მთავარი,სიახლეები

მიდგომა იქნება მკაცრი – მოსამართლის გაფრთხილება ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს

17.12.2018 • 2922
მიდგომა იქნება მკაცრი – მოსამართლის გაფრთხილება ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს

ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჩ. 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 17 დეკემბერს მიიღო.

საუბარია ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მარტში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ტრანსგენდერი ქალი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყეს. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით გამოძიებამ 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. 15 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

“ბრალდებული არ ადასტურებს გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენას…” – დასძინა მოსამართლემ მას შემდეგ, როცა სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ბრალდებული დაზარალებულს შეხვდა და ზიანის ანაზღაურების კუთხით კომპენსაციაც გადაუხადა.

სასამართლოს სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, რადგან დანაშაული პირად ინფორმაციას შეიცავდა. მოსამართლემ პროკურორს და ადვოკატს დახურულ კარს მიღმა მოუსმინა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ტრანსგენდერ ქალს სხეულის სხვადასხვა არეში მისი სექსუალური ორიენტაციის გამო სცემა.

ცემას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს სხეულზე მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

“მსუბუქი შეხლა-შემოხლა იყო მხოლოდ,” – ირწმუნება ადვოკატი გურამ ღოღობერიძე, რომელსაც ჩვენ პროცესის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.

ადვოკატის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკება თანხის გადახდას უკავშირდებოდა.

“როცა გაირკვა, რომ ეს ქალი კი არა ტრანსგენდერია, უთხრა, რომ მისგან მომსახურების მიღება აღარ უნდოდა და არც დაპირებულ 30 ლარს გადაუხდიდა. დაზარალებულმა გიორგის ჯიბიდან ფარულად ამოუღო საფულე და წავიდა.

ბრალდებული როცა მიხვდა, რომ ფული მოპარეს, გამოედევნა დაზარალებულს და მოხდა შეხლა-შემოხლა. იმ ქალის მობილური ტელეფონი დაზიანდა ამ დროს.

კომპენსაცია რამდენი გადაუხადეს დაზარალებულს, არ ვიცი. ვიცი, რომ ამ მობილურის გამო გადაიხადა ფული,” – მოგვიყვა ადვოკატი გურამ ღოღობერიძე.

დაზარალებულად ცნობილი ტრანსგენდერი ქალი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. დარბაზში მხოლოდ ბრალდებულების ახლობლები იყვნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

მარტიდან 15 დეკემბრამდე პროკურატურას გიორგი ჩ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

რატომ მოხდა ასე – ამის გარკვევას “ბათუმელები” პროკურორ ალიკა დვალიშვილთან სცადა, თუმცა მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

გიორგი ჩ. პატიმრობიდან მაშინვე გათავისუფლდება, როცა ის გირაოს – 2 ათას ლარს გადაიხდის.

“გამამართლებელ განაჩენს ველოდები. დაზარალებულის და ორი პოლიციელის ჩვენებაა მხოლოდ საქმეში,” – აღნიშნა ადვოკატმა გურამ ღოღობერიძემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს უთხრა, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

“თუკი დადასტურდება, რომ თქვენ დანაშაული გენდერული ნიშნით ჩაიდინეთ, სასამართლoს მიდგომა იქნება მკაცრი,” – თქვა მოსამართლემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: