მთავარი,სიახლეები

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

05.01.2019 • 2040
გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა.

დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის უფასოდ ამ მედიკამენტს, გამომდინარე აფთიაქებში დროებით შექმნილი დეფიციტიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და უკვე დღეიდან ამითი ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები და ასაკით პენსიონერები, ისინი ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. ასეთ შემთხვევებში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს საქართველოს მასშტაბით და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს“.

სერგეენკოს თქმით, უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებს სააფთიაქო ქსელებისთვის „ტამიფლუს“ გადაცემაზე: „დღეს საღამოს დასრულდება შეთანხმება სააფთიაქო ქსელებთან და ჩვენ ამ ქსელებშიც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან საკმაო რაოდენობას ამ მედიკამენტებისას ისე, რომ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი არ შეიქმნას. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქებში იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 05“.

10 აბი „ტამიფლუ“ 50-10 ლარი ღირს იმ აფთიაქებში, სადაც მედიკამენტი ფიზიკურად აქვთ. თუმცა, აფთიაქების სრულ უმრავლესობაში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ „ტამიფლუს“ მარაგი ამოწურულია.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: