გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაშავებულები

გომის მთაზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა.

მიკროავტობუსის ყველა მგზავრი (დაახლოებით 15 ადამიანი) საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულნი არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები.

შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ალა პუგაჩოვას უჩივიან ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის

ცნობილ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას, ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის,  ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის „სამხედრო ვეტერანების შეურაცხყოფის“ საბაბით უჩივიან და 1.5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ.

სარჩელის მიზეზი გახდა ალა პუგაჩოვას სიტყვები ჯოხარ დუდაევის შესახებ – მომღერალმა ჯოხარ დუდაევს კატერინა გარდეევასთან ინტერვიუში „ღირსეული, პატიოსანი, ინტელექტუალური და ლამაზი ადამიანი“ უწოდა. პუგაჩოვამ თქვა, რომ პირადად იცნობდა დუდაევს და მის მეუღლეს.

პუგაჩოვას წინააღმდეგ სარჩელი ადვოკატმა ალექსანდრე ტრეშჩევმა შეიტანა, რომელიც, რუსული მედიის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო შოუების ხშირი მონაწილეა. მან განაცხადა, რომ პუგაჩოვას სიტყვები მას, როგორც ავღანეთის ომის მონაწილეს, შეურაცხყოფს და პუგაჩოვასგან 1.5 მილიარდ რუბლს [დაახლოებით 18 მლნ დოლარი] ითხოვს.

ალა პუგაჩოვას ნათქვამს ჯოხარ დუდაევზე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მომღერალს „ხალხის მტერი“ და „მოღალატე“ უწოდა.

ეკატერინა გარდეევასთან ალა პუგაჩოვას ინტერვიუ, რომელიც გარდეევას იუთუბარხზე გამოქვეყნდა, ბოლო დღეებია რუსეთსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. ინტერვიუ 5 დღეში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ესაა ალა პუგაჩოვას პირველი ვრცელი ინტერვიუ ემიგრაციაში წასვლის შემდეგ. მომღერალმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, როცა მისი ქმარი, ცნობილი იუმორისტი მაქსიმ გალკინი რუსეთში აგენტად გამოაცხადეს.

გარდეევასთან ინტერვიუში პუგაჩოვამ თქვა, რომ მეუღლის აგენტად გამოცხადების შემდეგ მის შვილებს სკოლაში აგენტის შვილებს ეძახდნენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 096 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 11 184 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 274 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 32 810 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 490 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 59 719 ერთეული [+310]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 770 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 3 965 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 84 508 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 123 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 619 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 911 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“ – ფინელი გენერალი რუსეთ-ბელარუსის წვრთნებზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს არჩევნები კი არა, ბლეფია“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

აპირებთ თუ არა წასვლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს არჩევნები? – ეს და მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ მოქალაქეებს ქალაქის ქუჩებში დაუსვა.

ნახეთ „ბათუმელები“ ვიდეო, რას ამბობენ მოქალაქეები.

„ეს არჩევნები კი არა, ბლეფია“ - ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

როგორ დაამხო კორუმპირებული მთავრობა GENZ-მ ნეპალში, სადაც პრემიერად ქალი აირჩიეს 

პირველად ნეპალის და, ზოგადად, საარჩევნო დემოკრატიის ისტორიაში, ნეპალში ახალი პრემიერ-მინისტრი ინტერნეტით აირჩიეს. ასევე პირველად ნეპალის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ქალი – სახელად სუშილა კარკი.

Discord-არის უფასო მესენჯერი და აქამდე ძირითადად ონლაინ გეიმერებს შორის იყო პოპულარული. 13 სექტემბერს კი Discord გახდა მთავარი საარჩევნო პლატფორმა ნეპალელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

Discord-ში ონლაინ შეხვედრა ორგანიზებული იყო GEN-Z თაობის მიერ შექმნილი მოძრაობის – „ჰამი ნეპალის“ მიერ. „ჰამი ნეპალმა“ დისქორდზე გახსნა არხი – „ახალგაზრდობა კორუფციის წინააღმდეგ“, სადაც ნეპალის მომავალზე სასაუბროდ 10 ათასზე მეტი ადამიანმა მოიყარა თავი. დისკუსია პარალელურად გადაიცემოდა იუთუბ არხით, რომელმაც დაახლოებით 6 ათას ადამიანს მისცა საშუალება ჩართულიყო პროცესში.

დისკუსია რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ონლაინ არჩევდნენ პრემიერობის კანდიდატებს და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს 73 წლის სუშილა კარკზე, ნეპალის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე.

73 წლის სუშილა კარკმა მცირე ცერემონიაზე, რომელსაც ნეპალის პრეზიდენტი ესწრებოდა, დადო ფიცი და გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ნეპალის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

„სიტუაცია, რომელშიც მოვხვდი, არ იყო ჩემი სურვილი. ჩემი სახელი ქუჩებიდან მოვიდა,“ – განაცხადა სუშილა კარკიმ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავა პოსტი და თავის მოქალაქეებს მიმართა.

„არ დავრჩებით ამ პოსტზე 6 თვეზე მეტ ხანს, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა. შევასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს და პირობას ვდებ, რომ ძალაუფლებას გადავცემთ ახალ პარლამენტსა და მინისტრებს,“ – საჯაროდ დადო პირობა ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

სუშილა კარკის არჩევას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები, სახელმწიფო შენობების დაწვა და მთავრობის წევრების ქვეყნიდან გაქცევა.

ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლები ნეპალში სექტემბერში დაიწყო და აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 4 სექტემბერს ნეპალის მთავრობამ სოციალური ქსელები აკრძალა. ახალგაზრდა თაობა ქუჩაში გამოვიდა. ბოლო ცნობებით, შეტაკებებისას დაიღუპა 72 ადამიანი.

სოციალური ქსელების აკრძალვა ორშაბათს, 8 სექტემბერს გაუქმდა, მაგრამ საპროტესტო ტალღა უკვე მძლავრ მოძრაობად იყო ქცეული. 9 სექტემბერს ხალხმა პარლამენტისა და მთავრობის შენობებს ცეცხლი წაუკიდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი გადადგა.

როგორ მივიდა ნეპალი რევოლუციურ ცვლილებებამდე და რა ხდება ახლა – ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია ბარქაიას ესაუბრა, ინდოეთის ისტორიის მკვლევარს:

ნეპალის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დაამტკიცა სოციალური მედია პლატფორმებისთვის, რომელიც მოითხოვდა მათ რეგისტრაციას გარკვეულ ვადებში. არ დარეგისტრირდნენ ეს პლატფორმები, შესაბამისად, ისინი აიკრძალა. ამ აკრძალვას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი, ძირითადად ახალგაზრდების მხრიდან, მოწოდებით, რომ ხელისუფლებას უნდა აეკრძალა არა სოციალური მედია პლატფორმები, არამედ კორუფცია.

სწორედ კორუფციასთან დაკავშირებული ამბები უძღოდა წინ, სოციალური მედიის აკრძალვას. მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები ჰეშთეგით „ნეპოკიდს“.

ნეპობავშვები (Nepokids) – ეს ტერმინი აღწერს ნეპოტიზმით მოსარგებლე ბავშვებს, ნეპალელი მაღალჩინოსნების შვილებს, რომლებიც კორუფციაში ჩართული მშობლების წყალობით მდიდრულად ცხოვრობდნენ და საკუთარი ოჯახების კავშირებით სარგებლობდნენ.

Nepokids – ჰეშთეგის ქვეშ ვრცელდებოდა პოლიტიკოსების, მათი ოჯახის წევრების, მათი შვილების მდიდრული ცხოვრების ამსახველი ვიდეოები. ამ ვიდეოებს ჰქონდა გამოხმაურება, რომ ეს იყო ხალხის ყვლეფით მოპოვებული სიმდიდრე, მაშინ, როდესაც ნეპალის მშპ-ს 33% შეადგენს და ნეპალის მოსახლეობა უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით ცხოვრობს. უმუშევრობის მაღალი დონე და არასტაბილურობა ნეპალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ამ ფონზე სოციალური მედიის აკრძალვა, დიდი დარტყმა და გამოწვევა გახდა მათ შორის ტურისტული ბიზნესისთვის. ეს აკრძალვა ტურისტულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც დააზიანებდა, რადგან ეს ბიზნესი სოციალურ მედიაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ამით კარგავდნენ შემოსავლის წყაროს.

თუმცა სოციალური მედიის აკრძალვა იყო მხოლოდ ბოლო წვეთი იმ მოვლენების, რომელიც მანამდეც მიმდინარეობდა.

რაც გამოარჩევს და ახასიათებს ამ პროტესტს, არის ის, რომ ეს იყო პროტესტი, არაპარტიული მოქალაქეების, რომლებიც სპონტანურად, ინდივიდუალურად ჩაერთნენ პროტესტში. ყველაფერი დაორგანიზდა ინსტაგრამით და დისქორდ სერვერზე. დისქორდში ახალგაზრდული მოძრაობა „ჰამი ნეპალმა“ შექმნა ჯგუფი, სადაც ვრცელდებოდა სიახლეები.

სწორედ ამ ჯგუფში გავრცელდა პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით ესკალაცია დაიწყო, როდესაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება. პირველი შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა და ეს ინფორმაცია გავრცელდა დისკორდის ჩატში.

საერთო სახალხო შოკის და ბრაზის ფონზე, ჩატში დაიწყეს მოწოდებები პოლიტიკოსების სახლში შეჭრისკენ, პოლიტიკოსების საცხოვრებელ რეზიდენციებზე და სახელმწიფო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმისკენ. ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას და რამდენიმე მინისტრის საცხოვრებელს, მათ შორის კომუნისტური პარტიის მთავარ ოფისს.

ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყოს ის, რომ ეს იყო ჰორიზონტალური, ულიდერო პროტესტი. თუმცა ასევე იყო პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ესკალაციაში.

  • როგორ მივიდა ნეპალი რევოლუციამდე, რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში?

კონტექსტიც რომ აღვწეროთ, შევხედოთ რეგიონს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ნეპალში,   შრი-ლანკაში, ბანგლადეშში, ინდოეთში – ერთი მხრივ არის ეკონომიკური არასტაბილურობა, მეორე მხრივ, არის მაღალი ინდექსი ეკონომიკური დანაშაულების და კორუფციის.

ბოლო წლები ნეპალში სულ იყო პროტესტები კორუფციის წინააღმდეგ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ წინააღმდეგობა, პროტესტი, სახალხო უკმაყოფილება სულ არის ამ ქვეყნებში.

ამიტომ, რაც მოხდა ნეპალში ეს მხოლოდ სოციალური მედიის აკრძალვას არ უკავშირდება – მისი საფუძველია ღრმად ჩაკირული ეკონომიკური არასტაბილურობა, რომელიც კორუფციას და ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება უშუალოდ ნეპალის კონტექსტს. ნეპალი იყო მონარქია, 2008 წლიდან ნეპალი გახდა რესპუბლიკა. ბოლო 17 წლის განმავლობაში, ნეპალში არ უკვირთ ხელისუფლების ცვლილება, რადგან მთავრობა მუდმივად იცვლება – ამ 17 წლის განმავლობაში ნეპალში 14 მთავრობა გამოიცვალა.

მიზეზი იყო სხვადასხვა – ზოგჯერ იშლებოდა კოალიციური მთავრობა და ხდებოდა გადალაგება, ახალი კოალიცია იკვრებოდა და შედეგად ახალი პრემიერ-მინისტრი ინიშნებოდა. ცვალებადია პოლიტიკური ლანდშაფტი ნეპალში.

უნდა ვთქვათ, რომ წელსაც კი აი, ამ პროტესტებს წინ უძღოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროტესტი პრომონარქისტების. ნეპალში არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში იყო საპროტესტო ტალღა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დააკავეს. ნეპალის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს შარმა ოლის მარტო კორუფციასა და ნეპოტიზმში არ ადანაშაულებდნენ, ამავდროულად ის იყო მიდრეკილი ავტორიტარიზმისაკენ.

ახლაც ჰქონდათ პრომონარქისტულ ძალებს მონარქიის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ამჟამინდელი პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდობაა, ვისთვისაც მთავარი პრობლემა არის კორუფცია. მათი მოთხოვნაც ესაა – დაუსვან წერტილი კორუფციას.

ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მონარქიის აღდგენა არ ესახებათ გამოსავლად.

  • შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფციის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა თაობამ შეცვალა პოლიტიკური სიტუაცია ნეპალში?

ნეპალში ძალიან მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი. ნეპალიდან მიდიან ძირითადად ინდოეთში და მეზობელ ქვეყნებში.

ნეპალის ეკონომიკა შედგება სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით. ასევე მყიფე ტურისტული ბიზნესით. არსებული ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არასტაბილურობა, მუდმივი ცვალებადობა და სიმყიფე პოლიტიკური ძალაუფლების, კორუფცია – ბოლო ათწლეულია, მუდამ ამაზე მიდის საუბარი და წუხილი.

კორუფციის თემას იყენებდნენ პროტესტში ჩართული სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიც, მარტიდან ივნისამდე დიდი აქციები იყო ქვეყანაში, მაგრამ ისინი ითხოვდნენ მონარქიის აღდგენას. 2023 წელსაც იყო პროტესტი, მაშინაც ითხოვდნენ კორუფციის დამარცხებას და მონარქიის აღდგენას.

ბოლო დროის პროტესტს, წინა პროტესტისგან რაც განასხვავებს, არის ის, რომ ეს არის არაპარტიული, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული და მართული დემონსტრაცია, რომელიც თავიდან იყო მშვიდობიანი.

  • რა შეიცვალა 8 სექტემბერს, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ იწვოდა ნეპალის პარლამენტის შენობა?

8 სექტემბერს ათასობით ადამიანი გამოვიდა ნეპალის ქუჩებში, მშვიდობიანი დემონსტრაციის გასამართად. ამ აქციის ორგანიზატორი ფორმალურად იყო „ჰამი ნეპალი“, მაგრამ მალევე თვითონ მათმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მშვიდობიანი პროტესტი მიიტაცეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ორგანიზატორები ვერ აკონტროლებდნენ პროტესტის დინამიკას.

ვერ აკონტროლებდნენ იმის გამოც, რომ ეს პროტესტი ლიდერის გარეშე, ჰორიზონტალური იყო. დიდი რაოდენობის მოქალაქეები ჩაერთნენ, სიტუაცია უკონტროლო გახდა, მაგრამ პირველი რამდენიმე საათი მაინც მშვიდობიანი იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა მომიტინგემ დააზიანა სათვალთვალო კამერა, რასაც მოჰყვა არაპროპორციული პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

პროტესტის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა, სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი ახლა 72-მდეა გაზრდილი. 1300 დაშავდა, 200-ზე მეტი დააკავეს. ბრაზმა იფეთქა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხალხი დაიღუპა.

დაიწყეს მოწოდებები – მოდი, დავიკავოთ აეროპორტი, მოდი, შევუტიოთ ამა და ამ შენობას. მოხდა სპონტანური, აფექტური მობილიზება.

ვნახეთ დრამატული კადრებიც, თუმცა იქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი მინისტრის შეზღუდული შესაძლებლობის ცოლი თავად მომიტინგეებმა გამოიყვანეს ცეცხლწაკიდებული შენობიდან. ერთ-ერთი მინისტრი თავად ჩააბარეს პოლიციას.

ახალგაზრდების მიზანი იყო, პასუხი ეგო პოლიტელიტას, ვინც ჩართული იყო კორუფციაში.

სწორედ ამას ამბობდნენ ეს ახალგაზრდები – მონარქია შეიცვალა, მაგრამ რესპუბლიკის პირობებშიც გაჩნდა პოლიტიკური ელიტა, კორუფციაში ჩაფლული.

შესაბამისად, ახალი თაობა ამ მანკიერი წრის ცვლილებას და სრულიად ახალ სახეებს ითხოვდა.

ნეპალის ისტორიაში პირველად ახალგაზრდებმა ონლაინ პლატფორმაზე აირჩიეს დროებითი პრემიერ-მინისტრი და პირველად ნეპალის ისტორიაში, პრემიერი გახდა ქალი.

  • როგორ მოხდა არჩევა და გადაბარების პროცესი?

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ოლი გადადგა, ნეპალს სამხედროები აკონტროლებდნენ და მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ როლს ასრულებდნენ წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით. ასევე ჩაერთო ნეპალის პრეზიდენტიც, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა. პრემიერის წარდგენას ესწრებოდა პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სუშილა კარკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ეს ქალი ცნობილი იყო იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა კორუფციას და მალევე გადააყენეს სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. ახლა კი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა ნეპალის ისტორიაში.

ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს ონლაინ, რაც შეიძლება ახლა სასაცილოდაც კი ჩანს. მისი არჩევის მთავარი ფაქტორი იყო მისი პროფესიული საქმიანობა და პრინციპულობა. ის იქნება ნეპალის დროებითი პრემიერი ახალ არჩევნებამდე. ახალი არჩევნები იქნება 2026 წლის 21 მარტს, რომლის შემდეგაც ხელახლა ფორმირდება მთავრობა.

ბელარუსი პოლიტპატიმარი, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, კოლონიაში დააბრუნეს

69 წლის ბელარუსმა ოპოზიციონერმა, პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნიკოლაი სტატკევიჩმა უარი თქვა ბელარუსის დატოვებაზე და იგი კვლავ კოლონიაში დააბრუნეს – წერს მედია.

ნიკოლაი სტატკევიჩი 2025 წლის 11 სექტემბერს გათავისუფლებული ბელარუსი პოლიტპატიმრების სიაში იყო. გათავისუფლების შემდეგ იგი ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვარზე მიიყვანეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა ის ნეიტრალურ ზონაში გადავიდა, რამდენიმე საათს იქ იჯდა, შემდეგ კი ბელარუსში დაბრუნდა.

„დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია ესაუბრა ბელარუსი ოპოზიციონერის თანამოაზრეს, ევგენი ვილსკის, რომელიც 11 სექტემბერს ბელარუს-ლიეტუვას საზღვარზე იმყოფებოდა.

„როგორც კი გავიგეთ, რომ ნიკოლაი იქ იყო და ევროკავშირში წასვლაზე უარი თქვა, მაშინვე მანქანაში ჩავსხედით და საზღვართან წავედით“, – უთხრა მან „დოიჩე ველეს“, „ბოლო ხაზს მივადექით, სადაც დიპლომატიური მანქანების კოლონები იყო, ავუხსენით, ვინ ვიყავით და ამერიკელმა წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს, რომ ნიკოლაი სტატკევიჩთან მივსულიყავით და ევროკავშირში დაბრუნებაზე დაგვერწმუნებინა“, – ამბობს ის.

ვილსკის თქმით, სტატკევიჩი საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა.

„მან მიპასუხა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკაშენკოს არ შეუძლია განსაზღვროს, სად უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს, რომ ის არის საკუთარი ბედის პატრონი, მას აქვს ღირსება და თავად განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს. სტატკევიჩმა მითხრა: „ლუკაშენკოს შეუძლია ციხეში ჩამსვას, მაგრამ შინაგანად თავისუფალი ვარ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში დავრჩე“ – უამბობო „დოიჩე ველეს“ ვილსკიმ.

იგი ამბობს, რომ სცადა სტატკევიჩის დარწმუნება, თუმცა ამაოდ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბელარუსში დაბრუნდა, სადაც საზღვარზე მას ნიღბიანი პირები ელოდნენ.

სტატკევიჩი სასჯელს გლუბოკოეს კოლონიაში იხდიდა, სადაც, ადამიანის უფლებათა ცენტრის „ვიასნას“ ცნობით, ის 2023 წლის თებერვლიდან ოჯახთან და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე იმყოფებოდა.

ვილსკის თქმით, სტატკევიჩი ჰგავს კაცს, რომელმაც ხუთი წელი გაატარა ციხეში.

„ის, რა თქმა უნდა, გამოფიტულია, გამხდარი, გამელოტებული. ყველაფერი დანარჩენი წესრიგშია – მისი ენერგია, ენთუზიაზმი. როდესაც დამინახა, გამიღიმა და ჩემს შესახვედრად გამოემართა“ – უთხრა ვილსკიმ „დოიჩე ველეს“.

რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სად იმყოფებოდა სტატკევიჩი. ბელარუსში იგი ოჯახში, სადაც მისი ცოლი ცხოვრობს, არ დაბრუნებულა, დღეს, 15 თებერვალს კი გამოცემა „Наша Ніва“-მ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტატკევიჩი კვლავ ქალაქ გლუბოკოეს ციხის კოლონიაშია, სადაც მან 2 წელი და 7 თვე სამარტოო საკანში გაატარა.

ნიკოლაი სტატკევიჩს 2010 წელს, ბელარუსში არჩევნების გაყალბების გამო მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლუკაშენკოს რეჟიმმა. იგი პატიმრობის 5 წლის შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს, როდესაც ბელორუსის რეჟიმი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, 2020 წელს კი ის საპროტესტო აქციების დაწყებამდე – 31 მაისს დააკავეს და 2022 წელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

_____________

ფოტოზე: ბელარუსი ოპოზიციონერი ნეიტრალურ ზონაში.

 

კობახიძე საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კანონის „უმკაცრესად“ მოქმედებას აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“.

„დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“ – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა.

მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ იყო დამკვიდრებული და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.

„იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება – ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული, არასწორი.

დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი. იყო

რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული,“- განაცხადა კობახიძემ.

„ოცნების“ პრემიერს არ უთქვამს, რომ საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების დაზიანებას ძირითადად, წლების განმავლობაში ოპოზიცია უჩივის, თუმცა ასეთი საქმეების დიდ ნაწილზე, რომელიც ოპოზიციის საარჩევნო ბანერების ჩამოხევას და დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოძიებას აქამდე შედეგი ფაქტობრივად არ ჰქონია.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი, უფრო ზუსტად თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანარები აღელვებს.

დღეს, 15 სექტემბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე სავარაუდოდ ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.

ამავე თემაზე: 

რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა

FIREWORKS – ნახეთ AD BLACK SEA 2025-ის გამარჯვებულები

13 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2025-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 5 გუნდი აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. წლევანდელი გრანპრის მფლობელი ქართული სააგენტო Playmakers Georgia გახდა.

ფესტივალის გრან-პრისთან ერთად, ფლეიმეკერსის კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სარეკლამო ვიდეოს სინდისი პატიმარი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი – ასევე სინდისი პატიმარი, მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.

კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი.

მზია ამაღლობელის საქმეზე შექმნილმა კამპანიებმა ფესტივალზე ჯამში 3 მედალი აიღო:

კატეგორიაში – „სარეკლამო კამპანიები“ – ბრინჯაოს მედალი აიღო კრეატიული სააგენტო „სუპერმარკეტის“ ვიდეომ „12 მოქალაქე“, რომელიც ამაღლობელის პატიმრობას გამოეხმაურა პიარკამპანიით – „არაფერში არ ჯდება“.

YouTube video player

აღნიშნულმა ვიდეომ კიდევ ერთი, ვერცხლის მედალი მოიპოვა კატეგორიაში – „მდგრადი განვითარების მიზნები“.

ოქროს მედალი მოიპოვა კრეატიულმა სააგენტომ „სუპერმარკეტი“„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ სპეციალური გამოცემისათვის კატეგორიაში – „საუკეთესო ბეჭდური გამოცემა“. სააგენტომ გამოსცა სპეციალური ნომერი, სახელწოდებით – „სიმართლეში ბრალდებული“, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ისტორიას ამ გამოცემებში წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებით ასახავს.

გადადით ბმულზე და ნახეთ ყველა გამარჯვებული: https://adblacksea.com/news/54

უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა – სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას იღრმავებენ. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ფესტივალს წელს 1400-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრა. 

წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ: 

  • ბრაზილიელი ფერნანდო მაჩადო (Fernando Machado) – Burger King-ის, Dove-ის თუ Call of Duty ლეგენდარული კამპანიების ავტორი; Business Insider-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური მარკეტერი,  Forbes-ის სიაში ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულის წევრი
  • პორტუგალიელი უგო ვეგა (Hugo Veiga), რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, Tiktok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და რომელსაც წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს,  Titanium-ის ჟიურის წევრობა ანდეს
  • სამარ მააკარუნი (Samar Maakaroun), ლიბანელ-ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც ლეგენდარული დიზაინ სტუდიის,  Pentagram-ის პარტნიორია
  • ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი რებექა რაუნთრი (Rebecca Rowntree), UN WOMEN-თან პარტნიორობით – სხვა მრავალთან ერთად, Libresse-ის ლეგენდარული კამპანიის #Wombstories ავტორი
  • 25-წლიანი გამოცდილების მქონე ტიმ ლიქი (Tim Leake), თიბისი ბანკთან პარტნიორობით

წელს პირველად, ფესტივალზე გამოჩნდა  CREATORS STAGE, სადაც ქართველმა კონტენტ კრეატორებმა და ინფლუენსერებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს.

FireWorks in Creative Resistanceასე ჟღერს 2025-ის სლოგანი.  ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფეიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი “მტერი” ჰყავს – გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავდა წლევანდელი ღონისძიება. 

ბრენდინგის ნაწილი იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც, “In Creative Resistance” Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებული დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. Ad Black Sea 2025-ის სტუმრებმა ეს ნამუშევრები ბათუმში იხილეს.

„რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“ – ფინელი გენერალი რუსეთ-ბელარუსის წვრთნებზე

ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალმა იან იააკოლამ განაცხადა, რომ ფინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს – „ზაპად 2025“.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინელი გენერლის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე რუსეთი ცდილობს დასავლეთის ქვეყნების დესტაბილიზაციას.

„ომი უკრაინაში არ არის მასშტაბური სტრატეგიული ოპერაცია. რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“, – მიიჩნევს გენერალი.

აქამდე წვრთნები – „ზაპადი“ ოთხი წლის წინ ჩატარდა, რომელშიც რუსი და ბელარუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.

„კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამოიყენებოდა წვრთნები – „ზაპად-21“ უკრაინაში ომისთვის მომზადების საფუძვლად: მანევრების დასრულების შემდეგ, დანაყოფები დარჩნენ საწვრთნელ მოედნებზე“, – აღნიშნა იანე იააკოლამ და ხაზი გაუსვა, რომ ამ წვრთნებს, შესაძლოა მოულოდნელი სიტუაცია მოჰყვეს.

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები გასული კვირის ბოლოს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 12-16 სექტემბრამდე რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, ასევე ბალტიისა და ბარენცის ზღვებში მიმდინარეობს.

პოლონეთმა 11 სექტემბრის საღამოდან სრულად ჩაკეტა საზღვარი ბელარუსთან „ზაპადის“ სამხედრო წვრთნების გამო. ასევე, ლატვიის სეიმმა 11 სექტემბერს ხმა მისცა რუსეთსა და ბელარუსთან ქვეყნის საზღვრების სრულად დახურვას „ზაპადის“ მიმდინარეობისას.

_____________

ფოტოზე: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები „ზაპად 2025“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.

ალტიჰატი-ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე

გაივლის წლები და ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მყოფი ნიკოლოზ ალავიძე იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც 15 წლის შვილი პირველად წაიყვანა ჭაუხებზე. უსმინა მოზარდმა, მამისა და მისი მეგობრების რიტორიკულ (მაგრამ სამართლიან) წუწუნს ულამაზეს ბუნებაში გამეფებულ ანტისანიტარიაზე და იქვე დაარცხვინა: სადღეგრძელოების ნაცვლად, იქნებ თავად შეცვალოთ რამეო?!

ცივი წყლის ეფექტი საქმეში გარდაიქმნა. „მამებმა“ მეტეოსადგურის ტერიტორია ათობით წლის განმავლობაში დაგროვებული ნაგვისგან გაათავისუფლეს, ბიოტუალეტები ჩადგეს, შემდეგ კი ბევრისთვის არარეალისტური იდეა განახორციელეს. ასე გაჩნდა ალპური ქოხი „ალტიჰატი“. 2025 წელს ნიკოლოზ ალავიძე თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაციაში სწორედ გაბრიელ გარსია მარკესის შედევრის ციტირებას მოახდენს და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის„ალტიჰატს“ მეორე ადგილიც ერგება.

თუმცა, მოდი ქრონოლოგიურად და “მარტოობის ასი წელიწადისგან” ნაკლებად ბუნდოვანებით მივყვეთ მოვლენებს.

“ალტიჰატი” სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმროა, რომელიც ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე მდებარეობს. 1940-იანი წლებში აშენებული მეტეოსადგურის შემდეგ, რომელსაც ლავრენტი ბერია ზედამხედველობდა, ალტიჰატი მეორე პროექტია კავკასიონის ქედზე. (თან ისე, რომ მშენებლობისას და არც მის შემდეგ გულაგის გზაზე არავინ გაუმწესებიათ). მასალები შვეიცარიაში საუკეთესო პროფესიონალებმა დაამზადეს, ადგილზე კი ვერტმფრენმა აიტანა.

ალპურ ზონაში არ იყო დაცული უსაფრთხოების არც ერთი ნორმა. “ექსცენტრულმა დედამიწელებმა” ( ასე უწოდებენ საკუთარ თავს)  დაამონტაჟეს მდინარე ჩხერზე გადასასვლელი ხიდი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანი, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამაშველო ოპერაციებისთვის. ანტენები საკუთარი ხარჯით დაამონტაჟეს და ფიჭური სიგნალით მთელი ალპური ტერიტორია დაფარეს.

გასაკვირიც არაა, რომ ბიზნესგეგმით კომპანია მოგებას 80.. კი, 80 წლის შემდეგ მოიტანს.

“პირველივე დღიდან გვჯეროდა, რომ ალტიჰატი გავლენაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და ისეთი პრობლემები მოეგვარებინა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს.  ამიტომ დივიდენდების მიღებას, პორშეთი სეირმობას ან საშაურმის გახსნას, ამ გზით წასვლა ვარჩიეთ. თავიდან, შეგვძრა ნაგვის იმ რაოდენობამ რაც აქ დაგვხვდა. ტონობით ნარჩენი ათეულობით წლები გროვდებოდა და ბუნებრივია, ეს ნაგავი თავისით არ აღმოცენებულა. ეტაპობრივად მივყევით. დავამონტაჟეთ ბიოტუალეტებიც. სასტუმრო სრულად ენერგოეფექტურია და მზის აკუმულატორებითაა აღჭურვილი”- გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე და იქვე ილიას ციტატას იშველიებს. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”.

ლიტერატურა 3014 სიმაღლეზეც ძალიან უყვართ, ამიტომ ალტიჰატში სამკითხველო ბიბლიოთეკაც მოაწყვეს. თუ კავკასიონის ხედებით მოხიბლულს შთაბეჭდილების გაზიარება  მოგინდებათ და წერა აგიტანთ, აქვეა ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტაც. ღია ბარათების გაგზავნას ყველგან შეძლებთ.

ალტიჰატმა სეზონის გახანგრძლივებითა და მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვით ადგილობრივ თემსაც შეუწყო ხელი. კერძები მხოლოდ ნატურალური და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტებით მზადდება. ნოყიერი საუზმის შემდეგ მადლობა შეფის გარდა შეგიძლიათ სუ-შეფებსაც გადაუხადოთ: ნისლას და ალუმინას. ინგრედიენტები ალტიჰატამდე სწორედ ამ ორ ცხენს ამოაქვს.

“ერთი ხელი თეთრეულის გარეცხვა 36 ლარი გვიჯდება, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ინდუსტრიული თეთრეული ცხენებს გერგეტში ყოველდღიურად მიაქვთ, სადაც მცირე საოჯახო სამრეცხაო ფუნქციონირებს USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ მასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ტრანსპორტირებაშიც ბუნებრივია ადგილობრივებს ვუხდით თანხას.“- ამბობს ნიკოლოზი.

თუ მიუხედავად  დიდი სურვილისა, არასპორტული ცხოვრების წესიდან გამომდინარე მწვერვალების დაპყრობა და ალტიჰატში დარჩენა შორეული პერსპექტივააა- მაშინ უბრალოდ მათ ვებ-გვერდს ესტუმრეთ: https://altihut.ge/ka

ყოველდღიური რუტინის ფონზე, აქ ნამდვილად იპოვით ინსპირაციას.  ნახავთ, რომ ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება და თან ამბების მოყოლა  ერთმანეთზე კარგად გამოსდით.

პრინციპში გასაკვირიც არაა. თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებშიც ხომ ასეთები იყრიან თავს, რომლებსაც სჯერათ, რომ წარმატება გზაშია.

Another Georgian Opposition Leader, Elene Khoshtaria, Arrested Over Protest Act

Opposition politician Elene Khoshtaria, leader of Droa party and a member of the Coalition for Change, has been arrested after writing “Russian Dream” on Kakha Kaladze’s election banner on Melikishvili Street, Tbilisi.

The Ministry of Internal Affairs said the investigation was launched following a complaint from the ruling Georgian Dream party, citing Article 187 of the Criminal Code on property damage or destruction. The offense carries penalties ranging from a fine to up to five years in prison.

Khoshtaria also shared a photo of the banner on social media with the inscription “Russian” and the caption: “Solidarity with Megi.” The message referred to 23-year-old student Megi Diasamidze, who faces criminal charges for allegedly damaging Kaladze’s banner by spray-painting “Russian Dream” on it. She was released on 2,000 GEL bail, with her next hearing scheduled for October 28.

At the same time, Georgian Dream activists Zaza Mamaladze and Irakli Buachidze, who had assaulted protesters, were released without facing any responsibility.

_______________________________________________________________

GD Supporters Attack Citizens and Police — Only Two Arrested, And a Pro-European Activist for “Russian Dream” Graffiti

სკოლა მეუბნება, რომ „ოცნების“ თანამდებობის პირის გამო მაშორებს კლასს – მასწავლებელი

„სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი, მე ამ სივრცეში ვერ დავრჩები“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დღეს, 15 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

მან ამის შესახებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი.

„ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას დაუკავშირდა და სკოლიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა.

  • მალხაზ, ფეისბუქზე დაწერეთ, რომ სკოლა „ევრო 2000“-დან პროტესტის ნიშნად წამოხვედით. ასევე, მიანიშნეთ იმაზე, რომ სკოლის საქმიანობაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, კონკრეტულად რა მოხდა?

სკოლაში მითხრეს, რომ კონკრეტულ კლასში არ უნდა გამეგრძელებინა სწავლება. როცა ვიკითხე ადმინისტრაციაში, რატომ ხდება ასე, დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღე, ვერც ერთი პირისგან.

წონადი არგუმენტები ვერ მოვისმინე. მხოლოდ ის ითქვა, რომ არის კონკრეტული ჩივილი, კონკრეტული მითითება იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ხდება.

ვითხოვე, რომ ფაქტი დაასახელოს მომჩივანმა-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

  • სამოქალაქო განათლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია, ნეპოტიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა კონკრეტული პირები დაასახელეთ ვთქვათ კორუფციაზე საუბრისას?

ზოგადად, ვერიდები ხოლმე იმგვარი ინფორმაციის გაჟღერებას, გავრცელებას სკოლაში, რომელსაც არ აქვს წყარო. თუ ეს არის ვთქვათ “ბათუმელების” სტატია, ან “სტუდია მონიტორის”, „აი ფაქტის” გამოძიება ან ჩვენი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევები თუ სხვა ნებისმიერი სანდო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების თემაზე საქართველოში, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, საჯარო მმართველობის მონიტორინგზე, რა თქმა უნდა, მე ამ სტატიებს ვუგზავნი დავალებებად, წასაკითხად.

ასევე, დოკუმენტურ ფილმებს, იმიტომ, რომ სწავლების და სასკოლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ ცოდნა, რომელსაც გადასცემ მოსწავლეს, იყოს ყოველთვის რეალობასთან დაკავშირებული, არ იყოს მოკლებული კონტექსტს და მისი ასპექტები იყოს გაჯერებული თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებით, ხომ?

როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში არის პრობლემები და ეს არ არის მხოლოდ Amnesty International-ის ან Human Rights Watch-ის მონაცემებით, არამედ კონკრეტული სტატიებით აჩვენებ ამას. როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია, ვთქვათ, საკუთარი ოჯახის წევრებს ტყეები აჩუქოს, როცა თანამდებობის პირი უკანონოდ იშენებს სახლს და მისი დეკლარირებაც „ავიწყდება“ ქონებრივ დეკლარაციაში. ასეთი ფაქტები ამზადებს მოსწავლეს, მით უმეტეს, მაღალ კლასში იმისთვის, რომ მან იცოდეს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, როგორც პროფესიონალი, როგორც მოქალაქე.

ბევრჯერ მიხსენებია ძველი ბერძნების დამოკიდებულება, რომ არ უნდა ვიყოთ პოლიტიკური იდიოტები, რადგან პოლიტიკური იდიოტი როცა ხარ, ადვილად გმართავს ნებისმიერი პარტია და ადვილად გამოგიყენებს მანიპულაციისთვის.

სამოქალაქო განათლება არის ის ყველაფერი, რაც ქმნის ადამიანს მოქალაქედ.

თუ შენ არ იცი, რატომ იხდი გადასახადებს, როგორ ნაწილდება ეს გადასახადები, როგორ უნდა მოერგოს ხალხის საჭიროებებს ბიუჯეტი, როგორ უნდა იყოს მოქალაქე ჩართული ამ ბიუჯეტის განაწილებაში, რატომ არიან საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ჩვენი დაქირავებულები და ჩვენი მსახურები და არა პირიქით.

თუ არ ვლაპარაკობთ ეკოლოგიურ გამოწვევებზე, თუ არ ვლაპარაკობთ ქალაქდაგეგმარების პრობლემებზე, რაც ბათუმს აწუხებს, თუ არ ვლაპარაკობთ გამდიდრებული, ასე ვთქვათ, ბიზნესისა და სახელისუფლებო პირების კავშირებზე, მაშინ რა არის სამოქალაქო განათლების სწავლების მიზანი?

შეიძლება დემოკრატიაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ ბელარუსისა და რუსეთის მაგალითზე?

ჩვენი სახელმძღვანელოებიც კი გაჯერებულია იმ სასამართლო საქმეებით, სადაც მოქალაქეები ედავებიან სახელმწიფოს ან ნაციონალურ სასამართლოებში, ან სტრასბურგში, ხომ? ეს იმიტომ არის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში, რომ მოსწავლემ დაინახოს, რამდენად რთულია, მაგრამ აუცილებელი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

ჩემი მასწავლებლობის მთელი მიზანი და საფუძველი სწორედ ეს იყო, რომ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ნავიგაციაში, რომ იყვნენ არა მხოლოდ მომხმარებლები კონსიუმერულ საზოგადოებაში, არამედ იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარ თავისუფლებაზე, საკუთარ ქმედებაზე, რომ ცოტა უკეთესი საზოგადოება მაინც ააშენონ, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენ მათ ვახვედრებთ.

  • ამ ინფორმაციის მოსმენამ შეუქმნა რომელიმე მოსწავლეს დისკომფორტი?  

როდესაც მე დავასახელე კონკრეტული თანამდებობის პირის სახელი და გვარი ამ საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციამ დამიდასტურა, რომ ნამდვილად ამ ადამიანისგან მოდიოდა ეს პრეტენზიები…

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია და როცა მე სკოლაში დავიწყე მუშაობა, ამ ადამიანისგან დაახლოებით სამ თვეში მივიღე ზარი. მითხრა – მიხარია, ჩემი შვილის მასწავლებელი რომ ხარო.

კიდევ რამის თქმა ხომ არ გნებავთ-მეთქი – ასე ვუპასუხე მაშინ – რადგან არანაირად არ ვაპირებ რაიმე ტიპის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდეს ვინმეს შვილის მიმართ-მეთქი.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ დაგირეკათ?

არ ვიცი, შეიძლება ეს იყო მინიშნება.

დარწმუნებული ვარ, მისი შვილი კარგი მოქალაქე დადგება. უბრალოდ, სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი მისი შვილის მასწავლებელი, ამ სივრცეში ვერ დავრჩები.

  • ფიქრობ, რომ ამ ადამიანმა მოახდინა დირექტორზე ზეწოლა?

როგორც გარემოებებიდან ირკვევა, ეს ასე იყო.

დისკომფორტი ექმნებოდათ ალბათ, მაგრამ არასდროს მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მისი შვილის თანდასწრებით მასზე მესაუბრა. ეს არის მასწავლებლის ელემენტარული ეთიკის დარღვევა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვსაუბრობდი ხელისუფლების მიერ, როგორც არჩევნებამდე, ისე დე ფაქტო ხელისუფლების მერეც, არჩევნების შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, გადაცდომებზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ასე შემდეგ. ამის გარეშე წარმოუდგენელია სამოქალაქო განათლების სწავლება. მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

რომელი ხელისუფლების შტოების დანაწილებაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც პრაქტიკულად სასამართლოები ქცეულია ნოტარიულ სამსახურად, როცა პროკურატურას არავითარი დამოუკიდებლობა არ აქვს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული.

როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ერთი მხრივ, სილის გაწვნის გამო ორი წლით უშვებენ ციხეში და მაშინ, როცა პოლიციელს ეხება ან “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ეხება საკითხი, მათ ყოველგვარი სანქციის გარეშე ათავისუფლებენ.

  • დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი და დღეს გითხრეს, რომ არ უნდა შესულიყავი საჯარო მოხელის შვილის კლასში?

ეს არის ამ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილება. მე, უბრალოდ, პასუხს ვითხოვდი სკოლის ადმინისტრაციისგან, თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები.

მე ამ მოსწავლეებთან ემოციური კავშირი მაქვს, აკადემიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ წლების განმავლობაში. უამრავი რამე გვქონდა დაგეგმილი, მით უმეტეს, არის ძალიან საინტერესო კლასი და უამრავ თემაზე გვისაუბრია დაწყებული, ვთქვათ, სამეწარმეო საქმიანობის იდეებიდან, დასრულებული იმაზე, თუ როგორი ორიენტირით შეიძლება წავიდნენ პროფესიული არჩევის დროს და უამრავი აქტივობა მქონდა დაგეგმილი.

მაგრამ, იქ, სადაც სკოლა მეუბნება, რომ შენ, ამა და ამ თანამდებობის პირის პირდაპირი თუ ირიბი მითითებით გაშორებ კლასს, იმ სკოლაში არაფერი მესაქმება.

თუ ვერ მხედავს ადმინისტრაცია როგორც მასწავლებელს, თუ არ იცავს სკოლა საკუთარ მასწავლებელს და ემორჩილება ნომენკლატურას, ემორჩილება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ჩემი ადგილი ასეთ სკოლაში არ არის.

სკოლამ აირჩია ეს შედეგი, მან გადაწყვიტა, რომ ჩემ დაუკითხავად, ჩემთან კონსულტაციის გარეშე, ჩემთან დალაპარაკების გარეშე მიეღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე ამ სკოლაში ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას. იქ, სადაც აზრს არ მეკითხებიან და სადაც მიჭირს პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ ჩამომაშორეს კლასს, სადაც ვასწავლი ორი წელია, ცხადია, იქ ჩემი ადგილი არ არის.

იქ, სადაც სკოლა მეუბნება, რომ შენ გარკვეულწილად ჩრდილი მიაყენე მოსწავლეს ამგვარი შინაარსის შეტანით სასკოლო პროცესში, არც სხვა მოსწავლეებთან, არც საგანმანათლებლო მიზნებთან და არც ჩემს სახელმწიფოსთან არ ვიქნებოდი მართალი, მაინც რომ დავრჩენილიყავი.

სკოლა ამ ქვეყანაში არის ყველაზე დაუცველი, არაავტონომიური, რომელიც ყოველთვის მოიაზრება ადმინისტრაციული რესურსის წყაროდ, სადაც ყოველთვის დიდია მმართველი პარტიის გავლენა.

ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო და პრაქტიკულად, სასკოლო საზოგადოების მართვა იყო ნებისმიერი ხელისუფლების და განსაკუთრებით “ქართული ოცნების” პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო.

 

მადლობა გერმანიას და სოლიდარობა ელჩ ფიშერს – პეტიცია 

საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება change.org-ზე პეტიციას აქვეყნებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ელჩ  ფიშერს ესხმიან თავს ინტენსიურად „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები. 

პეტიციას უკვე გამოეხმაურა თავად ელჩი – პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გერმანია და მე მადლიერები ვართ იმ სიყვარულის და მხარდაჭერის გამო, რომელიც ამ პეტიციაშია გამოხატული. ეს ტექსტი აჩვენებს რამდენ რამეს მიაღწია გერმანიამ და საქართველოს ერთად ბოლო 30 წელში. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიათ საერთო ხედვისკენ. მოდი დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინ სიარული“.

უცვლელად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს, რომლის ხელმოწერაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია:

„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გაჟღერებულ საჯარო თავდასხმებს გერმანიის ელჩის, ბატონ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ.

უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიის მხარდაჭერას არ გრძნობს – იქნება ეს ბათუმისა და აჭარის რეგიონის წყლის მომარაგების სისტემების გაძლიერებით, გერმანელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სტუდენტების/მეცნიერების სტიპენდიებით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამებით.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიამ ჩვენს ქვეყანას არაერთ მნიშვნელოვან სფეროში დაუჭირა მხარი – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საზოგადოებრივად:

  • GIZ – ის , KfW – ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო სამსახურის განვითარებას, სამართლებრივ რეფორმებს, დემოკრატიის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურის, ენერგომომარაგების, პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  • პოლიტიკური ფონდების საქმიანობით, რომლებიც წლებია უჭერენ მხარს პარტიული პლურალიზმს, პოლიტიკურ განათლებას და საჯარო დისკუსიის განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში დახმარებით და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიებით, განსაკუთრებით DAAD-ის მეშვეობით;
  • და ბოლოს, გერმანიის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ინსტიტუტების გაძლიერება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ამ მასშტაბებით ვერ განხორციელდებოდა. ამისთვის საქართველო გერმანელი ხალხის მადლიერია.

ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში ამ პარტნიორობის სიმბოლოა. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას. მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული მუქარები, მათ შორის მისი შესაძლო გაძევების საკითხის წამოწევა, ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.

ვუცხადებთ სოლიდარობას ელჩ პეტერ ფიშერს და გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლი, შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმები და აღიაროს გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში.

საქართველო საჭიროებს ძლიერ პარტნიორებს და არა კონფრონტაციას!

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს“.

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 ლარითაა გამოცხადებული. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს.

ხიდთან, მის ჩაკეტვამდე, მერიამ მდინარე ბარცხანის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ისე, რომ ხიდის ავარიულობაზე არაფერი თქმულა. აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი და შემდეგ ხიდის მოწყობის პროექტიც მერიის სამმართველომ ერთი და იგივე კომპანიას შეუკვეთა.

ახალი ხიდის მოწყობის პროექტის შედგენაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „ერკოს“ 2025 წლის 23 მაისს [ხიდის ჩაკეტვიდან მეხუთე დღეს] მიმართა:

„გთხოვთ, 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაგვიმზადოთ ხიდებისა და ხიდბოგირების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ“.

ხიდის მოწყობის პროექტიდან:

„დღევანდელი მდგომარეობით მდ. ბარცხანაზე გადასასვლელად მოწყობილია რკინაბეტონის ერთ მალიანი უჭრკოჭოვანი [საყრდენის თავზე გაუჭრელი] საავტომობილო ხიდი, საერთო სიგრძით 21 მეტრი. ხიდს არ გააჩნია თვალამრიდი პარაპეტები, ისინი მოშლილია და გაზრდილია სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრამდე, უსაფრთხოების მიზნით კი დატოვებულია ლითონის მოაჯირები, რომლებიც ასევე დაზიანებულია;

ხიდს ასევე არ გააჩნია ტროტუარი არცერთ მხარეს, რაც ქვეითად მოსიარულეებს უქმნის პრობლემას. სახიდე გადასასვლელი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ბეტონი გამოფიტულია და გაშიშვლებულია კონსტრუქციული არმატურა, ხიდის მალის ნაშენის ნაწილი ჩანგრეულია და ჩავარდნილია გზის სავალი ნაწილიც.

ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში, ბეტონის ბურჯებიც სავალალო მდგომარეობაშია, ანალოგიურად გამოფიტულია, რიგ შემთხვევებში შეინიშნება წყლის ნაკადის მიერ ძირის გამორეცხვები, დაზიანებულია ასევე სარეგულაციო ბეტონის ბლოკების კედლები“ – აღნიშნულია პროექტში.

მდინარე ბარცხანა / დაზიანების გამო გოროდოკში, მდინარე ბარცხანაზე ეს ხიდი 2025 წლის 18 მაისიდანაა გადაკეტილი / ფოტოები: 21.05.2025 – „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე პროექტის მიხედვით „გათვალისწინებულია ახალი რკინაბეტონის ხიდის მოწყობა. საპროექტო ხიდი ერთმალიანია სქემით 1X21 მ. გეგმაში ხიდი დაპროექტებულია სწორზე, იგი მართობულად კვეთს მდ. ბარცხანას კალაპოტს.

ხიდის გაბარიტებია 8 მეტრი – სამანქანო ზოლი, 1.5 მეტრი – საფეხმავლო ზოლი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – 0,5 მეტრი. ხიდის სიგანე შეადგენს 11.2 მეტრს. ხიდის მთლიანი სიგრძე კი – 26,1 მეტრს.“

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობის შეუფერხებლად წარმოების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტის ფორმირება წყლის მიმართულების შესაცვლელად და გრუნტის ჯებირის მოწყობა, რომელიც საბოლოოდ უნდა დაიშალოს და ამოღებული გრუნტი გაიზიდოს ნაყარში“.

ამავე თემაზე

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

ბათუმში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ

ბათუმის აეროპორტში დააკავეს ისრაელის მოქალაქე სიმონ ლევიევი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

ისრაელის მედია წერს, რომ 35 წლის სიმონ ლევიევი, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ, 14 სექტემბერს, დილით დააკავეს ბათუმის აეროპორტში. ტინდერი ონლაინგაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში.

გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, რომ მისი დაკავების საფუძველი უცნობია, თუმცა „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ აღნიშნული პირი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

„ლევიევი ისრაელელი თაღლითია, რომელიც, Netflix-ის დოკუმენტური ფილმის თანახმად, ​​წლების განმავლობაში ბრილიანტის საბადოების მეპატრონის მემკვიდრედ წარმოაჩენდა თავს და ქალებს Tinder-ის გაცნობის აპლიკაციაში ატყუებდა“ – წერს „იერუსალიმი პოსტი“.

____________

ფოტო: jpost.com

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 095 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 11 184 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 269 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 32 784 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 488 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 59 409 ერთეული [+323]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 698 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 965 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 84 151 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 116 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 590 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 811 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლონეთის შემდეგ, დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ,” – არქიმანდრიტი დოროთე

„ჩვენ, მღვდლები, ყოველ წირვაზე ასე ვამბობთ: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ეს მინდა განგიმარტოთ: „იხსენი, უფალო, შენი ერი და დალოცე ხალხი, რომელშიც შენ მკვიდრობ“. აი, ამ ხალხში, თქვენში, უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ. და უფალი ამას არ აპატიებს,“ – იქადაგა დღეს, 14 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოროთემ (ყურაშვილი).

არქიმანდრიტიმა თავის საკვირაო ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავზე  გაამახვილა ყურადღება,  რაც მოსახლეობას აღელვებს.

„წმინდა მამები გვასწავლიან ესეთ საოცარ სიტყვებს, გვეუბნებიან: „სახარება არის ცხოვრების წიგნი და ის მხოლოდ ცხოვრებით გაიგება“. ანუ, გაშლილად, განმარტებით რომ გითხრათ, სახარებაში წერია ცხოვრება იესო ქრისტესი, მოციქულების, ჰეროდესი, ფარისევლების. ის არის ცხოვრების წიგნი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრებაა აღწერილი და სახარებას წაკითხვით ვერ გაიგებ. სახარება თუ გინდა გაიგო, უნდა იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდა იესო და როგორც ცხოვრობდნენ მოციქულები, მისი მიმდევრები და მოწაფეები.

აი, მაშინ გაიგება სახარება. და ბევრი დღეს დაბრკოლებულია, ვითომ, ჩემი „პოლიტიკური ქადაგებით“. და მათ მინდა ვუთხრა ესეთი რაღაცა. სახარებაში წერია ოქროს სიტყვებად მიჩნეული ქრისტეს ნათქვამი: „მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ თქვენ“.

რამდენად პოლიტიკურია, როცა მე ვამბობ, რომ თქვენ, მთავრობას ვეუბნები, ხალხს ექცევით ისე, როგორც არც ერთ თქვენგანს არ გინდათ, რომ მოგექცნენ. როცა მთელი კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის დასასჯელად. რომელ კანონს ექვემდებარებიან, საერთოდ გაუგებარია.

აი, ერთი შედარება მინდა გავაკეთო.

ნახეთ, ქუჩაში გოგონა რომ სცემა ერთმა დაბერებულმა ადამიანმა. ამ გოგონას გამოკითხეს პოლიციაში, როგორც თვითონ ამბობს და ეკითხებოდნენ: „გეტკინა თუ არაო?“ გოგონამ თქვა: „არ მტკენიაო. დგებუაძე ხომ არა ვარო“. დააკვირდით, კაცის ხელზე ეს გოგონა, ვაჟკაცი, ამბობს „არ მტკენიაო“. და მზიას გარტყმულ ხელზე დგებუაძე დღესაც ტირის და „რა ფაფუკი ლოყა ჰქონია“. ეს კაცი გაუშვეს, თვითონ დაიჭირეს, გაუშვეს და მზია დღესაც ციხეში ზის ორი წლით.

დააკვირდით, „ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ შენ“ – სად არის ეს ქრისტეს ტერმინი?

ან გაიხსენეთ ბიძინას შეპირებები, გაიხსენეთ.

რას გვპირდებოდა? დაიჭირეს მაშინ? მიშა დაიჭირა? ხომ ხელი არ უხლია? დღეს რაზე დაიჭირეს ლევანი? გულის თქმაზე? შეეშინდათ? ასეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა. არც ერთ სამართალზე არ არის დამყარებული, არც კომუნისტურზე. მარტო ერთი კაცის სამართალზეა, მას როგორც აწყობს და გააჩაღა „ტყვეთა სყიდვა“.

ლევან ხაბეიშვილი არ ამბობდა, ხალხს კი არ ახვევდა თავის აზრს, ის ხალხის ხმას ახმოვანებდა. რაც ხალხს უნდოდა. და ხალხს რა უნდა? რომ წავიდეს, რომ წავიდეს ეს მთავრობა, რომელმაც დაღუპა ქვეყანა. და იმის დაჭერით ვერაფერს ვერ იზამენ, მინდა ვუთხრა. რადგან ათასობით და ასიათასობით ლევანები მოვლენ, რადგან უსამართლობა ყოველთვის აღიზიანებდა ქართველ ერს. ყოველთვის გააღიზიანებს და ყოველთვის უარესს იზამენ. ახლოს არის, მინდა ვუთხრა მათ, ახლოს არის უფალი.

ჩვენ, მღვდლები, ყოველ წირვაზე ასე ვამბობთ: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ეს მინდა განგიმარტოთ: „იხსენი, უფალო, შენი ერი და დალოცე ხალხი, რომელშიც შენ მკვიდრობ“. აი, ამ ხალხში, თქვენში, უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ. და უფალი ამას არ აპატიებს.

მინდა შევახსენო ყველასთვის ცნობილი ისტორია, უფლის ერის ეგვიპტიდან გამოსვლა. როგორ იყო? ფარაონი არ უშვებდა. უფალი მოუვლენდა დიდ განსაცდელებს, ხან სისხლის მდინარეს, ხან კალიებს, ხან ბაყაყებს და განსაცდელის დროს ფარაონი შეპირდებოდა, კიო, გაგიშვებთო და განსაცდელი რომ გადაივლიდა, დაავიწყდებოდა და შეპირებას უარყოფდა. ხომ გახსოვთ, რამდენი შეპირებები იყო. როგორ ჰგავს ფარაონს. და როდის შეწუხდა ფარაონი? მაშინ კი არა, როცა მისი ხალხი, თუნდაც ეგვიპტელები განსაცდელში იყო და იღუპებოდნენ. არა! როცა მან, მის ოჯახს შეეხო ღმერთი და როცა მოუკვდა ის ერთადერთი ძე.

ამიტომ, მე მინდა ვუთხრა, მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი, მაგრამ თავისი ოჯახის ბედი აინტერესებთ და სანამ ღმერთი შეეხება მათ ოჯახს, მანამდე მოვიდნენ გონს, თუ შესაძლებელია. თორემ ახლოსაა მათი სასჯელი. გაანთავისუფლონ ქართველი ერი, გაანთავისუფლონ ქართველი ერი! სხვანაირად, მძიმედ, მძიმედ დაისჯებიან.

შეეწიოს ღმერთი ყველა პოლიტპატიმარს, შეეწიოს ღმერთი ლევანს და ის გზა, რომელიც მან დაუსახა ქართველ ერს, აუცილებლად აღსრულდება. აუცილებლად მას „ლევანის გზა“ დაერქმევა, იმიტომ, რომ ყველა მებრძოლი, რომელიც დღეს იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის, ყველა არის ღვთისგან, რადგან ღვთის ნებაა და სურვილია, რომ ჩვენ გადავრჩეთ, ჩვენ განვთავისუფლდეთ. და ჩვენ მოვიშოროთ აი, ეს უსამართლო, უსინდისო, უცოდინარი და ყველაფერი, რაც „უ“-ზე იწყება ცუდი, ყველაფერი რომ არის, ისეთი მთავრობა. შეგვეწიოს უფალი და ახლოსაა ხსნა, ნუ შეშინდებით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“ – იქადაგა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) არის თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი.

დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია. სხვადასხვა დროს იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიის რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი. 2004-2013 წლებში იყო წალკის რაიონის სოფელ ბერთაში პატრიარქის კურთხევით დაარსებული მამათა და დედათა სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვარი.

არქიმანდრიტი დოროთე არის ხატმწერი, მას რამდენიმე ტაძარი აქვს მოხატული.

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის დაფინანსების, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა და სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია.

არ არსებობს [ან ოფიციალურად არ ასაჯაროებენ] ასევე ინფორმაცია საპროექტო არეალში მოქცეული კერძო უძრავი ქონებისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მარტო 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც].

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი – დაფინანსების წყარო[ები], არის თუ არა ცნობილი დონორი და პროექტის მთლიანი ღირებულება [მშენებლობის ჩათვლით]. როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პირველ სექტემბერს მიმართა.

„დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებელობას, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 11 სექტემბერს.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის გამო რამდენი კერძო ნაკვეთი და რამდენი საცხოვრებელი სახლი მოხვდა აღებაში? რა თანხაა გათვალისწინებული მათ საკომპენსაციოდ? დაწყებულია თუ არა გამოსყიდვა?“

„ამასთან, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადების პროცესშია მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ ეტაპზე ხდება არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საკონსულტაციო კომპანიის მიერ. შესაბამისად, დეპარტამენტისთვის დღეისათვის უცნობია განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების რაოდენობა და საკომპენსაციო ღირებულებები.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო.

ინფორმაციისთვის:

  • 4-ზოლიანად გადაკეთების შემდეგ, ქობულეთის ავტობანი, შეკვეთილიდან, გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის გაგრძელება იქნება, რომელიც ასევე 4-ზოლიანია და რომლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის.
  • ქობულეთის ავტობანი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას, რომელიც ასევე 2-ზოლიანია.
  • ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა იყოს. ამ გზის პროექტირების დასრულება 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, ჯერ მშენებლობაზე ტენდერიც არ არის გამოცხადებული. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს „ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“

ჩვენს ხელთ არსებული სკოპინგის დასკვნის მიხედვით:

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 16 და 17 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 094 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 11 184 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 267 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 32 749 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 487 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 59 086 ერთეული [+261]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 614 ერთეული [+102]
  • სპეცტექნიკა – 3 964 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 84 069 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 096 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 555 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 743 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლონეთის შემდეგ, დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრ მურთაზ ზოდელავას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს მას შემდეგ დატოვებს, რაც ოჯახის წევრები გირაოს თანხას გადაიხდიან.

მურთაზ ზოდელავას სასამართლო ლევან ხაბეიშვილის პროცესთან ერთად გაიმართა. ორივე დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ ხაბეიშვილის და ზოდელავას საქმე აეცილებინა და არ განეხილა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს.

ენმ-ის პოლისტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს სწორედ ფიქრია სიქტურაშვილის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ იმ მოსამართლეს არ უნდა განეხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა.

მურთაზ ზოდელავას ადვოკატს, ბექა ბასილაიას დამატებითი არგუმენტი ჰქონდა მოსამართლის ასაცილებლად. ფიქრია სიქტურაშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სინდისის პატიმრის, მასწავლებელ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

ფიქრია სიქტურაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა განაგრძო. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ლევან ხაბეიშვილი.

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა.

ლევან ხაბეიშვილის სიტყვას დარბაზში ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სასამართლოს სხდომა დახურა.

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მურთაზ ზოდელავას გათავისუფლების სანაცვლოდ 25-ათასლარიანი გირაო მოითხოვა. საბოლოოდ მოსამართლემ მურთაზ ზოდელავას საპატიმრო გირაო შეუფარდა.

  • რა ხდება

მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურთაზ ზოდელავას სუს-ის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თუმცა საბოლოოდ, პროკურატურამ მას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით  წარუდგინა.

„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოსგან მურთაზ ზოდელავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით   გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ამავე თემაზე:

რა მუხლებით წარუდგინეს ბრალი ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას

ლევან ხაბეიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა.

დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.  თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სწორედ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიერ გამოცემული განჩინების საფუძველზე დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატებმა ხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი დააყენეს.  ადვოკატების განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ იგივე მოსამართლემ განიხილა მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა, პოლიტიკოსს სამართლიანი სასამართლოს უფლებას წაართვა.

სასამართლოდან ლაივბლოგი ჰქონდა “რადიო თავისუფლებას”, რომლის ცნობითაც, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ასე დაასაბუთა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა:

„თქვენ წინასწარ გაქვთ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არსებობს პატიმრობის საფუძველი. თქვენ არათუ ჩამოყალიბებული გაქვთ პოზიცია, არამედ ორი დღის წინ გაცემული განჩინებით თქვენ თქვით, რომ დანაშაულის შემადგენლობა… თქვენ აღნიშნეთ, რომ ლევანი მისი ქცევებიდან გამომდინარე სახიფათოა საზოგადოებისთვის. ეს არის პოზიცია. დღეს, აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?!. თქვენ რაზეც უნდა იმსჯელოთ, უკვე ნამსჯელი გაქვთ… მიგვაჩნია, რომ უნდა აიცილოთ ეს საქმე“.

ადვოკატების შემდეგ სიტყვა თქვა თავად ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც პირადად უთხრა მოსამართლეს, რომ ითხოვდა მის აცილებას. მხოლოდ პროკურორი, ბექა ხუნაშვილი არ იყო წინააღმდეგი, რომ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმე ფიქრია სიქტურაშვილს განეხილა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა განაგრძო.

სხდომაზე სიტყვა თქვა ლევან ხაბეიშვილმა:

„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.

მინდა ვუთხრა სასამართლოს, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მოსამართლემ მოისმინოს, საზოგადოებამ გაიგოს –  მე ამის მორალური ადამიანური, პოლიტიკური უფლება მაქვს, მე სახის ძვლები დამიმტვრიეს. 14 თვეა გასული. ჩემს გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი, ასობით ადამიანია ნაწამები  – ბატონო პროკურორო, სანამ მე წარმიდგენდით ბრალს, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ ამის გამო?

ნუთუ არ აქვს პოლიტიკოსს უფლება, არ მაქვს მე უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჯილდოვდებიან? ოღონდ ქრთამის სახით კი არა,  ხელისუფლება რომ შეიცვლება, მე მოვემსახურები ხალხის ინტერესს, რომ ეს ფული გაიცეს”.

ლევან ხაბეიშვილის სიტყვას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა. ამის გამო მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სასამართლო სხდომა დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გააძევა.

ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სრულად ნახეთ აქ: “ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი ხალხთან ერთად ამარცხებს მათ”.

5-საათიანის ხდომის შემდეგ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  • რა ხდება

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება:

სსკ-ს 339-ე მუხლის მეორე ნაწილთ – მოხელისთვის ქრთამის დაპირება უკანონო ქმედების ჩასადენად – ითვალისწინებს პატიმრობას 4-დნ 7 წლამდე და სსკ-ს 317-ე მუხლით  – საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ – ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე.

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

 

“ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი ხალხთან ერთად ამარცხებს მათ”

დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოს სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა. მის სიტყვას სასამართლოდან გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.

მინდა ვუთხრა სასამართლოს, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მოსამართლემ მოისმინოს, საზოგადოებამ გაიგოს –  მე ამის მორალური ადამიანური, პოლიტიკური უფლება მაქვს, მე სახის ძვლები დამიმტვრიეს. 14 თვეა გასული. ჩემს გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი, ასობით ადამიანია ნაწამები  – ბატონო პროკურორო, სანამ მე წარმიდგენდით ბრალს, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ ამის გამო?

ნუთუ არ აქვს პოლიტიკოსს უფლება, არ მაქვს მე უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჯილდოვდებიან? ოღონდ ქრთამის სახით კი არა,  ხელისუფფლება რომ შეიცვლება, მე მოვემსახურები ხალხის ინტერესს, რომ ეს ფული გაიცეს.

სადმე ნახეთ, რომ მე ვინმეს ყურში რამეს ვეუბნებოდი? „პადვალში“, ან  ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს რამე? ამ ინიციატივას შეუერთდა ასობით ადამიანი, ათასობით ადამიანი გამოეხმაურა სოც ქსელში, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს იგივე განცხადებები, მაშინ დაიჭირეთ ყველა.

თუ ორი თვის წინ ვარღვევდი კანონს, (ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან), რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?

აქ ზის ჟურნალისტი, რომელმაც ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, მკითხა – „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“ დიახ, ბიუჯეტიდან ჯილდო არის ნორმალური, მით უმეტეს, როდესაც ეუბნები – ნუ აწამებ ადამიანს!

კანონში არ წერია, რომ არ შეასრულო უკანონო ბრძანება. ამის მეტი არაფერი მითქვამს. რა შუაშია ქრთამი?

მე გეტყვით, ეს სიტყვა, ქრთამი საიდან გაჩნდა.

ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, აქტივისტი, რომელიც კორუფციას ებრძვის 13 წელია. პროპაგანდას უნდა თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა ქრთამი. მეტი არაფერი აინტერესებთ – არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ ბრალდებას –  „ქრთამს“!

(მოსამართლე ცდილობს  ხაბეიშვილს სიტყვა შეაწყვეტინოს) ისედაც ვიცი, რომ ციხეში უნდა გამიშვათ დამაცადეთ სიტყვის თქმა.

მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, როგორ შეიძლება რომ სახის ძვლების არდალეწვაზე მოწოდება და უკანონო ბრძანების შეუსრულებლობაზე ჯილდოს შეთავაზება იყოს ქრთამი?

მე არასდროს ვინმესთვის არ შემითავაზებია, რომ ჯიბიდან გადავუხდი… ეს ტყუილია, არ მითქვამს. მე ვამბობდი, რომ ბიუჯეტიდან ვიხდი. მე ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და მოვა დრო, როცა ამ ხალხს ექნება ღირსეული ანაზღაურება. მე, პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის პლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვიძლევი ამ პირობას.

და ვინ მასამართლებს, ვინც 5 მილიონს დაპირდა თითოეულ სოფელს! 1000 ლარი რომ შესთავაზო პენსიონერებს, ეს ქრთამი ყოფილა. ჩემთვის ქრთამი პატიმრობაზე შეურაცხმყოფელია, ამიტომ ჩაწერეთ ქრთამი…

მეორე ბრალი მედება მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდებისთვის,  ეს ჩაამატეთ მას შემდეგ რაც მიხვდით, რომ ქრთამზე საუბარი იყო არასერიოზული. ასობით ადამიანი აკეთებს იგივე განცხადებას მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით. მშვიდობიანი დამხობა – ამ სიტყვათწყობას ვიყენებ ყველა ეთერში, კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში.

რა არის მშვიდობიანი დამხობა?

2003 წელს საქრთველოში მოხდა მშვიდობიანი რევოლუცია, აბსოლუტურად მშვიდობიანი. ეს არის რეალობა. ყველა ჯერზე პროპაგანდა ამბობდა, როგორ შეიძლებოდა, დამხობა მშვიდობიანი იყოს?

ბუნებაში არ არსებობს მოქმდება და პატიმრობაში მიშვებთ. კაცს უშვებთ ციხეში იმის გამო, რომ პოლიტიკურ განცხადება გააკეთა.

მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ციხეში მიშვებენ ერთადერთი რამის გამო, და დარწმუნებული ვარ რომ ეს ვადა იქნება 4 ოქტომბრამდე,  რომ ზოგმა თქვენგანმა ვერ დაიჯერა გამარჯვების, ვერ დაიჯერა, რომ ქართველ კაცს შეუძლია გამარჯვება, და ამათ უკვე დაიჯერეს მარცხის.

ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი, ცალ-ცალი ბოტასებით, ხალხთან ერთად, ლიდერებთან ამარცხებს მათ.

ხალხო ამათ წააგეს უკვე, ნუ გეშინიათ ნურაფრის, რა გჭირთ, ვინ შეგაშინათ? არცერთ ჩემს განცხადებას არ ვემიჯნები, არ არსებობს არავითარი ქრთამი, ეს არის შეთითხნილი, მოგონილი, და მეორე –  არ არსებოს არანაირი გადატრიალება, არსებობს კონსტიტუციით მონიჭებული ხალხის პროტესტის უფლება, და ხელისუფლებას არ აქვს უფლება, არ მოუსმინოს ხალხს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, და არა რომელიმე თანამდებობის პირი.

მოგოწოდებთ იმედისკენ, მოგიწოდებთ მხნეობისკენ, ვინც გეუბნებათ რომ უნდა გავიმარჯვოთ არა 4-ში არამედ 9-ში ის არის აფერისიტი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 4-ში“,-  თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის სიტყვას პროცესზე დამსწრეთა ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა.

მანამდე, სხდომის დასაწყისში, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები ითხოვდნენ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას, რადგან პოლიტიკოსი 11 სექტემბერს სწორედ ფიქრია სიქტურაშვილის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ იმ მოსამართლეს არ უნდა განეხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა.

ფიქრია სიქტურაშვილმა აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომა ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო მოითხოვა.

“რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესს ლაივბლოგის საშუალებით აშუქებდა, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ “ჯუანშერ ბურჭულაძეს არაერთხელ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, აქვს კონტაქტები საზღვარგარეთ, ამიტომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. ასევე, რადგან გამოსაკითხია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც”.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აბსურდული უწოდა პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალს. „რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოზე თქვა, რომ ესპანეთში ბინა წყნეთში გაყიდული სახლის ფასად შეიძინა.

„მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით… რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე…

არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს. 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?!“ – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაოს გადახდა შესთავაზა. ასევე, ადვოკატების განცხადებით, მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად იყო ჩაებარებინა ყველა დოკუმენტი – პასპორტი და პირადობის მოწმობა.

  • რა ხდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, 11 სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

კერძოდ, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

პროკურატურის მტკიცებით, თავდაყვის ყოფილი მინისტრის ჩართულობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან,  სახელმწიფო ბრალდების თანახმად,  ჯუანშერ ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად ჩართული იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაში.

„მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

[…] 2025 წლის იანვარში, მან [ჯუანშერ ბურჭულაძემ] და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა“, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორი გიორგი ლილუაშვილია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერესებს სასამართლოში დიმიტრი ხაჩიძე და მარიამ შათირიშვილი იცავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამავე საქმის ფარგლებში 25 ივლისს დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მეექვსე მინისტრია.

ის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა.

წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

მინიმუმ 1,3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – სუს

ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, “ახლო ნათესავსა” და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წარუდგინეს

იგეგმება თუ არა ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთება – დეპარტამენტის პასუხი

საქართველოს გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტს მოამზადებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერიც გამოაცხადა.

ავტობანის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საერთაშორისო ტენდერი ისეა გამოცხადებული, რომ მითითებული არ არის თანხა – თუ რამდენს გადაიხდიან ბიუჯეტიდან ამ დოკუმენტების მომზადებაში.

პროექტი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და ერთ-ერთი მოიცავს ბათუმის შემოვლით გზასაც.

ბათუმის შემოვლითი გზა

„საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესრულდება კვლევები და მოხდება იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია ლანდშაფტის აღდგენა და გაუმჯობესება. შემდეგ ეტაპზე მომზადდება დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

კონსულტანტის ვალდებულებები მოიცავს: ფუნქციური, ესთეტიური და ეკოლოგიურად მდგრადი ლანდშაფტური დიზაინის შემუშავებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; გზების მიმდებარე გარემოს ვიზუალური ხაზის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემის ინტეგრაციას; უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაცვას; ხმაურის დონის შემცირების, ფერდობების სტაბილიზაციის, ქარსაფარი ზოლების მოწყობისა და წყალამრიდების სისტემების გაუმჯობესების უზრუნველყოფას“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს წერილობით მიმართა და ჰკითხა:

„საერთაშორისო ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოიცავს ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთსაც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება არ იგეგმება? ანუ, ბათუმის შემოვლითი გზა დარჩება 2-ზოლიანი?

თუ ამ გზის მოდერნიზება იგეგმება, მაშინ რა საჭიროა 2-ზოლიანი გზის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტი?“

„თქვენს წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზას, გაცნობებთ, რომ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე არ იგეგმება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ბათუმის შემოვლითი გზა

ბათუმის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა – ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებიდან – ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა, რომელიც ასევე 2-ზოლიანია. თუმცა, დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად მოდერნიზებას გეგმავს. შესაბამისად, ქობულეთის შემოვლითი გზისთვის ლანდშაფტის აღდგენის პროექტს არ მოამზადებენ [ვინაიდან ჯერ პარალელური გზა უნდა აშენდეს].

ბათუმის შემოვლითი გზა ფრიდონ ხალვაშის გამზირთან ბათუმი[ჭოროხი]-სარფის დაგეგმილ გზას უნდა შეუერთდეს.

ჭოროხი-სარფის გზის პროექტი კი, როგორც დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს – „ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“

რატომ არ დაპროექტდა თავიდანვე 4-ზოლიან მაგისტრალად ქობულეთის, ასევე ბათუმის შემოვლითი გზები და რატომ არ დაიწყო თავიდანვე მათი მშენებლობა? ან რატომ არ იგეგმება ჭოროხი-სარფის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის დაწყება? – აღნიშნულ კითხვებზე „ბათუმელებს“ ოფიციალური უწყებებიდან ამ ეტაპზე პასუხები არ აქვს.

გზების დეპარტამენტის პასუხიდან კი ისიც არ ირკვევა ბათუმის შემოვლითი გზა დარჩება 2-ზოლიანი [მითუმეტეს თუ გზის გასწვრივ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების სამუშაოები ჩატარდება], თუ იძულებული გახდება მთავრობა, რომ ეს გზაც 4-ზოლიანად გადააკეთოს, როგორც ეს მოხდა ქუთაისის შემოვლითი გზის და შემდეგ ქობულეთის შემოვლითი გზის შემთხვევაში.

ბათუმის შემოვლითი გზა

ვიზისთვის დრო რომ დამეკარგა, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი – ემიგრანტი

„ვიზის მოსაძიებლად დრო რომ დამეკარგა, ვინ იცის, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საქართველოსთვის“ – გვეუბნება ემიგრანტი ქალი, ნინო ბრუნჯაძე ავსტრიიდან.

მან ოჯახთან ერთად საქართველო 2018 წელს დატოვა.

როგორც თავად გვიყვება, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისისთვის მიიღეს:

„სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უცებ დაეწყო ჩივილები. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავუტარეთ, შედეგების მიხედვით ძალიან არეული იყო სისხლის მაჩვენებლები. ვერ გაიგეს რასთან ჰქონდათ საქმე. ბავშვი თბილისში გადავიყვანეთ, იაშვილის კლინიკაში ვიწექით 21 დღე. ვერც იქ მოხერხდა ზუსტი დიაგნოზის დასმა. ანალიზი სხვადასხვა ლაბორატორიებში გაიგზავნა. ყველა მხრიდან მოვიდა პასუხი, თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო ბავშვი. ამიტომ გადავწყვიტეთ თურქეთში გადაყვანა. ვიდრე გადავიდოდით თბილისის ერთ-ერთი კლინიკა დაგვთანხმდა ბავშვის მიღებაზე, მაგრამ დიდი თანხა იყო შესატანი“.

ნინო გვიყვება, რომ მის შვილს თურქეთში სამკურნალოდ თანხა საზოგადოებამ შეუგროვა, რისთვისაც დღესაც მადლიერია და წლების შემდეგაც ამას ემოციურად იხსენებს:

„ქართველი ხალხის ძალას და თანადგომას ვერ დავივიწყებ. იმ მომენტში სრულიად საქართველო გაერთიანდა ჩვენთვის, სულ რაღაც ორ-სამ დღეში თანხა შეგვიგროვეს. თურქეთში დაგვისვეს დიაგნოზი. მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემა არის ასეთი – ბავშვის ორგანიზმი, ნაცვლად იმისა, რომ გამოყოს კარგი ანტისხეულები, გამოყოფს დიდი რაოდენობით ცუდ ანტისხეულებს, საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს. მკვლელი დაავადებაა, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პირველი დარტყმა ხდება თირკმელზე და მიდის ზევით.

ჩვენ დროულად მოვახერხეთ ბავშვის თურქეთში გადაყვანა, სადაც დასვეს დიაგნოზი. სამწუხაროდ, ძალიან ძვირადღირებული წამლები დაგვჭირდა. ერთი ამპულა ღირდა 5000 ევრო, თანაც არ ჰყოფნიდა, რადგან ეს ამპულა განკუთვნილია 15 კილოგრამამდე ბავშვისთვის და ჩემი შვილი იმ მომენტში 18 კილოგრამი იყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს წამალი თურქეთშიც არ იშოვებოდა. კლინიკაში გვითხრეს, სპეციალურად უნდა გამოვიწეროთო. პლუს ამას, ითხოვდნენ 1000 ევროს წამალი რომ ჩამოეტანათ. გვითხრეს, რომ ყოველ კვირას უნდა გაკეთებულიყო ერთჯერადად.

ჯამში დაახლოებით 44 000 ევრო იყო მარტო წამლის ღირებულება და ამით არ მთავრდებოდა ყველაფერი. გვითხრეს – სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ ბავშვის ორგანიზმზე და დაავადების აგრესიაზე, შეიძლება დასჭირდეს ერთი თვე, 10 თვე, შეიძლება ერთი წელი ან 10 წელიც კი განკურნებასო“.

მაშინ ნინოს ოჯახმა დაუყოვნებლივ მიიღო ავსტრიაში გადასვლის გადაწყვეტილება, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისი ეგულებოდათ. იქ მათ როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე წამალიც უფასოდ მიიღეს. ნინოს შვილი ახლა 14 წლისაა, თავს კარგად გრძნობს და მისი დაავადება კონტროლს ექვემდებარება.

„დავიწყეთ მოძიება. ახლობლები გვყავდა სხვადასხვა ქვეყნებში, დავრეკეთ, დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვება. ახლობელმა გვირჩია ავსტრია, თავადაც ბავშვის პრობლემის გამო ცხოვრობდა იქ. გვითხრეს, რომ დიდი შანსი გვქონდა ავსტრიაში, ვიდრე საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში. ევროპაში ჩამოსვლა გაგვიადვილდა სწორედ იმით, რომ იყო უვიზო მიმოსვლა. მარტივად ვიყიდეთ ბილეთი და საღამოს უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით“ – იხსენებს ნინო. 

ნინოს ოჯახი თავიდან არ გეგმავდა ავსტრიაში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას. ახლა ნინო შიშობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში საქართველოში საერთოდ ვეღარ ჩამოვა, რომ შვილის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს:

„სიმართლე გითხრათ, დარჩენა მუდმივად არც მიფიქრია. მეგონა, უფრო მარტივად გამოვიდოდით ამ პრობლემიდან. ალბათ დედის გული ყოველთვის მარტივ გამოსავალს ირჩევს, არ გინდა სირთულე აღიქვა რეალურად. ნამდვილად არ მეგონა, თუ რვა წელი მომიწევდა აქ ყოფნა და ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ეს საკითხი, არ ვიცი რამდენი ხანი ვიქნებით აქ.

საქართველოში დაფინანსება რომ გვჭირდებოდა, თურქეთის კლინიკა პირველად შენატანს, 12 000 დოლარს ითხოვდა და 3000 დოლარით დაგვიფინანსეს. ეს ფაქტობრივად გზის ხარჯია, ბავშვისთვის ფრენაც არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზა უკვე არ გვქონდა, გავრისკეთ. როცა დაფინანსებაზე ვიკითხე, შემდეგ კიდევ შემოიტანეთ და შეიძლება დაგაფინანსონო – გვითხრეს. ვუთხარი, ამხელა გზაზე „შეიძლებაზე“ როგორ წავიდე, ბავშვია, წიწილაზე ხომ არ გესაუბრებით-თქო და ვწუხვართ, რა ვქნათ, ასეა, ბევრი ითხოვს დაფინანსებას, მადლობა თქვი, რაც მოგეცითო. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ განაცხადი, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ანალოგიურად ბავშვიც. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროა მოქალაქეზე პასუხისმგებელი ავადობის მხრივ.

ევროპაში ეს არის სრულიად მოწესრიგებული. არც მოხუცს, არც ახალგაზრდას, არც ბავშვს, არ აშინებს ის, რომ წამალს ვერ იყიდის, არ აშინებს ის, რომ ვაიმე, ექიმთან მივალ და სანაცვლოდ თირკმელი უნდა დავტოვო იქ. არ აწუხებთ, იმიტომ, რომ 100%-იანი დაზღვევა აქვთ. მე არ ვარ მოქალაქე, მაგრამ მეც 100%-იანი დაზღვევა მაქვს. როგორც კი თავშესაფარი მივიღეთ, ეს სერვისი სრულიად უფასოდ მივიღეთ ოჯახმა“. 

ნინო გვიყვება, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღებისთანავე სახელმწიფომ უზრუნველყო ყველა ის სერვისი, რაც მისი შვილისთვის იყო საჭირო. მანამდე რამდენიმე ფორმალური პროცედურა მარტივად და მოკლე დროში გაიარეს:

„როცა თავშესაფარი მოვითხოვეთ გამოგვკითხეს პოლიციის თანდასწრებით, თუ რის საფუძველზე ვითხოვდით თავშესაფარს. ავუხსენით, რომ ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე მოგვიწია ჩამოსვლა ევროპაში. გვქონდა საქართველოში აღებული ფორმა 100, ანალოგიურად – თურქეთის და ეს საბუთები მივაწოდეთ.

როცა გადაიკითხეს, არც კი უკითხავთ რომელ კლინიკაში მინდოდა წასვლა. აიღეს ტელეფონი, გამოიძახეს ჯგუფი და 15 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარება. გადაიყვანეს ბავშვი კლინიკაში, სადაც 10 წუთი გავჩერდით, ანალიზი აუღეს, ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა,კრეატინინი ჰქონდა 700-ზე მეტი, იყო მაღალი წნევით, კრუნჩხვაში, თირკმელმა დაკარგა ფუნქცია. კლინიკამ თვითონ გადაგვამისამართა სხვა წამყვან კლინიკაში, საუნივერსიტეტო კლინიკას ეძახიან, დღემდე იქ ვართ აღრიცხვაზე და გავდივართ კონტროლს.“

გარდა ჯანდაცვის სერვისებისა, ნინომ გაგვიზიარა, რა შესთავაზა ევროპამ მის ოჯახს, რის გამოც ნინო ძალიან მადლიერია და მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „საქართველოსთვის ნათელი მომავლის დაკარგვის ტოლფასი იქნება“:

„ზოგადად, ნათქვამია, რომ გაგონილს ნანახი სჯობია, ეს მართლაც ასეა. ვისაც უნდა, გაიგებს და აღიქვამს, კარგ მსმენელს, კარგი გამგონე სჭირდება, ვისაც არ უნდა, ის მაინც იქნება თავის აზრზე.

ევროკავშირი მყარად დგას ფეხზე, არ ჰყავთ მშიერი ხალხი. თავიანთი მოქალაქე კი არა, თავშესაფრის მაძიებლებიც ჰყავთ დაპურებული, უზრუნველყოფილი საცხოვრისით, ანალოგიურად არის განათლების მხრივ, სოციალური დაცვის მხრივ. ჩემთვის აღმაფრთოვანებელი და შოკი იყო ის, რომ რაც მჭირდებოდა, სრულად, 100%-იანი დაფინანსებით შემომთავაზეს.

დღემდე, თუ რაღაც მაწუხებს, ექიმი მაძლევს რეცეპტს და ამ რეცეპტით შევდივარ აფთიაქში, ვიღებ ყველა წამალს, ამ დროს თანხას არ ვიხდი. აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრია, პრეზიდენტი თუ უბრალო მოქალაქე, ანალოგიურია კანონი ყველასთვის. იგივეა ეკონომიკის მხრივ, სამუშაო თუ გინდა, ჩვეულებრივად დაიწყებ მუშაობას. სამუშაო გრაფიკი მაქსიმალური 12 საათია და არა 24-საათი. ეს არის ამათთვის მიუღებელი და გეუბნებიან, რომ არ შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვის, დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას. 

მე სადაც ვმუშაობ, ოთხდღიანი განრიგი მაქვს, სამი დღე ვისვენებ. ერთხელ თანამშრომელმა მთხოვა, ამეღო კიდევ მისი საათები, რაღაც პრობლემა ჰქონდა და წასვლა უნდოდა. სიამოვნებით დავთანხმდი, ზუსტად 10 წუთში დამირეკა უფროსმა შემოდი ჩემთანო, მითხრა მესმის, ქართველი ხარ, მაგრამ სიტყვა „არა“ უნდა ისწავლო, ეს არ შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვისო. 

აქ მინიმალური ხელფასი 1500 ევროა და მიდის ზემოთ. არის საშვებულებო ხელფასი, მე-13 და ახალი წლის ხელფასი მე-14. სრულიად იმ ხელფასის ოდენობით გემატება ერთი იმდენი, რასაც ოფიციალურად იღებ“.

ნინო ყოველდღიურად თვალს ადევნებს, თუ რა ხდება საქართველოში და ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს თუ როგორ მუშაობს პოლიცია ვენაში:

„მომწონს ის, რომ დაცული ხარ, არ გეშინია ვინმესგან ძალადობის. ის კი არა, რომ დაირეკო პოლიციაში ქმარი ვიღაცაზე ძალადობს, პოლიცია მოვიდეს და ოჯახია და ვერ ჩავერევითო, არა, აქ ასეთი რამ არ ხდება. დაცული და უზრუნველყოფილი ხარ. გარდა ამისა, ქალაქი მოწესრიგებულია“. 

ნინო გვიზიარებს მოსაზრებას, რაში სჭირდება საქართველოში პროპაგანდას იმის მტკიცება, რომ „ევროპა ცუდია და ქალი ქალი არ არის კაცი არ არის, რომ გაცებს გაათხოვებენ და სქესის შეცვლას რეესტრი დააკანონებს“:

„ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხს აურიონ გონება. ჩვენს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეთ რუსეთისკენ. მაგრამ ხალხმა იცის სად კარგია და სად ცუდი“ – მიიჩნევს ნინო. 

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 093 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 11 181 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 267 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 32 707 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 486 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 58 825 ერთეული [+358]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 61 512 ერთეული [+109]
  • სპეცტექნიკა – 3 964 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 83 708 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 079 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 591 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 527 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 41 677 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯუანშერ ბურჭულაძე ამჟამად კლინიკაშია. ადვოკატის თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავის ტვინის შერყევა აქვს.

„ფაქტობრივად, დღევანდელმა რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს უკვე აჯობა“, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ბოლო პროცესებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ლევან ხაბეიშვილის დაკავებაა, რადგან ეს აჩვენებს, როგორ პარანოიდულად ეშინია ბიძინა ივანიშვილის ბზარების პოლიციაში.

„იმის კი არ ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა გამოვა. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაც რომ გამოვა, პოლიციას ვერ გამოიყენებს, ისე, როგორც უნდა, რომ გამოიყენოს. „ოცნებაში“ რატომღაც ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილის ამ დაპირებაზე შეიძლება პოლიციელები წამოეგონ. ძალიან ეშინიათ სისტემური ბზარების,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

რას აჩვენებს მიმდინარე მოვლენები, რა ხდება „ოცნების“ კულისებში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, თქვენი დაკვირვებით, რატომ ჩათვალა საჭიროდ ივანიშვილმა მოეწყო დაპატიმრების ახალი სერია? დააკავეს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ასევე, „ოცნების“ ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე…

ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე გასაგებია, რომ ხელისუფლება მოქმედებს ისტერიული დემონსტრირების მეთოდით. პოლიტიკური პარანოიის ნიშნები შეინიშნება ამ ქმედებებში.

ხაბეიშვილის დაპატიმრების მოტივი ტრაგიკომიკურია. შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხმყოფელია გარკვეულწილად იგივე პოლიციელების მიმართ: გამოდის საბოლოო ჯამში, რომ „ოცნების“ მთავარი საზრუნავია სისტემის მდგრადობის შენარჩუნება – ძალიან ეშინიათ სისტემური ბზარების.

ჩემი აზრით, „ოცნებაში“ რატომღაც ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილის ამ დაპირებაზე შეიძლება პოლიციელები წამოეგონ.

  • ამ მოცემულობაში რეალურად არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ გდდ-ს თანამშრომელმა უარი თქვას მშვიდობიანი აქციის დარბევაზე?

 არ ენდობიან – ეს გამოდის ამ დაპატიმრებით. პოლიციელებს არ ენდობიან და, გარდა ამისა, ძალიან ბრიყვებად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ლევან ხაბეიშვილი ვერავის 200 000 დოლარს ვერ გადაუხდის და ბრიყვებად მიაჩნიათ პოლიციელები.

ეს არის დამოკიდებულება ხელისუფლების ძალოვანი სისტემის მიმართ და პოლიციელებმა უნდა იცოდნენ ეს: ვის ემსახურებიან და რას ფიქრობს ეს ხალხი, როგორ იყენებს „ოცნება“ მათ ხორცის მანქანაში გასატარებლად.

გია ხუხაშვილი
  • არ უშვებთ იმას, რომ შესაძლოა, „ოცნება“ მართლაც ხედავს რისკს მასობრივ საპროტესტო აქციებში, რასაც აორგანიზებდა ლევან ხაბეიშვილი?

შესაძლოა, მაგრამ იმდენად აბსურდულია ლევან ხაბეიშვილის დაკავების მოტივი – საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო ადამიანი დააკავო… ეს არის სრული აბსურდი. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

თუ გახსოვთ, დიდი სკანდალი იყო 2011 წელს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში და საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩვენი ორი აქტივისტი ქუთაისში შეჰპირდა სამარშრუტო ტაქსიში ქალბატონს: ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, რომ მოვალთ, მაცივარს გიყიდითო, მაცივრების ფლაერებს ურიგებდნენ. ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი არ დაუჭერიათ. ფაქტობრივად, დღევანდელმა რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს უკვე „აჯობა“.

ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს აშკარა საჯარო განცხადებასთან, მოსყიდვა კი ხდება პერსონალურად. ზოგადი განცხადების გაკეთება, რომ ვიღაცას სტიმული მისცე – ამის გამო ადამიანის დაჭერა იმდენად წარმოუდგენელი რამაა, ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არავის განუვითარებია ასე შორს ფანტაზია.

ჩემი აზრით, 4 ოქტომბრის თემა არ არის, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი თემა. ამის მართვა საკმაოდ კარგად ისწავლეს და ის, რომ ახლა 4 ოქტომბრის შეეშინდათ და ამიტომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი, ეს აბსურდია. კი, გასაგებია, რომ ხაბეიშვილი და მისი მომხრეები ამას იტყვიან, მაგრამ ამაში მე პოლიტიკურ შინაარსს ვერ ვხედავ. მშვენივრად იცის ხელისუფლებამ ლევან ხაბეიშვილის რესურსები, რა შეუძლია და რა არ შეუძლია.

„ოცნებამ“ მშვენივრად იცის, როგორ მართოს ეს ყველაფერი და პირიქით როგორ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ხელისუფლებას იმის კი არ ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა გამოვა. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაც რომ გამოვა, პოლიციას ვერ გამოიყენებს, ისე, როგორც უნდა, რომ გამოიყენოს.

  • რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მისი დაკავება რის მანიშნებელია თქვენთვის – რა ხდება „ოცნების“ შიგნით?

ეს არის მეფის კარზე შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება და სასიცოცხლო სივრცის გაფართოება.

ბოროტი ბავშვები რომ არიან ბრაზილიურ სერიალებში – მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე თვითონ რომ უნდათ იყვნენ, ასე იქცევა ირაკლი კობახიძე. იმ სერიალებშიც ასეა – მამიკოს ცუდ ამბებს უყვებიან თავიანთ და-ძმებზე, რომ აეჭვიანონ მშობლები. აი, ეს არის, ბოროტი ბავშვის თამაშებია.

ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს.

რამდენად საფუძვლიანია ეს ცუდი ამბების მოყოლა, სხვა საკითხია, მაგრამ პოლიტიკურად კობახიძის ინტერესია ბიძინა დატოვოს უალტერნატივოდ მემკვიდრის თვალსაზრისით.

  • ეს რატომ შეიძლება აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს?

რა თქმა უნდა, ეს ბიძინას არ აწყობს, მაგრამ რაღაც ეტაპამდე მიყვება. ბუნებრივია, ბიძინა ხვდება ამ თამაშს მშვენივრად, მაგრამ რაღაც ეტაპამდე უქმნის კობახიძეს ილუზიას, რომ ვითომ ვერაფერს ვერ ამჩნევს.

ივანიშვილი ბოლომდე აძლევს გასაქანს ირაკლი კობახიძეს, იმიტომ, რომ სურს 4 ოქტომბრამდე მთელი ნაგავი აკიდოს კობახიძეს.

ივანიშვილმა მას შეუქმნა გარკვეული დამოუკიდებელი მოქმედების ილუზია და ახალისებს. ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას იზოლირება მოახდინოს. ეს ყველაფერი გაგრძელდება ადგილობრივ არჩევნებამდე. მანამდე ბიძინა ივანიშვილს უხეში ჩარევა არ უნდა.

არ არსებობს ერთი სცენარი, რა შეიძლება შემდეგ მოხდეს. გააჩნია, რა როგორ იქნება, რა ვითარება შეიქმნება, არა მხოლოდ შიდა კუთხით, არამედ საგარეო კუთხით. ეს ჭადრაკის თამაშია, ყველაფრის თავიდან ბოლომდე გათვლა შეუძლებელია.

აქ რუსეთის ფაქტორი შემოდის. ასე რომ, ძალიან ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს და კონკრეტულ სცენარზე ვერ ვილაპარაკებ.

  • მანამდე იყო თორნიკე რიჟვაძის საქმე, ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი? ექსპრემიერი ღარიბაშვილიც არის კობახიძის სამიზნე?

არ ვიცი, ჩემი აზრით, საკმაოდ გრძელი სიაა: გომელაური, ლილუაშვილი…

ამ ეტაპზე, პრაქტიკული მოსაზრებებით, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის ფრთა არის ყველაზე ძლიერი, რომელიც არის დროებით ალიანსში, აგრეთვე, კალაძესთან. თუმცა ეს დროებითი ალიანსია. ეს ყველაფერი დასრულდება 4 ოქტომბრამდე.

  • 4 ოქტომბერი რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა არჩევნები ფორმალურად ტარდება?

ამ ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება უნდა დასრულდეს ადგილობრივი არჩევნებით: უნდა დაკომპლექტდეს ადგილობრივი თვითმმართველობაც მთლიანად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს მოსუფთავებული, სამოქალაქო ველი უნდა იყოს მოსუფთავებული, მედია უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი. ეს ამოცანა უნდა შესრულდეს ირაკლი კობახიძის ხელით.

აი, 4 ოქტომბრის მერე რა იქნება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, იმის გაანალიზებაზე, თუ რის ფასად მოხდება ეს ყველაფერი.

„ოცნებაში“ სისტემის მდგრადობის დაკარგვის შიში აქვთ. ერთადერთი არგუმენტი საზოგადოებასთან სასაუბრო დარჩათ ძალისმიერი, სისტემას იყენებს იმისათვის, რომ აკონტროლოს ძალაუფლება. სხვა ხომ აღარაფერი აღარა აქვს კობახიძეს, პოზიტიურ მესიჯს ვერ ქმნის.

სისტემის მდგრადობის დაკარგვა კი არის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი. სისტემა, მათი გაგებით, არის ძალოვანი სფერო: სუსი, პოლიცია და ფინანსური ნაკადების კონტროლი. აი, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. და თუ პოლიციაში ბზარი გაჩნდა, ამის ეშინიათ პარანოიდულად.

ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

„როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად რომ ვთქვათ, წასვლა დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა დაგეგეგმა, დაგეხარჯა საკმაოდ დიდი თანხა და არც ის იყო გარანტირებული, რომ წახვიდოდი, რადგან იყო უარის შემთხვევები. გარდა ამისა, გქონდა შეზღუდული დღეების რაოდენობა“.

„ბათუმელები“ დათო მახათაძეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა.

  • თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ვიზალიბერალიზაციას ქართველი ხალხისთვის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისი შეჩერებას?

ხშირად გვესმის არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, თითქოს ვიზალიბერალიზაცია არაფერში გვჭირდება, რომ ჩვენ რეალურად ევროპა არ გვინდა. მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ რეალურ ადამიანებზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოგვიტანა. 

ყველაზე მტკივნეული საკითხია მედიცინა. სამწუხაროდ, ჯანდაცვა საქართველოში რიგ მიმართულებებში არ არის იმდენად ძლიერი, როგორც ევროპაში. მე არ მეგულება ადამიანი, ვის ახლობელსაც არ დასჭირვებია მკურნალობა ევროპაში. წარმოიდგინეთ, როდესაც სასწრაფო ჩარევაა საჭირო და ლაპარაკია დღეებზე – იქ დრო გადამწყვეტია.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ასეთ პაციენტებს მოუწევთ ვიზის რიგში დგომა, ხოლო გადაწყვეტილება შესაძლოა უარყოფითი იყოს. ეს არ არის მხოლოდ დროის ხარჯვა — ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ადამიანს.

კიდევ ერთი სიკეთეა განათლების ხელმისაწვდომობა – გაცვლითი პროგრამები და ევროპაში მაღალი ხარისხის განათლების მიღება დღეს გაცილებით მარტივია. სტუდენტს, რომელიც მიდის ხანგრძლივად, სჭირდება ვიზა, მაგრამ ამ ვიზის აღება უფრო გამარტივებულია და ვიზის აღებამდე სტუდენტს შეუძლია ჩასვლა, 90 დღით ევროპაში ყოფნა და ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ გახდეს იქ სრულფასოვანი სტუდენტი. ახალგაზრდები მონაწილეობენ კონფერენციებში, სტაჟირებას გადიან, ხდება კულტურული გაცვლა.

იმდენი სიკეთე მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომ მის ჩამოსათვლელად თვეებიც არ იქნება საკმარისი. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა იქნება არა ერთი, არამედ მრავალი ნაბიჯით უკან დაბრუნება

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ერის გაძლიერების გზა არის განათლება, თავისუფლება და პროგრესი. ამ განვითარებას, თავისუფლების მაღალ ხარისხსა და პროგრესს ვერ მივაღწევთ ევროპის გარეშე — იქ ქვეყნები ვითარდებიან, მათი განათლების ხარისხი იზრდება, ხოლო ჩვენ თითქოს მზად ვართ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ.

კიდევ ერთ რამე მინდა გავიხსენო – ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში რომ თამაშობდა, რამდენჯერ ჩავიდნენ ქართველები მხოლოდ თამაშის დასასწრებად?! მგონი თამაში არ ყოფილა ნეაპოლში, რომ ქართველები არ დასწრებოდნენ, თან რამხელა ჯგუფებით, არა?! იგივე ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდით – რამხელა შემადგენლობა იყო ქართველი გულშემატკივრების, რომლებიც იქ ჩადიოდნენ. ამის მეოთხედიც ვერ ჩავიდოდა, თუნდაც ნეაპოლის თამაშზე, თუნდაც ეროვნული ნაკრების თამაშზე.

მსგავს ფუფუნებას რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ევროპული კულტურის ნაწილი და არ დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია. პირიქით, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ოდესმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. 

არაფრით არ შეიძლება დავუბრუნდეთ საბჭოთა რელსებს და აღმოვჩნდეთ ისევ რუსული რკინის ფარდი მიღმა, რისკენაც ეს ავტოკრატიული ხელისუფლება მიგვაქანებს.

  • თქვენ თუ გქონიათ გამოცდილება ვიზაზე განაცხადის შეტანის და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს პროცესი?

დღეს როგორ ხდება? – პირობითად, თუ ზეგ მიდიხარ პოლონეთში, ტურისტულად, ან რაღაც კონფერენციაზე, ან მეგობართან, არა აქვს მნიშვნელობა – ონლაინ ყიდულობ ბილეთს, საკმაოდ მისაღებ ფასად, ჯიბეში გიდევს პასპორტი, მიდიხარ აეროპორტში და მიფრინავ. არავის არაფერს ეკითხები, არაფერს ავსებ.

როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა. ჯერ უნდა ჩაწერილიყავი საელჩოს რიგში, რომ მიგეღო ვიზის მისაღებად საჭირო საბუთები. როცა საბუთებს გადმოგცემდნენ, გაგესაუბრებოდნენ, შემდეგ ეს საბუთები უნდა შეგევსო, რაც ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული იყო. საელჩოებთან არსებობდა პატარ-პატარა ჯიხურები – სადაც ცალკე იხდიდი ფულს, რომ დაგხმარებოდნენ აპლიკაციის შევსებაში. 

დაგინიშნავდნენ შემდეგ შეხვედრას, რომ მიგეტანა საბუთები, თუმცა არასოდეს იცოდი, როდის დაგიბარებდნენ. აქედან ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადაში დაგიკავშირდებოდნენ და გეტყოდნენ, რომ ვთქვათ, რაღაც საბუთები გაკლია. 

თუ ყველაფერი დროულად გქონდა, ერთ თვის განმავლობაში იღებდი ვიზას, რომელიც ასევე გარკვეულ ფასს ითვალისწინებდა. ფრენები გაცილებით ძვირი იყო, რადგან ევროკავშირში ფრენების ინტენსივობა ნაკლები იყო, შესაბამისად – ხარჯიც მეტი იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, წასვლა დაახლოებით ორი თვით ადრე უნდა დაგეგეგმა, დაგეხარჯა საკმაოდ დიდი თანხა და არც ის იყო გარანტირებული, რომ წახვიდოდი, რადგან იყო უარის შემთხვევები. გარდა ამისა, გქონდა შეზღუდული დღეების რაოდენობა. თუ მიდიოდი კონფერენციაზე, რომელიც იწყებოდა პირველ სექტემბერს და მთავრდებოდა ხუთ სექტემბერს, კარგ შემთხვევაში მოგცემდნენ ვიზას 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩებოდი არალეგალურად, ემიგრაციაში.

  • საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას ევროკავშირის მნიშვნელობა ძალიან ვიწრო თემებამდე დაჰყავს. თქვენთვის რა არის ევროპა?

რაც შეეხება იმ ნარატივს – „არ დავუშვებთ, რომ კაცები გავათხოვოთ“ — ეს აბსოლუტური ბოდვაა. განსაკუთრებით სასაცილოა, რომ ცდილობენ ამ სისულელეებით თავგზას აურიონ იმ ხალხს, ვინც ევროპაში ნამყოფია.

მე აქ უკვე ორი წელია ვცხოვრობ და გულწრფელად გეუბნებით, მე რომ აქ ვხედავ იმ ოჯახურ ტრადიციებს, ოჯახის სიმტკიცეს და ერთმანეთის პატივისცემას, რასაც დიდი ხანია მე ვეღარ ვხედავ საქართველოში. აქ არავინ ეწინააღმდეგება ტრადიციებს. 

ევროპა ჩვენთვის ნიშნავს თავისუფლებას, განვითარებას და შესაძლებლობებს. ეს არის სივრცე, სადაც განათლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ფასდება. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რადგან გვინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდები სწავლობდნენ, ჩვენი მოქალაქეები მკურნალობდნენ და ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, დემოკრატიული და ღია.

ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია — ეს არის ღირებულება, რომელსაც ვირჩევთ.

გარდა ამისა, ტრადიციებზე როგორ უნდა გველაპარაკონ, განსაკუთრებით იმ ვიდეოების შემდეგ [თბილისში, კალაძის შტაბთან ტიტუშკების ორგანიზებული თავდასხმა აქციის მონაწილეებზე], ან იქამდე – ყველას გვახსოვს, როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს ნოემბერ-დეკემბერში, როგორ მოქმედებდნენ ნიღბიანი ლაჩრები, რომლებიც ამოფარებული იყვნენ პოლიციას. 

  • თქვენი შეფასებით, დღევანდელ რეალობაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? 

ამ პროცესებში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ არის „ხელისუფლება“. არასოდეს არ თქვას ვინმემ, რომ ვიზალიბერალიზაცია ამ ხელისუფლების დამსახურებაა – ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყო. 2017 წელს გადაწყვეტილება უბრალოდ ფორმალურად დამტკიცდა. თუ ახლა ამ სიკეთეს დავკარგავთ, პასუხისმგებელი იქნება, პირველ რიგში, ხელისუფლება, ხოლო მეორე რიგში — ის ადამიანები, ვინც თვალები დახუჭეს, არ გააპროტესტეს და არ დაუდგნენ გვერდში მათ, ვინც უკვე თითქმის ერთი წელია გარეთ დგას და აპროტესტებს.

ერთადერთი გამოსავალი ჩემი გადმოსახედიდან არის მობილიზება და გაპროტესტება იმ პროპაგანდის, იმ სიბნელის, რასაც „ხელისუფლება“ ახლა ეწევა. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ასეთი აქტიურობა უნდა იყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, ემიგრანტებს შორის. უნდა გასცდეს ეს ყველაფერი სოციალური ქსელებიდან პოსტვას.

ჩემი მხრიდან ცოტა უცნაური საუბარი გამოდის, რომ მე ასე, აქედან მოვუწოდებ, მაგრამ რაც შემიძლია აქ რომ გავაკეთო, ვაკეთებ იმის მაქსიმუმს. ვცდილობ, რომ ვიყო თანაორგანიზატორი აქციების, რომელიც ეხება „ოცნების“ მიერ მიღებულ უამრავ არასწორ გადაწყვეტილებას.

საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო 6 თვეში, საქართველოს ციხეებში პატიმრების ოდენობა მინიმუმ 1 142 პატიმრით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9 845 პირი იყო მოთავსებული. აქედან – 9 393 კაცი და 452 ქალი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 703 პირი, მათ შორის 8 313 კაცი და 390 ქალი.

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურიდიული მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ციხეებში პატიმრების გაზრდილი ოდენობა არის მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნიშანი.

„ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 1 142-ით მეტი პირი გახდა პატიმარი მარტო ბოლო 6 თვეში, რაც მიანიშნებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ამასთან, მატება გვაქვს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში – 14-15 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული 70 წელს გადაცილებული პირების ჩათვლით,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, ივლისი, 2025 წელი

რა მოხდა ბოლო 6 თვეში ისეთი, რომ ასე მკვეთრად გაიზარდა პატიმრების რაოდენობა? – გიორგი ბურჯანაძე ამ თემაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს, მათგან ერთ-ერთია პოლიტპატიმრები – დაუსაბუთებელი ბრალდებით საქართველოს 70-მდე მოქალაქე დაპატიმრებულია სისხლის სამართლის წესით.

მეორე საკითხია, ზოგადი კრიმინოგენური ფონი.

„ჩნდება კითხვა – აქამდე ვერ მუშაობდა პოლიცია და ახლა მუშაობს? ან შეიძლება აქამდე არსებულმა მიდგომამ, რაღაც მეთოდმა ვერ გაამართლა და ახლა ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა კონკრეტული დანაშაულების მიმართ?“ – სვამს კითხვებს გიორგი ბურჯანაძე.

გიორგი ბურჯანაძე

საქსტატის მონაცემებით, საერთო შეფარდებით, დაწესებულებებში განთავსებულ პირთა 21.4%-ს ბრალდებულები შეადგენდნენ.

საქართველოს 9 პენიტენციურ დაწესებულებაში სულ 2 103 ბრალდებული ირიცხებოდა, ანუ ის პირები, ვის მიმართაც წინასწარი პატიმრობის ფორმა იყო გამოყენებული და ისინი სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდებოდნენ.

მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების რაოდენობრივი ლიმიტი, თითოეული დაწესებულებისთვის.

პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა ჯამში 12 332-ს შეადგენს. 31 ივლისის მდგომარეობით, ციხეებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (9 845) დადგენილ ლიმიტზე 2 487 ერთეულით (20.2%) ნაკლები იყო. მაგრამ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განსხვავებული მდგომარეობაა.

იგივე საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, დადგენილ ლიმიტთან შედარებით, მეტობის მაჩვენებელი №2, №8 და №15 დაწესებულებებში დაფიქსირდა.

„ზოგადად ქართულ ციხეებს აქვს გადატვირთულობის პრობლემა. მართალია ყველა ციხე ლიმიტს არ სცდება, მარტო სამ ციხეს უდგას გადატვირთულობის პრობლემა, მაგრამ ზოგადად ქართულ ციხეებში ეს პრობლემა არახალია.

მე როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, ყველა ციხეში დავდიოდი და  ვნახულობდი, რომ იმაზე ცოტა თანამშრომელი ჰყავდათ ამ ციხეებს, ვიდრე  საჭირო იყო  კონკრეტული ციხის სამართავად.

შესაბამისად, როდესაც ბევრი პატიმარი გყავს და საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ არიან, ამან შეიძლება მმართველობის კრიზისიც გამოიწვიოს. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ზოგადად უდგას ქართულ ციხეს. გამომდინარე პატიმრების რაოდენობის ზრდაც მეტ რესურსს მოითხოვს.

ციხეებში სისტემური წამება აღარ არის, რაც იყო მათ მოსვლამდე, მაგრამ ციხეებს დღეს მართავენ მაყურებლები, ბევრ ზონას მართავს მაყურებელი, სადაც არაერთი პატიმრის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების პრობლემას იწვევს ეს ყველაფერი. ამიტომ ეს საფრთხე პატიმრებს კვლავ უდგათ და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს ქართული ციხეები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბრწყინავენ,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

 

____________

ფოტო: რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება. ფოტო: „ნეტგაზეთი“

ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი 2 მლნ ლარზე მეტი აზარტულ თამაშებში წააგო – პროკურატურა

დააკავეს სკოლის ბუღალტერი, რომელმაც ორგანიზაციის კუთვნილი  2 161 806,52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო.

დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“ – წერს უწყება.

ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს არის კანონისთვის ხაზის გადასმა“ – საიას იურისტი „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე

„რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის,“ – კატეგორიულია საიას იურისტის და „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის პოზიცია „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე.

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს.

გამოძიებამ ისინი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დააკავა, თუმცა ბრალი არ წარუდგინა და გაათავისუფლა.

არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახეში ხელი გაარტყა.

ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს.

კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო, 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ კი – რომელიც 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.

შსს-ს მტკიცებით, „დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა“.

რას ნიშნავს შსს პოზიცია სამართლებრივად, როცა მან ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული „ოცნების“ აქტივისტები დაუსჯელად გაათავისუფლა? – „ბათუმელებმა“ საიას იურისტ ჯუბა ქათამაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ჯუბა, რას ნიშნავს სამართლებრივად ის, რომ „ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ჯგუფური ძალადობის საქმეზე ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, ბრალი არ წარუდგინეს?

ეს არის ფაქტობრივად უარის თქმა და გადახვევა არსებული კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან. არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ე.წ. კერძო ბრალმდებლის ინსტიტუტი, ანუ ბრალდების ერთადერთი დისკრეცია გააჩნია პროკურორს.

პროკურორი კი მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესით. ეს საჯარო ინტერესი არის ერთადერთი რამ, რის მიხედვითაც პროკურორი წყვეტს, შეწყვიტოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან დაიწყოს თუ არა საერთოდ.

ის ფაქტი, რომ თურმე რომელიღაც დაზარალებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ცხადია, არ არის იმისთვის საკმარისი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყოს, ან შეწყდეს.

