მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით

11.12.2018
ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიასთან „75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბსუ 2019 წელში გეგმავს, 54 რუსულია“ დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბსუ ყოველწლიურად სხვადასხვა გზით შეისყიდის სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საერთაშორისო  მონაცემთა ბაზების: Elsevier, ScienceDirect; Scopus; Clarivate Analytics; EBSCO; Cambridge Journals Online და ა.შ. პროდუქციას. აღნიშნულ ბაზებში განთავსებული ათასობით გამოცემის  შერჩევა ხდება მკაცრი სარედაქციო პოლიტიკით, ცალკეული გამოცემის რეიტინგისა და სანდოობის გათვალისწინებით. პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია სამეცნიერო  ბაზების შესყიდვა კონსორციუმის გზით,  ძირითადად ჩვენც ამ გზით ვახდენთ პროდუქციის შეძენას, აქ განთავსებული ლიტერატურის აბსოლუტური უმრავლესობა კი ინგლისურენოვანია.

ბსუ-ს სტუდენტებსა და პერსონალს საერთაშორისო სამეცნიერო  ბაზების გამოყენება შეუძლიათ უნივერსიტეტის IP მისამართებიდან ან ბაზებში რეგისტრაციის შემდგომ.  ბაზების აღწერა განთავსებულია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: https://bsu.edu.ge/sub-15/page/2-174/index.html

ნებისმიერი პირი, ვისაც სამეცნიერო კვლევის გამოცდილება აქვს ან, უბრალოდ, ჰქონია შეხება მეცნიერებასთან, აღიარებს ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო პროდუქციის მნიშვნელობას და იოლად შეაფასებს თუ რაოდენ ღირებულია ეს ბაზები სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოებისას. დასახელებული ბაზები რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ჩატარებულ ღირებულ კვლევებსა და მიღწევებს. აქვე დავძენთ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებით მოწმდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის და მისი გამოყენების ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა თუ უცხოელმა ექსპერტებმა არაერთგზის დადებითად შეაფასეს აღნიშნული ასპექტი ბსუ-ში.

კარგი იქნებოდა ავტორი ვიდრე მოამზადებდა ამ სტატიას და საზოგადოებას აჩვენებდა, რომ ბსუ თითქოს მხოლოდ რუსულენოვანი ლიტერატურის შეძენას ახდენს, გასცნობოდა ბსუ-ს ზემოთ დასახელებულ ბაზებთან წვდომის შესაძლებლობებს და აგრეთვე, ბსუ-ს ტენდერის გზით შეძენილი ლიტერატურის მრავალფეროვნებას. სტატისტიკისათვის გაცნობებთ, რომ მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან დღემდე ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემოსული 57 487 ლარის ღირებულების წიგნებიდან (და არა პერიოდიკიდან), 21 402 ლარის არის უცხოენოვანი თანამედროვე ლიტერატურა, 321 ლარის რუსულენოვანი, ხოლო დანარჩენი სხვა ენებზე.

გარდა საერთაშორისო ბაზებისა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია გაერთიანებული ქართული სისტემების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში „GSS for Education“. პროგრამა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ისარგებლოს იურიდიული ლექსიკონისა და საკანონმდებლო აქტების ელექტრონული ბიბლიოთეკით.

და ბოლოს,  მკითხველი იოლად მიხვდება, რამდენიმე ეგზემპლარი რუსული პერიოდიკის  ბეჭდურ მატარებლებზე შესყიდვის რეალურ მიზეზს: აღნიშნულ სამეცნიერო გამოცემებზე  წვდომა არ ხერხდება საერთაშორისო ბაზების საშუალებით, ბიბლიოთეკა კი ვალდებულია შეისწავლოს თავისი მკითხველის (თუნდაც მცირე ჯგუფის) მოთხოვნები და შეძლებისამებრ იზრუნოს მათ დაკმაყოფილებაზე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: