სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების ერთიანი სისტემის ჩარჩო-დოკუმნეტი დაამტკიცეს დღეს სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე.

საბჭოს წევრებმა მოისმინეს აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოგმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოგმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საბჭოს წევრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების თვალსაზრისით დოკუმენტი პასუხობს ყველა თანამედროვე გამოწვევას.

,,მთის მიმართულებით ეს გახლავთ კომპლექსური გეგმა, რომელიც პასუხობს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც სოფლის მეურნეობისმიმართულებით ჩვენ გვაქვს. მინდა განსაკუთრებით შევეხო მთის განვითარების თვალსაზრისით ამ დოკუმენტს და  ვინაიდან აჭარა არის გამორჩეული რეგიონი მაღალმთიანი დასახლებებით, მთის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი პოლიტიკა, ისე პრაქტიკული ღონისძიებები. სულ რამდენიმე დღის წინ აღინიშნა მთის საერთაშორისო დღე, სადაც პრემიერის მიერ გაჟღერდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ქოჩქიანს მიენიჭა მთის შვილის წოდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებით ჩვენს მთას, ჩვენს სოფელს აქვს  სიცოცხლე, აქვს  განვითარება და აქვს პერსპექტივა“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა. მისი ბიუჯეტი 214 მლნ ლარია. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები. ახალი სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს გაძლიერდეს რეგიონში სოფლის განვითარების კუთხით პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების სტრატეგიული მიდგომები, რაც სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრა
სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო შეხვედრა

გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა  მოისმინეს აჭარის  სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოგმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში.

სამუშაო შეხვედრაში მონწილეობდნენ „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ენპარდ-2“ პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ივანე შამუგია, პროექტის აჭარის კოორდინატორი ვატანგ კონცელიძე, მონიტოტინგისა და შეფასების კოორდინატორი ნათია ბერძენიშვილი, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები.

თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ.

თუკი სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე თქვენ დაზარალებულის სტატუსი არ გაქვთ, საქმის მასალებს ვერ გაეცნობით. დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანს კი, პროკურორმა გამოძიების პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს: ვინ დაკითხეს, რა მტკიცებულებები მოიპოვეს და ასე შემდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სამმა მოქალაქემ მიმართა: ხვიჩა ყირმიზაშვილმა, გია ფაცურიამ და გვნაცა გაგნიაშვილმა. მათი აზრით, სადავო სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ასევე თანასწორობის პრინციპს.

მოპასუხე, ანუ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ეს შეზღუდვა ემსახურებოდა სასამართლოების გადატვირთვისგან დაცვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრულ მნიშვნელოვან უფლებებზე წვდომის წინაპირობაა. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს – სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი

ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების საკითხი საკრებულომ არ განიხილა

სიცოცხლისთვის სახიფათო სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლებისა და მათი ახალი ბინებით ან ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხით უზრუნველყოფის საკითხი დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ განიხილეს. ადგილზე ჟურნალისტებს განგვიმარტეს, რომ იურიდიულმა კომისიამ განკარგულების პროექტი დაიწუნა, ამიტომაც ის დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, რა ვადა მიეცა მერიას იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რის გამოც საკრებულომ საკითხის განხილვასა და დამტკიცებაზე უარი თქვა.

მერიის მომზადებულ დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ექსპერტების შეფასებით, ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩის 48-სა და კვინიტაძის ქუჩის #3-ში მოსახლეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობს. ამ სახლების ფიზიკური მდგომარეობა ექსპერტიზის ბიურომ მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის დაკვეთით შეისწავლა და სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნია.

საკითხის მომხსენებლის, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის, ეგარსლან ლომაძის ინფორმაციით, მერიას ჯერ მხოლოდ ორი სახლის ავარიულ მდგომარეობაზე აქვს ინფორმაცია. ექსპერტიზის ბიურო საკითხზე მუშაობას განაგრძობს და თუ რომელიმე მისამართი კიდევ გამოიკვეთება, მერიაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მერია ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის ბინების შეთავაზებას საბინაო ფონდიდან გეგმავს. შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორია მთლიანად მუნიციპალურ საკუთრებაში გადავა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს თანამესაკუთრე ჰყავს, მერია ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდება.

მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ავარიული სახლების დაცლის შემდეგ ქონებას აუქციონის წესით გაყიდიან, თუ სხვა რაიმე მიზნებისთვის გამოიყენებენ. „ინდივიდუალურად მივუდგებით, განხილვა მოხდება შემდგომში. პირველი ეტაპია ოჯახების გამოყვანა, რომელებიც სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ ,“ – განმარტა სამსახურის უფროსმა.

ამ საკითხზე მერიის გეგმების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ:

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება.

„გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც აქციის მონაწილეები პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება.

აქციას შეუერთდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან მიქელაძეც. მან აქციაზე განაცხადა, რომ ტურისტულ ქალაქში მსგავსი ტერმინალის აგება მიზანშეწონილი არ არის.

„არ გვინდა გაგვიგოს ვინმემ ისე, რომ ჩვენ ხელს ვუშლით წარმოების განვითარებას – არანაირად. როგორც ამ საწარმოში მომუშავე, ვამბობ, რომ გარკვეული არაა აქ რა ტვირთებია, რა მავნებლობა შეიძლება მოუტანოს ამ ტვირთმა [ქალაქს], მეშვიდე ნავმისადგომი არის საკვანძო ნავმისადგომი, როგორ დამუშავდება სხვა ტვირთები, რომელიც უნდა შემოედინოს ნავსადგურში…. ამას ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს. როგორც გავიგეთ, პირველ ოთხ წელს 300 000 ტონა დამუშავდება, წელიწადი და 6-8 თვე მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ტვირთები სად წავა, როგორ გადანაწილდება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. პირველი – მავნეა თუ არა, რა ზემოქმედება ექნება, რა გარანტიები იქნება… ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გადაწყვეტილი არაა“, – განაცხადა ამირან მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

აქციაზე, ასევე გაჟღერდა, რომ გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პროტესტის ნიშნად ორმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო. „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, თენგო სურმანიძეს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, იგი ბათუმის პორტში 25 წელი მუშაობდა და მექანიზაციის სამსახურის ჯგუფის უფროსი იყო.

„ვაპროტესტებ ქიმიური ნივთიერებების სასაწყობე და გადამტვირთავი ტერმინალის მშენებლობას. არაერთჯერ მქონდა საუბარი ადმინისტრაციასთან, მაგრამ ვერ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ეს არ იყო მავნებელი მოსახლეობისთვის და ვერც იმაში, რომ ეს მომგებიანი იქნებოდა ნავსადგურის თანამშრომლებისთვის. ამ ტერმინალის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას – ტერმინალს ესაჭიროება 80 ადამიანი და ნავმისადგომზე [#7 ნავმისადგომი], სადაც უნდა აშენდეს ეს ტერმინალი, ამ წუთას დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. მეშვიდე ნავმისადგომზე მოდის იმ ტვირთის 70 პროცენტი, რომელიც ტარდება ნავსადგურში. ესე იგი, ძირითადად, დასაქმებულები არიან ამ ნავმისადგომზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ თენგო სურმანიძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ახალ ტერმინალს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით  აშენებს. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ყველა ეკოლოგიურ მოთხოვნასთან“.

პროტესტისა და ინფორმაციული ვაკუუმის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით არ განუმარტავს, რა სახის ნივთიერებები გადმოიტვირთება ახალ ტერმინალში და იქნება თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის საშიში.

ქალაქგანვითარებისა და ურბანულ სამსახურში ვაკანტურ თანამდებობებზე ხელფასი გაიზრდება

ბათუმის მერიამ ქალაქგანვითარებისა და ურბანული განვითარების სამსახურებში მცირე რესტრუქტურიზაცია ამ სამსახურის ათ ვაკანტურ თანამდებობაზე ხელფასების გაზრდის მიზნით ჩაატარა. მაგალითად: ამ ცვლილებით მეორე კატეგორიის სპეციალისტის ნაცვლად ვაკანტური გახდა პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა, შესაბამისად, როგორც კანონმდებლობა ამას არეგულირებს, გაიზრდება ხელფასიც.

გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ათი თანამდებობა მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში მეორედ ჩატარებული კონკურსის შემდეგაც ვაკანტური დარჩა. ამასთან დაკავშირებით მერი ლაშა კომახიძე  ვარაუდობდა, რომ არქიტექტორებმა, რომლებსაც კერძო სექტორი გაცილებით მაღალ ხელფასსა და კომფორტულ პირობებს სთავაზობს, მერიის მიერ შეთავაზებულ ხელფასზე მუშაობა არ ისურვეს.

ვაკანტურ თანამდებობებზე კატეგორიზაციის გაზრდის შემდეგ ქალაქგანვითარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი იმედოვნებს, რომ მესამე კონკურსი უშედეგოდ არ ჩაივლის.

რესტრუქტურიზაციის შედეგად, რაც ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა, მუნიციპალური სერვისებისა და ადმინისტრაციული სამსახური სამი საშტატო ერთეულით შემცირდა, რის ხარჯზეც ამდენივე თანამდებობა დაემატა მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის ზედამხედველობის განყოფილებას.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსის ხელფასი 2900, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის ხელფასი კი 2000 ლარია.

ამავე სამსახურში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თანამდებობრივი სარგოს სახით 1700 ლარს, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1400-ს, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1300 ლარს მიიღებს.

მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

 

“თქვენ მართმევთ 20 წუთს” – მგზავრები საქართველოს რკინიგზას მიმართავენ

„თქვენ მართმევთ 20 წუთს“ – მგზავრებმა, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან საქართველოს რკინიგზით, საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. მგზავრების თქმით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დანიშნულების ადგილას ჩასვლას საშუალოდ 20 წუთით აგვიანებს. მაგალითად, თუ დილით ბათუმიდან გასული მატარებელი თბილისში 12:50 საათზე უნდა იყოს [სწორედ ეს დროა განრიგში მითითებული], მატარებელი 13:20 წუთზე, ზოგჯერ კი 13:30-ზე ჩადის, ან უფრო მეტი დროით აგვიანებს. იგივე ხდება თბილისი-ბათუმის მიმართულებითაც.

ლევან გელიაშვილი ერთ-ერთია მათგან, ვისაც თვეში 4-ჯერ მაინც უწევს ბათუმი-თბილისის გზაზე მატარებლით მგზავრობა. ლევანი ამბობს, რომ ბილეთზე მითითებული დრო არასდროს ემთხვევა მატარებლის დანიშნულების ადგილას ჩასვლის დროს.

„საშუალოდ იგვიანებს 20 წუთით. ჩემი მგზავრობის დროს ყოფილა შემთხვევა, როცა 40 წუთიც დაუგვიანებია. ჩემი მეგობარი მგზავრობდა, 45 წუთი დააგვიანა იმ დღეს მატარებელმა. საქართველოს რკინიგზა კი ამაზე არასდროს აკეთებს განმარტებას. დავუწერეთ რევიუ ფეისბუქზე, ვუდებთ გვერდზე ფოტოებს. რეაქცია არ აქვთ, შლიან ჩვენს ფოტოებს, ჩვენი მეგობარი სპამში მონიშნეს და დაბლოკეს საერთოდ. ამ კამპანიით გვინდა, რომ, უბრალოდ, გავაგებინოთ – ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც საკუთარ დროს არ აფასებენ,” – ამბობს ლევან გელიაშვილი.

ფეისბუქზე დაწყებულ კამპანიას საქართველოს რკინიგზით მოსარგებლე სხვა მგზავრებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც წერენ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა მატარებელს 30-45 წუთი დაუგვიანებია.

“ჩემი დრო არის ჩემი, საქართველოს რკინიგზა კი მატყუებს და მართმევს ამ დროს. მე ხომ უნდა ვიცოდე ზუსტად, კონკრეტული დრო, როდის ჩავდივარ დანიშნულების ადგილას? ელემენტარულია, შეცვალონ დრო ბილეთზე და დააწერონ, რეალურად როდის ჩადის. თუ  მეცოდინება, რომ არ ჩავალ ხუთ საათში და ჩავალ ხუთ საათსა და ოც წუთში, შეხვედრასაც დავგეგმავ სხვანაირად. რატომ უნდა ვიანგარიშო, იქნება მატარებელმა დააგვიანოს. ეს ხომ არ არის 90-იანები. შუქი ხომ არ ქრება?“ – კითხულობს ლევან გელიაშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა. აქ მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს მოკლე კომენტარის სახით და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სამგზავრო მატარებლებისთვის მიმოსვლის გრაფიკის კორექტირება მოხდეს:

„საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის გარკვეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის ზოგიერთ მონაკვეთზე. სწორედ შესაბამისი ტექნიკური ფანჯრების მიმდინარეობისას ხდება ინფრასტრუქტურის გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა, რის  გამოც რიგ შემთხვევებში რეისები დაგვიანებით სრულდება.

„საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში  არ გამორიცხავს სამგზავრო მატარებლებისთვის მიმოსვლის გრაფიკის დაკორექტირებას.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.“

თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე

აჭარის მთავრობის პრესსამსახური მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოკლე კომენტარს ავრცელებს ბათუმის პორტთან დაკავშირებით, სადაც დღეს, 14 დეკემბერს, აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა მთავრობას სთხოვეს, არ დაუშვას ბათუმის პორტში ტერმინალის აშენება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტერმინალის გავლით ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება.

„ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, ყველა იმ ეკოლოგიურ მოთხოვნასთან, რომელსაც როგორც ჩვენი, ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ – ასეთია ამ საკითხზე თორნიკე რიჟვაძის კომენტარი.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს, რომელიც ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

 

ქრისტინეს გზა ბავშვთა საოჯახო სახლიდან უნივერსიტეტამდე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, მეორე კურსზეა. სტუდენტურ კაფეში დილაობით ყავას მიირთმევს, სწავლას სამსახურსაც უთავსებს, მეგობრებთან ერთად კვირაში რამდენჯერმე დადის სპორტდარბაზში და ცდილობს აქტიურად იცხოვროს. ქრისტინე ფედანიანი 19 წლის ჩვეულებრივი სტუდენტია, მაგრამ არც ისე ჩვეულებრივია გზა, რომელიც მან სტუდენტობამდე გაიარა.

ქრისტინე ფედანიანი

ქრისტინე ოზურგეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაიზარდა. 18 წლისა გაშვილდა, იმავე წელს ჩააბარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ოზურგეთიდან საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. ამბობს, რომ შეეძლო თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ახალი მშობლებისგან შორს წასვლა არ ისურვა, მათთან შაბათ-კვირას ბათუმიდან ადვილად ახერხებს ჩასვლას. ამბობს, რომ კვირის ბოლოს მშობლებთან ჩასვლა მისთვის განტვირთვაა და კარგად ისვენებს. აქვს საკუთარი ოთახი, ხელს არავინ უშლის და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას ეგუება. ქრისტინეს დედა 52 წლისაა და ბაღის აღმზრდელად მუშაობს, მამა – 59-ის. ცოლ-ქმარს შვილი 28 წელი არ ჰყავდა, მათ ახლა ქრისტინე ჰყავთ.

საკუთარ ამბებზე ემოციების გარეშე ყვება. „იმდენჯერ მიწევდა სკოლაში ახსნა ვინ ვარ, სად ვცხოვრობ და რატომ, რომ მივეჩვიე, ლაპარაკი აღარ მიჭირს“, – ამბობს ქრისტინე. მერე იმ ამბებს იხსენებს, რაც სულ რაღაც 4-5 წლის წინ გადახდა თავს.

„დედა მამინაცვალს ვერ ეგუებოდა, ხშირად ჩხუბობდნენ. მეც აღმოვჩნდი ამ ჩხუბში, მეზობლებმა სოცმუშაკებს დაურეკეს, კონფლიქტს გამარიდეს, ავად გავხდი და საავადმყოფოში აღმოვჩნდი“, – ეს ქრისტინეს ბავშვობის დროინდელი ამბავია. მერე მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი შეიცვალა და გოგონა სოცმუშაკებმა საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

„უსაფრთხო, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრება შემომთავაზეს. დამპირდნენ, რომ მომივლიდნენ, სწავლის საშუალებასაც მომცემდნენ… დავთანხმდი. 14 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა დაცვის დღეს საოჯახო ტიპის სახლში გადამიყვანეს. ოთხი წელი ვცხოვრობდი იქ“, – ყვება ქრისტინე.

ქრისტინე ფედანიანი

ბათუმში ქირით ცხოვრობს. ოზურგეთიდან დედ-მამა ეხმარება ფინანსურად, მაგრამ ამბობს, რომ მათი ერიდება და არ უნდა უსაქმოდ იყოს. ელექტროტექნიკის მაღაზიაში ღამის ცვლის კონსულტანტად მუშაობს – დილით ლექციებზე მიდის. ასე ცხოვრებას შეეჩვია და უმოქმედობა ვეღარ წარმოუდგენია.

დამოუკიდებლად ცხოვრება მოსწონს. მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან მომენტებში ადამიანს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება.

„თუ არაფერს გააკეთებ და სხვის იმედად იქნები, არაფერიც არ იქნება. სირთულეების გადაჭრის გზაზე თუ იფიქრებ, სხვების დაუხმარებლადაც მოაგვარებ ყველაფერს. ვღიზიანდები, როცა გადაჭარბებული ყურადღებით მეპყრობიან, თითქოს განსაკუთრებული ვიყო. მირჩევნია ისევე მომცენ შენიშვნები, როგორც სხვებს აძლევენ. არაფერი განსაკუთრებული ჩემს თავს არ ხდება“, – ამბობს ქრისტინე.

მისი აზრით, ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრება მოსახერხებელია და ამ გარემომ მას ბევრი მისცა. ყვება, რომ სახლში შვიდ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. თუ ვინმეს რამე სათქმელი ჰქონდა, საღამოობით სხდებოდნენ ერთად და საუბრობდნენ, როგორ დაეძლიათ სირთულეები. სახლში დიდი ბიბლიოთეკაც ჰქონდათ, სამიათასამდე წიგნით.

„ბავშვთა სახლიდან გამიჩნდნენ დობილები და ძმობილები. ჩემი ერთი ძმობილი ახლა ჯარშია, დობილი გათხოვდა, ქორწილშიც ვიყავი. არ ვკარგავთ ერთმანეთს, მიწერ-მოწერა გვაქვს“.

ქრისტინე ბათუმს მალე შეეჩვია. ზღვა უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ცურვა არ იცის და ცოტათი ეშინია, ამიტომ სანაპიროზე სეირნობას არჩევს. ერთი წლის განმავლობაში ბევრი მეგობარი შეიძინა. სამომავლოდ უცხოეთში სწავლაზე ოცნებობს და მოგზაურობაზე ფიქრობს.

ქრისტინე სოციალური კამპანიის – „გააზიარე სითბო“ ერთ-ერთი მონაწილეა. ამ კამპანიის ფარგლებში მოხალისეებმა ბათუმში,  ტბელ აბუსერიძის №9 – ში სოციალური კარადა დადგეს, სადაც ყველას შეუძლია დატოვოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ქრისტინე ამბობს, რომ კარგად ესმის,  თუ რას ცვლის მსგავსი ინიციატივები მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

14 დეკემბერს 00:00 საათიდან 03:30 საათამდე რკინიგზის ბილეთების გაყიდვა შეჩერდება

ინტერნეტ პროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც  14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:

  • სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018  00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.
  • კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018  00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
  • ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018  00:00 სთ-დან  15/12/2018 03:30 საათამდე.
  • რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018  00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე .
  • რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018  00:00 სთ-დან  15/12/2018 04:30 საათამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით  შეფერხებისთვის.

14 900 ლარი – განათლების მინისტრის ხარჯი 5 დღეში ავტომანქანით შიდა გადაადგილებისთვის ფრანკფურტში

14 900 ლარი 95 თეთრი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში შიდა გადაადგილებისთვის დახარჯა. ფრანკფურტში მივლინების ხარჯზე „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია განათლების სამინისტრომ მოაწოდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მინისტრის მივლინების კონკრეტული ხარჯთაღირცხვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ 21 ნოემბერს გამოითხოვა. სამინისტროდან ინფორმაცია მხოლოდ „მივლინების ფარგლებში შიდა ტრანსპორტის მომსახურების ხარჯის შესახებ“ გამოგვიგზავნეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 7-დან 11 ოქტომბრამდე, ანუ 5 დღის განმავლობაში ზუსტად 4724.55 ევროს ექვივალენტი 14 900,95 ლარი დახარჯა, „რომლის გადახდაც მოხდა მინისტრის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის არსებული სპეციალური ბარათით,“ – ვკითხულობთ სამინისტროდან მიღებულ წერილში.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მინისტრს ფრანკფურტში შიდა გადაადგილებისთვის კომპანია „ინტერლაინ ფრანკფურტი“ დაუქირავებია. დღის განმავლობაში მინისტრი 7-დან 11 ობიექტის სტუმარი იყო. მიხეილ ბატიაშვილს ფრანკფურტში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ემსახურებოდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მინისტრი ფრანკფურტში სასტუმრო Holiday Inn-ში ცხოვრობდა. თუმცა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია რამდენი დაჯდა ან ვინ დაფარა სასტუმროს, კვებისა და ფრენის ხარჯი.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ განათლების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, მარიამ ძიძიგურს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ სამინისტროს ბიუჯეტიდან სხვა ხარჯი ამ მივლინებაზე არ ფიქსირდება.

„ბათუმელები“ სამინისტროს პრესსამსახურს გუშინ, 13 დეკემბერს, დაუკავშირდა. პრესსამსახურში დაგვპირდნენ ინფორმაციის დაზუსტებას იმ კუთხით, თუ რა დაჯდა მინისტრ ბატიაშვილის ვიზიტი ფრანკფურტში და საიდან დაიფარა ეს ხარჯი. ამ დრომდე სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია. პრესსამსახურის თანამშრომელმა ლალი როზომაშვილმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას დღეს აღარ უპასუხა.

საიდან დაიფარა ფრანკფურტში მთავრობის წარმომადგენლების მივლინების ხარჯები – ვკითხეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასაც. ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო წივწივაძემ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილებით, მაგალითად, გერმანიაში მივლინების დროს, დღე-ღამეში ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმა არის 153 ევრო, სადღეღამისო ხარჯების ნორმა მოკლევადიანი მივლინების დროს კი – 57 ევრო. გარდა ამისა, სახელმწიფო  ანაზღაურებს თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯებს, ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს „ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადას­ტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია

 

 

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიას პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შესასვლელთან დღეს მოქალაქეებმა გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერმინალში საფრთხის შემცველი პროდუქციის შემოტანა არ იგეგმება.

ქედის მერია: სოფელ აბუქეთაში საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, სოფელ აბუქეთაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილ შიდა საუბნო გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის აღდგენილია.

მეწყერმა დღეს, 14 დეკემბერს, დილით 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

ქედის მერიის ცნობით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ნამონასტრევშიც.

__________

მთავარი ფოტო: ქედის მერია

ამავე თემაზე: შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14  დეკემბრის  21 საათიდან 15 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  16-17 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დღეს შედარებით გამოიდარა, თუმცა რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ხულოს მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრია, დაბაში კი – 5-20 სმ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ამ დროისათვის  ხულოში სხალთის თემის ორ სოფელს – წაბლანასა და ფაჩხას არ მიწოდება ელექტროენერგია და მთლიანად გამორთულია თხილვანას თემი. „მუშაობენ და დღის განმავლობაში, ჩვენი ინფორმაციით, ელექტროენერგია ჩაირთვება,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

შუახევის მუნიციპალიტეტში, დილის 9 საათის მონაცემებით, თოვლის საფარი 5-6 სანტიმეტრიდან 25-40 სანტიმეტრს აღწევს რიგ სოფლებში. მუნიციპალიტეტში არ შეფერხებულა ტრანსპორტის გადაადგილება, ფუნქციონირებს სკოლები და სხვა დაწესებულებები. დილის მონაცემებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ქედაში თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია, დაბლობში კი – 3 სმ.

ქედის მერია აცხადებს, რომ მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა  და მალე დაიწყება გზის გაწმენდა. ასევე, სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მობილური ჯგუფი მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე.

__________

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

 

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

მერია ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #48-ში ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის  ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების დასაწყებად თანხმობას ითხოვს. შესაბამისი განკარგულების დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე მიმართა.

მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომაც მერიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს მესაკუთრეების ვინაობის დადგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესწავლა და დროებითი საცხოვრებელი ბინებით, ქირით უზრუნველყოფა.

გიორგი ბრწყინვალის #48-ში მდებარე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მცხოვრების თქმით, სახლში წლების წინ ხანძარი გაჩნდა, მას შემდეგ შეაკეთეს, თუმცა არასახარბიელო სიტუაციის გამო ახლა ინვესტორს ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ახალაშენებულ სახლში ბინებს ინვესტორთან გარიგების საფუძველზე მიიღებენ

განკარგულების პროექტის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალის #48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთია მათ შორის, რომლის მდგომარეობაც ექსპერტიზის ბიურომ მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის დაკვეთით შეისწავლა და სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნია.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 14 დეკემბერს უნდა განიხილოს, წერია: ისეთ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის, რომელთა სახლებიც გამაგრება-გარემონტებას არ ექვემდებარება, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი ბინების შეთავაზებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინები არ იქნება გარემონტებული, მერია მათ დამატებით გადასცემს რემონტისათვის საჭირო თანხას – ერთ კვადრატულ მეტრზე 250 ლარის ოდენობით.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოში წარადგინეს, ასეთ სახლებს შორისაა გიორგი ბრწყინვალის #48 და კვინიტაძის #3 [ორსართულიანი სახლები]. სულ რამდენი ასეთი სახლია გამოვლენილი,  ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„ბათუმელები“ გიორგი ბრწყინვალის #48-ში მცხოვრებლებს გაესაუბრა. „ ჩვენ მერია კი არა, ინვესტორი გვინდა“, – ასეთი რეაქცია ჰქონდათ მათ მას შემდეგ, რაც მერიის გეგმების შესახებ გაიგეს.

„ჩვენთან იყო ინვესტორი, რომელმაც გვითხრა, ამ საქმეში მერიას ნუ გარევთო. იცით რატომ? – მერია თავისას ითხოვს“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა, რომელმაც თავისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილა.

რას უპირებს მერია გიორგი ბრწყინვალის #48-ში არსებულ ტერიტორიას – მესაკუთრეებს ალტერნატიულ ბინებზე გაურიგდება, გადასცემს ამ ტერიტორიას კონკრეტულ ინვესტორს თუ ამ ადგილს აუქციონზე გაიტანს? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა შეთავაზებაზე უარს იტყვის და ინვესტორთან გარიგებას პირდაპირ მოინდომებს? – ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას ხვალ, 14 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე შევეცდებით, სადაც ეს საკითხი უნდა განიხილონ.

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ბრწყინვალის ქუჩა ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, #48-ში მდებარე ორსართულიან სახლს კი თავისი ეზოთი საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია [1 568 კვადრატული მეტრი], ამ ადგილზე მშენებლობის წამოწყებით, სავარაუდოდ, ბევრი ინვესტორია დაინტერესებული.

სახურავი და სამრეცხაო ეზოს მეორე მხრიდან, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #48

როგორ აღმოჩნდა „პაქსმენი“ საქართველოში

ევროპაში მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის კანის გაგრილების მეთოდი ეფექტურია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წელს კი „პაქსმენმა“ ამერიკაში ოფიციალურად გაიარა სერტიფიცირების პროცესი.

რა არის ვის კანის გაგრილების სისტემა ?

პაქსმენი“ არის სპეციალური ქუდით აღჭურვილი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე. სწორედ ამიტომ ამ მეთოდით შესაძლებელია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.

პაქსმენის პრეზენტაცია ბათუმში
პაქსმენის პრეზენტაცია ბათუმში

როგორ შეიქმნა პაქსმენი?

„პაქსმენის“ ისტორია სიუ პაქსმენით იწყება. 1997 წელს თავის ქალის გაგრილების პირველი ორიგინალური სისტემა შექმნა სიუს მეუღლემ, გლენ პაქსმენმა, როცა სიუს ქიმიოთერაპია დაენიშნა. სამწუხაროდ ამ გამოგონებამ იმ დროს ვერ შეძლო სიუსთვის სარგებელი მოეტანა. გლენი ხედავდა, რამდენად ტრავმული იყო მისი მეუღლისთვის თმისცვენის პროცესი და გადაწყვიტა თავისი გამოგონებული აპარატი გაეუმჯობესებინა და უფრო ეფექტური გაეხადა. 21-წლიანი ინტენსიური ძიებისა და განვითარების პარალელურად „პაქსმენი“ ახლაც საოჯახო ბიზნესია, რომელსაც აგრძელებენ სიუსა და გლენის შვილები – რიჩარდი და კლერი.

პაქსმენისაქართველოში

თეიმურაზ გოგიტიძე – მამოლოგი : 2014 წლიდან დავიწყე ძებნა საშუალებების, რომლებიც პარიკს ჩაანაცვლებდა. გამოცდილებამ აჩვენა, პარიკი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

ძირითადად ინფორმაციას ინტერნეტით ვეძებდი. რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არსებობს მეთოდი, რომელიც ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებლობას გვაძლევს, პაციენტს შევუნარჩუნოთ თმა.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან კავშირის მიუხედავად, კითხვები მაინც მქონდა მეთოდის ეფექტურობაზე, კონკრეტულ ექიმებს ვეძებდი, რომლებსაც უკვე რეალური შედეგები ჰქონდათ. პერიოდულად ვაკვირდებოდი  ინტერნეტში მათ სარეკლამოდ განთავსებულ ინფორმაციებს, თუმცა ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ექიმებს არ გვაკმაყოფილებს, ჩვენთვის რეალურად სამეცნიერო ინფორმაციებია საჭირო.

2014-2017 წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი კლინიკური კვლევა დაიდო, ასევე, დაკვირვება აპარატზე და რეალურ, ხელშესახებ შედეგებსაც გავეცანი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მივიღე პაქსმენის აპარატი საქართველოში ჩამომეტანა.

ძალიან რთულია საზოგადოება დაარწმუნო, რომ ეს აპარატი შედეგის მომტანია. არ მიკვირს, იმიტომ, რომ მეც თითქმის 3 წელი დამჭირდა მის ეფექტურობაში დასარწმუნებლად.

2017 წელს მივწერე კომპანია „პაქსმენს“. აღმოჩნდა, რომ საქართველოში „პაქსმენის“ წარმომადგენლობა არ იყო. მომიწია  კომპანიაში ვიზიტი და წარმომადგენლების დარწმუნება, რომ საქართველოში გვაქვს ამ მეთოდის საჭიროება. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს ბათუმში, კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ პაქსმენის მეთოდით ქიმიოთერაპიის დროს  თმის ცვენა გავაკონტროლოთ.

პაქსმენი კლინიკა ნიუ პლაზმაში
„პაქსმენი“ კლინიკა „ნიუ პლაზმაში“

მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია ექიმისა და ექთნის მოქმედებებზე. შესაბამისად, მხოლოდ აპარატის ყიდვა არ არის საკმარისი, პაქსმენის მეთოდი ახანგრძლივებს ექიმისა და ექთნის  ურთიერთობას პაციენტთან. მეტი ყურადღება და საუბარია საჭირო. ზოგადად, ძალიან მარტივია ქიმიოთერაპიის გადასხმა გაუკეთო პაციენტს, გაუშვა და მან თავისი ფსიქოლოგიური მომენტები სხვაგან გადაიტანოს ექიმისა და ექთნის გარეშე, თუმცა ეს ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. ჩვენ ბოლომდე მივყვებით პაციენტს,  შედეგის მიღებამდე.

ჩვენი მიზანი არა გაყიდვა, არამედ მეთოდის დანერგვაა საქართველოში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტ ადამიანს ჰქონდეს შანსი, ნაკლებად იმოქმედოს მასზე სტრესმა.

ჩვენს წარმომადგენლობას შესაძლებლობა აქვს გააკონტროლოს როგორც მკურნალობის პროცესი, ასევე, მეთოდის გამოყენების პროცესი.

ჩვენ ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს მეტი ინფორმაცია მიიღონ პაქსმენის მეთოდის შესახებ, დაესწრონ ჩვენ მიერ ორგანიზებულ უფასო  ტრენინგებს, რომ დაწვრილებით გაეცნონ პაქსმენის აპარატის გამოყენების ტექნიკას.

კომპანია „პაქსმენი“ ზრუნავს ხარისხზე, წარმომადგენელი ჩამოდის და პერსონალს ამზადებს. დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ, ქართულ ენაზე მიიღონ ინფორმაცია ვებგვერდზე: https://scalpcooling.ge/

რაც შეეხება ქართულ გამოცდილებას – უკვე მესამე თვეა დავიწყეთ პაქსმენის მეთოდით მკურნალობა. ამ ეტაპზე გვყავს 10 პაციენტი და პროცესი მიმდინარეობს.

 

რიჩარდ პაქსმენი და თეიმურაზ გოგიტიძე
რიჩარდ პაქსმენი და თეიმურაზ გოგიტიძე

ჩვენთვის დროა საჭირო, რომ სამეცნიერო ინფორმაცია დავდოთ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ვენდობით მტკიცებით მედიცინას, კვლევებს, შედეგებს, ასევე, ვენდობით პაციენტების შეფასებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ პაციენტს აქვს სურვილი, თავიანთი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ და ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებას. მიუხედავად ადამიანის ფსიქოლოგიური სიძლიერისა, ვხედავთ, რომ დიდია თმის დაკარგვით გამოწვეული სტრესი.

ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას  ჩვენი პაციენტებისა და კომპანია  პაქსმენის წინაშე, რადგან ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კლინიკა „ნიუ პლაზმაა“

კომპანია „პაქსმენის“  საერთაშორისო გუნდის წევრი, ჯეიმს ტეილორი ამბობს, რომ თავად ნახა, თუ როგორი ენერგიით ჩაერთო კლინიკა „ნიუ პლაზმას“ გუნდი სისტემის პირველადი ინსტალაციის პროცესში.

„თემურ გოგიტიძე და მისი გუნდი ძალიან იმედიანად არიან განწყობილები „პაქსმენის“ მიმართ. „ნიუ პლაზმას“ გუნდს სურს, თავის პაციენტებს მისცეს ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში თმის შენარჩუნების საუკეთესო შესაძლებლობა,“- ამბობს ჯეიმს ტეილორი.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ სამომავლოდ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ თანხას, რათა იმ ადამიანებმაც შეძლონ „პაქსმენის“ აპარატით სარგებლობა, რომლებსაც ახლა ამაზე ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ.

„პაქსმენის აპარატი ჩვენ ვიხილეთ რეალობაში და ეს მეთოდი მისაღებია ევროპისთვის. მოხარული ვარ, რომ აჭარის რეგიონშიც ინერგება ეს მეთოდი. მე, პირველ რიგში, ინოვაციების მომხრე ვარ, ყველაფრის, რაც, ზოგადად, ადამიანებს შეუმსუბუქებს ყოფას, ცხოვრებას, ტკივილს. და თუ ეს იქნება როგორც პაციენტისთვის, ისე დარგის სპეციალისტისთვის მისაღები, რატომაც არა. უკვე გამოვთქვი მზადყოფნა სამომავლოდ  ბიუჯეტის ფარგლებში ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც ავიღოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ამ მეთოდით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვთ, იქნება ეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თუ სხვა,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის სტუმრობა კლინიკაში
მინისტრი სტუმრად კლინიკაში

შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“

თეატრი, სპექტაკლი, მსახიობი-სამყარო, რომელიც დროს აჩერებს, სიტყვას აცოცხლებს, სულს და გრძნობებს აკავშირებს, ხშირად მიუწვდომელია სტუდენტისთვის. ეს თანამედროვე ყოფამ მოიტანა. ინტერნეტის თაობა ნაკლებად ინტერესდება ცოცხალი სანახაობით.

წელს საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს 86 წელი შეუსრულდა. ზუსტად 40 წელია ის ამ საპატიო ტიტულს ატარებს. ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიანიჭეს. მსახიობი, რომლის მონოსპექტაკლებს საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო სტატუსი მიანიჭა, ბათუმის უმაღლესმა საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა „ანრიმ“ მოიწვია.

მსახიობ ლეო ანთაძესთან შეხვედრა
შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან

მონოსპექტაკლები ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“, გურამ დოჩანაშვილისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების  ნაწყვეტების, იუმორესკებისა და არტისტის ბიოგრაფიული ფრაგმენტებისგან შედგებოდა.

აუდიტორია მსახიობს აპლოდისმენტებით შეხვდა.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს სასწავლებლის რექტორს ანზორ დიასამიძეს ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის.

ლეო ანთაძემ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ბათუმის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ კოლექტივს თბილი და ემოციური დახვედრისთვის.

ლეო ანთაძესთან შეხვედრა
შეხვედრა ლეო ანთაძესთან

თოვლიანი დღე კურორტ გოდერძიზე [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.

ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება 100 ლარადაა შესაძლებელი, ოთხადგილიანის ფასი კი – 150 ლარია.

ამავე თემაზე: რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

კურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი

„ბათომი“ საჯარო უწყებებისთვის რეკომენდაციების პაკეტს ამზადებს

სივრცით ტერიტორიული დოკუმენტის მოსამზადებლად ბათუმის მერიას ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. არც ისტორიული დაცვის ზონაა დამტკიცებული, მერია კულტურის სამინისტროს დასკვნას ელოდება. იმაზე, რომ ქალაქს განაშენიანების გეგმა არ აქვს, უკვე ბევრჯერ დაიწერა – დაპირების მიუხედავად, ამ ხარვეზების კანონმდებლობის დონეზე გამოსასწორებლად ვერც მერია და ვერც საკრებულო ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამენ. პროცესი დროში დიდხანს იწელება.

ამ პროცესის დაჩქარებას ცდილობს საზოგადოება „ბათომი“ – მათ მიერ მოძიებული ფინანსური რესურსით გაწერეს აქტივობები, რაც ითვალისწინებს შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.

„ბათომის“ ინფორმაციით, ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო უწყებების ერთიანი მდგრადი ურბანული პოლიტიკა, რომელსაც შემდეგ შესაბამის საჯარო უწყებებს მიაწვდიან.

პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით ხორციელდება და 14 თვეს გაგრძელდება.

„ბათომი“ პროექტის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. ერთ-ერთი ასეთი საჯარო შეხვედრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში შედგა, სადაც დისკუსიაში მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მესაკუთრეებმაც მიიღეს.

ბათუმის საკრებულოში კომისიების სხდომები მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო. სამსახურის უფროსის ინფორმაციით,  ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები ძირითადად  ეხება ბათუმის  საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ახალგაზრდული ცენტრის და  სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამებს. კერძოდ, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუზუსტდა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ეკონომიკური მუხლი დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვის მიზნით, სარაგბო კლუბის „ბათუმის“ ძირითადი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ხორციელდება ღონისძიების ჩანაცვლება, საკუთარ სახსრებში არსებული რესურსით კლუბისთვის სპორტული ფორმების შეძენის მიზნით, ხოლო  აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას გაეზარდა დაფინანსება საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ბიბლიოთეკის ეზოს  და ამერიკული კუთხის კეთილმოწყობის მიზნით.

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

დღესვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილეს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც. წარმოდგენილი პროექტი, ძირითადად, ეკონომიების ხარჯზე გარკვეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.  პროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსების, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამებს.

სოციალურ უზრუნველყოფის პროგრამებში ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ უფასო სასადილოს, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტით მომსახურების და დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამებს.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

კომისიებმა, მსჯელობის შემდგომ,  სხდომაზე წარმოდგენილი  ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი  ცვლილებების საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

ამ წუთებში საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხის გარდა,  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ სპეციალურ ღონისძიებებს განიხილავენ.

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხიც იქნება წარმოდგენილი, ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

11 თვის მონაცემებით, აჭარაში 1 830 888 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 თვის მონაცემებით აჭარაში 1 830 888 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა. ეს წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 16.4% -ით მეტია.

მოგზაურების სტატისტიკა სარფის, პორტისა და აეროპორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს ითვალისწინებს.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა.
ვიზიტების ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა კი აჭარაში ესტონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიეტუვადან და უკრაინიდან არის.

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ.

ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა.

დათო ზოსიძის თქმით, ლაბორატორიას ჯერ კიდევ აკლია ბევრი კომპონენტი, თუმცა არსებულის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის ჩატარებას შეძლებენ.

„ორი წელია, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და გადავწყვიტე, რომ ლაბორატორია შეგვეძინა. სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული რაც არის, იმის 70 პროცენტს შევასრულებთ. ლაბორატორიაში შეგვიძლია როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება. სამწუხაროდ, ფიზიკის ლაბორატორია არ გვაქვს.

შევაკერინეთ ლაბორატორიული მაგიდა, გამწოვი კაბინაც დავამონტაჟეთ, კარადები გვაქვს და თანდათან კიდევ შევმატებთ აღჭურვილობას“, – ამბობს მასწავლებელი.

მისი თქმით, ლაბორატორიაში ექსპერიმენტის ჩატარებას ერთდროულად ცხრა მოსწავლე შეძლებს.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქიმიური ნარჩენების მართვაც.

„ღია გარემოში არ მოხვდება მავნე ნივთიერებები, ორმოს ვთხრით და იქ ვაკონსერვებთ. ექსპერიმენტების ჩატარების დროს ასევე დაცული იქნება მოსწავლეების უსაფრთხოებაც“, – გვეუბნება დათო ზოსიძე.

უჩამბის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 50 მოსწავლე სწავლობს.

მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ლაბორატორიები, ფაქტობრივად, მოძველებულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ისინი წლების წინ არის შეძენილი. განათლების სამინისტრო ეტაპობრივად ამარაგებს სკოლებს ცალკეული ლაბორატორიებით, თუმცა სკოლებში ხშირად ექსპერიმენტები მაინც ვერ ტარდება, რადგან რეაქციებისთვის საჭირო მასალების შეძენა სკოლებს უჭირთ.

სამინისტროს მიერ შეძენილი ლაბორატოერბის გამოყენება ხშირ შემთხვევაში იმ მიზეზითაც ვერ ხერხდება, რომ საკლასო ოთახები არ არის შესაბამისად აღჭურვილი.

მაგალითად, ქიმიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად საჭიროა გამწოვი კარადები, წინსაფრები, ნიღბები, ხელთათმანები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც სკოლის ლაბორატორიებში არ აქვთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ სკოლებში შეტანილი ლაბორატორიების ნაწილს ფორმალური დანიშნულება აქვს.

სპორტული ტურიზმი – ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა რეგიონისათვის

ტურიზმი, როგორც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელი ძალა, მუდმივად განიცდის ევოლუციას და განვითარებას. შესაბამისად ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელზეც აუცილებელია ფეხის აწყობა. დღეს გესაუბრებით ტურიზმის ერთ-ერთი ახალი ტრენდის, სპორტული ტურიზმის თემაზე, რომელსაც სპორტული ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ბერიძე განიხილავს.

რა არის სპორტული ტურიზმი?

სპორტული ტურიზმი, ეს არის მოგზაურობა, სპორტულ ღონისძიებაში, როგორც აქტიურად, ასევე პასიურად მონაწილეობის მიღების მიზნით. სპორტული ტურიზმი მთელ მსოფლიოში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ხდება. ტურიზმის ამ მიმართულების ბენეფიციარები, არამხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენები და მწვრთნელები არიან, სპორტული ტურიზმი არის შესაძლებლობა, საოფისე და რუტინული შრომისაგან აქტიური და სრულფასოვანი დასვენებისკენ!

სპორტული ტურიზმი სამ მიმართულებად შეიძლება დავყოთ: სპორტული ღონისძიებების ტურიზმი, აქტიური სპორტული ტურიზმი და ნოტალგიური სპორტული ტურიზმი. მათი განვითარების დიდი პერსპექტივაა აჭარის რეგიონში და სპორტული ტურიზმის სააგენტო, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, ყველაფერს გააკეთებს ამ პერსპექტივების რეალიზებისათვის.

რა არის საჭირო სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის?

ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამი ძირითადი ასპექტი:

[checklist]

  • ბუნებრივი პირობები – ჩვენს რეგიონში არის სინთეზი ზღვის და მთის ჰაერის. ეს სპორტული აქტივობების სრულყოფილად ჩატარების საშუალებას იძლევა: სპორტული აქტივობები შეიძლება იყოს, როგორც სპორტული ღონისძიებები, ასევე სასწავლო საწვრთნო შეკრებები და სამოყვარულო სპორტული ივენთები. მთა-გორიანი რეგიონები არის მიმზიდველი ლოკაცია ჰაიკინგისა და კემპინგის მოყვარულთათვის;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა – ის დადებითი იმპულსები, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით გამოიხატება, იძლევა იმედს, რომ 2022 წლისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურა ბათუმში გამართული იქნება, როგორც პროფესიონალური გუნდური სპორტის სახეობების, ასევე ინდივიდუალური და სამოყვარულო სპორტისთვის. თუმცა ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი სხვა რეგიონებში.
  • სერვისი – სპეციფიკური და გამართული მომსახურეობის მიწოდება არის ის გამოწვევა, რომელზეც გვმართებს დაუღალავი შრომა;

[/checklist]

მიგვაჩნია, რომ მხოლოდ სახელმწიფოს ან მხოლოდ კერძო სექტორის რესურსით საბოლოო მიზნის მიღწევა რთული იქნება. მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობა და მხრის აბმა საერთო პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართული იქნება სპორტული გარემოს განვითარებისა და მსოფლიოს სპორტული ტურიზმის რუკაზე რეგიონის დამკვიდრებისკენ. გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმისთვის 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭება. იმედია, ჩვენ ყველა ერთად, ამ სტატუსს გავამართლებთ.

რას გვთავაზობს სპორტული ტურიზმის სააგენტო?

ჩვენი ინიციატივაა კომპლექსურად შევქმნათ სპორტული მომსახურეობის სერვისი, სპორტული სასტუმროსა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ასევე, ჩავრთოთ რეგიონში მოღვაწე სპორტული ფედერაციები და კლუბები,  სპორტის კომერციალიზაციის საქმეში. სპორტული ტურიზმის სააგენტო, ყველა დაინტერესებულ სპორტულ ორგანიზაციასა თუ პიროვნებას სთავაზობს მზა ტურისტულ პროდუქტს, რომლის რეალიზაცია მათი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენ მათ ვთავაზობთ გახდნენ სპორტული ტურიზმის ელჩები მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ რესურსს, რომელიც იხარჯება ჩვენი თავდადებული და თავისი საქმის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ჰქონდეს უკუგება სპორტული ორგანიზაციებისთვის, როგორც სპორტული შედეგების, ასევე ფინანსური სახით. ფინანსური უკუგების მიღების საუკეთესო საშუალება კი – სპორტული ტურიზმი გახლავთ.

„სპორტული ტურიზმის სააგენტო“

მის.: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის N1; მობ.: 577 650 577

 

ბათუმში მეხუთეკლასელზე ძალადობას შსს იძიებს – ერთი ვერსიით ბიჭს სკოლის გზაზე გაუსწორდნენ

ბათუმის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს შსს იკვლევს. როგორც სკოლაში გვითხრეს, მეხუთეკლასელ ბიჭს, როცა ის სახლიდან სკოლაში მოდიოდა, გზაზე მასზე ბევრად უფროსი ბიჭები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები მოზარდს ფულს სძალავდნენ. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, მეხუთეკლასელი ბიჭი ჩხუბის ფაქტს შეესწრო და სხვასთან რომ არ გაემხილა, ამის გამო უფროსი ბიჭები აშინებდნენ.

„მე როგორც ვიცი, 2-3 ჯერ დახვდნენ  ამ ბავშვს და იყო ხელით შეხების შემთხვევებიც. ჩანთა წაართვეს და როცა ბავშვი გაეკიდა წასართმევად, კორპუსის ეზოში შეიტყუეს და იქ ცდილობდნენ  მის დაშინებას. ფულის გამოძალვაზე მე არ მაქვს ინფორმაცია,“ – გვეუბნება დირექტორი.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მომხდარის შესახებ სკოლამ ბავშვის ოჯახისგან შეიტყო. „დედა იყო მოსული სკოლაში და გვითხრა, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდა, რომ სკოლაში წამოსვლის ეშინოდა“.

ამის შემდეგ სკოლის მანდატურმა მიმართა პოლიციას და ბავშვი და მშობელიც გამოკითხეს.

კლასის დამრიგებლის თქმით, ბავშვის დაშინება დაახლოებით ერთ თვეს გრძელდებოდა. „კლასში არ ემჩნეოდა ცვლილება. ზოგადად, მშვიდი ბავშვია, გულჩათხრობილი. ახლა ფსიქოლოგიც მუშაობს ბავშვთან“.

როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ შენობებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასრულია, სწორედ ამ მიზეზით, ერთ წელზე მეტია ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი 24 ობიექტიდან საბჭოს სხდომაზე განსახილველად ერთიც არ გაუტანია. შესაბამისად, მათთვის არც ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ. მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი თუ არა – შენობის ღირებულებას ეროვნული სააგენტოს საბჭო აფასებს და წყვეტს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, ბათუმის მერიის დაკვეთით მომზადებული კვლევა, რაშიც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა, არასრულია – ამ 24 შენობის მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია აკლია.

ბათუმში არსებული ისტორიული შენობების აღწერა ანუ კვლევა, თავის დროზე ბათუმის მერიამ კომპანია „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. კვლევის ფარგლებში „გეოგრაფიკს“ უნდა გამოევლინა და რეკომენდაცია გაეწია იმ შენობებისთვის, რომლებისთვისაც შეიძლებოდა ძეგლის სტატუსის მინიჭება ან  სტატუსის მოხსნა.

კვლევა „გეოგრაფიკმა“ 2015 წელს ჩაატარა, თუმცა სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი შენობების ნუსხა, თანდართული დოკუმენტებით, განსახილველად ეროვნულ სააგენტოს 2017 წელს, ორი წლის დაგვიანებით გადაუგზავნეს, იმ მიზეზით, რომ ის დასაზუსტებელი იყო.

საბოლოოდ სია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააზუსტა და ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნა.

ამ პროცესიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნიკოლოზ ანთიძემ „ბათუმელებს“ ისევ უთხრა, რომ 24 შენობის შესახებ დოკუმენტები არასრულია და სააგენტოს არ აქვს სრული ინფორმაცია წარდგენილი შენობების მესაკუთრეებზე. მესაკუთრეების ინფორმირების გარეშე კი, სააგენტოს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის უფლება არ აქვს.

„როდესაც საკითხი შეიძლება შეეხოს პირის ინტერესებს, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მისი ჩართულობით. ამას ადმინისტრაციული კოდექსი გვავალდებულებს. არ არის აუცილებელი გადაწყვეტილების ზეგავლენა განვიხილოთ როგორც უარყოფითი, შეიძლება დადებითიც იყოს. თუ მესაკუთრე წინააღმდეგია, მან მყარი არგუმენტები უნდა დადოს, თუ რატომ არის წინააღმდეგი, ხოლო თუ მის გარეშე განვიხილავთ საკითხს, ამის გამო შეუძლია სასამართლოს მიმართოს. ამიტომაც ჩვენ ისევ მივმართეთ ბათუმის მერიას, რომ ამ შენობების მესაკუთრეები დადგენილიყო“, – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე,

იმაზე სასაუბროდ, თუ კიდევ რა აკლდა დოკუმენტებს, რომლებიც „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა მოამზადეს, ნიკოლოზ ანთიძემ სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსთან, გიორგი გაგოშიძესთან გადაგვამისამართა.

გიორგი გაგოშიძე თავდაპირველად გვარწმუნებდა, რომ „გეოგრაფიკს“ არ აქვს მომზადებული სააღრიცხვო ბარათები, რადგან ბათუმის მერიასთან ასეთი შეთანხმება არ ჰქონდა. შემდეგ თქვა, რომ სააღრიცხვო ბარათები მომზადებულია, მაგრამ მათ ვერ განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რადგან ისინი არასრულია – დაუდგენელია როგორც მისამართები, ასევე, ნუსხაში არსებული შენობების მესაკუთრეების ვინაობა. გარდა ამისა, სააღრიცხვო ბარათებს არ აქვს სრული ფორმა: „ეს თუ არ მოწესრიგდა, ისე არ გამოვა.“

დოკუმენტების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ „ბათუმელები“ გიორგი გაგოშიძეს ისევ დაუკავშირდა იმ ინფორმაციით, რომ სააღრიცხვო ბარათებს ნამდვილად ახლავს ამონაწერი რეესტრიდან, ანუ ზუსტი მისამართები და მესაკუთრეების ვინაობა, რაზედაც მან ისევ გვიპასუხა, რომ სააღრიცხვო ბარათები არასრულია.

ბათუმი, კლდიაშვილის #25, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი 2016 წელს დაანგრიეს

რას ამბობს „გეოგრაფიკის“ კვლევა

„გეოგრაფიკის“ მომზადებულ მასალებს თუ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების პრეტენზიები გაუგებარია, რადგან სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ კონკრეტულ შენობებს ახლავს რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მისამართისა და მესაკუთრის შესახებ. შენობის სააღრიცხვო ბარათი, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს მის ფიზიკურ დახასიათებას, ასევე, ბარათი მოიცავს სპეციალისტების მოსაზრებებს შენობის არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების შესახებ. დოკუმენტები გადამოწმებული და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია ბათუმის მერიის მიერ. ამის შემდეგ კი, მის დაზუსტებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც იმუშავეს. თუმცა ეროვნული სააგენტო  დაჟინებით ირწმუნება, რომ დოკუმენტაციაზე ისევ ბათუმის მერიამ უნდა იმუშაოს, შეავსოს ისინი და ისევ მიმართოს სააგენტოს.

იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევა ისევ მსჯელობის საგანი გახდა, „ბათუმელები“ „გეოგრაფიკის“ დირექტორსაც დაუკავშირდა: „თუ კითხვები არსებობს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, იმ დროს და იმ ვითარების გათვალისწინებით, რა დროსაც ჩვენ ეს კვლევა ჩავატარეთ“, – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის ჩაბარებამდე „გეოგრაფიკს“ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. ინფორმაცია რამდენჯერმე, „ჩასაფრებულად, კარგი გაგებით“,  გადაამოწმეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბარეს.

ბათუმი, ფალიაშვილის #19, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი, რომელიც დაანგრიეს

წარდგენილი დოკუმენტები ერთი შენობის მაგალითზე

ბათუმში, დემეტრე თავდადებული ქუჩის #13-ში მდებარე სახლი „გეოგრაფიკს“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებელთა ნუსხაში აქვს შეტანილი. ჩამონათვალს თან ახლავს სააღრიცხვო ბარათი, რომელიც მოიცავს მის ფიზიკურ დახასიათებას, შენობის დაზუსტებულ მისამართს, მისი აშენების თარიღს და რეესტრიდან ამონაწერს, რაც სრულ, დადასტურებულ ინფორმაციას მოიცავს მესაკუთრეების შესახებ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სააგენტო ჯიუტად იმეორებს, რომ წარდგენილ დოკუმენტებს არ ახლავს დაზუსტებული ინფორმაცია მისამართისა და მესაკუთრის შესახებ.

ბათუმის მერიის კომენტარი

იმაზე, რომ სააგენტოს დოკუმენტის სისრულესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა „ბათუმელებისგან“ გაიგო. „არც კი ვიცი რა გითხრათ“, – თქვა მან.

მისივე თქმით, სააგენტოსგან არანაირი მოთხოვნა ინფორმაციის დაზუსტებაზე მერიას არ მიუღია. სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ კი გვითხრა, რომ ბათუმის მერიას ოფიციალური წერილი მისწერა სააგენტომ, სადაც სთხოვა, რომ დოკუმენტების დაზუსტებამდე სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ ობიექტებთან დაკავშირებით არ გასცეს ნებართვები ამ შენობების დემონტაჟზე. მირიან მეტრეველმა არც ამ წერილის შესახებ იცის რაიმე.

დოკუმენტების დაზუსტება-გადაგზავნა-გადმოგზავნაში კი სამი წელი გავიდა. ამ სამ წელში გეოგრაფიკის მიერ რეკომენდებული სახლებიდან რამდენიმე უკვე დაანგრიეს მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით.

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა.

ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

„მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნორძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად,“ – აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე. 

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.

______

მთავარ ფოტოზე: ლადო აფხაზავა, ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან

მაღალმთიან აჭარაში თოვს – ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვა გუშინ, 12 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო და დღესაც თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში – 15-20 სმ-ს, დაბის ტერიტორიაზე 1-2 სანტიმეტრს მიაღწია.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საავტომობილო მიმოსვლა და სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა.

გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს. მერიის ცნობით, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე აღდგა. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი

თოვლი მოვიდა ქედის ექვს სოფელში – მეძიბნაში, აგოთაში, ნამონსტრევში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და დანდალოში. მუნიციპალიტეტის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თოვლს გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია.

ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტი

გათოვდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, თოვლის საფარი მუნიციპალიტეტში 2-3 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი – ცოტათი მეტი. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ელექტროენერგიის და გადაადგილების პრობლემა მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არ დგას.

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტი

ქობულეთში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა

დღეს, 12 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, რაც ვტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავტომანქანის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

მკურნალობენ თუ არა ბავშვებში C ჰეპატიტს

C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლამდე საქართველოში უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 ათასი ადამიანია ჩართული პროგრამაში. არიან თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები და როგორ ხდება მათი მკურნალობა? – „ბათუმელები“ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვაზე ეკა ადამიას ესაუბრა. იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსია.

  • ქალბატონო ეკა, არის თუ არა გამოვლენილი ბავშვებში C ჰეპატიტი და როგორ ხდება მათი მკურნალობა?

რეალურად C ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები 13-14 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ გამოიყენება. არსებობს რეკომენდაცია, რომ ბავშვებს რაღაც პერიოდი კლინიკურად არ უმკურნალონ. არსებობს თვითგანკურნების მაჩვენებლებიც, რაც ამ დაავადების მიმდინარეობას ახასიათებს. წელს მიიღეს გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც 13 წლიდან შეიძლება გამოიყენონ ეს მედიკამენტი და დაახლოებით შვიდი შემთხვევაა ასეთი, როცა 13-დან 18 წლამდე მოზარდები ჩაერთნენ მკურნალობის პროცესში. 13 წლამდე კი ეს მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში. ჩვენთან არსებობს ეკოპროექტი, რაც ნიშნავს ტელეკონსულტაციას ექსპერტებთან. ეს ხორციელდება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზებიდან რთავს ექსპერტებს ტელემედიცინის საშუალებით. მსგავს სიტუაციაში ექსპერტების რჩევების შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. სულ ორი ასეთი შემთხვევა იყო 13 წლამდე ბავშვებში და ისინი ჩართულნი არიან მკურნალობის პროცესში.

  • 100 ათასმა ადამიანმა შესაძლოა არ იცის, რომ ის C ჰეპატიტით  არის ავად – ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. რა კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩაიტარონ დროული დიაგნოსტირება და ჩაერთონ მკურნალობის პროცესში? 

რეალურად დაგეგმილი სამიზნე ჯგუფის 40 პროცენტი გამოკვლეულია… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაიზარდოს ცნობიერება და ადამიანები დროულად მოვიდნენ ჩვენამდე. ოქტომბრის მდგომარეობით, პროექტში ჩართულია 51 ათასი ადამიანი, მკურნალობა გაიარა 48 ათასმა პირმა და განკურნების მაჩვენებელია 98,2 პროცენტი. თავიდან იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და ვერ ახერხებდნენ მკურნალობას, ახლა უკვე დარჩენილი არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი სტატუსის შესახებ, არ აქვთ ინფორმაცია, რადგან არ აწუხებთ არაფერი. ცნობილია, რომ ეს დაავადება კლინიკურად არ ვლინდება, ვიდრე მძიმე ფორმაში არ გადავა. შესაბამისად, ეს კატეგორია არის რთულად მოსაზიდი.

  • რა აქტივობები გაქვთ ადამიანების მოსაზიდად? 

სხვადასხვა კამპანია ტარდება პერიოდულად და სკრინინგული ღონისძიებები გაფართოებულია. კონფირმაციულ კვლევაშიც თითქმის 74 ათას ადამიანს აქვს ჩატარებული კვლევა, შემდეგ კი დაკარგული პაციენტების პრობლემა გვაქვს: ზოგი სკრინინგს იტარებს და შემდეგ არ მოდის, ზოგი კონფირმაციულ კვლევას იტარებს და შემდეგ აღარ მოდის. ამ კუთხით აქტივობები დავსახეთ, რომ მოვიზიდოთ. ჩვენ ვუკავშირდებით ამ პაციენტებს, რომლებიც კვლევის შემდეგ აღარ მოდიან და დადებითები არიან. არის ამ კუთხითაც აქტივობა…  ყველაზე რთული იმ ჯგუფზე მუშაობაა, რომელიც სკრინინგზეც არ მოსულა. მათ მინდა ვუთხრა, რომ სანამ დროა, უნდა დაადგინოს თავისი დაავადების სტატუსი. რაც უფრო ადრე დადგინდება, მით უფრო კარგი იქნება მკურნალობის შედეგი. ისინი ყველა ვარიანტში განიკურნებიან, მაგრამ ადრეული მომართვის შემთხვევაში, მათ ექნებათ დაუზიანებელი ღვიძლი. C ჰეპატიტი ყველა შემთხვევაში განიკურნება, მაგრამ ღვიძლის მდგომარეობა დამძიმდება, თუკი ადამიანები მკურნალობის დაწყებას დააგვიანებენ. დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ უნიკალური შანსი, რადგან მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს უფასოდ ასეთი დონის ხარისხის მედიკამენტის მიღების საშუალება.

ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ აღარ დაფინანსდება. ჩვენი მიზანია უბრალოდ, რომ 2020 წლისთვის შედეგი დავდოთ და აღარ გვყავდეს ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს და პროგრამაში ჩართული არ არის… ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად  მივიტანოთ ინფორმაცია ადამიანებამდე და შევქმნათ კომფორტული გარემო. ვაპირებთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლინიკაშიც იყო სკრინინგი და კონფირმაციული კვლევა შესაძლებელი, რომ ადამიანებს ტრანსპორტირების პრობლემამ არ შეაწუხოს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის 12 სახლში არის სკრინინგის კუთხე. ეს არაა აქცია, პროგრამის სახით ხორციელდება. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო კონფირმაციული კვლევის, ასევე გენოტიპის დაფინანსება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია და აქამდე ითვლებოდა, რომ ბარიერი იყო პაციენტებისთვის.

ახლახან სამეგრელო-ზემო სვანეთში სამმაგი სკრინინგის პროექტი განხორციელდა. იქ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელი იყო სკრინინგი შიდსზე, C ჰეპატიტსა და ტუბერკულოზზე, ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. გვინდა, რომ ანალოგიური პროექტი სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავაგრძელოთ.

  • გაქვთ თუ არა მონაცემები, რამდენმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ძვირადღირებული პროგრამით ისარგებლოს? 

ეს მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთან აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს პირადობის მოწმობა. ასევე, დაშვებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნეიტრალური მოწვევის მქონე დოკუმენტის მქონე პირის ჩართვა. ჩვენი პროგრამით დროებითი და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებიც ვერ სარგებლობენ.

______________

მთავარ ფოტოზე: ეკა ადამია. ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ამავე თემაზე:

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იუსტიციის სახლებში – სამწუთიანი პროცედურა და უფასო მკურნალობა

 

 

 

 

 

ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 17:28 საათზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა, ასევე, სხეულის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ველობილიკიდან ამოღებული ქვაფენილი ტენტის დასამაგრებლად ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში გასაქირავებელ ველოსიპედებზე გადაფარებული ტენტი ველობილიკიდან ამოღებული ქვაფენილითაა დამაგრებული. ვიდეო, რომელიც ამ ფაქტს ასახავს, 12 დეკემბერს, დილით, ლაშა ცქიტიშვილმა გადაიღო და ფეისბუქით გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ ტენტგადაფარებული ტექნიკა პლაჟთან ახლოსაა, სადაც უამრავი ქვაა, რითაც ტენტის დამაგრება იყო შესაძლებელი, თუმცა ამისათვის მაინც ველობილიკის ქვაფენილია გამოყენებული.

ბათუმის ბულვარში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე გასულია მონიტორინგის სამსახური, აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ და პიროვნების იდენტიფიცირების შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, ეს იქნება როგორც პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაზიანებული ადგილის, ასევე ფულადი სანქცია.

„ძალიან ცუდი ფაქტია, ბულვარი არის ქალაქის და ყველას მოქალაქეობრივი ვალია, ბულვარს გაუფრთხილდეს“, – გვითხრეს ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში.

ბულვარის მონიტორინგის ჯგუფი ველობილიკთან. ფოტო: ბათუმის ბულვარი

მიწა ხელსაყრელი პირობებით – მთავრობა ნაკვეთს გონიოს სანაპიროზე ყიდის

გონიოში, ზღვის პირას არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული აუქციონით და პირობით ჰყიდის. საწყისი ღირებულების მიხედვით, რაც სამინისტრომ განსაზღვრა, 1 კვადრატული მეტრი ქალაქის საკურორტო ზოლში, ზღვასთან ახლოს, 388 ლარად და პირობით იყიდება.

წლის დასაწყისში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს მიწის ნაკვეთი გონიოში, პლაჟის სიახლოვეს, 422 ლარად შეაფასა. მიწა მაშინაც ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდებოდა.  

412 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 160 000 ლარია, ხოლო ბიჯი – 4000 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს  ექვსი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის აღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის ვადაში კი სამშენებლო სამუშაოების დაწყება უნდა შეძლოს.

ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 24 თვისა, მყიდველი მშენებლობის დასრულებისა და არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედების ვალდებულებას იღებს. სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვეში ქონების შემძენმა საქართველოს არანაკლებ ათი მოქალაქე უნდა დაასაქმოს, დასაქმებულთა რაოდენობისა და სასტუმროს პროფილი კი არანაკლებ ხუთი წლის ვადით უნდა შეინარჩუნოს.

საერთო ჯამში, ამ პროექტისთვის არაუგვიანეს 24  თვისა, მყიდველმა არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 25 დეკემბერს, 17:00 საათზე დასრულდება.

 

გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ როგორ აფეთქებდა სოფელში კლდეს კერძო კომპანია.

ვინ არის პასუხისმგებელი ან რას აკეთებდნენ სახელმწიფო უწყებები, როცა კომპანია ყველასთვის ცხადად კლდეს ნებართვის გარეშე აფეთქებდა? – ეს და სხვა შეკითხვები ჩვენ 6 სახელმწიფო დაწესებულებას დავუსვით როგორც თბილისში, ისე ბათუმში. მიღებული საჯარო ინფორმაციების მიხედვით, პასუხისმგებელი არც ერთი მათგანი არ არის. დამნაშავე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც მხოლოდ სამი მუშა გამოვიდა. ისინი აფეთქების დროს ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

დაღუპული ბავშვის მამა: არ მინდა, ვინმეს ოჯახი გაუბედურდეს ისევ, მე ამის შეცვლა მინდა.

ჭინკაძეებში დაღუპული ბიჭის მამა – გოჩა ოსანაძე უსაფრთხოების ზომების დაცვას იმისთვის ითხოვს, რომ ტრაგედია არ განმეორდეს. ამბობს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა და შეთანხმდა კიდეც. თუმცა განცდა აქვს, რომ არაფერი შეიცვლება.

„იყვნენ მოსულები, კი. არ ვიცი საიდან იყვნენ, მათი სახელები, ქედის მერიიდანაც იყვნენ… ჩვენი მოთხოვნა მაშინ იყო ის, რომ გაწმინდონ ეს ადგილი ჩამოშლილი მასისგან, ახლა წმენდენ… გაწვიმდა და შეაჩერეს. შევთანხმდით იმაზე, რომ საფრთხე აღარ იყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს ხელი შევუშალოთ მუშაობაში.

ჯერ მაგ დონეზე არ ყოფილა საუბარი – არაფერი არ გაუკეთებიათ, ან რა უნდა გამიკეთონ, რომ ამინაზღაურონ ზიანი. გეგა ზუსტად 6 წლის და 6 თვის იყო. წელს პირველად წავიდა სკოლაში…

არ მომიკითხია და დღესაც არ მაქვს სურვილი გავიგო, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, რატომ მოხდა. მივიდე და შევეკითხო ვინმეს, მძიმეა… როგორ უნდა ვკითხო?

არ შეიცვლება არაფერი. გავა დრო და ვნახავთ, დრო გვიჩვენებს.

ხვალ იქნება თუ ზეგ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაი და ანალოგიური ჩემს შვილსაც დაემართოს. არ მინდა, ვინმეს ოჯახი გაუბედურდეს კიდევ ერთხელ, მე ამის შეცვლა მინდა“.

რას ამბობენ სოფელ ჭინკაძეებში

„ამ დროისთვის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს რომ არ მოხდეს, გზის გარეშე დარჩება ბევრი ოჯახი… გარდა ამისა, აფეთქებული მასის ჩამოშლის საფრთხე არსებობს,“ – გვიყვება მალხაზ საფარიძე, იგი ქედის მერის რწმუნებულია სოფელში. რწმუნებულის თქმით, მოსახლეობა საფრთხეს ისევ გრძნობს და გეოლოგის დასკვნა მოითხოვეს.

„მათ დაწერეს განცხადება და მოითხოვეს გეოლოგები. გეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია და კვირის ბოლოს ალბათ იქნება დასკვნა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ საფრთხე აღარ არსებობს, მაშინ შესაძლებელია დავილაპარაკოთ მასალის მოპოვების გაგრძელებაზე. აქ ახლა მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომ გაიწმინდოს ადგილი,“ – ამბობს მალხაზ საფარიძე.

„გვითხრეს, რომ უნდა შევწყვიტოთ ყოველგვარი აფეთქებითი სამუშაოები, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ახლა მხოლოდ ვწმენდთ ტერიტორიას. სავარაუდოდ, იმავე ადგილზე აღარ გაგრძელდება მასალის მოპოვება. ალბათ, სხვა კარიერზე გადავალთ, ჯერ ზუსტად არ ვიცით,“ – გვითხრა გია ღოღობერიძემ, იგი კომპანია „ალბაირაქს“ წარმოადგენს, რომელიც სოფელ ჭინკაძეებში „სტრუკ გრუპ ჯორჯიას“ დაკვეთით სამშენებლო მასალას მოიპოვებდა.

ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება კომპანია „ალბაირაქის“ სამი მუშა, რომლებიც 31 ოქტომბრის აფეთქების შემდეგ დააკავეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. მათი წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა პროკურორი პროცესის გადავადებას ითხოვს.

„გადავადება მოითხოვეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნებით ის მაინც ვერ დადგინდება, რომ მუშები იყვნენ დამნაშავე. ჯერ არ ვიცით, მოსამართლე დაეთანხმება თუ არა პროცესის გადადების მოთხოვნას,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი. ის ახლაც მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე აშკარად „სხვის ნაცვლად სხვა ზის ციხეში“, რადგან მუშები მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათთან არც საპროცესო შეთანხმებას ცდილობს პროკურატურა. პროკურატურას ამ დრომდე სხვა პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.

რა გაარკვია სახელმწიფომ – როგორ აფეთქებდა კლდეს კომპანია უნებართვოდ? 

აფეთქების შედეგად ქედაში 6 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან 42 დღე გავიდა – რა გაარკვია სახელმწიფომ ამ დროის მონაკვეთში? ჭინკაძეებში კლდეს ბათუმში ზღვის ნაპირსამაგარი სამუშაოებისთვის აფეთქებდნენ. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. სამუშაოების ჩატარებაზე ხელშეკრულება სახელმწიფოს ჰოლანდიურ კომპანია – STRUIJK GROUP-თან აქვს გაფორმებული.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯიამ“ სამშენებლო მასალის მოპოვება თურქეთში რეგისტრირებულ კომპანია „ალბაირაქს“ დაუკვეთა. ეს კომპანია მოიპოვებს მასალას და ბათუმში ჩამოაქვს. ჰოლანდიური კომპანია კი მოპოვებულ მასალას პლაჟზე ყრის.

რაც შეეხება უშუალოდ აფეთქებას – 31 ოქტომბერს კლდე კომპანია „დინამიტი ლ.დ.“-მ ააფეთქა. ამ კომპანიას „ალბაირაქმა“ კონკრეტული აფეთქების უზრუნველყოფა დაავალა.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. განკარგულების მიხედვით, „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ 65 ათასი კუბური მეტრი ანდეზიტ-პორფირიტი უნდა მოეპოვებინა სოფელ ჭინკაძეებში. ამავე განკარგულების მიხედვით, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

წიაღის ეროვნული სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბავშვის დაღუპვიდან მეორე დღეს და 6 ნოემბერს განხორციელდა „სამთო მინაკუთვნის ადგილზე დათვალიერება და შესწავლა“. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიუხედავად, აპრილიდან ნოემბრამდე წიაღის სააგენტო ჭინკაძეებით არ დაინტერესებულა.

„დათვალიერება/შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მისასვლელი საკარიერო გზის ნაწილი გაყვანილია სამთო მინაკუთვნის გარეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია 2018 წლის 15 ნოემბრის #22/8908 წერილით გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების მიზნით,“ – აღნიშნულია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

დაფიქსირებულ დარღვევაზე რეაგირება ჯერ არ ჰქონიათ.

წიაღის ეროვნულ სააგენტოში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, სად იყო ინსპექტირების სამსახური აპრილიდან ნოემბრამდე?

ამ უწყებიდან ასევე მოგვწერეს, რომ 15 ნოემბერს გაუგზავნეს წერილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აცნობეს შემდეგი:

„დათვალიერება/შესწავლის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებით. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 2018 წლის 15 ნოემბერს, #22/8907 წერილი გაეგზავნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იმის დასადგენად, იყო თუ არა გაცემული აფეთქებითი სამუშაოების ნებართვა/თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კარიერზე,“ – ვკითხულობთ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

სამუშაო რომ ნებართვის გარეშე სრულდებოდა, ეს 15 ნოემბრამდე ორი კვირით ადრე, 31 ოქტომბერს განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. მართალია, „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ლიცენზიისგან მთავრობამ გაათავისუფლა, თუმცა აფეთქებაზე თანხმობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან კომპანიას აუცილებლად უნდა მიეღო.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: არ გვქონდა ინფორმაცია, რომ აფეთქებდნენ

„სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს“ – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ პირველ ნოემბერს თქვა, ტრაგედიიდან მეორე დღეს. მაშინ მინისტრმა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა: „ნებისმიერი სუბიექტი, სახელმწიფო მოღვაწე თუ სხვა, მკაცრად დაისჯება…“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, „2018 წლის 01 იანვრიდან 06 ნოემბრამდე არ მოუმართავთ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2018 წლის 01 იანვრიდან 06 ნოემბრამდე პერიოდში, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შემოწმებას არ საჭიროებდა,“ – ვკითხულობთ წერილში.

ამ პასუხის მიხედვით, სამინისტრო ამბობს, რომ მას აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

სამინისტროდან მიღებული იმავე წერილის მიხედვით, სოფელ ჭინკაძეებში აფეთქებით სამუშაოებზე სამინისტროს ნებართვა ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გაუცია, ოღონდ სხვა კომპანიისთვის: „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების ტერიტორიაზე არსებულ ანდეზიტის კარიერზე, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა სამინისტროს მიერ გაცემული იყო შპს „ნიტრო ალტექსიზე“ (ს/ნ 205287223), რომელმაც მხოლოდ ერთჯერ შეასრულა
შესაბამისი საამფეთქებლო სამუშაოები (31.09.2018 წ.) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

აფეთქება, რამაც ბიჭი იმსხვერპლა 31 ოქტომბერს, განახორციელა „დინამიტ ლ.დ.“ სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია სწორედ ამ აფეთქების შესახებ არ ჰქონდათ.

რას გააკეთებდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, თუკი ეცოდინებოდა, რომ ნებართვის გარეშე აფეთქებდნენ? – სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას ამ შემთხვევაში 1000 ლარით დააჯარიმებდნენ და ინფორმაციას წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიაწვდიდნენ.

ვის უნდა სცოდნოდა ის, რომ უკანონოდ აფეთქებდნენ? 

ეს ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხს ყველა უწყება იცილებს თავიდან: ქედის მერია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წიაღის ეროვნული სააგენტო, გარემოსზედამხედველობის დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლის ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებშიც აფეთქებდნენ კლდეს ჭინკაძეებში.

აი, რა პოზიცია აქვთ გარემოსზედამხედველობის დეპარტამენტში:

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2017 წლის 15 დეკემბრიდან აღარ არის უფლებამოსილი განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (წიაღით სარგებლობის) ლიცენზიების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ, წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების სახელმწიფო კონტროლი“.

ამავე წერილში გარემოსდაცმცველებმა მოგვწერეს, რომ ლიცენზიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო წიაღის ეროვნული სააგენტოა:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (წიაღით სარგებლობის) ლიცენზიების პირობების შესრულებაზე მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს სხვა ამოცანებთან ერთად წარმოადგენს წიაღის უკანონო, სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა…“

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების კამერალური დამუშავება და შედეგებს გაცნობებთ დამატებით,“ – გვიპასუხეს წიაღის ეროვნულ სააგენტოში.

პასუხისმგებლობის საკითხზე წერილობით და მოკლედ გვიპასუხეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში:

„პასუხისმგებლობა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაზე, ისევე როგორც აფეთქების პროცესის ორგანიზებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ეკისრებათ კარიერის ოპერატორ კომპანია „ალბაირაკს“ და მის ქვეკონტრაქტორ შპს „დინამიტს“.

სახელმწიფომ არ იცის, რამდენად ხარისხიანად ამაგრებენ სანაპიროს ბათუმში

როგორ ტარდება ნაპირის გამაგრების სამუშაოები და რას აპირებს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“? – კითხვები ამ კომპანიას ელ.ფოსტით დავუსვით, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა. „ბათუმელები“ „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ოფისშიც მივიდა, სადაც გვითხრეს, რომ არ სცალიათ და ვერ დაგველაპარაკებიან.

 

„სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ოფისი ბათუმში

როგორ სრულდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაო? – მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩვენ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მოწოდება ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო არ ფლობს დოკუმენტაციას, რითაც დადასტურდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

„აღნიშნული პროექტი ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მხარეებს შორის არ შემდგარა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობას, მათ შორის შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“ ახორციელებს,“ – წერია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოგზავნილ წერილში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 46 პროცენტი. საჯარო ინფორმაციაში ფონდმა მოკლედ გვიპასუხა პასუხისმგებლობის შესახებ, ვრცელი ინფორმაცია კი, თავად პროექტის შესახებ მოგვაწოდეს:

„ამ პროექტის მიზანია ქ. ბათუმის  სანაპიროს დაცვა შავი ზღვის ეროზიისაგან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვის ღონისძიებები მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის (ქვის წყობა) მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მე-4 ტრანშის ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელია სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“. საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალმა“ (იტალია). სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კონტრაქტორი კომპანია „სტრუიკი“ (ნიდერლანდები).

კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 55 614 181 ლარს. შესრულებულია სამუშაოების 46%.“

ნაპირგამაგრების სამუშაოები ბათუმის ახალ ბულვარში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალების ხმა ლიტერატურაში – „ჩვენ თითქოს ერთმანეთი გავამხნევეთ წერით“

არის თუ არა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა „მწერალი“, ძირითადად, მამრობით სქესთან დაკავშირებული? თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ გვიწევს განვმარტოთ, რომ ამა თუ იმ ტექსტის ავტორი მწერალი ქალია, მაშინ როცა არასდროს ვამბობთ „მწერალ კაცს“? 

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ქალების მიერ დაწერილი ტექსტების რაოდენობა. თუ „საბას“ დაარსების პირველ წელს შორთლისტებში მოხვედრილი 36 ავტორიდან მხოლოდ 7 ქალი იყო, 2018 წელს 29 ნომინანტიდან თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ. ქალები ყვებიან ამბებს დაუფარავად და ეს ხმა, ენობრივი თავისებურებები, თხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი ნელ-ნელა ავსებს სიცარიელეს, რომელიც გასულმა საუკუნეებმა დატოვა. ქალთა უუფლებობის პერიოდმა მსოფლიოში დაფარა არაერთი ხმა, რომელსაც ბევრი სათქმელი, მოსაყოლი ჰქონდა, მაგრამ მასკულინური საზოგადოებისგან ქალებისთვის მკაცრად იყო შემოსაზღვრული ხედვის არეალი, რომელშიც მხოლოდ ქმარი, ოჯახი და შვილები უნდა მოქცეულიყო.

მწერლები: რუსუდან რუხაძე, კატო ჯავახიშვილი და ნესტან ნენე კვინიკაძე ყვებიან, როგორ დაიწყეს წერა, რას ცვლის, მათი აზრით, ქალების ხმა ლიტერატურაში და რა მიზეზები ამყარებდა ქალების მრავალსაუკუნოვან დუმილს აქამდე.

 

  • რუსუდან რუხაძე: 
რუსუდან რუხაძე, მწერალი

სულ რაღაც 10-15 წლის წინ საქართველოში ნაკლები ქალი წერდა, განსაკუთრებით პროზას. ახლა ყოველწლიურად შეიძლება საინტერესო დებიუტანტის აღმოჩენა. ჩვენ თითქოს ერთმანეთი გავამხნევეთ წერით, იმ ამბების თხრობით, რომელიც ვერცერთ წიგნში ვერ ამოვიკითხეთ.

ხშირად რთულია იმის გარჩევა, მწერალ ქალებს პერსონაჟობა უფრო სურთ თუ ავტორობა და სხვების ამბების მოყოლაც… მაგრამ ეს, სავარაუდოდ, განაპირობა ორმხრივი დანაკლისის განცდამ, რომელიც მასკულინურმა ლიტერატურამ ვერ ამოავსო. ფემინურ პროზაში ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია – რაზე წერენ და როგორ წერენ.

თემები, რომლებიც ქალი ავტორების ტექსტებში იკვეთება, ხშირად მოულოდნელიც კია. სათქმელთან ერთად განსხვავებულია ენაც და სტილიც. ეს ლიტერატურული მრავალხმიანობა, მე ვფიქრობ, ძალიან გაამხნევებს ქალებს ყველა სფეროში.

სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საუბარი გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა თანამონაწილეობაზე პოლიტიკაში, მათ სექსუალობასა და იდენტობაზე, ან თუნდაც მათ კვოტაზე სიცოცხლის მოპოვებისთვის (რადგან სელექციური აბორტის შედეგად ძალიან ბევრი გოგოა გამქრალი დაბადებამდე) ბევრად უშედეგო იქნება. ჩემი პირველი კრებული, „ჩაისთან მოსაყოლი ამბები“, სწორედ გამქრალ გოგოებს მივუძღვენი. თუმცა მოთხრობა მათზე – „რძისფერი ჰოია“ მეორე კრებულში შევიდა.

ახლა, რამდენადაც ვიცი, სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობა ბუნებრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა, მაგრამ მტკივნეული ამბები კი არ უნდა დავივიწყოთ და გავაქროთ, არამედ უნდა შევინახოთ. ლიტერატურა იმახსოვრებს ყველაფერს არა სტატისტიკის, არამედ განცდის დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მსმენია ამა თუ იმ ტექსტზე – ეტყობა, რომ ქალის დაწერილია. დიახ, უნდა ეტყობოდეს კიდეც და საბოდიშო არაფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები არ წერენ მხოლოდ გენდერულ საკითხებზე, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მკაფიო ხაზია მათ შემოქმედებაში. ისინი წერენ ყველაფერზე, ცხოვრების ყველა შრეზე და, რაც მთავარია, საკუთარი ხმა აღარ ეუცხოებათ.

 

  • ნესტან ნენე კვინიკაძე: 
ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი

ცვლილებები გარდაუვალია. რაც დღეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ის ეტაპები სხვა ქვეყნებმა ნახევარი საუკუნის და კიდევ უფრო დიდი ხნის წინაც გაიარეს. ცოტა ხნის წინ, ნობელის კვირეული როცა ახლოვდებოდა, ვკითხულობდი, რომ ნობელის პირველ ბანკეტზე 112 ადამიანი იყო,  ყველა მამაკაცი. ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს განსხვავებულია სურათი.

ერთ ხმაში, ერთ ინტონაციაში თხრობა მომაბეზრებელია. ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ლიტერატურა ქალების ხმის გარეშე. ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც, ისტორიულად ჩვენში დალექილია თავისუფლების, თხრობისკენ სწრაფვა და ეს ადრე თუ გვიან მაინც იჩენდა თავს. თუმცა ქალების გააქტიურების შემდეგ რადიკალური პასუხები მივიღეთ ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდის მოჭარბებული ფაქტების სახით. მამაკაცი, რომელიც ქალს ფიზიკურად უსწორდება, ჩიხშია მოქცეული.

პირადად მე ყოველთვის, ყველგან, უფრო ადრე მომიწია მისვლა, ვიდრე საერთოდ ხდება ხოლმე. 16 წლისა აკრძალულ ფილმებს ვუყურებდი, 18 წლისამ გამოვაცხადე, რომ მწერალი ვარ, ეს იყო 1998 წელი. ასევე იყო ზაირა არსენიშვილი, ქეთი ნიჟარაძე… მიუხედავად იმისა, რომ მკითხველის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ლიტერატურული გაზეთი ან ჟურნალი კალთებს მახევდა.

დღეს „საბას“ შორტლისტებში ბევრი ქალი ავტორი ხვდება, ხშირად მამაკაცებსაც უსწრებენ. ყველამ ერთმანეთი გავაძლიერეთ. ჩემი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, მახსოვს ერთი ამბობდა, ისეთი კარგი წიგნია, ვერ იფიქრებ, რომ ქალის დაწერილიაო. ჩვენ ამ აზროვნებიდან მოვდივართ. შესაბამისად, არ მიკვირს სიტყვათშეთანხმება „ქალი მწერლების“ არსებობა და მეც კი ვიყენებ ხოლმე.

როცა იზრდები გარემოში, სადაც ქალს და კაცს საკუთარი ადგილები აქვს მიჩენილი, იქ ბარბარე ჯორჯაძის და ნაზი შამანაურის ცალკეული მაგალითები ფონის შემქმნელად ვერ გამოდგება. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, ერთი სიტყვაც კი, ჩვენგან წარმოთქმული, გადაწყვეტილების მიღებისას სხვისთვის როგორ ბიძგად შეიძლება იქცეს. გონიათ, რომ გადამლაშდა ქალების თემებზე ლაპარაკი, მაგრამ არა. იყო დადგენილი წესები, შეთანხმებული მორჩილება და არ ჩნდებოდა პროტესტის სურვილი.

თუ ოდნავ ძლიერი ხარ, კიდევ უნდა გაძლიერდე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სუსტია, რადგან სისუსტე არ არის დანაშაული, ამ სისუსტეს აქვს განვითარების პოტენციალი, უბრალოდ, საჭიროა სოლიდარობის განცდა. საქართველოში ქალი ავტორები კარგ ფორმაში არიან, თუმცა ეს არის დიდი შრომის, დროისა და ენერგიის ხარჯვის შედეგი.

დამიგროვდა სათქმელი და პირველი წიგნი ძალიან პატარამ გამოვეცი, არ ვაღიარებ მოთხრობებად პირველი წიგნის ტექსტებს, მაგრამ მაშინ ისე მომეწონა ეს ლიტერატურული იმიჯი! ახლა რომ ვფიქრობ, სჯობს დამეშვა შეცდომები და ახლა მეღიარებინა, ვიდრე წერა ვერ გამებედა.

თუ საკუთარ თავს შენობით არ ელაპარაკები, არაფერი გამოდის. ვერც სხვის საყრდენად იქცევი. შინაგანი თავისუფლებაც მხოლოდ მაშინ გეძლევა, როცა საკუთარ თავს იცნობ. თუ გაქვს საკუთარი თავის მოსმენის უნარი, შეგიძლია მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება, მხოლოდ მერე შეგიძლია სხვებს გაუგო, დაეხმარო.

 

  • კატო ჯავახიშვილი: 

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ძალადობა, სადაც ბევრგან შვილად ითვლება მხოლოდ ბიჭი, სადაც ბევრ სოფელში ქალები განათლებას ვერ იღებენ. ქალის როლმა წინ წამოიწია არა მხოლოდ მწერლობაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში. ეს მაგალითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ქალი უნდა იყოს მხოლოდ სამზარეულოში, რომ მისი მთავარი ფუნქცია შვილის გაჩენა, ერის გამრავლებაა.

ბევრი ქალი ავტორი ყვება ამბებს, უზიარებს მკითხველს გამოცდილებას და ეს დიდი სტიმულია, მაგალითი იმისთვის, რომ, ზოგადად, ადამიანებმა, გოგოებმა გააცნობიერონ, რომ რაღაც თემებზე ლაპარაკი არ არის სირცხვილი, ადამიანები უნდა ყვებოდნენ ამბებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრს ვსაუბრობთ ქალების თავისუფლებაზე. შინაგანი მდგომარეობაა თავისუფლება. არ შეიძლება გაგათავისუფლოს ნივთებმა, მხოლოდ შინაგანად შეგიძლია დადგე ყველაფერზე მაღლა. ზუსტად ეს მდგომარეობა გაიძულებს იყო შემდგარი, აკეთო შენი საქმე, არ იყო არავისზე დამოკიდებული. ჟურნალ „დილაში“ ვბეჭდავდი თავიდან ლექსებს. ეს არ იყო პოეზია. პოეზია მოვიდა ბევრად გვიან, როცა ცხოვრების პირისპირ 6 თვის შვილით დავრჩი მარტო. მაშინ მივხვდი, რომ სისუსტე დიდი ფუფუნება იყო. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, სხვა გზა, უბრალოდ, არ მქონდა. ამ დროს დავიწყე ნამდვილი, არა სხვისი, არამედ ჩემი ამბების თხრობა.

ტკივილზე, პრობლემებზე სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ. ვიღაც ეცემა, ვიღაც დგება. თუ გაქვს პასუხისმგებლობა გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ, რომელიც შენზეა დამოკიდებული, ამ დროს პრობლემა შეიძლება იქცეს სიკეთედ, უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს გარდა ძლიერებისა, ფუფუნებაა გადაიფარო საბანი და იტირო. ეს მარტივი გზაა. ბევრი უნარი აქამდე არ მქონდა და მხოლოდ სირთულეების გადალახვის მერე გამომიმუშავდა.

არიან ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ძლიერებად იბადებიან. არიან სხვები, რომლებსაც ეს მერე ეძლევათ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არ მოვკვდი და გავძლიერდი. ყველა პრობლემა მიდის განათლების ნაკლებობამდე. განათლებული უშიშარია, შეუძლია რაღაცების ხმამაღლა თქმა. არსებობს წერილები, რომლებშიც ჩვენი ევროპელი მეგობრები აღფრთოვანებით წერენ 1918-21 წლების საქართველოზე, როცა ყველა თავისუფლების, თანასწორობის იდეით იყო გატაცებული, ყველას ჰქონდა რაღაც სათქმელი.

რატომ არ იყო აქამდე ლიტერატურაში ქალების ხმა ძლიერი? ალბათ შიშის გამო. შიშის შკალა კი ნელ-ნელა იკლებს. სამწუხაროდ, სამყაროში ყველაფერი შიშზეა დაფუძნებული. სიყვარულიც, სიკვდილიც, ომიც, ალბათ ტერიტორიების დაკარგვის შიშიც და ყველაფერი, რაც არსებობს. ამბების მოყოლაც ერთ-ერთი შიში იყო ალბათ, თქმის შიში. შიში იმის, რომ „არაფერი შემიძლია“, „არ გამომივა“, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი გამოდის.

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს.

„არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა.

პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“

მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“.

დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა აჭარაში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ედავება. გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის ბინაში, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ორი პირი შეიპარა – დავით ხ. და ილია ა. რომლებმაც ბინიდან მაჯის საათები, ბიჟუტერია და ქანდაკება მოიპარეს.

მეორე ბრალდებულ ილია ა.-ს ადვოკატი ჰყავს, თუმცა პაატა შავაძე დღევანდელ პროცესზე ვერ მოვიდა – მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა სხდომაზე მოუწია წასვლა.

სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ნუგზარ უ. მას პირადი ჩხრეკის დროს სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს. ნუგზარ უ.-ს ორი ადვოკატი იცავს: დავით ჯაფარიძე და გურამ ნაკაშიძე. ნუგზარ უ.-ს პროკურატურა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას ედავება.

„არაფერი ადასტურებს ამას… მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა საქმეში და დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ უკავშირდება არაფრით ბრალდებულს. დაზარალებულს არ დაუფიქსირებია პოზიცია კონკრეტულად ნუგზართან მიმართებით. ბრალდებული ამბობს, რომ მან ეს ნივთები შემთხვევით ქუჩაში დატოვებული იპოვა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ირაკლი ერისთავის და მისი ცოლის მაჯის საათები გამოძიებამ ნუგზარ უ.-ს ავტომანქანაში იპოვა. ადვოკატების თქმით, ავტომანქანა ბრალდებულის ქალიშვილის საკუთრებაა და ის საჯარო მოხელეა.

„ჩხრეკის ორდერიც არ ჰქონდათ, მაგრამ სახლიც გაჩხრიკეს, რა იყო დასამალი. იქ ვერაფერი ნახეს, შემდეგ კი თქვეს, რომ მანქანაში ნახეს ეს საათები… საიდან მოხდა და რა მოხდა, არ ვიცი,“ – გვითხრა ბრალდებულ ნუგზარ უ.-ს ცოლმა. მან არ ისურვა ეთქვა, რომელ საჯარო უწყებაში მუშაობს თავისი შვილი, ვის ავტომანქანაშიც გამოძიებამ სუს-ის უფროსის ბინაში ნაქურდალი ნივთები იპოვა.

ნუგზარ უ.-ს ახლობლებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. „ადრე მეზღვაური იყო, 59 წლის კაცია, ერთი შვილი აქ მუშაობს, მეორე მეზღვაურია, რატომ გააკეთებდა ამას?“ – კითხულობენ ისინი. ბრალდებულის ახლობლების თქმით, ნუგზარ უ. ბრალდებულ დავით ხ.-ს საერთოდ არ იცნობდა, ილია ა.-ს მამა კი მეზღვაური ყოფილა და ნუგზარს მასთან კარგი ნაცნობობა აკავშირებდა.

ვინაიდან დღევანდელ სხდომას ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი – პაატა შავაძე არ ესწრებოდა, მოსამართლეს მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი აღარ განუხილავს. სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების მიზანშეწონილობის კუთხით იმსჯელა. სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. არც ერთი მათგანი დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.

„მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას შეუფარდა პატიმრობა, მაგრამ ეს არის ზეწოლა რეზონანსულ საქმეზე იმ კუთხით, რომ აღიაროს დანაშაული… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 186-ე მუხლით ედავება გამოძიება… მე არ მახსენდება არც ერთი მსგავსი საქმე ბოლო 6 წლის განმავლობაში, სადაც ადამიანს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს,“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

„ბევრია ასეთი… ოჯახში ძალადობაზე,“ – ჩაურთო მოსამართლემ.

„მე ვამბობ, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე წინასწარ პატიმრობას არ უფარდებს სასამართლო,“ – დაამატა ადვოკატმა. მან ბრალდებულ ნუგზარ უ.-ს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ადვოკატებს ბრალდებულებიც დაეთანხმნენ, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, დავით ხ.-მ მხოლოდ დანარჩენი ორი ბრალდებულის გათავისუფლება ითხოვა.

„წინააღმდეგი არაფრის არ ვარ. სხვებს თუ გაუშვებთ, კარგი იქნება, მე ვინ გამიშვებს აბა… არაა ეს ხალხი ისეთი, რომ რამე საშიშროება შექმნას,“ – თქვა მან.

„თქვენ მძიმე ვითარებაში ხართ… გირაოთი რომც გაგიშვათ, რა მნიშვნელობა აქვს,“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს.

ბრალდებული დავით ხ. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ქურდობის სხვა ფაქტისთვის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაასამართლა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა და ეს ორი არგუმენტით დაასაბუთა. პირველი არის ის, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი ჯერ სასამართლოს არ განუხილავს, ხოლო თუკი სასამართლო მხოლოდ ნუგზარ უ.-ს გაათავისუფლებს პატიმრობიდან, რომელსაც დანარჩენი ორისგან განსხვავებით ქურდობას არ ედავებიან, გამოვა, რომ სხვები პატიმრობაში ადვოკატის არყოლის გამო დარჩნენ.

„ჩვენთვის სამართლიანი სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი…“ – დაასრულა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. შესაბამისად, სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობასი დატოვა.

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში.

ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, პროფესორის და ასოცირებული პროფესორის სტატუსით.

აშშ-ს შემდეგ, ქართველი ფიზიკოსები დასაქმებული არიან გერმანიის, კანადისა და შვეიცარიის სამეცნიერო დაწესებულებებში.

ფიზიკოსების შემდეგ, ყველაზე მეტი – მათემატიკოსია დასაქმებული უცხოეთში. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მედიცინის სფეროში 23 ადამიანია დასაქმებული – ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ.

22 ადამიანი ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს.

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში 17 ქართველი მუშაობს, სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ქართველი მეცნიერების დიდი ნაწილი, დაახლოებით 40-50 მეცნიერი, ყოველწლიურად ასევე დასაქმებულია ცერნში – ბირთვული კვლევების ლაბორატორიაში, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა.

საქართველოში სამეცნიერო სფერო ყველაზე ცუდად ფინანსდება. ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ვერ ხერხდება საჭირო კვლევების წარმოება და სფეროს განვითარება. ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ მეცნიერება უნდა გახდეს ქვეყანაში პრიორიტეტული და სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაიზრდოს სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.

ბოლო პერიოდში სამეცნიერო კვლევებს, კონკურსის საფუძველზე, რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს.

წლების განმავლობაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით დაფინანსება მწირი იყო, როგორც საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე სტუდენტთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა.

იხილეთ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში დასაქმებული ქართველი მეცნიერების სია და უნივერსიტეტების ჩამონათვალი.

 

Exit mobile version