დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა. მის სიტყვას სასამართლოდან გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.
„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 000-იანი ჯილდო მას, ვინც არ აწამებს ადამიანს.
მინდა ვუთხრა სასამართლოს, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მოსამართლემ მოისმინოს, საზოგადოებამ გაიგოს – მე ამის მორალური ადამიანური, პოლიტიკური უფლება მაქვს, მე სახის ძვლები დამიმტვრიეს. 14 თვეა გასული. ჩემს გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი, ასობით ადამიანია ნაწამები – ბატონო პროკურორო, სანამ მე წარმიდგენდით ბრალს, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ ამის გამო?
ნუთუ არ აქვს პოლიტიკოსს უფლება, არ მაქვს მე უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჯილდოვდებიან? ოღონდ ქრთამის სახით კი არა, ხელისუფფლება რომ შეიცვლება, მე მოვემსახურები ხალხის ინტერესს, რომ ეს ფული გაიცეს.
სადმე ნახეთ, რომ მე ვინმეს ყურში რამეს ვეუბნებოდი? „პადვალში“, ან ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს რამე? ამ ინიციატივას შეუერთდა ასობით ადამიანი, ათასობით ადამიანი გამოეხმაურა სოც ქსელში, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს იგივე განცხადებები, მაშინ დაიჭირეთ ყველა.
თუ ორი თვის წინ ვარღვევდი კანონს, (ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან), რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?
აქ ზის ჟურნალისტი, რომელმაც ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, მკითხა – „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“ დიახ, ბიუჯეტიდან ჯილდო არის ნორმალური, მით უმეტეს, როდესაც ეუბნები – ნუ აწამებ ადამიანს!
კანონში არ წერია, რომ არ შეასრულო უკანონო ბრძანება. ამის მეტი არაფერი მითქვამს. რა შუაშია ქრთამი?
მე გეტყვით, ეს სიტყვა, ქრთამი საიდან გაჩნდა.
ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, აქტივისტი, რომელიც კორუფციას ებრძვის 13 წელია. პროპაგანდას უნდა თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა ქრთამი. მეტი არაფერი აინტერესებთ – არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ ბრალდებას – „ქრთამს“!
(მოსამართლე ცდილობს ხაბეიშვილს სიტყვა შეაწყვეტინოს) ისედაც ვიცი, რომ ციხეში უნდა გამიშვათ დამაცადეთ სიტყვის თქმა.
მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, როგორ შეიძლება რომ სახის ძვლების არდალეწვაზე მოწოდება და უკანონო ბრძანების შეუსრულებლობაზე ჯილდოს შეთავაზება იყოს ქრთამი?
მე არასდროს ვინმესთვის არ შემითავაზებია, რომ ჯიბიდან გადავუხდი… ეს ტყუილია, არ მითქვამს. მე ვამბობდი, რომ ბიუჯეტიდან ვიხდი. მე ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და მოვა დრო, როცა ამ ხალხს ექნება ღირსეული ანაზღაურება. მე, პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის პლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვიძლევი ამ პირობას.
და ვინ მასამართლებს, ვინც 5 მილიონს დაპირდა თითოეულ სოფელს! 1000 ლარი რომ შესთავაზო პენსიონერებს, ეს ქრთამი ყოფილა. ჩემთვის ქრთამი პატიმრობაზე შეურაცხმყოფელია, ამიტომ ჩაწერეთ ქრთამი…
მეორე ბრალი მედება მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდებისთვის, ეს ჩაამატეთ მას შემდეგ რაც მიხვდით, რომ ქრთამზე საუბარი იყო არასერიოზული. ასობით ადამიანი აკეთებს იგივე განცხადებას მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით. მშვიდობიანი დამხობა – ამ სიტყვათწყობას ვიყენებ ყველა ეთერში, კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში.
რა არის მშვიდობიანი დამხობა?
2003 წელს საქრთველოში მოხდა მშვიდობიანი რევოლუცია, აბსოლუტურად მშვიდობიანი. ეს არის რეალობა. ყველა ჯერზე პროპაგანდა ამბობდა, როგორ შეიძლებოდა, დამხობა მშვიდობიანი იყოს?
ბუნებაში არ არსებობს მოქმდება და პატიმრობაში მიშვებთ. კაცს უშვებთ ციხეში იმის გამო, რომ პოლიტიკურ განცხადება გააკეთა.
მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ციხეში მიშვებენ ერთადერთი რამის გამო, და დარწმუნებული ვარ რომ ეს ვადა იქნება 4 ოქტომბრამდე, რომ ზოგმა თქვენგანმა ვერ დაიჯერა გამარჯვების, ვერ დაიჯერა, რომ ქართველ კაცს შეუძლია გამარჯვება, და ამათ უკვე დაიჯერეს მარცხის.
ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი, ცალ-ცალი ბოტასებით, ხალხთან ერთად, ლიდერებთან ამარცხებს მათ.
ხალხო ამათ წააგეს უკვე, ნუ გეშინიათ ნურაფრის, რა გჭირთ, ვინ შეგაშინათ? არცერთ ჩემს განცხადებას არ ვემიჯნები, არ არსებობს არავითარი ქრთამი, ეს არის შეთითხნილი, მოგონილი, და მეორე – არ არსებოს არანაირი გადატრიალება, არსებობს კონსტიტუციით მონიჭებული ხალხის პროტესტის უფლება, და ხელისუფლებას არ აქვს უფლება, არ მოუსმინოს ხალხს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, და არა რომელიმე თანამდებობის პირი.
მოგოწოდებთ იმედისკენ, მოგიწოდებთ მხნეობისკენ, ვინც გეუბნებათ რომ უნდა გავიმარჯვოთ არა 4-ში არამედ 9-ში ის არის აფერისიტი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 4-ში“,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის სიტყვას პროცესზე დამსწრეთა ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა.
მანამდე, სხდომის დასაწყისში, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები ითხოვდნენ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას, რადგან პოლიტიკოსი 11 სექტემბერს სწორედ ფიქრია სიქტურაშვილის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ იმ მოსამართლეს არ უნდა განეხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომელმაც დაკავების განჩინება გამოსცა.
ფიქრია სიქტურაშვილმა აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომა ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.