კონკრეტულად რას გულისხმობენ – რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობენ ამას, არ ვიცით, თუმცა ჩვენ გვაქვს ვიდეომასალები ნანახი, როგორ ურტყამდა ერთ-ერთი პირი სილას სახეში და მეორე შემთხვევაში გვაქვს ის, რომ მეორე პირი ძირს დაგდებულ ადამიანს ურტყამს ხელკეტის მსგავს ნივთს.

ეს მტკიცებულებები არსებობს.

ჯუბა ქათამაძე
  • თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ამბობს, რომ მას სილის გარტყმა არ ტკენია? 

ტკივილის თემა, მათ შორის, „მზია ამაღლობელის საქმეში“ უმნიშვნელოვანესი იყო: თუ დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ არ სტკენიათ, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც უნდა იხელმძღვანელონ ტკივილის იმ ტესტით, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს მიერ და რასაც ექსპერტებიც ამბობენ არაერთ საქმეში: ტკივილს აქვს, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კატეგორიები.

შესაბამისად, ეს ტკივილი უნდა შეფასდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კატეგორიებიდან. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს არის მოგონილი მიზეზი იმისათვის, რათა ეს ადამიანები გამოეშვათ საპატიმროებიდან.

არსებობს პრაქტიკა ქართულ სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენიც კი არის დამდგარი ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებულის პოზიცია იყო  რომ გაეშვათ საერთოდ ბრალდებული. დაზარალებული ამბობდა, რომ მას აღარანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც ბრალდებული ამბობდა, რომ ქმედება, რომელსაც ედავებოდნენ და რომელზეც თავდაპირველად მას ჩვენება ჰქონდა მიცემული, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს შეეხება ოჯახურ დანაშაულებს, სადაც გამამტყუნებელი განაჩენები დგება რიგ შემთხვევებში დაზარალებულის ასეთი ჩვენების მიუხედავადაც კი.

არ სჭირდება დაზარალებულის ჩივილი დევნის დაწყებას. დაზარალებული იჩივლებს თუ არ იჩივლებს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გამოძიება იწყება შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე და იქედან გამომდინარე, თუკი შეგროვდება მტკიცებულებები შესაბამისი სტანდარტის, პროკურორი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა. არსად არ არსებობს აუცილებელი კრიტერიუმი იმის, რომ დაზარალებული თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან.

  • როცა არსებობს პირდაპირ ვიდეოჩანაწერები, რაც ყველაზე ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებაა, რატომ შეიძლება ამ დროს შსს აპელირებდეს დაზარალებულის ჩვენებაზე?

რა თქმა უნდა, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები არსებობს იმის, რომ ეს ადამიანები ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის.

  • რას არღვევს კონკრეტულად პროკურატურა და შსს, როცა ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული კალაძის მხარამჭერები დასჯის გარეშე გაათავისუფლეს?

როგორც თვითონ ამბობენ, ამ ეტაპზე გამოძიება არ არის შეწყვეტილი, მხოლოდ და მხოლოდ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული. თუმცა თუკი ისინი ამ მიზეზით არ დაიწყებენ დევნას, რომ თურმე დაზარალებული არ უჩივის ბრალდებულს, ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დარღვევა იქნება. შეიძლება სამსახურეობრივ დანაშაულზეც გავიდეთ ამ შემთხვევაში და შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობა იყოს.

უნდა შეფასდეს კონკრეტული მოტივაცია, თუმცა ეს კანონმდებლობის დარღვევა და პრაქტიკიდან გადახვევა აშკარად არის.

  • შესაძლოა, პროკურატურა მოქმედებდეს პოლიტიკური გავლენით? – დაკავებული ორი კაცი „ოცნებასთანაა“ დაკავშირებული

ფაქტია, რომ პროკურატურა თავის დისკრეციულ უფლებამოსილებას არასწორად იყენებს და მათი ეს ქმედება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მიზნებიდან.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ქმედება არის გამოწვეული პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი სახის ისეთი მიზნებიდან და ისეთი გარემოებებიდან, რომელიც არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივ მიზნებს.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაციის სივრცეს თვითონვე აჩენენ. შესაბამისად, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომ არღვევენ ისინი უხეშად როგორც კანონმდებლობას, ისე სისხლის სამართლის პრაქტიკას.

  • როგორც ადვოკატს, გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა, როცა ვინმე დააკავეს სისხლის სამართლის საქმეზე და შემდეგ ბრალი აღარ წარუდგინეს?

იშვითად, მაგრამ მომხდარა ასეთი შემთხვევა, როცა გამოუშვიათ კიდეც ადამიანი. სადაც პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, ხდება, რომ გამოძიება რაღაც შეცდომას უშვებს, პირს აკავებს და შემდეგ მას ათავისუფლებს.

თუმცა ის, რომ დაზარალებულმა არ ითანამშრომლა და ამის გამო პირს ვათავისუფლებთ და დევნას არ ვიწყებთ, ასეთი ნამდვილად არ მახსენდება.

ამ თემაზე:

შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში სახელმწიფო ქონებას უკონკურენტოდ ყიდულობენ – გამჭვირვალობა

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში უკონკურენტოდ იგებენ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებს”,  – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2022-2024 წლებში, აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1 მილიონ 50 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.

შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15 023 700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს.

კვლევის მიხედვით აუქციონების შედეგად გასხვისდა 599 033 კვ.მ ჯამური ფართობის 46 ერთეული მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული 27 759 კვ.მ ჯამური ფართობის 11 შენობა-ნაგებობა.

ამ ქონებების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 74 მილიონ 183 ათასი ლარი იყო, რაც ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 19 მილიონ 378 ათას 700 ლარით და საბოლოოდ აჭარის ბიუჯეტმა მიიღო 93 მილიონ 561 ათას 700 ლარის შემოსავალი.

შემდგარი აუქციონებიდან 16 გამოცხადდა განმეორებით, მათ შორის 3 აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი შემცირებული იყო 20%-ით.

კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ფასად გაიყიდა. უკონკურენტო აუქციონებზე გატანილი ქონებების საწყისი ღირებულება 55 040 500 ლარი იყო და თითოეული მათგანი მინიმალური ფასნამატით გაიყიდა. ვაჭრობის შედეგად ღირებულება მხოლოდ 1  176 700 ლარით გაიზარდა.

შემწირველებმა სულ შეიძინეს 175 525 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 8 მიწის ნაკვეთი და 36 343 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები. ამ ქონებების ჯამური საწყისი ღირებულება იყო 14 191 000 ლარი. შემწირველებმა ეს ქონება შეიძინეს მინიმალური ფასნამატით – ჯამურად 15 023 700 ლარად.

შპს „აგრო გრინმა“, რომლის 100% წილის მფლობელი, ზურაბ ნასყიდაშვილი „ქართული ოცნების“ შემწირველია, უკონკურენტოდ მოიგო განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებულ 62 220 კვ.მ. მიწის ფართობსა და 22 768 კვ.მეტრს. ფართობის ნაგებობაზე. განმეორებით აუქციონზე ეს ობიექტები 20%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს.

48 772 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი უკონკურენტოდ და მინიმალური ფასნამატით მოიგო შპს „ფასად სისტემამ“. ამ კომპანიის დირექტორის, ლაშა ფაღავას ბიზნეს პარტნიორია ზაურ ფუტკარაძე [შპს „აგროგლუმში“], რომლის შვილი ჯაბა ფუტკარაძე ამ წლებში იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მართავდა აღნიშნულ აუქციონებს.

აუქციონებში გამარჯვებულმა სამმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 4 422 449 ლარის შემოსავალი: შპს „თურსას“ მიღებული აქვს 1 932 256 ლარის ღირებულების შესყიდვები, შპს „ჯორჯიან ქონქრით ქლაბს“- 157 047 ლარის ოდენობის, შპს „ანაგი ბეტონს“ კი – 2 333 146 ლარის ოდენობის შესყიდვები. სამივე კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ, ერთ ბიჯში, მინიმალური ფასნამატით მოიგეს.

ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 3 კომპანია [შპს „ჩელები გროუპ 2022“, შპს „სიტი გაიდ“ და შპს „მეტალ-იქს 2023“] დაფუძნდა აუქციონების გამოცხადების შემდეგ, ხოლო 2 კომპანია [შპს „ინდუსტრიული სივრცე“ და შპს „ლოჯისტიკის მართვის ჯგუფი ესკადრა“] – აუქციონების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოიკვლია, რომ 2022-2024 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სულ 309 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და მხოლოდ 40 აუქციონში გამოავლინა გამარჯვებული. დანარჩენი 266 ჩაიშალა მონაწილეთა არარსებობის გამო, 3 კი თავად სამინისტრომ შეწყვიტა.

ქონების მართვის არაეფექტურ მართვაზე გასულ წლებშიი პერიოდულად სახელმწიფო აუდიტიც წერდა, მათ შორის ისეთ შემთხვევებზეც, როცა ქონება არასაბაზრო ფასად გაყიდეს. გარდა ამისა აუდიტი ქონების გასხვისების დაგეგმავასთან დაკავშირებით, რაც ბიუჯეტში როგორც არაფინანასური აქტივების მართვა არის ასახული აუდიტი ციფრების ხელოვნურ გაზრდაზეც მიუთითებდა.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ, „ოცნების“ ბიუჯეტის შევსებას, 2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 7 მილიონამდე ლარი შეაგროვა. მათ შორის დიდი წილი აჭარაში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლებმა და დირექტორებმა გაიღეს.

კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარია

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა საქართველოში შემოსავლებზე პირდაპირი აისახება და საშუალო ხელფასი ქვეყანაში 2000 ლარია.

ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში 350 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

„ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს.

თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპს, 3500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური მაჩვენებელი. ხელფასების და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ეს იყო ჩვენი საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, ჯერ კიდევ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი არის 9,4%, რაც ძალიან ბევრია. საუბარია დაახლოებით 350 000 ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“, 11 სექტემბერს.

ამავე თემაზე:

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

 

Georgia’s Local Elections: Crisis, Boycotts, and No ODIHR Watch

In the 2025 local self-government elections, Batumi has five mayoral candidates: Tamar Mikeladze [Homeland, Language, Faith]; Zviad Kvirikadze [Our United Georgia]; Gocha Gugunava [For Georgia – Gakharia]; Giorgi Tsintsadze [Georgian Dream]; and Kakha Tsiskaridze [Independent Candidate].

Although less than four weeks remain before the elections, pre-election campaigning in Batumi, as across the entire country, is barely visible. Georgia enters the local self-government elections deeply polarized. A significant part of society believes that holding elections under the illegitimate government of “Georgian Dream,” amidst repressive legislation and a political crisis, while protests have been ongoing for nearly 300 days, is nothing more than a farce.

So, what do we know about the 2025 local elections? Who is participating and who is not? Batumelebi has compiled the answers to these and other questions in this article.

Who Is and Isn’t Participating in the Elections

Local self-government elections will take place in Georgia on October 4, 2025. Eight opposition parties have decided to boycott these elections: the United National Movement, Strategy Aghmashenebeli, Girchi – More Freedom, Droa, Akhali, Federalists, Freedom Square, and European Georgia.

In contrast, three opposition parties will participate: Strong Georgia – Lelo, For Georgia – Gakharia, and Girchi.

Officials will open a total of 3,051 polling stations across 84 electoral districts. Of these, 2,284 stations will use electronic voting, while 767 will implement the traditional voting system.

Voters will choose 64 mayors and 2,058 members of city councils (sakrebulo). According to the Central Election Commission (CEC), as of October 4, 2025, 3,476,140 eligible voters will be listed on the unified voter list.

In total, 14 political parties have registered for the municipal elections: Conservatives for Georgia, Homeland, Language, Faith, People’s Power, Strong Georgia – Lelo, For Georgia – Gakharia, Georgian Dream, Girchi, Georgia, Left Alliance, Alliance of Patriots of Georgia, Georgian Unity, Green Party, Our United Georgia, and Free Georgia.

Electoral Principles of the October 4 Elections

On October 4, voters will elect mayors using a two-round majoritarian system. If no candidate secures more than 50% of the votes, a runoff will take place.

Voters will elect the City council (sakrebulo) members through a mixed system, where voters will cast ballots for both party lists and majoritarian candidates.

According to the International Society for Fair Elections and Democracy (ISFED), the ruling party, Georgian Dream, has modified the electoral system to influence outcomes. Key changes include:

  • Abolishing the 40% threshold in the majoritarian component.
  • Sharply increasing the share of majoritarian seats in municipal councils.
  • Reducing the size of multi-mandate districts in the proportional component.
  • Raising the proportional threshold.
  • Altering the electoral formula to favor the leading party.

For instance:

  • In 2021, the proportional threshold stood at 2.5% in Tbilisi and 3% in the regions; by 2025, it will be set at 4%.
  • In the Tbilisi City Council, voters will now elect 25 out of 50 members through majoritarian contests — up from just 10 — while only 25 will be elected via proportional lists, down from 40.
  • In self-governing cities such as Batumi, Poti, Kutaisi, and Rustavi, council sizes will decrease from 35 to 25 members, with 10 elected majoritarian and 15 through proportional representation.
  • Another significant change involves removing the 40% threshold. Previously, a candidate needed to secure 40% of the votes to be elected to the council. Under the new amendment, the candidate who receives the most votes will win, regardless of the percentage obtained.

ISFED warns that these changes provide Georgian Dream with opportunities to secure council majorities even with relatively low voter support, particularly amid a fragmented opposition landscape.

Why Most of the Opposition Is Boycotting

Eight opposition parties have denounced the October 4 elections as a “Russian special operation” and refuse to participate.

They state, “On October 4, Ivanishvili’s regime plans another Russian special operation in Georgia. We, eight pro-Western forces, will not be accomplices in deceiving citizens. We will not take part in this operation nor sacrifice our citizens to existential danger by legitimizing lawlessness and injustice. We recognize only free parliamentary elections, which we will achieve through consistent isolation of the regime.”

This joint statement, made on July 19, remains in force. None of these parties registered as electoral subjects.

Why Lelo and Gakharia Are Participating

The split occurred after November 28, 2024, when PM Irakli Kobakhidze announced, “Today we decided not to prioritize opening negotiations with the EU until the end of 2028. We also refuse all EU budgetary grants until 2028.” This announcement triggered spontaneous protests outside Georgian Dream headquarters, evolving into mass demonstrations that have persisted for almost 300 days.

Protesters also demand early parliamentary elections.

While united in protest, opposition parties diverged on whether to participate in local elections. Lelo, For Georgia – Gakharia, and Girchi decided to participate and registered as electoral subjects.

Lelo’s secretary general and Tbilisi mayoral candidate, Irakli Kupradze, stated, “We are entering the battle with the Russian regime… October 4 is not just local elections; it is a verdict on the regime. We will not give up a single inch of ground.”

Giorgi Gakharia, leader of For Georgia, emphasized, “This is the only correct way forward. No boycott will be effective unless we can convince people to abandon the Georgian Dream. That requires meeting every voter, every family.”

Currently residing in Germany, Gakharia left Georgia after receiving a summons to a parliamentary investigative commission.

Girchi leaders announced on August 7, “We have never had the chance to demonstrate our vision at the local level. If we are not joining a revolution, the only alternative is to participate in local elections.” Girchi held primaries and nominated Iago Khvichia as its candidate for Tbilisi mayor.

Candidates and International Observation

The ruling party, Georgian Dream, stands as the only political entity with a mayoral candidate in every city and a complete slate of candidates for council positions. No other party competing in the elections reaches all municipalities and regions across the country.

International observers must register by September 27 for the upcoming local elections on October 4, 2025. However, it’s already clear that the elections will not receive monitoring from the OSCE/ODIHR, one of the world’s leading international election observation organizations.

As of September 6, OSCE/ODIHR had not received an invitation to observe the elections.

Georgian Dream publicly stated its lack of intent to invite the organization as an observer. Yet, on September 6, Georgian Dream’s Prime Minister Irakli Kobakhidze announced that a letter had been sent to OSCE/ODIHR inviting them to monitor the October 4 elections. By September 9, OSCE/ODIHR confirmed they would not deploy a mission to observe the municipal elections. The organization cited the late invitation from Tbilisi, issued with less than a month before the elections, as inadequate for meaningful and reliable observation.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 სექტემბრის 21 საათიდან 13 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 სექტემბერს მოსალოდნელია ღამით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

Exit mobile version