„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“.
„დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“ – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა.
მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ იყო დამკვიდრებული და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.
„იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება – ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული, არასწორი.
დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი. იყო
რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული,“- განაცხადა კობახიძემ.
„ოცნების“ პრემიერს არ უთქვამს, რომ საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების დაზიანებას ძირითადად, წლების განმავლობაში ოპოზიცია უჩივის, თუმცა ასეთი საქმეების დიდ ნაწილზე, რომელიც ოპოზიციის საარჩევნო ბანერების ჩამოხევას და დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოძიებას აქამდე შედეგი ფაქტობრივად არ ჰქონია.
როგორც ჩანს, „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი, უფრო ზუსტად თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანარები აღელვებს.
დღეს, 15 სექტემბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე სავარაუდოდ ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
ამავე თემაზე:
რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა






