შენობაში ცარიელი საფერფლის დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება

ძალაში შევიდა ცვლილება კანონში თამბაქოს შესახებ, რომლის მიხედვითაც, დღეიდან დაწესებულებებს არა მხოლოდ შენობაში სიგარეტის მოწევისთვის, არამედ ცარიელი საფერფლის დაფიქსირების შემთხვევაშიც დააჯარიმებენ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, იურიდიული პირი, რომელიც ამ წესს დაარღვევს 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში თანხა გაორმაგდება, მესამე შემთხვევაში და ყოველ შემდეგ ჯერზე კანონი დამრღვევი იურიდიული პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს წლის ბოლომდე, იმდენჯერ რამდენჯერაც დარღვევის ფაქტი დაფიქსირდება.

კანონის თანახმად, შენობაში სიგარეტის მოწევისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი, ყოველ შემდეგ ჯერზე, თანხა ასი ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულების ღია სივრცეში მოწევის წესს – თუკი დაწესებულებას აქვს დიდი ეზო, ამ ეზოში უნდა გამოიყოს არაუმეტეს სამი ადგილი, სადაც მოწევა იქნება დასაშვები.

ცვლილების თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილს, რომლებსაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დასაშვები იქნება. ეს ცვლილება არ ეხება ტოტალიზატორებს.

დასაშვები გახდა ასევე მოწევა მსახიობებისთვის სპექტაკლის მსვლელობისას, თუ რეჟისორის ჩანაფიქრი ასეთ ეპიზოდს ითვალისწინებს.

შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა.

სამუშაოს შესრულების ვადაა 90 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2019 წლის 5 მაისისა, ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უფლებამოსილია დაიწყოს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2019 წლის 5 მაისამდეც, რის შესახებაც ის წერილობით აცნობებს შემსყიდველს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 25 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 3 წელია.

ჩირუხი, შუახევის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი იალაღია, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. საზაფხულო საძოვარზე მემთეურები შუახევის მუნიციპალიტეტიდან ადიან. მთაში ზაფხულს ძირითადად ქალები და ბავშვები ატარებენ.

ამ თემაზე:

მემთეურები [ფოტოამბავი]

მთავარი ფოტო: შუახევი-ჩირუხის გზა. ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

გრიპის მაჩვენებელი აჭარაში 2019 წლის პირველი კვირის მდგომარეობით

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვირის მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 391-ს შეადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლების გრიპის ვირუსის გავრცელების სეზონთან მიმართებაში ბევრად ნაკლებია.

საზოგადოებრივი ცენტრის მონაცემები  წინა წლების მონაცემებთან შედარებით ასე გამოიყურება:


ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ეპიდემიის ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება.

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

კამპანია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობს წინააღმდეგ, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.

ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციითაც გააპროტესტა. სოციალურ ქსელში ბათუმის პორტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია კი 20 იანვრისთვის დააანონსეს, სლოგანით – „არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“. „ქიმიური საწყობი ბათუმში არ უნდა აშენდეს… ჩვენ 20 იანვარს დიდ სიურპრიზს მოვუწყობთ ქალაქის წინაშე შეთქმულებს“, – წერენ აქციის ორგანიზატორები ფეისბუქში.

ის, რომ ახალი ტერმინალი სწორედ კარბამიდის გადასაზიდად [საწყის ეტაპზე მაინც] შენდება, „ბათუმელებს“ იმ კომპანიაშიც დაუდასტურეს, რომელიც ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს. „თუმცა, სატრანზიტო ტვირთებში სხვა მინერალური სასუქებიც წერია და შესაძლოა ამან გამოიწვია გაუგებრობა, ვერ გეტყვით. კარბამიდის გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა. მითუმეტეს, ეს იქნება დახურული ტიპის ტერმინალი და არა ღია. ამდენად, იმაზე 90%-ით უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე დღეს გადააქვთ ტვირთები“, – გვითხრეს კომპანიაში.

კარბამიდი, როგორც მარტივი სასუქი, იმ აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგშიცაა შეტანილი, რომელთა არათუ გადაზიდვა, არამედ მათი საქართველოში გამოყენებაც კი არის ნებადართული. კატალოგში ამ სასუქის ხუთი სავაჭრო დასახელებაა შეტანილი, რომელთაგან ერთს უკრაინაში აწარმოებენ, ორს რუსეთში და ორსაც შუა აზიაში – თურქმენეთსა და უზბეკეთში. ჩვენი ინფორმაციით, შუა აზიიდან კარბამიდი დღეს, ძირითადად, რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით გააქვთ. ახალი ტერმინალის აშენებით კი, „ვონდერნეტ ექსპრესს“ ამ ტვირთის შუა აზიიდან საქართველოს დერეფანში გადმოტანა სურს.

„ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად… სასაწყობე ობიექტები განკუთვნილი იქნება 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას იძლევა“, – ნათქვამი იყო ოფიციალურ რელიზში.

ვინ ააშენებს ახალ ტერმინალს ბათუმის პორტში

ამ პროექტის უკან, როგორც „ბათუმელებმა“ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, დგას გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან. დიმიტრი აბდუშელიშვილი კი ათი სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და ოთხი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. აბდუშელიშვილს ასევე წილები აქვს 15 სხვადასხვა კომპანიაში.

ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ანუ გასული წლის 22 მარტს ითქვა, რომ ტერმინალის ასაშენებლად „ვონდერნეტ ექსპრესი“, იგივე „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“, 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ბათუმის პორტში. ეს კომპანია თავის მხრივ დაუფუძნებია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „ვონდერნეტ ექსპრეს ბ.ვ.“, რომელსაც საქართველოში წარმოადგენდა ალიშერ იკრამოვი [როგორც მინდობილი პირი].

რაც შეეხება  ტერმინალის ასაშენებლ ტერიტორიას – „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა შპს „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“. მხარეებმა შესაბამისი ხელშეკრულება ოცი დღის წინ, 2018 წლის 14 დეკემბერს გააფორმეს. ამ კომპანიის 66,7% წილის მფლობელი დიმიტრი აბდუშელიშვილია, ხოლო დანარჩენ 33,3%-ს ალიშერ იკრამოვი ფლობს.

ამ ორ კომპანიას [ინვესტორი – „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ და პორტის ტერიტორიის მოსარგებლე „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფ“] კიდევ ერთი რამ აკავშირებთ – ორივეს დირექტორი გიორგი ზარიძეა.

გიორგი ზარიძე ასევე სააქციო საზოგადოება „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამ საბჭოს თამჯდომარე კი დიმიტრი აბდუშელიშვილია, მისი მოადგილე – ალიშერ იკრამოვი. სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია ასევე  მამუკა ხაზარაძე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი.

უშუალოდ „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დამფუძნებლები კი არიან კომპანიები: „ვანდერნეთ ექსპრესი“, „თიბისიეიჩ ანაკლია“, ასევე აშშ-ში რეგისტრირებული „კონტი ინტერნეიშენალი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“ შედის.

რა ინვესტიცია ჩაიდება ახალი ტერმინალის მშენებლობაში? – ამ კითხვაზე პასუხად „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“ ზოგადად გვითხრეს, რომ „არის უზბეკურიც, ამერიკულიც და ქართული ინვესტიციაც“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო თუ სახელმწიფო კომპანიების ინვესტიცია პროექტში არ ჩაიდება. „მთავრობის თანამონაწილეობა პროექტის მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს იქნება მთლიანად კერძო ინვესტიცია“, – გვითხრეს „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“.

„სილქ როუდ ჯგუფი“ ახალი ტემინალისა და ბათუმის პორტის წინააღმდეგ

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია- Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან 8 თვეში, ბათუმში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

გიორგი რამიშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო ნავსადგურად უნდა იქცეს.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

გიორგი რამიშვილის თქმით, კომპანიის გეგმებშია ბათუმის სანაპიროს მოადგეს „იახტები მდიდარი ტურისტებით“. იქვე, ახლოს, პორტის ტერმინალის არსებობა კი, რომელიც ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის იქნება განკუთვნილი, კომპანიის მიზნებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„ეს პროექტი [6 მაღლივი კორპუსი ბათუმის იახტკლუბთანარის იმ პროექტის [ახალი ტერმინალი – ავტ.] მოწინააღმდეგე და მტერი. როგორც ბიზნესი, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი არის შეუთავსებელი ერთმანეთთან, ამაზეა საუბარი. ამ პროექტის განვითარება არის საწინდარი, რომ ისეთი პროექტები ვეღარ განვითარდება. აბსოლუტურად კონფლიქტში შედის ერთმანეთთან ასეთი განვითარება“, –  განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა იმაზეც ისაუბრა, რომ იდეის დონეზე ის მოიაზრებს პორტის მართვის უფლების გამოსყიდვას ყაზახური კომპანიისგან.

„ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მათ რამიშვილის ამ განცხადების შესახებ არაფერი იციან და კომენტარს არ გააკეთებენ.

თავის მხრივ „სილქ როუდ ჯგუფიც“ საქართველოში, ყაზახ პარტნიორებთან ერთად, მსხვილი ინვესტიციის განხორციელების ინიციატივით 2006 წელს გამოჩნდა. მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ამ პირობით, მაშინდელმა მთავრობამ აჭარის სანაპირო ზოლში 21 ობიექტი კომპანიას გადასცა.  21-დან მხოლოდ ერთი ვალდებულება შესრულდა – ყოფილი „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ აშენდა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი ხელშეკრულება კი სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

 

ტერიტორია [წითელი ფერით, 15 128 კვ/მ] რომელიც აღნაგობის უფლებით ბათუმის ნავსადგურმა სხვა კერძო კომპანიას გადასცა აქ ახალი ტერმინალის ასაშენებლად.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დეპუტატ ზაზა ოქუაშვილისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. სტატუსის შეჩერების თხოვნით უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა თვითონ მიმართა.

სხდომაზე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა „ოცნების“ უმრავლესობიდან საკითხთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია დააფიქსირეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ და ნინო ბუჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“-ს წევრმა –  გიორგი ცინცქილაძემ  წინააღმდეგ აწიეს ხელი. უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიით უმაღლეს საბჭოში მოხვედრილმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს დეპუტატის სტატუსის შეჩერების თხოვნით 2018 წლის 20 დეკემბერს მიმართა. მას აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ზაზა ოქუაშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერი – მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, „პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ“ ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობა მოითხოვეს. „პრობლემებში“ იგულისხმება „ომეგა ჯგუფის“ რამდენიმემილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.  დეპუტატი ასევე საუბრობდა სხვადასხვა სახის გამოძალვაზე.  უკვე რამდენიმე თვეა ის ლონდონში იმყოფება, შესაბამისად, ის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებენ

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00 საათიდან – 20:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მუშაობის ახალ გრაფიკს კვირის ბოლომდე შეინარჩუნებენ, საჭიროების შემთხვევაში მიღების საათები გახანგრძლივდება.

⤵    დაწესებულებები, სადაც მომსახურების მიღება 20:00 საათამდეა შესაძლებელი:

► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”

მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2

☎ ტელ: (0422) 27-92-47

► შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”

მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30

☎ ტელ: (0422) 27-73-03,  ? მობ: 595 46 27 27

►შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”

მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4

☎ ტელ: (0422) 25-20-08

► სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა“

მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20

? მობ: 595 95-76-32

► შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა”

მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17

? მობ: 593 48-87-87

► შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა”

მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7

☎ ტელ: (0422) 24-0-503

► შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”

მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7

? მობ: 599 23-29-88

? აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს!

იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე

ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა ვაქცინის გაკეთებას ეფექტი ახლა, იანვარში და რამდენ ხანში დაიწყებს ვაქცინა მოქმედებას? – ამ კითხვებზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე გვპასუხობს.

ქალბატონო ნანა, ეფექტური იქნება ახლა ვაქცინის გაკეთება?

იმ თვალსაზრისით, რომ უკვე გვაქვს შემთხვევები, ვაქცინა ეფექტური იქნება, თუ პირს კონტაქტი არ აქვს დაავადებულ ადამიანთან ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში, ან ეცოდინება ზუსტად, რომ ვაქცინა მოქმედებს მინიმუმ ორი კვირის შემდეგ, რადგან ანტისხეულის გამომუშავება ორი კვირის შემდეგ იწყება.

ორი კვირის შიგნით თუ ექნება კონტაქტი გრიპით დაავადებულთან, უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ ის შეიძლება ვერ დაიცვას ვაქცინამ. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. ხშირია შემთხვევები, როცა იკეთებენ ვაქცინას და შემდეგ აქვთ პრეტენზია მაინც დამემართაო. ამიტომ ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი, რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ მინიმუმ ორი კვირის შემდეგ.

გრიპის სეზონი, რა თქმა უნდა, დამთავრებული არ არის და მეორე ტალღას ველოდებით თებერვალში. შეიძლება იყოს გაზაფხულზეც. ამიტომ რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინა გაიკეთოს ადამიანმა, თუმცა უპრიანია გაიკეთოს ოქტომბერ-ნოემბერში, სანამ დაფიქსირდება გრიპის შემთხვევები. 6 568 დოზა ვაქცინა იყო ჩამოტანილი აჭარაში. რისკის ჯგუფებთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებოდით, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა. წლის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 ორსული გვყავს და, ძირითადად, ვთავაზობდით მათ, მაგრამ ორსული  დაახლოებით 350 აიცრა.

მიზეზი რა იყო, ძირითადად ისევ ის, რომ ეშინიათ ვაქცინის?

დიახ, როცა სთავაზობენ იგნორირებას უკეთებენ. შემთხვევების რაოდენობამაც აჩვენა, რომ ორსულები უფრო მეტად ავადდებიან და უფრო მძიმედ მიმდინარეობს  ეს დაავადება. რატომღაც ჰგონიათ, რომ პროფილაქტიკის მიზნით „ტამიფლუს“ დალევა შეიძლება, რასაც არანაირი აზრი არა აქვს, პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია.

ვთქვათ, ახლა სურს პირს აცრის გაკეთება, როგორ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, ექიმს უნდა მიმართოს, თუ აფთიაქს?

ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მიმართოს სააფთიაქო ქსელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვითონ არ უნდა გაიკეთოს ეს ვაქცინა, სახლის პირობებში მისი გაკეთება არ შეიძლება. ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ამცრელი კაბინეტი. თუ ექიმმა არ მისცა რეკომენდაცია რაიმე მწვავე დაავადების გამო, შესაძლებელია, რომ გადავადდეს რამდენიმე დღით ვაქცინაცია.

მაგალითად?

ვთქვათ, დაინფიცირდა ცხოველის მიერ და მას სჭირდება ანტირაბიული ვაქცინა, ამ შემთხვევაში თუ მას გაკეთებული აქვს გრიპის ვაქცინა და ორი კვირის შემდეგ გაიკეთა სხვა ვაქცინა, უნდა ვუთხრათ, რომ გრიპის ვაქცინა ინაქტივირდება და იმ რაოდენობის იმუნიტეტს აღარ გამოიმუშავებს, ამიტომ სხვა მედიკამენტის დანიშვნისა და მისი დამთავრების შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კიდევ რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

ამ ვაქცინისთვის უკუჩვენებაა ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადება.

 

ანდერძი

ქ. ბათუმი, 14 მარტი 2015 წელი

მე დურსუნ ვერძაძე დაბადებული 05/06/1938 წელს, მცხოვრები ბათუმი, ანგისის ქ. N18, პირადი N61006001195 ვმოქმედებ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სხვა პირთა ზემოქმედების გარეშე და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არ მიზღუდავს თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, ჩემი ნებით ვადგენ წინამდებარე ანდერძს შემდეგზე:

ანდერძი

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,დურსუნიში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245445898) ჩემი კუთვნილი 20%-იანი წილის, რომელიც მე უსასყიდლოდ გადავეცი ნანი გოლიაძეს, (პირადი N61003002424, დაბადებული 21/07/1971 წელს), ნებისმიერი საფუძვლით ჩემს საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, შპს ,,დურსუნიში“ ჩემს კუთვნილ 20%-იანი წილს მთლიანად, ანდერძით ვუტოვებ ნანი გოლიაძეს პირადი N61003002424, დაბადებული 21/07/1971 წელს.
  • ჩემს მემკვიდრეებს ვთხოვ პატივი სცენ ჩემს გადაწყვეტილებას, პატივისცემით მოეპყრონ ნანი გოლიაძეს და იქონიონ მასთან კარგი ურთიერთობა.

ანდერძის შემდგენი

დურსუნ ვერძაძე

სააგენტო: საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული

დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის [8 იანვრის 13 საათისთვის] 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული. ამაში შედის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო სამსახურები. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებიც რეგისტრირდებიან, თუმცა დიფერენცირებული მონაცემები, თუ რამდენი კერძო, სახელმწიფო კომპანია, საჯარო უწყება თუ თვითდასაქმებულია დარეგისტრირებული ამ დროისთვის სქემაში, სააგენტოში, როგორც გვითხრეს, ჯერ დამუშავებული არ აქვთ.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კერძო კომპანიები და სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან 2019 წლის იანვრის თვის ბოლომდე დარეგისტრირდნენ სქემაში.

დაგროვებით საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. კანონით, საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

2019 წლის პირველი იანვრიდან კი საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში [2018 წლის 6 აგვისტო] ქალებს 55, ხოლო კაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული. [ქალებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 55, ხოლო კაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული, საპენსიო სქემაში შეუძლიათ ნებაყოფლობით ჩაერთონ].

არასამთავრობო ორგანზიაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ [GDI] საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.

საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ასევე ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო. 

საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის [2018 წლის 6 აგვისტოს] 40 წელი ჰქონდათ შესრულებული, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში შეეძლებათ.

იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.

ამავე თემაზე:

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

 

გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები H1N1 ვირუსის გავრცელების გამო.

„ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ვიდრე არდადეგები დასრულდება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომაც დაველოდებით როგორი ინფორმაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ კვირაში. ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არ მიუღიათ“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაც. გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ასეთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან ორ დღეში უნდა მიიღონ, შემდეგ კი გადაწყვეტენ განახლდება თუ არა ბაღებში მუშაობა დათქმულ დროს, 15 იანვარს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი მიმართვიანობა ბავშვებშია.

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

 

აჭარაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს

8 იანვრის მდგომარეობით აჭარაში, სხვადასხვა საავადმყოფოში გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან ოცი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ  მონაცემების ზრდას გარკვეულწილად სიფრთხილეც განაპირობებს, თუ ადრე მოქალაქე ვირუსის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართვდა ექიმს, ახლა  მათი უმეტესობა ამჯობინებს მდგომარეობის სირთულე ექიმთან გადაამოწმოს.

„სხვა დროს ადამიანმა შეიძლება ფეხზე გადაიტანა გრიპი, არ მიმართა ექიმს, სკოლაში მაინც გაუშვა ბავშვი… ახლა კი, როცა სხვა  ვითარებაა და მედიაც ამაზე მუშაობს, ადამიანი ერთვება ამ პრცესებში, უნდა რომ დაიცვას თავი და რასაკვირველია მიდის ექიმთან.“ – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. ის იმ რჩევების გათვალისწინების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ:

„გრიპის მართვაში, გარდა სამედიცინო სტრუქტურებისა ძალიან აქტიური პოზიცია უჭირავს პაციენტს, იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა და ეტიკეტი, ხველის, ცემინების, თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდების, ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდა ამისა სულ ვამბობთ ხელების დაბანისა და ჰიგიენის მნიშვნელობაზე.“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დასახელებული მონაცმები დინამიურია: „ეს გაყინული სტატისტიკა არ არის“ და არიან პაციენტები, რომლებმაც მკურნალობა დაასრულეს და გაეწერენ, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მკურნალობდნენ რეანიმაციულ განყოფილებებში და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თერაპიულ განყიფილებებში გადაიყვანეს.

„მომართვიანობამ მოიმატა ასვე იმის ხარჯზე, რომ ამბულატორიებმა თავიანთი მუშაობის გრაფიკი შეცვალეს. მთელი ამ სამი დღის განმავლობაში, სრულად ამულატორიული ქსელი, მუშაობდა დატვირთვით მორიგეობის რეჟიმში, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სადაც მოედინებოდა ის პაციენტები, რომლებსაც ამბულატორიებში დაუნიშნეს „ტამიფლუს“ მკურნალობა“

პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალოდ იყენებენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით უფასოდ მიეწოდებათ  ბავშვებს, ორსულებს, პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს.

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი მიმართვიანობა ბავშვებშია.

ამ თემაზე:

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

 

 

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად უკრაინელ ხალხს,

საქართველოს მუსლიმების სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც 7 იანვარს ტომოსის მიღებით განმტკიცდა სტამბულში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მართლმადიდებელ მრევლს. გამარჯვებისთვის განვლილი ეს დიდი ბრძოლის გზა იყო თავისუფალი და ღირსეული ერის სრული გამოვლინება. ამავე დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის წარმატებული, ახალი და მნიშვნელოვანი რეალობაა.

გულწრფელად ვუერთდებით უკრაინელი ხალხის სიხარულს და ოცნების ახდენას.

პატივისცემითა და წარმატებების სურვილით, ტარიელ ნაკაიძე ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.“

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. უკრაინის ახლადდაფუძნებული, ერთიანი ეკლესიის მეთაურმა, ეპიფანემ, კი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისაგან ავტოკეფალიის ტომოსი 6 იანვარს მიიღო. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა.

უახლოესი დღეების პროგნოზი – აჭარაში 10 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

დღეს, 8 იანვარს, ასევე საღამოს 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით ნალექი, სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში თოვა, მაღალ მთაში ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ზოგან უფრო ძლიერი – 17-22მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7, დღისით  8-13 გრადუსი სითბო. მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5  გრადუსი სითბო.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ზოგან 17-22მ/წმ. წვიმა. დროგამოშვებით ნალექი, ხილვადობა 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე  20-25დმ [4-5ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 9  გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10-11 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმში სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი 50-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება – მხოლოდ ოთხი თვით

2019 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მიღების ყოველთვიური ფასი 50 ლარის ნაცვლად 20 ლარი იქნება, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კი, ისევ 50 ლარი.

2019 წლის პირველ ოთხ თვეში ნებართვის ფასის 20 ლარით განსაზღვრის შესახებ შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. საკრებულომ ნებართვის ფასი 50-ლარამდე მანამდე ხუთი თვით ადრე – 2018 წლის პირველი აგვისტოდან გაზარდა.

ფასის გაზრდა ბათუმის მერიის ინიციატივა იყო. მანამდე სამარშრუტო მიკროავტობუსის მესაკუთრე [სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი] ნებართვისთვის, ერთ მიკროავტობუსზე თვეში მხოლოდ 5 ლარს იხდიდა.

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში შარშან ექვსი კომპანია მონაწილეობდა და მერიის კომისიამ ექვსივე გამარჯვებულად გამოაცხადა. ქალაქში არსებული 22 სამარშრუტო ხაზი სწორედ ამ ექვს კომპანიაზე გადანაწილდა.

კონკურსის შედეგად, გასული წლის პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე შემცირდა.

 

15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

2019 წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში.

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის [EHR] ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.

[highlight color=”red”]2019 წლის პირველი მაისიდან[/highlight] ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში;
[highlight color=”red”]2019 წლის პირველი სექტემბრიდან[/highlight] ასეთი ვალდებულება ექნებათ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს, ხოლო
[highlight color=”red”]2020 წლის პირველი იანვრიდან[/highlight] ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება [გარდა ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებისა] ვალდებული იქნება, აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში გადასცეს ინფორმაცია ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„აღნიშნული სისტემა არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. სისტემაში დაცული მონაცემები კი შექმნილია და გაზიარებადია ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ და ეკუთვნის ჯანდაცვის სამინისტროს“ – აღნიშნულია სისტემის წარმოების წესში.

ამ წესის მიხედვით, „EHR სისტემის მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები და ამით ხელი შეუწყოს უწყვეტი, ეფექტური, პაციენტზე ორიენტირებული და ხარისხიანი, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას“.

წესი განსაზღვრავს, თუ ვის ექნება წვდომა სისტემასთან, ასევე იმ უწყებების ჩამონათვალს, რომლებსაც გააჩნიათ პირის შესახებ მონაცემები და რომელი მონაცემები უნდა გადასცენ მათ ამ სისტემას. სისტემის უსაფრთხოების დონე კი განისაზღვრება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

EHR სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით პაციენტს შეუძლია ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია. პაციენტის გვერდზე შესასვლელად პაციენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ამ სისტემაში. რეგისტრაცია კი ხდება მის შესახებ სისტემაში ჩანაწერის გაჩენისთანავე [გენერირდება მომხმარებლის სახელი და პაროლი].

სისტემაში რეგისტრირებულ პაციენტს უფლება აქვს მოითხოვოს, უკვე არსებული ჩანაწერები იყოს დაფარული/გაზიარებული (ხილვადი) სხვებისთვის სრულად ან ნაწილობრივ (რომელიმე ეპიზოდის/ვიზიტის დონეზე). ექიმი ვალდებულია, შეასრულოს პაციენტის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ექიმის მიერ შესაბამის მოთხოვნაზე ფორმირდება დაშვების კოდი, რომელიც SMS-ის სახით ეგზავნება პაციენტს მის პროფაილში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

თუ პაციენტს მიაჩნია, რომ მის ინფორმაციაზე წვდომა განხორციელდა არასაკმარისი საფუძვლებით, მას უფლება აქვს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პაციენტს უფლება აქვს, ასევე ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, EHR სისტემაში არსებულ მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გადასცეს მესამე პირს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები შეინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებს ენიჭება დაფარულის სტატუსი.

როგორ ცდილობენ უკვე ორი კვირაა გერმანელი მაშველები 49 მიგრანტის გადარჩენას

ათობით მიგრანტი ორი გემით – “Professor Albrecht Penck” და „Sea-Watch 3″ გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან მალტის სანაპიროზე იმყოფება, მაგრამ ქვეყანა ამ გემებზე მყოფ მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე არ იღებს. გერმანელი მაშველების ცნობით, ბორტზე სიტუაცია დღითი დღე არასტაბილური ხდება.

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მალტასთან მყოფი 49 მიგრანტის მდგომარეობა მძიმეა. გერმანული სამაშველო ორგანიზაციის [Sea-Eye] გემებმა გასულ კვირას სცადეს მალტის  მხარდაჭერის მოპოვება მიგრანტების სასარგებლოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

“გემზე სასმელი და კომუნალური წყალმომარაგება მკაცრად არის გათვლილი”, – აღნიშნა ორგანიზაციამ გასულ ორშაბათს.  ამ ორგანიზაციამ, 29 დეკემბერს, საერთაშორისო წყლებში გემზე – “Professor Albrecht Penck” 17 ადამიანი აიყვანა. გადარჩენილები ერთი კვირაა იმყოფებიან გემის სამედიცინო მომსახურების სადგურში, სადაც მხოლოდ ერთი საპირფარეშოა. აქ არ აქვთ ლეიბები და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი.

მეორე გემზე – „Sea-Watch 3″ იმყოფება 32 ადამიანი, რომლებიც ამ გემის ბორტზე მაშველებმა 22 დეკემბერს აიყვანეს. სამაშველო ორგანიზაციის ცნობით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გემის ბორტზე მყოფმა ექიმმა ფრანკ დიორნიმ გუშინ, 6 იანვარს, თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ ბორტზე სიტუაცია დღითი დღე არასტაბილური ხდება. მისი თქმით, ეს ადამიანები [მიგრანტები] არიან ტრავმირებულები, იტანჯებიან ზღვის ავადმყოფობითა და დაუცველობის განცდით. „სიტუაცია კატასტროფულია“, – ამბობს ექიმი.

ორგანიზაცია Sea-Eye ხელმძღვანელის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ისინი მალე გახდებიან იძულებულები სთხოვონ მალტას მარაგების, მათ შორის საწვავის შევსებაზე მხარდაჭერა.

მალტა, იტალია და ესპანეთი უარს აცხადებენ მიგრანტების მიღებაზე. ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გასულ შაბათს განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ სამაშველო გემებზე მყოფი მიგრანტები, მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფართო გადანაწილების პრინციპით.

49 ადამიანისთვის სოლიდარობის გამოცხადების თხოვნით, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ასევე მიმართა რომის პაპმა.

ფოტო: spiegel.de – გემი “Professor Albrecht Penck” ხმელთაშუა ზღვაში

რატომ შეწყვიტა ბსუ-მ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2019 წელს 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთები უნდა შეეძინა, რაზედაც 2018 წლის 7 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება გასული წლის 19 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტმა ეს ტენდერი შეწყვიტა.

ბსუ-ს სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჟურნალ-გაზეთების ჩამონათვალი იყო არასრულყოფილი და ეს ხარვეზი აღმოჩენილი იქნა დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულების მიერ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, რის გამოც საჭირო გახდა ჟურნალ-გაზეთების ჩამონათვალის კორექტირება“.

2018 წლის 9 დეკემბერს „ბათუმელები“ წერდა, რომ 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც ბსუ მომავალ წელს შეიძენს, 54 რუსული იყო.

2018 წლის 11 დეკემბერს კი „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს შეწყვიტა ბსუ-მ აღნიშნული ტენდერი.

შეწყვეტილი ტენდერის პირობის მიხედვით, უნივერსიტეტისთვის პრესის მიწოდების ვადა ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო,  ჟურნალ-გაზეთების გამოსვლის პერიოდულობის დაცვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე, ხელახალი ელექტრონული ტენდერი ბსუ-ს მიერ ჟურნალ-გაზეთების შესყიდვაზე, დღეის მდგომარეობით [07.01.2019] გამოცხადებული არ არის.

2019 წლის თებერვლიდან მანდატურების გადამზადება დაიწყება – ვის ეხება გადამზადება

მანდატურის სამსახურმა მანდატურების გადამზადება 2019 წლის პირველი თებერვლიდან უნდა დაიწყოს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით გადამზადება ეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომელებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები გადაეცათ 2018 წლის 29 ივნისამდე.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, მანდატურის სამსახურმა მანდატურების გადამზადება უნდა უზრუნველყოს შემდეგი ეტაპების შესაბამისად:

[checklist]

  • 2019 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
  • 2020 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
  • 2021 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
  • 2022 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 250 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური.

[/checklist]

 

მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულების იმ მანდატურების ერთიანი რეესტრი უნდა შეადგინოს, რომლებიც ექვემდებარებიან გადამზადებას და ეს რეესტრი სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრამდე უნდა წარუდგინოს.
მინისტრის ბრძანებით, მანდატურის სამსახური ვალდებულია რეგიონში დასაქმებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, გადამზადების პერიოდში, უზრუნველყოს საცხოვრებელი პირობებით და აუნაზღაუროს მათ შესაბამისი სამივლინებო ხარჯები.
მთავარი ფოტო: მანდატურები / ფოტო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფეისბუქგვერდიდან

 

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება.

მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი გასული წლის 29 ივნისს გამოცხადდა. ამ ტენდერში მერიის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია 6 კომპანიას მისცა, რის შედეგადაც ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მეორედ ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.

ამჯერად, როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, სამშენებლო სამუშაოების სავარუდო ღირებულებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია – 1 500 000 ლარი, ხოლო 2020 წელს გასათვალისწინებელი თანხაა – 1 835 145 ლარი.

ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლეს.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები.

ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.

ხვალ, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით მორწმუნეები კვირას, დილის 12 საათზე, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან და ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების გავლით იუნკერების საფლავთან მივლენ, საიდანაც კვლავ საკათედრო ტაძარში დაბრუნდებიან. ალილოზე შეგროვებულ საჩუქრებს კი მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი /
7.01.2019
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი /
7.01.2019
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი /
7.01.2019
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი /
7.01.2019
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი / 7.01.2019
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედო ტაძარი /
7.01.2019

7 იანვარს ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება.

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. ხვალ კი ქალაქის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება.

„7 იანვარს, კვირას, დღის 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება, საიდანაც დაიწყება მსვლელობა. მარშრუტი იქნება საკათედრო ტაძარი – ჭავჭავაძის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – 26 მაისის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – იუნკერების საფლავი – საკათედრო ტაძარი“, – გვითხრეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.

ეპარქიის ინფორმაციით, ალილოზე შეგროვებული საჩუქრები მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.

მთავარი ფოტო: ალილო 2018, ბათუმი.

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს.

ამ მთვლელის მიხედვით, თუ მაგალითად, დღეს, 40 წლის დასაქმებულის დარიცხული ხელფასი არის 800 ლარი, პენსაიაზე გასვლის შემდეგ ქალი [60 წლის ასაკიდან] დაგროვებითი სქემიდან თვეში მიიღებს პენსიას 189 ლარს, ხოლო კაცი [65 წლის ასაკიდან] – 489 ლარს თვეში. ამას ყოველთვიურად დაემატება სახელმწიფო პენსიაც, იმ დროისთვის არსებული ოდენობით.

როგორ გამოვთვალოთ ყოველთვიური პენსია, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულმა ყოველთვიურად უნდა მიიღოს პენსიაზე გასვლის შემდეგ:

საპენსიო სააგენტოს საპროგნოზო მთვლელის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოთ თქვენი შემოსავალი თვეში [დარიცხული ხელფასის ოდენობა და არა რასაც ხელზე იღებთ], თქვენი მიმდინარე ასაკი, ასაკი პენსიაზე გასვლისას [ქალი უთითებს 60-ს, კაცი – 65-ს] და პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა.

პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა გამოითვლება შემდეგნაირად – სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს მინუს მონაწილის მიმდინარე ასაკი. ანუ, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლად ავიღეთ 75 წელი. შესაბამისად, ქალის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა იქნება 15 წელი [75-60=15], ხოლო კაცის – 10 წელი [75-65=10].

ყოველთვიურად მისაღები თანხის გამოსათვლელად კი საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა პენსიაზე ყოფნის წლების რაოდენობაზე და გაიყოფა 12 თვეზე.

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ქალის საპენსიო ანგარიშზე არსებულმა თანხამ შეადგინა 34 036 ლარი და 56 თეთრი, ხოლო კაცის საპენსიო ანგარიშზე არსებულმა თანხამ – 56 357 ლარი და 18 თეთრი.

როგორ ითვლის ამ მონაცემს საპროგნოზო საპენსიო მთვლელი? – აღსანიშნავია, რომ მთვლელის შემდგენლებმა დაუშვეს, რომ დასაქმებულის შემოსავალი ყოველწლიურად, საშუალოდ, იზრდება 4%-ით, ხოლო საპენსიო დანაზოგზე საშუალო წლიური ამონაგები არის 7% [ანუ ამ 7% ამონაგებს თქვენს ანგარიშზე დაგროვებული თანხის ინვესტიციაში ჩადებით მიიღებთ]. ამ პროცენტულ მაჩვენებლებს მთვლელში ვერ შეცვლით.

„პირველი ხუთი წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში. ამის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. ამაზე იქნება დამოკიდებული საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მოქალაქე მიიღებს“, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში. – „ამასთან, საპენსიო შენატანებს საპენსიო ასაკამდე პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებს. ასევე, თუ გახდება შშმ პირი. გარდაცვალების შემთხვევაში კი, საპენსიო შენატანებს მოქალაქის კანონიერი მემკვიდრე მიიღებს“. სხვა შემთხვევაში მოქალაქე თანხას ერთდროულად ვერ მიიღებს. ამასთან, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ვინაიდან არანაირი გარანტია არ არის, რომ თქვენი შემოსავალი ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით აუცილებლად გაიზრდება [შეიძლება ნაკლებად გაიზარდოს, ან საერთოდ უმუშევარი დარჩეთ გარკვეულ პერიოდი, ან შემოსავალი უფრო მეტად გაგეზარდოთ], ამასთან, არავინ იცის წინასწარ, თუ რამდენი იქნება თქვენი საპენსიო დანაზოგიდან ამონაგები, ამიტომ, ყოველთვიური პენსიის ოდენობა ზედმეტად პირობითია.

რას ეფუძნება ასეთი საპროგნოზო გათვლები, საპენსიო სააგენტოში ამ ეტაპზე ვერ დაგვიკონკრეტეს, თუმცა გვითხრეს, რომ აღნიშნულ გრაფებში, სადაც შემოსავლისა და ამონაგების მაჩვენებლები ავტომატურადაა მითითებული, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მათი შეცვლა [ანუ, შეგეძლებათ მიუთითოთ 4-ზე და 7-ზე მეტი, ან ნაკლები, ან მიუთითოთ 0].

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში დავუშვათ, რომ პენსიის ასაკამდე 40 წლის დასაქმებულის შემოსავალი [დარიცხული 800 ლარი] არც იზრდება, არც კლებულობს და არც დანაზოგის ინვესტიციაში ჩადებით ველოდებით მოგებას. ასეთ შემთხვევაში სქემით დაგროვილი თანხიდან ქალი მიიღებს ყოველთვიურ პენსიას – 64 ლარს [ნაცვლად 189 ლარისა], ხოლო კაცი – 120 ლარს [ნაცვლად 469 ლარისა]. რასაც ყოველთვიურად, ბუნებრივია, დაემატება იმ დროისთვის არსებული სახელმწიფო პენსიაც.

თავისთავად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს საპროგნოზო მაჩვენებლები შეიცვლება იმის მიხედვით, დარიცხული ხელფასი 800 ლარზე ნაკლები გექნებათ თუ მეტი. ამასთან, საბოლოო მაჩვენებელი დამოკიდებულია თქვენს ასაკზეც.

ამასთან, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ლარის შემსყიდველუნარიანობა იმასთან შედარებით, რაც დღეს გააჩნია ეროვნულ ვალუტას და როგორი იქნება ის, ვთქვათ 20 წლის შემდეგ. საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფლაცია და რისკები, სავარაუდოდ, გათვლილია იმ 7-პროცენტიან საშუალო წლიურ ამონაგებში. თუმცა დეტალურად ამ კითხვას პასუხს სააგენტოს საინვესტიციო საბჭო გასცემს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი კიდევ ოთხი წევრის ადგილები კი სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით ამ დრომდე ვაკანტურია.

კიდევ ერთი მაგალითი. თუ საპენსიო სააგენტოს დღეს მოქმედი დირექტორის, ლევან სურგულაძის ხელფასი, პენსიაზე გასვლამდე იქნება 15 ათასი ლარი და საპენსიო სქემაში ჩაერთვება, ამ სქემიდან, საპროგნოზო მთვლელის მიხედვით, ის პენსიას ყოველთვიურად 428 ლარს და 50 თეთრს მიიღებს [პლუს სახელმწიო პენსია].

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:

[checklist]

  • პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დაგროვილი საპენსიო თანხის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის საშუალებით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
  • მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით. ასეთი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.

[/checklist]

ახლა კი თავად გამოითვალეთ, რა თანხას მიიღებთ დაგროვებით სქემაში ჩართვით, თქვენი ასაკისა და შემოსავლების გათვალისწინებით.

ამ თემაზე: 

 

 

 

 

ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების დასაცავად 315 600 ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიას, მიმდინარე 2019 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული შენობების დაცვა 315 600 ლარი დაუჯდება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა შემდეგი შენობები: ბათუმი – ლ. ასათიანის ქ. №25; მ. ლერმონტოვის ქ. №90ა; ს.ს. ორბელიანის 10; ასევე, დაუმთავრებელი შენობა – ყოფილი სასტუმრო „მეზღვაური“.

მერიის ინფორმაციით, „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ქონება [ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობები და აღნიშნულ შენობებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა], ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ამ შენობებში განთავსებულია პერსონალური, საარქივო დოკუმენტაციები, მერიის საწყობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ობიექტები მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენენ აუცილებელ დანიშნულების ობიექტებს და აუცილებელია განხორციელდეს მათი სათანადო დაცვა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტს“.

„შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 315 600 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომელიც განისაზღვრა წინა წლებში ანალოგიური მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, დაცვის მომსახურებაზე „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და დასაცავ ობიექტებზე წარმოდგენილი დაცვის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების საფუძველზე“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე.

 

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა.

დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის უფასოდ ამ მედიკამენტს, გამომდინარე აფთიაქებში დროებით შექმნილი დეფიციტიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და უკვე დღეიდან ამითი ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები და ასაკით პენსიონერები, ისინი ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. ასეთ შემთხვევებში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს საქართველოს მასშტაბით და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს“.

სერგეენკოს თქმით, უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებს სააფთიაქო ქსელებისთვის „ტამიფლუს“ გადაცემაზე: „დღეს საღამოს დასრულდება შეთანხმება სააფთიაქო ქსელებთან და ჩვენ ამ ქსელებშიც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან საკმაო რაოდენობას ამ მედიკამენტებისას ისე, რომ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი არ შეიქმნას. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქებში იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 05“.

10 აბი „ტამიფლუ“ 50-10 ლარი ღირს იმ აფთიაქებში, სადაც მედიკამენტი ფიზიკურად აქვთ. თუმცა, აფთიაქების სრულ უმრავლესობაში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ „ტამიფლუს“ მარაგი ამოწურულია.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს.

პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი [აღმაშენებლის 148 ნომერში]. პრეპარატის მარაგი საერთოდ ამოწურულია „ფარმადეპოშიც“.

„ტამიფლუს“ შეძენა ბათუმში „ირინას აფთიაქშია“ შესაძლებელი, სადაც პრეპარატი, როგორც აფთიაქში გვითხრეს, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და 10 კაფსულა 50 ლარი ღირს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მარაგის ამოწურვამდე „PSP-ში“ 10 კაფსულა „ტამიფლუ“ 76 ლარი და 85 თეთრი ღირდა [„PSP-ს“ ბარათით – 73 ლარი]; „ავერსის“ იმ ერთ აფთიაქში, სადაც პრეპარატი აქვთ, 10 კაფსულა, ფასდაკლების გარეშე, 99 ლარი ღირს [93 ლარი და 05 თეთრი კი „მტრედი ბარათით“]; ხოლო „ფარმადეპოში“ იგივე რაოდენობის პრეპარატი 93 ლარი ღირდა [აქაც მოქმედებდა ფასდაკლების ბარათი].

„ფარმადეპოში“ აცხადებენ, რომ პრეპარატის შემოტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ. რაც შეეხება „ირინას აფთიაქს“ ბათუმში, აქ გვითხრეს, რომ მარაგი აქვთ და პრეპარატი რეგულარულად შემოაქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ, 4 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გადანაწილდა და ის მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და ორსულებზე გაიცემა უფასოდ, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

პრეპარატს გასცემს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143.  ცხელი ხაზი: 0422 27 03 94

პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება.

ამ თემაზე:

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

 

კაზინო „ინტურისტი“ არ იხურება, შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა

გუშინ კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ აჭარის ტელევიზიას უთხრეს, რომ სამსახურიდან თითქმის 180 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს დამსაქმებელი. სასტუმრო „ინტურისტში“ შეკრებილი კაზინოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მათ მისაღები აქვთ დეკემბრის თვის ხელფასიც.

მფლობელმა, ცოტა უფრო ადრე, თანამშრომლები – 50 დასაქმებული დაითხოვა სასტუმრო „ინტურისტ პალასიდანაც“. სასტუმროში შემცირებამდე 150-მდე პირი მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჟამად კაზინო „ინტურისტში“ 270 პირია დასაქმებული და მათ იმ პროპორციით შეამცირებენ, როგორც ეს სასტუმრო „ინტურისტის“ შემთხვევაში მოხდა.

სასტუმრო და კაზინო „ინტურისტი“ კომპანია ,,მეტროს” საკუთრებაა. ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ „კომპანია „მეტრო“ ინტურისტის კაზინოს თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ასე რომ უცნობია იხურება, თუ განაგრძობს საქმიანობას კაზინო, ან დარჩება თუ არა სამსახურში თანამშრომელთა იგივე შემადგენლობა“.

 

მთავრობამ საქართველოს დროშით მცურავი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების წესი დაამტკიცა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და ძალაში იმავე დღეს შევიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით „ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე“.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში და უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან განზრახული აქვთ გაემართონ საქართველოს იმ ნავსადგურისკენ, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, მათ შორის:

[checklist]

  • სამგზავრო გემები, სწრაფმავალი სამგზავრო გემების ჩათვლით;
  • 500 და მეტი საერთო ტევადობის (GT) სატვირთო გემები, მათ შორის სწრაფმავალი გემი;
  • მცურავი პლატფორმა.

[/checklist]

ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემებზე, დამხმარე სამხედრო გემებსა და სახელმწიფო გემებზე, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.

ნავსადგურის უშიშროების ეროვნული უწყება არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ახორციელებს ამ წესის დანერგვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას.

ახალი წესის მიხედვით საქართველოს ყველა ნავსადგურში ინიშნება ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებას და ადმინისტრირებას. ამასთან, სანავსადგურე ობიექტში შეიძლება დანიშნული იყოს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი, რომელიც ფუნქციონალურად უნდა ექვემდებარებოდეს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერს ნიშნავს ნავსადგურის ადმინისტრაცია ან სააგენტო.

კომპანია [გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი], ნიშნავს გემის უშიშროების ოფიცერს მისი ოპერირების ქვეშ მყოფ ყოველ გემზე, რომელზეც ვრცელდება უშიშროების დაცვის მოთხოვნები. გემის უშიშროების ოფიცერი პასუხისმგებელია გემზე ამ წესების მოთხოვნების დანერგვაზე.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი გემებზე არალეგალური მგზავრობისა და გემზე მოხვედრის პრევენციის, ასევე მგზავრებზე რეაგირების ზომებსაც ითვალისწინებს:

[crosslist]

  • „ჩაკეტილი კარები, ხუფები, სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები, ტრიუმები, სამანქანე განყოფილება და ეკიპაჟისა და მგზავრების კაიუტები; გემის საცხოვრებელ ნაწილში შემავალი კარები ასევე უნდა იყოს უსაფრთხო და იკეტებოდეს ისე, რომ ტოვებდეს მხოლოდ ერთ ღია შესასვლელს. უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაკეტილი კარების გასაღები უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას, რათა შესაძლებელი იყოს კარების გაღება საგანგებო მდგომარეობის დროს;
  • სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები გემბანზე, სამანქანე განყოფილება და კაიუტები ჩაკეტილი უნდა იყოს გემის ნავსადგურში ყოფნის დროს; დერეფნებზე განხორციელდეს თვალთვალი; იმ ტერიტორიების შემოწმება, რომელთა რეგულარულად დაკეტვა შეუძლებელია;
  • უბილეთო მგზავრის აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უწყებებს. თუმცა, რადგან ზოგიერთი უბილეთო მგზავრი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო, არ არის რეკომენდირებული პირდაპირი ჩარევა, რათა გემის და ეკიპაჟის უშიშროება არ დადგეს რისკის ქვეშ“.

[/crosslist]

აღნიშნული წესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საფუძველზე მომზადდა. სააგენტოს განცხადებით, ის სრულად პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და ნავსადგურებში უშიშროების უზრუნველყოფაზე.

ამასთან, „მთავრობის მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება „გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერებისთაობაზე“, ასევე ევროპარლამენტისა და საბჭოს შესაბამისი დირექტივები“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ბათუმის ბულვარი და სანაპირო წვიმისა და შტორმის შემდეგ [ფოტო]

გუშინ, 4 იანვარს ძლიერი წვიმას მოჰყვა შტორმი ზღვაზე, რამაც ბათუმის ზღვის სანაპირო და ბულვარი დაანაგვიანა და შლამით დაფარა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სანაპიროს ქვა-ღორღისგან დილიდან ასუფთავებენ.

ბულვარი და სანაპირო დღეს. ფოტო აჭარის მთავრობა
ბულვარი და სანაპირო დღეს. ფოტო აჭარის მთავრობა
ბულვარი და სანაპირო დღეს. ფოტო აჭარის მთავრობა
ბულვარი და სანაპირო დღეს. ფოტო აჭარის მთავრობა

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

დასაქმებულს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოსვლა აღარ.

სქემიდან გასვლის უფლება არ აქვთ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებიათ 40 წელი.

რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.

ანუ, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყავით 40 ან მეტი წლის, ამასთან თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი და მაისის ბოლოს გადაწყვიტეთ გახვიდეთ სქემიდან, თქვენს საპენსიო ანგარიშზე ჯამში შეტანილი 100 ლარიდან [20-20 ლარი ყოველთვიურად], უკან დაგიბრუნდებათ 80 ლარამდე [საშემოსავლოსა და მომსახურების თანხის გამოკლებით].

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შეტანილ თანხას [2-2%] უკან დაიბრუნებს დამსაქმებელიც და სახელმწიფო ხაზინაც, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უარს იტყვის სქემაში მონაწილეობაზე.

დაგროვებით საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული – 60 წლამდე კაცები და 55 წლამდე ქალები. ეს კანონის მოთხოვნაა და დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს დამსაქმებელი მის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად გადარიცხავს მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში. ასე გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც, თუ დასაქმებული მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში არ გამოვა სქემიდან.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობენ დასაქმებულები, რომელთაც კანონის ამოქმედების თარიღამდე [2018 წლის 6 აგვისტო], შეუსრულდათ 60 წელი მამაკაცების შემთხვევაში და 55 წელი ქალბატონების შემთხვევაში. ასეთი პირები ავტომატურად არ წევრიანდებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, თუმცა მათ საშუალება აქვთ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართონ საპენსიო სააგენტოს.

გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარისგან გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა

გარდაიცვალა ბათუმის მერიის თანამშრომელი იოსებ/სოსო შერვაშიძე. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა. სოსო შერვაშიძე 53 წლის იყო.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“.

სოსო შერვაშიძე შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. სწორედ ამ დროს დაშავდა სოსო შერვაშიძე.

გუშინ ქარმა ბათუმში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე მოგლიჯა ხე-მცენარეები.

რა კატეგორიის მართვის მოწმობები უნდა შეიცვალოს პირველ მარტამდე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები.

აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.

როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, „BC“ – ასეთი ცალკე კატეგორია არ არსებობს, მაგრამ თუ მოქალაქეს აქვს „B“ და ამასთან დამატებით ასევე „C“ კატეგორიაც, და ასეთი მართვის მოწმობა გაცემულია 2014 წლის პირველ მარტამდე, მან მოწმობა უნდა შეცვალოს.

მომსახურების სააგენტოს განცხადებით, მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ პირველ მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის პირველ მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5-წლიანი ვადით გაიცემა.

მძიმეა ქარის შედეგად აგლეჯილი სახურავის ქვეშ მოყოლილი მერიის თანამშრომლის მდგომარეობა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ის შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად მეორე დაშავებულს, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიის დაშავებული თანამშრომლის ბიძაშვილია, აქვს მრავლობითი მოტეხილობა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. სწორედ ამ დროს დაშავდა მერიის თანამშრომელი.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი  საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლებისა და ხის მასალების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

ბათუმში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომლის ქვეშ ადამიანები მოექცნენ

ქარმა სახურავი სახლს ძველ ბათუმშიც გადახადა – დაზიანდა 2 ავტომანქანა

ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, ქარმა გორგაძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ორი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სახლზე მთლიანადაა გადახდილი სახურავი, დაახლოებით 85 კვ/მ. ყველა სამსახური, ექსპერტიზის ჩათვლით ადგილზეა. სახლი მეპატრონის მიერ იყო გადახურული, დაზიანდა სახლის ნაწილიც, თუმცა, ოჯახი სხვაგან გადაყვანას არ საჭიროებს“, – გვითხრა ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერმა ირაკლი დევაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შევიდა 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი  საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლებისა და ხის მასალების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქარმა ძველ ბათუმში კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანდა 2 ავტომანქანა / 4.01.2019 / ფოტო: ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული

ამ თემაზე:

ბათუმში, ადამიანები ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ [ფოტო]

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“.

სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს პრეპარატი ტამიფლუს გარკვეული, დამატებითი რაოდენობების მოწოდებას.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს პრეპარატ ტამიფლუს გაცემას უპირატესად ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (ან მათი ოჯახის წევრზე) ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა N100-ის წარმოდგენით.

ამასთან სოციალურად დაუცველისთვის საჭირო იქნება მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც, აღნიშნულის არქონის შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ პაციენტის  პირადი ნომრის მიხედვით.

ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად აუცილებელია ფორმა N100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც.

პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143.  ცხელი ხაზი: 0422 27 03 94

პრეპარატის გაცემის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია მიმართოთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს (ნონა ეფაძე, ტელ: 577 27 87 40).

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, 5 და 6 იანვარს (შაბათ-კვირა), ქ. ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე მოემსახურებიან, ხოლო 7 იანვარს (ორშაბათი) 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს!“

შსს: ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ 11 შეტყობინება შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლის სახურავის ჩამოვარდნისა და მოქალაქეების დაზიანების გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შევიდა 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი  საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლებისა და ხის მასალების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდნილმა სახურავმა ორი პირი დააზიანა. ისინი ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ, მათ შორის ერთი „მედცენტრში“, მეორე კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ათავისუფლებენ მოგლეჯილი ხეებისა და სახურავის ნარჩენებისგან ჩახერგილ გზის სავალ ნაწილს. ჭავჭავაძის ქუჩა ამ მონაკვეთში გადაკეტილია.

ბათუმში უკვე დაიწყო წვიმა [18:15]. სინოპტიკოსების ვარაუდით, წვიმის შემდეგ ქარი ჩადგება.

Exit mobile version