მთავარი,სიახლეები

მფლობელის თქმით, „სილქ თაუერის“ სტუმარი პირდაპირ იახტით მიადგება სასტუმროს ან რესტორანს

20.12.2018 • 2168
მფლობელის თქმით, „სილქ თაუერის“ სტუმარი პირდაპირ იახტით მიადგება სასტუმროს ან რესტორანს

განახლებული იახტკლუბი ბათუმში„სილქ როუდ ჯგუფის“ თაუერებს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ღია არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრეს. იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს.

ბათუმში, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი თაუერის მშენებლობას გეგმავს. პირველი პროექტი 42- სართულიანი მულტიფუნქციური შენობა „სილქ თაუერი“ იქნება, რომელიც ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად აშენდება. შენობაში, როგორც სასტუმრო ნომრები, ასევე აპარტამენტები, კაფეები და რესტორნები იქნება განთავსებული.

„სილქ თაუერის“ სტუმარს შეეძლება პირდაპირ იახტით მიადგეს სასტუმროს ან რესტორანს. ამის თაობაზე „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა:

„…ჩვენი ტერიტორია ალი და ნინოს მოსახვევის გავლით გადის იახტკლუბამდე, შემდეგ არხით იახტკლუბიდან შემოდიხარ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს დაახლოებით იქნება ლაგუნა, ექვსივე კოშკიდან გადიხარ წყალზე, წყლის გარშემო იქნება კაფეები, რესტორნები და სხვა თავშეყრის ადგილები.“

დამპროექტებელ კომპანია „ჩეპმენ ტეილორს“ როგორ წარმოუდგენია ეს, ნახეთ რუკაზე:

იახტკლუბის პროექტის დირექტორმა, შიო ხეცურიანმა პრეზენტაციაზე კომპანიის გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა, ვიდრე იახტკლუბის, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიისა და იახტკლუბის არხით დაკავშირების ტექნიკურ დეტალებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორია დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხო იქნება ხელოვნური არხის გაჭრა და მოამზადებს თუ არა კომპანია გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით თუ საჭირო იქნება, მოამზადებენ. ასეთი დოკუმენტის მომზადება შესაძლოა იყოს გეგმარებითი დავალების ნაწილი, რომელიც მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში არა ბათუმის მერიამ, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა გასცეს. ეს იმიტომ, რომ იახტკლუბის მშენებლობა მეხუთე კლასს მიეკუთვნება.

შიო ხეცურიანის ინფორმაციით, რებილიტირებულ იახტკლუბში „მაღალი დონის იახტებს შეეძლებათ უსაფრთხოდ შესვლა. იქვე განთავსებულ სერვისცენტრში კი, მიიღებენ საჭირო მომსახურებას.“

პროექტის მიხედვით, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი შენობა სამსართულიანი იქნება, აქვე იგეგმება შოურუმისა და მაღაზიის მოწყობა, სადაც იახტებისთვის საჭირო ნივთები გაიყიდება. რეაბილიტირებული იახტკლუბის ტერიტორიაზე დაახლოებით ასამდე იახტის განთავსება იქნება შესაძლებელი. ე.წ. მშრალ გასაჩერებელზე კი ორმოცდაათი იახტის ადგილი იქნება.

 

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს  1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

შპს „რივიერამიახტკლუბი განსაკარგავად ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტკლუბს“ მისცა.  შიო ხეცურიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ „ბათუმის იახტკლუბის“ დამფუძნებელი „იუ ჯი თი ჯგუფი“ ფლობს იახტმშენებელ ქარხანას თურქეთში [ქარხანა კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა], ამიტომ იახტკლუბი მას გადასცეს ქვეიჯარით.

ამავე თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/157579/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: