მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტ ტრამპის 6 საბედისწერო იურიდიული პრობლემა

18.12.2018 • 1974
პრეზიდენტ ტრამპის 6 საბედისწერო იურიდიული პრობლემა

ტრამპის იურიდიულ პრობლემებზე ბევრი იწერება. ბიბისის ჟურნალისტმა, ენტონი ზურკერმა ამერიკის პრეზიდენტის ის ექვსი ძირითადი იურიდიული პრობლემა გამოყო, რომლებმაც მეორე ვადით კენჭისყრის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მას დიდი წინაღობა შეუქმნას.

  • პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები

გასულ კვირას, გაზეთ Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ფედერალურმა გამოძიებამ დაიწყო მოკვლევა იმ კომიტეტის საქმიანობის, რომლის ორგანიზებითაც 2017 წელს ტრამპის ინაუგურაცია მოეწყო. გამოძიების მოტივი – შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

კომიტეტმა რეკორდული თანხა: 107 მილიონი დოლარი შეაგროვა შემოწირულობებით. ამ თანხიდან 14 მილიონი ცნობილი საინვესტიციო კომპანიების თანამშრომლებმა გაიღეს, თითქმის 10 მილიონი კი ადამიანებმა უძრავი ქონების სფეროდან.

ტრამპის ინაუგურაციაზე გაწეულმა ხარჯებმა ორჯერ გადააჭარბა 2009 წელს ობამას ინაუგურაციის ხარჯებს, რაც აქამდე რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნეოდა ამერიკის ისტორიაში.

გამოძიება დაადგენს, როგორ დაიხარჯა ინაუგურაციაზე თანხა და ცდილობდნენ თუ არა შემწირველები ახალ ადმინისტრაციაში გავლენების მოპოვებას.

ორგანიზაცია ProPublica-ს ანგარიშში მოყვანილია ინაუგურაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვები, რომელიც ყვება, რომ ვაშინგტონში მდებარე ტრამპის სასტუმრო Trump International Hotel-მა გაზარდა ნომრების, კვებისა და სასტუმრო მომსახურების  სხვა ფასები საინაუგურაციო კომიტეტის წევრებისთვის, რაც შესაძლოა სასამართლომ საგადასახადო კანონის დარღვევად მიიჩნიოს.

საქმეს სამხრეთ მანჰეტენის პროკურატურა იძიებს. თეთრი სახლის პრესმდივანი, სარა სანდერსი Wall Street Journal-ის სტატიას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი ინაუგურაციის ცერემონიალთან არაფერ შუაშია. თუმცა ტრამპის ახლო მეგობრები და პარტნიორები, ასევე პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი აქტიურად იყვნენ ჩართულები ინაუგურაციის მოსამზადებელ პროცესში.

  • უცხოეთის ჩარევა

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მიზანი რუსეთის ნებისმიერი კავშირის გამოვლენა იყო ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასთან. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთთან კავშირების კვლევით და საქმეში შესაძლოა სხვა ქვეყნებიც იყოს გარეული.

გამოცემა Daily Beast-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეცპროკურორი გამოძიების მეორე ფაზას 2019 წელს დაიწყებს, რომლის მიზანიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის კავშირების კვლევაა საუდის არაბეთთან, ისრაელთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ფედერალური გამომძიებლები დაადგენენ, არალეგალურად გადაურიცხეს თუ არა თანხა უცხოეთის ქვეყნებმა საინაუგურაციო კომიტეტს.

გამომძიებელი მიულერი ასევე იძიებს – მიიღო თუ არა ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას ფინანსური დახმარება 2016 წელს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროებისა და ყატარისგან.

პრეზიდენტი მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მოსალოდნელია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ფართომასშტაბიან გამოძიებას.

ტრამპს, როგორც ამერიკის პრეზიდენტს პირველი ოფიციალური ვიზიტი, სწორედ  საუდის არაბეთში ჰქონდა. მან ქვეყანას  ღიად დაუჭირა მხარი ყატართან უთანხმოებისას და დაიცვა საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის შემდეგ.

  • ტრამპის სასტუმრო

გაპრეზიდენტებიდან მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ყველა კომპანია, უცხოეთის ხელისუფლებებისგან მიღებულ მოგებას ამერიკის ხაზინაში გადარიცხავდა.

კომპანია Trump Organization-მა მართლაც გადარიცხა ხაზინაში 2017 წელს უცხოეთის ხელისუფლებისგან მიღებული 151 ათას 470 დოლარი. თუმცა, არ კონკრეტდებოდა ამ თანხის ზუსტი წარმომავლობა, რომ არ დარღვეულიყო ამერიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება მიიღოს საჩუქარი და ფულადი ჯილდო სხვა ქვეყნის ხელისუფლების, ან მათი წარმომადგენლებისგან.

2018 წლის ივნისში კოლუმბიისა და მერილენდის შტატის პროკურორებმა დაიწყეს ტრამპთან დაკავშირებული საგამოძიებო ღონისძიებები და გამოავლინეს, რომ ამერიკის პრეზიდენტი აგრძელებს მოგების მიღებას უცხო ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლებისგან, რომლებიც ოფიციალური ვიზიტებისას მის სასტუმროებში ბინავდებიან, ძირითადად ვაშინგტონის სასტუმროში, რომელიც თეთრ სახლთან ახლოსაა.

მას შემდეგ, რაც პროკურორებმა საქმის ძიება დაიწყეს, ტრამპის ადვოკატებმა ამ საქმის ბლოკირება სცადეს. საქმე შეიძლება იქცეს სასამართლო გადაწყვეტილების პირველ პრეცენდენტად, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს გამოავლენს, საჯარო მოხელის მხრიდან საჩუქრებისა და ფინანსური სარგებლის მიღებით.

როგორც ბიბისის ჟურნალისტი წერს, საქმემ შესაძლოა ტრამპისთვის წამზომიანი ბომბივით იმოქმედოს და გამოავლინოს პრეზიდენტის ბიზნესიმპერიის უცნობი დეტალები იმ დროს, როცა ის მეორე ვადით დააპირებს კენჭისყრას.

  • ტრამპის საქველმოქმედო ფონდი

ზემოთხსენებული ფედერალური გამოძიების გარდა, რომელიც პრეზიდენტის ბიზნესინტერესებს იძიებს, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლები მის საქველმოქმედო ფონდებსაც შეისწავლიან.

როგორც ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ბარბარა ანდერვუდი ამბობს, ფონდი ძირითადად პრეზიდენტის პოლიტიკური და ბიზნესინტერესების წინსვლაზე იხარჯება, რაც შტატის კანონმდებლობის დარღვევაა.

გამოძიებას ტრამპმა „ნიუ-იორკის უმაქნისი დემოკრატების საქმე“ უწოდა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შეაქო 19 მილიონზე მეტი დოლარის შეწირვისთვის.

ტრამპის ადვოკატებმა საქმის მსვლელობა შეწყვიტეს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდება საკმარისი მტკიცებულებებითაა გამყარებული და აჩვენებს, რომ ტრამპი მიზანმიმართულად იყენებდა ფონდს პირადი საჭიროებებისთვის, თუმცა კარგად იცოდა, რომ ეს საკუთრივ ფონდის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, Washington Post-ის კორესპონდენტი, დევიდ ფარენტოლდი დაწვრილებით აღწერდა, როგორ გამოიყენა ტრამპმა საქველმოქმედო ფონდი, რომლის ძირითადი შემწირველები მისივე მეგობრები და პარტნიორები იყვნენ.

ნიუ-იორკის შტატს სურს მიიღოს ტრამპისგან 3 მილიონი დოლარი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ასევე დააკისროს პრეზიდენტს  სხვა სანქციებიც: პრეზიდენტს შესაძლოა 10 წლით აეკრძალოს ნიუ-იორკის შტატში რომელიმე კომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვა პრეზიდენტის შვილებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 წლით გაგრძელდება.

  • სიჩუმის საზღაური 

პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი ყვება, როგორ დაეხმარა ის ტრამპს მოლაპარაკებაზე დაეყოლიებინა ორი ქალი, რომლებსაც შეეძლოთ წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპთან საკუთარ სექსუალურ კავშირებზე ესაუბრათ საჯაროდ.

კოენმა ნიუ-იორკის ფედერალური პროკურორების წინაშე საკუთარი ბრალეულობა აღიარა და დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჩვენებებში მან მიუთითა, რომ ტრამპის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს თავად პრეზიდენტი.

ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ საარჩევნო კამპანიისას ფინანსურ დარღვევებში, ეს მის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი იმ ბრალდებათაგანია, რისთვისაც პრეზიდენტის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი ციხეში იხდის სასჯელს.

  • რუსეთის წვლილი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში

გრძელდება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე და მის შესაძლო კავშირებზე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან.

ტრამპის ყოფილი ადვოკატი, კოენი ამ გამოძიებასაც დაეხმარა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მრავალმილიონიანი მშენებლობები რუსეთში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც მიმდინარეობდა და გულისხმობდა კონტაქტებსაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

ტრამპი ირწმუნება, რომ მოლაპარაკება რუსეთთან არ უწარმოებია და გამოძიებას დემოკრატების კონსპირაციულ შეთქმულებას უწოდებს.

პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ მრავალ პირს ჰქონდა კონტაქტი რუსეთის ოფიციალურ პირებთან ზუსტად იმ დროს, როცა კრემლი ტრამპის მხარდასაჭერად მოწყობილ კიბერომში დაადანაშაულეს. იყო თუ არა ეს რუსეთის მთავრობისა და ტრამპის ერთობლივი საიდუმლო გეგმა? სწორედ ეს არის ტრამპთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელსაც ჯერ პასუხი არ გასცემია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: