„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა.
დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სწორედ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიერ გამოცემული განჩინების საფუძველზე დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატებმა ხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი დააყენეს. ადვოკატების განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ იგივე მოსამართლემ განიხილა მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა, პოლიტიკოსს სამართლიანი სასამართლოს უფლებას წაართვა.
სასამართლოდან ლაივბლოგი ჰქონდა “რადიო თავისუფლებას”, რომლის ცნობითაც, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ასე დაასაბუთა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა:
„თქვენ წინასწარ გაქვთ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არსებობს პატიმრობის საფუძველი. თქვენ არათუ ჩამოყალიბებული გაქვთ პოზიცია, არამედ ორი დღის წინ გაცემული განჩინებით თქვენ თქვით, რომ დანაშაულის შემადგენლობა… თქვენ აღნიშნეთ, რომ ლევანი მისი ქცევებიდან გამომდინარე სახიფათოა საზოგადოებისთვის. ეს არის პოზიცია. დღეს, აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?!. თქვენ რაზეც უნდა იმსჯელოთ, უკვე ნამსჯელი გაქვთ… მიგვაჩნია, რომ უნდა აიცილოთ ეს საქმე“.
ადვოკატების შემდეგ სიტყვა თქვა თავად ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც პირადად უთხრა მოსამართლეს, რომ ითხოვდა მის აცილებას. მხოლოდ პროკურორი, ბექა ხუნაშვილი არ იყო წინააღმდეგი, რომ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმე ფიქრია სიქტურაშვილს განეხილა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა განაგრძო.
სხდომაზე სიტყვა თქვა ლევან ხაბეიშვილმა:
„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.
მინდა ვუთხრა სასამართლოს, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მოსამართლემ მოისმინოს, საზოგადოებამ გაიგოს – მე ამის მორალური ადამიანური, პოლიტიკური უფლება მაქვს, მე სახის ძვლები დამიმტვრიეს. 14 თვეა გასული. ჩემს გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი, ასობით ადამიანია ნაწამები – ბატონო პროკურორო, სანამ მე წარმიდგენდით ბრალს, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ ამის გამო?
ნუთუ არ აქვს პოლიტიკოსს უფლება, არ მაქვს მე უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჯილდოვდებიან? ოღონდ ქრთამის სახით კი არა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, მე მოვემსახურები ხალხის ინტერესს, რომ ეს ფული გაიცეს”.
ლევან ხაბეიშვილის სიტყვას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა. ამის გამო მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სასამართლო სხდომა დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გააძევა.
ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სრულად ნახეთ აქ: “ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი ხალხთან ერთად ამარცხებს მათ”.
5-საათიანის ხდომის შემდეგ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
- რა ხდება
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება:
სსკ-ს 339-ე მუხლის მეორე ნაწილთ – მოხელისთვის ქრთამის დაპირება უკანონო ქმედების ჩასადენად – ითვალისწინებს პატიმრობას 4-დნ 7 წლამდე და სსკ-ს 317-ე მუხლით – საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ – ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე.






