ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 ლარითაა გამოცხადებული. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს.
ხიდთან, მის ჩაკეტვამდე, მერიამ მდინარე ბარცხანის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ისე, რომ ხიდის ავარიულობაზე არაფერი თქმულა. აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი და შემდეგ ხიდის მოწყობის პროექტიც მერიის სამმართველომ ერთი და იგივე კომპანიას შეუკვეთა.

ახალი ხიდის მოწყობის პროექტის შედგენაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „ერკოს“ 2025 წლის 23 მაისს [ხიდის ჩაკეტვიდან მეხუთე დღეს] მიმართა:
„გთხოვთ, 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაგვიმზადოთ ხიდებისა და ხიდბოგირების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ“.
ხიდის მოწყობის პროექტიდან:
„დღევანდელი მდგომარეობით მდ. ბარცხანაზე გადასასვლელად მოწყობილია რკინაბეტონის ერთ მალიანი უჭრკოჭოვანი [საყრდენის თავზე გაუჭრელი] საავტომობილო ხიდი, საერთო სიგრძით 21 მეტრი. ხიდს არ გააჩნია თვალამრიდი პარაპეტები, ისინი მოშლილია და გაზრდილია სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრამდე, უსაფრთხოების მიზნით კი დატოვებულია ლითონის მოაჯირები, რომლებიც ასევე დაზიანებულია;
ხიდს ასევე არ გააჩნია ტროტუარი არცერთ მხარეს, რაც ქვეითად მოსიარულეებს უქმნის პრობლემას. სახიდე გადასასვლელი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ბეტონი გამოფიტულია და გაშიშვლებულია კონსტრუქციული არმატურა, ხიდის მალის ნაშენის ნაწილი ჩანგრეულია და ჩავარდნილია გზის სავალი ნაწილიც.
ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში, ბეტონის ბურჯებიც სავალალო მდგომარეობაშია, ანალოგიურად გამოფიტულია, რიგ შემთხვევებში შეინიშნება წყლის ნაკადის მიერ ძირის გამორეცხვები, დაზიანებულია ასევე სარეგულაციო ბეტონის ბლოკების კედლები“ – აღნიშნულია პროექტში.

მდინარე ბარცხანა / დაზიანების გამო გოროდოკში, მდინარე ბარცხანაზე ეს ხიდი 2025 წლის 18 მაისიდანაა გადაკეტილი / ფოტოები: 21.05.2025 – „ბათუმელების“ არქივიდან
ამავე პროექტის მიხედვით „გათვალისწინებულია ახალი რკინაბეტონის ხიდის მოწყობა. საპროექტო ხიდი ერთმალიანია სქემით 1X21 მ. გეგმაში ხიდი დაპროექტებულია სწორზე, იგი მართობულად კვეთს მდ. ბარცხანას კალაპოტს.
ხიდის გაბარიტებია 8 მეტრი – სამანქანო ზოლი, 1.5 მეტრი – საფეხმავლო ზოლი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – 0,5 მეტრი. ხიდის სიგანე შეადგენს 11.2 მეტრს. ხიდის მთლიანი სიგრძე კი – 26,1 მეტრს.“
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „მშენებლობის შეუფერხებლად წარმოების მიზნით პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტის ფორმირება წყლის მიმართულების შესაცვლელად და გრუნტის ჯებირის მოწყობა, რომელიც საბოლოოდ უნდა დაიშალოს და ამოღებული გრუნტი გაიზიდოს ნაყარში“.
ამავე თემაზე
რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი






