მთავარი,სიახლეები

როგორ ცდილობენ უკვე ორი კვირაა გერმანელი მაშველები 49 მიგრანტის გადარჩენას

07.01.2019 • 2118
როგორ ცდილობენ უკვე ორი კვირაა გერმანელი მაშველები 49 მიგრანტის გადარჩენას

ათობით მიგრანტი ორი გემით – “Professor Albrecht Penck” და „Sea-Watch 3″ გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან მალტის სანაპიროზე იმყოფება, მაგრამ ქვეყანა ამ გემებზე მყოფ მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე არ იღებს. გერმანელი მაშველების ცნობით, ბორტზე სიტუაცია დღითი დღე არასტაბილური ხდება.

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მალტასთან მყოფი 49 მიგრანტის მდგომარეობა მძიმეა. გერმანული სამაშველო ორგანიზაციის [Sea-Eye] გემებმა გასულ კვირას სცადეს მალტის  მხარდაჭერის მოპოვება მიგრანტების სასარგებლოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

“გემზე სასმელი და კომუნალური წყალმომარაგება მკაცრად არის გათვლილი”, – აღნიშნა ორგანიზაციამ გასულ ორშაბათს.  ამ ორგანიზაციამ, 29 დეკემბერს, საერთაშორისო წყლებში გემზე – “Professor Albrecht Penck” 17 ადამიანი აიყვანა. გადარჩენილები ერთი კვირაა იმყოფებიან გემის სამედიცინო მომსახურების სადგურში, სადაც მხოლოდ ერთი საპირფარეშოა. აქ არ აქვთ ლეიბები და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი.

მეორე გემზე – „Sea-Watch 3″ იმყოფება 32 ადამიანი, რომლებიც ამ გემის ბორტზე მაშველებმა 22 დეკემბერს აიყვანეს. სამაშველო ორგანიზაციის ცნობით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გემის ბორტზე მყოფმა ექიმმა ფრანკ დიორნიმ გუშინ, 6 იანვარს, თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ ბორტზე სიტუაცია დღითი დღე არასტაბილური ხდება. მისი თქმით, ეს ადამიანები [მიგრანტები] არიან ტრავმირებულები, იტანჯებიან ზღვის ავადმყოფობითა და დაუცველობის განცდით. „სიტუაცია კატასტროფულია“, – ამბობს ექიმი.

ორგანიზაცია Sea-Eye ხელმძღვანელის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ისინი მალე გახდებიან იძულებულები სთხოვონ მალტას მარაგების, მათ შორის საწვავის შევსებაზე მხარდაჭერა.

მალტა, იტალია და ესპანეთი უარს აცხადებენ მიგრანტების მიღებაზე. ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გასულ შაბათს განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ სამაშველო გემებზე მყოფი მიგრანტები, მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფართო გადანაწილების პრინციპით.

49 ადამიანისთვის სოლიდარობის გამოცხადების თხოვნით, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ასევე მიმართა რომის პაპმა.

ფოტო: spiegel.de – გემი “Professor Albrecht Penck” ხმელთაშუა ზღვაში

გადაბეჭდვის წესი