მთავარი,სიახლეები

ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს

27.08.2018 • 3144
ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგები ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნა. კონკურსში ექვსი კომპანია მონაწილეობდა და მერიის კომისიამ ექვსივე გამარჯვებულად გამოაცხადა. ქალაქში არსებული 22 სამარშრუტო ხაზი სწორედ ამ ექვს კომპანიაზე გადანაწილდება.

გამარჯვებულ კომპანიებზე შესაბამისი ნებართვების გაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. კონკურსის შედეგებზე საკრებულო 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში:

[checklist]

  • ექვსივე კომპანია ვალდებული იქნება, სანებართვო მოწმობის მიღების და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში უზრუნველყოს სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა.
  • კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე ნებართვა გაიცემა და ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 7 სექტემბრიდან.

[/checklist]

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სამარშრუტო ხაზების მიხედვით:

[checklist]

  • „ჯორჯიანტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 24, 25, 44, 45, 46.
  • „ავტოტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 32, 52.
  • „მწვანე შუქი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 28, 29.
  • „ავტომობილისტი 42“ – სამარშრუტო ხაზები: NN 42, 47.
  • „ირაკლი ჩავლეიშვილი“ – სამარშრუტო ხაზი: N 30.
  • „აჭარტრანსრეგულირება“ – სამარშრუტო ხაზები: NN 20, 21, 31, 33, 34, 36, 39, 40, 49, 56.

[/checklist]

ამ კომპანიებიდან ოთხი კომპანია ადრე გაცემული ნებართვების საფუძველზე ქალაქში დღემდე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას. არსებული კანონმდებლობით, შესაძლებელია ნებართვის ვადის გაგრძელება, თუმცა საკრებულოში შესულია მერიის წინადადება, რომ ეს პუნქტი ამოიღონ და კონკურსი ნებართვაზე ყოველწლიურად გამოცხადდეს. ნებართვა ერთწლიანია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს რაოდენობა ახალი ნებართვების გაცემიდან 250-მდე უნდა შემცირდეს. ანუ, კონკურსგავლილი 564 მიკროავტობუსიდან დღეში ხაზზე 250 უნდა მოძრაობდეს.

იქნება თუ არა მიკროავტობუსების ეს რაოდენობა საკმარისი მგზავრების გადასაყვანად? – მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „როცა დაიწყება მუშაობა, ყველაფერი გამოჩნდება – მიკროავტობუსის დამატება იქნება საჭირო ამა თუ იმ ხაზზე, ან პირიქით შემცირება, მაგის დარეგულირების უფლებაც გვაქვს და თუ საჭიროება მოითხოვს, დავარეგულირებთ“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/152899/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/140143/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: