მთავარი,სიახლეები

15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

07.01.2019 • 2936
15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

2019 წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში.

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის [EHR] ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.

[highlight color=”red”]2019 წლის პირველი მაისიდან[/highlight] ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში;
[highlight color=”red”]2019 წლის პირველი სექტემბრიდან[/highlight] ასეთი ვალდებულება ექნებათ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს, ხოლო
[highlight color=”red”]2020 წლის პირველი იანვრიდან[/highlight] ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება [გარდა ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებისა] ვალდებული იქნება, აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში გადასცეს ინფორმაცია ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„აღნიშნული სისტემა არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. სისტემაში დაცული მონაცემები კი შექმნილია და გაზიარებადია ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ და ეკუთვნის ჯანდაცვის სამინისტროს“ – აღნიშნულია სისტემის წარმოების წესში.

ამ წესის მიხედვით, „EHR სისტემის მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები და ამით ხელი შეუწყოს უწყვეტი, ეფექტური, პაციენტზე ორიენტირებული და ხარისხიანი, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას“.

წესი განსაზღვრავს, თუ ვის ექნება წვდომა სისტემასთან, ასევე იმ უწყებების ჩამონათვალს, რომლებსაც გააჩნიათ პირის შესახებ მონაცემები და რომელი მონაცემები უნდა გადასცენ მათ ამ სისტემას. სისტემის უსაფრთხოების დონე კი განისაზღვრება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

EHR სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით პაციენტს შეუძლია ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია. პაციენტის გვერდზე შესასვლელად პაციენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ამ სისტემაში. რეგისტრაცია კი ხდება მის შესახებ სისტემაში ჩანაწერის გაჩენისთანავე [გენერირდება მომხმარებლის სახელი და პაროლი].

სისტემაში რეგისტრირებულ პაციენტს უფლება აქვს მოითხოვოს, უკვე არსებული ჩანაწერები იყოს დაფარული/გაზიარებული (ხილვადი) სხვებისთვის სრულად ან ნაწილობრივ (რომელიმე ეპიზოდის/ვიზიტის დონეზე). ექიმი ვალდებულია, შეასრულოს პაციენტის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ექიმის მიერ შესაბამის მოთხოვნაზე ფორმირდება დაშვების კოდი, რომელიც SMS-ის სახით ეგზავნება პაციენტს მის პროფაილში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

თუ პაციენტს მიაჩნია, რომ მის ინფორმაციაზე წვდომა განხორციელდა არასაკმარისი საფუძვლებით, მას უფლება აქვს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პაციენტს უფლება აქვს, ასევე ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, EHR სისტემაში არსებულ მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გადასცეს მესამე პირს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები შეინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებს ენიჭება დაფარულის სტატუსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: