მთავარი,სიახლეები

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელეს

08.01.2019
აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დეპუტატ ზაზა ოქუაშვილისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. სტატუსის შეჩერების თხოვნით უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა თვითონ მიმართა.

სხდომაზე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა „ოცნების“ უმრავლესობიდან საკითხთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია დააფიქსირეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ და ნინო ბუჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“-ს წევრმა –  გიორგი ცინცქილაძემ  წინააღმდეგ აწიეს ხელი. უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიით უმაღლეს საბჭოში მოხვედრილმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს დეპუტატის სტატუსის შეჩერების თხოვნით 2018 წლის 20 დეკემბერს მიმართა. მას აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ზაზა ოქუაშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერი – მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, „პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ“ ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობა მოითხოვეს. „პრობლემებში“ იგულისხმება „ომეგა ჯგუფის“ რამდენიმემილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.  დეპუტატი ასევე საუბრობდა სხვადასხვა სახის გამოძალვაზე.  უკვე რამდენიმე თვეა ის ლონდონში იმყოფება, შესაბამისად, ის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: