შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები.
აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.
როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, „BC“ – ასეთი ცალკე კატეგორია არ არსებობს, მაგრამ თუ მოქალაქეს აქვს „B“ და ამასთან დამატებით ასევე „C“ კატეგორიაც, და ასეთი მართვის მოწმობა გაცემულია 2014 წლის პირველ მარტამდე, მან მოწმობა უნდა შეცვალოს.
მომსახურების სააგენტოს განცხადებით, მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.
მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ პირველ მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის პირველ მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5-წლიანი ვადით გაიცემა.