მთავარი,სიახლეები

იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე

08.01.2019 • 4054
იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე

ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა ვაქცინის გაკეთებას ეფექტი ახლა, იანვარში და რამდენ ხანში დაიწყებს ვაქცინა მოქმედებას? – ამ კითხვებზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე გვპასუხობს.

ქალბატონო ნანა, ეფექტური იქნება ახლა ვაქცინის გაკეთება?

იმ თვალსაზრისით, რომ უკვე გვაქვს შემთხვევები, ვაქცინა ეფექტური იქნება, თუ პირს კონტაქტი არ აქვს დაავადებულ ადამიანთან ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში, ან ეცოდინება ზუსტად, რომ ვაქცინა მოქმედებს მინიმუმ ორი კვირის შემდეგ, რადგან ანტისხეულის გამომუშავება ორი კვირის შემდეგ იწყება.

ორი კვირის შიგნით თუ ექნება კონტაქტი გრიპით დაავადებულთან, უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ ის შეიძლება ვერ დაიცვას ვაქცინამ. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. ხშირია შემთხვევები, როცა იკეთებენ ვაქცინას და შემდეგ აქვთ პრეტენზია მაინც დამემართაო. ამიტომ ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი, რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ მინიმუმ ორი კვირის შემდეგ.

გრიპის სეზონი, რა თქმა უნდა, დამთავრებული არ არის და მეორე ტალღას ველოდებით თებერვალში. შეიძლება იყოს გაზაფხულზეც. ამიტომ რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინა გაიკეთოს ადამიანმა, თუმცა უპრიანია გაიკეთოს ოქტომბერ-ნოემბერში, სანამ დაფიქსირდება გრიპის შემთხვევები. 6 568 დოზა ვაქცინა იყო ჩამოტანილი აჭარაში. რისკის ჯგუფებთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებოდით, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა. წლის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 ორსული გვყავს და, ძირითადად, ვთავაზობდით მათ, მაგრამ ორსული  დაახლოებით 350 აიცრა.

მიზეზი რა იყო, ძირითადად ისევ ის, რომ ეშინიათ ვაქცინის?

დიახ, როცა სთავაზობენ იგნორირებას უკეთებენ. შემთხვევების რაოდენობამაც აჩვენა, რომ ორსულები უფრო მეტად ავადდებიან და უფრო მძიმედ მიმდინარეობს  ეს დაავადება. რატომღაც ჰგონიათ, რომ პროფილაქტიკის მიზნით „ტამიფლუს“ დალევა შეიძლება, რასაც არანაირი აზრი არა აქვს, პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია.

ვთქვათ, ახლა სურს პირს აცრის გაკეთება, როგორ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, ექიმს უნდა მიმართოს, თუ აფთიაქს?

ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მიმართოს სააფთიაქო ქსელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვითონ არ უნდა გაიკეთოს ეს ვაქცინა, სახლის პირობებში მისი გაკეთება არ შეიძლება. ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ამცრელი კაბინეტი. თუ ექიმმა არ მისცა რეკომენდაცია რაიმე მწვავე დაავადების გამო, შესაძლებელია, რომ გადავადდეს რამდენიმე დღით ვაქცინაცია.

მაგალითად?

ვთქვათ, დაინფიცირდა ცხოველის მიერ და მას სჭირდება ანტირაბიული ვაქცინა, ამ შემთხვევაში თუ მას გაკეთებული აქვს გრიპის ვაქცინა და ორი კვირის შემდეგ გაიკეთა სხვა ვაქცინა, უნდა ვუთხრათ, რომ გრიპის ვაქცინა ინაქტივირდება და იმ რაოდენობის იმუნიტეტს აღარ გამოიმუშავებს, ამიტომ სხვა მედიკამენტის დანიშვნისა და მისი დამთავრების შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კიდევ რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

ამ ვაქცინისთვის უკუჩვენებაა ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: