Batumelebi | გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარისგან გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარისგან გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა – Batumelebi
RU | GE  

გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელიც ქარისგან გადმოვარდნილი სახურავის ქვეშ მოყვა

გარდაიცვალა ბათუმის მერიის თანამშრომელი იოსებ/სოსო შერვაშიძე. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა. სოსო შერვაშიძე 53 წლის იყო.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“.

სოსო შერვაშიძე შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. სწორედ ამ დროს დაშავდა სოსო შერვაშიძე.

გუშინ ქარმა ბათუმში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე მოგლიჯა ხე-მცენარეები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან