მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

04.01.2019 • 3694
სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“.

სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს პრეპარატი ტამიფლუს გარკვეული, დამატებითი რაოდენობების მოწოდებას.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს პრეპარატ ტამიფლუს გაცემას უპირატესად ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (ან მათი ოჯახის წევრზე) ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა N100-ის წარმოდგენით.

ამასთან სოციალურად დაუცველისთვის საჭირო იქნება მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც, აღნიშნულის არქონის შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ პაციენტის  პირადი ნომრის მიხედვით.

ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად აუცილებელია ფორმა N100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც.

პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143.  ცხელი ხაზი: 0422 27 03 94

პრეპარატის გაცემის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია მიმართოთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს (ნონა ეფაძე, ტელ: 577 27 87 40).

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, 5 და 6 იანვარს (შაბათ-კვირა), ქ. ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე მოემსახურებიან, ხოლო 7 იანვარს (ორშაბათი) 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: