მთავარი,სიახლეები

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

19.12.2018 • 5964
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

„სილქ როუდ ჯგუფი“ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, ბათუმის იახტკლუბის რეაბილიტაციას და ახალი ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, რომელსაც კავშირი ექნება ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან, ბათუმის პორტის გვერდით. აქ „სილქ თაუერს“ და კიდევ ხუთ მაღალსართულიან შენობას, ე.წ. თაუერებს ააშენებენ. კომპანია გეგმავს ეს ადგილი მიმზიდველ მულტიფუნქციურ ტურისტულ ადგილად გადააქციოს.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე თავად კომპანიის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა ისაუბრა, კომპანიის გეგმებშია ბათუმის სანაპიროს მოადგეს „იახტები მდიდარი ტურისტებით“. იქვე, ახლოს, პორტის ტერმინალის არსებობა კი, რომელიც ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის იქნება განკუთვნილი, კომპანიის მიზნებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„ეს პროექტი არის იმ პროექტის მოწინააღმდეგე და მტერი. როგორც ბიზნესი, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი არის შეუთავსებელი ერთმანეთთან, ამაზეა საუბარი. ამ პროექტის განვითარება არის საწინდარი, რომ ისეთი პროექტები ვეღარ განვითარდება. აბსოლუტურად კონფლიქტში შედის ერთმანეთთან ასეთი განვითარება. ამ პროექტში მოძრაობს დაახლოებით ხუთი მილიონის ტონა ტვირთი, წლის განმავლობაში. რამდენი უნდა მოიგოს ამ ტვირთმა? – მერე კიდევ ასობით წელია იღვრება ნავთობი [სანაპიროზე]. სულ სხვა ერაა, სულ სხვა ტექნოლოგიებია, იმხელა გაწმენდითი სამუშაოებია ჩასატარებელი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ბათუმის პორტი

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა იმაზეც ისაუბრა, რომ იდეის დონეზე ის მოიაზრებს პორტის მართვის უფლების გამოსყიდვას ყაზახური კომპანიისგან, რის შემდეგაც შესაძლებლად მიიჩნევს ერთი დიდი გენგეგმის მომზადებას:

„…აქ შენ შეგიძლია გააკეთო ერთი დიდი, ლამაზი რივიერა. ჯანსაღი და ტურისტული. ეს არის კურორტი და არ შეიძლება ნავთობის კურორტი არსებობდეს. ჩვენ, ყველამ, ფოკუსი უნდა გავაკეთოთ მწვანე კონცხზე, ციხისძირზე და აი, ამ ადგილზე, რაც არის დარჩენილი, რომ ის ადგილები არ დაემსგავსოს იმას, რაც იქით არის. ეს არის 2-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც მთელ ქვეყანაზე გადანაწილდება და არამარტო ბათუმს, არამედ საქართველოს შეცვლის კარგისკენ“ [გიორგი რამიშვილის მიერ დასახელებულ სამივე პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს].

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველომ მსხვილი ტვირთების გადატანის მიმართულებით უნდა განავითაროს ფოთისა და ყულევის ტერმინალები, ბათუმი და ანაკლია კი ტურისტული თვალსაზრისით უნდა განვითარდეს.

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობა ზუსტად ცხრა თვის წინ, მარტში დააანონსეს. მას შემდეგ, ამ პროექტთან დაკავშირებით, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება.  საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.

გასულ კვირას ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. „ეს ქვეყანა არ არის არც ერთი ინვესტორის, არც ერთი სტუმრის, მობრძანდით… მაგრამ აქ ვცხოვრობთ ჩვენ“, – მათ ამ სიტყვებით მიმართეს პორტის დღევანდელ მმართველს, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს კომპანია Wondernet Exspress-ი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის  მონაწილეობით. Wondernet Exspress-ის 100-პროცენტიან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვონდერნეტ ექსპრეს ბ.ვ.“ ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილია.

__________

მთავარ ფოტოზე: გიორგი რამიშვილი პროექტის პრეზენტაციაზე.

სტატიას ბათუმის პორტის შესახებ გაეცანით აქ: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/127206/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: