მთავარი,სიახლეები

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

05.01.2019 • 12077
გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს.

პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი [აღმაშენებლის 148 ნომერში]. პრეპარატის მარაგი საერთოდ ამოწურულია „ფარმადეპოშიც“.

„ტამიფლუს“ შეძენა ბათუმში „ირინას აფთიაქშია“ შესაძლებელი, სადაც პრეპარატი, როგორც აფთიაქში გვითხრეს, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და 10 კაფსულა 50 ლარი ღირს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მარაგის ამოწურვამდე „PSP-ში“ 10 კაფსულა „ტამიფლუ“ 76 ლარი და 85 თეთრი ღირდა [„PSP-ს“ ბარათით – 73 ლარი]; „ავერსის“ იმ ერთ აფთიაქში, სადაც პრეპარატი აქვთ, 10 კაფსულა, ფასდაკლების გარეშე, 99 ლარი ღირს [93 ლარი და 05 თეთრი კი „მტრედი ბარათით“]; ხოლო „ფარმადეპოში“ იგივე რაოდენობის პრეპარატი 93 ლარი ღირდა [აქაც მოქმედებდა ფასდაკლების ბარათი].

„ფარმადეპოში“ აცხადებენ, რომ პრეპარატის შემოტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ. რაც შეეხება „ირინას აფთიაქს“ ბათუმში, აქ გვითხრეს, რომ მარაგი აქვთ და პრეპარატი რეგულარულად შემოაქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ, 4 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გადანაწილდა და ის მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და ორსულებზე გაიცემა უფასოდ, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

პრეპარატს გასცემს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143.  ცხელი ხაზი: 0422 27 03 94

პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება.

ამ თემაზე:

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: