დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის [8 იანვრის 13 საათისთვის] 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული. ამაში შედის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო სამსახურები. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებიც რეგისტრირდებიან, თუმცა დიფერენცირებული მონაცემები, თუ რამდენი კერძო, სახელმწიფო კომპანია, საჯარო უწყება თუ თვითდასაქმებულია დარეგისტრირებული ამ დროისთვის სქემაში, სააგენტოში, როგორც გვითხრეს, ჯერ დამუშავებული არ აქვთ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კერძო კომპანიები და სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან 2019 წლის იანვრის თვის ბოლომდე დარეგისტრირდნენ სქემაში.
დაგროვებით საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. კანონით, საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.
2019 წლის პირველი იანვრიდან კი საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში [2018 წლის 6 აგვისტო] ქალებს 55, ხოლო კაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული. [ქალებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 55, ხოლო კაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული, საპენსიო სქემაში შეუძლიათ ნებაყოფლობით ჩაერთონ].
არასამთავრობო ორგანზიაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ [GDI] საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.
საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ასევე ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო.
საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის [2018 წლის 6 აგვისტოს] 40 წელი ჰქონდათ შესრულებული, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში შეეძლებათ.
იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
ამავე თემაზე:
თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი