ნეტგაზეთი • RU
ვლადიმერ თურმანიძე დ კახა წერეთელი

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს.

“ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა.

“ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ საქმეზე დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა – 9 თვე იწურება.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

გიორგი მიქელაძესთან ერთად „ლეოგრანდის საქმეზე“ თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზია ბრალდებული.

პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს, ფათიჰ იავუზს და ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს უნდა უზრუნველეყოთ უსაფრთხოება  სახანძრო სისტემის გამართულობის კუთხით. პროკურატურის ვერსიით, საქვაბეში უკანონოდ იყო მოწყობილი საწყობი, სადაც საღებავებსაც ინახავდნენ და ამან ხანძრის გაძლიერებას  შეუწყო ხელი.

“ექსპერტიზა ჩატარდა კომპიუტერულ პროგრამაზეც, საიდანაც ეს საქვაბე ელექტრონულად იმართებოდა. აღმოჩნდა, რომ სპეციალიზებული პროგრამა საერთოდ არ მუშაობდა და კომპიუტერი იმ საქვაბეში იყო უფუნქციოდ… შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირები კი იქ დადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ თამბაქოს მოსაწევი ადგილიც კი არ ჰქონდათ გამოყოფილი,”- დასძინა პროკურორმა.

“არაა ასე. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სასტუმროს მართვის სპეციალიზებული პროგრამის ლიცენზია იყო ვადაგასული. მასე ჩემს კომპიუტერშიც ვადა აქვს გასული window-ს, მაგრამ მუშაობს”, – მიმართა პროკურორს ფათიჰ იავუზის ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა.

არგუმენტი მოიყვანა მეორე ადვოკატმაც. “იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შენობაში. უფრო მეტიც – ფათიჰ იავუზი საერთოდ არ ეწევა სიგარეტს…” – თქვა ტურფა ნიკურაძემ.

ამ ადვოკატმა საქმიდან “ლეოგრანდის” მმართველ კომპანიასა და ფათიჰ იავუზს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიღო და თავიდან ბოლომდე ჩაუკითხა მოსამართლეს დასაქმებულის ვალდებულებების ჩამონათვალი.

“სად წერია აქ, რის მიხედვით ამბობთ, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა მას?” – იკითხა ადვოკატმა ტურფა ნიკურაძემ.

პროკურორის თქმით, მხოლოდ ხელშეკრულება არა, წესდებაც უნდა წაეკითხა ადვოკატს ფათიჰ იავუზის სრული უფლება-მოვალეობების გასაგებად.

“ჩვენ სპასალონის თანამშრომელმაც მოგვცა ჩვენება. მისი თქმით, სალონის დაკვამლიანების დროს სახანძრო ღილაკმაც არ იმუშავა, არც სიგნალიზაცია ჩაირთო და არც სინათლე იმისთვის, რომ ადამიანებს გარეთ გამოსვლა შესძლებოდათ… კანონის მოთხოვნები უნდა სცოდნოდათ ამ ადამიანებს”, – გაცხარდა პროკურორი.

“პროკურორის სიტყვა უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ კანონს. კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მოთხოვნა დაარღვია ბრალდებულმა? პროკურორი ასე არ უნდა საუბრობდეს,” – ემოცია ვერც ადვოკატმა კახა წერეთელმა დამალა.

“საქვაბეში, საიდანაც გამოძიების ვერსიით ხანძარი გაჩნდა, საწყობი არ იყო მოწყობილი,” – ირწმუნებიან გიორგი მიქელაძის ადვოკატები –  პაატა ბოლქვაძე და ბადრი ბერიძე. მათ მოსამართლეს ხელშეკრულება აჩვენეს, რომლის მიხედვითაც “ლეოგრანდის” საწყობი ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

“სასტუმროს საქვაბეში მხოლოდ დროებით ინახავდნენ ადამიანები კონკრეტულ ნივთებს… საქვაბეში მოწყობილი არ იყო საწყობი, ამას ადასტურებენ მოწმეები. საქვაბეზე პასუხისმგებელი კი გიორგი მიქელაძე არ ყოფილა,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა, რომელიც შიგა წესდებით განსაზღვრული პირობების შესრულებასაც ითვალისწინებს.

“სად არის ეს წესდება? მე ასეთი დოკუმენტი ვერ ვიპოვე…” – იკითხა პაატა ბოლქვაძემ.

საქმის მასალების მიხედვით, წესდება სასტუმრო “ლეოგრანდში” 2017 წელს შეიმუშავეს.

“მე არ ვიყავი პასუხისმგებელი სახანძრო უსაფრთხოებაზე… მხოლოდ კონკრეტულ ჩამონათვალს მიწერდნენ, თურქეთში გადავდიოდი და იქედან ჩამომქონდა ეს ნივთები. შემდეგ ვისაც რა სჭირდებოდა, ის მიმქონდა სასტუმროს ადმინისტრაციასთან,” – აღნიშნა ბოლო სიტყვაში ბრალდებულმა გიორგი მიქელაძემ.

იგივე თქვა მეორე ბრალდებულმა ფათიჰ იავუზმაც ბოლო სიტყვაში – ვინ არის პასუხისმგებელი სახანძრო უსაფრთხოებაზე. თუმცა მისთვის პასუხი არავის გაუცია.

ვინ იყო სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს სასამართლო პროცესის შემდეგ დაუსვა. მან გვითხრა, რომ კონკრეტულად ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებებში არ არის, მაგრამ ექსპერტებმა სამართლებრივი ანალიზით დაადგინეს, რომ ის პირები იყვნენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან.

პროკურორი ამ საქმეზე არც სხვა პირების დაკავებას გამორიცხავს.

ადვოკატი პაატა ბოლქვაძე

პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე

პროკურორმა მოსამართლეს სასტუმროში ხანძრის შემდეგ გადაღებული ფოტოები გააცნო

 

ამ თემაზე:

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი