მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

07.01.2019 • 1793
ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება.

მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი გასული წლის 29 ივნისს გამოცხადდა. ამ ტენდერში მერიის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია 6 კომპანიას მისცა, რის შედეგადაც ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მეორედ ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.

ამჯერად, როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, სამშენებლო სამუშაოების სავარუდო ღირებულებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია – 1 500 000 ლარი, ხოლო 2020 წელს გასათვალისწინებელი თანხაა – 1 835 145 ლარი.

ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლეს.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: