შობას,“ – ამბობს ბათუმის სულიწმინდის კათოლიკური ეკლესიის დიაკვანი თენგიზ პარმაქსიზიშვილი.
დიაკვანს ვკითხეთ იმ ტრადიციების შესახებ, რასაც კათოლიკე ოჯახები საქართველოში შობის ღამეს და მეორე დღეს იცავენ. თენგიზ პარმაქსიზიშვილის განმარტებით, კათოლიკური და ქართული ტრადიციები ერთმანეთს ჰარმონიულად არის შერწყმული:
„ჩვენ ქართველები ვართ უპირველეს ყოვლისა. ის ტრადიციები, რაც საქართველოშია, ჩვენთვისაც იგივეა. განსხვავებული დიდად არაფერია, უბრალოდ, რაღაცები ემატება. ერთ-ერთი ატრიბუტიკა, რაც კათოლიკური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი და ჩვენთანაც დამკვიდრდა ეს არის ქრისტეს შობის სცენა – ანუ პრეზეპე.
ჩვენ, მაგალითად, შობის სცენას ვდგამთ ნაძვის ხესთან, სადაც ასევე იდგმება ჩიჩილაკი. საახალწლოდ, აუცილებლად ვაცხობთ ღვეზელს. ეს არის არა სუფთა კათოლიკური, არამედ გურული ტრადიცია. გურიაში აცხობენ ღვეზელს. სწორედ გურიიდან შემოვიდა ჩვენთან ღვეზლის გამოცხობის ტრადიცია“, – ამბობს თენგიზ პარმაქსიზიშვილი.
ავტორი:შორენა ჟოჟაძე, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი, კლინიკა „ინტერმედიკას“ ექოკარდიოსკოპიური კაბინეტის ექიმი
გული ჭირვეული ორგანოა. მას შეუძლია იხმაუროს, შეშლილივით იმუშაოს, მაგრამ იყოს ჯანმრთელი. და შეუძლია დუმდეს, მაგრამ… იყოს ავად.
საბედნიეროდ, კარდიოლოგების არსენალში არის ძალიან ბევრი საშუალება „მდუმარე გულის“ ხმის მოსასმენად. ერთ-ერთი მათგანია – ე.კ.გ. ხოლტერული მონიტორირება (ამერიკელი ინჟინერის ჰოფმან ხოლტერის პატივსაცემად, რომელმაც გასული საუკუნის შუა წლებში გამოიგონა ეს მოწყობილობა). აპარატი ემაგრება პაციენტს და კარდიოგრამა იწერება ერთი დღე-ღამით ან მეტი ხნით. მიღებული ჩანაწერის საშუალებით კი ექიმები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ რეაგირებს გულის რიტმი სხვადასხვა ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვაზე. არის თუ არა არითმიის ეპიზოდები; რა სახის და რამდენად საშიში არითმიაა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით აფასებენ რისკებს და შესაბამისი პრეპარატის მიღებით პაციენტს აზღვევენ.
გულის იშემიური დაავადების დროს სრულად იხსნება/იშლება ხოლტერული მონიტორირების ყველა შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს იშემიის დღეღამური პროფილი, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში ვითარდება და როდის არის უფრო გამოხატული. ასევე გვეხმარება გამოვავლინოთ იშემიის უმტკივნეულო ფორმები. უკვე დანიშნული მკურნალობის შემთხვევაში კი, მეთოდი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მისი ეფექტურობა.
გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა არითმიების განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ უეცარი კარდიული სიკვდილი, განსაკუთრებით თუკი პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ყველა ამ ცვლილებას ასევე ასახავს ხოლტერი.
ხოლეტული მონიტორირების თანამედროვე სისტემები არაა მხოლოდ „გრძელი ე.კ.გ.“. მათ გააჩნიათ დამატებითი ოპციები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანიზმის ვეგეტაციური რეგულაციის ხარისხი დღე-ღამის განმავლობაში, რითმის ცვალებადობის მიხედვით. ეს, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტიპის პაციენტებში.
ტრადიციული ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.) საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ გულის რითმი და მისი მუშაობის ცვლილებები დროის ხანმოკლე მონაკვეთში. ის აფიქსირებს მხოლოდ მდგრად, მუდმივ ცვლილებებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მდგომარეობის, დღე-ღამის მონაკვეთის და სხვა ფაქტორების მიუხედავად. ასე, მაგალითად, თუკი თქვენ გუშინ იგრძენით ჩავარდნა ან ტკივილი გულის არეში, დღეს შეიძლება კარდიოგრამაზე არაფერი დაფიქსირდეს და, შესაბამისად, ექიმმა ის ვერ დაინახოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება არ გვაქვს.
ხოლტერული მონიტორირება კი აწარმოებს ე.კ.გ. ხანგრძლივ რეგისტრაციას გამოსაკვლევი პირის თავისუფალი, აქტიური ცხოვრების პირობებში პორტატულ რეგისტრატორებზე. ცვლილებები, რომლებიც ვითარდება არარეგულარულად ან სიმპტომები, რომელთა მიზეზიც შეიძლება იყოს რითმის დარღვევა (გულისცემა, უეცარი სისუსტე, გულყრა, ტკივილი გულის არეში) უფრო ინფორმატიულად რეგისტრირდება ხოლტერული მონიტორირების შემთხვევაში.
ე.კ.გ. არის გულის ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის წამყვანი მეთოდი. სხვა მეთოდების განვითარებასთან ერთად კარდიოგრამის როლი არა თუ კლებულობს, იზრდება კიდეც. ბოლო წლებში ე.კ.გ. თავისებურებების საფუძველზე დაყრდნობით აღწერილია მთელი რიგი მაღალი კარდიო-ვასკულური რისკის მქონე დაავადებები. ისეთები როგორიცაა – გახანგრძლივებული/მოკლე QT ინტერვალი, ბრუგადას სინდრომი და სხვა. მათი გამოვლენა ტრადიციული ე.კ.გ.-ს გარეშე შეუძლებელია. ის პირველი აჩვენებს გულის მუშაობაში ცვლილებების არსებობას, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გამოკვლევებს და კარდიოლოგის მეთვალყურეობას. ამიტომ ეს მეთოდი უცვლელია. ჩემი რჩევაა, ყველამ, ვინც თავს მიიჩნევს ჯანმრთელად, აუცილებლად გაიკეთოს და პერიოდულად გაიმეოროს ე.კ.გ. ჩივილების არარსებობის მიუხედავად.
25 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. შობის მსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს ღამით დაიწყო. თემის წევრების თქმით, ბათუმში ათი პროტესტანტული ეკლესია ფუნქციონირებს.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, თემში თავდაპირველად რუსულენოვანი გვარები ჭარბობდა, თუმცა მოგვიანებით ჩნდება ქართული საკრებულოებიც.
პროტესტანტული ეკლესიების ისტორიის მკვლევარის, ტატა კოპალეიშვილის მონათხრობით, ბათუმში პროტესტანტების გვიან გამოჩენა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აჭარა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში. თუმცა, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა აჭარა ისევ შემოურთდა საქართველოს, მალევე გაჩნდა მულტიკულტურული გარემო.
ტატა კოპალეიშვილის თქმით, პირველი პროტესტანტები, რომლებიც ისტორიულ წყაროებში არიან მოხსენიებული, ბაპტისტები იყვნენ: „თუმცა ისინი საკრებულოს დონეზე იყვნენ წარმოდგენილი, თუ მხოლოდ ცალკეული ოჯახების სახით, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვხვდება.“
პროტესტანტები ბათუმში აქტიურად მე-20 საუკუნიდან ჩნდებიან. საკმაოდ მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი ლუთერანები. მკვლევარის ინფორმაციით, „ხშირად ჩამოდიოდნენ ბათუმში პასტორები ევროპიდან აქ მცხოვრებ უცხოელ ჯარისკაცებთან, მოგვიანებით კი ჩნდება მრევლიც“.
როგორც ტატა კოპალეიშვილი გვეუბნება, საარქივო წყაროებში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმი თვითმმართველი ქალაქი გახდა, ლუთერანებმა ქალაქის მერიას წარუდგინეს ეკლესიის პროექტი და ითხოვდნენ მიწის გამოყოფას მშენებლობისთვის. თუმცა, ქალაქის მმართველობა მათთვის მიწის გამოყოფას არ ჩქარობდა.
ტატა კოპალეიშვილი, მკვლევარი.
„წყაროებში დაახლოებით ექვსი ადგილი სახელდება, სადაც უნდა აშენებულიყო ლუთერანული ეკლესია ბათუმში. მერიაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ საკითხი მაინც არ წყდებოდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა ეკლესიისთვის მიწის გამოყოფა. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ეს პროექტიც ჩაიშალა,“ – გვეუბნება ტატა.
ბათუმში მცხოვრები მაშინდელი ლუთერანები ძირითადად უცხოელები იყვნენ, ელჩები ან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული მიზნებით იმყოფებოდნენ საქართველოში.
პროტესტანტების ახალი ნაკადები საქართველოში და ბათუმში გასული საუკუნის 50-იან წლებში ისევ ჩნდება. როგორც ტატა კოპალეიშვილი გვეუბნება, მათი დიდი ნაწილი მოდის რუსეთიდან, შიმშილობისა და სხვადასხვა მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზების გამო:
„მათ შორის იყვნენ ბაპტისტებიც, რომლებიც ბათუმში კერძო სახლში იკრიბებოდნენ. ეს სახლი მაშინდელი გორკისა და საბჭოს ქუჩების კვეთაში მდებარეობდა. საარქივო მასალებში 30 ადამიანის გვარია ჩამოთვლილი, თუმცა შემდგომ წლებში მათი რაოდენობა ასზე მეტია“.
პროტესტანტული ეკლესიები იდევნებოდნენ როგორც ცარისტული, ასევე, საბჭოთა რეჟიმების მიერ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მათ ვერ შეძლეს აეშენებინათ თავიანთი სამლოცველოები.
ტატა კოპალეიშვილის თქმით, „ბინის ქირაობაც კი მკაცრად კონტროლდებოდა. შემდეგ ბრძანებაც გაიცა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ამიტომ არის, რომ ბათუმშიც, ძირითადად, გარეუბნებშია შემორჩენილი ევანგელური საკრებულოები. „მათი გალობა ქუჩაში ისმის და ხალხის ყურადღებას იპყრობსო“, – ასეთი ჩანაწერები არსებობს საარქივო დოკუმენტებში.“
საბჭოთა პერიოდში ევანგელურ ეკლესიებს აკრძალული ჰქონდათ მისიონერული საქმიანობა, საბჭოთა რელიგიის საქმეთა დეპარტამენტი აკონტროლებდა როგორც პასტორებს, ასევე მრევლის ცხოვრებას.
„პასტორები აბარებდნენ რელიგიის საქმეთა დეპარტამენტს ანგარიშს, თუ რამდენი წევრი ჰყავდათ, რა ფინანსები ჰქონდათ, ვის ნათლავდნენ, როდის, ბავშვები ესწრებოდნენ თუ არა მსახურებას და ა.შ“
რეჟიმი ცდილობდა, რომ რელიგიური თემები წარმოეჩინა მარგინალურ ჯგუფებად.
პროტესტანტულ ეკლესიებში ახალი ტალღა გასული საუკუნის 90-იან წლებში ისევ წამოვიდა, როცა საბჭოთა რეჟიმი დაინგრა. „თუმცა ამ პერიოდში მორწმუნეების დიდი ნაკადი წავიდა საქართველოდან სოციალური პირობების გამო, რაც აისახა კიდეც საკრებულოების რიცხოვროვნობაზე,“ – ამბობს ტატა კოპალეიშვილი.
ამის მიუხედავად, ამავე პერიოდში ბათუმში ჩნდება სხვადასხვა ევანგელური ეკლესია. მათ შორის: სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესია, სიცოცხლის სიტყვა და წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, რომელიც 1995 წელს დაარსდა.
„90-იან წლებში იყო არნახული ინტერესი რწმენის, რელიგიის, ახლის ძიების მიმართ. თუმცა ქვეყნისთვის ეს წლები იყო ასევე ძალიან მძიმე, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით“, – გვეუბნება ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი.
იმ დროს პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც სხვა ევანგელური ეკლესიების დიდი ნაწილი, კერძო სახლებში იკრიბებოდა მსახურებისთვის.
„ჩვენ და კათოლიკური ეკლესიაც ერთ კერძო სახლში ვიკრიბებოდით, რადგან მაშინ არც კათოლიკეებს გააჩნდათ სამლოცველო. სწორედ იმ პერიოდში დავუახლოვდით კათოლიკურ საკრებულოს. იყო პერიოდი, როცა კერძო სახლების გარდა ვქირაობდით ფართს სხვადასხვა შენობებში და ასე ვატარებდით მსახურებებს. შემდეგ საკრებულოს წევრების შემოწირულობების წყალობით შევძელით მიწის შეძენა და სამლოცველოს აშენება,“ – ამბობს ვარლამ რამიშვილი.
ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი
პასტორის თქმით, პროტესტანტული ეკლესია სრულიად გამიჯნულია პოლიტიკისგან, ის დამოუკიდებელია და არც ფინანსურ სარგებელს იღებს სახელმწიფოსგან.
„ჩვენ ვარსებობთ მორწმუნეების შემოწირულობებით. გვეხმარებიან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ეკლესიის წევრებიც. ეს შესაწირავი ნებაყოფლობითია. თუმცა ჩვენი ეკლესიის შექმნა ნაგებობას არ უკავშირდება, რადგან ეკლესია ჩვენ ვართ, ადამიანები. შენობა შეიძლება დაინგრეს, განადგურდეს, მაგრამ ადამიანები ვარსებობთ“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.
პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც სხვა ევანგელური ეკლესიებიც, განიცდიდნენ მენტალურ დევნას ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, თუმცა დროთა განმავლობაში, როგორც პასტორი ამბობს, დამოკიდებულებები იცვლება:
„იყო დრო, როცა ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ერთად წირავდნენ სიონში, მაგრამ როცა დაიშალა ეს ერთობა, გაჩნდა მიუღებლობაც. თუმცა დემოკრატიული იდეების, ადამიანის უფლებების იდეის წინ წამოწევამ, შეცვალა საზოგადოების ცნობიერებაც.“
ბათუმის პროტესტანტული ეკლესია ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ეკლესიაა, რადგან ბათუმში მცხოვრები თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფია თემში წარმოდგენილი.
„ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმდიდრე. გარდა ამისა, ჩვენს ეკლესიაში ხშირად მოდიან უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ. თუმცა ქართველების მიგრაცია უცხო ქვეყნებში აქტიურია და ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკლესიაზე. ჩვენი ეკლესიის 350 წევრი დღეს საზღვარგარეთ, ემიგრაციაში ცხოვრობს. ამ დროისთვის ეკლესიას 150 წევრი ჰყავს“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.
ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია რელიგიათა საბჭოს წევრია, ასევე ჩართულია სხვადასხვა სოციალურ მსახურებასა და აქტივობაში.
საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში. ბათუმი. 2018 წელი.
„ვთანამშრომლობთ ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიასთან თბილისში, კათოლიკურ ეკლესიასთან ბათუმში და სხვა ეკლესიებთანაც“, – ამბობს რამიშვილი და დასძენს, რომ პროტესტანტული ეკლესიები კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიებისგან მმართველობის სისტემით განსხვავდებიან:
„ევანგელური ეკლესიები უფრო დემოკრატიული მსოფლმხედველობის საკრებულოებია. პროტესტანტულ ეკლესიებში არის უფრო სარწმუნოებრივი ერთობა. ეს არის საერთო მღვდლობის პრინციპი, რომელიც მთავარი რეფორმაციის იდეაა“.
რამიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს საკრებულოში სუბორდინაციის აბსოლუტურ უარყოფას: „რა თქმა უნდა, არსებობს წესრიგი, მაგრამ მმართველობა არის უფრო დემოკრატიული. თუ წინამძღვარი იწოდება პასტორად, ის შინაარსობრივად ისეთივე მღვდელია, როგორც თითოეული მრევლის წევრი.
ეკლესიები არის დამოუკიდებელი, ერთმანეთის ჩაურევლობის პრინციპით მოქმედებენ, თუმცა მათ აქვთ უფლება თავიანთი შეხედულების დაფიქსირების“.
რაც შეეხება აკრძალვებს, როგორც ვარლამ რამიშვილი ამბობს, ეკლესიის წევრებს ევალებათ ღვთის სიტყვის დაცვა: „მთავარია, მორწმუნეს ცხოვრება არ ეწინააღმდეგებოდეს ზოგად დადგენილებას და მოყვასის მტრობას არ ემსახურებოდეს. სხვა მხრივ, ის თავისუფალია თავის არჩევანში, მიიღოს იმ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც მას მიაჩნია მართებულად.
ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპით – მიეცი კეისარს კეისრის და ღმერთს ღმერთისა, ეს ნიშნავს, რომ აქ უნდა დავამყაროთ გარკვეული ბალანსი“.
ბავშვები საშობაო მსახურებაზე ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში
ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამ ეკლესიების დევნის და შევიწროებისა, ევანგელურმა ეკლესიებმა ქართულ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანეს: „დასავლეთ საქართველოში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ეს წვლილი კარგად ჩანს. იგივე ლუთერანული თემის, რომლებმაც სოფლები გააშენეს, არქიტექტურაში და ბევრ საინტერესო სფეროში შეიტანეს წვლილი“.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, საქართველოში 0,1 პროცენტი პროტესტანტი ცხოვრობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერმა ერთ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაკეტა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი, რომელიც თავის დროზე მეწყერმა დააზიანა, კიდევ უფრო ჩაიტანა ხევში.
ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტოქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
„ეს ხიდი 15-20 წელია უფუქციოა, სოფელს აქვს სხვა გზაც. ახლა მეწყერმა ხიდი კიდევ უფრო ქვევით ჩაიტანა. აქედან 50-60 მეტრია სახლებამდე, ჯერჯერობით საფრთხე არ არის, მაგრამ ერთ ოჯახთან მისასვლელი სამანქანე გზის ნაწილი მეწყერმა წაიღო, მხოლოდ ბილიკი დარჩა. ორი დღის წინ მოხდა ეს, მას შემდეგ პროცესი არ განვითარებულა. ხულოს მერიას ვაცნობე და ფოტომასალაც გადავგზავნე“, – ამბობს მამუკა ქამაშიძე, მერის წარმომადგენელი თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში. მისივე თქმით, ამჟამად სოფელში 40-მდე კომლი ცხოვრობს.
მეწყრული პროცესები ქვედა თხილვანაში 1989 წელს დაიწყო, რასაც მიგრაცია მოჰყვა. ქვედა თხილვანაში მეწყრის გააქტიურებას 2005 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიც პროგნოზირებდნენ. 2008-2009 წლებში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ქვედა თხილვანიდან 50 ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ჩაასახლეს. თუმცა სახელმწიფო პროგრამით ჩასახლებული 50 ეკომიგრანტიდან 20-ზე მეტი ოჯახი თხილვანაში დაბრუნდა. ისინი უკუმიგრაციის მიზეზად მარნეულში არსებულ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ არ ჰქონდათ სასმელი და სარწყავი წყალი, სახნავ-სათესი მიწები, გათბობა და ულუკმაპუროდ დარჩენას სიცოცხლისთვის საშიშ სოფელში დაბრუნება არჩიეს.
სოფელში მეწყრული პროცესები განსაკუთრებით გააქტიურდა 2017 წელს. მაშინ თხილვანაში ასულმა გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რის მიხედვითაც მეწყრული მასა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობა მაღალი რისკის ზონაშია და მიზანშეწონილია მათი განსახლება.
„ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები არის აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმის პერიოდში; პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც, ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.“ – ვკითხულობთ გეოლოგების დასკვნაში.
2017 წელს აჭარის მთავრობამ თხილვანელებს ეკომიგრანტების პროექტში ჩართვა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ოჯახი 25 000 ლარს მიიღებდა ქვედა თხილვანაში სახლისა და სახნავ-სათესი მიწების შენარჩუნების პირობით. მამუკა ქამაშიძის თქმით, კომპენსაცია ყველა ოჯახს აქვს აღებული და ამჟამად სოფელში ის ოჯახები რჩებიან, რომლებმაც ამ თანხით მიწები შეიძინეს და აპირებენ გაზაფხულზე სახლები შეძენილ მიწაზე გადაიტანონ და თხილვანა დატოვონ:
„ხელვაჩაურში, ჩაქვში, ახალშენში იყიდეს მიწები… აღნიშნული თანხა მიზნობრივად აქვს გამოყენებული თითქმის 95 პროცენტს, მინიმუმ უძრავი ქონების – მიწის შეძენის სახით, ყველა ელოდება სახსრებით არსებული სახლის გადატანას ან ქოხის ჩადგმას“.
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთებამდე დაიწყება საზეიმო კონცერტი.
ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულ სცენაზე დღეს გამოვლენ:
აკე პატარაია თავისი ბენდით
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ბენდი – BSU JAZZ
ბენდი „სალიო“
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარმატებულ ბათუმელ სპორტსმენებთან ერთად აანთებენ.