რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში


დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება.

„გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც აქციის მონაწილეები პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება.

აქციას შეუერთდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან მიქელაძეც. მან აქციაზე განაცხადა, რომ ტურისტულ ქალაქში მსგავსი ტერმინალის აგება მიზანშეწონილი არ არის.

„არ გვინდა გაგვიგოს ვინმემ ისე, რომ ჩვენ ხელს ვუშლით წარმოების განვითარებას – არანაირად. როგორც ამ საწარმოში მომუშავე, ვამბობ, რომ გარკვეული არაა აქ რა ტვირთებია, რა მავნებლობა შეიძლება მოუტანოს ამ ტვირთმა [ქალაქს], მეშვიდე ნავმისადგომი არის საკვანძო ნავმისადგომი, როგორ დამუშავდება სხვა ტვირთები, რომელიც უნდა შემოედინოს ნავსადგურში…. ამას ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს. როგორც გავიგეთ, პირველ ოთხ წელს 300 000 ტონა დამუშავდება, წელიწადი და 6-8 თვე მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ტვირთები სად წავა, როგორ გადანაწილდება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. პირველი – მავნეა თუ არა, რა ზემოქმედება ექნება, რა გარანტიები იქნება… ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გადაწყვეტილი არაა“, – განაცხადა ამირან მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

აქციაზე, ასევე გაჟღერდა, რომ გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პროტესტის ნიშნად ორმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო. „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, თენგო სურმანიძეს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, იგი ბათუმის პორტში 25 წელი მუშაობდა და მექანიზაციის სამსახურის ჯგუფის უფროსი იყო.

„ვაპროტესტებ ქიმიური ნივთიერებების სასაწყობე და გადამტვირთავი ტერმინალის მშენებლობას. არაერთჯერ მქონდა საუბარი ადმინისტრაციასთან, მაგრამ ვერ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ეს არ იყო მავნებელი მოსახლეობისთვის და ვერც იმაში, რომ ეს მომგებიანი იქნებოდა ნავსადგურის თანამშრომლებისთვის. ამ ტერმინალის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას – ტერმინალს ესაჭიროება 80 ადამიანი და ნავმისადგომზე [#7 ნავმისადგომი], სადაც უნდა აშენდეს ეს ტერმინალი, ამ წუთას დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. მეშვიდე ნავმისადგომზე მოდის იმ ტვირთის 70 პროცენტი, რომელიც ტარდება ნავსადგურში. ესე იგი, ძირითადად, დასაქმებულები არიან ამ ნავმისადგომზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ თენგო სურმანიძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ახალ ტერმინალს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით  აშენებს. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ყველა ეკოლოგიურ მოთხოვნასთან“.

პროტესტისა და ინფორმაციული ვაკუუმის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით არ განუმარტავს, რა სახის ნივთიერებები გადმოიტვირთება ახალ ტერმინალში და იქნება თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის საშიში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.