მთავარი,სიახლეები

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

20.12.2018 • 3866
რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

„სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა და ხვალ დაგიბრუნებთო… შევიტანე ფული და სულიკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მას მერე აღარც მინახავს, მასთან დაკავშირებასაც კი ვერ ვახერხებდი, სასამართლო პროცესებზეც აღარ ცხადდებოდა. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ სასამართლოსთვის განცხადებით შემეძლო მიმართვა, თანხას უკან დამიბრუნებდნენ და მას ისევ დააპატიმრებდნენ. სასამართლოს განცხადებით მივმართე, მაგრამ მოსამართლემ ჩემი განცხადება არ განიხილა“.

სულიკო ც.-ს 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გამოცემული განჩინების საფუძველზე გაათავისუფლა. ჯემალ სირაბიძემ 2100 ლარი გადაიხადა, რადგან განჩინებაში მითითებული იყო, რომ თანხის 70%-ის გადახდის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

გირაოს თანხის დაბრუნება ჯემალ სირაბიძემ სასამართლოში 17 აპრილს მოითხოვა. განცხადების შეტანის მიუხედავად, 25 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა მოქალაქის განცხადება განუხილველი დატოვა.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უმოქმედობის გამო რეაგირების გარეშე დარჩა განცხადება, რის გამოც მოქალაქეს ზიანი მიადგა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად უბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

სწორედ თანხის დაკარგვის საფრთხის გამო მიმართა ჯემალ სირაბიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელსაც ჰქონდა განცხადების განხილვისა და გირაოს თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ სასამართლომ, უმოქმედობის გამო, მისი განცხადება დატოვა რეაგირების გარეშე, რითაც ჯემალ სირაბიძეს მიადგა ზიანი 2100 ლარის ოდენობით,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და განცხადების განუხილველად დატოვებას ამართლებს იმით, რომ ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა.

„ის გარემოება, რომ ჯემალ სირაბიძის განცხადება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 25 აპრილს. ჯემალ სირაბიძის მიერ 17 აპრილს შემოტანილ განცხადებაზე სასამართლო წინასასამართლო სხდომამდე ვერ იმსჯელებდა, სასამართლოს აღნიშნულ განცხადებაზე უნდა ემსჯელა სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანდასწრებით… მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე გაახმოვანა ჯემალ სირაბიძის განცხადების შინაარსი, მაგრამ ვინაიდან ბრალდებული არ ესწრებოდა სხდომას, მოსამართლეს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და მხარეებს განუმარტა, რომ განცხადებაზე იმსჯელებდა მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც დაინიშნა 2018 წლის 10 მაისს,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაგებელ სარჩელში.

„მხარე არის ადვოკატიც… ის, რომ ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა, ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ მოქალაქე გადახდილი გირაოს თანხას უკან ვეღარ დაიბრუნებდა,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე. ის გაუმართლებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო არ განიხილეს მოქალაქის განცხადება.

10 მაისს, ანუ მორიგ სასამართლო პროცესზე პროკურორი ამ საქმეზე სასამართლოში საპროცესო შეთანხმებით მივიდა. მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ლევან გელოვანმა დაამტკიცა და სულიკო ც.-ს სასჯელის სახით 3 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. განაჩენში ჩაიწერა ისიც, რომ ჯემალ სირაბიძეს უნდა დაბრუნებოდა თავისი კუთვნილი 2100 ლარი.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ჯემალ სირაბიძემ აღსრულების ბიუროს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ მის მიერ ჩარიცხული თანხა ჯარიმაში გაიქვითა. მოქალაქეს განუმარტეს, რომ პირველ რიგში, საბიუჯეტო ვალდებულება იფარება და მან ფულის დაბრუნება ისევ ახლობელს უნდა მოსთხოვოს.

„ახლობლიდან ფულის დაბრუნება რომ პრობლემა იყო, ამიტომაც მიმართა მან სასამართლოს შესაბამისი განცხადებით…. განცხადებით რომ არ მიემართა მოქალაქეს სასამართლოსთვის, ეს თანხა განაჩენის გამოტანის დროს მაინც დაუბრუნდებოდა. კანონი აძლევს უფლებას მოქალაქეს გირაოს თანხა უკან გაიტანოს. ამ უფლებით ვერ ისარგებლა ჯემალ სირაბიძემ,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. იგი სამართლიანად მიიჩნევს აღსრულების ბიუროს მიდგომას, სადაც, პირველ რიგში, საბიუჯეტო ვალდებულება გადაფარეს მოქალაქის მიერ გადახდილი თანხით.

ეს შემთხვევა მოსამართლე ირაკლი შავაძემ უნდა განიხილოს. ამ დროისთვის სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: